Homeააფ-მედიასახელმწიფომ "ინტერ რაოსთვის" $139 მლნ-ის გადახდა დაიწყო

სახელმწიფომ “ინტერ რაოსთვის” $139 მლნ-ის გადახდა დაიწყო

Published on

spot_img

ბიუჯეტს მალე “ენკასთვის” $383 მლნ-ის გადახდაც მოუწევს 

მხარეები უკვე შეთანხმდნენ რა გრაფიკით დაფარავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაკისრებულ თანხას. გადასახდელი თანხა კი ცოტა არ არის. 2028 წლის 10 ივლისამდე საქართველომ 139 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. 

გადახდის გრაფიკი ასეთია: 

პირველი გადახდა: 2025 წლის 31 დეკემბერი; 

მეორე გადახდა: 2026 წლის 10 ივლისი; 

მესამე გადახდა: 2026 წლის 31 დეკემბერი; 

მეოთხე გადახდა: 2027 წლის 10 ივლისი; 

მეხუთე გადახდა: 2027 წლის 31 დეკემბერი; 

მეექვსე გადახდა: 2028 წლის 10 აპრილი; 

მეშვიდე გადახდა: 2028 წლის 10 ივლისი. 

ჯერ კიდევ 2023 წელს, „ააფის“ №2(278)-ში ვწერდით, რომ საქართველო „ინტერ რაოსთან“ ორ პარალელურ საარბიტრაჟო დავაში გამტყუნდა. მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) საქართველოს $76 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა კი საქართველოს ანალოგიურ დავაში $112 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მაშინ ისიც გახდა ცნობილი, რომ პარალელურ დავებში დაკისრებული ჯარიმებიდან ქვეყანას მხოლოდ ერთის გადახდა მოუწევდა. მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს იმ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს, რომელიც მისთვის უფრო მომგებიანია. 

საქართველოს მთავრობამ მაშინ ისიც თქვა, რომ დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებდნენ. თუმცა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. 

2025 წლის 21 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა „ინტერ რაოს“ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, მისი ღირებულება 2022 წლიდან მოყოლებული დარიცხული პროცენტების გამო გაიზარდა და 94 მილიონ დოლარსაც გადააჭარბა. საბოლოოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მთავრობას მეორე სასამართლოს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, რომელიც თავის პროცენტებიანად უკვე 139 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველომ დაკისრებული თანხის პირველი ნაწილი დეკემბერში გადარიცხა კიდეც. 

რატომ იჩივლა „ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ 

შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ თბილისის ენერგოგამანაწილებელმა კომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა 2017 წელს წამოიწყო. ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა მისმა შვილობილმა კომპანიებმა – Gardabani Holdings B.V.-მ და Silk Road Holdings B.V.-მ ცალ-ცალკე მიმართეს საარბიტრაჟო ინსტიტუტებს და სარჩელები შეიტანეს. 

დავას საფუძვლად დაედო სატარიფო პოლიტიკა. „ინტერ რაო“ ამტკიცებდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ეს კომპონენტი არ გაითვალისწინა და განსაზღვრა უფრო დაბალი ტარიფები, ვიდრე კომპანიის აზრით უნდა ყოფილიყო. 

„ინტერ რაოს“ ეკუთვნის თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ (75%-იანი წილი); Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ფლობს „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს; 2016 წლის დეკემბრამდე კომპანიას ეკუთვნოდა გარდაბნის ძველი თბოსადგურიც. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მოქმედებს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც უცხოელი ინვესტორების ინტერესებს იცავს. სწორედ ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით მიმართეს Gardabani Holdings B.V.-მ და Silk Road Holdings B.V.-მ საერთაშორისო არბიტრაჟს. 

დამატებით, ინვესტორის უფლებების დაცვის ჩანაწერები არსებობდა იმ ხელშეკრულებაშიც, რომელიც საქართველომ „ინტერ რაოს“ ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვისას გააფორმა. 

„ინტერ რაომ“ $200 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა, რადგან მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი დაკარგა. 

ისევ ძველ ამბებს რომ დავუბრუნდეთ, 2011 წლის 31 მარტს საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც კომპანიას 15 წლის განმავლობაში დენის ტარიფის შეუმცირებლობის გარანტიას აძლევდა. სანაცვლოდ, კომპანია ვალდებული იყო 376,4 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა თბილისის ელექტროქსელებში. 

2013 წლის 31 მარტს გაფორმდა ახალი მემორანდუმი, რომელიც ტარიფების შემცირებას შეეხებოდა. ეს პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან „ინტერ რაო“ დათმობაზე წავიდა, „ქართულ ოცნებას“ კი საშუალება მიეცა წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირება – ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება გარკვეულწილად მაინც შეესრულებინა. სანაცვლოდ, კომპანია გათავისუფლდა ახალი ჰესების აშენების ვალდებულებისგან. 

მემორანდუმში ჩაიწერა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე „თელასის“ ტარიფები უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ ინფლაციის, ვალუტის კურსის მერყეობისა და აქტივების ცვეთის გათვალისწინებით. 

2013 წლის მარტიდან რამდენიმე თვეში საქართველომ ენერგეტიკის პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა. 2014 წელს საქართველომ მიიღო ახალი სატარიფო მეთოდოლოგია. 2015 წელს, სემეკმა „თელასის“ და „ხრამჰესების“ ტარიფები სწორედ ამ ახალი მეთოდოლოგიით დათვალა, სადაც ვალუტის კურსის გაუფასურება არ იყო გათვალისწინებული. „ინტერ რაომ“ კი სწორედ ეს მიიჩნია მემორანდუმის პირობების დარღვევად. 

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას და მთავრობას შორის შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ, 2017 წლის 18 აგვისტოს „ინტერ რაომ“ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა და $200 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა, თუმცა შედარებით ნაკლები თანხის მოგება შეძლო. 

საარბიტრაჟო დავებში იურისტებისთვის მილიონებია დახარჯული 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე დავებში იურისტების მომსახურებისთვის გადახდილმა თანხამ ჯამში დაახლოებით 230 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 171 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 31 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 25 მილიონი ლარია გადახდილი. 

2024 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟებში არსებულ დავებში იურისტების მომსახურებისთვის საბიუჯეტო ხარჯებს ზრდიდა. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იუსტიციის სამინისტრომ 5 მილიონი ლარით, 70 მილიონ ლარამდე გაზარდა საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში იურისტების დაქირავების ბიუჯეტი. 

რეალურად რამდენი დახარჯა 2025 წელს სახელმწიფომ ასეთ დავებში იურისტების მომსახურებისთვის, წესით მოგვიანებით გახდება ცნობილი. პორტალმა BM.GE-მ იუსტიციის სამინისტროდან წერილობით მიღებული არასრული მონაცემები გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. 

საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით იურიდიული კომპანიების მომსახურებისთვის 2025 წლის 8 თვეში 31,811 მლნ ლარია დახარჯული, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„როგორც წერილობითი პასუხიდან ირკვევა, 31,8 მილიონი ლარიდან უშუალოდ იურიდიული კომპანიებისთვის გადახდილია 27 მლნ ლარი, დანარჩენი თანხა კი ბიუჯეტში დღგ-ის სახით იქნა შეტანილი. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციითვე, 2024 წელს, საერთაშორისო არბიტრაჟებში, საქართველოს წინააღმდეგ, მიმდინარე დავების იურიდიული მომსახურება გადასახადების გადამხდელებს 59.7 მლნ ლარი დაუჯდა. 

2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მესამე, საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთავრობა ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავება არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა 55 მლნ ლარი დაუჯდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც BM.GE-მ გამოაქვეყნა. 

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე, საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, 2026 წელს ამ მიმართულებით იურიდიული მომსახურების ხარჯები მცირდება და ის 50 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. 

„2026 წელს 50 მილიონი ლარი იქნება იურიდიული მომსახურება. გადახდა უნდა მოხდეს კონკრეტულ კომპანიასთან. ჯერჯერობით მსგავსი შეთანხმება არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ ფისკალური რისკების დოკუმენტში წერია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით $4,8 მლრდ-ს. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას, მიმდინარე 7 დავიდან 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. 

კომენტარები არბიტრაჟში წაგებულ დავებზე 

აქტუალურ თემას გამოეხმაურა ყოფილი პარლამენტარი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაული ჩაიდინა და ამის გამო უწევს სახელმწიფო ბიუჯეტს ასეულობით მილიონი ლარის გადახდა. 

როგორც გოცირიძე ამბობს, საქართველოს რომ $139 მლნ-ის, დაახლოებით 400 მილიონი ლარის გადახდა უწევს, ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულია. 

„ეს არის ოცნების ხელისუფლებისა და პირადად კახა კალაძის, რომელიც მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო, დანაშაულებრივი ხელშეკრულების ბრალი. სულ მალე 400 მილიონი დოლარი წამოგვეწევა „ნამახვანის“ სარჩელის სახით, რომლის პირველი ეტაპი თურქული კომპანიის გამარჯვებით დამთავრდა და მთლიანობაში ამ ორი დანაშაულის შედეგად ქვეყანამ დაკარგა 1.5 მილიარდი ლარი, რომელიც ზუსტად იმდენია, რამდენიც ეყოფოდა ანაკლიის პორტის დამთავრებას. 

ერთში თუ დამნაშავე იყო პერსონალურად კახა კალაძე, მეორეში დამნაშავეა ღარიბაშვილი, რომელმაც ასევე კორუფციული და საეჭვო კონტაქტი გააფორმა ამ თურქულ კომპანიასთან. ამიტომ ვერავინ ვერ გადაურჩება სამართლიანი სასამართლოს განსასჯელის სკამს. ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის დღევანდელი ბიუჯეტის ოთხი პროცენტი ერთბაშად აორთქლდეს და გაქრეს“, – ამბობს გოცირიძე. 

გასული წლის დეკემბერში საარბიტრაჟო დავების შესახებ კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ალავიძემ. 

როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული. 

ნიკოლოზ ალავიძე BMG-სთან ამბობს, რომ ამ მოცულობის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები შემდეგზე მიუთითებს – ინვესტორებთან ურთიერთობაში ქართულმა მხარემ არაერთი შეცდომა დაუშვა. მისივე შეფასებით, მიღმა ინვესტორებისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციისა, საარბიტრაჟო დავები ბიუჯეტისთვის წნეხი იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული მილიონობით ლარის ხარჯების ფონზეც არის. 

„წაგებულ საარბიტრაჟო დავებში დაკისრებული თანხის გარდა ჩვენ ვიცით, რომ ასევე სოლიდური, ათეულობით მილიონი ლარია იურიდიული მომსახურების ხარჯები, რაც ასევე „ჩაძირული“ ხარჯია, რადგან ეს თანხაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. 

თუმცა ამ დავებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ ეს სისტემური პრობლემაა, იქნება ეს ENKA თუ სხვა დანარჩენი საარბიტრაჟო დავები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სახელმწიფომ ხელშეკრულებები გააფორმა, როდესაც პროექტზე მიდიოდა მუშაობა, არაკომპეტენტურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. დაახლოებით 10-მდე საარბიტრაჟო დავაა, სადაც ერთი და იგივე საძირკველია – კორუფცია, არაკომპეტენტურობა, შესაძლო მიზანმიმართული ქმედება, რომელმაც შეუძლებელი გახადა ამ პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ინვესტორებმა მიმართეს არბიტრაჟს, რასაც მოუმზადებელი დახვდა სახელმწიფო. ეს კი მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მატერიალური რისკია. დავების ნაწილი სახელმწიფოს წაგებით უკვე დასრულდა და სავარაუდოდ, ეს თანხები საბოლოოდ გადასახდელი იქნება, რადგან როგორც წესი, არბიტრაჟის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღარ ხდება ხოლმე“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. 

კიდევ ერთი მსხვილი ჯარიმა, რომლის გადახდაც მოუწევს ბიუჯეტს 

2024 წლის ბოლოს უკვე ცნობილი იყო კიდევ ერთი დავის შედეგი. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქმეზე – „ENKA საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნამოხვანის პროექტში ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით $383 მლნ-ის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო კომპანია White & Case-ი იცავდა, რომლის იურისტებისთვის გადახდილმა ჰონორარმა უშუალოდ ამ დავაში, 2024 წლის ჩათვლით 25 მილიონი ლარი შეადგინა. ამ საქმეზეც მთავრობის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაასაჩივრებდნენ. 

გასული წლის 18 სექტემბერს აღნიშნული სამართლებრივი დავაც გავიდა ბოლოში – საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ ვერდიქტი შეცვლილიყო, უშედეგოდ დამთავრდა. პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილი საჩივარი უარყოფილია და ICC არბიტრაჟის მიერ 2024 წლის ნოემბერში გამოტანილი $383.2 მილიონიანი კომპენსაციის გადაწყვეტილება ENKA Renewables-ის სასარგებლოდ ძალაში დარჩა. ეს ნიშნავს, რომ საქმე საბოლოოდ დასრულებულია და საქართველოს მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოუწევს. შედეგად, საქართველოს მთავრობას აღარ აქვს სამართლებრივი გზა საერთაშორისო დონეზე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის და კომპენსაციის გადახდა სავალდებულოა ENKA Renewables-ის სასარგებლოდ. გადახდის გადავადება ავტომატურად გამოიწვევს პროცენტებისა და ჯარიმების დარიცხვას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ფინანსურ ტვირთს. 

ამგვარად, „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ დაწყებული $139 მილიონის გადახდას ალბათ მალე „ენკას“ სასარგებლოდ $383 მილიონიანი კომპენსაციის გადახდაც დაემატება. თანაც, რაც უფრო გვიან დაიწყება თანხის გადარიცხვა, მით ძვირი დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს. 

თემურ იობაშვილი

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

მთავრობამ სურსათის გასაიაფებლად სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა 

5 მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეები – სურსათის ფასებთან „საბრძოლველად“ საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო კომისიის წევრები უკვე დამტკიცებულია.

აზრთა სხვადასხვაობა კომუნალური ტარიფების გამო 

ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შეცვლილიყო, დროებით შენარჩუნდა, მაგრამ ვნებათაღელვა მაინც იგრძნობა. მოლოდინია, რომ 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს.

რა როლი აქვთ საქართველოს ეკონომიკაში ემიგრანტებს 

2025 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებენ ხმის მიცემას.