პლანეტის ათიდან 8 უმაღლეს წერტილამდე მისასვლელი უმოკლესი გზით ცნობილ ქვეყანას სექტემბრის დასაწყისში შიდა არეულობათა ტალღამ გადაუარა. 30-მილიონიანი ნეპალის ახალგაზრდა, ე.წ. Gენ ძ თაობამ, რომელსაც `ზუმერებსაც~ უწოდებენ, სოციალური ქსელების აკრძალვის მცდელობა გააპროტესტა და სამთავრობო ელიტის წალეკვა გადაწყვიტა. მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია _ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე მთავრობას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ადგილობრივ ექსპერტთა მტკიცებით, დროებითმა მთავრობამ პარლამენტის დათხოვნასთან ერთად, ნეპალის კონსტიტუციის რამდენიმე პრობლემური მუხლის შეცვლაც უნდა უზრუნველყოს.
ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საბოლოო მონაცემებით, ე.წ. ზუმერთა რევოლუციისას 72 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის მდივნის ეკნარაიან არიალის თქმით, მათგან 59 დემონსტრანტი, 10 ციხეებიდან გამოქცეული პატიმარი, 3 კი პოლიციელი გახლავთ. გამოცემა Oნლინე Kჰაბარ არიალის სხვა ინფორმაციასაც ავრცელებს: „შეტაკებებისას 134 მომიტინგე და 57 პოლიციელი დაიჭრა“.
განსაკუთრებული რეზონანსი ახლავს პატიმართა მასობრივ გაქცევას: ოფიციალური ცნობით ციხეებს თავი 13,5 ათასმა ტუსაღმა დააღწია, რომელთაგან 12 ათასზე მეტი ჯერ კიდევ ძებნაშია. მათი უმეტესობა ინდოეთის საზღვრის გადალახვით ცდილობს სამშვიდობოს დარჩენას.
როგორ აინთო ცეცხლი?
ნეპალის პრემიერ-მინისტრი ხადგა პრასად შარმა ოლი (Kჰადგა Pრასად შჰარმა Oლი), ჩინეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შჰანგჰაი ჩოოპერატიონ Oრგანისატიონ, შჩO) წევრი ქვეყნების მორიგი შეხვედრიდან 2 სექტემბერს დაბრუნდა. ქვეყნის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იქ ერთმანეთის მიყოლებით პირისპირ შეხვდა მასპინძელ სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. შჩO-ს რიგით 25-ე სამიტის მთავარი თემა იყო „საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“.
4 სექტემბერს ნეპალის მთავრობამ გამოსცა მთელი რიგი სოციალური ქსელების (Yოუთუბე, X, ღედდიტ, LინკედIნ, ჭჰატსAპპ, Fაცებოოკ, Iნსტაგრამ) და საიტების ბლოკირების განკარგულება. მიზეზი _ ისინი არ დარეგისტრირდნენ აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებული ნეპალის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალი წესების შესაბამისად.
კრიტიკოსთა რწმუნებით, მთავრობის „დემარში“ უფრო გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად, განსხვავებულ აზრზე ცენზურის დაწესების მცდელობად იქნა აღქმული. ზემოთ ჩამოთვლილ სოცქსელებში კარგა ხანია ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ქვეყნის პოლიტელიტის შვილების მდიდრულ, თავაშვებულ ცხოვრებას ასახავდა. ყველაფერს თან ერთოდა ჰეშთეგი #ნეპოკიდს და იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა „წარუმატებელი ზუმერული“ თაობის აბსოლუტურ უმრავლესობაში. ქუჩებში გამოსული არასამართლებრივი ნეპოტიზმით აღშფოთებული ახალგაზრდები არ მალავდნენ უსამართლობის უამრავი ფაქტებით უკმაყოფილებას.
„გვინდა ნეპალში კორუფცია დასრულდეს. ქვეყნის ლიდერები არჩევნებამდე რასაც გვპირდებიან, არასდროს ასრულებენ. ისინი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათ მხოლოდ გვიქმნიან. სოციალური ქსელების აკრძალვამ ჩემი განათლების პროცესი შეაფერხა _ აღარ მაქვს წვდომა ონლაინ-ლექციებსა და სხვადასხვა სასწავლო რესურსებზე“, _ უთხრა BBჩ-ს 19 წლის ბინუ ქეისიმ.
ძ თაობის მშვიდობიანი პროტესტი 8 სექტემბერს, დედაქალაქ კატმანდუში მდებარე ფედერალური პარლამენტის შენობასთან დაიწყო. ათასობით ახალგაზრდამ იქ ბარიკადები მოაწყო და პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინა. სამართალდამცველებმა მათ ხელკეტები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუპირისპირეს. „პროტესტანტებმა“ პარლამენტის ეზოში შეაღწიეს და პოლიციამ მათ უკვე ცეცხლი გაუხსნა. პროტესტის პირველ დღეს 19 დემონსტრანტი დაიღუპა. შს მინისტრმა დღის ბოლოს პოსტი დატოვა, რითაც მორალური პასუხისმგებლობა იკისრა.
9 სექტემბერს სოციალური ქსელების ბლოკირება მოიხსნა, ხოლო პრემიერი შარმა ოლი თანამდებობიდან გადადგა. მომიტინგეები ამან არ დააკმაყოფილა _ ისინი სისტემურ რეფორმებსა და ხალხის მიმართ ერთგვარ ანგარიშვალდებულებას ითხოვდნენ. არეულობისას ცეცხლი გაუჩნდა პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს და ყოფილი პრემიერის რეზიდენციას. ქვეყნის მაღალჩინოსანთა სახლებზე თავდასხმებისას აშკარად გამოჩნდა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვინმეს უნდა ეზრუნა.
ნეპალის არმიამ დაზარალებული რაიონებიდან პოლიტიკოსთა ევაკუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ისინი (მათ შორის იყო მოქმედი პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაუდელი და ექსპრემიერი შარმა ოლი) ქვეყნის უმთავრეს, ტრიბჰუვანის (ნეპალის მეფე 1911-1955 წწ.) სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს და ისე განარიდეს „ზუმერებს“.
არაერთმა სხვა მინისტრმა და პარლამენტის წევრთა ნაწილმა თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს. არმიის სარდალმა აშოკ რაჯ სიგდელმა (Aსჰოკ ღაჯ შიგდელ) ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მცხოვრებთ და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. როცა პოლიციამ ვერ შეძლო წესრიგის დამყარება, არმიამ ნეპალი კიდევ უფრო დიდ სისხლისღვრას გადაარჩინა.
ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა მხარეთა საბოლოო მორიგების შეხვედრა, 11 სექტემბრის დილით, ნეპალის არმიის ბჰადრაკალის შტაბში შედგა. მოლაპარაკებებს პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაუდელი (ღამ ჩჰანდრა Pაუდელ), გენერალი სიგდელი და მომიტინგეთა წარმომადგენლები აწარმოებდნენ. ონლაინ რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ნეპალელმა „ზუმერებმა“ ხმათა უმრავლესობით, პრემიერ-მინისტრის დროებით კანდიდატურად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (2016-2017) სუშილა კარკი (შუსჰილა Kარკი) დაასახელეს.
კონსულტაციები მეორე დღესაც გაგრძელდა. საბოლოო შეთანხმება სწორედ 73 წლის შანკარპურელ იურისტ კარკზე შედგა. მან კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ფიცი დადო და პირველი ქალი გახდა, ვინც ნეპალის პრემიერის პოსტი დაიკავა. სუშილა კარკის ასევე საჯარო თხოვნით, ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა.
ნეპალის უახლოეს პოლიტიკურ მომავალს ქვემოთ დავუბრუნდებით. ახლა კი, ამ ქვეყნის ეკონომიკურ წარსულსა და აწმყოს შევეხოთ.
ღარიბი ქვეყნის ეკონომიკური „მიღწევები“
გაეროს კლასიფიკაციით, ნეპალი ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს განეკუთვნება; აქ მცხოვრებთა (2024 წლის მონაცემებით 31,122 მილიონი) მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებობს. განვითარების დაბალი დონეს ქვეყნის იზოლირება, ფეოდალური გადმონაშთები, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ბუნებრივი პირობები განაპირობებენ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ნეპალის მშპ-მა 42.91 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთ სულ მოსახლეზე 1379 დოლარია. ამ ქვეყნის მშპ-ის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 0,04 პროცენტია. 1960-2024 წლებში ნეპალის საშუალო მშპ 9,51 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ პერიოდში ისტორიული მინიმუმი 1963 წელს იყო _ 0,5 მილიარდი, ხოლო მაქსიმუმი შარშანდელი მონაცემია.
ნეპალი უპირატესად აგრარულ ქვეყნად ითვლება. ეკონომიკის სტრუქტურაში მომსახურების სფერო (მშპ-ის 59,5%, საიდანაც 8% ტურიზმის წილადაა) ჭარბობს, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ის 27%, მრეწველობის _ 13,5%.
აღსანიშნავია, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 69% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მომსახურების სფეროში _ 19%, ხოლო მრეწველობაში _ 12%.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარება 1955 წლიდან სახელმწიფო გეგმის საფუძველზე ხდება. პირველი 4 გეგმის ძირითადი სამიზნე ინფრასტრუქტურა (მეტწილად ტრანსპორტი და ენერგეტიკა) იყო. 1970-იანი წლების შუამდე უპირატესი ყურადღება ეთმობოდა ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის განვითარებას. თუმცა მომავალ ათწლეულში მკვეთრად იმატა კერძო მეწარმეობისა და უცხოური ინვესტიციების წახალისების ტემპებმა.
1991 წლის მაისიდან ნეპალის მთავრობამ, უცხოური ინვესტიციების წახალისების ხარჯზე ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აიღო კურსი. სუბსიდირების მასშტაბების, სახელმწიფო მოხელეთა ოდენობის კლების, სამრეწველო ობიექტების პრივატიზაციისა და არაპერსპექტიული პროექტების შეჩერების მეშვეობით მოხდა სახელმწიფო ხარჯების შემცირება.
ნაკლებგანვითარებული, თუმცა ეგზოტიკური ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ მხოლოდ რამდენიმე სეგმენტს შევეხებით. ზემოთ შენიშნავდით, რომ სოფლის მეურნეობაში ნეპალის შრომისუნარიანი ადამიანების უმრავლესობაა დასაქმებული, თუმცა ისინი ჯამური მშპ-ის ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ამ სფეროს არქაულობაზე (აქ ავტომატიზაციას რომ თავი დავანებოთ, მექანიზაციაც საკმაოდ უცხო ხილია) მეტყველებს, ქვეყანაში დასამუშავებელი მიწის ფართობის სიმწირითაა განპირობებული. თავად განსაჯეთ _ სახნავ-სათესი ფართობის მოსაპოვებლად (!) სასწაული ტემპებით იჩეხება ტყეები. სწორედ ამის გამო, ნეპალი ტყის გაკაფვით სახელმწიფოთა შორის სამხრეთ აზიაში პირველ ადგილზეა _ წლიურად 4%. იმის ნაცვლად, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს შეემატოს რამე, ორიოდე წელი და ტყეების ამ გზით განადგურება ნიადაგის ეროზიას და მეწყრულ პროცესებს იწვევს. შედეგად, ქვეყანა წელიწადში 70 ათას ჰექტრამდე ნაყოფიერ ნიადაგს კარგავს, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ დაბლობ დასახლებებში იზრდება წყალდიდობათა საშიშროება.
ნეპალს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს (დაახლოებით 83 ათასი მეგავატი „დადგმული“ სიმძლავრე). ქვეყანა ამჟამად წლიურად 2000 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ზამთრის მშრალ სეზონში, როცა მდინარეებში წყლის დონე იკლებს, თითქმის ამდენივე მოცულობის ელექტროენერგია ქვეყანას ინდოეთიდან მიეწოდება.
ინდოეთი ნეპალის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ნეპალელთა ექსპორტში მეზობელი ქვეყნის ხვედრითი წილი 50% იყო; თუმცა აქ იგულისხმებოდა წინასწარ მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული კონტრაბანდული პროდუქციაც. მხარეთა შორის დადებულმა 1996 წლის სავაჭრო შეთანხმებამ ცხადყო, რომ ინდოეთი ნეპალიდან იმპორტის ლიბერალიზაციის გზას დაადგა _ მისთვის კონტრაბანდული საქონლის მიღება არახელსაყრელი იყო. საუკუნის ბოლოსთვის, ნეპალის ექსპორტში ინდოეთის წილი 75% გახდა.
თითქოს გასაკვირი უნდა იყოს ნეპალისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის სეგმენტში ჩრდილო მეზობლის ჩინეთის პასიური როლი, მაგრამ ამას ობიექტური გეოგრაფიული მიზეზები აქვს. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა რეგიონულ დონეზე ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტულთა შორისაა. აქ საქმეს სერიოზულად ართულებს ტიბეტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მაღალი ღირებულება. ხშირ შემთხვევებში ჩინეთი უპირატესობას საზღვაო გადაზიდვებს ანიჭებს. ნეპალისთვის განკუთვნილი საქონელი კალკუტის პორტში იცლება, საიდანაც მეტწილად საავტომობილო გზით მიემართება დანიშნულების ადგილისკენ. ეს მარშრუტი კი განსაკუთრებულად იზიდავთ სახმელეთო პირატებს, რომლებიც ჩინურ პროდუქციას მონატრებულ ინდოეთისა და ბუტანის მოსახლეობაზე ზრუნავენ.
ნეპალიდან საექსპორტოდ გატანილი პროდუქციიდან ყველაზე მეტი (40%) ხელნაკეთ ხალიჩებზე მოდის. მათ გარდა დიდი მოთხოვნებია აქაურ მზა ტანსაცმელზე, ტყავზე, ჯვალოს ნაწარმზე, საკვებ მარცვლეულზე, ზეთოვან თესლებზე, სამკურნალო მცენარეებზე, სანელებლებზე. თუ 2002 წელს ექსპორტიორი ქვეყნების მოწინავე სამეული იყო ინდოეთი (47,5%), აშშ (27,6%) და გერმანია (7,5%), 2024 წლისთვის იგი ასე გამოიყურება: ევროკავშირი (46,13%), აშშ (17,4%), ინდოეთი (7,1%).
იმპორტის ძირითადი შემადგენლებია ოქრო, ნავთობპროდუქტები, მინერალური სასუქები, ფარმაცევტული მრეწველობის პროდუქცია, ჩარხები, ელექტრომოწყობილობა, კვების პროდუქტები. ამ სეგმენტში მთავარი პარტნიორები არიან ინდოეთი (47,5%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (11,2%), ჩინეთი (10,7%), საუდის არაბეთი (4,9%) და სინგაპური (4%).
საგარეო ვაჭრობის დისბალანსის მასშტაბი ქვეყნის განვითარების დონის შესაბამისია: 2024 წლის მონაცემებით, ნეპალში შემოტანილი იმპორტული პროდუქციის საერთო ღირებულება 16 მილიარდ დოლარს შეადგენდა; ქვეყნიდან ექსპორტზე გატანილი პროდუქცია კი 3,2 მილიარდი დოლარისა იყო.
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
დასასრულს, ისევ პლანეტის ახალი ცხელი წერტილის პოლიტიკურ ბატალიებზე. პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა ერთგვარი კომპრომისი იყო, თუმცა ნეპალის წამყვანი 8 პოლიტიკური პარტიის მესვეურები პაუდელისგან ქვედა პალატის აღდგენას ითხოვს. მათ ერთობლივ განცხადებაში წერია:
„პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურია და ქვეყნის სასამართლო პრეცედენტებს ეწინააღმდეგება. ქუჩის მოძრაობის წარმომადგენელთა მოთხოვნების გათვალისწინებითაც კი, ასეთი პრობლემები მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტით უნდა გადაწყდეს“.
პრემიერი სუშილა კარკი აღნიშნავს, რომ დროებითი მთავრობა ხელისუფლებაში 6 თვეზე მეტს არ დარჩება და იგი აუცილებლად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ 5 მარტს უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„რასაც მომიტინგეთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს: კორუფციის დასასრული, ქვეყნის ღირსეული მართვა და ეკონომიკური თანასწორობა, _ ჩვენ ვალდებული ვართ ეს უზრუნველვყოთ“, _ აცხადებს კარკი, რომელმაც 8-10 სექტემბრის აქციებისას დაღუპულთა ოჯახებისთვის დახმარების სახით თითო მილიონი ნეპალური რუპიის (დაახლოებით 7000 დოლარი) გამოყოფის შესაბამის სამთავრობო განკარგულებას მოაწერა ხელი.
პრეზიდენტმა რამ ჩანდრა პაუდელმა თავის მხრივ ყველას მოუწოდა, რომ ამ შანსით მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, რათა სიტუაციისგან ბოძებული ეს შესაძლებლობა მშვიდობიანი არჩევნებისთვის იქნეს გამოყენებული. თუმცა პარლამენტის დათხოვნის იურიდიული შეფასებასა და ძველი შემადგენლობით პარლამენტის აღდგენის შესაძლებლობაზე კომენტარისგან მან თავი ისევ შეიკავა. არადა, დანიშნულ არჩევნებამდე ამ საკითხების კვლავ წინა პლანზე წამოწევა ნამდვილადაა მოსალოდნელი.
ფრიდონ კერვალიშვილი

