ლია ნადიბაიძე – დაიბადა 1961 წლის 21 თებერვალს, ქ. გორში.
განათლება
1978-1983 წელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომი წარჩინებით, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: გამოთვლების მეთოდები და პროგრამირება;
1975-1978 წელი – ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, წარჩინებით.
სამუშაო გამოცდილება
1999 წლიდან დღემდე – თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM ბიზნესის სკოლა, სამაგისტრო პროგრამები, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ფინანსების მაგისტრი (MF), ოპერაციების მაგისტრი (MBA OM). ლექციების კურსი: ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფასს (IFRS)-ის მიხედვით, ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო აღრიცხვა, მენეჯერული აღრიცხვა, საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა – „Peachtree Accounting“.
2019 წლიდან დღემდე – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, სატრენინგო კურსები: საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS); ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
2021 წელი – მსოფლიო ბანკის ჯგუფის (World Bank Group) და ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის მონაწილე, თემაზე: ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია.
2019-2020 წლები – GGI (Good Governance Initiative) პროექტის კონსულტანტი ტრენერი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური ხელშეწყობის მიზნით, საჯარო აუდიტის ინსტიტუტისათვის სსბასს (IPSAS) სტანდარტებში ტრენინგის სილაბუსის მომზადება და ტრენინგების ჩატარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის.
2020 წელი – GGI (Good Governance Initiative) და PMCG პროექტის ფარგლებში სახელმძღვანელოს ავტორი, საჯარო აუდიტის სერტიფიკატის მაძიებელთათვის საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით სახელმძღვანელოს შექმნა.
2019 წელი – შპს „AZRI“, მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის პირველად შემოღება და დანერგვა.
2019 წელი – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით ორგანიზებული სემინარი, ფასს სტანდარტებისა (IFRS) და მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SMEs) აქტუალური საკითხების შესახებ.
2013 წლიდან დღემდე – საერთაშორისო საფინანსო კომპანიის (IFC), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის, კონსულტანტი და ტრენერი, ფინანსური მენეჯმენტის ნაწილში.
2013-2017 წლები – საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია ათორი, სამშენებლო საქმიანობის ფინანსური მენეჯერი, მთავარი ბუღალტერი.
2002-2011 წლები – თბილისის მენეჯერთა უმაღლესი სკოლა (TBS). მენეჯერთა საბაზო-სასერტიფიკატო პროგრამა. ლექციების კურსი ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში.
2006-2012 წლები – პროფესიული სწავლების ცენტრი-AG – პარტნიორი. ფინანსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი. ლექციების კურსი საგადასახადო აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსების მართვა.
2006-2008 წლები – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ლექციების კურსი ფინანსების მენეჯმენტში.
1999-2005 წლები – GCG-აუდიტი, “არტურ ანდერსენის” წარმომადგენლობა საქართველოში, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის ტრენერი.
– ქალბატონო ლია, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. თქვენი სახელი და გვარი როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ეკონომისტებისთვის საკმაოდ ნაცნობია. საინტერესო პერიოდებში მოგიწიათ საქმიანობა ჯერ პროგრამირების, შემდეგ ფინანსების მიმართულებით. მოგვიყევით უფრო მეტი თქვენ შესახებ.
– პროფესიით მათემატიკოსი ვარ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დავამთავრე და სწავლა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით გავაგრძელე. ვიწრო სპეციალობად გამოთვლების მეთოდები და პროგრამირება ავირჩიე. სწორედ პროგრამირებიდან მოვედი ეკონომიკაში, შემდეგ კი – ფინანსებში.
სტუდენტობის მერე დავიწყე მუშაობა მათემატიკოს-ეკონომისტად, სამინისტროებს რესურსების ოპტიმალურად გადანაწილების და სწორად დაგეგმვის პროცესში ვეხმარებოდით. მათემატიკურ მიდგომებს ვნერგავდით ეკონომიკაში. თავიდან ბალტიისპირეთში დაწერილ პროგრამას ვახორციელებდით საქართველოში, შემდეგ პროგრამირების განყოფილებაში გადავედი და თვითონაც ვწერდი პროგრამებს მსუბუქი მრეწველობის დარგისთვის – იმისათვის, რომ სამინისტროში ფურცლების გამოყენება შეგვეზღუდა და მონაცემები მონიტორზე ჰქონოდათ როგორც მინისტრს, ისე განყოფილებების უფროსებს და ა.შ. ასე მოვედი ეკონომიკაში.
შემდეგ იყო შემოთავაზება მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტიდან ასპირანტურაში, იქ გამეგრძელებინა განათლების მიღება. კიდევ უფრო დავინტერესდი ეკონომიკით. მოგეხსენებათ, როგორი რთული 90-იანი წლები გვქონდა, საბჭოთა გეგმური ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდა. ამ პერიოდში დავინტერესდი თავისუფალი ბიზნესის ფინანსური აღრიცხვითა და და ანგარიშგებით. მოვიძიე ინფორმაცია – ინგლისურენოვანი წიგნები და მასალები, რაც მაშინ საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა – მათი წაკითხვა და გააზრება, თარგმნა. რაც მეტს ვკითხულობდი, მით მეტი ინტერესი მიჩნდებოდა ფინანსების სხვადასხვა სფეროში. კერძოდ ამერიკაში მოქმედი აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების (US GAAP) შესწავლა დავიწყე. პარალელურად ვეწეოდი პრაქტიკულ საქმიანობას ერთ-ერთ კომპანიაში.
ამასობაში ისე წავიდა საქმე, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები და აღრიცხვიანობის სისტემა უკვე აქაც უნდა დანერგილიყო. ისე მოხდა რომ 1999 წლიდან ნებაყოფლობით, ხოლო 2000 წლიდან ეს სტანდარტი (ბასს-ები, IAS) სავალდებულო გახდა ზოგიერთი საჯარო დაინტერესების კომპანიებისთვის (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სავალუტო ბირჟაზე დარეგისტრირებულები და ა.შ.). აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სწავლება დავიწყე ESM-ში – კომპიუტერულ ბუღალტერიას ვასწავლიდი, ამერიკული ბუღალტრული პროგრამის Pეაცჰტრეე Aცცოუნტინგ-ის ბაზაზე. შემდეგ ვასწავლიდი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს, IAS) მიხედვით ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ბიზნესის მართვისათვის აუცილებელ მენეჯერულ აღრიცხვას, ვმონაწილეობდი სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს შედგენაში ფინანსურ აღრიცხვაში და მმართველობით აღრიცხვაში.
პარალელურად პრაქტიკაშიც ვაგრძელებდი საქმიანობას, ვიყავი GCG აუდიტის, რომელიც მაშინდელი `დიდი ხუთეულიდან~ ერთ-ერთის წარმომადგენლობა იყო საქართველოში, ტრენერი. ასევე სხვადასხვა კომპანიაში ვატარებდი ტრენინგებს ბასს სტანდარტების დანერგვის მიზნით. წლების განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) კონტრაქტორი ტრენერი ვიყავი და ბიზნესმენებს და დაინტერესებულ პირებს ტრენინგებს ვუტარებდი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ხდებოდა აზიის განვითარების ბანკსა და “თიბისი ბანკის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „თიბისი ბიზნესისთვის“. 2013 წელს “თიბისი ბანკმა” ჩემთან ერთად დაიწყო ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ახლაც გრძელდება. დამწყებ ბიზნესმენებს და ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს მნიშვნელოვნად დავეხმარეთ, მივაწოდეთ ფინანსური მართვისა და შედეგების შეფასებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, საჯარო სექტორი 2020 წლიდან სრულად არის გადასული საჯარო სექტორის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (IPSAS). ვარ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, ვარ სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც შედგენილია საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების სერტიფიკატის მომპოვებელთა დასახმარებლად.
– საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით. რადიკალური ცვლილებების პროცესში დაიწყეთ საქმიანობა – ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდა. თქვენი შეფასებით, ეს პროცესი რამდენად სწორად წარიმართა და ახლა განვითარების რა ეტაპზე ვართ?
– პირველ ეტაპზე ყველაფერი ნელა იწყება და ვითარდება. როგორც აღვნიშნე, 2000 წლიდან ზოგიერთ კომპანიას და 2005 წლიდან უკვე უფრო მეტ ეკონომიკურ სუბიექტს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოება ევალებოდათ, თუმცა ეს მოთხოვნა ყოველთვის არ სრულდებოდა. მოგვიანებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით, 2016 წელს ახალი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი“ შემოვიდა ძალაში, რომელმაც უკვე მკაფიოდ განსაზღვრა IFRS-ის გამოყენების ვალდებულება კომპანიების კატეგორიების მიხედვით.
ეს პროცესი თანდათან წინ წავიდა, თუმცა, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც იყო – 2000 წლიდან 2016 წლამდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ყოველთვის, სადაც შესაძლებლობა მქონდა, ვცდილობდი ამეხსნა, რომ მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვა არ არის საკმარისი. ფინანსური ინფორმაციის ერთადერთი მომხმარებელი სახელმწიფო ხომ არ არის? თვითონ კომპანიის მენეჯერს ან მფლობელს არ აინტერესებს, როგორ იმართება ბიზნესი? პოტენციურ კრედიტორს და ინვესტორს არ აინტერესებს ფინანსური კომპანიის მდგომარეობა და საქმიანობის შედეგები? მას თავისი ეკონომიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები – ღირს თუ არა კომპანიაში ფულის ჩადება, ან კრედიტორს უღირს თუ არა ამ კომპანიას სესხი მისცეს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
სწორედ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ იყო საკმარისი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც უარყოფითი ფაქტორი იყო. თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, ეს სფერო ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ევროპაშია. ანუ იგივე გზა უნდა გავიაროთ, რაც ევროპამ უკვე გაიარა.
მინდა აღვნიშნო, რომ რაც მიღწეულია, არ არის საკმარისი. მენეჯერმა რომ მართვითი ფუნქცია ჯეროვნად განახორციელოს, სჭირდება ინფორმაცია, რაც არ არის ასახული არც საგადასახადო დეკლარაციებში და არც გამოქვეყნებულ ფინანსურ უწყისებში. საჭიროა მმართველობითი აღრიცხვის დანერგვა კომპანიებში. ამის გარეშე კომპანიის მართვა სრულყოფილი ვერ იქნება. დიდ კომპანიებში ეს სფერო მოწესრიგებულია, მცირე და საშუალო ბიზნესში ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ეს მიმართულებაც განვითარდება, დაინერგება და დაიხვეწება.
– 2016 წელს ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ამ კანონის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. მათი აზრით, კონკურენტ კომპანიებს ფინანსურ მონაცემებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ. ახლაც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუდიტი და საგადასახადო აღრიცხვა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ინტერესებშია. თქვენ კომპანიებისთვის ტრენინგებს ატარებთ. ეს მიდგომა იცვლება?
– მენეჯერების პოზიციიდან არ ვიცი, შეიცვალა თუ არა ეს დამოკიდებულება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბუღალტრები დღეს ბევრად უკეთეს ფორმაში არიან. მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამას ვაკვირდები reportal.ge-ზე, სადაც ანგარიშგებები ქვეყნდება. ზოგიერთ კომპანიას ურჩევნია ინფორმაცია არ გამოაქვეყნოს და დაჯარიმდეს, მე კი მათ გამჭვირვალე საქმიანობას ვურჩევ. წარმოიდგინეთ, მე ვარ სუბიექტი და უნდა მივიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ ბიზნესთან დაკავშირებით – გავხდე თუ არა მათი მიმწოდებელი, მომხმარებელი ან სესხი მივცე და თუ ვხედავ, რომ ისინი ანგარიშგებას არ აქვეყნებენ, უკვე ვიცი, რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგებული არ აქვთ, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ. ასეთ შემთხვევაში, ამ კომპანიასთან რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობის დაწყებისაგან თავს შევიკავებ.
ისინი ინფორმაციის გამოუქვეყნებლობით უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე იძენენ. გამჭვირვალობა შეიძლება ვინმეს არ მოსწონს, მაგრამ მას ძალიან კარგი მხარეც აქვს – ჩვენთან ერთად ინფორმაცია ჩვენმა კონკურენტებმაც გამოაქვეყნეს. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენი კომპანია კონკურენტს შევადაროთ. ხშირად საკუთარი თავი ძალიან მოგვწონს, მაგრამ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი კონკურენტი ჩვენზე უკეთესად მუშაობს. თუ დავინახავთ, რომ დარგს ან კონკურენტს ჩამოვრჩებით, მეტი მოტივაცია გვექნება, რომ დავეწიოთ და გავუსწროთ კიდეც. ზოგჯერ პირიქითაც ხდება – ზედმეტად თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე. ბიზნესის გამჭვირვალე საქმიანობას ბევრად მეტი პლუსი აქვს, ვიდრე მინუსი – არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ბიზნესის გარემოსათვის. ამიტომაც ვურჩევ, რომ თამამად გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაცია, რაც კანონითაც ევალებათ.
– ბიზნესის გამოკითხვისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პროფესიონალი კადრების ნაკლებობა სახელდება. სად უნდა ვეძიოთ ამის მიზეზი – განათლების სისტემაში, შრომის ბაზარზე, სახელმწიფო პოლიტიკაში თუ სხვაგან?
– ბუნებრივია, ამ პრობლემას ობიექტური მიზეზები აქვს. მათ შორის, თუ რომელიმე დამსაქმებელი მოელის, რომ უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მივა და პრაქტიკული უნარებით შეიარაღებული სამუშაო პროცესში უცბად ჩაერთვება, ეს ძალიან არასწორი მოლოდინია. უნივერსიტეტებში ვასწავლით თეორიას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი პრაქტიკისათვის. რასაკვირველია, სწავლების პროცესში კონკრეტულ ქეისებსაც განვიხილავთ, მაგრამ ყველა ბიზნესსა და ორგანიზაციას, საქმიანობიდან გამომდინარე, განსხვავებული ქეისები აქვთ, ამიტომ ყველას ვერ განვიხილავთ, დროშიც ვართ შეზღუდულები. სტუდენტს ყოველთვის მოუწევს, რომ თეორიული ცოდნა კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე მოარგოს. კომპანიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და კონკრეტული დარგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ. პრაქტიკაში სწავლა გრძელდება, დასაქმებულს ადგილზე კეთილგანწყობილი გარემო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უნდა დახვდეს.
ჩვენ თეორიას ვასწავლით საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმ სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც საუკეთესო უნივერსიტეტებში გამოიყენება. მე სტუდენტებს მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით არ ვასწავლი, ბევრი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოც მაქვს, სწორედ იქ არის აღწერილი საუკეთესო პრაქტიკა თეორიულად. ჩვენმა სტუდენტებმა ინგლისური კარგად იციან და ამ კუთხით პრობლემები არ გვაქვს.
პრაქტიკა ცვლილებებს ნელა მიჰყვება, ხოლო თეორიაში სიახლეებს უფრო სწრაფად ვნერგავთ. ჩვენი სასწავლო პროგრამები საერთაშორისო პრაქტიკიდან წამოსული ახალი მაგალითებით ივსება. ამ ყველაფერს სტუდენტი დასაქმების ადგილზე მიიტანს. სტუდენტი მუშაობისთვის მზად არის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში ლაღად ყოფნა თანდათანობითი პროცესია და ამაში თვითონ კომპანიებმა უნდა შეიტანონ წვლილი.
რაც ეხება კადრების დეფიციტის სხვა მიზეზებს – პრაქტიკაში რომ მიდის ადამიანი, ზოგჯერ მის მიმართ მოთხოვნა დაკნინებულია. თუ შრომის ბაზარი კონკრეტულ ცოდნას მოითხოვს, მაგალითად საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, შესაბამისი კადრებიც მზად იქნებიან. მთავარია, პრაქტიკამ მოითხოვოს ასეთი სპეციალისტი – „თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო“. თუ იქნება მოთხოვნა და რეალური ანაზღაურება, ადამიანი შეეცდება, რომ დამატებითი კურსები გაიაროს და კვალიფიკაცია აიმაღლოს. ტრენინგის კურსები ყოველთვის იქნება, თუკი პრაქტიკაში ამის საჭიროება იარსებებს.
– ქართული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები რამდენად არის თანხვედრაში ევროპულთან? ევროპის ქვეყნებში ბევრი უნივერსიტეტი თეორიულ სწავლასთან ერთად დიდ დროს უთმობს პრაქტიკულ მეცადინეობას, რაც სტუდენტს შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. როგორ უყურებთ თქვენ ამ სისტემას და ფიქრობთ თუ არა, რომ მსგავსი მიდგომის შემოტანა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებშიც კარგი იქნება?
– ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილებას. ჩვენ სტუდენტებს მეოთხე კურსზე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკა. ისინი თავად ირჩევენ სასურველ კომპანიას. ეს იდეა ძალიან კარგია: „ვისწავლეთ თეორია და ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყენება პრაქტიკაში“.
თუმცა მე მეჩვენება, რომ პრაქტიკა ჯერ კიდევ ჩამორჩება თეორიას – მასაც სჭირდება გარკვეული გარდაქმნა. როგორც უკვე აღვნიშნე, პრაქტიკა საკმაოდ ნელა რეაგირებს იმ ცვლილებებზე, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის საჭირო. ლექტორები ვცდილობთ სტუდენტებთან სიახლეები და საკუთარი სამუშაო გამოცდილება მივიტანოთ. ზოგადად, ძალიან კარგია მიდგომა, როდესაც თეორია პრაქტიკასთანაა ადაპტირებული.
– რა პრობლემების წინაშე დგანან უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის პედაგოგები, სწავლების პროცესში?
– ჩვენს უნივერსიტეტში წიგნებსა და მასალებზე ხელმისაწვდომობა ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერი ახალგამოცემულ წიგნს, რომელიც მჭირდება, უნივერსიტეტი ყიდულობს უპრობლემოდ. პედაგოგებს უზარმაზარ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. თუ მინდა, სილაბუსი შევცვალო, ყოველწლიურად წახალისებული ვარ ამისთვის – არ მახსენდება, რაიმე სირთულე მქონოდა.
ძალიან მომზადებული და მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს, ახსნისას დიდი ძალისხმევა არ მჭირდება და დროშიც კარგად ვეტევი. ცოტა ხნის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ბევრმა აღნიშნა, რომ აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამოადგა, კონკრეტულად იმ საგანში, რომელსაც მე ვასწავლი. ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ რასაც ვაკეთებთ კარგია. თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ, სულ მინდა, რომ სალექციო პროცესი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ახლა ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები შემოიჭრა. მსურს, ჩემი პროგრამა ადაპტირდეს ახალ ტექნოლოგიებთან – ალბათ ყველა ლექტორი ასე ფიქრობს.
– ბიზნესადმინისტრირების პროგრამა 240 კრედიტიდან 180 კრედიტამდე შემცირდა, ანუ სწავლება “სამი პლუს ერთი” გახდა – სამი წელი ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტრატურა. ახლა სხვა პროგრამების გადაყვანასაც ამ სისტემაზე განიხილავენ. თავისუფალმა უნივერსიტეტმა კი ძველი მოდელი -“ოთხი პლუს ორი” – შეინარჩუნა. პედაგოგების ნაწილი ამ ცვლილებებს ხსნის იმით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში 240-კრედიტიანი პროგრამები საჭირო აღარ არის და უმჯობესია სტუდენტმა პრაქტიკულ საქმიანობას უფრო მეტი დრო დაუთმოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ სიახლეს?
– არ მგონია, რომ შემცირება კარგი აზრია. თეორია, რომელსაც ჩვენ სტუდენტს ვასწავლით, არის საფუძველი, რომელზეც უნდა აიგოს ნებისმიერი პრაქტიკა. თუ ამ საძირკველს შევამცირებთ, გამოდის, რომ სტუდენტიგარეთ საჭირო უნარ-ჩვევებს ვეღარ გაიტანს. ჯობია საძირკველი უფრო მყარი იყოს. წარმოვიდგინე, რომ კიდევ შემიმცირდეს საათები ან რომელიმე საგანი პროგრამიდან ამოიღეს – ეს სტუდენტს ნამდვილად დააზარალებს. პირიქით, სურვილი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ვასწავლო. ჩვენ, სასწავლო პროცესი თავიდანვე ოპტიმალურად დავგეგმეთ, ზედმეტს არაფერს ვასწავლით, პროგრამა დინამიკური და კარგად დაბალანსებულია.
– ახალგაზრდები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით, ხშირად დამატებითი კურსების გავლის გარეშე ვერ ახერხებენ მუშაობას. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იძულებულები არიან სტაჟიორები თავიდან გადაამზადონ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
– ეს, ალბათ, ზოგადად არის ნათქვამი და არ ეხება ყველა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს. ჩვენი სტუდენტები უკვე მესამე კურსიდან მოთხოვნადი არიან შრომის ბაზარზე და შესანიშნავად არიან დასაქმებულები. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ბევრად ფართოა. ზოგიერთ უნივერსიტეტს არ აქვს აღრიცხვასა და აუდიტის სპეციალიზებული ფაკულტეტი ან მიმართულება. ამიტომ აუდიტორულ კომპანიას ვერ მიაწვდის ისეთ კადრს, რომელიც შევა და მაშინვე „გაშლის ფრთებს“, ჩაატარებს აუდიტის მომსახურებას. თუმცა, მაგალითად, ჩვენი სტუდენტები შესანიშნავი პოტენციალით მიდიან ასეთ სფეროში – ბევრი მათგანი დასაქმებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „დიდ ოთხეულში“, როგორც საქართველოში წარმოდგენილ ოფისებში, ასევე საზღვარგარეთ.
– როგორ აფასებთ ACCA-ს სასერტიფიკაციო პროგრამას, რომელიც ძვირადღირებული და ხანგრძლივია? რას აძლევს ამ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც უკვე აქვთ უმაღლესი განათლება?
– სტუდენტმა თუ უნივერსიტეტი დაამთავრა და უნდა ფინანსების მიმართულებით გააღრმაოს ცოდნა, მირჩევნია, რომ წავიდეს აკრედიტებულ კურსებზე, ვიდრე ისეთ ტრენინგებზე, სადაც არც ვიცით, რას და როგორ ასწავლიან. ACCA ზუსტად ვიცით, რას ასწავლის. მე, როგორც დამსაქმებელს, თუ სამსახურის მაძიებელმა ACCA-ს სერტიფიკატი წარმომიდგინა, ეს ჩემთვის ფასეულია. საერთაშორისო სერტიფიკატი დამსაქმებლისთვის დამაჯერებელია.
კურსის ხანგრძლივობაც გასაგებია – ის ბევრ თემას მოიცავს. ვფიქრობ, მის ჩაბარება ცალკე წიგნებად უფრო მოსახერხებელია. ზოგი ამბობს, რომ F2 ჩააბარა, ზოგი – F3, ზოგიც უფრო მეტს აბარებს. ACCA გამოცდებს ვინც ჩააბარებს, ის პრაქტიკასაც ადვილად მოერგება. ეს სასერტიფიკაციო პროგრამა და სერტიფიკატი პროფესიონალიზმის დამადასტურებელია და შესაბამისად ღირებულია.
– წინა წლებისგან განსხვავებით, შეიცვალა თუ არა სტუდენტების დამოკიდებულება სწავლისადმი?
– ESM-ში და თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლას ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგებოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც შეიცვალა. ჩვენთან, ძირითადად, მაღალქულიანი, შრომისმოყვარე და მოტივირებული ახალგაზრდები მოდიან. პირიქითაც ხდება – მათგან მეც დიდ მოტივაციას ვიღებ. ისეთი ინტერესით უსმენენ ლექციებს, ლექციის დამთავრების შემდეგ მადლობას მიხდიან და მეუბნებიან, რომ საინტერესო იყო. მგონია, რომ ჩვენთან საუკეთესო ახალგაზრდები სწავლობენ. კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, მე, როგორც ლექტორმა, თუ სტუდენტი ჩემი ლექციით ვერ დავაინტერესე, მაშინ პრობლემა ჩემშია. ლექტორი უნდა ცდილობდეს სტუდენტის დაინტერესებას, სწავლის პროცესში ხელშეწყობას. უცოდინრობაში მხოლოდ სტუდენტს ვერ დავადანაშაულებთ.
– თუ გქონიათ სურვილი, პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, სხვა კერძო კომპანიებშიც გემუშავათ, თუნდაც აუდიტის მიმართულებით?
– როგორც უკვე აღვნიშნე, სასწავლო საქმიანობის გარდა პრაქტიკულ საქმიანობასაც ვეწევი. შეუძლებელია პრაქტიკიდან მოწყვეტილი ასწავლო თეორია, მით უმეტეს ფინანსები და ბიზნესი. კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზეც მიმუშავია, ფინანსური მენეჯერის პოზიციაზეც, ფინანსური კონსულტანტისაც და ა.შ.. ვატარებ ტრენინგებს IFRS სტანდარტებში, IPSAS (საჯარო სექტორის საერთაშორისო სტანდარტებში), მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასწავლო ცენტრის ტრენერიც ვარ. ვფიქრობ ჩემი ძლიერი მხარე სტუდენტებთან ის არის, რომ ლექციებზე უამრავი პრაქტიკული მაგალითი მახსენდება და განვიხილავ – თორემ მარტო თეორია მოსაწყენი და უსარგებლოც იქნებოდა.
– ინტერვიუს ბოლოს გკითხავთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? გაქვთ პროფესიისგან განსხვავებული ინტერესები?
– ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, რომ პროგრამისტის განათლება მაქვს – ეკონომიკასა და ფინანსებში პროგრამირებიდან მოვედი. ახლა ეს სფერო იმდენად განვითარდა, რომ გულმა ისევ ჩემი ადრინდელი პროფესიისკენ გამიწია. თავისუფალ დროს პროგრამულ ენებს და მონაცემთა ანალიზს ვსწავლობ – მაინტერესებს მანქანური სწავლება, ხელოვნური ინტელექტი და ამ მიმართულების განვითარება. ასაკის მიუხედავად ჩემს მომავალს ამ სფეროშიც ვხედავ. კარგი სინერგიაა – მათემატიკა, პროგრამირება და ფინანსების ცოდნა. ფასიანი ქაღალდების ანალიტიკის სფეროს განვიხილავ. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთხელ შევიცვალო პროფესია, ანუ დავუბრუნდე ძველ პროფესიას სხვა სფეროებიდან ცოდნა-გამოცდილება შევსებული ბაზით. ჩემთვის სწავლა სასიამოვნო პროცესია. ასევე მიყვარს აგარაკზე ყოფნა, მცენარეების მოვლა, ბუნებასთან ურთიერთობა ჩემთვის საუკეთესო დასვენებაა.
– ხელოვნური ინტელექტი ახსენეთ, მისმა სწრაფმა განვითარებამ ბევრ ადამიანს შიში გაუჩინა, რომ ის უამრავ პროფესიას ჩაანაცვლებს და ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩებიან. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
– ყველა სიახლე უნდა მივიღოთ მშვიდად და არ უნდა გვეშინოდეს. თუ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ადგილს დაიკავებს, ჩვენ სხვა გზას ვი პოვით. ის გვეხმარება, არ გვებრძვის. როცა პროგრამირებაში დაბრუნების სურვილი გამიჩნდა, თავად ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე – სად ვერ ჩამანაცვლებ-მეთქი. მი პასუხა, რომ გარკვეულ სფეროებში ადვილად ჩამანაცვლებდა, ზოგში კი ვერა. სწორედ იმ მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება, სადაც ვერ ჩამანაცვლებს. მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი მეგობარია და არა მტერი. ადრე იყო ინდუსტრიული და ტექნიკური რევოლუციებიც, რომლებმაც კაცობრიობა წინ წაიყვანა. მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგიური პროგრესიც წაადგება საზოგადოებას და უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. ზოგიერთი სამუშაო ადგილი დაიკარგება, მაგრამ რაც დარჩება უფრო საინტერესო და ნაკლებ რუტინული იქნება. მომავალს იმედით ვუყურებ. ადამიანებმა აქამდე იცოდნენ როგორ გადაირჩინონ თავი და მომავალშიც შეძლებენ ამას.
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

