ინფიცირებული ბაღების მოცულობა ამ დროისთვის 7 000 ჰექტარს აჭარბებს
ქართულ თხილზე მოთხოვნა გაიზარდა
ქართული თხილის საექსპორტო ღირებულება გაიზარდა. ცვლილება ადგილობრივ ბაზარსაც შეეხო და კარგი მოვლის შემთხვევაში, ფერმერებს მოსავლის გაყიდვა 10 ლარად და მეტადაც შეუძლიათ. ასეთი მაჩვენებლით, თხილის ფასი 2010 წლის დინამიკას დაუბრუნდა, რაც რეკორდული ნიშნული იყო. მაშინაც და ახლაც, თხილის ღირებულებაზე გავლენა გლობალურმა ფაქტორმა მოახდინა, კერძოდ, თურქეთში მოსავლის კლებამ, რამაც ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, პერსპექტივაც მეტია, თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული რისკი ემუქრება იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოში თხილის ხეების ხმობის სწრაფი პროცესი დაიწყო. ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთშიც, ამდენად დიდი რისკია, რომ ტენდენცია მასობრივი გახდეს, რაც ფერმერებს სამომავლოდ დიდად დააზარალებს.
რაც შეეხება საექსპორტო ფასს და მიღებულ შემოსავალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება _ 36%-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1.0 ათასი ტონა შეადგინა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197.0 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა). გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე“, _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ ეტაპზე ქართული თხილი 25 ქვეყნის ბაზარზე გადის, ექსპორტიორები კი აქტიურად მუშაობენ ისრაელის ბაზრის ათვისებაზეც.
ქართველი ექსპორტიორების ინფორმაციით, ქართულ თხილზე ფასის ზრდა თურქეთში არსებულმა საგაზაფხულო ყინვებმა გამოიწვია, მცენარეს კვირტები გაეყინა და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ ექსპორტზე მხოლოდ 600 ათასი ტონა თხილის გატანა შეძლო, რაც მათი პოტენციალის დაახლოებით, 60%-ია. თურქული თხილის დეფიციტი აისახა ფასზეც და 1 კილოგრამზე 10 დოლარი შეადგინა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6 დოლარს არ აჭარბებდა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსავლის აღება სრულად დამთავრდება, მოსავალი 40 ათას ტონაზე მეტი იქნება. „ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე ლათათიას განცხადებით, დღეს საექსპორტო ბაზრებზე თხილის ფასს დიდწილად თურქეთი განსაზღვრავს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართული თხილის ფასი 25-30 ცენტით იაფად ფასობს. ამის მიზეზი რეპუტაციული ზიანია, რომელიც ჩვენს პროდუქტს რამდენიმე წლის წინ მიადგა ფაროსანას გამანადგურებელი შემოსევის გამო.
იმ ავბედით წლებში ქართული თხილის ხარისხი თითქმის ნულამდე დაეცა, გამოსავლიანობა 10%-ს ჩამოსცდა. იყო შემთხვევები, როდესაც მოსავლის ჩაბარების დროს თხილს საგანგებოდ ამოწმებდნენ (მაგალითად, 20 ცალს გატეხდნენ და მხოლოდ მაშინ იბარებდნენ, თუკი 4-5 ცალი მაინც საღი აღმოჩნდებოდა, თუ არადა, მთელ პარტიაზე უარს ამბობდნენ). სწორედ იმ წლებში ქართული თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა და 1-1.5 ლარამდეც ჩამოვიდა. შემდეგ სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით მავნებლებთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო, თხილის ხარისხიც საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, ქართულმა პროდუქტმა რეპუტაცია ბოლომდე ჯერ მაინც ვერ აღიდგინა.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ხარისხი. მართალია, მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ გამოსწორდა და აშკარად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ ქართულმა თხილმა რეპუტაციული ზიანი განიცადა და ამის მიზეზია, რომ მისი ღირებულებაც განსხვავებულია, სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული თხილისგან განსხვავებით, ქართული პროდუქტი 25-30 ცენტით იაფად ფასობს.
ჩვენს კომპანიას თხილი 14 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. მოთხოვნის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ტოპ-5 პროდუქტებს შორისაა თხილიც, პირველი ადგილი ფსტას უკავია. მოხმარება იმდენად მზარდია, რომ წარმოება ვერ ეწევა, შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე, შარშანდელთან შედარებით, ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. თხილს დიდი საექსპორტო ღირებულება გააჩნია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხარისხის გაუმჯობესდეს და რეპუტაციაც აღვიდგინოთ.
ექსპორტის მხრივ და საფასო ნაწილშიც, პერსპექტივა დიდია, ამისკენ არის მწარმოებლების ყურადღებაც მიმართული. ისინი ცდილობენ, რომ პრემიუმ სეგმენტში შეძლონ შესვლა, რასაც ზოგიერთი ახერხებს კიდეც. ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება და ახლო მომავალში მაქსიმალურად შევძლებთ იმ პოტენციალის ათვისებას, რაც ქართულ თხილს გამოარჩევს“, _ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ფაქტს, რომ ხარისხთან დაკავშირებული მდგომარეობა გამოსწორდა, ჩვენთან საუბრისას მეწარმეები და ფერმერებიც ადასტურებენ, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ რისკზეც, რაც თხილის ხეების ხმობამ შეიძლება გამოიწვიოს.
გარეგნულად სრულიად საღი მცენარე შეიძლება 1 დღეში გახმეს
ზუგდიდში მდებარე თხილის შემნახველი საწარმოს, კომპანია „ჯეო იუესის“ დამფუძნებლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მთელი პლანტაციები გახმა. პირველად ამ სოფელში გაჩნდა პრობლემა და სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომ რეგიონს მასობრივად არ მოედოს დაავადება, როგორც თავის დროზე ფაროსანას შემთხვევაში მოხდა.
გარდა ამისა, ლაშა შენგელიამ ისაუბრა, თუ როგორია ქართული თხილის გამოსავლიანობის მაჩვენებელი და რამდენად შეესაბამება სტანდარტს, რაც ზოგადად პროდუქტის მიმართ მოქმედებს და ფასსაც განსაზღვრავს.
„გამოსავლიანობა ითვლება პროდუქტის საღი გულის რაოდენობის შესაბამისად და სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებულია. ამ მხრივ გავლენას ახდენს როგორც კლიმატი, ასევე მოვლის პირობები, რაშიც ფერმერების წვლილი დიდია. ჩვენს საწარმოს 500 ტონა თხილის შენახვის რესურსი აქვს, თუმცა, საშუალოდ, 200 ტონამდე ვიღებთ. თუკი წინა წლებში გამოსავლიანობა 25-27%-ს იშვიათად აჭარბებდა, წელს ეს მაჩვენებელი 38-40%-ის დონეზეა. ჩაბარებული მოსავლის დაახლოებით 80% ასეთია. ევროპულ ბაზრებზე კი სტანდარტი 60-80%-ის ფარგლებშია.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერების მხრიდან სამეურნეო უნარ-ჩვევების შესწავლას. ბევრი მიხვდა ამას და რადიკალურად შეცვალა მიდგომა, შედეგიც გაცილებით უკეთესი აქვთ იმ შინამეურნეებისგან განსხვავებით, რომლებმაც თხილის პლანტაციებს ვერ მოუარეს ან ძალისხმევა დააკლდათ. საწარმოში მიღებული პროდუქტის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ქართული თხილი საშუალოზე დაბალია, ვისაც თხილი შენახული აქვს, 80%-ს ეს პრობლემა არ აქვს.
უნდა ითქვას, რომ ფერმერების უმეტესობა ინფორმირებულია, იციან, როგორ მოუარონ და შეინახონ მოსავალი, ამისთვის მნიშვნელოვანია თანაბარი ტემპერატურა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თხილს ჯერ კიდევ მამაპაპური მეთოდით აშრობს, ამ დროს დანაკარგი 20-30%-ს აღწევს, რაც საგანგაშოა. ვინც სტანდარტის და პროტოკოლის დაცვით მოიყვანა მოსავალი, 1 კილოგრამ თხილს 10 ლარად და მეტადაც ყიდის, თუმცა არაერთ შემთხვევაში, დაბალი ხარისხის გამო, ხალხს გაცილებით ნაკლებ ფასში უწევს თხილის გაყიდვა.
ახლა გაურკვეველი დაავადებაა გავრცელებული, ბაქტერია აზიანებს მცენარეებს და ეს არის მიზეზი, რომ დროზე ვერ აიღეს მოსავალი. მასობრივი სახე თუ მიიღო, საგანგაშო შედეგის წინაშე დავდგებით. იმედია, აქამდე არ მივა საქმე და დროულად გატარდება პრევენციული ზომები.
რაც შეეხება დაავადების მახასიათებელს, ძირი ხმება ერთ დღეში. შეიძლება, გარეგანი დათვალიერებით არაფერი ჩანდეს, საღი იყოს ხე და მოულოდნელად დაიწყოს ხმობა, მოსაჭრელი გახდეს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლაშა შენგელიამ.
სამეგრელოსგან განსხვავებით, თხილი კახეთში, სულ მცირე, 2 ლარით ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ საფასო სტანდარტი ერთნაირია, ხარისხის გამო პროდუქტის შემსყიდველები კახეთში მიღებულ პროდუქტში გაცილებით მეტს იხდიან. როგორც ლაგოდეხელი ფერმერი ვაჟა ლაღაძიშვილი ამბობს, თხილის ფასს კახეთში განსაზღვრავს მაღალი გამოსავლიანობა, რომელიც 45-50%-ის დონეზეა და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
„კახეთის კლიმატი თხილს ძალიან მოუხდა. წლებია, რეგიონში მეთხილეობა ვითარდება და საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს. პლანტაციებიც უფრო ინტენსიურად იწამლება. შესაბამისად, ფაროსანას პრობლემა არ დგას, რაც სამეგრელოში ჯერ კიდევ ითვლება გამოწვევად.
რაც შეეხება თხილის ხმობის ცალკეულ ფაქტებს, რაც დასავლეთ საქართველოშია, ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა, თუმცა გარკვეული რისკი არსებობს. ველოდებით ინსტრუქციას, როცა პროტოკოლი შემუშავდება, ალბათ განისაზღვრება ბაქტერიასთან ბრძოლის საშუალებაც და შესაბამის ზომებს ჩვენც მივიღებთ.
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქტს, თხილის პლანტაცია 1 ჰექტარზე მაქვს გაშენებული, სამეგრელოსგან განსხვავებით, ჩვენთან მავნებლის პრობლემა არ დგას, რაც ფასზეც აისახა. თუკი ზუგდიდში 1 კგ თხილი, საშუალოდ, 8 ლარი ღირს, ჩვენს შემთხვევაში, 10 ლარია. ეს არის ანაკლიური ჯიშის თხილი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია. რამდენიმე ძირი „გავაზურაც“ მოვსინჯე, საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა და სტანდარტსაც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახელმა ფერმერმა.
თხილის მოსავლის მიმართ დიდი ინტერესია იმერეთშიც, სადაც ფერმერებმა საკმაოდ კარგ წარმატებას მიღწიეს და გამოსავლიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ლევან რუხაძემ წელს 6 ტონამდე მოსავალი მიიღო და თხილის პლანტაციების გაფართოებაც შეძლო.
2,5 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციიდან ფერმერი 15 ტონამდე თხილის მიღებას გეგმავს. კარგი მოვლის წყალობით, ლევანმა 1 კილოგრამი თხილის 11,50 ლარად გაყიდა, რაც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ხუთჯერ შევწამლე თხილი, ბოლომდე დავამარცხე ფაროსანა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ პლანტაციებს საფუძვლიანად მოვუარო. ცხადია, რისკებისგან ეს ვერ დამიცავს, თუმცა შემიძლია დანაკარგი შევამცირო და თუკი დროულად მივიღებ ზომებს, სხვა მავნებლებისა და ბაქტერიებისგანაც დავიცავთ.
მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვაკლებ, თხილის ხმობის ერთი შემთხვევა ჩემთანაც დაფიქსირდა. არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, ბაქტერია ჯერ კიდევ შემოწმებას გადის, ამიტომ მაინც დავიჭირე თადარიგი და ნარგავები შევწამლე. როცა მეცოდინება, რა მავნებლებთან გვაქვს საქმე და პროტოკოლი შემუშავდება, შესაბამის ზომებს კიდევ მივიღებ“, _ გვითხრა ლევან რუხაძემ.
მისი თქმით, მიღებულ მოსავალს ადგილზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ, როცა წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შეძლებს, ექსპორტზეც მოსინჯავს ძალებს, რის პოტენციალიც რეგიონში საკმაოდ დიდია.
„წელს ამინდი სახარბიელო არ იყო, აქაც შექმნა ტენიანობამ პრობლემა, მაგრამ კარგად მოვუარეთ და მოსავალი გადავარჩინეთ. თურქეთს ამ მხრივ არ გაუმართლა, იქ უფრო მკაცრი კლიმატი დაფიქსირდა, რამაც ქართულ თხილს მეტად გაუხსნა გზა. ჩემს შემთხვევაში, გამოსავლიანობა 45%-ია, ეს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად მიიჩნევა, თუმცა შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ ეს მაჩვენებელი და ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ“, _ განაცხადა ლევან რუხაძემ.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში თხილის ხეების ხმობის სავარაუდო მიზეზი ბაქტერია „ფსევდომონაა“, რომლით ინფიცირებული ბაღების მოცულობა ამ დროისთვის 7 000 ჰა-ს აღწევს. დაავადება განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოშია გავრცელებული.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მასთან ბრძოლისთვის ბაღების ოთხჯერ შეწამვლაა საჭირო, ხარჯი ჰა-ზე კი 1300-1500 ლარს აღწევს.
„პირველად 5 წლის წინ მოვახდინეთ ამ დაავადების იდენტიფიკაცია, ეს გამოიხატება ბუჩქების უეცარი ხმობით. ივლისიდან იწყება ფოთლების გაყვითლება და 10 დღეში მთლიანად ხმება. შარშან ჩემი პლანტაციის მაგალითზე 20% გახმა, წელს უკვე ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გაისხლა ან ნიადაგი დამუშავდა.
გურიაში ბევრად უფრო მწვავედ არის გავრცელებული ვიდრე სამეგრელოში, თუმცა პრობლემა ძირითადად ამ ორ რეგიონში ვრცელდება.
იტალიელი და თურქი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმდენად სწრაფად ხმება მცენარე, რომ ამ პროცესში სხვა დაავადებაც უჩნდება და ძნელია მიზეზის იდენტიფიცირება, მაგრამ ერთობლივად მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის „ფსევდომონა“, ბაქტერია რომელიც საკმაოდ რთულია. შეჩერება შესაძლებელია სპილენძის მინარევების დამუშავებით წელიწადში 4-ჯერ, ნოემბერ-დეკემბერში და ასევე გაზაფხულზე 2-ჯერ შეწამვლით. ყველა პროცედურას 1 300 ლარის აგროქიმიკატი სჭირდება 1 ჰა-ზე, რაც ფერმერისთვის რთული გადასახდელია. იმედი გვაქვს, რომ დახმარების მექანიზმი ამოქმედდება. პრობლემა რთულია და ვადებიც შემცირებულია“, _ განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობა ბაქტერიული დაავადებით არის გამოწვეული. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან დასავლეთ საქართველოში ათობით ჰექტარზე დაზიანებული თხილის ბაღების მოკვლევა იგეგმება. მომსახურების შესყიდვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აპირებს. ცენტრმა 12 აგვისტოს გამარტივებული შესყიდვა მოითხოვა. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა. შესყიდვის ღირებულება 15 000 ევროს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს დაფიქსირებულია თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის _ ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის, ასევე გურიის რეგიონის _ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
ლევან ნატროშვილი

