მიზანი – ნახევარი ტონა ურანის ხელში ჩაგდება
აშშ და ისრაელი, საჰაერო ოპერაციასთან ერთად ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობასაც სერიოზულად განიხილავენ. იქ, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმები თითქმის ნახევარ ტონა მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებენ, რომელიც თითქმის ათეული ბირთვული ბომბის დასამზადებლად გამოდგება. ამ მასალის უმეტესი ნაწილი ამჟამად ისპაჰანში ბირთვული ობიექტის ნანგრევების ქვეშ ინახება. ცოტა ხნის წინ, ობიექტზე აღჭურვილობის გათხრები დაიწყო – ან პოტენციური დარტყმებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად, ან ურანის ევაკუაციის მცდელობის მიზნით. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ირწმუნებიან, რომ ხელს შეუშლიან ისლამურ რესპუბლიკას მასალის კონტროლის აღდგენაში. Axios-ისა და The New York Times-ის წყაროები ისპაჰანში ირანის საქმიანობისა და იქ კოალიციის სახმელეთო მისიის გეგმების შესახებ მსჯელობენ.
ახლო აღმოსავლეთში, ომი თითქმის თვეა მიმდინარეობს და მიუხედავად აშშ-ისრაელის სრული სამხედრო დომინაციისა, გამარჯვების გასაფორმებლად საჭიროა ღირებული პოლიტიკური შედეგების მიღწევა. ვიდრე ეს მოხდება, უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლის მოპოვებასთან ერთად, ამერიკელთა უმთავრეს მიზანს ირანული ურანის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.
ოპერაცია „ურანი“: რა არის ცნობილი აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში სპეცრაზმების გაგზავნის გეგმების შესახებ?
2025 წლის ივნისში 12-დღიან ომამდე, როდესაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ინფრასტრუქტურა მასიური დაბომბვის სამიზნე გახდა, თეირანს დაახლოებით 440 კილოგრამი 60%-ით გამდიდრებული საწვავი ჰქონდა დაგროვილი. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გამოთვლებით, ეს რაოდენობა დაახლოებით ათი ბომბის დასამზადებლად იქნებოდა საკმარისი. საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბირთვული იარაღისთვის ვარგის 90%-მდე გამდიდრების პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუმცა, უცნობია, აქვს თუ არა ირანს დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა. 2025 წლის ზაფხულის კამპანიის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა „გაცამტვერდა“. მიუხედავად ამისა, მასთან ბრძოლა კიდევ ერთხელ გამოცხადდა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ახალი ომის ერთ-ერთ მიზნად.
ამერიკული საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა Axios-ის ცნობით, კოალიციის ოფიციალური პირები ხვდებიან, რომ ურანის „წართმევის“ ნებისმიერი ოპერაცია მოითხოვს ირანში ჯარების ყოფნას და მათ, ამისათვის, გამაგრებულ მიწისქვეშა ობიექტებში შეღწევა და თავდასხმის რისკის ქვეშ დაყენება მოუწევთ.
სახმელეთო მისია დაგეგმილია მას შემდეგ, რაც აშშ და ისრაელი დარწმუნდებიან, რომ ირანის ძალები აღარ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს. კონკრეტული ვადები არ არის მითითებული. თუმცა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპი და მისი გუნდი „სერიოზულად განიხილავენ“ სპეციალური ძალების განლაგების შესაძლებლობას „კონკრეტული დავალებების შესასრულებლად“. თეთრმა სახლმა ასევე განუმარტა გამოცემას, რომ განიხილება მისიის 2 ვარიანტი: ურანის ირანიდან სრული გატანა ან ექსპერტების გამოყენება ადგილზე მასალის უსაფრთხო დონემდე განზავებისთვის. მეორე შემთხვევაში, ოპერაციაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სპეციალისტი ოპერატორები და მეცნიერები მიიღებენ.
სხვა წყარომ აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საუბარია „მცირე სპეცრაზმის რეიდებზე – არც ისე მასშტაბურ ოპერაციებზე“. „ჯარების ადგილზე ყოფნა“ არ არის გათვალისწინებული: „ხალხი ფალუჯაზე (საუბარია 2004 წელს ამერიკული ჯარების მიერ ამ ერაყულ ქალაქში განხორციელებულ ოპერაციაზე. ეს ბრძოლა შტატებისთვის ერაყის ომის ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად იქცა: სულ მცირე 63 სამხედრო დაიღუპა და ასობით დაიჭრა – ფ.კ.) ფიქრობს. თუმცა, ეს არ არის ის, რაზეც მიმდინარე ომის დაწყებამდე იმსჯელეს“.
ორმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ასეთი მისიები ტრამპის გუნდის მიერ კონფლიქტის ამჟამინდელ ფაზამდეც კი განიხილებოდა. აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას ოპერაციის სირთულე აუხსნა: „პირველი კითხვაა: სად არის ურანი? მეორე: მანამდე როგორ მივაღწიოთ და დავამყაროთ მასზე ფიზიკური კონტროლი?“ როგორც კი სამხედროები ამ კითხვებს უპასუხებენ, პრეზიდენტი, პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო „გადაწყვეტენ, გვინდა მასალის ფიზიკურად ტრანსპორტირება თუ მისი იმ ობიექტზე განეიტრალება, სადაც ის ინახება“.
Axios-ის წყაროები არ აკონკრეტებენ, რომელ ობიექტზეა საუბარი. მათ იციან, რომ 2025 წლის ზაფხულში დაბომბვის შემდეგ ნედლეული ნანგრევების ქვეშ იყო დამარხული და თავად ირანელებს არ აქვთ წვდომა თავიანთ მარაგებზე (შტატებმა და ისრაელმა მაშინ ურანის გამდიდრების თითქმის ყველა მათი ცენტრიფუგა გაანადგურა).
თუმცა, აშშ-სა და ისრაელში გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ურანის დაგროვილი მოცულობის უმეტესი ნაწილი ისპაჰანის ბირთვული ობიექტის მიწისქვეშა გვირაბებშია განთავსებული; დანარჩენი კი, ფორდოუსა და ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ქარხნებს შორისაა განაწილებული.
ცნობისთვის, მიმდინარე ოპერაციის დროს ეს ობიექტები ჯერჯერობით პირდაპირ არ დაბომბილა. დარტყმები განხორციელდა ისპაჰანსა და ნატანზში მდებარე ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე (პირველ შემთხვევაში, მიწისქვეშა მონაკვეთის შესასვლელებზე) – სავარაუდოდ, ნებისმიერი მასალის ევაკუაციის გზების გადაკეტვის მიზნით.
ამერიკული დაზვერვა ირანული ურანისადმი ინტერესზე
ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებთან დაახლოებულმა წყაროებმა The New York Times-ს კიდევ რამდენიმე დეტალი გაუმხილეს იმის შესახებ, თუ რატომ არიან კოალიციის მმართველ წრეებში შეშფოთებული ირანული ურანის ბედით. საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, თეირანი ცდილობს ნედლეულზე წვდომის აღდგენას „ძალიან ვიწრო გასასვლელით“. თუმცა, ეს გასასვლელი შეიძლება საკმარისი იყოს ნანგრევების ქვეშიდან იმ კონტეინერების გამოსატანად, სადაც ურანი აირისებრი სახით ინახება.
The New York Times-ის წყაროებმა დაადასტურეს, რომ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები ყურადღებით აკვირდებიან ისპაჰანში მდებარე ბირთვულ ობიექტს, რათა თავიდან აიცილონ იქიდან ნედლეულის გადატანის ნებისმიერი მცდელობა.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ სპეცრაზმების რეიდი ჯერ კიდევ არ შედის მიმდინარე საომარ გეგმაში. გამოცემა კი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, შტატებმა კვლავ გამოიყენოს სახმელეთო ოპერაციის საფრთხე, როგორც ბერკეტი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ – რათა მას ნებაყოფლობით დაათმობინოს ურანის მარაგი.
The New York Times აზუსტებს, რომ 2025 წლის ზაფხულში ირანის ხელისუფლებამ თავად შეავსო მიწისქვეშა ნაგებობების შესასვლელები, მათ შორის ისპაჰანში გვირაბების ქსელი. თუ ამერიკულმა ძალებმა შემდეგ ფორდოუსა და ნათანზს არაბირთვული არსენალის ყველაზე ძლიერი იარაღით – ჯავშანგამტარი Massive Ordnance Penetrator ბომბით – შეუტიეს, ისპაჰანს „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს.
კიდევ რისი მოლოდინი უნდა იყოს სახმელეთო დესანტისაგან
Axios-ის წყაროების ცნობით, აშშ განიხილავს ირანის წინააღმდეგ „საბოლოო დარტყმის“ ვარიანტებს, რაც შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ძალების გამოყენებას და მასშტაბურ დაბომბვას, თუ თეირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება. კერძოდ, შესაძლებელია მკვეთრი ესკალაცია, თუ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, დასძინეს წყაროებმა.
ვაშინგტონი რეგიონში თავის ყოფნას აძლიერებს: ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი საზღვაო ქვეითი უკვე გაგზავნილია. საზღვაო ქვეითთა ერთი საექსპედიციო დანაყოფი იქ უკვე დისლოცირებულია, მეორეს კი აპრილის დასაწყისში ელიან. 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით ქვეითი ბრიგადის განლაგება დაევალა.
82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი წამყვანი სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფია. ბრძანების მიღებიდან 18 საათში დანიშნულების ადგილას განლაგების უნარის მქონე დივიზია სპეციალიზირებულია პარაშუტით დესანტირების ოპერაციებში პლანეტის ნებისმიერ წერტილში. მედესანტეები შეიარაღებულნი არიან არტილერიითა და ტანკებით.
ოფიციალურად ჯერ არ აფიშირდება, მაგრამ სატრანსპორტო თვითმფრინავებით იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში „გადასროლისთვის“ სრულ მზადყოფნაში არიან ლეგენდარული „საზღვაო კატები“, „Delta“ და რეინჯერთა 75-ე პოლკი.
The Wall Street Journal-ის ცნობით, პენტაგონი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10000-იანი სახმელეთო ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას. კონტინგენტი, სავარაუდოდ, ქვეითებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავს და რეგიონში უკვე განლაგებულ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 5000 საზღვაო ქვეითსა და მედესანტეს შეავსებს.
Politico-ს წყაროების აზრით, ჯარების რაოდენობის გაზრდის ფაქტი აშშ-ისრაელის ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომში მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს და ზრდის ამერიკული ჯარების ირანში შესვლის ალბათობას. აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი უკვე ემზადება ასეთი სცენარისთვის. CNN-ი იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ხარგზე მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა შეიქმნა. ბოლო კვირების განმავლობაში თეირანმა იქ დამატებითი ძალები განალაგა, გარნიზონი გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემებით გააძლიერა და სანაპირო ზოლის დანაღმვა დაიწყო, მათ შორის ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით, რომლებიც შესაძლო დესანტის ოპერაციის ჩაშლის მიზნით არის შექმნილი.
რეალურად, აშშ-ს მიერ ირანის მახლობლად თავმოყრილი სახმელეთო ძალები საკმარისი არ არის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. თუმცა, არც ისაა გამორიცხული მათ ეს არ დასჭირდეთ. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე სამოქალაქო გემების უსაფრთხო გადაადგილების ყველაზე რეალისტური ვარიანტია აშშ-სა და მოკავშირეთა სამხედრო გემების კოლონის ესკორტი. როგორც ჩანს, ტრამპი საბოლოოდ გადაწყვეტს კუნძულების დასაკავებლად შეზღუდული სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას. მაგრამ ამ სცენარს ერთი გარემოება ართულებს – ამერიკელი სამხედროები აიათოლას რეჟიმის განკარგულებაში არსებული ყველა იარაღისთვის ხელმისაწვდომი გახდებიან – რაკეტებიდან და დრონებიდან დაწყებული, შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემებით დამთავრებული.
მთავარსარდლისგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, არც გასამდიდრებელი ურანის მოპოვებაზე (ან გაუვნებლობაზე) აქცენტის გადატანა უნდა გამოვრიცხოთ. ტრამპის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდინარე, თავისუფლადაა შესაძლებელი სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას მან უცებ გამოაცხადოს ომში გამარჯვება, განაცხადოს, რომ დიდი ხნით გაანადგურა ირანის ბირთვული პოტენციალი, დაეუფლა მის სანავთობო მარაგებს და თავი აარიდოს ხანგრძლივ საომარ კონფლიქტს.
ფრიდონ კერვალიშვილი

