დღევანდელ სადისკუსიო თემებში ერთ-ერთი გამორჩეულია სურსათის გაიაფების მცდელობის საკითხი, რომლის შესახებაც ცალკე ხელისუფლების წარმომადგენლები და მისი მომხრეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, ცალკე მათი ოპონენტები. ყველაფერი კი გასული წლის 24 ოქტომბერს დაიწყო. „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სუპერმარკეტები და სადისტრიბუციო კომპანიები ზედმეტად მაღალი მოგების მიღებაში დაადანაშაულა.
კობახიძის ბრალდებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძემ სურსათის სიძვირეში სუპერმარკეტები და მათი მომმარაგებელი სადისტრიბუციო კომპანიები დაადანაშაულა. საქართველოში მაღაზიებში პროდუქტი რომ რიგ შემთხვევებში უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის მარკეტებში, კობახიძის თქმით იმის ბრალიც არის, რომ ბევრი მაღაზიაა. კობახიძემ ისიც გამოაცხადა, რომ ქსელური მარკეტები შესაძლოა ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში არიან შესული, მაღალ ფასებს ერთობლივად აწესებენ და ამ ყველაფერის გამოსავლენად საპარლამენტო კომისია, ანტიმონოპოლიური სამსახური თუ სამართალდამცავები გამოიძიებენ.
„საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა“, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩვენთან მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, შოკოლადი 47%-ით ძვირია.
„ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიების და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება საქართველოში ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%, 8% და 14%-იც კი არის, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2% ია“, – თქვა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ მიმწოდებლისთვის ქსელში პროდუქტის შეტანისთვის იმდენია გადასახდელი, რომ ქართველი მწარმოებლების ხშირად ურჩევნიათ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ გაყიდონ.
„ოცნების“ პრემიერმა სურსათის სიძვირის მიზეზად მაღაზიების სიმრავლეც დაასახელა. მისი თქმით, საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. რაც მეტ მაღაზიას გახსნის, მით მეტი ხარჯი აქვს ქსელს და ამიტომ აძვირებს პროდუქტსო. საბოლოდ კობახიძემ ფასების სიძვირის მიზეზები ასე ჩამოაყალიბა:
„ე.წ. ქსელის ქეშბექი – მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯის ასახვა ფასში“, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ამიტომ მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დაადგინონ ხომ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
„ოცნების“ კომისიები და შეხვედრები სურსათის გასაიაფებლად
ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასების შესწავლა დააანონსა. დეკემბრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი კობახიძეა. დანარჩენი წევრებია მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკის მინისტრი; დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი; ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე – ჯანდაცვის მინისტრი; მამუკა მდინარაძე – სუს-ის ხელმძღვანელი; ლევან ჟორჟოლიანი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციისა სააგენტოს თავმჯდომარე.
თებერვლის დასაწყისში „ოცნებამ“ უკვე დროებითი საპარლამენტო კომისიაც შექმნა, რომელმაც სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნა უნდა შეისწავლოს. კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს შოთა ბერეკაშვილი, წევრები არიან ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე, გელა სამხარაული, გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი, ილია ინჯია.
21 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში „პროდუქციის ფასების კომისიისა“ და რითეილერების – საცალო ვაჭრობის კომპანიების შეხვედრა გაიმართა. რითეილ ასოციაციის გენერალური დირექტორის – სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, თუმცა კონკრეტული საკითხები არ გამოკვეთილა, მათ შორის არც ის გეგმა, რომლითაც მთავრობა პროდუქტის გაიაფებას აპირებს.
სუს-ი საქმეში
რითეილერებთან შეხვედრიდან მეორე დღეს, საქმეში სუს-ი ჩაერთო – უსაფრთხოების სამსახურმა სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დაიწყო.
„ათობით განჩინების საფუძველზე, სუს-მა დაიწყო კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – განაცხადეს სუს-ში.
სუს-ის ქმედებაზე კომანტარი გააკეთა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ. მისი თქმით, მსგავს ინფორმაციას კომპანიები ამ დრომდეც აწვდიდნენ სახელმწიფო უწყებას – კონკურენციის სააგენტოს.
„კონკურენციის სააგენტოს 2024 წლიდან დაწყებული აქვს მონიტორინგი, შუალედური დასკვნაც აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ფასნამატებთან დაკავშირებით 2025 წელს და იმ მონიტორინგის ფარგლებში დამატებით მოხდა სადისტრიბუციო კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვა. შესაბამისად, ახლა კომპანიებისთვის ბუნდოვანია დოკუმენტაციის დამატებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამოღება“, – განაცხადა რიჟამაძემ. მისი თქმით, მთავარია, ამ პროცესმა კომპანიების ოპერირება არ შეაფერხოს.
ბიზნესის დამოკიდებულება
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე, მთავრობის მიერ სასურსათო პროდუქტების გაიაფების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს. როგორც მან განაცხადა, სურსათზე ფასების შემცირების კამპანიისგან მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგს არ ელის და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ეს პროცესი რეპუტაციული რისკის შემცველია.
„პრობლემა არის ძალიან სერიოზული. მე რომ ვყოფილიყავი ბატონი ირაკლის ადგილზე, ამ პრობლემას საერთოდ არ შევეხებოდი, იმიტომ რომ ძნელია და რეპუტაცია შეიძლება გაიფუჭოს… შედეგი არ დაიდება, კარგად გამიგეთ. მოკლევადიანში შედეგი არ დაიდება და გრძელვადიანში – შეიძლება“, – თქვა ბიზნესმენმა BMGთV-ის ეთერში.
ამასთან, რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ თუ ფასები დროებით მაინც დაიწევს, გრძელვადიანად ბაზარს ვერ გააჯანსაღებს.
„რა თქმა უნდა, ბიზნესი მოწყვლადია. ჩემთან რომ მოვიდეს სუს-ი და მითხრას, ფასი ორჯერ შეამცირეო, შევამცირებ; შეიძლება სამჯერაც, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი“.
რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ძვირი? – რევაზ ვაშაკიძემ გაიხსენა პირადი გამოცდილება, როდესაც 2018-2019 წლებში თბილისის მერიამ „ჩირინას“ გაყიდვების წერტილები გააუქმა, რამაც კომპანია აიძულა, პროდუქტი გაეძვირებინა, რადგან ახალი, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება მოუწია.
„დაახლოებით, 70-80 წერტილი გვქონდა ქალაქში და ყველა კმაყოფილი იყო. მერიის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ რუკა გაშალა და გვითხრა – თქვენი ყველა ჯიხური წითელ წერტილშია და უნდა აიღოთო… დენიც კი გაგვითიშეს, სადაც ნედლი ქათამი გვქონდა. 4-5 მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. მოგვიწია ახალი წერტილების იჯარით აღება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამან ქათმის ხორცის გაძვირება გამოიწვია“, – თქვა რევაზ ვაშაკიძემ.
კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა `ფეისბუკზე~ დაწერა, რომ საზოგადოებას სურსათზე მაღალი ფასი სამართლიანად აღელვებს და ამის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა კონკურენციის ხელშეწყობაა.
„ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა კონკურენციის გაძლიერებაა. საჭიროა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ისეთი შეთანხმებები ან ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას – როგორც დისტრიბუციის, ისე საცალო ვაჭრობის დონეზე. საბაზრო ეკონომიკის კანონების მიხედვით: კონკურენციისა და მიწოდების ზრდა იწვევს ფასების შემცირებას, ხოლო ბაზრის მონაწილეთა სიმცირე, პირიქით, ფასების ზრდის რისკს აძლიერებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ბაზარზე მოქმედი მაღაზია და დისტრიბუციული კომპანია, მით უფრო იზრდება მიწოდება და ყალიბდება უფრო დაბალი და სამართლიანი ფასები“, – დაწერა დაუშვილმა. მისი თქმით ფასებზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ენერგორესურსების ღირებულებაც. ფასების შემცირების პროცესში კი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ღია და სამართლიანი კონკურენციის პირობები, არ დაუშვას მონოპოლიები, დროულად გამოავლინოს და აღკვეთოს კარტელური შეთანხმებები.
მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ყოველწლიურად უარესი პირობებით უწევთ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის შეტანა. როგორც პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც სავაჭრო ქსელის მიერ მიმწოდებლისთვის დაწესებული ე.წ „ქეშბექი“ სხვადასხვა პროდუქციაზე 35% და 50%-ია.
ალექსანდრე რატიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები პროდუქციის ფასში აისახება. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობამ სექტორში გარკვეული რეგულირების წესები შემოიღოს, თუმცა იმგვარად, რომ ყველა მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
„შეგვიძლია ვაწარმოოთ პროდუქციის მთები, მაგრამ თუ არ გაყიდე, რა თქმა უნდა, ტყუილია მთელი ეს ამბავი.
ყოველწლიურად უარესდება მათ მიერ წამოყენებული პირობები, რა პირობებითაც გვაძლევენ საშუალებას, რომ თაროზე განვათავსოთ პროდუქტი. იმ დონეზეა მისული საქმე, რომ ეს ყველაფერი პროდუქტის საბოლოო ფასში აისახება. სხვა გზა მწარმოებლებს არ გვაქვს“, – განაცხადა რატიშვილმა. მისი თქმით, წარმოებას ისედაც დიდი ხარჯი აქვს და რითეილერების მძიმე პირობების წამოყენების გამო, შეუძლებელი ხდება წარმოების გადარჩენა.
„ერთ-ერთ ქსელში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, ე.წ. „ქეშბექი“ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გვაქვს 35%, მეორე პროდუქტზე 50%. არ გინდა? წადი! ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ძალიან კმაყოფილი ვარ პრემიერის ამ ინიციატივით, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წინა პრემიერებისგან და წინა სახელისუფლებო წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ეს საქმე ბოლომდე მივა ისე, რომ არცერთი ბიზნესი არ უნდა დაიჩაგროს“, – აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.
ბიზნესმენთა ნაწილი პროდუქტის სიძვირის ერთ-ერთ მიზეზს საქართველოში საბანკო სესხების სიძვირესაც უკავშირებს. როდესაც მთავრობა ევროპულ ფასებს ადარებს, რატომღაც არ ახსენებენ საპროცენტო განაკვეთებში მნიშვნელოვან განსხვავებებს.
ექსპერტების პოზიცია
მთავრობის ჩარევით სურსათის გაიაფების თემას გამოეხმაურა ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მან 11 პუნქტი ჩამოაყალიბა, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია ფასების ფორმირების საკითხში.
- კონკურენცია ფასს დაბლა წევს – მეტი მარკეტი ნიშნავს გამძაფრებულ ბრძოლას მომხმარებლისთვის და მეტ სტიმულს ფასების შესამცირებლად.
- ხარჯების მითი – ფასს განსაზღვრავს არა ბიზნესის დანახარჯი, არამედ პროდუქტის სარგებლიანობა მომხმარებლისთვის.
- ინფლაციის რეალური მიზეზი – ფასების საერთო ზრდა ფულის მასის მატების შედეგია და არა დახლების სიმრავლის.
- რესურსების განაწილება – ბაზარი თავად წყვეტს , რამდენი მარკეტია საჭირო. შეზღუდვები ყოველთვის ეკონომიკურ დეგრადაციამდე მიდის.
- ფასი , როგორც სიგნალი – ფასი ინფორმაციაა და არა გამყიდველის „ნება“. მეტი მიმწოდებელი ამ ინფორმაციას უფრო ზუსტს ხდის.
- გეოგრაფიული სიახლოვე – რაც უფრო ახლოსაა მაღაზია, მით ნაკლებს ხარჯავთ დროსა და საწვავზე. რეალური დანახარჯი მცირდება!
- კორელაცია ვს მიზეზშედეგობრიობა – ფასების ზრდის დაბრალება მარკეტების რაოდენობისთვის იგივეა, რაც წვიმის დაბრალება ქოლგების სიმრავლისთვის.
- მომსახურების ხარისხი – კონკურენცია მხოლოდ ფასში არ არის; ეს არის ბრძოლა სისუფთავისთვის, სიახლისთვის და უკეთესი სერვისისთვის.
- მომხმარებლის სუვერენიტეტი – თქვენ ხართ მთავარი მსაჯული. ბაზარი თავად განდევნის არაეფექტურ ობიექტებს, სახელმწიფო კი მხოლოდ არჩევანის უფლებას გიზღუდავთ.
- ოლიგოპოლია და ბარიერები – ოლიგოპოლია მხოლოდ სახელმწიფო პროტექციონიზმით არსებობს. თუ ახალი ქსელები არ შემოდიან, ეს ბიუროკრატიული ბარიერების ბრალია.
- კრონი-კაპიტალიზმი – ბიზნესისა და ხელისუფლების მახინჯი კავშირი. ფასების ვარდნა პოლიტიკურ მითითებებზე ამ სისტემის პირდაპირი შედეგია.
შეჯამება: მოსახლეობისთვის ტვირთი არა მარკეტების სიმრავლე, არამედ ფულის მსყიდველობითი უნარის დაცემა, სახელმწიფო ბარიერები და კრონი-კაპიტალიზმია“, – დაწერა პაატა შეშელიძემ.
ფასების საკითხზე BM.GE-სთან კომენტარი გააკეთა რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ. სხვადასხვა საკითხის გარდა მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს შესაძლო ჩარევაზე ფასების განსაზღვრაში.
„არცერთ ვარიანტში, არ ვხედავ სახელმწიფოს როლს ფასების რეგულაციაში. ამის კონკრეტული მაგალითია უნგრეთი (2022-2023 წლები), სადაც კონკურენტულ პროდუქტებზე დააწესეს ფასის რეგულაცია და ამან რა გამოიწვია? პირობითად, რომ უთხრეს – კვერცხი არ უნდა გაყიდო 10 თეთრზე ძვირად – რა მოხდა? კვერცხის დეფიციტი დაიწყო, ვინაიდან აღარ უღირდა ბიზნესს კვერცხის გაყიდვა. მეორე – შემცირდა ხარისხი, იმიტომ რომ ბიზნესმა იაფიანი კვერცხის გაყიდვა დაიწყო, რათა მოგება ენახა. და მესამე – წამოვიდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, ანუ გაჩნდა შავი ბაზარი.
ამგვარად, ფასების დარეგულირებით და ხელოვნური ჩარევით უფრო უარეს შედეგს მივიღებთ – დეფიციტს, ჩრდილოვან ეკონომიკას ან ხარისხის გაუარესებას. Aნუ
მომხმარებელი აქაც არ იქნება მოგებული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საკითხს გამოეხმაურა ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე. მისი თქმით, მთავრობას უფლება არ ჰქონდა ფასების გამო რეპრესიები წამოეწყო ვაჭრობის ობიექტების მიმართ, რადგან მთავრობას ფასის დადგენა არ ეხება.
„კომერციულ სუბიექტებს კანონი აძლევს უფლებას თუნდაც ხუთმაგი ფასი დაადოს თავის პროდუქტს. თუ ასე მოიქცევა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომენტალურად გაკოტრდება.
თუ კომპანიები, რომლებსაც დომინანტური მდგომარეობა უჭირავთ ბაზარზე, წინასწარი გარიგებით აწესებენ არაადეკვატურ ფასებს, ასეთ შემთხვევაში რა ზომებს შეიძლება მიმართოს ხელისუფლებამ? ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. საქართველოში ამ ფუნქციას ასრულებს კონკურენციის სააგენტო.
კანონიერია თუ არა სუს-ის მიერ ათეულობით სუპერმარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიის შემოწმება კრიმინალური ქმედებების გამოვლენის მიზნით? არის აბსოლუტურად უკანონო. ხელისუფლების შესაბამის უწყებებს (და არა სუს-ს) მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ფასების (თუნდაც ზოგიერთი სახის მედიკამენტების) შემოწმების უფლება შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზია ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, კორუფცია, ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა, სახელმწიფო ტენდერებიდან ყოველწლიურად ასეულ მილიონობით ლარის მითვისება.
„განტევების ვაცების ძებნით პასუხისმგებლობას სხვებზე ვერ გადააკისრებენ. არც ისინი ბრძანდებიან მამა აბრამის ვაცები. მათი უმეტესობა „ქართული ოცნების“ ბიზნეს-კლანის წარმომადგენლები არიან. მათი საჩვენებელი „შემოწმება“ მხოლოდ სატელევიზიო ეფექტისთვის სჭირდებათ. ცოტას შეაშინებენ და ამით დამთავრდება ეს კამპანია.
ამ ხელისუფლების პირობებში ფასების სტაბილურობაზე ოცნება ილუზიაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მთავრობის მორიგი ინიციატივა და მიღწეული შედეგი
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესთან კონსულტაციებით სასურველ შედეგებამდე ვერ მივიდა, მთავრობამ შეიძლება საკუთარი მიწოდების ქსელიც შექმნას.
„ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ფასების რეგულატორის ფუნქცია ექნება; ასეთი რამეც შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ასევე, საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში;
სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში.
ფასების კამპანიის დაწყების შემდეგ, ერთადერთი პროდუქტი, რომლის გაიაფებაც გამოაცხადეს სამთავრობო მედია-საშუალებებში, არის ქათმის კვერცხი.
6 თებერვალს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა – „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება“, – ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
თუმცა, ამ ინიციატივასაც მალევე გამოუჩნდნენ ოპონენტები. საქმე ის გახლავთ რომ საქსტატის ინფორმაციითვე, დეკემბერთან შედარებით, კვერცხი იანვარში 5,46%-ით გაძვირდა, თებერვლიდან 5%-ით გაიაფება კი ნიშნავს, რომ რაც დეკემბერში ღირდა, იმ ფასად გაიყიდება. უფრო გასაგებად რომ დავწეროთ, თუ 10 ცალიანი შეკვრა დეკემბერში ღირდა 6 ლარი, იანვარში გახდა 6,33 ლარი, მთავრობის მიერ თავმოსაწონი გაიაფების შემდეგ, თებერვალში ეღირება დაახლოებით ისევ 6 ლარი. ამ ეტაპზე სულ ესაა შედეგი…
თემურ იობაშვილი

