Homeბ&მC5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

Published on

spot_img

ახალი გეოპოლიტიკა რეგიონში და ცვლილებებს ჩამორჩენილი საქართველო 

C5+1 – ათი წელი დაარსებიდან 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ცენტრალური აზია აშშ-თან თანამშრომლობის გაძლიერების შედეგად გეოპოლიტიკური პერიფერიიდან სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად იქცა. ცენტრალური აზიის ქვეყნების – უზბეკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის – და მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივმა ფორმატმა (პლატფორმამ) „C5+1“-მა ათი წლის შემდეგ სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა. 2025 წლის ნოემბერში, პლატფორმის დაფუძნებიდან ზუსტად ათი წლის თავზე, შუა აზიის ხუთივე ლიდერი ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც შეხვედრაზე მაქსიმალურად საქმიანად, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. 

შეხვედრაზე გაცხადდა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის არაერთი კოლექტიური და ორმხრივი შეთანხმება სავაჭრო, დიპლომატიურ და წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების მიმართულებით. ცხადი ხდება, რომ C5+1 ფორმატი სიცოცხლისუნარიანია და კავშირების სიღრმისეულ გაძლიერებას ემსახურება. 

ყაზახეთსა და აშშ-ს შორის გაფორმდა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება ვოლფრამის მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. ვოლფრამი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მინერალად ითვლება და გამოიყენება მეტალურგიაში, ელექტრონიკაში, სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაში, ხოლო ყაზახეთი, მსოფლიოს მასშტაბით მის ერთ-ერთ უმსხვილეს დაუმუშავებელ საბადოს ფლობს.

გარდა ამისა, ცენტრალური აზიის რეგიონი გეგმავს ამერიკული კომპანია Boeing-ის 37 თვითმფრინავის შეძენას. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ამერიკული ავიამწარმოებლისგან ათეულობით საფრენ ხომალდებს მიიღებენ. აქედან, ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ 15 ერთეული Boeing 787-9 Dreamliner-ი შეუკვეთა, ტაჯიკეთის ავიაკომპანია Somon Air-ი გეგმავს 14-მდე Boeing-ის ყიდვას, უზბეკეთის ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა კი 8 ერთეული Boeing-ის თვითმფრინავის შეძენაზე გააფორმა შეთანხმება. ამის გარდა, ყაზახეთმა დამატებით 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 30-ზე მეტი შეთანხმება გააფორმა ამერიკულ კომპანიებთან. ყაზახეთი კიდევ უფრო შორს წავიდა: ქვეყანამ გამოთქვა სურვილი შეუერთდეს „აბრაამის ხელშეკრულებებს“, რაც ისრაელთან თანამშრომლობის ნორმალიზებას და განვითარებას ითვალისწინებს და ინიციატივას აფართოებს ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი თანამშრომლობის ფორმატიდან ზომიერი მუსლიმური ქვეყნების პროამერიკული პლატფორმის სტრატეგიულ დონეზე. აღნიშნული ნაბიჯი ამ შეთანხმებებს დამატებით გეოპოლიტიკურ დატვირთვას სძენს და არსებითად ცვლის რეგიონულ ბალანსს. 

ამ ტრანსფორმაციის პარალელურად, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე გავლენას ახდენს „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის“ (Free and Open Indo-Pacific, FOIP) სტრატეგია, რომელსაც აშშ, იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია ერთობლივად ავითარებენ და რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ინდოეთთან პერიოდულად დაძაბული კომუნიკაციის მიუხედავადაც კი. FOIP-ის პრინციპები – გაფართოებული და უსაფრთხო სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნები, ღია და კონკურენტული ეკონომიკური სივრცე, ურთიერთპარტნიორობის გაძლიერება და ავტორიტარული მონოპოლიების შეკავება – სრულ თანხვედრაში მოდის C5+1-ის მიზნებთან და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ჩინეთის გავლენის შეკავებისთვის. 

ჩინეთის დომინაცია კრიტიკული მინერალების გლობალურ ჯაჭვებში 

კრიტიკული მინერალების გლობალური ბაზარი უკვე იქცა გეოპოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტად და ამ პროცესის ცენტრში ჩინეთი დგას. ამ მოცემულობის გააზრებით ნათელი ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ანალიზის მიხედვით, დღეს ჩინეთი დომინირებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე 20 მინერალიდან 19-ის გადამუშავებასა და წარმოებაში და საშუალოდ ამ ბაზრის დაახლოებით 70 პროცენტს აკონტროლებს. ეს უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა არა მხოლოდ მოპოვების, არამედ გადამუშავების ეტაპზე, სადაც ჩინეთი ბევრ კრიტიკულ მინერალში ბაზრის დაახლოებით 90 პროცენტს აკონტროლებს. 

სწორედ გადამუშავების ეს ფაზაა ის კრიტიკული რგოლი, რომელიც ნედლ რესურსს გარდაქმნის ტექნოლოგიურად გამოსაყენებელ მასალად და რომელიც გარდაქმნის ამ მინერალებს ელექტრომობილების ბატარეების, განახლებადი ენერგიის სისტემების, მიკროჩიპების, თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის საჭირო მასალად. შედეგად, მრავალი ინდუსტრია და სახელმწიფო არა მხოლოდ ნედლ რესურსებზე, არამედ ჩინეთის ტექნოლოგიურ და საწარმოო შესაძლებლობებზე და მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ხდება კრიტიკულად დამოკიდებული. 

იშვიათ მიწათა ელემენტები, რომლებიც კრიტიკული მინერალების ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და მგრძნობიარე ნაწილს წარმოადგენს, ჩინეთმა ბოლო პერიოდში საექსპორტო შეზღუდვების ქვეშ მოაქცია, რაც მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად მარტივად შეიძლება კრიტიკული მინერალების მოპოვება-მიწოდება გეოპოლიტიკურ ბერკეტად გადაიქცეს მიწოდების დიფერენცირებული ქსელების არარსებობის შემთხვევაში. ჩინეთის მიერ კრიტიკულ მინერალებზე დაწესებული ახალი საექსპორტო შეზღუდვები უკვე ნათლად აჩვენებს გლობალური ეკონომიკის მოწყვლადობას. იშვიათ მიწათა ელემენტები და ბატარეების წარმოებაში გამოყენებული მასალები ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ტექნოლოგიებში: სმარტფონებში, ელექტრომობილებში, ქარის ტურბინებში და თანამედროვე ელექტრონიკაში. როდესაც ამ რესურსების მიწოდება ერთ ქვეყანაზეა კონცენტრირებული და ექსპორტი იზღუდება, სხვა ქვეყნებში ქარხნები და მწარმოებლები სწრაფად აწყდებიან დეფიციტს, ფასების ზრდასა და წარმოების შეფერხებას. ასეთი ვითარება ცხადყოფს, რომ პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური არ არის: მიწოდების შეფერხება პირდაპირ მოქმედებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და სახელმწიფოების ფუნქციონირების სტრატეგიულ შესაძლებლობებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ქვეყნები წლების განმავლობაში ცდილობენ ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და საკუთარი გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს პროცესები მკაფიო პოლიტიკურ ნებას, დროს და მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს, რის გამოც ჩინეთის როლი კრიტიკული მინერალების გლობალურ ჯაჭვებში მოკლე და საშუალო ვადაში პრაქტიკულად შეუცვლელი რჩება. 

შუა აზია – უკიდურესად მდიდარი რეგიონი 

„შუა აზია უკიდურესად მდიდარი რეგიონია“, – ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც სტატიის დასაწყისში გავამახვილეთ ყურადღება. მართლაც, ცენტრალური აზია არა მხოლოდ კრიტიკული მინერალებით, არამედ ენერგეტიკული რესურსებითაც გამორჩეული რეგიონია. რეგიონში თავმოყრილია ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირისა და ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელოვანი მარაგები, რაც მას გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ სტრატეგიულ რგოლად აქცევს. პარალელურად, იდენტიფიცირებულია კრიტიკული მინერალების მრავალფეროვანი საბადოები – მათ შორის ურანის, ვოლფრამის, ქრომის, სპილენძის, ტიტანისა და იშვიათ მიწათა ელემენტების მნიშვნელოვანი რესურსები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთი, რომელიც ფლობს ურანის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგს და გლობალური წარმოების ლიდერია, ხოლო რეგიონში არსებული სხვა საბადოების ნაწილი კვლავ დაუმუშავებელია და დიდ პოტენციალს ინახავს. წარსულში ამ სივრცეს ძირითადად რუსეთისა და ჩინეთის ინტერესის პრიზმით უყურებდნენ, როგორც ენერგორესურსებისა და მინერალების მომხმარებლებს და გავლენის განმტკიცების ინსტრუმენტს. თუმცა აშშ-ის მზარდი ჩართულობა, განსაკუთრებით C5+1 ფორმატის გაძლიერებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ  მეტი ეკონომიკური სარგებელი, მოიზიდონ თანამედროვე ტექნოლოგიები და გააძლიერონ უსაფრთხოების გარანტიები, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაიქცნენ არა მხოლოდ რესურსების მიმწოდებლებად, არამედ სუვერენულ და სტრატეგიულ პარტნიორებად გლობალურ ქსელებში. 

სამხრეთ კავკასია – ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და საქართველოს დაკარგული ადგილი 

ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკური გააქტიურება ავტომატურად ცვლის ძალთა განაწილებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აზია-ევროპის დამაკავშირებელ მთავარ დერეფნად ითვლებოდა. თუ წარსულში რეგიონი დასავლეთისთვის ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მილსადენების კონტექსტში განიხილებოდა, დღეს ის გარდაიქმნება ფართო გეოეკონომიკურ სივრცედ, სადაც ერთმანეთს ებმება ტრანსპორტი, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვები, უსაფრთხოების არქიტექტურა და დიდი ძალების სტრატეგიული ინტერესები. სამხრეთ კავკასია აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი – ის ხდება კონკურენტული სივრცე, სადაც თითოეული ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი განსაზღვრავს მის რეალურ ფუნქციას ახალ მსოფლიო ეკონომიკაში. 

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ კონფლიქტისა და დაძაბულობის წყაროდ აღიქმებოდა. დღეს კი ის გარდაიქმნება იმ არტერიად, რომელიც შუა აზიიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტვირთებს ახალ მარშრუტს სთავაზობს. მისი სრული ამოქმედება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირ კავშირს შექმნის და კასპიის რეგიონიდან წამოსული ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს გვერდის ავლით თურქეთსა და ევროპაში გადამისამართდება. ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური სატრანსპორტო ალტერნატივა აღარ არის, ის წარმოადგენს ძალთა ბალანსის გადანაწილებას სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს სტრატეგიული წონის უკიდურეს შემცირებას. 

ზანგეზურის დერეფნის განვითარებით იზრდება ე.წ. შუა დერეფნის (Middle Corridor) მნიშვნელობაც. მარშრუტი, რომელიც ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიას, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპას უკავშირდება, დასავლეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად ყალიბდება. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს, რაც მას არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც სანდო გზად აქცევს. სწორედ ამიტომ, დასავლეთის ინტერესი ამ დერეფნის მიმართ დღეს უკვე რეალური ინფრასტრუქტურული, ფინანსური და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებით გამოიხატება და აღარ ნიშნავს პერსპექტიულ, სამომავლო ჩარჩოს ინიციატივას. 

ამ ახალი რეალობის ფონზე საქართველოს როლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რეგიონული სა ტრანზიტო ინფრასტრუქტურის ბირთვი იყო, შესამჩნევად დასუსტდა. ქვეყანა, რომელიც 1990-იანი წლებიდან დასავლეთისთვის ფაქტობრივად ერთადერთი სტაბილური და პროგნოზირებადი დერეფანი იყო, დღეს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო სისტემიდან ამოვარდება. განსაკუთრებით სიმბოლური აღმოჩნდა ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს, პოლიტიკოსს, რომელიც აქტიურად მუშაობდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხაზგასმით ძალიან ცივად შეხვდა. „ბიზნესი და მენეჯმენტის“ წინა ნომრებში გამოქვეყნებულ სტატიებშიც აღვნიშნეთ, რომ სტივ დეინსი საქართველოში ჩამოსვლამდე სენატში საჯაროდ საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსთან ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ სამხრეთ კავკასიის გავლით ნედლეულის მიწოდების საკითხის მნიშვნელობაზე. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დეინსი ჯერ საქართველოში ჩამოვიდა, ხოლო მოგვიანებით ცენტრალურ აზიაში გააგრძელა ვიზიტი. 

ეს დეტალები შემთხვევითი არ არის. ამ ქრონოლოგიიდან ნათლად იკითხება, რომ სწორედ ამ პერიოდში წყდებოდა საქართველოს შუა დერეფნის სრულფასოვან არქიტექტურაში ჩართვის პერსპექტივა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ პროცესში მონაწილეობაზე ფაქტობრივად უარი თქვა. 

ეს უკვე აღარ იყო დიპლომატიური გაუგებრობა ან პროტოკოლური შეცდომა. ეს იყო სტრატეგიული არჩევანი, რომელმაც საქართველო გამოთიშა იმ პროცესს, სადაც დასავლეთი რეალური ეკონომიკური და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის აგებას იწყებდა. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და თურქეთი კონსოლიდირებულად ქმნიან ახალ სატრანზიტო რეალობას, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნები დასავლეთთან კავშირების ინსტიტუციონალიზაციას ახდენენ, საქართველო საკუთარი ხელით თმობს იმ უპირატესობას, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში მისი მთავარი გეოპოლიტიკური კაპიტალი იყო. 

ამავე დროს, სომხეთი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, იწყებს დასავლეთთან ახალი ურთიერთობების ფორმირებას, განსაკუთრებით ინტენსიურს ხდის აშშ-თან თანამშრომლობას: ვაშინგტონში ხელი მოეწერა აშშ-სა და სომხეთს შორის ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ (Trump Route – TR) ჩარჩო დოკუმენტს. ეს შეთანხმება 2025 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული სამმხრივი (აზერბაიჯანის მონაწილეობით) შეთანხმების გაგრძელებაა და ეხება სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომელიც აზერბაიჯანს ნახჭევანთან დააკავშირებს. დოკუმენტის მიხედვით, ამ დერეფნის განვითარების უფლება აშშ-ს გადაეცა. ხელშეკრულებას 13 იანვარს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. 

შეთანხმების საფუძველზე ამერიკულ-სომხური კომპანია შეთანხმებულ მონაკვეთზე ააშენებს რკინიგზას, საავტომობილო გზას, ენერგომომარაგების ხაზებს და სატრანზიტო დერეფნისთვის დამხმარე სხვა ინფრასტრუქტურას. 

გარდა ამისა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტი ერევანში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ამ ტრანსფორმაციის სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა. ეს ხსენებული ხელშეკრულება და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთს არა მხოლოდ ახალ საერთაშორისო მხარდაჭერას მოუტანს, არამედ გარკვეულწილად დააბალანსებს რეგიონულ ძალთა განაწილებას, სადაც აზერბაიჯანს ძლიერი და აქტიური მხარდამჭერი ჰყავს თურქეთის სახით. ვაშინგტონის გააქტიურება სომხეთის მიმართულებით ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურა უფრო მრავალპოლუსიანი ხდება და რეგიონი საბოლოოდ სცილდება რუსეთის მონოპოლიურ გავლენას. 

სომხეთის შემდეგ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა და უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. ჯეი დი ვენსის ისტორიული ვიზიტი ერევანსა და ბაქოში სამხრეთ კავკასიისთვის ახალი გეოპოლიტიკური ეპოქის დასაწყისად შეფასდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია. ამ ფონზე კი, განსაკუთრებით სამწუხაროა საქართველოს “თამაშგარე მდგომარეობაში” ყოფნა. რომ არა ახლანდელი ხელისუფლების ანტიდასავლური ნაბიჯები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისშიც ჩამოვიდოდა და საქართველოც იქნებოდა ჩართული რეგიონში თანამედროვე უსაფრთხოების თუ ეკონომიკური პროექტების სქემაში. 

საქართველოს მიერ საკუთარი სატრანზიტო და პოლიტიკური როლის დასუსტება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც დასავლეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაზიდვების სიჩქარე ან ტექნიკური ლოგისტიკური მაჩვენებლები, არამედ პარტნიორების პოლიტიკური ნება და სტრატეგიული თანმიმდევრულობა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პოლიტიკური ნება პრაქტიკული ინტეგრაციისთვის და თანმიმდევრული თანამშრომლობისთვის არ იკვეთება, რაც უდავოდ უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ კონტექსტში რუსეთის გავლენის მზარდ დომინირებას. რეალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები, როგორიცაა შუა დერეფნის ეფექტური მართვა, საჭიროებს არა მხოლოდ ზეპირად გაცხადებულ მხარდაჭერას, არამედ მკაფიო, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და შესაბამის საგარეო კურსს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის მისი პრიორიტეტი, რადგან პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე მას საერთოდ არ გააჩნია მკაფიო ვექტორი დასავლურ ინტეგრაციაზე, რის გამოც პარტნიორობა დასავლურ სახელმწიფოებთან და ინსტიტუტებთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, უფსკრულისკენ მიექანება და ამცირებს ან უფრო მეტიც, აუქმებს ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის შესაძლებლობებს. მთავარი რესურსი თანამედროვე გეოპოლიტიკაში არის პოლიტიკური ნება, სტაბილური და თანმიმდევრული არჩევანი, რაც დღეს საქართველოს შემთხვევაში საერთოდ არ ჩანს. 

საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობა უცვლელია, თუმცა პოლიტიკური ნდობა – არა. დასავლური სტრატეგიული დაგეგმვის ლოგიკაში ლოგისტიკური დერეფნის განვითარება, რომელიც დიდ პოლიტიკურ ძალისხმევაზე და მსხვილ ფინანსურ ინვესტიციაზეა დამოკიდებული ვერ დაეყრდნობა სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლებაც ერთ დღეს უარს ამბობს პარტნიორებთან შეხვედრაზე, ხოლო მეორე დღეს ღიად უპირისპირდება საკუთარ მოკავშირეებს და რაც მთავარია, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და უხეში ძალის გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის ახალი კონფიგურაციები სულ უფრო მეტად ითვალისწინებს საქართველოს გვერდის ავლით ალტერნატიულ მარშრუტებს. ეს კი წარსულში თითქმის წარმოუდგენელი იყო. 

ამ პროცესების ფონზე აშკარა ხდება, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა განაწილება სწრაფად და შეუქცევადად იცვლება. რუსეთი თანდათან კარგავს გავლენას როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე სამხრეთ კავკასიაში; აზერბაიჯანი და თურქეთი ქმნიან ახალ სატრანზიტო და პოლიტიკურ კონფიგურაციას; სომხეთი დასავლეთისკენ იხრება და ცდილობს ახალი როლის დამკვიდრებას და ამ კონფიგურაციაში თანამონაწილეობას; ხოლო საქართველო, რომელიც ამ ქსელის ბუნებრივი ცენტრი უნდა იყოს, საკუთარი პოლიტიკური არჩევანით გეოპოლიტიკური პერიფერიისკენ გადაადგილდება. 

ეს უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური ან ლოგისტიკური ფუნქციის დასუსტებაა, ეს არის სტრატეგიული მარცხი, რომლის ეფექტები გაცდება უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სანდოობის სფეროს და პირდაპირ აისახება ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე, სტრუქტურულ განვითარებაზე, საზოგადოებრივ მსოფლმხედველობაზე და მოქალაქეთა განვითარების და კეთილდღეობის პერსპექტივებზე. 

კოკი იონათამიშვილი 

“პლატფორმა 2025”  10

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველოში ტურიზმის ბრუნვა იზრდება, დარგის პრობლემები არ მცირდება

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში