Homeბ&მბიზნესი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ბიზნესი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

Published on

spot_img

სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორი სახელმწიფოსგან შეღავათებს ითხოვს

საკუთარ თავზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი თანამედროვე მსოფლიოში წამყვან ტრენდად და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
კარიერული წინსვლისთვის საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვა, ასევე მხოლოდ სხვა ადამიანების – თუნდაც ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საკუთარი თავის იგნორირება სწორ დამოკიდებულებად არ მიიჩნევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები და თავად მოქალაქეები საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით სულ უფრო მეტად იაზრებენ, რომ ფიზიკური აქტივობა პრიორიტეტულია, რადგან ის როგორც სხეულის, ისე მენტალურ ჯანმრთელობას გვინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ცალკეულ ადამიანებზე და მათ გარშემომყოფებზეც დადებითად მოქმედებს, ამგვარ მიდგომას ეკონომიკური ეფექტიც აქვს – დაწყებული უშუალოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის ფულის დაზოგვით, სადაზღვევო სექტორის ეფექტიანობით გაგრძელებული და ქვეყნის ეკონომიკით დამთავრებული, რომელსაც გართულებული დაავადებების მკურნალობის ხარჯები უმცირდება. სხვადასხვა კვლევებით დამტკიცებულია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არაგადამდები დაავადებების ან მათი გართულების თავიდან აცილების ეფექტიანი გზაა. შედეგი კი ჯანმრთელი მოქალაქეები და ჰოსპიტალიზაციის შემცირებული მაჩვენებელია.
უმოძრაობის პრობლემა საქართველოში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჭHO) სტატისტიკით, საქართველოში არაგადამდები დაავადებები მთლიანი სიკვდილიანობის 94%-ზე მეტის გამომწვევი მიზეზია. მხოლოდ ოთხი არაგადამდები დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი 3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.2%-ია. ეს არაგადამდები დაავადებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
დაავადების ტვირთში იგულისხმება არა მხოლოდ მკურნალობის ხარჯები, არამედ – სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი, ასევე პროდუქტიულობის დაკარგვა, როცა ადამიანი ავადმყოფობს და ვერ მუშაობს.
არაგადამდები დაავადებების გადავადება ან თავიდან აცილება შესაძლებელია და, ჯანმოს პოზიციით, ამისთვის რამდენიმე ფაქტორის არსებობაა საჭირო. ესენია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ალკოჰოლის მოხმარების რეგულირება, თამბაქოს კონტროლი, კლინიკური ინტერვენციები – ქოლესტერინის მართვა, სისხლში გლუკოზის კონტროლი, სხვადასხვა სკრინინგული ღონისძიება, მწვანე სივრცეების გაზრდა და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის გაზრდა.
საქართველოს დამტკიცებული აქვს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. მისი განხილვის ეტაპზე, პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ურბანიზაციის პროცესის გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება, დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება მჯდომარე ქცევას და ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არაადეკვატური რაოდენობა და ფართობი ქალაქებში მზარდ მოსახლეობასთან მიმართებით, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები, მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა, ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისა და უმოქმედობის დონის შესამცირებლად~.
ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგია კი, რომლის პროექტიც მთავრობის დამტკიცებას ელოდება, სხვადასხვა სფეროსა და სახელმწიფო ორგანოებს კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითად, ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა შექმნან გაიდლაინები, ასაკობრივი თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რა დონის ფიზიკური დატვირთვაა აუცილებელი კონკრეტული ადამიანისთვის. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უნდა დაინერგოს ახალი პროგრამები, უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა იმის შესახებ, რამდენად აუცილებელია ცხოვრების აქტიური წესი. სტრატეგია ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას არა მხოლოდ პროფესიული სპორტისთვის, არამედ – თითოეული მოქალაქის ფიზიკური აქტივობისთვის. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 82%-ს აღემატება, 15%-ით უნდა შემცირდეს.
როდის დამტკიცდება სტრატეგია, ჯერჯერობით უცნობია, ხელისუფლების გეგმებს კი მოქალაქეებისა და ბიზნესის ქმედებები უსწრებს. ადამიანებს შორის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობა და ცნობიერების დონე იზრდება. ამიტომ ისინი, სტრატეგიების გარეშეც, არსებულ პირობებში ცდილობენ ამ წესის რეალიზებას საკუთარ ცხოვრებაში. მართალია, სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ფიზიკური აქტივობისთვის გადამწყვეტია სურვილი და ვარჯიში სახლის პირობებში, ასევე ვარჯიში პარკებშიც არის შესაძლებელი, თუმცა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ამ ეტაპზე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ასევე პრობლემაა ფიტნეს-კლუბების ტარიფები, რომლებიც მასობრივად ხელმისაწვდომი არაა, მუნიციპალური პროგრამები კი მწირია.
ჯანსაღი ცხოვრების ბიზნესის პრობლემები
რა ხდება ფიტნეს-კლუბების ბაზარზე? გასული წლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტმა~ გამოაქვეყნა. საქსტატის მიერ მიწოდებული მონაცემებით ყველაზე დიდი ბრუნვის სპორტული და ფიტნეს-ობიექტების ჩამონათვალში შედიოდნენ შემდეგი ქსელები: ოკტოპუსი, არენა, ჯორჯია ფიტნეს-ცენტრი (სნეპ ფიტნესი), ნეპტუნი, ასპრია და ა.შ. ამ თემაზე ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტს~ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვი­ლი ქსელის, „სნეპ ფიტნესის~ დირექტორი სოფო სოლოღაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ბაზარი მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა და ზრდას განაგრძობს.
„ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ ტერმინი „ტრენდული~ უკვე უხეშადაც ჟღერს, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ეს ინდივიდების მოთხოვნილება და მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ადამიანებმა უკვე ბევრი რამ ისწავლეს ამ კუთხით – იციან, რა არის პირადად მათთვის მნიშვნელოვანი – ყველასთვის არაა საჭირო სიმძიმეები, ზოგს იოგა სჭირდება, ზოგს კარდიო ვარჯიშები, ზოგს პილატესი და ა.შ. ცნობიერება შეიცვალა. ბევრი დარბაზი გაიხსნა და კონკურენციის ზრდამაც თამასა ასწია. ბევრი რამ შეცვალა კოვიდმა – ჩვენ გვეგო­ნა, რომ პანდემიის შემდეგ ადამიანები ისევ სახლებში გააგრძელებდნენ ვარჯიშს, მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა – დარბაზებში გადაინაცვლეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფიტნეს-ცენტრებს კოვიდამდე არ სტუმრობდნენ. გარდა ამისა, კოვიდის შემდეგ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგალითად, თუ ადრე სპორტ-დარბაზებში, ძირითადად წონის დასაკლებად ან სხეულის რომელიმე ნაწილის ფორმის გასაუმჯობესებლად დადიოდნენ, ახლა დარბაზებში ადამიანები იმისთვის დადიან, რომ მეტად ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. სხვადასხვა სპეციალობის ექიმები – კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვები – პაციენტებს ვარჯიშს როგორც სამკურნალო საშუალებას, ისე უნიშნავენ. შესაძლოა, ადამიანი სპორტდარბაზში არ დადიოდეს და არც ვარჯიშობდეს და მაგალითად, მხოლოდ სეირნობდეს. ესეც ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ასე რომ, მოთხოვნა ჯანმრთელად ყოფნაზე ძალიან იზრდება და, შესაბამისად, ახალი ცენტრებიც ჩნდება~, – აცხადებს „სნეპ ფიტნესის~ დირექტორი. ქსელს კი წელს საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 10 წელი უსრულდება.
რაც შეეხება იმას, რამდენად მიმზიდველია ეს სექტორი საინვესტიციოდ, სოფო სოლოღაშვილის თქმით, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ბიზნესი ძალიან მიმზიდველია, თუმცა დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
„ეს არის ბიზნესი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობას უკავშირდება და ამიტომაც მასში სერიოზული თანხის ჩადებაა საჭირო. ბევრს უჩნდება სურვილი, დაიწყოს ეს საქმე, მაგრამ რომ ხედავენ, რა თანხა შეიძლება დაუჯდეს ამ ბიზნესის წამოწყება, უკან იხევს. კიდევ ერთი ფაქტორია – ძირითადად, მოთხოვნა დიდ ფიტნეს-ცენტრებზეა და მცირე მასშტაბის დარბაზები ვერ უძლებენ კონკურენციას. ობიექტები ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული. მართალია, რეგიონებშიც დაიწყო სექტორმა განვითარება, მაგრამ უმეტესად მოთხოვნა დედაქალაქშია~, – აღნიშნა „სნეპ ფიტნესის~ დირექტორმა.
რაც შეეხება ფასებს, სოფო სოლოღაშვილის თქმით, საქართველოში ეს სფერო მასობრივი მოხმარებით არ ხასიათდება, თუმცა ცენტრები ცდილობენ, შეთავაზებები შედარებით დაბალშემოსავლიან მომხმარებლებსაც მოარგონ. მაგალითად, „სნეპ ფიტნესში~ 1-თვიანი აბონემენტი 189 ლარი ღირს, თუმცა 3, 6 და 12-თვიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში ერთი თვის ტარიფი 120 ლარამდე მცირდება. ამასთან, კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო ბანკებთან და შესაძლებელია აბონემენტის თანხის გადანაწილებაც. ეს სერვისი „სნეპ ფიტნესში~ დაახლოებით 6 თვეა რაც ამოქმედებულია და ნელ-ნელა იწვევს მომხმარებლის ინტერესს.
„ჩვენთან ყველაზე დიდი მოთხოვნა 3-თვიან აბონემენტზეა. როცა ვარჯიშს იწყებ, ცხადია, მხოლოდ ერთი და ორი თვით არ აპირებ სიარულს. ეს ხდება რუტინა და ცხოვრების წესი. ამიტომ რამდენიმეთვიანი აბონემენტის შეძენა ყველაზე მისაღებია. ზოგადად, როცა გადაწყვეტ, რომ შენს თავზე იზრუნო, ყოველთვიურად ამისთვის „იქს~ თანხა უნდა გამოყო. საქართველოში ეს მიდგომა ჯერჯერობით მაინც ფუფუნებად ითვლება, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ვარჯიში ყოველდღიური რუტინის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც, მაგალითად, პირის დაბანაა~, – აღნიშნა სოლოღაშვილმა და დაამატა, რომ ამ კუთხით პროგრესი ჩვენს ქვეყანაშიც შეინიშნება.
სექტორს არაერთი პრობლემაც აქვს, რომელიც როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სერვისის ხელმისაწვდომობას უშლის ხელს. პირველ რიგში, ესაა მაღალი კომუნალური და სხვა გადასახადები. სოფო სოლოღაშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე იზრდება იჯარის ქირა, თანამშრომლების ხელფასები, მაღალი გადასახადების პირობებში კი ეს ყველაფერი ბიზნესის მომგებიანობაზე ნეგატიურად აისახება.
„ასეთ პირობებში მომგებიანობა იკლებს. იყო საუბრები ჩვენი ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათებზე, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დღის წესრიგში არ დამდგარა. არადა ევროპის ქვეყნებში და ამერიკის გარკვეულ შტატებში არსებობს ასეთი პრაქტიკა. იმედია, მოვა დრო, როცა დაფასდება ეს სფერო და მეტი განვითარების შესაძლებლობა გვექნება~, – აღნიშნა „სნეპ ფიტნესის~ დირექტორმა.
ამ ბიზნესის პერსპექტიულობაზე საუბრობენ „ფიტნეს აკადემიაში“, სადაც სწავლით დაინტერესება იზრდება. სწავლის გადასახადი არცთუ მცირე თანხას, 3 ათას ლარს აღწევს, თუმცა მოთხოვნა მაინც მზარდია და ამის გათვალისწინებით, 2025 წლის მეორე ნახევარში ახალი კვალი­ფიკაციებისა და პროგრამების დამატება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის კურსდამთავრებუ­ლების დასაქმების მაჩვენებელი 70%-ს აჭარბებს, რაც კადრებზე მაღალ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
დარგის ხელშეწყობის შესაძლო სქემები
საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს შპს „სპორტისთვის“ დირექტორი ვასილ ლიპარტელიანი. აღნიშნული კომპანია სპორტულ ობიექტებს მართავს. როგორც ლიპარტელიანი ამბობს, სპორტული ობიექტებისთვის გარკვეული შეღავათების მინიჭება ჯამში მასობრივი სპორტის განვითარებას და ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის წილის ზრდას გამოიწვევს. ის რეალისტურად მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებმა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ახლანდელი მაჩვენებელი (იგულისხმება როგორც სპორტის სახეობები, ისე ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი სხვა ფორმა) ახლანდელი 15-17%-დან გასამმაგებულ მაჩვენებლამდე აიყვანოს.
ლიპარტელიანის შეფასებით, სხვა პრინციპებთან ერთად, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო შეღავათების დაწესებას ყველა სპორტული დაწესებულებისთვის. მაგალითად, თუ სპორტული ობიექტი კონტრაქტს გააფორმებს მწვრთნელთან და მას გამომუშავებაზე აიყვანს, მისი მომსახურება არ უნდა იბეგრებოდეს ისევე, როგორც ეს მცირე მეწარმეების შემთხვევაშია. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ვასილ ლიპარტელიანის განცხადებით, რადგან კომუნალური სერვისების მიმწოდებლები („ჯივიპი“, „თელმიკო“, „თბილისი ენერჯი“ და სხვა) კერძო კომპანიები არიან, მათ ტარიფების შემცირებას ვერავინ დაავალდებულებს, თუმცა დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებულია სქემა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სპორტულ ობიექტს დღგ-დ ჩაუთვლის იმ თანხას, რასაც ისინი კომუნალურ გადასახადებში იხდიან.
„ჩვენი საქმიანობა უკავშირდება სფეროს, რომლის მიზანიც ადამიანების ჯანმრთელობაა. ეს კი არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს, არამედ სახელმწიფოს მომავალში თანხებს დაუზოგავს სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და ეს თანხა მაინც არ იქნება საკმარისი, თუ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი არ დაინერგა და დაავადებების გართულებებს არ ავიცილებთ თავიდან. მოგეხსენებათ, თბილისის მერია ახორ­ციელებს პროექტს, რომელიც პენსიონერებს ფიტნეს-დარბაზებსა და აუზზე სიარულს უფინანსებს. სპორტკომპლექს „არენაში“, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, პროექტით შარშან 250 უფროსი ასაკის წარმომადგენელი სარგებლობდა და ჩემთან საუბარში ბევრი მათგანი ამბობდა, რომ ვარჯიშის დაწყებიდან ორ თვეში პოლიკლინიკის მისამართიც კი დაავიწყდათ. ეს ადასტურებს, რამდენად შეუძლია ფიზიკურ აქტივობას თავიდან აგვაცილოს სამედიცინო პროცედურები. სახელმწიფოსთვის კი ეს მკურნალობაზე თანხების დაზოგვას ნიშნავს. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ეს ადამიანები სახლიდან გადიან, ხდებიან საზოგადოების აქტიური წევრები, ამყარებენ კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან, რაც მათ განწყობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მსგავსი პროექტი უფრო მასშტაბური უნდა იყოს და მასში მეტი სპორტული ობიექტი ჩაერთოს“, – აღნიშნა ვასილ ლიპარტელიანმა ჩვენთან საუბარში.
მისივე თქმით, ფიტნეს-კლუბების ბიზნესი ბოლო პერიოდში საკმაოდ განვითარდა და საინვესტიციოდაც მიმზიდველი გახდა. ამას ხელი შეუწყო კონკურენციის გაზრდამ, რისი შედეგიც ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გახდა: დღეს ფასები აღარ არის „ელიტური“ და საშუალო შემოსავლის ადამიანებისთვისაც შესაძლებელი გახდა ამ მომსახურებით სარგებლობა. თუმცა, ვასილ ლიპარტელი­ანის შეფასებით, ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება.
სახელმწიფოს არასწორი ორიენტირები და მიდგომები
სახელმწიფოს აქვს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ნება, თუმცა ამას არ აქვს თანმიმდევრული, გააზრებული სტრატეგიის სახე, ასევე პრობლემებია ობიექტების მართვის კუთხით, – გვითხრა ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის – საქართველო“-ს დირექტორმა და სპორტის პოლიტიკის მკვლევარმა ანატოლი კორეპანოვმა. მისი თქმით, 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 200 მილიონზე მეტის დახარჯვას გეგმავდა და ეს სფერო მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა მას არ გააჩნია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თანმიმდევრული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგია.
„როგორც წესი, სახელმწიფო აშენებს სპორტულ ობიექტებს, თუმცა ისინი ძირითადად ორგანიზებული სპორტის განვითარებაზეა მიმართული და ემსახურება ახალგაზრდა სპორტსმენებს. ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული არასპორტსმენი ადამიანები – ისინი, ვისაც სურთ მიიღონ მომსახურება, უბრალოდ სარეკრეაციო მიზნით. აქ ასევე იგულისხმება სერვისები და ინფრასტრუქტურა ხანდაზმულებისთვის. თავიდანვე არ არის გააზრებული, რისთვის კეთდება და როგორ უნდა მოხდეს მათი მართვა. არ შეიძლება ყველგან ერთი ტიპის ინფრასტრუქტურის აშენება. მაგალითად, მძლეოსნობის ბილიკები ხელს შეუწყობდა სხვადასხვა ტიპის სარეკრეაციო აქტივობებში ფართო საზოგადოების ჩართულობას, მაგრამ დღეს საქართველოში ვერ ნახავთ სწორად და კარგად მოწყობილ მძლეოსნობის ბილიკებს“, – ამბობს კორეპანოვი.
მისივე თქმით, ასევე პრობლემაა მართვა და ფასწარმოქმნის პოლიტიკა. კერძოდ, როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო თავად აშენებს სპორტულ ობიექტებს და ისევ თვითონ მართავს მათ. ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ უწევთ მაღალი ტარიფის დაწესება.
ამასთან, ექსპერტის თქმით, დადებითი ძვრებია კერძო სექტორში, სადაც მომსახურება როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად გაიზარდა. თუმცა მისი სუბიექტური მოსაზრებით, ეს სერვისი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„იგივე იჯარა საკმაოდ ძვირი ჯდება. როცა ფიზიკური აქტივობის სტრატეგიაზე ვმუშაობდით, ვთქვით, რომ იმისთვის, რათა მოსახლეობის ფართო მასები იყვნენ სპორტში ჩართული, აუცილებელია ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და სერვისები. თუმცა, კერძო სექტორი ჩვენთან შეხვედრებისას აღნიშნავდა, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს მიდგომა როგორ წაახალისოს კერძო ბიზნესში ინვესტიციები“, – ამბობს კორეპანოვი. მისი თქმით, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა – მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობა, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი ინვესტიციების სანაცვლოდ და სხვა. ამიტომ სახელმწიფომ ამ კუთხით გარკვეული პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. ამას უნდა ემატებოდეს ღია სივრცეებში ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალური პროგრამები და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ.
არაგადამდები დაავადების შესახებ სტრატეგიის მიღება პირველი ნაბიჯი იყო იმისკენ, რომ სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და დარგის ხელშეწყობის აუცილებლობა. თუმცა სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ეს დოკუმენტი დეკლარაციის დონეს არ სცილდება.
აქვე ისიც აღსანიშნია, რომ ერთი კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა. კერძოდ, მთავრობის 3 ივნისის დადგენილებით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
პროგრამის თანახმად, სპორტულ კომპანიას პირდაპირი გადაცემის ფორმით და მთავრობის თანხმობით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება 20 წლის ვადით (აღნაგობის უფლება – მიწის ნაკვეთით სარგებლობის და მასზე შენობა-ნაგებობების აღმართვა-ექსპლუატაციის უფლება განსაზღვრული ვადით – რედ.). ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს დამატებით კიდევ 20 წლით. პირველი 10 წლის საფასური 1 ლარია, მეთერთმეტე და შემდგომ წლებში კი ტარიფი სამხარაულის ბიუროს შეფასებით, საბაზრო ღირებულების მიხედვით დაწესდება. ამ პირობების სანაცვლოდ, ბენეფიციარმა კონკრეტულ ვადაში, აღნაგობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას ან განავითაროს. ვალდებულებაში გაწერილი იქნება ის ინვესტიციაც, რომლის განხორციელების ვალდე­ბულებაც კომპანიას ექნება.
ამ შესაძლებლობის გამოყენება ახლა ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს ცვლილებაც მხოლოდ პროფესიულ სპორტზე არ უნდა იყოს მიმართული. ხელშესახები შედეგის მისაღებად სხვა ნაბიჯებიც არის გადასადგმელი. ვიდრე სახელმწიფო თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მოქალაქეებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნონ. ჯანმოს რეკომენდაციით, მოზარდები დღეში 2-3 საათის განმავლობაში მაინც უნდა იყვნენ დაკავებულები ამა თუ იმ ფიზიკური აქტივობით. ზრდასრული ადამიანებისთვის კი, ჯანმოს სტანდარტით, დღეში 30-წუთიანი ვარჯიშია აუცილებელი, რაც, შესაძლოა, იყოს როგორც ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, ისე, უბრალოდ, სიარული და სახლის საქმეების კეთებაც კი.
მაია ჭანტურია

`სნეპ ფიტნესის~ დირექტორი სოფო სოლოღაშვილი:
„თუ ადრე სპორტ-დარბაზებში, ძირითადად წონის
დასაკლებად ან სხეულის რომელიმე ნაწილის ფორმის
გასაუმჯობესებლად დადიოდნენ, ახლა დარბაზებში
ადამიანები იმისთვის დადიან, რომ მეტად
ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ~.

სპორტკომპლექსი `არენას~ საცურაო აუზი

შპს `სპორტისთვის~ დირექტორი ვასილ ლიპარტელიანი:
„ჩვენი საქმიანობა უკავშირდება სფეროს, რომლის
მიზანიც ადამიანების ჯანმრთელობაა~.

ორგანიზაცია სპორტი განვითარებისთვის – საქართველო~-ს დირექტორი ანატოლი კორეპანოვი: სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს მიდგომა როგორ
წაახალისოს კერძო ბიზნესში ინვესტიციები~.

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

სამხედრო შეტევა ირანზე და ენერგეტიკული შანტაჟის მცდელობა

ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა – მუქარა რომელიც არ შესრულდა ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმის შემდეგ, მსოფლიოს...

როგორ ცვლის ნეირომარკეტინგი მომხმარებლის ქცევის ანალიზს

ბოლო სამმა ათწლეულმა განსაკუთრებული ძვრები მოახდინა მარკეტინგსა და სხვადასხვა მეთოდებში, რომელთაც კორპორაციები მიმართავენ საკუთარი...