Homeუცხოეთიჰორმუზის სრუტის ბლოკადა შესაძლოა მსოფლიოში ინფლაციის ახალი ტალღის მიზეზი გახდეს

ჰორმუზის სრუტის ბლოკადა შესაძლოა მსოფლიოში ინფლაციის ახალი ტალღის მიზეზი გახდეს

Published on

spot_img

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირების ტენდენცია იყო, ირანში მიმდინარე ომმა კი მდგომარეობა შეცვალა. აშშ-ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ ახლო აღმოსავლეთში ენერგორესურსებზე ფასების ნახტომისებური ზრდა გამოიწვია, რაც გლობალური ინფლაციის კლების დინამიკას საფრთხეს უქმნის და ცენტრალურ ბანკებს სტრატეგიის სასწრაფო გადახედვისკენ უბიძგებს.ვნახოთ, მსოფლიო ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშესთან როგორ შეიცვალა მდგომარეობა და რა მაჩვენებელს მიაღწია წლიური ინფლაციის დონემ.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის 28 თებერვლამდე, ანუ ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე, ინფლაცია სტაბილურობისა და ზომიერი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ინფლაციის შეკავებას ხელს უწყობდა მეორადი ავტომობილების, სატრანსპორტო დაზღვევისა და გარკვეული საყოფაცხოვრებო საქონლის ფასების შემცირება. ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საპროცენტო განაკვეთებს 3,5%-3,75%-ის ფარგლებში ინარჩუნებდა. ომამდე არსებული პროგნოზით, 2026 წლის განმავლობაში განაკვეთების ოთხჯერ შემცირება იგეგმებოდა, რაც ინფლაციის დაძლევის ოპტიმიზმზე მიუთითებდა. ინფლაცია ამჟამად 2,4%-ის დონეზეა, თუმცა ფედერალური სარეზერვო სისტემა პროგნოზირებს მის ზრდას ომის გამო გამოწვეული ნავთობის ფასების მატების გამო.

ევროზონა

ირანთან ომის დაწყებამდე ევროზონაში ინფლაციის ძირითადად კლებისა და სტაბილიზაციის ტენდენცია შეინიშნებოდა. ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ვარაუდობდა, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდებოდა 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს. 2026 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1,7% შეადგინა, რაც ბოლო 16 თვის მინიმუმი იყო. თებერვალში, უშუალოდ ომის დაწყებამდე, მაჩვენებელი მოულოდნელად 1,9%-მდე გაიზარდა. ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი იყო მომსახურების სექტორი, სადაც ფასების ზრდამ თებერვალში 3,4% შეადგინა. ომის დაწყებამდე ბაზარი ელოდა, რომ ECB საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებდა, რადგან ინფლაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. თუმცა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბანკმა პროგნოზები შეცვალა და განაკვეთები უცვლელად, 2.0%-იან დონეზე დატოვა. იანვართან შედარებით, ინფლაცია თებერვალში 1,7-იდან 1,9%-მდე გაიზარდა. შესაბამისად მოიმატა ევროპის ცენტრალური ბანკის 2026 წლის პროგნოზმაც და 2,6%-ს მიაღწია.

დიდი ბრიტანეთი

ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის ინფლაცია სტაბილურობისა და სამიზნე 2%-იან ნიშნულთან დაახლოების მკაფიო ტენდენციას აჩვენებდა. 2026 წლის იანვარსა და თებერვალში ინფლაცია 3,0%-ზე დასტაბილურდა. ეს იყო მნიშვნელოვანი კლება 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან (3,4%) შედარებით და ყველაზე დაბალი ნიშნული 2025 წლის მარტის შემდეგ. ინგლისის ბანკის მიერ მკაცრად კონტროლირებადი მომსახურების სექტორის ინფლაცია იანვარში 4,4%-იდან თებერვალში 4,3%-მდე შემცირდა. ომის დაწყებამდე, ინგლისის ბანკი ელოდა, რომ ინფლაცია 2%-იან ნიშნულს უკვე 2026 წლის აპრილში მიაღწევდა. მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს საომარი მოქმედებები დაიწყო, ეკონომისტებმა პროგნოზები მკვეთრად შეცვალეს. ივარაუდება, რომ ნავთობზე ფასების ზრდის გამო ინფლაცია ბრიტანეთში კვლავ 4%-მდე ან მეტად გაიზრდება, რამაც საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირების იმედები დროებით მაინც, გადაავადა.

ჩინეთი

ჩინეთში, დასავლეთისგან განსხვავებით, ირანთან ომის დაწყებამდე სრულიად საპირისპირო გამოწვევა იყო. იქ პირიქით – თითქმის დეფლაციის საფრთხე იდგა. 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაცია თითქმის ნულოვან ნიშნულზე, 0.2%-ზე იყო. თებერვალში, უშუალოდ კონფლიქტამდე, ჩინური ახალი წლის გამო გაზრდილი ხარჯების ხარჯზე, მაჩვენებელი ზომიერად, 1,3%-მდე გაიზარდა.თებერვლის ბოლოს ირანში დაწყებულმა ომმა ჩინეთს განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა, რადგან ის მსოფლიოში ნავთობის ნომერ პირველი იმპორტიორია. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის დასაწყისში ინფლაცია დაბალი იყო, ნავთობის ფასის უცაბედმა ნახტომმა 100 დოლარს ზემოთ და მიწოდების გზების ჩაკეტვამ უკვე დაიწყო ჩინეთში ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯების მკვეთრი ზრდა. როდესაც ნავთობი ძვირდება, ძვირდება ყველაფერი — ელექტროენერგიიდან დაწყებული, ლოგისტიკით დასრულებული. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს შიდა მოთხოვნის გამო კი არ ეზრდება ფასები (რაც ეკონომიკის სიჯანსაღეზე მიანიშნებდა), არამედ გარე შოკის გამო. შესაბამისად, ეს უკვე სარისკო მოვლენად ითვლება. თუ ინფლაცია სწრაფად აიწევს, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს გაუჭირდება ეკონომიკის სტიმულირება (დაბალი საპროცენტო განაკვეთებით), რადგან ეს ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთი ახლა „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“ სიტუაციაშია – დეფლაციური ჭაობიდან კი ამოვიდა, მაგრამ ომით გამოწვეულ ინფლაციურ ხანძარში აღმოჩნდა.

ინდოეთი

ინდოეთში ყველაზე მსხვილ ნავთობიმპორტიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს ჩინეთსა და აშშ-ის შემდეგ. ირანში ომის დაწყებამდეც ქვეყანაში მყარი ეკონომიკური ზრდა და ზომიერი ინფლაცია იყო. თუმცა, სამხედრო ოპერაციამ ინდოეთიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. 2026 წლის დასაწყისში ინდოეთის წლიური ინფლაცია 4,8-5,1%-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის (RBI) მიერ კონტროლირებად დიაპაზონში ჯდებოდა. ქვეყანაც მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ დიდ ეკონომიკად რჩებოდა.ინდოეთი თავისი ნავთობის მოთხოვნის 85%-ზე მეტს იმპორტით იკმაყოფილებს. ნავთობის ფასის 100 დოლარს ზემოთ ასვლამ და ჰორმუზის სრუტის შეფერხებამ ქვეყანაში საწვავის და ლოგისტიკის ხარჯების მყისიერი ზრდა გამოიწვია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია უახლოეს პერიოდში 6%-იან ზღვარს გადააჭარბებს, რაც აიძულებს ინდოეთის ცენტრალურ ბანკს, უარი თქვას საპროცენტო განაკვეთების დაგეგმილ შემცირებაზე და ეკონომიკური ზრდის ტემპიც შესაბამისად, შენელდება.

თურქეთი

2021 წლიდან მაღალი ინფლაციით გამორჩეულ თურქეთში 2026 წლის თებერვლის ბოლოს ინფლაცია შენელების ფაზაში იმყოფებოდა, თუმცა, მაჩვენებლები გლობალურ დონესთან შედარებით მაინც მაღალი რჩებოდა. 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონე 30,7%-მდე შემცირდა, რაც ბოლო ოთხი წლის მინიმუმია. თებერვალში, ომის დაწყებამდე, მაჩვენებელი მცირედით, 31,5%-მდე გაიზარდა, რაც ძირითადად სურსათზე ფასების მატებას უკავშირდებოდა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვარში რეფინანსირების განაკვეთი 37%-მდე შეამცირა (38%-იდან). ირანთან კონფლიქტის დაწყებამ თურქეთისთვის, როგორც ენერგოდამოკიდებული ქვეყნისთვის, ახალი რისკები შექმნა: ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრმა მატებამ შეაჩერა ინფლაციის კლების პროცესი. მარტის შეხვედრაზე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შეაჩერა განაკვეთების შემცირება და ის 37%-ზე დატოვა, რათა გეოპოლიტიკური რისკების გავლენა შეეფასებინა. თურქული ლირა დოლართან მიმართებით 43,96 ნიშნულამდე გაუფასურდა, რამაც იმპორტირებული საქონელი კიდევ უფრო გააძვირა. ომამდე თურქეთი წარმატებით ებრძოდა ჰიპერინფლაციას და 2024 წლის მაჩვენებელი 75% ჩამოვიდა 31%-მდე, თუმცა ირანის კონფლიქტმა ეს პოზიტიური დინამიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რუსეთი

ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე, რუსეთში ინფლაცია შენელების ტენდენციას აჩვენებდა, თუმცა, მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა 2024-2025 წლების ეკონომიკის „გადახურების“ შემდეგ. მაგ წლებში, სამხედრო წარმოებაში ჩადებულმა გიგანტურმა თანხებმა ინფლაცია მნიშვნელოვნად გაზარდა. 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 6,0% იყო, ხოლო თებერვალში, უშუალოდ ომის დაწყებამდე, მცირედით დაიკლო და 5,9% შეადგინა. ინფლაციის კლების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება. 13 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი 15,5%-მდე ჩამოვიდა. ინფლაციის შენელებას თან სდევდა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი დამუხრუჭება. 2026 წლის დასაწყისისთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი მხოლოდ 0,8-1%-ს შეადგენდა. სამხედრო ხარჯების მაღალი დონე კვლავ რჩებოდა ინფლაციის მთავარ ფუნდამენტურ გამომწვევად, მიუხედავად ცენტრალური ბანკის მცდელობისა, შეემცირებინა ფასების ზრდის ტემპი.იმის მიუხედავად, რომ ომამდე ინფლაცია მცირდებოდა, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის მდგომარეობა შეიცვალა. ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ ნავთობის ფასი გაზარდა, რამაც რუსეთის ბიუჯეტში დამატებითი ვალუტა შეიტანა. მიუხედავად ამისა, მარტის შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საგარეო გარემოში გაურკვევლობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც შესაძლოა ინფლაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ომამდე რუსეთი წარმატებით ახერხებდა ინფლაციის 6%-იან ფარგლებში შენარჩუნებას, თუმცა, ეკონომიკა მაინც სტაგნაციას უახლოვდებოდა.

იაპონია

მსოფლიო ეკონომიკის კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო მოთამაშე იაპონია აგრეთვე ინფლაციის ზრდის რისკის წინაშე აღმოჩნდა. ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე, იაპონიაში ინფლაცია შენელების მკაფიო ტენდენციას აჩვენებდა და ბოლო ოთხი წლის მინიმუმამდე შემცირდა. წლიური ინფლაცია იანვარში თუ 1,5% იყო, თებერვალში, უშუალოდ ომის დაწყებამდე, 1,3%-მდე შემცირდა. ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ.ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო მთავრობის მიერ ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფებზე დაწესებული სუბსიდიების განახლებით. მიუხედავად იმისა, რომ ომამდე ინფლაცია მცირდებოდა, ირანთან კონფლიქტმა იაპონიის ეკონომიკა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. იაპონია თითქმის სრულად დამოკიდებულია ნავთობის იმპორტზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდა ინფლაციას დამატებით 0,3-0,7%-ს შემატებს. იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მარტის შეხვედრაზე განაკვეთები უცვლელად, 0,75%-ზე დატოვა. ომის დაწყებამდე ბანკი ელოდა ფასების სტაბილურ ზრდას 2%-მდე, თუმცა ომით გამოწვეული „მიწოდების შოკი“ ართულებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების პროცესს. ომამდე იაპონია წარმატებით ახერხებდა ფასების ზრდის ტემპის შენელებას 1,3%-მდე, თუმცა ომმა პოზიტიური დინამიკა შეაჩერა და ფასების ხელახალი ზრდის რისკები გააჩინა.

ირანი

აქვე, ომის მთავარი ეპიცენტრის, ირანის მდგომარეობასაც შევეხოთ. ირანის ეკონომიკა ომის დაწყებამდეც ქრონიკულად მაღალი ინფლაციის პირობებში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წლიური ინფლაციის 30%-მდე შემცირებას გეგმავდა, 2026 წლის იანვრისთვის მაჩვენებელმა 50%-იან ნიშნულს გადააჭარბა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სურსათზე ფასების ზრდამ 90%-ს, ხოლო მედიკამენტებზე 110%-ს მიაღწია. ომმა კი ეს ისედაც კატასტროფული მდგომარეობა სრულ ჰიპერინფლაციაში გადაზარდა.კონფლიქტის დაწყებამდე კვირების განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები, რაც მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. იანვარსა და თებერვალში აგორებული ტალღა რამდენიმე კრიტიკული ფაქტორის ერთობლიობას მოჰყვა. ერთ-ერთი უშუალო მიზეზი საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა და მისი ლიმიტირება გახდა. ირანელებისთვის, რომლებიც იაფ ენერგორესურსებს იყვნენ მიჩვეულნი, ეს ისედაც გაუსაძლის ვითარებაში უკანასკნელ წვეთად იქცა. დეკემბრის ბოლოს ირანული რიალი რეკორდულად გაუფასურდა და 1 დოლართან მიმართებით დაახლოებით 1,45 მილიონი შეადგინა. ამ კოლაფსმა მყისიერად გააძვირა იმპორტირებული საქონელი, რის გამოც თეირანის დიდ ბაზარში მოვაჭრეებმა მაღაზიები დახურეს – კურსის მერყეობის გამო პროდუქციაზე ფასის დადება ვეღარ შეძლეს.

ომის დაწყებამდე ირანის ცენტრალური ბანკი ფულის მასის კონტროლით ინფლაციის შემცირებას უშედეგოდ ცდილობდა. კონფლიქტის დაწყებამ ყოველგვარი ოპტიმისტური პროგნოზი გააუქმა. მარტის მონაცემებით, ინფლაციის მოლოდინი 60%-მდე გაიზარდა, რადგან ქვეყანა სრულ „ომისდროინდელ ეკონომიკაზე“ გადავიდა, სადაც რესურსების დეფიციტი და ვალუტის კოლაფსი ფასების უკონტროლო ზრდას განაპირობებს. წამყვანი საერთაშორისო ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ინფლაციამ შესაძლოა სამნიშნა მაჩვენებელს (100%+) მიაღწიოს.

ინფლაციის კავშირი ირანში მიმდინარე ომთან

ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ფასებზე რამდენიმე კრიტიკული არხით.

ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ შეაფერხა მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების 20%.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 100-106 დოლარამდე გაიზარდა, რაც ომის დაწყებამდე არსებულ ფასზე 40%-ით მეტია.

იზრდება სატრანსპორტო და დაზღვევის ხარჯები, რაც აისახება თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტის ფასზე.

ძირითადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა შეაჩერეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ისინი უცვლელად დატოვეს, რათა ომით გამოწვეულ ინფლაციურ რისკებს გაუმკლავდნენ.

ასე რომ, სანამ ირანში კონფლიქტი გრძელდება და ენერგეტიკული მარშრუტები შეზღუდულია, მსოფლიო წამყვან ქვეყნებში ინფლაციის კლების მოლოდინი მინიმალურია და პირიქით, მოსალოდნელია ფასების შემდგომი ზრდა.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

სხვა სტატიები

ხავიერ მილეის „ბენზოხერხის“ პოლიტიკა: ხარჯების შემცირება და ფისკალური პროფიციტი

არგენტინის მემარჯვენე-ლიბერტარიანელი პრეზიდენტის - ხავიერ მილეის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირება და ცნობილი „ბენზოხერხი“, რომლითაც...

აშშ ირანში სპეცდანიშნულების რაზმის რეიდის ჩატარებას გეგმავს     

აშშ და ისრაელი, საჰაერო ოპერაციასთან ერთად ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობასაც სერიოზულად განიხილავენ. იქ, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმები თითქმის ნახევარ ტონა მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებენ, რომელიც თითქმის ათეული ბირთვული ბომბის დასამზადებლად გამოდგება.

ენერგეტიკული ბაზარი მოლოდინის რეჟიმში: ბოლო დღეებში ფასები „დამშვიდდა“

მსოფლიო ნავთობის და ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის გასული კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.