როგორია ქსელური სუპერმარკეტების შემოსავალი, რომლებსაც პროდუქტების სიძვირეში ადანაშაულებენ
კომისია პარლამენტის პირველივე საგაზაფხულო სესიაზე უნდა დამტკიცდეს. დეკემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ერთი და იგივე ბრენდის ქსელებში, ერთი და იგივე სახის პროდუქტი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. ეჭვი გამოითქვა, ამ ბაზარზე სავარაუდო, კარტელური გარიგებების არსებობაზე. პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სპეციალურ კომისიას შექმნიდა და სურსათის ბაზარზე არსებულ „ანომალიური“ ფასების საკითხს შეისწავლიდა. ახლა საინტერესოა, რას მოიკვლევს კომისია და მათი დასკვნები შეაჩერებს თუ არა პროდუქტებზე ფასების არანორმალურ ზრდას.
2025 წლის 30 დეკემბერს გამოიცა მთავრობის განკარგულება, სადაც სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა გაიწერა. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
„მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ შეიძლება, ამ სექტორში კარტელური გარიგებებიც არსებობდეს.
ირაკლი კობახიძის ანალიზით, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასების შედარებისას კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. კობახიძის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
„პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, ბაზრის ამ მიმართულებით კონტროლი კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაა. კონკურენციის სააგენტომ, 2024 წელს ბაზარი მოიკვლია და კარტელური გარიგებები ვერ აღმოაჩინა.
„ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია და არ არსებობს კომპანიათა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მიმდინარე მონიტორინგის შედეგად სააგენტომ დაიწყოს ბაზრის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“, – აღნიშნულია სააგენტოს ანგარიშში. თუმცა მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ქეშბექი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან, შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
„კონკურენცია საცალო ქსელებს შორის არსებობს, თუმცა ის ძირითადად გამოხატულია მათი კუთვნილი მაღაზიების სიმრავლით. ქსელების სიმრავლე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოველ ახალ დამატებით მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისთვის დისტრიბუტორს ეკისრება დამატებითი – ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი. შესაბამისად, ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი კომპანიისთვის, ქსელის ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ბარიერი დაბალია და ეს ტვირთი მეტწილად გადადის პროდუქციის დისტრიბუტორზე, შედეგად კი მომხმარებელზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სასურსათო კომპანიების ფინანსური მონაცემები
კომისიის შექმნა და ბაზრის თავიდან შესწავლა რამე გავლენას მოახდენს თუ არა სურსათის გაზრდილ ფასებზე, ამას რამდენიმე თვეში ვნახავთ. მანამდე საინტერესოა, რა ფინანსური შედეგები აქვთ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს ძვირადღირებული პროდუქტებით ამარაგებენ. ამ კომპანიების დიდმა ნაწილმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნა. სხვათა შორის ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კომპანიების ძირითადი მიზანი ქსელის მაქსიმალური გაზრდაა, როგორც ჩანს, სამომავლოდ შემოსავლებისა და შესაბამისად მოგების გაზრდის მიზნით.
შპს „აგროჰაბი“ (ს/ნ 404502098):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ეკოვის საქართველო აუდიტმა“ ჩაატარა. „აგროჰაბი“ 2015 წლის 9 ოქტომბერს დარეგისტრირდა და იმ პერიოდში საქმიანობდა, როგორც შპს „ფერმა მარკეტი“, ხოლო 2016 წლის 21 ნოემბრიდან ოპერირებს „აგროჰაბის“ სახელით. მშობელი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების საქმიანობა საქართველოს მასშტაბით. კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი წარმოების მზა კერძებს და საკონდიტრო ნაწარმს. „აგროჰაბი“ წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „აგროჰაბს“ თბილისში 7, ხოლო ბათუმში ერთი ჰიპერმარკეტი ჰქონდა. კომპანიის 100% წილის მფლობელია აკაკი ახვლედიანი. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია ფლობს ა(ა)იპ „განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი – აგროჰაბის“ 100%-იან წილს, რომელიც 2022 წელს დაარსდა და რომლის ძირითადი საქმიანობაა სტუდენტებისთვის გრანტების გაცემა.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 140.6 მილიონი ლარი შეადგინა, 26.7 მილიონი ლარით მეტი წინა წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი 18.3 მილიონი ლარით, 79.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 318.0 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 64.0 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მშობელი კომპანია წლის განმავლობაში ახალ მაღაზიებს აქტიურად ხსნიდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის დაბეგვრამდე მოგება, წინა წელთან შედარებით, 4.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 25.8 მილიონი ლარი შეადგინა. „გროს მოგების“ მარჟა კი 25% იყო.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას 2146 თანამშრომელი (2023 წელს – 1627) ჰყავდა დასაქმებული.
სს „სმარტ რითეილი“ (ს/ნ 205124346):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი „ნექსია ჯორჯია“-მ ჩაატარა. სს “სმარტ რითეილი“ 2006 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს „სმარტის“ ბრენდის ქვეშ არსებულ საცალო მაღაზიების მართვა. კომპანია ფლობს მაღაზიებს თბილისში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, მცხეთაში, გუდაურში, ზუგდიდში, ყვარელში, სამტრედიაში, ფოთში, ურეკში, ხაშურსა და თელავში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“ (მალტა), რომელსაც აკონტროლებენ სამსონ და ლევან ფხაკაძეები (50%-50%).
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია გარკვეული ფინანსური და საოპერაციო სირთულეების წინაშე დგას. 2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულება 17.6 მილიონი ლარით არის შეფასებული, ეს მაჩვენებელი თითქმის 1 მილიონი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. უარყოფითი კაპიტალის მოცულობა 54.4 მილიონი ლარია, ხოლო 2023 წელს – 51.1 მილიონი ლარი იყო. 2024 წელს კომპანიამ 56.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. 2023 წლის მსგავსად კომპანიას 2024 წელიც ზარალიანი ჰქონდა – 3.2 მილიონი ლარი, თუმცა 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.7 მილიონი ლარით შემცირდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მოვლენები, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს სს „სმარტ რითეილის“ უნართან დაკავშირებით, საქმიანობა გააგრძელოს როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ.
შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰი პერმარკეტს ჯორჯია“ (ს/ნ 404923749):
ამ კომპანიის („კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „იუაი“-მ ჩაატარა. შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰი პერმარკეტს ჯორჯია“ საქართველოში 2011 წლის 26 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ჰი პერმარკეტების, სუპერმარკეტებისა და არასპეციალიზებული მაღაზიების ქსელის ოპერირება და მართვა საქართველოში. 2012 წლის სექტემბერში კომპანიამ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი გახსნა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია ამუშავებდა ექვს ჰი პერმარკეტს, ცხრამეტ სუპერმარკეტსა და სამოცდათორმეტ არასპეციალიზებულ მაღაზიას. კომპანია არის შვილობილი საწარმო შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰი პერმარკეტს“-ის, რომელიც კომპანიის კაპიტალის 100%-ს ფლობს. კომპანიის დაფინანსების უმეტესი ნაწილი მიიღება მშობელი საწარმოსგან და საკრედიტო დავალიანება იფარება მშობელი საწარმოს მიმართ, რომლის სათავეშიც დგას შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ რითეილი“. ამის გამო კომპანია ეკონომიკურად დამოკიდებულია მფლობელთა ჯგუფზე. მფლობელთა ჯგუფის საბოლოო ჰოლდინგური კომპანია არის „ფუტაიმ კაპიტალი“, რომლის საბოლოო მფლობელია მაჯიდ ალ ფუტაიმის ოჯახის 9 წევრი, ხოლო საკონტროლო წილის მფლობელია თარიქ ალ ფუტაიმი.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულებამ 223.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემებს 20.1 მილიონი ლარით ჩამორჩება. საანგარიშო პერიოდში კომპანიას უარყოფითი კაპიტალი დაუფიქსირდა – 211.6 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს – 176.9 მილიონი ლარი. 2024 წელს კომპანიის შემოსავლებმა 789.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 15.7 მილიონი ლარით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში, კომპანიამ 34.6 მილიონი ლარის წმინდა ზარალი (2023 წელს – 201 ათასი ლარის წმინდა მოგება) აღრიცხა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს კომპანიის ზარალი განაპირობა როგორც საერთო მოგების შემცირებამ, ისე საოპერაციო ხარჯების, კერძოდ თანამშრომლებზე გაწეული დანახარჯებისა და კომპანიის შიდა გადანაწილებული ხარჯების ზრდამ, ასევე საპროცენტო ხარჯის გაზრდამ, რაც გამოიწვია მშობელი საწარმოს ნასესხები სახსრების მოდიფიცირებებმა და საკურსო სხვაობით განპირობებულმა ზარალმა 11,321 ლარის ოდენობით, როცა იგივე მაჩვენებელი 2023 წელს 1,164 ლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში, კომპანიაში დასაქმებული იყო 2725 ადამიანი (2023 წელს – 2917).
შპს „ზღაპარი“ (ს/ნ 205222953):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ფი-ქეი-ეფ ჯორჯია“-მ ჩაატარა. შპს „ზღაპარი“ 2007 წელს დაარსდა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილს ფლობენ: კონსტანტინე გელაშვილი – 26.67%, ზურაბი არსენიძე – 18.33%, უზეირ ოზერი (თურქეთი) – 12.50%, ლევანი ფიჩხაია – 12.50%, ნუნუ ლეჟავა – 3.33%, გია არსენიძე – 26.67%. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა, როგორც საკვები და სასმელი პროდუქტებით, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების პროდუქციით. შპს „ზღაპარი“ 2024 წლის ბოლოს წარმოდგენილი იყო 46 მარკეტით, აქედან 30 – თბილისში, ხოლო დანარჩენი 16 მარკეტი – საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 43.3 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემებზე 16.4 მილიონი ლარით მეტია. ამავე პერიოდში, კაპიტალის მოცულობა (8.7 მილიონი) ლარი იყო. კომპანიამ უარყოფითი კაპიტალი აღრიცხა 2023 წელსაც (3.6 მილიონი) ლარი. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები თითქმის 2 მილიონი ლარით შემცირდა და 22.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელი ზარალიანი აღმოჩნდა „ზღაპრისთვის“, ზარალის მოცულობამ – 5.1 მილიონი ლარი შეადგინა, 1.5 მილიონი ლარით მეტი 2023 წელს მიღებულ ზარალთან შედარებით.
2024 წლის ბოლოსთვის კომპანიაში დასაქმებული იყო 718 თანამშრომელი.
შპს „ორი ნაბიჯი“ (ს/ნ 204571668):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „KPMG Georgia“-მ ჩაატარა. კომპანია 2009 წლის 17 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი ძირითადი საქმიანობაა საქართველოში საცალო მაღაზიების ქსელის მართვა. კომპანიას 2014 წლამდე 16 მაღაზია ჰქონდა, 10 წლის განმავლობაში მისი მაღაზიების რიცხვი 529-მდე გაიზარდა, რომლებიდანაც 291 თბილისში, 43 ქვემო ქართლში, 49 იმერეთში, 38 კახეთში, 22 აჭარაში, 28 სამეგრელოში, 14 მცხეთა-მთიანეთში, 22 შიდა ქართლში და 22 საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარეობს. კომპანიის მესაკუთრეებია: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახა ბექაური – 33.33%.
2024 წელს კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულებამ 319.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 22.7 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. 2024 წელს კომპანიას უარყოფითი კაპიტალი დაუფიქსირდა (1.9 მილიონი) ლარი, ხოლო 2023 წელს კაპიტალის მოცულობამ – 2.3 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელს კომპანიის შემოსავლებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 239.1 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მონაცემებს. მოგების გადასახადით დაბეგვრამდე, მოგების მოცულობამ 63.0 მილიონი ლარი შეადგინა, 4.4 მილიონი ლარით ნაკლები წინა წელთან შედარებით. დოკუმენტის მიხედვით, საერთო მოგების მარჟა 18.8% იყო.
2024 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 4800 მდე თანამშრომელი.
შპს „ფრესკო რითეილ გრუპი“ (ს/ნ 404383779):
შპს „ფრესკო რითეილ გრუპი“ დაფუძნებულია 2010 წლის 15 ივნისს. კომპანიის 100% წილის მესაკუთრეა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Imisia Ventures Limited. საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. კომპანია პროდუქციას ყიდულობს საქართველოში არსებული სადისტრიბუციო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიებისაგან. კომპანიას მართავს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სოფრომაძე და გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია.
2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივების ღირებულება 4.8 მილიონი ლარი იყო, 185 ათასი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი (561.0 ათასი) ლარი, 2023 წელს (1.3 მილიონი) ლარი. 2024 წელს კომპანიამ 3.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, თითქმის 200 ათასი ლარით მეტი წინა წელთან შედარებით. კომპანიის მოგება კი 718.4 ათასი ლარი იყო, დაახლოებით, 70 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს.
კომპანიაში 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებული იყო 157 თანამშრომელი, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 165 თანამშრომელი.
შპს „ევროპროდუქტი“ (ს/ნ 202227134):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი შპს „ფინანსური მართვის ჯგუფმა“ ჩაატარა. შპს „ევროპროდუქტი“ 2004 წლის 20 აპრილს დაარსდა. კომპანიის მფლობელები არიან: ნინო ბრეგვაძე 50% იანი წილით და შპს „ჯი-თი გრუპი“ 50%-იანი წილით. კომპანიის ძირითად ბიზნეს-საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები და არასაკვები პროდუქტით. კომპანია ამარაგებს 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევს 38 მაღაზიას. შპს „ევროპროდუქტი“ ფლობს შვილობილი კომპანია შპს „ბაუერნბროტი“-ს 75%-ს, რომელიც დაარსებულია 2021 წლის 10 ნოემბერს. შპს „ევროპროდუქტის“ სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
2024 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ღირებულებამ 69.3 მილიონი ლარი შეადგინა, დაახლოებით 11 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში აქციონერთა მთლიანი კაპიტალის მოცულობა კი 23.4 მილიონი ლარი იყო, დაახლოებით 3,3 მილიონი ლარით მეტი. 2024 წელს კომპანიამ 138.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 8.5 მილიონი ლარით მეტი 2023 წელთან შედარებით. კომპანიის მიერ მიღებული მოგების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 3 მილიონი ლარით 19.4 მილიონ ლარამდე შემცირდა.
2024 და 2023 წლების განმავლობაში კომპანიაში დასაქმებული იყო საშუალოდ 748 და 705 თანამშრომელი.
შპს „გვირილა რითეილი“ (ს/ნ 405536317):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „არესემ საქართველომ“ ჩაატარა. შპს „გვირილა რითეილი“ 2022 წლის 30 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. კომპანიამ დააფუძნა შვილობილი საწარმო, შპს „ფროფერთი სერვისი“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასაც წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული ფართების გაყიდვა/გაქირავება.
2024 და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა შორის წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: შპს „გვირილა“ – 40%, შპს „დეილი“ – 60%. კომპანიამ თავისი პირველი ფილიალი თბილისში, 2022 წლის ოქტომბერში გახსნა, 2 წელიწადში კი მისი ფილიალების რაოდენობა 357-მდე გაიზარდა.
2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 142.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32.8 მილიონი ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. ამავე პერიოდში „გვირილა რითეილს“ უარყოფითი კაპიტალი დაუფიქსირდა (9.9 მილიონი ლარი), 2023 წელს კი კაპიტალის მოცულობა – 9.7 მილიონი ლარი იყო. 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 160.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 301.2 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების ზრდის პარალელურად გაიზარდა კომპანიის ზარალი, 2023 წელთან შედარებით, თითქმის 11 მილიონი ლარით 21.6 მილიონ ლარამდე.
2024 და 2023 წლების დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 2215 და 1297 თანამშრომელს.
სს „ნიკორა“ (ს/ნ 206255808):
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი „ბეიკერ ტილი ჯორჯია“-მ ჩაატარა. სს “ნიკორა” არის „ნიკორას“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მშობელი საწარმო. კომპანია დაარსდა 1998 წელს. სს „ნიკორა“, გარდა ინვესტიციებისა შვილობილ საწარმოებში, ფლობს უძრავ ქონებას მიწისა და შენობების სახით, რომელსაც იჯარით გასცემს ასევე შვილობილ კომპანიებზე და მიღებული საიჯარო შემოსავალი წარმოადგენს კომპანიის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს. იგი ასევე უზრუნველყოფს შვილობილ კომპანიებს მმართველობითი და საკონსულტაციო მომსახურებით.
2024 წელს კომპანიის აქტივების ღირებულებამ 176.3 მილიონი ლარი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ლარით მეტი წინა წელთან შედარებით. კაპიტალის მოცულობა კი 106.3 მილიონი ლარი იყო, 3 მილიონ ლარით მეტი, ვიდრე 2023 წელს. 2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 4.5 მილიონი ლარით 26.6 მილიონი ლარამდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 15.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო 2.0 მილიონი ლარით მეტი. საერთო მოგების მარჟამ, საკმაოდ მაღალი დონე – 68% შეადგინა.
სს „ნიკორას“ ჯგუფში შემავალი კომპანიებია – სს „ნიკორა ტრეიდი“ (97%), შპს „ნიკორა“ (100%), შპს „პარტნიორი“ (100%), შპს „ოკეანე“ (100%), შპს „ჩვენი ფერმერი“ (100%), შპს „მულტიტრეიდი“ (100%), შპს „მზარეული“ (80%), შპს „კორიდა“ (100%), შპს „ინტრეიდი“ (100%), შპს „ნაფარეულის ძველი მარანი“ (100%), შპს „ვაკიჯვრის კალმახი“ (94%), შპს „კულინარი“ (100%), შპს „ნიკორა ბაკურიანი“ (50%), შპს „მილა საქართველო“ (50%), შპს „რეფ ელ“ (50%),
კომპანიაში 2024 წელს 105 ადამიანი იყო დასაქმებული.
ეკა ხარაზი

