Homeააფ-მედიართველის სუბსიდირება შეცვლილი წესებით

რთველის სუბსიდირება შეცვლილი წესებით

Published on

spot_img

საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის ხელისუფლება წელს 110 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს

მთავრობა ყოველწლიური რთველის სუბსიდირების პრაქტიკას წელსაც აგრძელებს. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ყურძნის ფასი პირდაპირ შაქრიანობის მაჩვენებელს მიება, რამაც ჩასაბარებელი ტარიფების დიფერენცირება და ქვედა ზღვრის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეს მიდგომა ფერმერებისა და მევენახეების გარკვეული ჯგუფისთვის მოკლევადიან ფინანსურ სტაბილურობას და მოგებას უზრუნველყოფს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სუბსიდირება მეღვინეობის სექტორის განვითარებისთვის ერთგვარი დაბრკოლებაა, რაც სტრუქტურულ რისკებს აძლიერებს. გარდა ამისა, რთველის დაფინანსებაში უკვე აშკარად იკვეთება პოლიტიკური მდგენელი.

სახელმწიფო გარანტიებზე დაყრდნობით, ვენახების ფართობები მუდმივად იზრდება და წლევანდელმა მოსავალმა უკვე 320 000 ტონას მიაღწია. იმ პირობებში, როდესაც წარმოება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს, სახელმწიფო იძულებულია ყოველწლიურად ჩაერიოს პროცესში და ჭარბი მოსავალი შეიძინოს, რაც ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთია.

სპეციალისტების ნაწილი იმაზეც კი საუბრობს, რომ არსებული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, შიდა მოხმარებისა და სტაბილური საექსპორტო ბაზრებისთვის ქვეყანას წელიწადში რეალურად 200 000 ტონაზე მეტი ყურძენი არ სჭირდება. თუმცა, სუბსიდირების არსებული მოდელი რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას წარმოშობს და ეკონომიკურ დისბალანსს აძლიერებს.

პირველ რიგში, სახელმწიფო რესურსებით ფინანსდება ის სექტორი, სადაც ჭარბწარმოებაა (ყურძენი), მაშინ როცა ქვეყანას სტრატეგიული და დეფიციტური სასურსათო კულტურების – მაგალითად, ხორბლისა და ლობიოს – მიმართულებით იმპორტზე საგრძნობი დამოკიდებულება აქვს. ამასთანავე, კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, ყურძნის ხარისხი არასტაბილურია და ხშირად ვიზუალურად კარგი, მაგრამ დაბალი შაქრიანობის მქონე მოსავალი მოდის. შედეგად, კერძო ღვინის ქარხნები ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით ყურძენს დიფერენცირებული, დაბალი ფასებით იბარებენ, რაც მოსახლეობაში დაძაბულობას ქმნის. ამის დასაბალანსებლად კი სახელმწიფო იძულებულია ფასები ხელოვნურად დააკორექტიროს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს წელსაც აქვს შესაძლებლობა, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოკრეფილ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.

რაც შეეხება ფასს, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

14 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნის 99,4%-მდე საშუალო ხარისხისაა. ყურძნის მოსავალი 17 000-მდე მევენახემ დააბინავა.

14 ოქტომბერს რთველი დაიწყო რაჭაშიც, სადაც წელს საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

აღსანიშნავია, რომ რთველის სუბსიდირება მხოლოდ ამ ორ რეგიონზე ვრცელდება. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა არ მოქმედებს.

„მოსავლის მართვის კომპანიის“ ოფიციალური ფინანსური ანგარიშებისა და მედიაში ამ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წლების განმავლობაში რთველის სუბსიდირების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეძენილი და გადამუშავებული ნედლეულისგან დარჩენილი პროდუქცია ბაზარზე ვერ გასაღდა. შედეგად, კომპანიის ბალანსზე გროვდება მილიონობით ლარის ღირებულების არასაკმარისი მოთხოვნის მქონე მარაგი. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, მთავრობის მარაგებში არსებული დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და მილიონობით ლარის ღვინო გაუფასურდა, რადგან ჩატარებული აუქციონები უშედეგოდ ჩავარდა (მყიდველი არ გამოჩნდა, ან შეთავაზებული ფასი მისაღები არ აღმოჩნდა). ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ღვინის სექტორში არსებული სახელმწიფო სუბსიდირების მანკიერებას.

როგორც ღვინის ექსპერტმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებები სრულად იგნორირებულია. ნებისმიერ სხვა სფეროში, თუ პროდუქტზე მოთხოვნა არ არის, ფასი ეცემა ან მოსავალი დაუკრეფავი რჩება. თუმცა, ყურძნის მიმართ საზოგადოების მაღალი მგრძნობელობის გამო, სახელმწიფო იძულებულია ჭარბი პროდუქცია ხელოვნურად მაღალ ფასად შეიძინოს, რომ მევენახეთა უკმაყოფილება და პროტესტი თავიდან აიცილოს.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჭარბ ყურძენს ბაზარზე აჩენს სუბსიდირება. რაც უფრო დიდი იქნება სუბსიდირება, მით მეტი ჭარბი ყურძენი გვექნება ბაზარზე, რაც ნაკლები, მით მეტად იპოვის ეს ყურძენი თავის დანიშნულებას. ჭარბი მოსავალი იყო მაშინ, როცა დაიხურა რუსეთის ბაზარი, პროდუქტი ვერ მუშავდებოდა, შემდეგ სუბსიდიის პრინციპი გამოიგონეს, მაგრამ გაიხსნა რუსეთის ბაზარი, დღეს ამ ბაზარზე ექსპორტი გაზრდილია, გასამმაგებულია ფაქტობრივად, წინა წლებს რომ შევადაროთ. ანუ ექსპორტი იზრდება, თუმცა იზრდება ჭარბი ყურძნის რაოდენობაც. სანამ მევენახეს აქვს არჩევანი, ყურძენი ჩააბაროს მეღვინეს, რომელიც ხარისხს ითხოვს და რაღაცებს ამოწმებს, თუ ჩააბაროს სახელმწიფოს, რომელიც იგივე ფასს იხდის, მაგრამ არაფერს არ უყურებს, მაშინ ყოველთვის ურჩევნია ჩააბაროს სახელმწიფოს.

დღეს, სამწუხაროდ, ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ყველა მევენახეს სამჯერ მეტი მოსავლის მოყვანა შეუძლია, ვიდრე ხარისხიან ყურძენს სჭირდება. სამჯერ მეტი ნიშნავს, რომ ბაზარზე სამჯერ მეტი ცუდი ყურძენი ჩნდება. თუ უხარისხო ყურძნის შესყიდვა არ წახალისდება, ანუ სახელმწიფო თუ არ იყიდის ბევრ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ ყიდულობს, ეს პროცესს გააჯანსაღებს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი სამანიშვილმა.

მისი შეფასებით, სიტუაციას ამძიმებს სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული პოლიტიკა.

„ერთი მხრივ, საბიუჯეტო რესურსებით ფინანსდება ახალი ვენახების გაშენება და მარნების მშენებლობა, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას უკვე იმაზე მეტი ყურძენი აქვს, ვიდრე ბაზარს შეუძლია აითვისოს. მეორე მხრივ, გარანტირებული და მაღალი შესყიდვის ფასი მევენახეს ხარისხზე ზრუნვის ყოველგვარ მოტივაციას უკარგავს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის პოზიციებს ასუსტებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დეკლარირებული მიზანი პრემიუმ სეგმენტში გასვლაა“, – განაცხადა სამანიშვილმა.

სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები სწორედ მცირე და საშუალო ღვინის კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომელთა შეფასებითაც, არსებული პოლიტიკა მათ ყველაზე მეტად აზარალებს. სახელმწიფო ფაქტობრივად აფინანსებს მასობრივ, ხშირად დაბალი ხარისხის წარმოებას, რაც ბაზარზე არაჯანსაღ და არათანაბარ კონკურენციას აჩენს. მცირე მარნები, რომლებიც ბიო და საავტორო, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი, სუბსიდირებული რესურსებით გაძლიერებულ მასობრივ პროდუქციასთან კონკურენციაში მძიმე პირობებში ვარდებიან.

როგორც ცნობილმა ბიომეღვინემ და მცირე მარნის დამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა აღნიშნა, ღვინის სუბსიდირება არის მავნებლური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში აფერხებს ქართული მეღვინეობის რეალურ, ხარისხიან განვითარებას.

„სახელმწიფომ წაახალისა რაოდენობა და არა ხარისხი. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ფიქსირებულ ფასად ჩაბარებული ყურძნით იწარმოება მასობრივი, დაბალი ხარისხის პროდუქცია, ხოლო მცირე და საშუალო მარნები, რომლებიც ბიოწარმოებასა და უმაღლესი ხარისხის ღვინოზე არიან ორიენტირებულნი, არათანაბარ კონკურენციაში არიან.
სუბსიდიებით ფინანსდება სიზარმაცე და სტაგნაცია, ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსი მიმართულიყო სწორი აგრარული პოლიტიკისკენ, ცოდნის გაზიარებისკენ, ნიადაგის მოვლისა და გლობალურ ბაზრებზე ქართული პრემიუმ ღვინის პოზიციონირებისკენ. სანამ ბაზარი თავისუფლად სუნთქვას არ დაიწყებს და სახელმწიფო არ ჩამოშორდება ამ მახინჯ „მზრუნველობით“ პოლიტიკას, ქართული ღვინო სრულ პოტენციურ ზრდას ვერასდროს მიაღწევს“, – ასეთია ბიომეღვინის პოზიცია.

აღნიშნულ მოსაზრებას ეკონომისტებიც იზიარებენ. „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, პაატა ბაირახტარის შეფასებით, სუბსიდირების პოლიტიკას უკვე დიდი ხანია ეკონომიკური ლოგიკა აღარ აქვს და ის სუფთა პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„ღვინის სუბსიდირებისა და რთველის ყოველწლიური სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებთ, სტრატეგიულად მცდარი და ეკონომიკურად დამთრგუნველი მიდგომაა. სახელმწიფოს მხრიდან ამ მასშტაბის ჩარევა საბაზრო ეკონომიკაში ჯანსაღი კონკურენციის გამანადგურებელია. ნაცვლად იმისა, რომ ბაზარმა თავად დაარეგულიროს ფასწარმოქმნა, მოთხოვნა-მიწოდება და ხარისხზე ორიენტირებული კერძო სექტორის ზრდა, ჩვენ ვიღებთ სისტემას, სადაც ბიზნესი სრულად მოდუნებულია და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სუბსიდიების მოლოდინშია.

ფისკალური თვალსაზრისით, ეს არის გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული მილიონობით ლარის არაეფექტური ხარჯვა. ეს თანხები მიმართულია არა გრძელვადიან, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიები, მარკეტინგი და საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია, არამედ მოკლევადიანი, მწვავე სოციალური პრობლემების დროებით „ჩაცხრობაზე“. შედეგად, ვიღებთ ჭარბ წარმოებას, დაბალ ხარისხს და ბაზრის მუდმივ არასტაბილურობას, სადაც ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემების წინაშე ვდგებით.

დროა, სახელმწიფომ ნაბიჯი გადადგას სუბსიდირების პოლიტიკიდან ეტაპობრივი გასვლისკენ, მისცეს საშუალება კერძო სექტორს, თავად იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალურ ბაზარზე და ბიუჯეტის რესურსი იქ მიმართოს, სადაც რეალურად შექმნილ და მდგრად ეკონომიკურ ღირებულებას მიიღებს ქვეყანა“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ სუბსიდირების პოლიტიკა რეალურად მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რაც ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს აზიანებს და რესურსები რეფორმების ნაცვლად საარჩევნო მიზნებით იხარჯება.

„ღვინის სუბსიდირების მეთოდს რომ შევხედოთ, აქ ეკონომიკური არგუმენტები დიდი ხანია აღარ არსებობს – ეს სუფთა პოლიტიკური და საარჩევნო გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა, არ გაანაწყენოს მევენახეები, არ დაკარგოს ამომრჩევლის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასა და არჩევნების წინ სოციალური ფონი დროებით შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ იხარჯება მილიონობით ლარი არა ბაზრის განვითარებაზე, არამედ პოლიტიკური სიმშვიდის შენარჩუნებაზე.

რეალურად, ეს არის მოკლევადიანი პოლიტიკური „გარიგება“, სადაც ხმების სანაცვლოდ სახელმწიფომ მუდმივად უნდა აფინანსოს ის, რაც თავისით უნდა ფუნქციონირებდეს. ამგვარი მიდგომა აზიანებს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს, რადგან რეფორმების ნაცვლად, მთავრობა მუდმივად საარჩევნო ციკლებსა და მოქალაქეების მოსყიდვაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ბაირახტარმა ჩვენთან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები სუბსიდირებას მკაცრად აკრიტიკებენ და მას ბაზრისთვის მავნებელ ფაქტორად მიიჩნევენ, თავად მევენახეების და ფერმერების პოზიცია სრულიად სხვა რეალობას ეფუძნება. მცირე და საშუალო მეურნეობების მფლობელებისთვის სახელმწიფო დახმარება არა პოპულისტური ჟესტი, არამედ წლიური ნაშრომის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

როგორც სიღნაღელი ფერმერი მიხეილ შაქარაშვილი ამბობს, ყურძნის მოვლა, შეწამლვა, მუშახელის დაქირავება და მოსავლის აღება უზარმაზარ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ სუბსიდიის გარეშე ვენახის შენახვა, უბრალოდ, შეუძლებელია.

„ხშირად გამიგია მოსაზრება, რომ ბაზარმა ყველაფერი თავად დაარეგულიროსო, კარგად იციან, რომ მსხვილი კომპანიები და ჩამბარებლები მონოპოლიურ მდგომარეობას გამოიყენებენ და ფასს ისეთ მინიმუმამდე დასწევენ, რომ ჩვენი მთელი წლის შრომა ზარალით დასრულდება. სახელმწიფო მხარდაჭერა და მინიმალური გარანტირებული ფასები სწორედ იმისგან გვიცავს, რომ ჩვენი ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს და კოლაფსში არ აღმოვჩნდეთ. ყურძენი რომ მოვიყვანოთ, დიდი ხარჯის გაწევა გვიწევს, თუ სახელმწიფომ რამეთი არ შეგვიშველა, ძირფესვიანად გავკოტრდებით და ვენახების გაჩეხვა მოგვიწევს. სუბსიდირება ბაზარს აჯანსაღებს, ეს ჩვენთვის ყოველწლიური გადარჩენაა, რომ სეზონის ბოლოს ისევ მიწაზე მუშაობის სტიმული გვქონდეს და სტაბილური შემოსავალი მივიღოთ“, – აღნიშნა ფერმერმა.

რთველი წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოებს ყოველთვის სცდებოდა. 2008 წლიდან მასზე სუბსიდია მოქმედებს, უფრო მეტიც, სახელმწიფო თავად იბარებს დაზიანებულ ყურძენს. წლების განმავლობაში მევენახეები სუბსიდიის ზრდას ითხოვდნენ. 2026 წლიდან კი განხილვის საგნად შაქრიანობაც იქცა.

რეალურად შაქრიანობის მაჩვენებელი ჩასაბარებელ ფასს ჯერ კიდევ 2025 წელს მიება, თუმცა შარშან ყურძენს, რომლის გრადუსიანობაც 18 გრადუსს არ აღემატებოდა, 1 ლარად იბარებდნენ. 2026 წელს, კი 17 გრადუსამდელი ყურძენის ჩასაბარებელ ფასად 30 თეთრი დაწესდა. ამას კახეთში პროტესტი მოჰყვა. მევენახეები აცხადებდნენ, რომ მოკრეფამდე შაქრიანობა თავად გაზომეს, თუმცა ქარხნის მიერ გაზომილი შედეგი მათსას არ დაემთხვა და სხვაობამ 10 ტონაზე 5-6 ათასი ლარი შეადგინა. მევენახეებმა საპროტესტო აქციებს მიმართეს და ყვარელი-ლაგოდეხის გზაც გადაკეტეს.

ორდღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი დააკორექტირა. ძველი რეგულაციით, იმ ყურძენს, რომლის შაქრიანობაც 17 გრადუსს არ აღემატებოდა, 30 თეთრად იბარებდნენ. ცვლილების შემდეგ ქვედა ზღვარი 16 გრადუსამდე შემცირდა, ფასი კი 50 თეთრამდე გაიზარდა.

შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ დირექტორმა შეცვლილი ტარიფებით რთველის დაფინანსების მიზნით სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიმართა და გამარტივებული შესყიდვის გზით თანხის დამატება ითხოვა. დამატებითი თანხის მოცულობა 50 მლნ ლარია. ასე რომ, წლევანდელი რთველის სუბსიდირების თანხამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის თქმით, საქართველოში მიღებული ყურძნის რაოდენობა რეალურ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება და არსებული ჭარბიმოსავალი სახელმწიფოსთვის დიდი ფინანსური ტვირთია.

„ძალიან მარტივია, არის დიდი რაოდენობის ნედლეული, დაახლოებით 330 ათასი ტონა იყო შარშანდელი მოსავალი და აქედან 170 ათასი ტონა, ანუ თითქმის ნახევარი, წაიღო სახელმწიფომ [დაასუბსიდირა], წავიდა სპირტში. ამისგან ღვინოსაც ამზადებენ, მაგრამ ჩათვალეთ, მერე იმის ჩამოფასებაც ხდება და რეალურად ქვეყნისთვის ეს არის გადაყრილი ფული.

წელს ველოდები, რომ კიდევ უფრო მეტი წავა სპირტში, რადგან კიდევ უფრო ნაკლებია მოთხოვნა [ღვინოზე]. თუ ბაზარს დავაკვირდებით, შემცირების ტენდენციაა აქაც და რუსულ ბაზარზეც. ამ დროს კი ქვეყანაში ყურძნის უკვე კრიტიკული მასა გვაქვს. რომ შეადაროთ, გასულ წლებს 4-5-ჯერ გაზრდილია მოსავალი. რაც გვაქვს – 330 ათასი ტონა, რეალურად ამის ნახევარი გვჭირდება, მხოლოდ ამის ნახევარი მიაქვს ქარხნებს. რეალურად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი.

ახლა რომ დაიწყეს: ცნობას თუ არ აიღებთ, ვენახს ვერ გააშენებთო – ასეთი ტი პის შეზღუდვა შეიძლებოდა 7-8 წლის წინ გაკეთებულიყო. ეს ვითარება წინასწარ პროგნოზირებადი იყო. სადაც შეიძლება, ყველგან კი არ გავაშენოთ ვენახი, არამედ ავირჩიოთ განსაკუთრებული მიკროზონა, ნიადაგით, მიკროკლიმატით, რომ იქ დავიჭიროთ მართლა ხარისხი. სხვა ტერიტორიას დავანებოთ თავი და სხვა კულტურები მოვიყვანოთ იქ.

კახეთის მიწაზე ყველაფრის მოყვანა შეიძლება. ატმები რომ გააშენეს, ცუდად არის ეს ხალხი?! ძალიან ბევრი ისეთი კულტურაა, რომელიც მართლა განსაკუთრებული მოდის კახეთში. მათ შორის მეხილეობის მიმართულებით შეიძლება სახელმწიფო ინვესტირება, ასევე პომიდვრის, ხახვის წარმოების კუთხით, რომელიც დაკარგული გვაქვს. ფაქტობრივად, 80%-მდე ავიდა იმპორტდამოკიდებულება.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ახლა უნდა მოხდეს მთლიანად ამ პროცესის სწორად გადაწყობა, თუმცა, სანამ გადავაწყობთ, კიდევ ერთხელ ყველანაირად უნდა გავიაზროთ რა ხდება, რა ტენდენციებია და ა.შ.“, – განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს ღვინის ექსპორტის მხრივ ისევ და ისევ რუსეთის ბაზარზე რჩება მჭიდროდ მიბმული. მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.

ფაქტია, რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, სადაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 60%-65% მოდის. 2025-2026 წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად დივერსიფიკაციის მცდელობისა, ქართული ღვინის ინდუსტრია კვლავ კრიტიკულად არის დამოკიდებული ჩრდილოეთის ბაზარზე.

მხოლოდ 2026 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში 23.9 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო შევიდა. რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, საქართველომ მსოფლიოს 71 ქვეყანაში 89.7 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა და აქედან 60,8 მლნ ლიტრი გატანილია რუსეთში, ანუ – 68%.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი ასეთია:

– რუსეთი: 60.8 მლნ ლიტრი (170.6 მლნ დოლარი);

– პოლონეთი: 6.8 მლნ ლიტრი (16.9 მლნ დოლარი);

– უკრაინა: 4.8 მლნ ლიტრი (13.3 მლნ დოლარი);

– ჩინეთი: 3.1 მლნ ლიტრი (9.8 მლნ დოლარი);

– ყაზახეთი: 3.0 მლნ ლიტრი (9.5 მლნ დოლარი);

– გერმანია: 1.25 მლნ ლიტრი (5.9 მლნ დოლარი).

ეკონომისტები და დარგის სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ, რომ ერთი ქვეყნის ბაზარზე ასეთი მაღალი კონცენტრაცია შეიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. გამოდის, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დარგს რუსეთის ბაზარი ასტიმულირებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ყოველწლიურ რთველზე. რუსეთის ბაზრის მოლოდინით ქვეყანაში ვენახების ფართობები და ყურძნის წარმოება ხელოვნურად, კრიტიკულ მასამდე გაიზარდა. გეოპოლიტიკური რისკების გამო ამ ბაზრის მცირედი შერყევაც კი მომენტალურად აისახება შიდა ბაზარზე, რაც სახელმწიფოს აიძულებს, ჭარბი მოსავლის დასაბინავებლად ყოველ წელს სულ უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრები მიმართოს რთველის სუბსიდირებისკენ.

ლევან ნატროშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო სტატიები

ამერიკული მუქარებით გამოწვეული რეფორმების დასაწყისი

სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.

კრემლის მორიგი ეკონომიკური შანტაჟი – რუსეთმა კვლავ აკრძალა ქართული პროდუქცია

მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.

საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი იზრდება, პრობლემური სესხების წილი მცირდება

ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.