Homeააფ-მედიამოსალოდნელია, რომ ლარი 2026 წლის განმავლობაში სტაბილური იქნება

მოსალოდნელია, რომ ლარი 2026 წლის განმავლობაში სტაბილური იქნება

Published on

spot_img

ბევრი ფინანსისტის ვარაუდით, 2026 წელს ლარის სტაბილურობა, ფაქტობრივად, გარანტირებულია. მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსი 2,62-2,65-იანი ნიშნულის ფარგლებში „იტრიალებს“. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება და არც პოლიტიკურ ესკალაციას ექნება ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეციალისტები დადებით ტენდენციას პროგნოზირებენ. მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მატულობს, რის პარალელურად ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს.


როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგი ექსპერტები ამბობენ, ლარის კურსთან დაკავშირებით იმედს იძლევა „იგლ ჰილსის“ 6.6-მილიარდიანი პროექტიც, რადგან მისი დაწყებით დოლარის მნიშვნელოვანი მოცულობა წამოვა საქართველოში, რომელიც ადგილზე დაკონვერტირდება. თუმცა მასშტაბური პროექტის განხორციელების ვადები დაზუსტებული არ არის და როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებებიდან ირკვევა, საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელების პერიოდი დაახლოებით 7-10 წელია. ეს კი ყოველწლიურად უცხოური ვალუტის საგრძნობი რაოდენობის, თუმცა არა მასშტაბურ შემოდინებაზე მიანიშნებს. პარალელურად გამოწვევად რჩება გლობალური კატაკლიზმები, რაც ზოგადად რეგიონულ ვალუტებზე ნეგატიურად მოქმედებს და შესაძლოა, ლარი შეასუსტოს.


ამ ეტაპზე ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სავალუტო რეზერვებია, რაც რეკორდულ ნიშნულზეა და მისი მოცულობა ყოველ თვე იზრდება. როგორც წესი, რეზერვების მატებას ორი მთავარი ფაქტორი – სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა და საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის მატება განაპირობებს. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი საქართველოს მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1 143.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ახლა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ამ მაჩვენებლით რეზერვები სავალუტო ფონდის დაწესებული ადეკვატურობის ნორმის 100 პროცენტს გადაცდა და 105%-ს აღწევს. როგორც ცუცქირიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ციკლურობიდან გამომდინარე, რეზერვების ნაწილიც „ციკლურია“, და სავალუტო რეზერვების დაგროვების დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ მე-3 კვარტალზე, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა კიდეც.


„სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისით 2025 წელი რეკორდული იყო და ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში, ის დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ასეთია ტურიზმი და სხვა მომსახურებისა თუ სასაქონლო ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად სტაბილური ვითარება, რაც ძალიან მიმზიდველია. ამ თვალსაზრისით, სავალუტო ბაზარზე სტაბილურობაა და ასევე იმ ბიზნეს-სუბიექტებთან, ვინც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. შესაბამისად, პროგნოზიც კეთილსაიმედოა.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ სებ-ის პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები. საერთაშორისო რეზერვები არათუ შეივსო გასული წლის ინტერვენციების დაწყებამდე არსებულ დონესთან შედარებით, არამედ ახალ სარეკორდო ნიშნულზე ავიდა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა, ამცირებს რა კურსის ვოლატილობას, ერთგვარ „ბუფერს“ ქმნის შოკების (მაგ. უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების) წინააღმდეგ. გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ხელი შეუწყოს ლარის სტაბილურობას. ეს კონტექსტი ეწინააღმდეგება ჩვენთან ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, თითქოს რეზერვების დაგროვება და ბაზრიდან უცხოური ვალუტი ამოღება ცალსახად ზრდის ლარის მასას და აუფასურებს ეროვნულ ვალუტას. ბუნებრივია, გაზრდილი სავალუტო რეზერვი არ ნიშნავს ლარის ავტომატურ და მუდმივ გამყარებას. ლარის გაცვლით კურსს მაინც განაპირობებენ საბაზრო მოთამაშეები და სხვა ეკონომიკური ფაქტორები.

მაღალი რეზერვები ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი მოკლევადიანი სპეკულაციური ზეწოლის შესაკავებლად. შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციით შეარბილოს მკვეთრი რყევები. ეს ამცირებს პანიკურ მოლოდინს და თავად ეს სტაბილიზაცია ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური ინტერვენცია“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ფინანსისტი ფიქრობს, რომ 2026 წელს, მინიმუმ პირველ ნახევარში, ლარის სტაბილურობა გარანტირებული იქნება.


„სავალუტო შემოდინებები გაზრდილია, რაშიც შედის როგორც ექსპორტი, ასევე ინვესტიციები, ზრდა ორივე მიმართულებით შეინიშნება. ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ზრდის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორია. ამდენად, ეკონომიკა ფუნქციონირებს მაღალი უცხოური შემოდინებების რეჟიმში და ამავე დროს სავალუტო რეზერვების მოცულობაც იზრდება. შესაბამისად, პერსპექტივა ლართან დაკავშირებით პოზიტიურია.


მიუხედავად იმისა, რომ წმინდა შესყიდვები ძალიან მაღალი იყო, რეზერვების გაზრდა არცერთ წელს არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორიც ახლაა. ეკონომიკური ზრდის დინამიკაც დადებითია და უნდა ველოდოთ ლარის გამყარებასაც. ვფიქრობთ, ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდება. მინიმუმ წლის პირველ ნახევარში, ლარის სტაბილურობა გარანტირებული იქნება და დაახლოებით 2,62-2,65-ის ფარგლებში იმერყევებს. წლის ბოლომდე შესაძლოა, 2,60-იან ნიშნულსაც ჩამოცდეს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძემ და იქვე ინფლაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება.


„რაც შეეხება ინფლაციას, როდესაც საბაზისო ინფლაცია არის უფრო „დაბალ დონეზე“, მთლიან ინფლაციასთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფასებზე (მაგალითად, უმთავრესი საყოფაცხოვრებო საგნები და მომსახურება) ზრდა არის ზომიერი და ბევრად დაბალი, ვიდრე საერთო ინფლაციის დონე, რასაც სასურსათე პროდუქციაზე მეტად საეჭვოდ გაზრდილი ფასები განაპირობებდა, რასაც მოგეხსენებათ პრემიერის ცნობილი განცხადებები მოჰყვა და ამ საკითხის შესწავლაც დაიწყო. თავის მხრივ, დაბალი საბაზისო ინფლაცია ასახავს ბაზარზე მერყევი ფასების გარეშე გაცილებით სტაბილურ ფასწარმოქმნას და სწორი მონეტარული პოლიტიკის დადებით ეფექტს.


ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, ინფლაციასთან ერთად, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ამის დადებით შედეგებს უკვე ვხედავთ სტაბილურ გაცვლით კურსში და წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


საყურადღებოა ბოლო პერიოდში სურსათზე გაზრდილი „საეჭვო ფასების“ როლიც. სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები ახლა სწორედ ამ საკითხის კვლევით არიან დაკავებულნი. ის, რომ ინფლაცია შარშან ნამდვილად მაღალი იყო, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ სურსათი და ჯანდაცვა არარეალურად გაძვირდა. სხვათა შორის, ინფლაციური პროცესები ირიბად გაცვლით კურსზეც ახდენს ზეგავლენას.


გიორგი ცუცქირიძის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებენ საფინანსო სფეროს სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, საშუალოვადიან პერიოდში ლარისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, რა შემთხვევაშიც ლარის კურსს საფრთხე არ დაემუქრება.


„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტ ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარი შეიძლება ცოტათი გამყარდეს ან იგივე ნიშნულზე დარჩეს, მაგრამ არაა მოსალოდნელი ძლიერი გაუფასურება ან სხვა მკვეთრი ცვლილება უახლოესი პერიოდისთვის.


მან კურსის გამყარების და სტაბილურობის მხარდამჭერ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სავალუტო შემოდინებებია.


„გზავნილები და ექსპორტიდან შემოდინება ზრდის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას და დოლარის მოთხოვნის წნეხს ამცირებს. ამასთან, დარეზერვებული თანხების და უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა ნიშნავს მეტ მოზიდულ უცხოურ ვალუტას, რაც ლარს ამყარებს.


ექსპორტის მატება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. განსაკუთრებით მანქანების რეექსპორტი და მომსახურების (ტურიზმი, აიტი სფერო, ტრანსპორტი) ზრდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს უცხოური ვალუტის ნაკადის მატებას.


გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა ლარის მხარდაჭერა – შეიძინა დიდი რაოდენობით დოლარი, დაარეზერვა და მოახდინა ლარიზაციის სტიმულირება.
როცა აშშ დოლარი როგორც საერთაშორისო ვალუტა სუსტდება, ლარი უფრო ძლიერდება. პირიქითაც, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის საპროცენტო განაკვეთები გაიზარდება, სხვა ვალუტებთან შედარებით ლარი შესუსტდება და გაუფასურდება. ახლა კი სწორედ დოლარის გაუფასურებასთან გვაქვს საქმე გლობალური მასშტაბით.


იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მაღალი იქნება და ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას აირჩევს, ანუ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები მოიკლებს, რაც მოასწავებს ლარის სტაბილურ დონეზე დატოვებას ან დროებით გაუფასურებას.


საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა შენარჩუნებს ზრდას (6-7% ან მის გარშემო), რაც აძლიერებს საყოველთაო მოლოდინს და ქართული ვალუტის სტაბილურობას. ტრადიციულად, მძლავრი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია ასუსტებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ამყარებს ლარს, ვინაიდან უცხო ინვესტორებიც უფრო მეტად ენდობიან ჩვენს ვალუტასაც და ქვეყნის ეკონომიკასაც“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.


ანალიტიკოსის პროგნოზით, მომავალი 12 თვის განმავლობაში ლარი სავარაუდოდ ფრთხილი სტაბილურობის ან მცირე გამყარების პოზიციაში იქნება დოლართან მიმართებით. ლარის მერყეობის დაახლოებითი დიაპაზონი (ქვედა და ზედა ზღვარი) 2.65–2.75-ის შუალედში იქნება. აღნიშნული პროგნოზის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყებამ.


თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლარის სტაბილურობას გარკვეული საფრთხე დაემუქროს. როგორც ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი განმარტავს, ამ კუთხით შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამ, რაც თავის მხრივ ე.წ. „რუსული ფულის“ გადინებასაც გამოიწვევს. თუმცა მნიშვნელოვანია, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს მთავრობა, რასაც ბედინეიშვილი ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებს.


„ომის დასრულება უკრაინაში დადებითი იქნება ყველასთვის, მათ შორის საქართველოში, თუმცა ამან შეიძლება გარკვეული ფულადი რესურსის გადინება გამოიწვიოს, ეს არის ე.წ. რუსული ფული, რომლის შემოდინების გააქტიურება სწორედ ომის ფაქტორს უკავშირდება. ამ გავლენით აიხსნება ეკონომიკაში მიღწეული შედარებით მაღალი ზრდის მაჩვენებელიც. ვერ ვიტყვით, რომ პროცესი სრულად შეჩერდება, თუმცა შესუსტებას ამ მიმართულებით ველით.


ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს მთავრობა. ფასების დევნა, სახელმწიფო ბანკის შექმნა და სხვა, რა თემებითაც ახლა მთავრობა აპელირებს, ლარის კურსისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრეროგატივა, რადგან მსგავსი ნაბიჯებით კურსზე წნეხი მატულობს და ლარის სტაბილურობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის წინ გვხვდება.


როდესაც პოლიტიკოსები პოპულისტობენ, რათა ამომრჩეველთა გულები მოიგონ და ყველაფერს უფასოდ გვპირდებიან, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უფასო ბუნებაში არაფერი არ არის. პოლიტიკოსები რასაც უფასოს არქმევენ, ესეც ჩვენი გადასახდელია. ფულს ისეთ პროექტებში ვდებთ, რომელსაც ამონაგები არ აქვს. ასე თუ გავაგრძელეთ, გვექნება სუსტი და ნელად მზარდი ეკონომიკა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიგა ბედინეიშვილმა.


მისივე ვარაუდით, ლარის გამყარება იმაზე მეტად, რაც დღეს არის, წლის განმავლობაში ნაკლებად მოსალოდნელია. პირიქით, თუკი დოლარი პოზიციებს გაიძლიერებს, ლარი წამყვან ვალუტასთან მიმართებაში, გარკვეულწილად, გაუფასურდება. ეს ტენდენცია ბოლო წლებში არაერთხელ გამოკვეთილა. როდესაც ამერიკული ვალუტა ძლიერდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები და მათ შორის ქართული ლარიც, მასთან მიმართებით პოზიციებს თმობენ. რა შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის წონასწორობის სამომავლო ნიშნული, გიგა ბედინეიშვილი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.


ლარის კურსთან დაკავშირებით საინტერესოა საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ 2026 წლის ეკონომიკური პროგნოზების ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ლარი 2026 წელს, საშუალოდ, აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.70-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


„ჩვენს საბაზისო სცენარში, ლარი 2026 წელს ზოგადად სტაბილური იქნება იმ ძირითადი დაშვებების გამო, რომ:


1) სავალუტო შემოდინებების ზრდა გაგრძელდება;
2) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5%-ზე დაბალ დონეზე იქნება;
3) დოლარი გლობალურად სუსტი დარჩება.


ჩვენი პროგნოზით, ლარი 2026 წელს, საშუალოდ, აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.70-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, 2025 წელთან შედარებით ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვების ზომიერმა ტემპმა შესაძლოა, ლარის კურსის გამყარების დინამიკაზე იქონიოს გავლენა“, – ნათქვამია 2026 წლის ეკონომიკურ პროგნოზებში.


პარალელურად კი „გალტ ენდ თაგარტი“ პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამჟამად არსებული 8%-დან 7.5%-მდე შეამცირებს, ხოლო ინფლაცია კი 3%-მდე შემცირდება. გაიზრდება ტურიზმის შემოსავლები, ფულადი გზავნილები, მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის ოდენობა კი შემცირდება.
საყურადღებოა ქვეყნის სავაჭრო ბალანსის საკითხიც. 2025 წლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო – 43.5% დაფიქსირდა. მართალია, მთლიანობაში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც გაიზარდა, შესაბამისად, ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სალდოც საგრძნობლად დიდია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა საკმაოდ მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს.


„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 7.29 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2% ით), ხოლო იმპორტი – 18.5 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით).


გარდა ამისა, 2025 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია. შედარებისთვის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 მილიარდ 308 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კომპონენტიც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას გარკვეულ პრობლემას უქმნის, რადგან მართალია ექსპორტი იზრდება (შესაბამისად, ვალუტის შემოდინებაც), მაგრამ ასევე სწრაფად იზრდება იმპორტიც (შესაბამისად, ვალუტის გადინებაც).


რაც შეეხება დოლართან დაკავშირებულ მოლოდინს საერთაშორისო ასპარეზზე, რომლის პოზიციები ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ შესუსტებულია: „ბლუმბერგის“ შეფასებით, დოლარის შესუსტება ტრამპის ეკონომიკურ შეხედულებებს შეესაბამება, რომ სუსტი ვალუტა ექსპორტს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, ხოლო იმპორტს აძვირებს. თუმცა, ასეთი პოლიტიკა ინფლაციასთან ბრძოლას ართულებს და ადგილობრივი ინვესტორებისთვის გაურკვევლობას ზრდის.


როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა დოლარის დინამიკა სათამაშო „იო-იოს“ შეადარა, რომელიც მიფრინავს და ელასტიური ლენტით ისევ თავის მფლობელს უბრუნდება. დოლარის მკვეთრი ვარდნის საპასუხო გეგმებზე მან ნათლად განაცხადა, რომ აშშ-ის ვალუტის შესუსტების პროცესში ჩარევას არ აპირებს.


„მე შემიძლია მისი აწევა ან დაწევა „იო-იოსავით“, მაგრამ, უბრალოდ, მსურს, მან თავისი დონე ი პოვოს. ეს სამართლიანია. შეხედეთ ჩვენს ბიზნესს: დოლართან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ტრამპმა.


„ბლუმბერგის“ დოლარის ინდექსი (DXY) 2022 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 96.2-ს მიაღწია. იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10.7%-ით გაუფასურდა.


ამდენად, ლარის კურსთან დაკავშირებით თითქმის საერთო შეხედულებაა, რომ გამოწვევები ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, დაძლეულია. შიდა ეკონომიკური თუ გლობალური მაკროეკონომიკური მოცემულობა ქმნის მოლოდინს, რომ კურსის სტაბილურობა წლის განმავლობაში გარანტირებულად შენარჩუნდება.


ლევან ნატროშვილი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

მთავრობა სოციალურად დაუცველთა “არმიის” განახევრებას აპირებს?!

მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.

ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება.