როგორ შეიძლება ბილიარდის სიყვარულმა საპრეზიდენტო რბოლა წაგაგებინოს
ჩვენი რუბრიკის მორიგი „სტუმარი“ ბილიარდი გახლავთ, რომელიც მართალია რეგულარული მრავალმილიონიანი საპრიზო ფონდებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ერთეულებმა საკმაოდ დიდი შემოსავლების მიღება მაინც მოახერხეს. ბილიარდის ინგლისური ნაირსახეობის – სნუკერის მოთამაშე, თანამედროვე ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელი რონი ო’სალივანი მალე 15 მილიონ გირვანქა სტერლინგის ზღვარს გადალახავს. ეს თანხა კოლეგებს შორის უმაღლეს ნიშნულად მიიჩნევა. ბილიარდი ასევე უძველესი ისტორიით სპორტის ბევრ პრესტიჟულ სახეობას აღემატება და მისით სხვადასხვა ქვეყნების მონარქები თუ ხელმძღვანელები იყვნენ გატაცებული. განვითარების პერიოდში კი, არც სკანდალები აკლდა.
ბილიარდის წარმომავლობაზე უტყუარი ინფორმაცია თანამედროვე წყაროებში არ იძებნება. არსებულ ვერსიებს შორის მისი სამშობლო ჩინეთი, ინდოეთი ან სულაც ძველი ეგვიპტეა დასახელებული. მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ბილიარდის თამაში პირველად ინდოეთში დაიწყეს; გერმანელი და რუსი გამომცემლების: ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზისა და ილია ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის ვერსიით, იგი ჩინეთიდან აბრეშუმთან, დენთთან და კომპასთან ერთად ევროპაში გენუელმა ვაჭრებმა შეიტანეს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბილიარდის მსგავსი თამაშები არსებობდა ძველ ეგვიპტეში, სადაც ადამიანები დაბალ მაგიდებზე ან მიწაზე ბურთებს და ჯოხებს იყენებდნენ. თუმცა, თანამედროვე ბილიარდი, როგორც სტანდარტიზებული თამაში მაგიდაზე, შუა საუკუნეების ევროპაში განვითარდა – განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში.
ბილიარდის ევროპული საწყისები
სპორტის ამ სახეობის წარმოქმნის ისტორიაში ბევრი საიდუმლოა. თუ მხოლოდ ევროპაზე განვზოგადდებით, ბილიარდი აქ მორალურად გამხრწნელი (!) გართობის საშუალებად მიაჩნდათ და კარგა ხანს იკრძალებოდა. XV საუკუნის დასაწყისში ბილიარდის თამაში აკრძალული ჰქონდა როგორც საფრანგეთის ეკლესიას, ასევე ქვეყნის სამეფო ხელისუფლებას. თუმცა, დანამდვილებით ცნობილია, რომ ოსტატი ანრი დე ვინის (Hენრი დე Vიგნე) დამზადებული ბილიარდის მაგიდა (ისტორიული წყაროებით – პირველი ევროპაში) ლუი XI-ის რეზიდენციაში უკვე 1469 წელს იყო განთავსებული.
ბილიარდის პირველი ხსენება ევროპის ისტორიაში 1572 წლის 24 აგვისტოთია დათარიღებული. შესაძლოა სიმბოლურად იყო ნათქვამი, რომ მეფის გულგრილობაზე გაემახვილებინათ ყურადღება, მაგრამ სხვადასხვა წყაროებში მითითებულია, რომ ე.წ. ბართლომეს ღამეს, როცა პარიზში პროტესტანტების ხოცვა-ჟლეტის ბრძანება გაიცა, მეფე შარლ IX ბილიარდის თამაშით ერთობოდა. საფრანგეთში მომხდარი კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი ემთხვევა ბილიარდს – ამჯერად 1587 წლის 17 თებერვალს. დედოფალი მარია სტიუარტი, მისთვის თავის მოკვეთამდე 4 დღით ადრე გლაზგოს ეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილში იმაზე წუხდა, კუთვნილ ბილიარდს რა ბედი ეწეოდა მისი სიკვდილის შემდეგ.
როგორც ირკვევა, ბილიარდის თამაში ლუი XIV-საც უყვარდა. ცნობილია, რომ იგი საკუთარ პერსონას დახვეწილ, მოხდენილ ადამიანად მიიჩნევდა და ყველა ეს შტრიხი მასში ყველაზე უკეთ ბილიარდით გართობისას ჩანდა. ბუნებრივია, ქვეყნის მმართველის საყვარელი თამაში სამეფო კარზეც პოპულარული იყო. ლუი XIV-ს ბილიარდის თამაში იმდენად უყვარდა რომ ერთგვარი ირონიული ლეგენდაც კი გაუვრცელეს, მიშელ შამილიარი 1707 წელს სამხედრო მინისტრი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მეფესთან ბილიარდში პაექრობისას რეგულარულად აგებდაო. არადა, ზოგიერთი წყარო შამილიარს იმ დროის საფრანგეთის საუკეთესო ბილიარდისტად მიიჩნევს.
ინგლისელები ამტკიცებენ, რომ ბილიარდი მათ გამოიგონეს და ეს ადრეულ შუასაუკუნეებში მოხდა. მათი ვერსიით ამ თამაშის წინამორბედი კროკეტი იყო.
ამ ვერსიის მხარდასაჭერად ინგლისში ბილიარდის ადრეულ ვარიანტს იშველიებენ: მაგიდა 6 ლუზით და სალტით, რომელიც ძალიან წააგავს კროკეტის კარს; მაგიდას პატარა პალო მოჰყვება, რომელსაც მოთამაშეები სამიზნედ იყენებდნენ. ამ ბილიარდს ორი ბურთულით თამაშობდნენ.
ასევე არსებობს ვერსია, რომელიც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა. სიტყვა „ბილიარდი“ შესაძლოა ფრანგული billart-იდან ან billette-იდან მოდიოდეს, რაც აღნიშნავს „ჯოხს“, რომელიც გოლფის სათამაშო ჯოხის (ყვანჭის) მსგავსი და თანამედროვე კიის წინამორბედი იყო. ტერმინის წარმოშობა შესაძლოა ასევე მოდიოდეს ფრანგული სიტყვიდან bille, რაც ბურთს ნიშნავს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, XVIII საუკუნიდან ბილიარდი ინგლისშიც ნამდვილ აზარტულ თამაშად იქცა.
ალბიონელები იმას ვერ ამტკიცებენ, რომ ბილიარდი მათი გამოგონილია, მაგრამ თამაშის წესები პირველად სწორედ ინგლისში დაიწერა. ბილიარდის სათამაშო ჯოხი – კიი იმ ფორმით, რომლითაც მას დღეს ვხვდებით, ასევე ინგლისიდან წამოვიდა. მისი წინამორბედი კროკეტის სათამაშო ჩაქუჩის მსგავსი გახლდათ. თუმცა, როცა ბურთულა მაგიდის კიდესთან ახლოს ჩერდებოდა, მოთამაშეებისთვის ჩაქუჩით მანიპულირება მოუხერხებელი იყო და საამისოდ სპეციალური სახელური გამოიგონეს. მას ჯერ „queue“ (რიგი, კუდი) ერქვა, ბოლოს კი „cue“ (კიი) შეირჩა და დღემდე ეს სახელი შემორჩა.
ფრანგმა ოფიცერმა და ბილიარდისტმა ფრანსუა მენგომ (Fრანçოის Mინგაუდ) პარიზის ციხეში პატიმრობისას 1804-1807 წლებში გამოიგონა ტყავის ბუნიკი, ანუ ტყავის წვერი კიის თავზე, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს ბურთს მიანიჭოს ბრუნვა. სწორედ პატარა ტყავის საფარის მეშვეობით „ჩახვეული“ დარტყმების შესრულება გახდა შესაძლებელი, რის გამოც მენგო ბილიარდის ვირტუოზად იქცა. მისგან დაბზრიალებული ბურთულები კლაკნილი ტრაექტორიებით მოძრაობდა. მენგო ბილიარდის საიდუმლოებებს ყველას უშურველად უზიარებდა და მისი მასტერ-კლასები წიგნადაც გამოსცა: „ბილიარდის კეთილშობილი თამაში – გამორჩეული და გასაკვირი დარტყმები“ (Noble jeu de billard – Coups extraordinaires et surprenans).
და კიდევ რამდენიმე ტექნიკური სიახლის ქრონოლოგია:
– ბილიარდის მაგიდაზე გადასაკრავად მაუდის გამოყენება 1835 წლიდან დაიწყეს;
– 1845 წელს, რეზინის ვულკანიზაციის გამოგონებამ საფუძველი დაუდო ბილიარდის მაგიდის კედლების რეზინით დაფარვას;
– კომპანია McDermott Handcrafted Cues-ში 1992 წელს დაამზადეს ხელოვნების ნიმუშამდე აყვანილი კიი სახელწოდებით „The Intimidator“.. 2015 წლის 30 ივლისს ბედნიერმა მყიდველმა მისი შეძენა 150 ათას დოლარად შეძლო. ეს კიი ითვლება ყველა დროის უძვირფასესად მთელი ისტორიის მანძილზე. ასეთი მაღალი ფასი მეტწილად შემუშავების ტექნოლოგიამ (ხელით მუშაობის 1862 საათი) და არა გამოყენებულმა მასალამ განაპირობა. ავტორებმა ძირითადად გაპრიალებული უჟანგავი ფოლადი გამოიყენეს, თუმცა ნაკეთობაში ასევე გამოიყენეს სუფთა ოქრო და იტალიური ობსიდიანი.
ბილიარდის როლი ამერიკული დემოკრატიის გამყარებაში
ზემოთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილიარდის დამკვიდრებას შევეხეთ. აქ კი, ახალბედა ამერიკის კანონმდებლობის მკაცრ მოთხოვნებზე ვთქვათ. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ჩამოყალიბება და ქვეყანაში ევანგელიზმის აღზევება ერთმანეთს დროში დაემთხვა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX ასწლეულის დასაწყისში ვირჯინიასა და კიდევ რამდენიმე შტატში ბილიარდის თამაში იკრძალებოდა. კანონით, ასეთი გართობა ცხენებით რბოლასთან იყო გაიგივებული და მასში შემჩნეულ პიროვნებას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ამის მიუხედავად, ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი (1801-1809) საკუთარ სისუსტეს ვერაფერს უხერხებდა. ამიტომაც, მას მალულად უწევდა ბილიარდის თამაში – იგი სათამაშო მაგიდას სწორედ ვირჯინიაში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში მალავდა.
თუკი ასეთი სიფრთხილის გამო ჯეფერსონს კანონთან პრობლემა არ ჰქონია, რიგით მე-6 პრეზიდენტი (1825-1829) ჯონ კუინსი ადამსი ზედიზედ მეორე საპრეზიდენტო არჩევნებისას სერიოზულ სკანდალში აღმოჩნდა. ყველაფერი კი, 1824 წლის არჩევნებში დაიწყო, რომელშიც სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა და ყველანი დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიიდან (ფედერალისტური პარტია უკვე დაშლილი იყო) იყვნენ. დათვლის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ენდრიუ ჯექსონს (99) აღმოაჩნდა, ხოლო ადამსს 84. ამის მიუხედავად, არცერთ კანდიდატს არ ჰქონდა პრეზიდენტობისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა. ამიტომ, ყველაფერი წარმომადგენლობით პალატაში უნდა გადაწყვეტილიყო.
ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰენრი კლეიმ, რომელიც ვერცერთ ვარიანტში ვერ აჯობებდა კონკურენტებს, საკუთარი ხმები ადამსს დაუთმო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა ეს უკანასკნელი აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი. ჯექსონის ფრაქციამ დემოკრატიული პარტია შექმნა, ადამსი-კლეის დუეტმა კი რესპუბლიკურ პარტიას დაუდო სათავე. აშკარაა, რომ პარტიები ერთმანეთის საქმიანობაში ნაკლოვანებებს ეძებდნენ და ერთ-ერთი პირველი, რასაც ჯექსონმა მიაკვლია, ბილიარდის მაგიდა და მისი კანონგარეშე სარგებლობა იყო.
როგორც ირკვევა, ადამსმა ბილიარდის მაგიდა ჯეფერსონის მსგავსად საკუთარ რეზიდენციაში კი არა, უშუალოდ თეთრ სახლში განათავსა. ეს საქციელი კი ამ არგუმენტით დაასაბუთეს – რაღაცით ხომ უნდა გაერთონ სტუმრები?! ოპონენტებს ხელში ჩაუვარდათ თეთრი სახლის მოწყობისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი. სიაში ბილიარდის მაგიდაც აღმოჩნდა და მაშინ დაიწყო თუ დაიწყო. არავის სურდა იმის გაგონება, რომ ბილიარდის თამაშისას ფრანგი მეფეები ეპოქალურ პოლიტიკურ საქმეებს წყვეტდნენ. რაც მეფისთვის ნებადართულია, ის ეკრძალება ამერიკის პრეზიდენტს – მიაჩნდათ ჯექსონის მხარდამჭერებს.
ადამსის მაკომპრომეტირებელ საგაზეთო სტატიებში ხაზგასმული იყო, რომ ბილიარდის თამაშისას მარტო სპირტიან სასმელს და თამბაქოს კი არ მოიხმარდნენ, არამედ ფულზეც თამაშობდნენ. ნუთუ ამ უმსგავსობაში მონაწილეობა, გადასახადის გადამხდელის „შემოწირული“ თანხით მცხოვრებ პრეზიდენტს შეეძლო?
კონკურენტის მიერ აგორებულმა „შავმა პიარმა“ შედეგი გამოიღო. ადამსმა ზედიზედ მეორედ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა (1828 წლის შემოდგომა), მაგრამ ჯექსონმა მას აჯობა. ასე დაუჯდა საპრეზიდენტო რბოლის მოგებად ადამსების პოლიტიკური კლანის წარმომადგენელს ბილიარდის ფარულად ღია სიყვარული. სიმართლე უნდა ითქვას, აშშ-ის არცერთ მომდევნო პრეზიდენტს კარგა ხანს არ გაუბედავს თეთრ სახლში საბილიარდო ოთახის მოწყობა. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი პრეზიდენტი ბილიარდს კი თამაშობდა, მათ შორის გამორჩეულად უყვარდა აშშ-ის მე-18 პრეზიდენტ ულის გრანტს (1869–1877), თუმცა, თეთრ სახლში აღარ უთამაშიათ. დადასტურებული ცნობებით, ჯონ კუინსი ადამსის შემდეგ ბილიარდი თეთრ სახლში დიდი ხნით „დაივიწყეს“. შემდეგი დადასტურებული საბილიარდო სივრცე რეზიდენციაში გაჩნდა XX საუკუნეში – პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დროს ჩატარებული რემონტის შემდეგ (1902), როცა თეთრი სახლის დასავლეთის ფრთა შეიქმნა.
ბილიარდის სახეობები
ბილიარდის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იქმნებოდა მისი სრულიად განსხვავებული სახეობები. მათ შესახებ გარკვეული ცოდნის მისაღებად, ქვეყნების მიხედვით ყველაზე პოპულარული თამაშების გამოყოფა შეიძლება.
აშშ. ბილიარდის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა ამერიკული პული ან უბრალოდ პული. მას ახასიათებს 2 მნიშვნელოვანი თავისებურება – პატარა მაგიდა და კუთხის განიერი ლუზები. ამის წყალობით იგი დინამიკური და სწრაფია. ყველაზე პოპულარულად ითვლება პული-8, რომლის მოთამაშეთა უპირველესი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად ჩაყაროს ლუზებში რვავე ფერადი ბურთულა, ბოლოს კი, ზუსტად იმ ლუზაში, სადაც ბოლო ფერადი ბურთულა ჩავარდა, „მუშა“ შავი ბურთულა უნდა ჩაუშვას.
ამერიკული ბილიარდის სხვა ნაირსახეობებში (პული-7, პული-9, პული-10 და სხვ.) ბურთულაზე კიის დარტყმამდე მოთამაშეები წინასწარ ამბობენ, რომელი იქნება აქტიური ბურთულა. პულში არის ისეთი თამაშიც, რომლის დროსაც ყველა ბურთულა ერთ ლუზაში უნდა ჩაეშვას.
საფრანგეთი. ბილიარდის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სახეობაა კარამბოლი. მას თამაშობენ ისეთ მაგიდაზე, სადაც არ არის არცერთი ლუზა. მოთამაშის მთავარი ამოცანაა, კიის შეხებით ბურთულას რაც შეიძლება ორიგინალური ტრაექტორიები (ფიგურა) მოახაზვინოს. კარამბოლი საფრანგეთის გარდა იტალიაშიც პოპულარულია და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სხვა ქვეყნებშიც.
ინგლისი. ამ ქვეყანაში ბილიარდის ყველაზე პოპულარული თამაშია სნუკერი. იგი XIX საუკუნის დასასრულს ინგლისელმა სამხედრო მოსამსახურე ნევილ ფრენსის ფიცჯერალდ ჩემბერლენმა (შირ Nევილლე Fრანცის Fიტზგერალდ ჩჰამბერლაინ) გამოიგონა. ამ სახეობის წესები საბოლოოდ მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.
ბურთულების სასტარტო განლაგება ასეთია: 15 წითელი ბურთულა პირამიდის სახითაა განთავსებული; 6 სხვადასხვა ფერის ჩასაგდებ ბურთულებს, მათთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე ათავსებენ, ხოლო თეთრი ბურთულა, რომლითაც დანარჩენი 21 ბურთულისკენ ხდება გასროლა, ე.წ. სახლშია.
წესების მიხედვით, მოთამაშეებმა რიგრიგობით ჯერ წითლები უნდა ჩააგდონ ლუზებში. ვიდრე ეს არ მოხდება, „შემთხვევით“ ჩავარდნილი სხვა ფერის ბურთულას ამოიღებენ და ისევ მაგიდაზე მიუჩენენ ადგილს. სნუკერის წესები ადვილი ჩანს, მაგრამ რთულია გამარჯვებულის გამოვლენის მეთოდი. თითოეულ მოთამაშეს 21 ბურთულიდან რაც შეიძლება მეტის ლუზაში ჩაგდება ან მეტი ქულის დაგროვება ევალება. წითელი ბურთულის „ფასი“ 1 ქულაა, ყვითლის – 2, მწვანის – 3, ყავისფრის – 4, ლურჯის – 5, ვარდისფრის – 6, ხოლო შავის – 7. გამარჯვებულია, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.
არსებობს ინგლისური ბილიარდიც, რომელიც კარამბოლის, ე.წ. ლუზებიანი ბილიარდის ბევრ თავისებურებას აერთიანებს. XX საუკუნის დაწყებამდე იგი ბრიტანეთის იმპერიაში ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლებოდა. სწორედ ამის გამო, თანამედროვეობის ყველაზე ძლიერ მოთამაშეებს ინგლისური, ინდური ან ახალზელანდიური წარმომავლობა აქვთ. ამ თამაშისთვის გამოიყენება სნუკერის მაგიდა (1,7ხ3,8მ) და 3 ბურთულა (ერთი წითელი და 2 თეთრი).
რუსეთი. რუსული ბილიარდის (პირამიდა) ერთ-ერთი თავისებურება, სხვა სახეობებში გამოყენებულ ბურთულებთან შედარებით დიდი ზომებია (დიამეტრი 68მმ, წონა 280-282გ). რუსული პირამიდის ფორმირება, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში პეტრე I-ის მიერ საფუძველჩაყრილი იმპერიისას დაიწყო. იგი, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, ბილიარდის ყველაზე პოპულარულ სახეობადაა მიჩნეული. პირამიდიდან გამოარჩევდნენ ამერიკულს (ე.წ. „ამერიკანკა“ – იგებს ის, ვინც ლუზებში პირველი ჩააგდებს 8 ბურთულას) და კლასიკურს (გამარჯვებულია 71 ქულის პირველი დამგროვებელი).
ბილიარდის განვითარების ეტაპები
კომერციული ტურნირებით მიღებული შემოსავლები პროფესიონალი ბილიარდისტების მთავარი სტიმულია. მეტწილად ასეთ შეჯიბრებათა ორგანიზებას უზრუნველყოფს „პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაცია“ (World Professional Billiards and Snooker Association – WPBSA). სნუკერისა და ინგლისური ბილიარდის მმართველი ორგანო 1968 წელს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში მდებარეობს.
WPBSA-ს ქოლგის ქვეშ ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი, გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი, გრან-პრი, მასტერსი და პრემიერლიგა. ბოლო პერიოდში ეს ორგანიზაცია შორეულ აღმოსავლეთში (განსაკუთრებით ჩინეთში) სნუკერის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა. მაგალითისთვის, 2007-2008 წლების სეზონიდან რეგულარულად ტარდება შანხაის მასტერსი და China Open. ამას გარდა, 2008 წლიდან ჩატარდა ბაჰრეინის ჩემპიონატი – ახლო აღმოსავლეთის პირველი რეიტინგული ტურნირი.
სნუკერმა კონტინენტურ ევროპაში აქტიურად დაბრუნება სწორედ WPBSA-ს ხელშეწყობით დაიწყო. 2010/2011წწ სეზონიდან რეიტინგულ ტურნირად აღდგა German Masters-ი, ხოლო Players Tour Championship-ი დაბალრეიტინგული ტურნირების ამქარს შეუერთდა.
2010 წლიდან მსოფლიო სნუკერის ყველა კომერციულ უფლებებს World Snooker Limited-ი ფლობს. ამ ორგანიზაციას WPBSA-ს ყოფილი თავმჯდომარე ბარი ჰირნი (Barry Hearn) უდგას სათავეში. თავის მხრივ, ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაცია ინგლისურ ქალაქ შეფილდში სნუკერის აკადემიას ფლობს, სადაც მსოფლიოს პერსპექტიული ბილიარდისტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. სხვათა შორის, ზოგიერთი ცნობილი პროფესიონალი სნუკერისტი, მათ შორის ინგლისელი პიტერ ებდონი (Peter Ebdon) და აზიის რეგიონში ყველაზე წარმატებული ჩინელი დინ ჯუნხუი (Ding Junhui) ამ აკადემიას სავარჯიშო ბაზად იყენებენ.
სამოყვარულო ბილიარდის მმართველ ორგანიზაციას რაც შეეხება, ის დღევანდელი სახელწოდებით 1973 წლიდან არსებობს – ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ფედერაცია (International Billiards and Snooker Federation – IBSF). მისი მთავარი ოფისი რეიმსში მდებარეობდა და პრეზიდენტიც ფრანგი პასკალ გიიომი (Pascal Guillaume) ჰყავდა. 1984 წლის ბოლოსთვის ფედერაციის წევრ ქვეყანათა ოდენობა მხოლოდ 30 იყო. გასული საუკუნის დასასრულს IBSF-მა სტრუქტურულთან ერთად ტერიტორიული „გადახალისება“ განიცადა. 2020 წელს მასში მსოფლიოს 73 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) ბილიარდის ფედერაცია იყო გაერთიანებული. სწორედ ამ პერიოდიდან ორგანიზაციის შტაბ-ბინა კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობს, ხოლო პრეზიდენტი ადგილობრივი მუბარაქ ალ-ხაიარინი (Mubarak Al-Khyarin) გახლავთ.
IBSF-ი ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო კონფედერაციის (WCBS) ქვეგანაყოფს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ კარამბოლის, სნუკერისა და პულის იმ დონეზე პოპულარიზებას ცდილობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მათი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანა შეძლოს.
ტიტულოსანი ჩემპიონები, საპრიზოები და რეიტინგის რჩეულები
სპორტის სხვა სახეობების მსგავსად ბილიარდშიც არიან „ვარსკვლავები“ – ტიტულოსანი მოთამაშეები, რომლებსაც არაერთხელ მოუგიათ საერთაშორისო შეჯიბრებები, ნაჩვენები აქვთ დღემდე განუმეორებელი შედეგები. ტოპ-მოთამაშეთა რეიტინგს ვერა, მაგრამ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. „ზუსტი“ და „სამართლიანი“ რეიტინგის შედგენა შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა ტოპ-მოთამაშემ მნიშვნელოვნად განსხვავებულ სახეობებში მიაღწია წარმატებას.
ეფრენ რეიესი (Eფრენ “Bატა” Mანალანგ ღეყეს) ამერიკული პულის ფილიპინელი დიდოსტატია. იგი 70-ზე მეტი საერთაშორისო ტიტულის მფლობელია და გახდა პირველი ბილიარდისტი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი 2 დისციპლინაში მოიგო – პული-8, პული-9. მას მეტსახელად „ჯადოქარს“ ეძახდნენ, თუმცა გამოარჩევდნენ Bატა-თიც (პატარა), რათა გვარ-სახელით სეხნიისაგან გაერჩიათ.
– რეიესი 1994 წელს გახდა პირველი არაამერიკელი, ვინც „ცხრიანში“ აშშ-ის ღია ჩემპიონატი მოიგო (U.შ. Oპენ 9-Bალლ ჩჰამპიონსჰიპ);
– 1996 წელს Bატა-მ ჰონგ-კონგში 100-ათასდოლარიან ტურნირზე იმარჯვა – ეს იმ მომენტისთვის პული-8-ში უდიდესი მოგება იყო;
– 2005 წელს, მან ასევე პული-8-ის ჩემპიონატის მოგებისთვის 200 ათასი დოლარი მიიღო. იმჟამად ესეც უდიდესი მონაგარი იყო საბილიარდო ტურნირის მოგებისთვის;
– რეიესს ერთი ხელუხლებელი რეკორდიც ეკუთვნის. 2006-ში მისმა წლიურმა საპრიზო შემოსავლებმა ჯამურად 646 ათასი დოლარი შეადგინა. იგი გახდა პირველი აზიელი, ვინც BჩA-ს (ამერიკის საბილიარდო კონგრესი) დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.
უილიამ მოსკონი (ჭილლიამ ჟოსეპჰ Mოსცონი, 1913-1993) სტრეიტ-პულში მსოფლიოს 15-გზის ჩემპიონი იყო (1941-1957). მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი ლუზაში ზედიზედ 526-ჯერ ბურთულის ჩაგდების გამო. იგი BჩA-ს დიდების დარბაზში 1968 წლიდანაა.
საინტერესოა, რომ მოსკონი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაუპირისპირდა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გრინლიფს. 11 წლისა იუნიორებში მსოფლიოში პირველი ბილიარდისტი გახდა. 1994 წელს აშშ-ში მის პატივსაცემად დაწესდა სახელობითი თასი – ჩრდილო ამერიკისა და ევროპული ქვეყნების პულისტებში უმაღლესი კლასის მოთამაშეთა ტურნირზე.
ერლ სტრიკლენდი (Eარლ “თჰე Pეარლ” შტრიცკლანდ) ამერიკული პულის („ცხრიანი“) საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული. მან 3-ჯერ (1990, 1991, 2002) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, სულ კი 100-ზე მეტ რეიტინგულ ტურნირზე იმარჯვა. 1996 წელს, PჩA ჩჰალლენგე-ზე გამარჯვებისთვის, მარგალიტად წოდებულმა სტრიკლენდმა ფულად პრიზად მილიონი დოლარი დაისაკუთრა. რაც დღემდე პული-9-ში მოგებული უდიდესი ჯილდოა.
რონი ო’სალივანი (ღონალდ Aნტონიო O’შულლივან) ჩვენი ჩამონათვალის საუკეთესო სნუკერისტია. 49 წლის ინგლისელი თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოსანი ბილიარდისტი გახლავთ – 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი სნუკერში, მასტერსის 8-გზის გამარჯვებული, დიდი ბრიტანეთის 8-გზის ჩემპიონი, პრემიერლიგის 10-გზის ჩემპიონი. იგი სულ 87 ჩემპიონატის თუ რეიტინგული ტურნირის გამარჯვებულია. „სამმაგი გვირგვინის“ (3 ყველაზე პრესტიჟული ტურნირის (მსოფლიო ჩემპიონატი, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი, მასტერსი) მომგებთა არაოფიციალური დასახელება) ერთზე მეტად მომგები 6 ბილიარდისტიდან ერთ-ერთია.
სტივენ ჰენდრი (შტეპჰენ Hენდრყ) ცნობილი შოტლანდიელი სნუკერისტია. მისი რეკორდი – 36 რეიტინგული ტურნირის მოგება მხოლოდ 2020 წელს, ო’სალივანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ გამარჯვების შემდეგ „დაემხო“. იგი მსოფლიო რეიტინგს 9 სეზონის განმავლობაში ლიდერობდა (მათგან 8-ჯერ ზედიზედ).
უოლტერ ლინდბრუმი (ჭალტერ Aლბერტ Lინდრუმ, 1898-1960) ჩვენს რჩეულთა შორის ერთადერთი ავსტრალიელია. იგი ინგლისური ბილიარდის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სულ 2-ჯერ (1933, 1934) მოიგო, თუმცა მსოფლიო ომით გამოწვეული პაუზის გამო „გვირგვინოსნად“ ყოფნამ 16 წლის განმავლობაში მოუწია.
იშვიათი გამონაკლისების გარდა, პროფესიონალური ბილიარდის ტურნირებსა და ჩემპიონატებზე განსხვავებული საპრიზო თანხები გაიცემა. ინგლისურ ბილიარდში ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ან რეგიონულ თასებზე გამარჯვებულს პრიზი 100 ათასი დოლარის ფარგლებში გადაეცემა, საპრიზო ადგილებზე გასულები კი 20-50 ათასს იღებენ. პულში დაწინაურებულთა შემოსავალი 50-150 ათასი დოლარია; სნუკერს რაც შეეხება, აქ გამარჯვებულის საპრიზო თანხამ შეიძლება მილიონ დოლარს მიაღწიოს.
არის გამონაკლისებიც. 2025 წლის აგვისტოს პირველ უიკენდზე დასრულებული შანხაის მასტერსზე, ინგლისელმა სნუკერისტმა კაირენ უილსონმა თანამემამულე ალისტერ კარტერს ფინალი მოუგო (11:9) და 210 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო. დამარცხებულს კი ორგანიზატორებმა 105 ათასი გადასცეს.
ერთი კვირით ადრე, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შედგა „ცხრიანი“ პულის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი პაექრობები. ფინალში, მოქმედი ჩემპიონი ამერიკელი ფედორ გორსტი (Fედორ Gორსტ) ფილიპინელ კარლო ბიადოს (ჩარლო Bიადო) დაუპირისპირდა და 13:15 წააგო. ბაიდო გახდა პირველი ფილიპინელი, ვინც პული-9-ში პლანეტის საუკეთესო ბილიარდისტის წოდება 2-ჯერ მოიპოვა. ჭPBშA-სთან ერთად, 2025 წლის ამ დასკვნით ტურნირს საუდის არაბეთის ბილიარდისა და სნუკერის ფედერაციამ და სამეფოს სპორტის სამინისტრომ გაუწიეს სპონსორობა. სწორედ ამ ფაქტორის გამო, პულში მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. გამარჯვებულმა 250 ათასი დოლარი მიიღო, ფინალისტმა 100 ათასი, ხოლო ხელმოცარულმა ნახევარფინალისტებმა 50-50 ათასი დოლარი.
ბილიარდთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები
– 1873 წელს აშშ-ში გაიმართა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ბილიარდში. ეს გახლდათ საერთოდ პირველი სპორტული მსოფლიოს ჩემპიონატი. გამარჯვებული გახდა ფრანგი მამაკაცი გვარად გარნიე (Gარნიერ), რომლის სრული სახელი ხელმისაწვდომ წყაროებში არ იძებნება;
– არსებობს დაუდასტურებელი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც XVIII საუკუნეში (1734-1790) ლიტვის დიდი სამთავროს გავლენიანი თავად – სტანისლავ რადზივილი, მეტსახელად „პანე კოხანკუ“, რომელსაც ხალხში ხუმრობით „მეფესაც“ უწოდებდნენ, პირველ საბილიარდო თაღლითადაა მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, რომელიც უფრო ჭორია, ვიდრე სინამდვილე, საკუთარ სასახლეში მან დაამონტაჟა მოძრავი ბილიარდის მაგიდა, რომელიც მოწინააღმდეგის დარტყმის დროს მსუბუქად იხრებოდა. ეს მცირე გადახრაც კი საკმარისი იყო რომ შეცვლილიყო მოძრავი ბურთის ტრაექტორია.
„შავ“ სამუშაოს ასრულებდნენ მსახურები, რომლებიც ოთახში გადაადგილდებოდნენ და ამ გზით ახდენდნენ მაგიდის დახრას.
– ბავარიის მეფე მაქსიმილიან II (1811-1864) იმ დონის აზარტული ბილიარდისტი იყო, მან სამეფოს ხაზინაში არსებული სრული ქონება მის ქვეშევრდომთან პარტიაში წააგო;
– სნუკერში ყველაზე სწრაფი მოგება ლეგენდარულ რონი ო’სალივანს ეკუთვნის, რომელმაც 1997 წელს 5 წუთში 147 ქულა დააგროვა;
– ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი სამოყვარულო სნუკერში კარგა ხანს (1979 წლიდან) იყო 16 წლის ბილიარდისტი ჯიმი უაიტი, თუმცა პროფესიონალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ვერასოდეს გახდა, იმის მიუხედავად, რომ 6-ჯერ ითამაშა ტურნირის ფინალში;
– 2010 წელს რუსეთის მოქალაქე დიანა მირონოვა 14 წლის იყო, როცა გახდა მსოფლიო ჩემპიონი რუსულ ბილიარდში, კონკრეტულად – რუსული პირამიდის (ღუსსიან Pყრამიდ) სახეობაში;
– ყველაზე ხნიერი მსოფლიო ჩემპიონის რეკორდი დღეს რონი ო’სალივანს ეკუთვნის. მან ბოლო ტიტული მოიგო 2022 წელს, როცა იყო 46 წლისა და 148 დღის, რაც სნუკერის ისტორიაში წარმოადგენს თანამედროვე ეპოქის ყველაზე ხნიერი ჩემპიონობის რეკორდს.
– ფრედ დევისი (Fრედ Dავის) ითვლება ყველაზე ხნიერ მოთამაშედ, ვინც ოდესმე მოიგო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. 1979 წელს, როცა იგი 65 წლის და 217 დღის იყო, დაამარცხა კირკ სტივენსი ჩრუციბლე თჰეატრე-ზე – სნუკერის თანამედროვე ეპოქის საკულტო არენაზე. ამავე ჩემპიონატზე მან ასევე შეასრულა საუკუნოვანი ბრეიკი (109 ქულა), რაც კიდევ ერთი რეკორდია ამ ასაკში. მისი კარიერა 1929 წელს დაიწყო და 1993 წლამდე გაგრძელდა, ანუ 80 წლის ასაკამდე თამაშობდა პროფესიონალურად.
– რეი რიარდონი (ღაყ ღეარდონ) ლეგენდარული უელსელი სნუკერის მოთამაშე, პროფესიონალი გახდა 35 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში მუშაობდა ნახშირის მაღაროში და პოლიციელად. მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ექვსჯერ: 1970, 1973, 1974, 1975, 1976 და 1978 წლებში. 1978 წელს, 45 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ხნიერი მსოფლიო ჩემპიონი სნუკერში, სანამ ეს რეკორდი 2022 წელს რონი ო’სალივანმა მოხსნა.
მას ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა – შავი თმა და მკვეთრი წვეტიანი წარბები, რის გამოც შეარქვეს „დრაკულა“.
1985 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (MBE).
კარიერა დაასრულა 1991 წელს, 58 წლის ასაკში.
რონი ო’სალივანმა 2004 წელს სწორედ რეი რიარდონის დახმარებით მოიგო თავისი მეორე მსოფლიო ტიტული – რიარდონი მისი მენტორი იყო და სტრატეგიულ რჩევებს აძლევდა.
რეი რიარდონი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა სნუკერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პატივსაცემ ფიგურად, რომელმაც 1970-იან წლებში თამაშს ახალი სტანდარტი დაუდო. ბილიარდის ლეგენდა 2024 წლის ივლისს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შმაგო სორელი

