2025 წელს, სახელმწიფომ რთველთან მიმართებით პოლიტიკა ნაწილობრივ შეცვალა. უკვე წლებია, დარგის სპეციალისტების და ეკონომისტების დიდი ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, სახელმწიფო აღარ ჩაერიოს ყურძნის ფასში და სუბსიდირებას შეეშვას, მაგრამ რთველის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, გარკვეულწილად შეცვლილი პირობებით. კახეთის რეგიონში ახალი წესებით, რაჭა-ლეჩხუმში რთველი ძველებურად ტარდება. მთავრობა წელს რთველის სუბსიდირებისთვის 35 მილიონ ლარს დახარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წინა წლებში სუბსიდიის მოცულობა გაცილებით მეტი იყო: 2021 წელს 137,44 მლნ, 2022 წელს 124,7 მლნ, 2023 წელს 50 მლნ, 2024 წელს 85 მლნ ლარი.
რა შეცვალა სახელმწიფომ?
მთავარი ცვლილება და სიახლე წლევანდელ რთველში ის გახლავთ, რომ კერძო კომპანიებს ყურძნის ჩაბარებისთვის მთავრობა ყოველ კილოგრამზე დამატებით ფულს აღარ გადაუხდის. სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან სუბსიდიას მიიღებს სახელმწიფოს დაფუძნებული შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც ნებისმიერი მოცულობის ყურძენს იბარებს.
ჯერ კიდევ 4 ივლისს, მთავრობამ გამოსცა განკარგულება – „2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. განკარგულებით, კერძო კომპანიები ყურძნის ჩაბარებისთვის სუბსიდიას ძველებურად მიიღებდნენ. თუმცა, 11 აგვისტოს, განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და გამოაცხადა, რომ ყურძნის ჩაბარებისთვის ბიუჯეტიდან ფულს მხოლოდ შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მიიღებს.
„ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს, 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად – დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.
რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია“, – გაავრცელა ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეზუხლამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება უალტერნატივო გზაა იმისთვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა გაგრძელდეს.
„მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის რთველის ფარგლებში ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე დიფერენცირებული ფასით, მიღებულია ათასობით მევენახის მხარდაჭერად. ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მევენახის მიერ მოყვანილი მოსავალი სრულად და შეუფერხებლად დაბინავდეს, ყურძენი იყოს ხარისხიანი და ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა და ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე მყარად დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
კომენტარი გააკეთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, ხარისხიანი ყურძნის წარმოება და მევენახეების პირდაპირი მხარდაჭერა წარმოადგენს მთავრობის პრიორიტეტს.
„საქართველოში დაიწყო რთველი, მთავარი აგრარული პროდუქტის – ყურძნის მოსავლის აღება. ეს არის განსაკუთრებული დრო და სეზონი ჩვენი მევენახეებისთვის. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ხარისხიან ყურძენზე იქნებოდა განსხვავებული ფასი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. მაღალკონდიციურ ყურძენთან დაკავშირებით განისაზღვრა განსხვავებული, მაღალი ფასი, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ყურძნის ხარისხის ამაღლებას. დღეს უკვე ვხედავთ შედეგს, მოსავლის დიდი ნაწილი მაღალკონდიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა.
შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
რა იცვლება ბაზარზე
ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ახალი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის მევენახეებისთვის – ისინი კვლავ შეძლებენ ყურძნის ჩაბარებას, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ღვინის კერძო კომპანიებისთვის. სახელმწიფოსგან მათ აღარც ყურძნის შესყიდვის ვალდებულება ეხებათ და არც ჩაბარებულ ყურძენზე გადაუხდიან ფულს. ასევე, კომპანიებს შესასყიდი ყურძნის ღირებულებაც უძვირდებათ. როგორც გიორგი სამანიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, დროთა განმავლობაში მექანიზმი უფრო დაიხვეწება.
„დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ნიადაგი, რომ ყურძნის სუბსიდიის მიმართულებით მიდგომა შეეცვალათ. ვფიქრობდი, რომ ასეც მოხდებოდა. ცალსახად კარგია, სწორია და ძალიან კარგი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ფასი გამოცხადდა რთველის დაწყებამდე, ადრე ასე არ იყო, რის გამოც ფერმერები ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ. მიმაჩნია, რომ სუბსიდია იყო დიდი შეცდომა, რასაც წლების განმავლობაში ვუშვებდით.
წინასწარ განსაზღვრული ფასი კარგია, თუმცა ვფიქრობ, 1-1,20 ლარად განსაზღვრულის საფასური გარკვეულ უსიამოვნებას გამოიწვევს, სავარაუდოდ ყურძნის უმრავლესობა 1,20 ლარად გაიყიდება და დროთა განმავლობაში ეს ხარვეზიც გამოსწორდება.
როგორც ჩანს, სახელმწიფომ დაინახა საჭიროება, რომ ირიბი სუბსიდირება არ არის გონივრული გადაწყვეტილება და უნდა მოიხსნას. მოსავლის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო შეისყიდის, ესეც სუბსიდირების სხვა სახეობაა, მაგრამ სწორია. პირველ ეტაპზე კარგი დასაწყისია და ფერმერებს თანდათან მეტ სიახლეს შესთავაზებენ. ალბათ, საკმაოდ დიდ რესურსი დაიხარჯება. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოებული ღვინო ან სპირტი არ შემობრუნდება ბაზარზე, რადგან ეს უკვე კონკურენციის პირობებს დაარღვევს.
ფერმერებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება, უბრალოდ, დრომოჭმული, უსარგებლო სისტემა გაჩერდა. არც მეღვინისთვის არის დიდი ცვლილება, თუმცა, კომპანიების უმეტესობა შეიძლება თეთრ ყურძენზე დაფიქსირებული ფასით უკმაყოფილო იყოს, ცოტა მაღალი მოეჩვენოს. ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგი და მისაღები მექანიზმია, რაც რთველის წარმატებით ჩატარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
კერძო სექტორის დამოკიდებულება ცვლილებაზე
რაც შეეხება მეღვინეების პოზიციას, სექტორი მიესალმება, რომ კომპანიებს ყურძნის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ფასის განსაზღვრის გამო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა აღნიშნა, ღვინის მწარმოებლები კვლავ არათანაბარ პირობებში არიან და სამომავლოდ ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ დიფერენცირება არ ხდებოდეს.
„დავიწყებ იმით, რომ ყურძნის სუბსიდირების გაუქმება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. აქამდე არსებული სისტემის მიმართ ყოველთვის გამოვთქვამდი უარყოფით აზრს, რადგან მიმაჩნდა, რომ სუბსიდია და მთავრობის იმედად ყოფნა ხალხისთვის დათვური სამსახურია, რაც ადამიანებს აზარმაცებს და სხვაზე დამოკიდებულს ხდის. მე პირადად ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებ, არ მაქვს ის პროდუქტი, რომლის სუბსიდირებასაც ახდენენ და შეიძლება ითქვას, რომ ვიჩაგრები“, – ამბობს ჯაყელი. მისი თქმით, სახელმწიფო ხალხს უნდა სთავაზობდეს თანაბარ პირობებს და არასწორია, კომპანიების ნაწილი სახარბიელო, ნაწილი კი დაჩაგრულ მდგომარეობაში იყოს.
კომპანია „ასკანელის“ დირექტორი ირაკლი უგლავა სუბსიდირების პრინციპის ცვლილებას დადებითად მიიჩნევს:
„ცალსახად დადებითია. ბოლო-ბოლო აღმოვჩნდით თითქოს საბაზრო პირობებში. თუმცა, მაინც რჩება მექანიზმი, როცა ფასს ადგენს სახელმწიფო და პრაქტიკულად, ამით მაინც თამაშში რჩება“, – მიაჩნია უგლავას.
„თბილღვინოს“ დამფუძნებელ ზურაბ მარგველაშვილს ასევე მიაჩნია, რომ აქამდე არსებული სუბსიდირების შეწყვეტა კარგი მოვლენაა:
„ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი დასრულდა. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ყურძნის შეძენას, ასევე კარგია, თუმცა, მანდ ვფიქრობ, რომ სუბსიდიის მოხსნის პარალელურად მინიმალური ფასის დაფიქსირება ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მტკივნეული, განსაკუთრებით დაბალი საფასო კატეგორიის სეგმენტის ღვინის მწარმოებლებისთვის“, – უთხრა BM.GE-ს მარგველაშვილმა.
რაჭის რთველში სახელმწიფო ძველებურად გადაიხდის
კახეთის რეგიონისგან განსხვავებით, რაჭაში სახელმწიფო რთველის სუბსიდირების წესს არ ცვლის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
„რთველი 2025-ის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ოფიციალურად დადასტურდა. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, რომ 2026 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა, რთველის ფარგლებში, განსხვავებული მიდგომით განახორციელოს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება“, – წერს სამინისტრო.
რთველის სუბსიდირების გავლენას ყურძნის მოსავლის ხარისხზე BM.GE-სთან რაჭული მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, სუბსიდირების პრაქტიკა ისედაც შესაცვლელია, თუმცა ამ პროგრამიდან ერთბაშად გამოსვლა რაჭველი მევენახეებისთვის, შესაძლოა, ხელსაყრელი არ იყოს.
„აქამდე არსებული პრაქტიკა, რაც გულისხმობდა სუბსიდირებას, ჩემი აზრით, არ იყო მთლად სამართლიანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ხარისხის ყურძენი იღებდა ერთი და იმავე სუბსიდირებას და მევენახეს არ ჰქონდა არანაირი მოტივაცია, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა.
მეორე მხრივ, რაჭის მაგალითზე, 2012-13 წლიდან სუბსიდირება მოქმედებს, შესაბამისად, ასე მარტივად აქედან გასვლა, სულ მცირე, ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუ რამე სხვა საკანონმდებლო ინიციატივა არ შემოვიდა, რაც ამ ფასს დაარეგულირებს. მარტივი არ იქნება მევენახეებისთვის ფასების შემცირება.
ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული პრაქტიკა შესაცვლელია, ყველა მევენახეზე, მიუხედავად ხარისხისა, ერთნაირი სუბსიდირება არ უნდა გაიცეს. ვისურვებდი, რომ, სუბსიდირება თუ რჩება, მოხდეს ხარისხის მიხედვით, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა სხვა წამახალისებელი მიმართულებები, როგორიც არის, მაგალითად, მევენახეების მცირე მარნებად ქცევა, რათა ადგილზევე შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დოვლათი და რეგიონიდან არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზება მოხდეს“, – აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.
მისი თქმით, თუკი სუბსიდირება მთლიანად მოიხსნება, მევენახეს ნაკლები შემოსავალი დარჩება, რადგან ღვინის კომპანიები შედარებით ნაკლების გადახდას მოახერხებენ.
„კონკრეტულად გამიჭირდება თქმა, მაგრამ დაახლოებით 5 ლარის ფარგლებში იქნება ის თანხა, რასაც ღვინის კომპანიები შეძლებენ რომ დამოუკიდებლად გადაიხადონ თანხა სუბსიდირების გარეშე“, – ამბობს მაისაშვილი.
საოჯახო მეღვინეობა „ხომლის მარანი“, რომელიც პრემიუმ კლასის, ორგანული ღვინის მიმწოდებელია, 2010 წელს, თამაზ ომანაძემ დააარსა. მარნის ვენახი ლეჩხუმში, ხვამლის მთის კალთებზე უსახელოურის მიკროზონაშია განლაგებული. მარნის დამფუძნებელ თამაზ ომანაძეს მიაჩნია, რომ რთველის სუბსიდირება საერთოდ გასაჩერებელი:
„საერთოდ უნდა შეწყდეს სუბსიდირება. უკვე წლებია გამოყოფენ ამდენ მილიონებს და ისევ ერთ ადგილზე დგას მევენახეობა-მეღვინეობა, ხალხი ისევ იმ მძიმე მდგომარეობაშია. თუ სახელმწიფოს აქვს ნება, მაშინ კეთილი ინებონ და ეს ფული სხვა კუთხით დახარჯონ, სხვანაირად შეუწყონ ხელი“, – უთხრა „ბიზნესმედიას“ თამაზ ომანაძემ.
ვის ინტერესშია სუბსიდირების პრინციპის ცვლილება – ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის კრიტიკული პოზიცია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია Oნლყ Gოოდ ჭინეს-ის დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე რთველის სუბსიდირების პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყურძენზე ფასის განსაზღვრითა და კერძო კომპანიებისთვის სუბსიდირების შეწყვეტის პირობებში სახელმწიფოს „მოსავლის მართვის კომპანიის“ გააქტიურებით სახელმწიფო მოთამაშე ხდება. ასევე მიაჩნია, ცვლილება არც მევენახეებზე ზრუნვაა, რადგან სახელმწიფომ თუ რქაწითლის მინიმალური ღირებულება გაზარდა, საფერავის – დასწია.
„ჩემი აზრით, ეს არანაირად ფერმერებზე და ხარისხის კონტროლზე გათვლილი გადაწყვეტილება არ არის. რეალურად ეს პირდაპირი ინტერესია, საუბარია იმაზე, რომ მთელი ჭარბი მოსავალი სახელმწიფო კომპანიამ მიიღოს და უფრო მეტიც ჭარბი ყურძნის მოცულობები ხელოვნურად შეიქმნას. რქაწითლის მინიმალური ფასი 1.20 ლარი, რაც გამოაცხადეს, კომპანიებისთვის მაღალი ფასია, რადგან ისინი შარშან ამ ყურძენს ფაქტობრივად 80 თეთრად ყიდულობდნენ, ამიტომ კომპანიები რქაწითელს იმ მოცულობებით აღარ შეიძენენ და სახელმწიფოს მოუწევს ამის შესყიდვა. სახელმწიფოში ივანიშვილს ვგულისხმობ, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან რაც შეიძლება მეტი ნედლეული შეიძინონ სპირტის დასამზადებლად, შემდეგ კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდონ. ეს უფლება მხოლოდ სახელმწიფო კომპანიას აქვს, კერძო კომპანია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ვერ გაყიდის. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომპანიაში შეიქმნება დიდი რაოდენობით ნედლეული და შემდეგ ამ სპირტის მარაგებს ვისაც ჩათვლიან საჭიროდ მას მისცემენ.
ეს არ არის მევენახეზე ზრუნვა. წელს სახელმწიფომ პირველად დააფიქსირა რომ საფერავის ჯიშის ყურძნის მინიმალური ღირებულება 1.50 ლარი იქნება, ასეთი დაბალი ფასი საფერავზე აქამდე არ ყოფილა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამაყობენ, რომ ასეთი რეკორდული ექსპორტია, მაშინ ასეთი დაბალი ფასი საფერავზე არ უნდა იყოს. ამით რის თქმა სურთ, რომ ვისაც რქაწითელი აქვს მასზე ზრუნავენ ფასის აწევით და ვისაც საფერავი აქვს მასზე არ ზრუნავენ?!“, – განმარტავს ვასილ მანაგაძე.
დარგის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება სპირტის მარაგების ერთ ხელში მოქცევა, რაც სახელმწიფოს მოთამაშედ აქცევს.
„ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ სპირტის მარაგები ერთ ხელში მოექცეს. ყველა თეთრი ყურძენი სახელმწიფო კომპანიაში უნდა წავიდეს, რომ მან გადაწყვიტოს ვისზე გაანაწილოს შემდეგ. ეს არის სპეცოპერაცია, რადგან ორი კვირით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ამაზე მეტყველებს.
ამგვარად სახელმწიფო ხდება მოთამაშე. მე თუ ქარხანა ვარ და 1.20 ლარად ვყიდულობ ყურძენს და ამისთვის კრედიტს ვიღებ, სახელმწიფო კომპანია ბიუჯეტიდან იღებს ამ თანხას. საბჭოთა კავშირის ფორმატში გადადიან და უფრო და უფრო შემოდიან ამ სექტორში. რა სახელმწიფოს საქმეა გაყიდვებში ჩართვა. მით უფრო მაშინ, როდესაც „მოსავლის მართვის კომპანია“ წარმოებულ სპირტს 3 წელია მეოთხედ ფასში ყიდის“, – აცხადებს მანაგაძე.
ქართული ღვინის გაყიდვები მცირდება, რას გადაწყვეტენ მეღვინეები
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 16.6%-ით 145.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად წლის პირველ 4 თვეში რუსეთში გაყიდვების კლებით არის განპირობებული. ამასთან ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სტატისტიკით, გაყიდვები შემცირებულია ყაზახეთში, აშშ-სა და გერმანიაში.
შედეგად ქვეყანამ 7 თვეში ჯამურად 49 584 930 ლიტრი ღვინო გაყიდა. მოცულობის მიხედვით კლება თითქმის 11 მლნ ლიტრი იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 2.8 მლრდ-იან ექსპორტში ქართულმა ღვინომ ექსპორტირებული საქონლის თOP-10-ეულში 3.8%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც 2024 წლის 7 თვეში ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელი 4.9%-იანი წილით იყო წარმოდგენილი.
7 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 61.6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 69.6% იყო.
იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ჯამურად 89 მილიონ 615 ათასი დოლარის ღირებულების 32 715 734 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტს ღირებულებაში 26.2%-ით ჩამორჩება.
მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლება, რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყო განპირობებული, რომელიც მაისში ამოქმედდა. 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის გადაზიდვები რეკორდული იყო, რაც მაისში მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, მაისში რუსეთში რეალიზების ზრდაც გასული წლის დაბალი საბაზო მაჩვენებლით არის განპირობებული.
TOP-10 ღვინის საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- რუსეთი – $6 მლნ, 32 715 734 ლიტრი; კლება -26.2%;
- პოლონეთი – $10 მლნ, 4 141 745 ლიტრი; ზრდა – 11.1%;
- უკრაინა – $2 მლნ, 2 608 955 ლიტრი; ზრდა – 6.2%;
- ჩინეთი – $6 მლნ, 1 889 976 ლიტრი; ზრდა – 25.2%
- ყაზახეთი – $5 მლნ , 1 669 932 ლიტრი; კლება – 14%
- ბელარუსი – $1 მლნ, 1 847 429 ლიტრი; ზრდა – 21%
- აშშ – $3 მლნ, 527 199 ლიტრი; კლება – 20.2%;
- გერმანია – $3.3 მლნ, 727 058 ლიტრი; კლება – 5.2%;
- ლატვია – $7 მლნ, 709 686 ლიტრი; ზრდა – 15.2%;
- ლიეტუვა – $1.4 მლნ, 413 179 ლიტრი; ზრდა – 4.7%.
როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, წელს საკმაოდ მაღალი ხარისხის მოსავალია და შესაბამისად, მოლოდინია, რომ ღვინოც კარგი დადგება. თუმცა, ცხადია, მთავარი მაინც გაყიდვებია და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელი კომპანია რა მოცულობის ყურძენს გადაამუშავებს.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „რთველისის“ დამფუძნებელი თორნიკე ჭიკაძე ამბობს, რომ მიუხედავად ფასის მომატებისა, აპირებენ წელს მეტი ყურძენი შეისყიდონ:
„წელს გვინდა, რომ დაახლოებით 25%-ით მეტი ყურძენი გადავამუშაოთ, ვიდრე 2024-ში. შესაბამისად, როგორც დაგეგმილი გვაქვს, გვინდა, რომ 2026 წელს ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაც შესაბამისი პროცენტით გაიზარდოს სხვადასხვა მიმართულებით“.
„თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი: „ჩვენს შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე კლება არ გვაქვს. პირიქით გაიზარდა გაყიდვები. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ევროკავშირში, ჩრდილო ამერიკაში, აზიის ბაზრებზე კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები განსაკუთრებით ახალი კოლექციის, მაღალი საფასო სეგმენტის და კატეგორიის ღვინოებით“, – ამბობს მარგველაშვილი. მისი თქმით,
კომპანიამ რთველი 29 აგვისტოდან დაიწყო და მოსავლის ხარისხითაც კმაყოფილები არიან. თუმცა, შარშანდელთან შედარებით წელს წარმადობის ზრდას არ გეგმავენ.
კომპანია „ასკანელი“ რომლის ექსპორტშიც რუსეთის ბაზარს უდიდესი წილი უკავია, მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, წელს შარშანდელზე მეტი ყურძნის ჩაბარებას აპირებს. კომპანიის დირექტორის ირაკლი უგლავას თქმით, ევროპის ბაზრებზეც შეუმცირდათ გაყიდვები, რისი მიზეზიც ევროპული კომპანიებისთვის რუსეთის ბაზრის შეზღუდვა გახდა.
„ტენდენციას ვერ დავარქმევ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში შემცირებული გვაქვს გაყიდვები, განსაკუთრებით ევროპულ ბაზრებზე. ჩემი აზრით, ამაში დიდ როლს ის თამაშობს, რომ ევროპული მწარმოებლები, რომლებსაც დაეკეტათ რუსეთის ბაზარი, უფრო გააქტიურდნენ საკუთარ ბაზარზე და პრაქტიკულად კონკურენცია გამძაფრდა“, – ამბობს უგლავა.
ქართული ღვინის გაყიდვების არასახარბიელო მდგომარეობაზე მოსაზრება გამოთქვა „ღვინის კომპანია 91“-ის დამფუძნებელმა თამარ მარკოზაშვილმა.
„ქართული ღვინო მსოფლიოში ჯერ კიდევ ასოცირებულია საბჭოთა კავშირთან და ისეთ ღვინოებთან, რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში სვამდნენ. დღესდღეობით, უკვე ბევრი მცირე მარანი განვითარდა, რომლებმაც დაიწყეს უცხო ღვინოების წარმოება. თუმცა, ამ მცირე მარნებს უკიდურესად უჭირთ პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე იმიტომ, რომ ერთი ბრენდისთვის, თუნდაც დიდი ბრენდისთვის შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს“, – განაცხადა მარკოზაშვილმა BMGთV-ის ეთერში.
თამარ მარკოზაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული და სტრატეგიული ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა არსებობდეს და თითოეული ნაბიჯი, რაც ღვინის ინდუსტრიაში იდგმება, ეს ყველაფერი გრძელვადიანი გეგმის და გრძელვადიანი ხედვის ჭრილში მოხდეს. იმიტომ, რომ იმპულსურად ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს.
ყოველწლიურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ცდილობენ გეგმის წარდგენას, თუმცა ჩემი აზრით სახელმწიფოს ჭრილშიც გრძელვადიანი გეგმა და ხედვა არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს თამარ მარკოზაშვილი.
„რთველი 2025“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში, 17 სექტემბრის მონაცემებით, 45 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გადამუშავებული ყურძნიდან 20,5 ათას ტონამდე „საფერავი“, 18,4 ათას ტონამდე „რქაწითელი“, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
რამდენად უკეთესად ჩატარდება რთველი და როგორ წაადგება დარგს წლევანდელი ცვლილებები, ეს რთველის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
თემურ იობაშვილი

