კავკასიაში უპრეცედენტო, ბოლო წლების გათვალისწინებით თითქმის სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა მოხდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული აზერბაიჯანი და სომხეთი უცებ მოკავშირეებად მოგვევლინნენ და ერთობლივი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროექტის განხორციელებას აპირებენ.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ხან სრულმასშტაბიანი ომის, ხან პერიოდული ურთიერთთავდასხმების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებმა მუდმივი მშვიდობისთვის ერთმანეთს საჯაროდ ჩამოართვეს ხელი. ასევე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად განავითარებენ სატრანსპორტო დერეფანს. ერთობლივი სატრანსპორტო პროექტი უზრუნველყოფს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან სომხეთის სამხრეთით, მეღრის რაიონის გავლით. ეს დერეფანი, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც ზანგეზურის დერეფანი, ასევე გააერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და ირანს, რაც ქმნის „სამკუთხედ“ სატრანსპორტო ქსელს რეგიონში. ვიდრე სომხეთ-აზერბაიჯანი ერთმანეთთან მწვავე დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ, კავკასიაში ტვირთების გატარების, ასევე მილსადენების პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. შექმნილ ვითარებაში კი, როგორც მთლიანი კავკასიისთვის, საქართველოსთვისაც პრინციპულად ახალი რეალობა დგება.
მოსისხლე მტრობიდან მეგობრობამდე
ამ ეტაპზე, ცხადია, ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება აზერბაიჯანს და სომხეთს მეგობრები ვუწოდოთ, თუმცა, ერთობლივი ინტერესის გაჩენა მათ მინიმუმ მოკავშირეებად აქცევს. თითქმის მსგავსი სიტუაციაა თურქეთსა და სომხეთს შორის. 1915-16 წლებში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი დევნა-განადგურება დღემდე ახსოვთ სომხეთში და ხშირად გამხდარა თურქეთთან დაძაბულობის მიზეზი. მაგრამ, ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, რომელსაც ჩერჩილს მიაწერენ, „პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები ან მტრები – არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები“. საერთო ინტერესის გაჩენა ნამდვილად სტრატეგიული გარდამტეხი მოვლენაა როგორც სომხეთ-აზერბაიჯანისთვის, ასევე კავკასიის რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე თურქეთისთვის, ირანისთვის, რუსეთისთვის და ცხადია, საქართველოსთვისაც.
როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე წინა საუკუნეებიდან მოყოლებული მუდმივად იყო ტერიტორიული კონფლიქტები. შემდეგ, როცა საბჭოთა რუსეთმა კავკასია დაიპყრო, 1923 წელს, მთიანი ყარაბაღის ოლქი აზერბაიჯანს მიაკუთვნა. ამის შემდეგ დაძაბულობა მუდამ იყო, თუმცა, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საზღვრების ცვლილება არ მომხდარა. 1988 წლიდან კი, დაწყებული შეტაკებები და ბრძოლები რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა. ჯერ სომხეთმა გაიმარჯვა და 1991 წელს მთიანი ყარაბაღის, იგივე არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდეგ, წლების მანძილზე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არც მცირე მასშტაბის შეტაკებები იყო იშვიათობა და რამდენჯერმე ფართომასშტაბიანი ომიც გაჩაღდა. 2016 წელს იყო „ოთხდღიანი ომი“, 2020 წელს „მეორე ყარაბაღის ომი“, 2023 წელს ერთდღიანი შეტევა და აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე სრული კონტროლის მოპოვება. როგორც სხვადასხვა კვლევებშია მითითებული, ამ 35 წლის მანძილზე ბრძოლებში დაახლოებით 40.000 სამხედრო და სამოქალაქო დაიღუპა, რის გამოც რეგიონი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე სისხლიან კონფლიქტად მიიჩნევა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელი იყო მხარეებს სამშვიდობო შეთანხმება მიეღოთ და მეტიც, მოკავშირეობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ, მაგრამ ერთიც მოხდა და მეორეც.
საინტერესოა, რომ შეთანხმების საბოლოო გაფორმებამდე, ინფორმაცია თითქმის არ გავრცელებულა. ვაშინგტონში 2025 წლის 8 აგვისტოს, პრეზიდენტების: ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ისტორიული დღე“ უწოდა. შეხვედრას კი წინ უძღოდა მრავალთვიანი დიპლომატიური მზადება, სტრატეგიული კონსულტაციები და გეოპოლიტიკური გადანაწილების მცდელობები, რომელშიც მთავარი ორგანიზატორი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო.
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.
„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რასაც მან ისტორიული დღე უწოდა; ალიევმა ასევე თქვა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას. ეს ჩანაწერი კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას.
„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი და სომხეთი იპოვიან ძალას იმისთვის, რომ შერიგდნენ, ასევე ხალხი შერიგდეს, ჩვენ გადავშლით ფურცელს დაპირისპირებიდან და სისხლის ღვრიდან“, – განაცხადა მან.
შეხვედრაზე დადასტურდა ყველა ის ცნობა, რასაც ამერიკული მედია წინსწრებით ავრცელებდა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.
„ეს არის ძალიან დიდი რამ, რასაც მივაღწიეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და მანაც გადაუხადა მადლობა დონალდ ტრამპს და ხაზი გაუსვა მის როლს.
ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რა მოხდება, თუკი კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, რომელიმე მხარე უკან გადადგამს ნაბიჯს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ასე მოხდება: „მაგრამ თუკი პრობლემა წარმოიქმნება… მე ვუთხარი, შევპირდი, – სულ არის რაღაც პრობლემები, დიდები, გიგანტურები კი მოვაგვარეთ, მაგრამ თუ პატარა პრობლემა წარმოიშობა, დამირეკავენ და მოაგვარებენ. არ ექნებათ პრობლემა“.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ამავე კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„პირველ რიგში, მსურს ვთქვა, რომ დღეს მოვახდინეთ ინიციირება სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც მოლაპარაკების პროცესში იყო საკმაოდ დიდხანს. ფაქტი, რომ მისი ინიციირება მოხდა აქ, მსოფლიო ნომერ პირველ დედაქალაქში, მსოფლიოს ნომერ პირველ კაბინეტში, შეერთებული შტატების დიდებული პრეზიდენტის წინაშე, ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს არანაირი ეჭვი, რომ რომელიმე მხარე უკან დაიხევს“.
„რომელიმე ჩვენგანს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ან მე რომ გვეფიქრა უკან დახევა, აქ არ მოვიდოდით. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ რაც აქ მოხდა, ამას მოჰყვება ხანგრძლივი მშვიდობა, შიდა მშვიდობა კავკასიაში“, – დასძინა ალიევმა.
ნიკოლ ფაშინიანმა კი მოკლედ განაცხადა: „უკაცრავად, – სრულად ვეთანხმები და არაფერი მაქვს დასამატებელი“.
დაბლოკილი საგზაო მარშრუტები, რომლებიც სამმხრივი ძალისხმევით გაიხსნება
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული ომების და კონფლიქტების გამო კავკასიაში მნიშვნელოვანი საგზაო მარშრუტები უბრალოდ აღარ ფუნქციონირებდა. შედეგად, გართულებული იყო როგორც ტვირთების გადაზიდვა, ისე მგზავრთა გადაადგილება. გამოვყოთ რამდენიმე დაბლოკილი მარშრუტი, რომელიც ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნიდა.
ზანგეზურის დერეფანი, რომელიც მდებარეობს სომხეთის სამხრეთით, სიუნიქის რეგიონში და აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. 1990-იან წლებში სომხეთმა დაბლოკა ამ დერეფნის გამოყენება. მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ კვლავ წამოიჭრა მისი გახსნის საკითხი, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.
სომხეთ-აზერბაიჯანის პირდაპირი გზები: ყარაბაღის კონფლიქტის გამო ყველა სახმელეთო და სარკინიგზო კავშირი შეწყვეტილი იყო. მათ შორის: ბაქო-ერევნის და ნახიჩევანი-ერევნის მიმართულებები.
სასაზღვრო სოფლების გავლით გზები, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა და მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიებს ბლოკავდა.
საბოლოო ჯამში, რეგიონში სატრანსპორტო იზოლაცია ხელს უშლიდა ეკონომიკურ ინტეგრაციას. აზერბაიჯანის პირდაპირი გზა ნახიჩევანთან აღმოჩნდა იზოლირებული, ქვეყანას ხელი ეშლებოდა ენერგეტიკულ პროექტებში; სომხეთს აღარ ჰქონდა კავშირი აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ნაწილობრივ ირანთან, შედეგად ქვეყანა იყო ფაქტობრივად სატრანზიტო ბლოკადაში, გარკვეულწილად ეკონომიკურ იზოლაციაში და ფერხდებოდა ინვესტიციების შემოდინება; თურქეთს დახურული ჰქონდა საზღვარი სომხეთთან, შედეგად სამხრეთ კავკასიაში გაურთულდა ენერგეტიკული პროექტების განვითარება.
ვაშინგტონში ალიევი-ფაშინიანის სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად, ცნობილი გახდა ახალი სატრანზიტო მარშრუტის პროექტის TRIPP-ის (Transport,Rehabilitation, Infrastructure, and Peace Project) შესახებ. ვაშინგტონში სამმხრივი შეხვედრისას პროექტს უკვე უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“, რადგან სწორედ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უშუალო ინიციატივით გახდა შესაძლებელი როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, აგრეთვე სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენა-განვითარებაც.
TRIPP არის აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის სამხრეთ ნაწილში – სიუნიქის რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას. ამ მარშრუტის საშუალებით, აზერბაიჯანს ექნება შეუფერხებელი კომერციული წვდომა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რაც რეგიონული კავშირების ახალი არქიტექტურის ნაწილია.
TRIPP პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ეფუძნება საბჭოთა ეპოქის მარშრუტებს, პოლიტიკურად სრულიად ახალ რეალობას ქმნის. აშშ-ის შუამავლობით იგი მოიცავს ინფრასტრუქტურის განახლებას, მათ შორის დერეფნების მოდერნიზაციას, საზღვრისპირა ლოგისტიკური ჰაბების შექმნასა და დიპლომატიური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში აშშ ხდება მთავარი დამფინანსებელი და 99 წლით იღებს მარშრუტის მართვის ექსკლუზიურ უფლებას. შესაბამისად, რუსეთის მონაწილეობა ამ მარშრუტზე გამორიცხულია, რაც მას რეგიონში, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, გავლენის ბერკეტს აკარგვინებს. ექსპერტთა შეფასებით, TRIPP წარმოადგენს რუსეთის გავლენის შესუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, პროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათ შორის, TRIPP-ს სომხეთში ხელისუფლების ოპონენტები აღიქვამენ როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, რადგან მარშრუტზე აშშ-ს 99-წლიანი განვითარების უფლება ენიჭება, ასევე შიშობენ, რომ აზერბაიჯანის გავლენა გაიზრდება; რუსეთი, რომელსაც სრული დომინაცია ჰქონდა რეგიონზე, ამ პროექტით „თამაშგარე მდგომარეობაში“ რჩება; ირანი, გარდა იმისა, რომ რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტის გამოჩენას ეწინააღმდეგება, ასევე გულზე არ ეხატება ამერიკის გავლენის გაძლიერება; ჩინეთს თავის მხრივ არ უხარია რეგიონში არსებულ მარშრუტებზე ამერიკის მიერ გაძლიერებული კონკურენტის გაჩენა.
საქართველოს სატრანზიტო როლი ბლოკირებული მარშრუტების პირობებში
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ყველა მარშრუტის დახურვისა და სომხეთ-თურქეთის სატრანსპორტო ხაზის გაუქმების შემდეგ, სომხეთი რეგიონული იზოლაციის პირობებში აღმოჩნდა, ხოლო აზერბაიჯანს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა სომხეთის გავლით ნახიჩევანთან ჰქონოდა კავშირი. ამ ფონზე, სომხეთისთვის საქართველო გახდა დასავლეთისკენ გამავალი ერთადერთი ფანჯარა.
აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განვითარებისა და ენერგეტიკული მილსადენების გატარების მიზნით. საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებამ, რომელიც ვეღარ გადაიზიდებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის ან სომხეთ-თურქეთის გზით, გადმოინაცვლა საქართველოს გავლით გამავალ მარშრუტზე.
საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის „შუა დერეფნის“ ფარგლებში (გეოსტრატეგიული სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით – ანუ რუსეთის და ირანის გვერდის ავლით); ხოლო სომხეთისთვის საქართველო გახდა სასიცოცხლო არხი.
გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად საქართველომ მიიღო ეკონომიკური სარგებელი, განვითარდა ლოგისტიკური ჰაბები ფოთში, თბილისში და ახალქალაქში, ქვეყნის გეოპოლიტიკური წონა რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა.
საერთაშორისო ტვირთებისთვის მარშრუტები შეიზღუდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც. შედეგად, „შუა დერეფანი“ თითქმის უალტერნატივო გზა გახდა ევროპიდან ჩინეთში და პირიქით მიმართულებაზე ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
რა გავლენას მოახდენს ახალი მარშრუტების ამოქმედება
ზანგეზურის დერეფნის, უფრო სწორედ TRIPP პროექტის ამოქმედება რეგიონში ახალ რეალობას ქმნის და ექსპერტების პროგნოზით, საქართველოსთვის ტვირთების არათუ მოზიდვას, არსებულის შენარჩუნებასაც მნიშვნელოვნად ართულებს. ზანგეზურის მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და შემდეგ თურქეთთან აკავშირებს, რეგიონში უფრო მეტი ტვირთის მოზიდვის და გატარების საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო რკალი იკვრება, რაც სპეციალისტების შეფასებით რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებას გამოიწვევს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე აცხადებს, რომ ვინც უფრო კონკურენტული იქნება და ვინც უფრო კარგ, ხარისხიან სერვისს შემდეგ შესთავაზებს კერძო სექტორს, ის იქნება მოგებული. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან უპირატესობებს კარგავს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ტვირთების დაკარგვასაც.
„სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე სტრატეგიულ პარტნიორების ფაზაზე არიან. რეგიონში ჩვენ დავკარგეთ აბსოლუტურად ყველანაირი უპირატესობა, რაც გაგვაჩნდა და საერთოდ უკვე არცერთ გამოფენაზეც აღარ გვეძახიან. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ სასწრაფოდ მივუბრუნდათ შეცდომების გამოსწორებას როგორც ურთიერთობის, ასევე ციფრული სერვისების გაუმჯობესების ნაწილში. რკინიგზა იქნება თუ სახმელეთო გზა, ამ მატარებელს არ უნდა ჩამოვრჩეთ, რომელიც ზანგეზურის კორიდორის სახელით არის ცნობილი და რომელზეც უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო“, – ამბობს ალავიძე.
კონტეინერული გადაზიდვების კომპანია COSCO Shipping Lines-ის კომერციული მენეჯერი საქართველოში გივი ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ამოქმედება საქართველოზე გამავალ ტვირთნაკადებს შეამცირებს:
„ეს არის გეოპოლიტიკურად ალტერნატივის შექმნა საქართველოსთვის იმიტომ, რომ არასტაბილურ მესიჯებს ხედავენ ჩვენი რეგიონიდან. კონცენტრატების ძირითადი მოცულობა მოდის სომხეთიდან. მე არ გამიკვირდება, რომ სომხეთიც ერთი მხრივ იძულებულიც გახდეს და კომერციულადაც დააინტერესონ, რომ თავიანთი ტვირთები გაიტანონ ზუსტად ზანგეზურიდან, გავიდნენ ნახიჩევანში, შევიდნენ თურქეთში და იქიდან მერე დისტრიბუცია გააკეთონ. ჩვენთან, საქართველოში თუკი ტვირთი მოხვდება აზიიდან, დიდი ნაწილი, 90% გამოივლის აზერბაიჯანს. შესაბამისად, აზერბაიჯანს ექნება რესურსი, რომ ალტერნატივა შესთავაზოს, არ გამოუშვას ტვირთები საქართველოს გავლით და გაუშვას ამ ახალი დერეფნის გავლით“, – ამბობს ჩაჩანიძე.
ბაქო-გიუმრი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება – კიდევ ერთი კონკურენტი საქართველოზე გამავალი მარშრუტისთვის
15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები გიუმრი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული – „გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ამოქმედების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები ჩაატარებენ აუცილებელ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს“.
როგორც ორგანიზაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) აღნიშნავს, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა გასული წლიდან აქტიურად განიხილებოდა.
გიუმრი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენა შესაძლებელი გახდა ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორ ქვეყანას შორის ახალი მარშრუტის ჩამოყალიბებას.
იმ პირობებში, თუ გიუმრი-ყარსის მონაკვეთის პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზა გაიხსნება (ეს საკითხიც უკვე განიხილება), ბაქო-გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსის ამჟამინდელ მარშრუტზე მოკლეა, სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს კი, დამატებით დააქვეითებს შუა დერეფნის ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო განშტოების მიმზიდველობას.
„იმ ვითარებაში, თუ გიუმრი-ყარსის მონაკვეთის აღდგენით თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტი შეიკვრება, ასეთ შემთხვევაში ახალ მიმართულებას, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ბაქო-თბილისი-ყარსის განშტოების ალტერნატივად ჩამოყალიბების პერსპექტივა გაუჩნდება.
გიუმრი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურა, 1993 წლიდან დახურულია და არ ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, სომხეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე.
ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თურქეთთან დამატებითი სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სომხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. ამის დასტურად, ჯერ კიდევ 2022 წელს, თურქულმა მხარემ სომხეთის საზღვრის გასწვრივ განაღმვითი სამუშაოები დაიწყო.
იმავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში მკაფიოდაა ხაზგასმული, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების „ჩიხიდან“ გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნულია TCRC‑ის სტატიაში.
თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლევა დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.
„აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი-მარაბდის 152 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის და ახალი მარაბდა-კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.
სანაცვლოდ სომხეთ-თურქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება“, – მიაჩნიათ სატრანსპორტო კვლევის ცენტრში.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, სომხურმა მხარემ საკმაოდ კარგად შემოინახა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, არც უზარმაზარ ფულს და არც დიდ დროს არ საჭიროებს მიმოსვლის აღდგენა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, საქართველო, რომელსაც რეგიონში აქამდე არსებული კონფლიქტები სატრანზიტო ფუნქციას უზრდიდა, უახლოეს მომავალში მძაფრი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდება. თუ საქართველომ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობა არ გამოასწორა, ეს უკვე სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვაშიც აისახება. იმ პირობებში, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იკლებს, რუსეთის მოსაწონი პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს სულ უფრო შორდება. არც აღარავინ იქნება იძულებული საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენოს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა, აზერბაიჯანთან სამმხრივი, TRIPP-ის პროექტში თანამშრომლობს. საქართველოს მთავრობის შეცვლილ პოლიტიკურ კურსს შარშან ამერიკის შეერთებული შტატებიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა, 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა.
თემურ იობაშვილი

