Homeააფ-მედიააზრთა სხვადასხვაობა კომუნალური ტარიფების გამო 

აზრთა სხვადასხვაობა კომუნალური ტარიფების გამო 

Published on

spot_img

გაბედავს თუ არა სემეკი 3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის გაძვირებას?

ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა კომუნალური გადასახადების გაძვირების წინააღმდეგია. როგორც ცნობილია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეიცვალა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელად შენარჩუნდა. 

რა მოხდება 3 თვის შემდეგ, დაკორექტირდება თუ არა ტარიფი, ამ ეტაპზე ვერავინ საუბრობს. აშკარაა, რომ სემეკი კომპანიების მოთხოვნას ეთანხმება. ამ მოსაზრებას ამყარებს სექტორში ინვესტიციების ზრდის აუცილებლობა, რაც გადასახადის მატების წინაპირობად მიიჩნეოდა. ენერგეტიკოსების ნაწილიც ამავე მოსაზრებას იზიარებს და დაუფარავად აცხადებს, რომ დარგი რეალურად ვერ განვითარდება, თუკი სათანადო ინვესტიციები არ განხორციელდება, არსებული ტარიფი კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. 

მიუხედავად ამ მოცემულობისა, მთავრობა მოსახლეობის მხარეს დადგა და პრემიერის ერთი განცხადებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სემეკს გადაწყვეტილება შეეცვალა. რაც არ უნდა იყოს, ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასწარი მომზადება იწყება და მოსახლეობის გაღიზიანებას აქედნვე ერიდებიან. ამისთვის კომუნალური გადასახადების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სერიოზული გამოწვევებია სამომხმარებლოს ფასებთან და ინფლაციასთან დაკავშირებით. 

საკითხს უფრო დეტალურად რომ მივყვეთ, 2025 წლის 17 დეკემბერს, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ მიმდინარეობდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. მან დააანონსა, რომ დენის გადასახადი მოიმატებდა, ხოლო გაზისა – „ძალიან მინიმალურად“. კონკრეტული ციფრი არ დასახელებულა. 

„ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აუდიტის დასრულება კომპანიებისა, როგორიცაა ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა“, – აცხადებდა 1 თვის წინ დავით ნარმანია. 

როცა სემეკის სხდომა მოახლოვდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ტელეეთერის საშუალებით დაუფარავად მიანიშნა, რომ ქვეყანაში ტარიფები უნდა შენარჩუნებულიყო. 

„ზოგადად ფასებს, ტარიფებს გაზსა და ელექტროენერგიაზე განაპირობებს, მათ შორის, გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს. სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ასევე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები. ბუნებრივ აირზე იყო რისკი ტარიფის გაზრდის, მაგრამ კონკრეტული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ძალიან მაღალი ალბათობით, მოვახერხებთ ტარიფის შენარჩუნებას. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფასები გაიზარდა გაზზე, ჩვენთანაც ტარიფის ზრდის რისკი იყო, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ აღმოვფხვერით ამ სფეროში არასწორი პრაქტიკები, გაზის მიმართულებით შევძლებთ ტარიფის შენარჩუნებას. 

საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის როგორც გაზთან, ასევე ელექტროენერგიასთან მიმართებით“, – აღნიშნა დეკემბრის ბოლო დღეებში ირაკლი კობახიძემ. 

მისივე ინფორმაციით, მარტო პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად 349 მლნ ლარი დაიზოგა. მაგალითად, კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და სხვა მიმართულებებით, წლიურ ჭრილში იზოგება 25 მლნ ლარი. ოთხ წელიწადში ეს არის 100 მლნ და ესეც ჩაბრუნდება სისტემის განვითარებაში, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. 

პრემიერის ღია განცხადება გადამწყვეტი აღმოჩნდა. 29 დეკემბერს, სემეკის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა, ხოლო ბუნებრივი აირის გაძვირების საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა და მას მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაუბრუნდებიან. 

სემეკის თავმჯდომარის – დავით ნარმანიას ინფორმაციით, გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა იყო განპირობებული და პირველ რიგში, ეს სანვესტიციო ვალდებულებებს ეხება. სემეკის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 5-წლიან საინვესტიციო გეგმას გადახედოს და დააკორექტიროს. 

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა რესურსი არსებობს, რომ 3 თვის შემდეგ ტარიფი შენარჩუნდეს. სავარაუდოა, რომ ინვესტიციების მოცულობას შეუმცირებენ კომპანიებს ან შეღავათით მოსარგებლე კომპანიებისთვის ელექტროენერგიის გადასახადს გადახედავენ და მათ უფრო მაღალ ტარიფს დაუწესებენ, რასაც სპეციალისტების ნაწილი ეთანხმება. 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ფიქრობს, რომ მთავრობას, სავარაუდოდ, მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა იქვე საუბრობს იმაზეც, რომ კომუნალური გადასახადის ამ დონეზე შენარჩუნება არასწორი გადაწყვეტილებაა, რაც სექტორის განვითარებას ხელს შეუშლის. 

„ბოლო დრომდე მოლოდინი იყო, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ აღებული 2-მილიარდიანი ინვესტიციების ფონზე, ტარიფების კორექტირება მოხდებოდა. საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ფასის მატება დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ვფიქრობ, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაც არ იყო სწორი და 2013 წელს ტარიფების შემცირებაც არ იყო მართებული, რადგან ამან დარგს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ასევე არ შეიძლებოდა 2024 წელს ტარიფების შემცირება. 

მე ახლა გესაუბრებით როგორც დარგის სპეციალისტი და არა მომხმარებელი. დარგში ნამდვილად რთული სიტუაციაა. 

ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალია, რომ შეღავათის მოსარგებლე კომპანიებს დენის ფიქსირებული გადასახადი დაუწესდეთ. ესენია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიები და სხვებიც, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქმიანობენ. მათთვის გადასახადის დაკისრება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს გარკვეულ შეღავათს მისცემს, ალბათ, მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს“, – განაცხადა გია არაბიძემ ჩვენთან საუბრისას. 

ენერგეტიკოსმა ყურადღება სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებზეც გაამახვილა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა: 

„სამი კომპონენტი არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ იმპორტირებული ენერგია, რომელიც ჩვენ შემოგვქონდა – გაძვირდა. შესაბამისად, იძულებული გავხდით სრული დატვირთვით ჩაგვერთო თბოელექტროსადგურები, რომლებიც ასევე იმპორტირებული ენერგიაა, ვინაიდან იქ ელექტროენერგია ბუნებრივი აირის ხარჯზე გამომუშავდება, ეს კი ელექტროენერგიის ფასს ზრდის. 

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალდაბანდება ჩვენს დარგში, მათ შორის, როგორც ადგილობრივი, ისე ახალი სადგურების მშენებლობისთვის შემოსული ინვესტიციები. სერიოზულად არის გადასახედი ენერგეტიკული სისტემის ინფრასტრუქტურა. 

არის კიდევ ერთი კომპონენტი – როგორც იცით, უკვე ინტენსიურად დაიწყეს განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული მშენებლობის საკითხი, მათ შორის, მზის, ქარის და ა.შ. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ფასი კი ჯერჯერობით მაღალია და გარდა ამისა, ახალი სადგურების ნაწარმოები ელექტროენერგია, რომლებიც ექსპლუატაციაში შედის, საკმაოდ ძვირია. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კომუნალური ტარიფის ზრდა აუცილებელია. თუნდაც მოხდეს უმნიშვნელო კორექტირება 0,5-1 თეთრის ფარგლებში, რაც კომპანიებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს. სხვა საკითხია, როგორ ტვირთად დააწვება ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ტარიფის მატებისგან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაიცავს“, – განაცხადა გია არაბიძემ. 

ენერგეტიკოსებს შორის არის განსხვავებული მოსაზრებაც. მათი ნაწილი გადასახადის გაზრდის წინააღმდეგია, რადგან კომპანიებს აქვთ საკმარისი მოგება, რაც ინვესტირების საშუალებას იძლევა. 

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის შეფასებით, გაძვირება დიდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს, ვინაიდან გადასახადის ზრდა წარმოებული პროდუქციის ღირებულებას გაზრდის, ამავე დროს იმოქმედებს ინფლაციაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს. 

„ტარიფის შემცირების ყველა წინაპირობაა, მაგრამ სემეკი ყოველთვის იყო და რჩება გამანაწილებელი კომპანიების ინტერესების გამტარებლად და ამ ქმედებით მოსახლეობა ზარალდება. შეიძლება, არ გაიაფდეს, მაგრამ ზრდა გაუმართლებლად მიმაჩნია, აბსოლუტურად არ ჯდება არცერთ კანონზომიერებაში. თუ გადახედავთ ძველ ხელშეკრულებებს, კომპანიებს უამრავი შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ. არსებული არგუმენტები, რაც ბოლო დროს სემეკისგან მოვისმინეთ, მიუღებელი მგონია და ვერ გავიზიარებ. ასეთი მიდგომა საბოლოოდ მოსახლეობის მდგომარეობაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს და საგადასახადო ტვირთს ამძიმებს. ეს კი ცუდად იმოქმედებს ინფლაციაზე, ვინაიდან გაძვირდება ყველა იმ პროდუქტის ფასი, რომლის თვითღირებულების კომპონენტში დენის გადასახადი მონაწილეობს. 

კარგია, რომ მთავრობამ მკაცრი პოზიცია აჩვენა. მე რომ მკითხოთ, პრემიერის ჩარევის საჭიროება არც უნდა იდგეს. ვერ გეტყვით, რა მოხდება 3 თვის შემდეგ, არ მაქვს ინფორმაცია და ვარაუდის დონეზე არ მინდა ვიმსჯელო. არ გამოვრიცხავ, „ფსიქოლოგიური“ დატვირთვა მიეცეს და წინასწარ მოამზადონ საზოგადოება იმისთვის, რომ გადასახადი გაიზარდოს. ამ დროს ნამდვილად არ არის ამის საჭიროება. ესენი ტრანსნაციონალური კომპანიები არიან. თუ გაუვათ მატება, ხომ კარგი, თუ არადა დარჩებიან ისე, როგორც არიან. ენერგოკომპანიებს იმხელა ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ხელშეკრულებებით, მისი გადახედვა მისცემს საშუალებას მარეგულირებელს, რომ დენის ტარიფების გაზრდაზე არც კი ჰქონდეს საუბარი. ახლახან გაცხადებული გაძვირება მეტი მოგების მიზანს ემსახურებოდა. სხვა ახსნა არ აქვს“, – განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გადასახადი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. 

ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან. 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19,053 თეთრია, ხოლო აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 23,537-თეთრიანი ტარიფი მოქმედებს. 

დაახლოებით იგივე ტარიფები მოქმედებს რეგიონებში. „ენერგო-პროს“ აბონენტებისთვის 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგია 14,731 თეთრი ღირს, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 18,708 თეთრი, ხოლო ისინი, ვინც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, 23,227 თეთრს იხდის. 

რაც შეეხება რეგიონის მეზობელ ქვეყნებს. ირკვევა, რომ სომხეთში 200 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 12 ცენტია (32.4 თეთრი), 200-დან 400 კვტ/ სთ-მდე მომხმარებლებისთვის – 12,5 ცენტი (33.75 თეთრი), ხოლო 400 კვტ-ზე მეტი მოხმარებისთვის აბონენტები 13,8 ცენტს (37.26 თეთრი) იხდიან. აზერბაიჯანში კი გასაშუალოებული ტარიფი მოქმედებს და 1 კვტ/სთ 15.55 თეთრი ღირს. 

ამდენად, ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით კვლავ დიდი ვნებათაღელვაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ტარიფს მოუმატებენ, თუ არსებულ დონეზე დატოვებენ. მთავარი გამოწვევა მაინც ინვესტიციებია, რის ვალდებულებაც კომპანიებს გააჩნიათ სწორედ იმისთვის, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს და წარმოების მასშტაბი გაიზარდოს. მეორე მხარეს კი მოსახლეობაა, რომლისთვისაც ნებისმიერი გაძვირება სულ უფრო ძნელი ასატანი ხდება. 

ლევან ნატროშვილი

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

სახელმწიფომ “ინტერ რაოსთვის” $139 მლნ-ის გადახდა დაიწყო

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული დავების გამო რუსული ენერგოგიგანტისთვის – „ინტერ რაოსთვის“ ფულის გადახდა დაიწყო. ამის თაობაზე, 2025 წლის დეკემბრის მიწურულს, მთავრობა და „ინტერ რაო“ შეთანხმდნენ.

მთავრობამ სურსათის გასაიაფებლად სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა 

5 მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეები – სურსათის ფასებთან „საბრძოლველად“ საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო კომისიის წევრები უკვე დამტკიცებულია.

რა როლი აქვთ საქართველოს ეკონომიკაში ემიგრანტებს 

2025 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებენ ხმის მიცემას.