კუბის დევიზი უცვლელია – „სოციალიზმი ან სიკვდილი“
2026 წელი ვაშინგტონიდან დეკლარირებული არაერთი ანტიკუბური გამონათქვამითაც არის დასამახსოვრებელი. ამ საქმეში პირველობას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მუდმივი მაძიებელი აშშ-ის პრეზიდენტი ბუნებრივია არავის დაუთმობს. ენერგობლოკადით გამყარებულმა სიტყვიერმა მუქარებმა შედეგი გამოიღო და „თავისუფლების“ კუნძულის ხელისუფლების მეთაურებმა რეფორმების დაწყების თაობაზე განცხადებები გააკეთეს.
ენერგოკრიზისი და მისი გამომწვევი მიზეზები
კუბა კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატიდან სამხრეთით 145 კილომეტრში მდებარეობს. იგი ამერიკული სანქციების ქვეშაა ფიდელ კასტროს სოციალისტური რეჟიმის გამარჯვების შემდეგ – 1960-იანი წლების დასაწყისიდან.
მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის ელიტური ძალების მიერ ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაში სამხედრო ჩარევა საჭირო არაა, რადგან ქვეყანა „უკვე დაცემისთვის მზად არის“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, კუბელი ემიგრანტების შვილი, დიდი ხანია მოუწოდებს კუბაში რეჟიმის შეცვლისკენ. მადუროს დაპატიმრების შემდეგ რუბიომ განაცხადა: „ჰავანაში რომ ვცხოვრობდე და მთავრობაში ვიყო, ცოტათი მაინც ვინერვიულებდი“.
ამერიკელთა ქმედებები, კუნძულზე სულ უფრო და უფრო მძიმე ვითარებისა და ტრამპის მხრიდან მუდმივი სიტყვიერი მუქარის ფონზე განხორციელდა. ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა ელექტროენერგიის მარაოსებურმა გათიშვამ. კუბელები თითქმის წელიწადია, სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე რჩებიან.
ევროკავშირში კუბის ყოფილმა ელჩმა კარლოს ალზუგარაიმ, BBC-ის სატელევიზიო პროგრამა Newsday-ს უთხრა, რომ კუბა ამერიკის შესაძლო ინტერვენციისთვის ემზადება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ამას ელის. მისი თქმით, კუბელებს ცვლილებები სურთ, განსაკუთრებით ეკონომიკაში, მაგრამ არ უნდათ, რომ ეს გარედან იყოს თავსმოხვეული.
„კუბაში არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ იფიქროს, ამერიკული ჩარევა ჩვენს პრობლემებს უცებ მოაგვარებს“, – ამბობს ყოფილი ელჩი. იგი სატელევიზიო ეთერში ასევე განიხილავდა ჩინეთის ან რუსეთის ჩარევის შესაძლებლობას, მაგრამ მისივე მსჯელობით, სიტუაციის ამგვარი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქცირებული ვენესუელური ნავთობტანკერების დაკავებამ, კუბაში საწვავისა და ენერგეტიკის კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ტრამპი ასევე დაიმუქრა კუბისთვის ნავთობის მიმწოდებელი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებით და განაცხადა, რომ ეს დააჩქარებდა ქვეყნის „დაცემას“, რადგან ვენესუელა აღარ უგზავნის თავის დიდი ხნის მოკავშირეს არც ნავთობს და არც ფულს.
სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს, რომელიც 1960-იანი წლებიდან მოქმედებს, როდესაც ფიდელ კასტრომ დარგში მომუშავე საწარმოების, მათ შორის ამერიკული კომპანიების, ნაციონალიზაცია მოახდინა.
კუბის ხელისუფლების მიერ, მარაგში არსებული მიზერული საშუალებების დაზოგვის მიზნით, გამოცხადებული გეგმა მოიცავს საწვავის გაყიდვების ნორმირებას, მის გამოყენებას მხოლოდ აუცილებელი ინდუსტრიებისა და მომსახურებისთვის, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას და უნივერსიტეტებში ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.
ვენესუელასა და შტატებთან ურთიერთობები
კუბაც და ვენესუელაც სახელმწიფო სოციალიზმის მოდელს იზიარებდა და ერთმანეთს ხელისუფლებაში უგო ჩავესის მოსვლის (1999) შემდეგ უჭერდნენ მხარს. ვენესუელა ადრე კუბას სუბსიდირებული ნავთობით ამარაგებდა, სანაცვლოდ კი კუბა სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტულ სპეციალისტებს, ასევე სამხედრო და დაზვერვის პერსონალს აგზავნიდა.
არსებული ინფორმაციით, ვენესუელის ლიდერის დაკავების მიზნით განხორციელებული ოპერაციის დროს 32 კუბელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთაგან ბევრი ნიკოლას მადუროს უახლოესი წრის წევრი იყო.
სავარაუდოდ, ვენესუელა კუბას დღეში დაახლოებით 35 ათას ბარელ ნავთობს აწვდიდა. ეს მისი მოთხოვნილებების თითქმის მესამედია და 5-ჯერ აღემატება რუსეთის მიერ მოწოდებულ მოცულობას, რომელიც კუნძულელთა ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი და დიდი ხნის მოკავშირეა.
1959 წელს, კუბის რევოლუციის დროს კასტროების კლანმა პრეზიდენტი ფულხენსიო ბატისტა დაამხო. ბატისტა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობდა და მისი დამხობის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდა.
ფიდელ კასტრომ გაზარდა გადასახადები აშშ-დან იმპორტზე და დადო სავაჭრო შეთანხმება საბჭოთა კავშირთან. საპასუხოდ, ვაშინგტონმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ჰავანასთან და დააწესა სავაჭრო ემბარგო, რომელიც დღემდე ძალაშია.
1962 წელს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და ლამის მსოფლიო სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. იგი „კარიბის კრიზისის“ სახელითაა ცნობილი: სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, შტატებში აღმოაჩინეს, რომ კუბამ საბჭოთა კავშირს კუნძულზე ბირთვული რაკეტების განლაგების ნება დართო, რამაც მსოფლიო 13 დღის განმავლობაში ბირთვული ომის ზღვარზე დააყენა. კენედიმ და ხრუშჩოვმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ამერიკული ბირთვული რაკეტები თურქეთიდან, ხოლო საბჭოთა იარაღი კუბიდან გაიტანეს.
ურთიერთობები ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას გაუმჯობესდა, რომელმაც შეამსუბუქა მგზავრობასა და ფულად გადარიცხვებზე შეზღუდვები. ასევე, კუბა ამოღებულ იქნა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა ამერიკული სიიდან, რომელსაც ის 1982 წელს დაემატა. ორივე ქვეყანამ ხელახლა გახსნა საელჩოები და 2016 წელს ობამა კუბას ეწვია. იგი 1928 წლის შემდეგ აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ კუნძულს ესტუმრა.
ერთი წლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ხელახლა შემოიღო შეზღუდვები (პრეზიდენტობის პირველი ვადისას) ამერიკელებისთვის კუბაში მოგზაურობაზე; თუმცა განაცხადა, რომ ჰავანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ გაწყვეტდა. იმავე წელს, აშშ მა დიპლომატებისა და დაზვერვის ოფიცრების ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საელჩოს თანამშრომლების უმეტესობა გაიწვია.
2021 წელს, შეერთებულმა შტატებმა კუბა ისევ გამოაცხადა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და ჰავანაში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დამატებითი სანქციები დააწესა. ერთი წლის შემდეგ მან შეზღუდვები გარკვეულწილად შეამსუბუქა, ხოლო 2025 წელს გამოაცხადა, რომ კუბას კვლავ ამოიღებდა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან. თუმცა, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს შეცვალა და შემდგომში კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესა.
კუბის ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები
საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991), კუბის ეკონომიკა მეტწილად სწორედ ამ „კონგლომერატთან“ სავაჭრო ურთიერთობებით საზრდოობდა. 1991 წლიდან კუბის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა მრავალსტრუქტურული სოციალისტური ეკონომიკის შექმნას საბაზრო ურთიერთობების ელემენტებით. უფრო სრულყოფილი გახდა სახელმწიფო საწარმოების მართვის მეთოდები და დაინერგა ე.წ. სამეურნეო აღრიცხვა. აღიარებულ იქნა სახელმწიფო, კოოპერატიული, უცხოური კერძო (394 კომპანია), ინდივიდუალური და შერეული საკუთრების ფორმები. 1993 წელს მოიხსნა უცხოური ვალუტის მიმოქცევის აკრძალვა და შემცირდა საგარეო ვაჭრობაზე მონოპოლია.
1998 წლის დეკემბრის შემდეგ კუბა-ვენესუელის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად განვითარდა. 2000 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად ვენესუელამ კუბისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო (დღეში 53 ათასი ბარელი), ხოლო კუბამ ვენესუელაში 15 ათასი სპეციალისტი (მასწავლებლები, მედპერსონალი და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი) გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების ნაწილი ნაღდი ფულით დაიფარა. 2013 წლის გაზაფხულისთვის კუბასა და ვენესუელას შორის უკვე 175 ორმხრივი შეთანხმება იყო ძალაში, რომელთა მიხედვით ვენესუელაში თითქმის 100 ათასი კუბელი სპეციალისტი მუშაობდა.
ასე გახდა საუკუნეების გასაყარზე, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ვენესუელა კუბის უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის კუბასთან სავაჭრო ბრუნვის მხრივ მეორე ადგილზე იყო.
კუბაში დაბადებული ამერიკელი ეკონომისტის, კარმელო მესა-ლაგოს (Carmelo Mesa-Lago) თქმით, ნომინალურად ვენესუელის სუბსიდია უფრო მაღალია, ვიდრე საბჭოთა კავშირის მიერ კუბისთვის გაცემული სუბსიდიები. მაგალითისთვის, 2012 წელს ვენესუელიდან დახმარება კუბის მშპ-ის 20,8% ს შეადგენდა, ხოლო კუბა ვენესუელის მშპ-სთვის მხოლოდ 4%-ით „პასუხობდა“. ვენესუელის ეკონომიკა 2010 წლიდან სრულ კოლაფსშია, რაც ხელს უშლის მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კუბას.
2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, კუბიდან საექპორტო პროდუქციის (ნიკელი, სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი, ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, თევზი, შაქარი, თაფლი, ყავა) მიმღები ქვეყნების ხუთეული ასეთია: ჩინეთი – $358,42 მილიონი, ესპანეთი – $128,92 მილიონი, გერმანია – $69,41 მილიონი, შვეიცარია – $48,22 მილიონი, ჰონგ-კონგი – $43,74 მილიონი. კუბის ჯამური საექსპორტო მაჩვენებელი $1,47 მილიარდს შეადგენდა.
რაც შეეხება იმპორტს კუბაში, იგი 2025 წლის ბოლოს $8,07 მილიარდი იყო. იმპორტის ძირითადი შემადგენლებია საწვავი, ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები, საკვები და ქიმიური პროდუქტები. კუნძულზე იმპორტული პროდუქციის შემომტანებს შორის ლიდერობენ: ესპანეთი – $937,5 მილიონი, ჩინეთი – $503,72 მილიონი, აშშ – $366,39 მილიონი, მექსიკა – $234,38 მილიონი და კანადა – $222 მილიონი.
11 მილიონზე მეტი მცხოვრების კუბაში 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მშპ 2024 წლის მონაცემებით $7381,4-ის შეადგენდა (ისტორიული მაქსიმუმი 2018 წელს იყო – $8047,94). მიმდინარე წლის პროგნოზირებადი სიდიდეა $7492. რაც შეეხება მშპ-ის ნომინალურ სიდიდეს, მისი ისტორიული მაქსიმუმი კუბისთვის 2020 წელს $107,35 მილიარდი დაფიქსირდა. მას შემდეგ, მისი სიდიდე რეგულარულად კლებულობს – 2023-ში 1,93%-ით, 2024-ში – 1,06% ით, 2025-ში კი 5%-ით.
კუბის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მომსახურების სექტორზე მოდის (მშპ-ის დაახლოებით 58%), მრეწველობასა და მშენებლობას მშპ-ის 34% უკავია, ხოლო სოფლის მეურნეობასა და თევზჭერას – 5%.
პარადოქსია, მაგრამ კუბის ეკონომიკის სავალუტო შემოსავლის მთავარი წყარო არა საქონელი, არამედ პროფესიული მომსახურების, პირველ რიგში, სამედიცინო მომსახურების ექსპორტია. მთავრობა ათიათასობით კუბელ ექიმსა და ექთანს აგზავნის მივლინებით მსოფლიოს ათობით ქვეყანაში (განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში). მასპინძელი ქვეყნები ამ სამუშაოსთვის პირდაპირ უცხოურ ვალუტაში უხდიან კუბის მთავრობას, რომელიც ამ თანხების ძირითად ნაწილს ინარჩუნებს და ექიმებს მხოლოდ პროცენტს უხდის. საერთაშორისო ჯანდაცვის ტურიზმიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ტურიზმის სექტორი უცხოური ვალუტის შემოსავლის სასიცოცხლო წყაროა. შემოსავალი შემოდის სანაპირო კურორტებიდან (ვარადერო, კაიო-კოკო), ჰავანაში ისტორიული ტურიზმიდან და მზარდი ეკოტურიზმის ინდუსტრიიდან. დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიისა და საწვავის კრიზისის დროს, თუმცა ხელისუფლება ტურისტული ნაკადის აღდგენაზე იმედოვნებს.
კუბის ეკონომიკა კრიტიკულად არის დამოკიდებული კუბური დიასპორის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებში (მაიამი) ცხოვრობს. ნათესავები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გადარიცხავენ კუბაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს არალეგალური იმპორტი: ემიგრანტები ამანათებით ან ჩემოდნებით აგზავნიან ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, დეფიციტურ მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
სასაქონლო ექსპორტის სტრუქტურაში რამდენიმე ძირითადი პუნქტი გამოირჩევა:
ნიკელი და კობალტი: კუბას მსოფლიოში ნიკელისა და კობალტის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს. მოპოვება უცხოურ (მაგ., კანადურ) კომპანიებთან პარტნიორობით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ნიკელი ჰავანისთვის უცხოური ვალუტის ძირითადი წყარო იყო და წლიურად $2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა, 2024-2026 წლებისთვის ეს მაჩვენებლები ათჯერ შემცირდა.
მსოფლიოში ცნობილი კუბური სიგარები და პრემიუმ რომი ქვეყნისთვის ექსპორტიდან შემოსავალს მუდმივად გამოიმუშავებს. OEC-ის მიხედვით, კუნძულიდან პირდაპირ ნედლი და დაგორგოლაჭებული თამბაქოს წმინდა ექსპორტმა დაახლოებით $418 მილიონი შეადგინა, რაც სიგარებს კუბის ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქტად აქცევს. მაგარ სასმელებს (Rum და Tafia) კუბისთვის ყოველწლიურად დაახლოებით $75-96 მილიონის შემოსავალი მოაქვს. კუბური რომი გლობალურ ბაზარზე ამ კატეგორიის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5.4%-ს შეადგენს.
შაქარი: კუბის ისტორიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრია ამჟამად ღრმა ვარდნაშია ინფრასტრუქტურის გაუარესებისა და საწვავის დეფიციტის გამო; მოსავლიანობა ისტორიულ მინიმუმამდე (150 ათასი ტონა წლიურად) დაეცა და ქვეყანა პერიოდულად იძულებულია შიდა მოხმარებისთვის დამატებითი შაქარი შეიძინოს.
ბიოტექნოლოგიები: კუბა ავითარებს საკუთარ ფარმაცევტულ ინდუსტრიას და ახორციელებს ვაქცინებისა და უნიკალური სამედიცინო პროდუქტების ექსპორტს. მიმდინარე მონაცემები: ბოლო წლებში ბიოტექნოლოგიების ექსპორტი წელიწადში 300 დან 500 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. კუბის ფარმაცევტული ინდუსტრიის მთლიანმა შემოსავლებმა, 2025 წელს $1,73 მილიარდს მიაღწია. 2030 წლისთვის ეს სიდიდე $2,1 მილიარდი იქნება.
დაგვიანებული რეფორმების მცდელობა
პრაქტიკულად სრულ ენერგოიზოლაციაში მყოფი კუბის სახელისუფლებო მეთაურები, მიმდინარე წლის შუა ზაფხულში დაჩქარებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ, ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდნენ. პრემიერ მინისტრმა მანუელ მარერო კრუზმა (Manuel Marrero Cruz) დეპუტატებს ეკონომიკური რეფორმების უმსხვილესი პაკეტის შემოღების აუცილებლობაზე განუცხადა და ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე მიუთითა:
„ეს გარდაქმნები არ ნიშნავს სოციალისტური პროექტის უარყოფას. პირიქით, ყველაფერი სოციალიზმის განვითარების ჭეშმარიტი ლოგიკიდან გამომდინარეობს. რეფორმები გულისხმობს მეტ თავისუფლებას კერძო ბიზნესში, ქვეყანაში ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, საბანკო სისტემის მოდერნიზაციასა და ქვეყნის ეკონომიკის ამერიკულ დოლართან თანმიმდევრობით თავსებადობას“.
კუნძულის ხელისუფალთ ასევე სურთ მეტი უფლებამოსილება გადასცენ რეგიონებს და საგრძნობლად შეამცირონ ზომაზე მეტად „გაბერილი“ ცენტრალური აპარატი.
პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი (Miguel Díaz-Canel): „კუბა იცვლება, რათა განვითარდეს, უკეთესად იცხოვროს, დარჩეს თავისუფალი. ისტორიამ წინააღმდეგობის გაწევა გვასწავლა, მაგრამ თანამედროვე ეპოქა ჩვენგან გარდაქმნებს ითხოვს და ჩვენ მათ ხალხთან ერთად, ხალხისთვის და თავად ხალხის ძალით განვახორციელებთ: როგორც გვასწავლიდა ფიდელი და როგორც გზას გვიკვალავდა რაული – სოციალიზმი ან სიკვდილი, სამშობლო ან სიკვდილი“.
ივნისში ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან. კუბას Visa და Mastercard-ის ბარათებით საერთაშორისო გადარიცხვების მიღების შესაძლებლობა წაერთვა. გადახდის ამ საშუალებათა გარეშე კუნძულზე რჩება რუსული Мир და ჩინური Union Pay.
თუმცა, ერთია ტრიბუნიდან ნათქვამი, მეორე – ცხოვრებაში მისი რეალურად განხორციელება. Reuters-ის ცნობით, ხელისუფლება აპირებს სახელმწიფო ეკონომიკის გარკვეული სექტორების კერძო ბიზნესისთვის გახსნას. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ზომების უმეტესობა ადრეც იყო განხილული, მაგრამ არასდროს განხორციელებულა. ახლა, ვაშინგტონის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რეფორმები აუცილებელი გახდა. კერძოდ, სანქციებმა და ბლოკადამ გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე: საწვავის დეფიციტმა ფრენების შემცირება გამოიწვია, ხოლო ზოგიერთმა საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორმა კუნძული მიატოვა.
ეკონომიკური რეფორმები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავენ კერძო ტურისტული კომპანიებისთვის ქვეყანაში საქმიანობის ნებართვის მიცემას. ისინი ასევე ითვალისწინებენ მიწის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას (ცნობილია, რომ კუბაში მიწის 80% სახელმწიფო საკუთრებაშია – ავტ.) და ბიზნესებისთვის საწვავისა და მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მიცემას. ქვეყნის პრემიერის თქმით, ჰავანამ უკვე მისცა პირველ უცხოურ კომპანიას საწვავის იმპორტისა და გაყიდვის უფლება, ხოლო კუბის თითქმის 200 მა კომპანიამ მიიღო ბენზინის საბითუმო ვაჭრობის ლიცენზია.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ რეფორმები არ არის მიმართული „აშშ-ის საამებლად“ და არ გულისხმობს ეკონომიკის ძირითადი სექტორების პრივატიზაციას. ხელისუფლება არ აპირებს „ეროვნული აქტივების ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის“ განხორციელებას – ჯანდაცვა, მეცნიერება, კულტურა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დარჩება. „ჩვენ არ ვგეგმავთ მტაცებლური კაპიტალიზმის დანერგვას ან ეროვნული აქტივების ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის განხორციელებას, როგორც ზოგიერთს ეშინია“, – თქვა მან.
გაერო-ს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური კომისიის (ECLAC) მონაცემებით, კუბის ეკონომიკამ წელს მინიმუმ 6.5%-ით იკლო, ხოლო მისი მშპ 2020 წლიდან 2025 წლამდე 15%-ზე მეტით შემცირდა.
ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ კუბას რეფორმები ესაჭიროება. თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი პირდაპირ აფრთხილებს ქვეყნის ხელისუფალთ ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებთან შესაძლო სამხედრო თანამშრომლობის შემთხვევაში პირდაპირი შედეგების შესახებ:
„კუბის მთავრობის მხრიდან უგუნურება იქნებოდა მცდელობა, შეიძინონ ისეთი შეიარაღება, რომელსაც ჩვენს სამხედრო ბაზებამდე მიღწევის საშუალება ექნებათ. ამით ისინი ისეთ კონფრონტაციას გამოიწვევენ, რომელსაც ვერ გაუძლებენ და დაუყოვნებლივ განადგურდებიან“.
ჯეი დი ვენსი (ვიცე-პრეზიდენტი): „ჩვენ გვინდა, რომ კუბელებმა წარმატებულად იცხოვრონ. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის მთავრობასთან, როგორ შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. თუ ისინი გონივრულად მოიქცევიან, ჩვენი ურთიერთობა კუნძულთან გაცილებით უკეთ წარიმართება“.
სექტემბრის ბოლოს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბის მმართველობის სისტემა იშლება და მისი სრული კოლაფსი იწინასწარმეტყველა. კუბის დელეგაციამ, მისი ამ სიტყვებისას, დარბაზი დატოვა.
მოგვიანებით, ვაშინგტონში თავშეყრილ ჟურნალისტებს, აშშ-ის პრეზიდენტმა განუცხადა, რომ სავარაუდოდ, კუბის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება არ დასჭირდება: „ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმების დადება გვსურს. არა მგონია, სამხედროები დაგვჭირდეს“.
ტრამპის სიტყვებით, მისი მიზანი კუბის იმ ამერიკელებისთვის ისევ „გაღებაა“, რომელთაც წლების წინ კუნძულის მიზეზთა გამო დატოვებამ მოუწიათ. რა გზით მოხდება ეს დაბრუნება, კერძო ინვესტიციების დაბანდებით, თუ სამხედროების დახმარებით, დრო გვიჩვენებს.
ფრიდონ კერვალიშვილი

