ქვეყნის მოსანახულებლად ჩასული ტურისტებისთვის, სოფლებისა და პატარა, მშვიდი ქალაქების დათვალიერება ერთგვარი ტრენდია. ეს ადგილები თითქმის არასდროს ხვდებიან დარგის მარკეტინგის სამახსოვრო ბუკლეტებში, სამაგიეროდ, მოგზაურთა მეხსიერებაში კარგა ხანს რჩებიან. ბევრისთვის შეუმჩნეველ ამ ტურისტულ მარგალიტებში პრაქტიკულად ვერ შეხვდებით დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელ, მუზეუმებთან გაწელილ რიგებს.
შვეიცარიის მთებში მდებარე თვალწარმტაცი მყუდრო პატარა ქალაქებით დაწყებული, აშშ-ის სანაპირო რაიონებით და დახატული მრავალფეროვანი პეიზაჟის მსგავსი იაპონიის პატარა სოფლებით გაგრძელებული, მსოფლიოში იმდენად ბევრი ლამაზი მცირე დასახლებაა, რომ მათ მოსანახულებლად ერთი სიცოცხლე საკმარისი არ არის. მაგრამ, რის მოსწრებასაც შეძლებს, ადამიანმა ნამდვილად უნდა სცადოს და დაათვალიეროს.
1.როტენბურგ-ობ დერ ტაუბერი (გერმანია)
როტენბურგ-ობ დერ ტაუბერი (ღოტჰენბურგ ობ დერ თაუბერ) ან როტენბურგი მდინარე ტაუბერზე თითქმის 12 000 მცხოვრებით დასახლებული ზღაპრული ქალაქი ბავარიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და საოცარი სილამაზით გამოირჩევა: კოხტა ხის სახლები ფანჯრებზე ნაირფეროვანი ყვავილებით მორთული ყუთებით, ქვაფენილიანი ქუჩები და გზებს ჩაყოლებული თბილი ნათების მოციმციმე ლამპიონები.
ქალაქს შუასაუკუნოვან არქიტექტურასთან ერთად ტრადიციული რესტორნები და ძველი ციხესიმაგრეც კი ამშვენებს. 1388 წელს, როტენბურგ-ობ დერ ტაუბერის გავლენიანმა ბურგომისტრმა, ჰაინრიხ ტოპლერმა, ქალაქის დასავლეთ კიდეზე, ტაუბერის ველზე, ააშენა მცირე ზომის ციხესიმაგრე – ტოპლერის კოშკი (თოპპლერსცჰლöსსცჰენ). შენობა წარმოადგენს გვიან შუასაუკუნეების საცხოვრებელ კოშკს, რომელიც ერთდროულად ასრულებდა საცხოვრებელი სახლისა და თავდაცვითი ნაგებობის ფუნქციას. ამიტომ, მის უნახავად აქედან წასვლა უსამართლობა იქნება. კიდევ უფრო ჯადოსნური შთაბეჭდილებების მისაღებად, გირჩევთ ამ ქალაქს შობის დღესასწაულზე ეწვიოთ, როცა იქაურობა ქათქათა თოვლით არის დაფარული და იმართება საშობაო ბაზრობა. სწორედ მაგ პერიოდში თქვენც შეგეძლებათ თავი საშობაო ფილმის პერსონაჟად იგრძნოთ.
2. ვაე რებო (ინდონეზია)
ინდონეზიის ფლორესის კუნძულზე ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელ ვაე რებოში (ჭაე ღებო) მისასვლელად მცირე თავგადასავალი დაგჭირდებათ, თუმცა, ეს ყველაფერი აქაური პეიზაჟების სანახავად ნამდვილად ღირს. UNEშჩO-მ ვაე რებოს 2012 წელს აზია-წყნარი ოკეანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჯილდო – Aწარდ ოფ Eხცელლენცე მიანიჭა. მართალია, ეს არ ნიშნავს UNEშჩO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას, მაგრამ ეს რეგიონული აღიარებაა და ენიჭება იმ გამორჩეულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ვაე რებოს შემთხვევაში, ჯილდო მიენიჭა მბარუ ნიანგის ტრადიციული სახლების აღდგენის პროექტს, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი თემის და არქიტექტორების თანამშრომლობით.
ამ ფაქტორმა, კუნძულ ფლორესზე მდებარე იშვიათი სანახაობების დათვალიერების მსურველთა გეოგრაფიაზე დიდი გავლენა იქონია. 2016 წელს ვაე რებოში მყოფ ინდონეზიელ მნახველებს პირველად გადააჭარბა უცხოელ ტურისტთა რიცხვმა. დღემდე ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.
ტურისტების მთავარი სამიზნე სწორედ მბარუ ნიანგის ტომის აბორიგენ მკვიდრთა კონუსური სახურავებიანი 7 ქოხი გახლავთ.
ახლოს მდებარე სოფელ დინტორთან (Dინტორ), რომელიც მდებარეობს ინდონეზიის აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას რეგიონში, განთავსებულია „ლოჯი „ვაე რებო“ (ჭაე ღებო Lოდგე Dინტორ) – ვაე რებოს სტუმართა ე.წ. ქალაქგარე რეზიდენცია. მასში გადახდილი თანხის 10% ავტომატურად მიემართება ნახსენები თემის მხარდაჭერის ფონდში.
3.სიდი ბუ საიდი (ტუნისი)
ბერძნული სანტორინი და მიკონოსი, რა თქმა უნდა შესანიშნავი კუნძულებია, მაგრამ ორივე მეტისმეტად ხალხმრავლობით გამოირჩევა. ამიტომ, თუ გსურთ მსგავსი ესთეტიკა უფრო მშვიდ გარემოში, ტუნისში მდებარე ქალაქი სიდი ბუ საიდი (შიდი Bოუ შაიდ) შესანიშნავი ალტერნატივაა. თითქმის 6000-იანი ქალაქი ქვეყნის დედაქალაქიდან 20 კილომეტრშია და თავმოსაწონი ძალიან ბევრი აქვს. თოვლივით ქათქათა შენობებს გუმბათოვანი სახურავები ამშვენებს, ხოლო საბერძნეთის მსგავსად, საფირონისფერი ლურჯი დეტალები ანდალუსიური სტილის ელფერს მატებს ქალაქის იერსახეს.
ქალაქს სახელი ეწოდა ისლამის ცნობილი მქადაგებლის – სიდი ბუ საიდის (XII საუკუნე)პატივსაცემად, რომელიც სწორედ აქ არის დაკრძალული. XVIII საუკუნეში ოსმალთა იმპერიის ვეზირებმა და ტუნისელმა დიდგვაროვნებმა ამ ადგილას საზაფხულო რეზიდენციები აიშენეს, რამაც ქალაქის არქიტექტურული მრავალფეროვნება კიდევ უფრო გაამდიდრა. დღეს სიდი ბუ საიდი გამოირჩევა პალმებით მოფენილი ქუჩებით, სამხატვრო გალერეით და ტრადიციული ტუნისური არქიტექტურით. ღირსშესანიშნაობათა მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ტუნისის უგემრიელესი სამზარეულოთიც დატკბეთ.
4. კარმელ-ბაი დე-სი (აშშ)
კალიფორნიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მონტერეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს 3.000-იანი მომხიბვლელი ქალაქი კარმელი. მისი ცენტრალური ნაწილი კარმელ-ბაი-დე-სი (ჩარმელ-ბყ-ტჰე-შეა) ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება.
ქალაქის დაკლაკნილ, თითქოს მოუწესრიგებელ ქუჩებში მნახველი ბევრ საინტერესოს ნახავს: აქ მიმოფენილია მრავალფეროვანი სახელოსნოები, კაფეები და გალერეები, რომლებიც სტუმრებს ხანგრძლივი შესწავლისკენ უფრო განაწყობს, ვიდრე „გადარბენით დათვალიერებისკენ“.
აქაურობას საფუძველი 1902 წელს ჩაეყარა. ცოტა ხანში (1906) სან-ფრანცისკოს დამანგრეველმა მიწისძვრამ ძალიან ბევრი მხატვარი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი თუ მწერალი იძულებული გახადა თავი კარმელისთვის შეეფარებინა. ასე იქცა იგი კალიფორნიის ხელოვნების დედაქალაქად, სადაც თავის დროზე უცხოვრიათ მწერალ ჯეკ ლონდონს და პოეტ რობინსონ ჯეფერსს.
„თითქოს ზღაპრიდან გადმოსული კლასიკური სოფელი, რომელიც გადასარევ ზღვისპირა ქალაქს მეზობლობს“, – აი მოკლედ ასე შეიძლება კარმელის დახასიათება.
ქალაქს უკავშირდება ერთი უცნაური კანონი – ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, 1963 წლიდან აქ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ფორმალურად აკრძალულია და დღემდე ძალაშია. რადგან ქუჩები არ არის განათებული და ტროტუარებიც ხშირად არათანაბარია, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ტრავმების თავიდან ასაცილებლად ხალხს მხოლოდ ნებართვის საფუძველზე შეეძლოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. პოლიცია არავის აჯარიმებს და უფასო ნებართვასაც ტურისტები როგორც ქალაქის სუვენირს, ისე იღებენ.
1986 წელს, აქაურებმა ორწლიანი ვადით ქალაქის მერად ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი აირჩიეს. ისტვუდმა მერად კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალაქის საბჭომ მის საკუთრებაზე ოფისის აშენებაზე შეზღუდვები დაუწესა. მან კამპანია წამოიწყო ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და ბიუროკრატიის შემცირების დაპირებით. მერად არჩევის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ქალაქში 1929 წლიდან მოქმედი ნაყინის გაყიდვის აკრძალვის გაუქმება.
5 ალბერობელო (იტალია)
ეს პატარა ქალაქი იტალიაში, აპულიის რეგიონის ბარის პროვინციაში მდებარეობს. ალბერობელო ცნობილია თავისი უნიკალური ტრულოებით – ტრადიციული სახლებით, რომლებიც აშენებულია მშრალი წყობის მეთოდით (დუღაბის გარეშე), კონუსისებური ქვის სახურავით და აქვს წინაისტორიული იერსახე).
1996 წელს UNEშჩO-მ ალბერობელო სწორედ ტრულოების გამო შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
გუმბათოვანი ტრულოები ამშვენებს ქალაქის ყველა მოკირწყლულ ქუჩას, განსაკუთრებით რიონე მონტის კვარტალს, სადაც ათასამდე ასეთი ნაგებობაა. მათი უმეტესობა დაფარულია ხვიარა მცენარეებით და ყვავილებით, რაც ქალაქს ზღაპრულ იერს ანიჭებს.
10.000-იანი ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ეს ისტორიული შენობები შიგნიდანაც დაათვალიერონ – ყველაზე ძველი XVI საუკუნეშია აშენებული. შესაძლოა გაგიმართლოთ და მასპინძელმა უფასოდ შეგახედოთ საკუთარ სამფლობელოში, თუმცა, როგორც წესი, ადგილობრივები ტურისტთა ცნობისმოყვარეობას საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.
6.ესპერანსი (ავსტრალია)
დასავლეთ ავსტრალია ყოველთვის იმსახურებს ადგილს ნებისმიერ ისეთ სიაში, რომელშიც საქმე ბუნების სილამაზეს ეხება. პატარა ქალაქი ესპერანსი – სულ რაღაც 13,000 მაცხოვრებლით, აუცილებლად უნდა იყოს ყველას მოგზაურობის გეგმაში.
აქაურობა მოფენილია შაქარივით რბილი ქვიშის პლაჟებით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლურჯი წყლებით, რაც სერფერებსა და მოცურავეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს.
ლაკი ბეის ყურეში, ზღვისპირა პლაჟზე შესაძლებელია თეთრი ქვიშა მეგობრულ კენგურუებთან გაინაწილოთ, ხოლო კეიპ ლე გრანდის ეროვნული პარკის სანაპირო წყლებში შესაძლოა ფოტოსესიისას ცელქ დელფინებთან და სელაპებთან პოზირებაც მოახერხოთ. ნაპირიდან არც ისე შორს კი, თვალს რამდენიმეტონიან ვეშაპებსაც მოჰკრავთ.
7.ოგიმაჩი (იაპონია)
ოგიმაჩი – ყველაზე დიდი დასახლებაა იაპონიის ალპურ რეგიონებში, შირაკავა-გოსა და გოკოიამას ტერიტორიაზე. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უხვთოვლიანი ადგილია. ამას დაუმატეთ გასშო-ძუკურის სტილში აგებული ფერმერთა სახლები, რომლებიც შოკოლადის კოლოფებს მოგაგონებთ და მიიღებთ პეიზაჟს, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.
ოგიმაჩში მდებარე თივის სახურავებიანი ხის უნიკალური სახლები 250 წელზე დიდი ხნის წინ ააშენეს. UNEშჩO-ს მიერ ისინიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს სახლები არანაკლებ შთამბეჭდავია გაზაფხულზეც – თვალწარმტაცი ტყეებისა და აყვავებული საკურას ხეების ფონზე.
და იცით რა იქნება ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი? ერთ-ერთ იმ უნიკალურ მრავალწლოვან სახლში თქვენც შეგიძლიათ ღამით დარჩენა, სადაც აგიზგიზებული ბუხრის ცეცხლზე გათბებით, მიირთმევთ იქაურ საკვებს, ზედ საკეს დააყოლებთ და დილით გასაოცარ ხედებსაც შეავლებთ მზერას.
8.გრინდელვალდი (შვეიცარია)
შვეიცარიის ბერნის ალპებში მდებარეობს პატარა ქალაქი გრინდელვალდი, რომელიც თითქოს ფილმ „მუსიკის ჰანგების“ კადრიდან არის გადმოსული. თოვლიანი მწვერვალებითა და მწვანე მდელოებით გარშემორტყმული ველი ნამდვილ ალპურ იდილიას ქმნის.
დაბლობზე მიმოფენილია ტრადიციული, შვეიცარიული ხის შალეები, რომლებიც ზამთარში იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, ვინც სეზონურ სპორტის სახეობებით არის დაინტერესებული და რეგიონის უდიდეს სამთო-სათხილამურო კურორტს სტუმრობს.
თოვლის დნობის შემდეგ აქაურობა სულ მინდვრის ყვავილებით ირთვება. 300 კილომეტრზე დაქსაქსული საფეხმავლო და ველომარშრუტები ტყეებს, მდინარეებსა და მოლივლივე ტბებს მიუყვება.
ვისაც მთების ქვემოდან დათვალიერება არ აკმაყოფილებთ, მათ ფერსტისა და იუნგფრაუიოხის მწვერვალებამდე საბაგირო გზით ასვლა შეუძლიათ, საიდანაც ალპების პანორამა კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
9.კლაქსვიკი (ფარერები)
კლაქსვიკი – ფარერის კუნძულებზე სიდიდით მეორე ქალაქია და მასში მხოლოდ 5,000 მოსახლე ბინადრობს. იგი კუნძულ ბორდოიზე მდებარეობს და მის ცენტრში მდინარე მიედინება, რომლის ორივე მხარეს მწვანე ფერდობებით დაფარული მწვერვალებია, ხოლო მოშორებით პირამიდის ფორმის მწვერვალი კუნოიარნაკი ჩანს.
ქუჩები სავსეა ფერადი ხის სახლებით და კაფეებით და ყავის მაღაზიებით. კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედები იშლება ბორანით გადაადგილებისას. ამ საშუალებით იოლად მიაღწევთ შავი ბაზალტის კუნძულ კალსოიმდე და იდუმალ შუქურა კალურამდე.
10 გუატაპე (კოლუმბია)
ამ ჭრელა-ჭრულა 6.000-იან პატარა ქალაქამდე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მედელინიდან აღმოსავლეთით თითქმის ერთსაათიანი მგზავრობა მოგიწევთ. დასამახსოვრებელი ფოტოსესიისთვის აქ იდეალური გარემოა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუატაპეში ყველაფერი მოხატულია – კიბეებითა და აივნებით დაწყებული, სახლის კედლებითა და ფანჯრის რაფებით დამთავრებული.
ვიდრე ქალაქში მდებარე 220 მეტრი სიმაღლის კლდის (ელ-პენიონ-დე-გუატაპე) მწვერვალისკენ მიმავალი 659 საფეხურის დაძლევას შეუდგებოდეთ, აუცილებლად დანაყრდით – ზედმეტი კალორიები ნამდვილად არ გაწყენთ. თავად ასვლის პროცედურას რაც შეეხება, მასში ადგილობრივი გამყოლი 2 დოლარს ითხოვს. კლდის თავზე დასათვალიერებელი მოედანია მოწყობილი, საიდანაც გარშემო მდებარე ტბებზე და კუნძულებზე თვალწარმტაცი ხედები იშლება.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

