Homeააფ-მედიაევროპასთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე საქართველოსთვის

ევროპასთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე საქართველოსთვის

Published on

spot_img


რა გავლენას იქონიებს ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული სვლის ვექტორზე უარი თქვა და ჩინეთის მიმართულებით გადაიხარა, აგრეთვე რუსეთის სასარგებლო ქმედებები თუ რიტორიკა დაუფარავად გააჩაღა – ევროპასთან ურთიერთობის საკითხები მნიშვნელოვნად გაურთულდა. გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა წელს პარლამენტში შეტანილი და შემდეგ უკან გაწვეული „გამჭვირვალობის კანონი“ კვლავ პარლამენტში შემოაბრუნა, მერე კი საყოველთაო შიდა თუ საგარეო პროტესტის ფონზე მაინც მიიღო, საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია და რეპრესიები გაატარა – ევროპის მხრიდანაც საპასუხო რეაქციები გამოიკვეთა. დღის წესრიგში დადგა 2017 წლიდან საქართველოსთვის ამოქმედებული ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.
ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ, რომ ქვეყანა დააბრუნონ ევროპული მიმართულების რელსებზე – მდგომარეობას არ ცვლის. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ჯერ კიდევ შარშან გამოკვეთა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა.
პირველად უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი საჯაროდ გამჟღავნდა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ 2024 წლის დეკემბერში, ბრიუსელში, სამუშაო დოკუმენტის სახით, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა და გაავრცელა. დოკუმენტში განხილულია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესაძლებლობა, როგორც პასუხი საქართველოს მთავრობის „ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხად ხან გაკვირვებული ამბობდნენ – გაუგებარია, რა მიზეზით უნდა შეგვიჩერონ უვიზო რეჟიმიო, ხანაც – უვიზო რეჟიმზე მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტი და ევროპელებისგან კარნახის გარეშე გადაწყვეტილებების მიღებააო. ასეა თუ ისე, დღემდე მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა და დღის წესრიგში კვლავ დგას უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იმ სავარაუდო გავლენაზე, რაც შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერებამ გამოიწვიოს.

ხელისუფლების თავდაპირველი რეაქციები
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში 2024 წლის დეკემბერში, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე გააქტიურდა. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს თქვა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი განიხილება. ჰერჩინსკის განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ „გამჭვირვალობის“, იგივე ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანაში მასშტაბური პროტესტის ფონზე და თანაც, საპროტესტო, მშვიდობიანი აქციების სასტიკი დარბევა და რეპრესიების გატარება. გვახსოვს მომიტინგეების მიზანმიმართული სასტიკი ცემა, ძარცვა, დაპატიმრება, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და იმავდროულად, არცერთი მოძალადე პოლიციელი თუ სპეცრაზმელი პასუხისგებაში არ მიუციათ. საქართველოს ხელისუფლებას არ მოუხდენია სამართლებრივი რეაგირება არც პოლიციასთან შეთანხმებულად მოქმედი დამრბევი რაზმების ქმედებაზე, რომლებიც ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და მათ არც პოლიცია უშლიდა ხელს.
ამ ყველაფერმა ცხადია ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებში რეაქცია გამოიწვია და სწორედ ამიტომაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკამ იმატა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, იმის ნაცვლად, რომ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი მოეძებნათ, იქით შეუტიეს ევროკავშირს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს პარტიის ოფისში განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, რაც მიუღებელია.

გასულ ზაფხულში ევროპამ „ოცნება“ კიდევ ერთხელ გააფრთხილა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიის თავდასხმა უკიდურესად მზარდია. დღეს, ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების საკითხი და სხვადასხვა შესაძლებლობა, რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება“, – განაცხადა კალასმა.
შეხვედრის დაწყებამდე მან თქვა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება თუ მთავრობა გარკვეულ პირობებს არ დააკმაყოფილებს.
„ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან აქვს და ეს არის „დიდი სარგებელი, რასაც ევროკავშირი ქვეყნებს აძლევს“. მისივე თქმით, ამ რეჟიმის პირობებში მთავრობები იღებენ ვალდებულებებს, რომ დაიცავენ ფუნდამენტური უფლებებს, მათ შორის: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დისკრიმინაციის არ დაშვებას და ა.შ.
„ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს, არის ის, რომ უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა, ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია.
მათ მიეცათ ვადა აგვისტოს ბოლომდე პირობების შესასრულებლად. შემდეგ ჩნდება კითხვა, რა იქნება ჩვენი რეაქცია თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. როცა გვესმის მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი დაკავებულია ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ პუნქტებს, რაზედაც განვაცხადე. აქამდე ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება და უვიზო რეჟიმის წაღებას ნამდვილად ექნება მათზე გავლენა, თუმცა ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხიც. თუ ჩვენ ვაძლევთ სარგებელს, ბონუსს ამ ქვეყანას, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პირობებს, ამას მოჰყვება შედეგები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სერიოზულად არ უყურებს“, – განაცხადა კალასმა.

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე

ეკონომიკის ექსპერტების თქმით, პირველ რიგში, ვისაც უვიზო რეჟიმის შეჩერება ყველაზე აშკარად შეეხება, ტურისტული ბიზნესია. თუმცა, პირდაპირი თუ ირიბი გავლენა, სხვა სეგმენტებსაც და ხალხის საკმაოდ ფართო კატეგორიას შეეხება. ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლების პოზიცია ტრადიციულად ირონიული და დემაგოგიით გაჯერებულია.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი არ არსებობს. როგორც მან 21 ივლისს, ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ თქვა, ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ტექნიკური საკითხია და ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე: ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები. ვიზალიბერალიზაციას არავითარი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ ზრდასთან… ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მინუსიც აქვს, მიგრაციის წახალისება, რაც, მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.
„ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპზე“, – თქვა კობახიძემ.
რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა ტურისტულ ბიზნესში მყოფ ადამიანებში. კომპანია „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძის აზრით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება უარყოფითად აისახება როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე, რადგან პირდაპირი ავიარეისების რიცხვი შემცირდება.
„უვიზო რეჟიმის შეჩერება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს – ეს იქნება გაკოტრების ტოლფასი იმ ტურისტული კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ გამყვან ტურიზმზე იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში და ა.შ. მათ მოუწევთ სხვა ბაზრებზე გადაწყობა, მაგრამ სრულად მაინც ვერ გადაეწყობიან, რადგან არ არსებობს ალტერნატიული ბაზარი, რომელიც ევროკავშირს ჩაანაცვლებს. ამდენად, ვფიქრობ, ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქმიანობაში დიდი პრობლემები შეექმნებათ“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
„გარდა ამისა, ვფიქრობ, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები, ასევე კრიტიკული სტატიები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ავლას და ა.შ. უარყოფითად მოქმედებს მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ვიზიტორების სურვილზე, იმოგზაურონ საქართველოში. ასეთი ქვეყნებიდან ტურისტების უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ არ წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისი დახარჯული ფულით დიქტატორული თუ ავტოკრატიული რეჟიმების ეკონომიკას შეუწყობს ხელს – რუსეთში, ბელარუსში, ვენესუელაში ასეთი ტურისტები მოგზაურობისგან თავს იკავებენ“, – თქვა ცოტნე ჯაფარიძემ.
2025 წლის ოქტომბერში ევროპარლამენტმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი, რომელიც ევროკომისიას აძლევს უფლებას, დროებით ან სრულად აღადგინოს სავიზო მოთხოვნები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ევროკავშირის პრინციპებს ან ქმნიან უსაფრთხოების საფრთხეს.
ახალი მექანიზმი ევროკომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ დროებით ან სრულად გააუქმოს უვიზო რეჟიმი კონკრეტული ქვეყნისთვის, გადაწყვეტილება მიიღოს მარტივად და სწრაფად, საბჭოს დამატებითი თანხმობის გარეშე.
მიზეზები, რის საფუძველზეც შეიძლება შეჩერება:
ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა; გაეროს წესდების უგულებელყოფა; ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის შეუსაბამობა; დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება; ევროკავშირის უსაფრთხოების საფრთხე.
თუ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, სამუშაოდ, სასწავლებლად ან სამკურნალოდ წასულ პირებს დასჭირდებათ ვიზის აღება, რაც დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებს შექმნის.
მართალია, უვიზო რეჟიმი ეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს – 90 დღემდე, ყოველ 180 დღეში, შენგენის ზონაში, თუმცა, ამ ვიზიტებითაც საკმაო ადამიანი სარგებლობს.
ცხადია, სამუშაო, სასწავლო და სამკურნალო ვიზიტების დიდი ნაწილი ისედაც მოითხოვს ვიზას, თუმცა უვიზო რეჟიმი ხშირად გამოიყენება სასწავლო პროგრამის დაწყებამდე მოსამზადებლად; სამკურნალო კონსულტაციებისთვის; სამუშაოს ძიების ან გასაუბრების მიზნით; კონფერენციებზე, ტრენინგებზე და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას. უვიზოს შეჩერების შემთხვევაში ყველა მოკლევადიანი ვიზიტი (მათ შორის ტურისტული, საქმიანი, სამკურნალო, სასწავლო) დაექვემდებარება სავიზო მოთხოვნას. ვიზის აღება კი მოითხოვს წინასწარ განაცხადს; საბუთების წარდგენას (მოწვევა, დაზღვევა, ფინანსური გარანტია); საკონსულოში ვიზიტს; გადასახადს (დაახლოებით €80); დამატებითი დრო და ხარჯი შეაფერხებს სტუდენტების მობილობას; მცირე ბიზნესის წარმომადგენლების საქმიან ვიზიტებს; პაციენტების სწრაფ წვდომას ევროპულ კლინიკებზე.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე მოახდენს მრავალმხრივ უარყოფით გავლენას – განსაკუთრებით ტურიზმზე, შრომით მიგრაციაზე, განათლებაზე და ინვესტიციების მიმზიდველობაზე. ძირითადი ეკონომიკური ზემოქმედებებია:
● ტურიზმი და მომსახურების სექტორი
ევროპიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა შემცირდება, რაც პირდაპირ დაარტყამს სასტუმროებს, რესტორნებს, ტრანსპორტს და გიდების მომსახურებას.
ქართველი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა გაძვირდება, რაც შეამცირებს საერთაშორისო მიმოსვლას და ფულადი ნაკადების ბრუნვას.
● შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები
ათიათასობით ქართველი, ვინც მოკლევადიანად მუშაობს ევროპაში (მაგ. სეზონური სამუშაოები), დაექვემდებარება ვიზის მოთხოვნას, რაც:
გაზრდის ხარჯებს;
შეამცირებს სამუშაო შესაძლებლობებს;
ფულადი გზავნილები, რომლებიც მნიშვნელოვან წილს შეადგენს საქართველოს შემოსავლებში, შესაძლოა შემცირდეს.
● განათლება და პროფესიული მობილობა
სტუდენტებს და პროფესიონალებს, რომლებიც მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებში ან ტრენინგებში, დაეკისრებათ ვიზის ბარიერი, რაც:
შეამცირებს მობილობას;
დააზიანებს საერთაშორისო კავშირებს.
● ინვესტიციების მიმზიდველობა
უვიზო რეჟიმი იყო ერთ-ერთი დამატებითი სტიმული უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც აფასებენ ღია და ინტეგრირებულ გარემოს. მისი შეჩერება შეასუსტებს საქართველოს იმიჯს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ ქვეყანას.
● პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება
ევროპასთან ურთიერთობის გაუარესება შესაძლოა გამოიწვიოს სავალუტო ბაზრის რყევა, ინვესტორთა ნდობის შემცირება და საზოგადოებრივი იმედგაცრუება, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას დააზიანებს.
ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ათიათასობით მოქალაქე პირადად იგრძნობს ცვლილებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესზე და სოციალურ მობილობაზე აისახება.
„მოკლევადიან პერსპექტივაში მყისიერად დაარტყამს ფულადი სახსრების შემოდინებას, რომელსაც ჩვენ რემიტენსების სახელით ვიცნობთ და მისი ოდენობა წელიწადში 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამომუშავებული თანხა. რემიტენსების წილი ევროკავშირის ქვეყნებიდან დაახლოებით 50%, ეს რა თქმა უნდა, არ განულდება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს განახევრების შესაძლებლობა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – მინიმუმამდე შემცირების.
საშუალოვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, იმ ხალხს, ვისაც ტურიზმთან შეხების გარდა, საქმიანი ვიზიტები ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნებში, ცხოვრება გაურთულდება. მათ ან ვიზების რიგში მოუწევთ დროის დაკარგვა, ან საერთოდ უარს იტყვიან საქმიან შემოთავაზებებზე. მარტივად დავბრუნდებით იმ საფეხურზე, სადაც ვიზალიბერალიზაციამდე ვიყავით“, – ამბობს ალავიძე.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია მარტო ვიზაზე წვდომის შეზღუდვა არ არის, ეს გამოწვეულია იმ პოლიტიკური გადაცდომებიდან, რომლებიც ქვეყნის მმართველმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ჩაიდინა.
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ასევე გამოიწვევს ჩვენი, როგორც ქვეყნის რეპუტაციულ დაღმასვლას, რაც სუვერენულ რეიტინგზე პირდაპირ აისახება. შეგვეზღუდება დაფინანსების მიღება, როგორც დასავლური საფინანსო ინსტიტუტებიდან, ისე ქვეყნებიდან.
დაგვრჩება მხოლოდ ის რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მივიღეთ და აბსოლუტურად უვარგისია, თუ ეს პროცესი შეჩერდა. ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 0,5-2%-მდე გაგვიძვირდება იმ სუვერენული სესხების ღირებულება, რომელიც აღებული გვაქვს, უწევს დაფარვა და ამ განახლების საფასური გაიზრდება, რაც ბიუჯეტზე დამატებითი წნეხია. მოკლე ვადაში ეს თანხა ადვილად დათვლადია: წლის ბოლომდე თითქმის 800 მილიონი დოლარის დაფარვა გვიწევს, 2026 წლის I კვარტალში მილიარდ სამასი ათასის, საიდანაც განახლების ნაწილი თუ მინიმუმ 1%-ით გაგვეზარდა, მარტივად დასათვლელია, ეს ბიუჯეტს რამდენი დოლარით მეტი დაუჯდება.
პირდაპირ ხარჯს ასევე დაემატება ის მიუღებელი შემოსავალი, რომელიც უვიზო მიმოსვლას უნდა დაეგენერირებინა; ასე რომ, უვიზო მიმოსვლის გაუქმება უშუალოდ და პირადად შეეხება საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი უკვე დაამტკიცა ევროპარლამენტმა და ახლა ევროსაბჭოს საბოლოო თანხმობის მოლოდინშია. ახალი წესები დეკემბერში შევა ძალაში და საქართველოსთვის რეალური რისკი არსებობს. ევროკავშირის შიდა დოკუმენტებში საქართველოს მიმართ კრიტიკა გამოიკვეთა, მათ შორის: დემოკრატიული უკუსვლა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ევროპული ღირებულებების უგულებელყოფა. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება და კიდევ უფრო მეტად დააზარალოს რიგითი მოქალაქეები, საკმაოდ მაღალია.

თემურ იობაშვილი

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...