რა ალტერნატივა აქვს ქართული სასმელების ექსპორტს რუსეთის ბაზარზე?
2026 წლის 10 ოქტომბერს საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც ქართულ აგროსამრეწველო და ბიზნესწრეებში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. რუსულმა გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტო RBC-მ, საკუთარ კონფიდენციალურ წყაროებსა და უწყებათაშორის შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართული წარმოების ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმპორტი და რეალიზაცია დროებით შეუჩერდა.
ამ მკაცრი და ეკონომიკურად დამაზიანებელი გადაწყვეტილების უკან მოსკოვის მთავარი სადამსჯელო და საზედამხედველო ორგანო – „როსპოტრებნადზორი“ დგას. ეს არის ფედერალური უწყება, რომელიც ოფიციალურად მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ კონტროლზეა პასუხისმგებელი, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხანია ცნობილია, როგორც კრემლის ხელში არსებული ეფექტური პოლიტიკური იარაღი.
ოფიციალური საბაბი: ტრადიციული „სანიტარიული“ ხარვეზები და „შავი სია“
რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ ქართული პროდუქციის დაბლოკვის მიზეზად უკვე ათწლეულების განმავლობაში აპრობირებული, ფორმალური საბაბი გამოიყენა. უწყების ოფიციალურ განმარტებაში აღნიშნულია, რომ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს დადგენილებების საფუძველზე, ქვეყანაში ამოქმედდა „დროებითი სანიტარიული ღონისძიებები“. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ ქართული სასმელები თითქოს არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.
ამჯერად კრემლის მიერ მიზანში ამოღებული და ბაზრიდან განდევნილი კომპანიების „შავი სია“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ის ქართული ბაზრის წამყვან მწარმოებლებს აერთიანებს:
სს „თელიანის ველი“ – ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი მეღვინეობა;
სს „თბილღვინო“ – მაღალტექნოლოგიური საწარმო , რომელიც აქტიურად ახორციელებს ექსპორტს ათეულობით ქვეყანაში;
შპს „ასკანელი ძმები“ – პრემიუმ კლასის ღვინოებისა და ბრენდის (კონიაკის) მწარმოებელი;
შპს „ვაინმენი“ (Winery Weinman) – ცნობილი საექსპორტო ბრენდი;
სს „საქართველოს ლუდის კომპანია“ (ზედაზენი) – ქვეყანაში წამყვანი ლუდის და გაზიანი სასმელების მწარმოებელი;
საქართველოში წარმოებული გლობალური ბრენდის გაზიანი უალკოჰოლო სასმელი – Coca-Cola;
შპს „ჰელსი უოთერი“ („წყალი მარგებელი“) – მინერალური და ნატურალური წყლების მწარმოებელი კომპანია, კერძოდ, ბრენდი „ნაბეღლავი“.
საყურადღებო ფაქტია, რომ „როსპოტრებნადზორის“ ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ემბარგო არ ყოფილა ლაბორატორიული შემოწმების უეცარი შედეგი. უსაფრთხოების ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, კრემლი ყოველთვის იყენებს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტებს.
ამ კონტექსტში, ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მოსკოვიდან გავრცელებულ წინასწარმეტყველებებზე“. კერძოდ, მოსკოვში მყოფი, გამოკვეთილი პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკური აქტორი მამუკა ფიფია, ჯერ კიდევ ემბარგოს გამოცხადებამდე ლაპარაკობდა მოსალოდნელ სანქციებზე. ფიფიასა და სხვა კრემლისტური ნარატივების მთავარი ხაზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ეკონომიკურად, ფინანსურად თუ პოლიტიკურად სრულად მიეჯაჭვოს რუსეთის ფედერაციას. ექსპერტების შეფასებით, ეს სინქრონული მოქმედება მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში შიშისა და უალტერნატივობის განცდის დანერგვას.
ხელისუფლების უმწეო პასუხი: „საფუძველი გაუგებარია, საკითხს შევისწავლით“
მოსკოვიდან წამოსულ ამ ღია გეოპოლიტიკურ დემარშს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან საოცრად რბილი და თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა. საჯარო გამოსვლებში ქვეყნის ლიდერებმა აშკარად აარიდეს თავი რუსეთის პირდაპირ კრიტიკას ან ამ ნაბიჯის პოლიტიკურ შეფასებას. როდესაც ევროპის ქვეყნების ან შეერთებული შტატების მიმართ აქვთ პრეტენზია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რბილ სიტყვებს არ ეძებენ ხოლმე, თუმცა, რუსეთთან მიმართებაში ხისტი ნათქვამი არაფერი წამოსცდენიათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისისთვის ამ ეტაპზე გადაწყვეტილების რეალური მოტივები უცნობია:
„როგორც შევიტყვეთ, შეზღუდვა რამდენიმე კომპანიას ეხება და არა ზოგადად ღვინოს ან სხვა სასმელს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით არის მიღებული. ეს გასაკვირია, რადგან გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ შემთხვევაში მისი საფუძველიც გაუგებარია. ის ინტერპრეტაციები, რომელიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როდესაც ჟურნალისტებმა პარლამენტის სპიკერს ჰკითხეს, ხომ არ არსებობდა ბაზრის ზედმეტად რუსეთზე მიბმულობის საფრთხე, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ რისკები ყველგან არსებობს, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზეც.
„რისკები რუსულ და ევროკავშირის ბაზარზეც არის – ყველგან არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ანალოგიური, მოლოდინის რეჟიმში მყოფი პასიური პოზიცია დააფიქსირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედია, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება“.
ბიზნესის პოზიცია
ყველაზე ნათელი დასტური იმისა, რომ „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ თუ ლაბორატორიულ ლოგიკას, ბაზრიდან ქართული წარმოების „კოკა-კოლას“ აკრძალვაა. საქმე ისაა, რომ თავად მწარმოებელ ქარხანას რუსეთის მიმართულებით ოფიციალური საექსპორტო ხაზი საერთოდ არ გააჩნია.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში მოსკოვის ამ ნაბიჯს „არასერიოზული“ უწოდა:
„ჩვენი ბიზნესი რუსეთში „კოკა-კოლას“ გაყიდვა არ არის. როდესაც ეს განცხადება ვნახე, გამეცინა. ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს ამ თემასთან. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო გლობალურმა „კოკა-კოლამ“ რუსეთში ოპერირება საერთოდ შეწყვიტა… „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კლასიკური გაგებით ექსპორტს რუსეთში არ ახორციელებს და არც არასდროს გაუკეთებია. ექსპორტი მხოლოდ გლობალურ კომპანიასთან შეთანხმებით არის შესაძლებელი. რუსეთში გაყიდვა ჩვენს ინტერესებში საერთოდ არ შედის“, – განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენმა განმარტა, რომ ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს ე.წ. პარალელური ან არაკლასიკური ექსპორტის შემთხვევები, როდესაც დამოუკიდებელი საბითუმო მოვაჭრეები ლეგალურად ყიდულობენ პროდუქციას ქართულ ბაზარზე და შემდეგ თავად გადააქვთ რუსეთში, თუმცა ამას ქარხანასთან კავშირი არ აქვს. ჭყონიამ მკაფიოდ განსაზღვრა საკუთარი კომპანიის სტრატეგიული არეალი:
„ჩვენი ინტერესის სფერო სამი ბაზარია: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. გლობალური „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით, შესაბამისი ოფიციალური ხელშეკრულებები სწორედ ამ სამ ქვეყანაში ოპერირებისთვის გვაქვს გაფორმებული. სხვა რეგიონები, მით უმეტეს რუსეთი, ჩვენს გეგმებში არ შედის“, – ამბობს ბიზნესმენი.
ღვინის კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთში ქართული სასმელების ნაწილის იმპორტის აკრძალვა კომპანიას გარკვეულ დანაკარგს მოუტანს, თუმცა რუსეთის ბაზარზე დაბალი დამოკიდებულების გამო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის მოლოდინი არ აქვს.
როგორც მარგველაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, „თბილღვინოს“ პროდუქცია დაახლოებით 30 ქვეყანაში გააქვს, რუსეთი კი კომპანიისთვის ერთ-ერთი დაბალი წილის მქონე ბაზარია.
„ჩვენ 30-მდე ქვეყანაში ვყიდით ქართულ ხარისხიან ღვინოს და რუსეთში ძალიან ცოტა პროდუქცია გაგვაქვს. ჩვენთვის რუსეთის ბაზრის წილი ძალიან დაბალია, რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არ გვაქვს. გარკვეული დანაკარგი არის, მაგრამ, პრინცი პში, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან დაბალი დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
მისი შეფასებით, ქართული სასმელების ნაწილისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა განსაკუთრებით საყურადღებოა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების გამო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ „თბილღვინო“ პროდუქციას იმ ქვეყნებშიც ყიდის, სადაც ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს. ამ ფონზე მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს აკრძალვის გადაწყვეტილება ხარისხთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განმარტების გარეშე.
ექსპერტების შეფასებები
რატომ შეარჩია რუსეთმა მაინცდამაინც ეს კომპანიები, თუკი ისინი რუსულ ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშეებს არ წარმოადგენენ? სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ აკრძალული საწარმოები რუსეთში TOP-10 ექსპორტიორთა ნუსხაშიც კი არ ირიცხებიან, სადაც ლიდერ პოზიციებს სხვა, შედარებით მსხვილი ინდუსტრიული გიგანტები იკავებენ.
უსაფრთხოების პოლიტიკის აღიარებული სპეციალისტი, საერთაშორისო ექსპერტი და „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელი, ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოსკოვის ეს ქმედება კლასიკური ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი და საზოგადოებაზე მიმართული ფსიქოლოგიური ტერორია:
„ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ რუსეთის ბაზარი უკიდურესად პოლიტიზებულია – ამაში ახალი არაფერია. ეს საქართველოს, ქართველ მეწარმეებსა და ქართულ სახელმწიფოს არაერთხელ გადაუტანია საკუთარ ზურგზე და არაერთხელ უწვნევია. ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, ქიმიურ-ფიზიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული დავა, იმითაც დასტურდება, რომ განცხადებები სინქრონულად კეთდება. რუსეთი ცდილობს, მოსახლეობაში დაამკვიდროს მითი, თითქოს ქართული ბიზნესის განვითარება და არსებობა რუსული ბაზრის გარეშე წარმოუდგენელია“, – აცხადებს გოცირიძე.
მისი განმარტებით, კრემლს სურს ხელოვნურად შექმნას უკმაყოფილო ფერმერებისა და გლეხების მასა, რომელიც მოსავლის რეალიზაციის შიშით, საკუთარ მთავრობას მოსთხოვს რუსეთთან კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ დათმობასა და ინტეგრაციას:
„პოლიტიკურად, საღი აზრის მიხედვით, რუსეთს ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი არ უნდა სჭირდებოდეს… თუმცა რუსეთს უაღრესად სჭირდება პოლიტიკური და ფსიქოლოგიური წნეხი საქართველოს მოსახლეობაზე. მას სურს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ რუსეთის გარეშე მათი ცხოვრება შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა. ქართული ღვინო და მევენახეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრი – ეს არის ჩვენი სახელმწიფოს იდენტობის მატარებელი“, – მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
განსხვავებულ, ეკონომიკურ ჭრილში უყურებს საკითხს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი. მისი თქმით, აკრძალვის მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური მოტივი, ასევე არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე მართლაც ეხებოდეს პროდუქციის ხარისხს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმუშაოს, გამოასწოროს, ითანამშრომლოს, რომ ჩვენ აღვადგინოთ მაქსიმალურად, რისი აღდგენაც შეიძლება ამ ბაზარზე, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარზე დაახლოებით მთლიანი გაყიდვების 65-70%-ია დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ არ ვართ მზად, რომ სხვა ბაზრით ჩავანაცვლოთ. მოუწევს მთავრობას სერიოზული მუშაობა, კონსულტაციები და ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის მეღვინეები უნდა იყვნენ ჩართულები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამ ყველაფერმა. დივერსიფიცირება ამ შემთხვევაში კარგი სიტყვაა, უხდება ამ პროცესს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ვართ. ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, რომ თუნდაც რაღაც პროცენტით ჩავანაცვლოთ რუსეთის ბაზარი“, – ამბობს ცოფურაშვილი.
ოფიციალური სტატისტიკა
მიმდინარე წლის 8 თვის ჭრილში, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთის ფედერაცია კვლავ ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს და საექსპორტო მიმართულებით მესამე ადგილზეა 500.6 მილიონი აშშ დოლარით.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი სურათია ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სექტორში. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ ექსპორტზე სულ 594 მლნ დოლარის სასმელი გაიტანა, საიდანაც 270 მილიონ დოლარზე მეტი (ანუ მთლიანი ექსპორტის 47%-ზე მეტი) სწორედ რუსეთზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის TOP-10 ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 102.1 მლნ აშშ დოლარი (34 898 ტონა); შენიშვნა: ქართული ღვინის მთლიანი საექსპორტო მოცულობის 67% პირდაპირ რუსეთზეა მიბმული.
სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტი – 79.6 მლნ აშშ დოლარი (17 370 ტონა); ანუ ამ სექტორის 52% რუსულ ბაზარზე შედის.
ახალი ნაყოფები (ხილი) – 59.3 მლნ აშშ დოლარი (9 523 ტონა).
მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის გარეშე) – 55.7 მლნ აშშ დოლარი (100 741 ტონა); მთლიანი ექსპორტის 54% მიდის რუსეთში.
დამზადებული ან დაკონსერვებული ნაყოფი – 43.9 მლნ აშშ დოლარი.
ტკბილი და დაგაზიანებული წყლები/ლიმონათები – 32.5 მლნ აშშ დოლარი; საექსპორტო მოცულობის 27% რუსეთის წილზე მოდის.
ახალი გარგარი, ატამი, ქლიავი, ალუბალი – 28.1 მლნ აშშ დოლარი.
ხორცის ან თევზის ფქვილი და გრანულები – 12.9 მლნ აშშ დოლარი.
სასმელების კონცენტრანტები – 11.7 მლნ აშშ დოლარი.
ახალი ვაშლი, მსხალი და კომში – 10.9 მლნ აშშ დოლარი.
ეს მონაცემები ნათლად ადასტურებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა და სასმელების ინდუსტრია კრიტიკულად არის ჩამოკიდებული მოსკოვის პოლიტიკურ ნებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებს.
გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლი ეკონომიკურ ბერკეტებს ყოველთვის მაშინ ააქტიურებს, როდესაც პარტნიორი ქვეყანა დამოუკიდებელ საგარეო კურსს ირჩევს. საკმარისია გავიხსენოთ 2006-2007 წლების მასშტაბური რუსული ემბარგო, როდესაც მოსკოვმა სრულად ჩაკეტა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ იმ უმკაცრესმა კრიზისმა აიძულა ქართული ბიზნესი, ეწარმოებინა მაღალი ხარისხის პროდუქცია და გასულიყო ევროპულ და დასავლურ ალტერნატიულ ბაზრებზე.
ამ კონტექსტში საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. ორი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებამ ე.წ. „რუსული კანონი“ მიიღო, ქართული ბიზნესის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ღიად თუ ფარულად დაუპირისპირდა. პროტესტს მაშინ ამჟამად აკრძალული ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ. შესაბამისად, მოსკოვის დღევანდელი შეზღუდვები, შესაძლოა, კრემლის მხრიდან ერთგვარი გვიანდელი შურისძიებაც იყოს იმის გამო, რომ ამ ბრენდებმა რუსულ ვექტორს მხარი არ დაუჭირეს.
უსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე იხსენებს, რომ წარსულში კრემლმა არაერთხელ გამოიყენა სადამსჯელო ღონისძიებები, მათ შორის სავიზო რეჟიმის ცალმხრივი შემოღება, ავიამიმოსვლის პერიოდული აკრძალვები და ჰუმანიტარული კრიზისების ხელოვნური პროვოცირება. უფრო მეტიც, მოსკოვი ამავე სცენარით მოქმედებს სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგაც – მიმდინარე პერიოდში მან ანალოგიური სანიტარიული საბაბით აკრძალა სომხური ღვინო, მინერალური წყალი „ჯერმუკი“ (Jermuk) და ყვავილები, რადგან ოფიციალურმა ერევანმა დასავლეთთან და ევროკავშირთან დაახლოება დაიწყო. ასევე, ისტორიას ახსოვს, როგორ სცადა რუსეთმა 2015-2016 წლებში თურქეთის ეკონომიკის „მოხრჩობა“ ტურისტული ნაკადების სრული აკრძალვით, მას შემდეგ, რაც სამხედრო ინციდენტი მოხდა. ეს ყოველივე ადასტურებს, რომ რუსეთში ტურიზმიც, პომიდორიც და ღვინოც თანაბრად პოლიტიზებულია.
ამ ვითარებაში, ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სტრატეგიულად უნდა შეცვალოს საბიუჯეტო პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯებოდეს დაბალხარისხიანი „ჭარბი ყურძნის“ სუბსიდირებაზე, ფინანსური რესურსი მარკეტინგსა და რეალურ დივერსიფიკაციას უნდა მოხმარდეს:
„ყველაზე დიდი შეცდომა, რაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება, ეს არის რუსულ პოლიტიკურ მოთხოვნაზე დაყოლა, რუსების მიერ ამ ბაზრის ისევ გახსნის საფასურად… ბიზნესის წინაშე დღეს უზარმაზარი გეოპოლიტიკური რისკები დგას. როგორ შეიძლება საქართველო არ ითვალისწინებდეს რუსეთის პოლიტიზებულ ეკონომიკას, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტია?! კომპანიები, როგორიცაა თბილღვინო, საკუთარი ძალებით გადიან სხვა ბაზრებზე, მაგრამ ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა. თუ სუბსიდირებაზეა საუბარი, ზუსტად ეგ უნდა დასუბსიდირდეს: რამდენ ბოთლსაც რუსეთიდან გამოვიტან და, პირობითად, ჩეხეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყანაში გავუშვებ, აი, ის უნდა დამისუბსიდირდეს მარკეტინგული კამპანიის სახით. რუსეთში შესვლა კი არ უნდა ფინანსდებოდეს, არამედ რუსეთიდან გამოსვლა უნდა იყოს მხარდაჭერილი“, – მიაჩნია გოცირიძეს.
ასეა თუ ისე, მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული. როგორც ჩანს, „შავ სიაში“ შეყვანილი 7 კომპანიაც არა იმ კრიტერიუმით შეარჩია რუსეთმა, რომ რუსეთის ბაზარზე ყველაზე მეტი პროდუქცია მათ შეჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ცნობადი, რეპუტაციული, მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარების დასავლურ ვექტორს და არ არიან კრიტიკულად მიბმულები რუსულ ბაზარზე. კრემლმა ისინი გამოიყენა პოლიტიკურ მძევლებად, რათა უფრო დიდ და სრულიად დამოკიდებულ კომპანიებს დაანახოს, თუ რა ბედი ეწევათ, თუკი ისინიც დივერსიფიკაციას ან პოლიტიკურ აქტიურობას მოინდომებენ.
მოცემულ ვითარებაში, არც იმის საშუალებაა, რომ ქართულმა ბიზნესმა, განსაკუთრებით კი ალკოჰოლური სასმელების კომპანიებმა საერთოდ უარი თქვან რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე – დამოკიდებულება ძალიან არის გაზრდილი. თუმცა, რისკებიც რომ უკიდურესად მაღალია, ეგეც კარგად ჩანს.
ექსპერტების აზრით, გამოსავალი მხოლოდ ერთია: პროდუქციის ხარისხის ამაღლება და დასავლური, მაღალგადახდისუნარიანი და სტაბილური ბაზრების ათვისება. ამას გრძელვადიანი და მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხშირად გაკრიტიკებული ევროგაერთიანების წევრობა საქართველოს მეღვინეობასა და აგროსექტორს წვდომას მისცემს უზარმაზარ ფინანსურ ფონდებზე, გრანტებსა და დაცულ სავაჭრო სივრცეებზე.
თემურ იობაშვილი

