„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებს არსებობის რესურსი შეუმციროს. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ნორმაა მიღებული, რამაც მნიშვნელოვნად შეუზღუდა რესურსი არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აქტიურ ადამიანებს. „ოცნებას“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები შემოაქვს, რომელიც წესით მალე შევა ძალაში.
28 იანვარს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ახალი ინიციატივა გააცნო ხალხს. მისი თქმით, დაწესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დაზუსტდება გრანტების განმარტება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
„შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“, – ასეთია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პათოსი.
რას აპირებს „ოცნება“
როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, კანონში ცვლილების შეტანის მიზანი „გარე საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვაა“.
„ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, „ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება“.
კანონპროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს უცხოურ ორგანიზაციებზე: „თუ საზღვარგარეთ რეგისტრირებული ორგანიზაცია საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, დაფინანსების მისაღებად მას მოუწევს მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კირცხალიამ.
გრანტად ჩაითვლება არა მხოლოდ ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკური დახმარება, ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარება, მომსახურება ან სხვა სახის დახმარება. შესაბამისად, უცხოური ექსპერტების დაქირავება საქართველოში მთავრობის ნებართვის გარეშე შესაძლოა გახდეს დასჯადი.
კირცხალიას თქმით, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც აისახება: „გრანტების შესახებ კანონით დადებული წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე“.
გარდა ამისა, „ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – განაცხადა კირცხალიამ. ასევე, უცხოური დაფინანსების მიღება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოიწვევს ჯარიმას, სასარგებლო შრომას ან 6 წლამდე პატიმრობას.
„სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი~, – აღნიშნა კირცხალიამ. მისი განმარტებით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის სარგებლის გადაცემა დასჯადი იქნება.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ცვლილებები შევა „საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“.
მან აღნიშნა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები.
კირცხალიამ განაცხადა, რომ „რევოლუციის ყველა მცდელობა სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას“, რომლის დროსაც „უცხოეთიდან დაფინანსებულ ენჯეოებს ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენა დაევალათ“.
მისი თქმით, „საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს UშAID, NED, EED და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ, ხოლო დღევანდელი მოცემულობით, უცხოეთიდან საქართველოში არეულობის დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები“.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში, ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ვის შეეხება ახალი საკანონმდებლო ცვლილება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეპირ განცხადებებს ხშირად აკეთებენ, რომლის შინაარსიც ის გახლავს, რომ ყველას დასჯიან, ვინც შესაძლოა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს. მუქარა ეხებათ ბიზნესმენებსაც.
მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის 20,000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
„ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ „ოცნებაში“.
როგორც იურისტები ამბობენ, გავრცელებული ზეპირი განცხადებებიდან შეუძლებელია ზუსტად იმის გაგება, შეეხება თუ არა კანონის ცვლილება მაგალითად, ფიზიკურ პირებსაც. დავუშვათ, ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, საქართველოში მყოფ ოჯახის წევრს თუ უგზავნის ფულს, შემდეგ ამ ოჯახის წევრმა რომ ფეისბუკში მთავრობის რომელიმე ქმედებაზე კრიტიკული მოსაზრება დაწეროს, იქნება თუ არა „უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“? იურისტების თქმით, გამოცხადებულ ცვლილებებში საკმაოზე მეტი ბუნდოვანებაა და ხელისუფლება ყველა მსგავს გაურკვევლობას სათავისოდ, ე.წ. შერჩევითი სამართლის პრინციპით გამოიყენებს.
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გრანტების კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონის ერთ-ერთი პუნქტი ეხება მხოლოდ კომპანიებს: „ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კანონი ისედაც კრძალავს იურიდიული პარტიების მხრიდან შემოწირულობების გაკეთებას პარტიებისთვის და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმებად გადაქცევის შესაძლებლობა.
„საქართველოში აკრძალულია იურიდიული პირების მხრიდან პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება. ანუ იურიდიულ პირს, კომპანიას არ შეუძლია პოლიტიკაში ირიბად ყოფნა, პარტიის დაფინანსება, რომ შემდეგ მისი ინტერესი პარტიამ გაატაროს. აკრძალულია ეს ჩვენთან. აქედან ლოგიკა, თუ კი ჩვენ ვთანხმდებით და ეს აკრძალულია საქართველოში, რომ იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს. ეს რეგულაცია ამას გულისხმობს“.
პაპუაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“ ცდილობენ რამენაირად გარე ძალებს ასიამოვნონ. „მათ პირადად რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს შემდეგ წამოაყენებენ და კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა გარკვეული აქტივობების. მათ შორის მათი რეკლამა, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური შინაარსი ჰქონდეს ანუ კომპანია ხდება უკვე პოლიტიკური აქტორი“, – ამბობს პაპუაშვილი და აცხადებს, რომ თუკი კომპანიას აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნა.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართული ოცნების~ წარმომადგენლების მხრიდან ლამის პერსონალური თავდასხმების ადრესატი – გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი. მის მიმართოცნების~ წარმომადგენლები განსაკუთრებულად აგრესიულები გახდნენ, რაც 2024 წლის არჩევნების და შემდეგ უკვე ე.წ. რუსული კანონის~ შემოღებისას ქვეყანაში განვითარებულ საპროტესტო მოძრაობების დროს გერმანიის ელჩმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა. „შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია, აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ეს არის დემოკრატიის ცენტრალური იდეა. ადამიანებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა, თუნდაც ეს მთავრობას არ მოსწონდეს“, – განაცხადა პეტერ ფიშერმარადიო თავისუფლებასთან~ ინტერვიუში გასული წლის ნოემბერში.
ამჟამად კი, ფიშერმა უკვე შალვა პაპუაშვილის მიერ გერმანიის მხრიდან მიღებული დაფინანსება ახსენა.
„მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკი პედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21 – 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა.
როგორც ვხედავთ, უცხოური ძალისგან~ მიღებულ დაფინანსებას არ მოუხდენიაცუდი გავლენა~ პაპუაშვილზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სხვას უკრძალავს მსგავსი დაფინანსებების მიღებას…
იურისტების პოზიცია
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის – თამარ ონიანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიური ადამიანების განდევნაა.
როგორც თამარ ონიანმა BM.GE-ს განუცხადა, კანონის გამკაცრება იმ რეპრესიების ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ახორციელებს.
„დაანონსებული ცვლილებები ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს არის გაგრძელება ფაქტობრივად იმ დევნის პრაქტიკის, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, ასევე ზოგადად ნებისმიერი აქტიური ადამიანის მიმართ. ეს არის ზეწოლა გამოხატვის თავისუფლებაზე და ამაზე მიგვანიშნებს ჩვენ ის ფართო დისკრიმინაციული ბუნება, რომელიც არსებულ დაანონსებულ ცვლილებებს აქვს.
მათ შორის ეს სადამსჯელო ხასიათის სისხლის სამართლებრივი სანქციები, რომელიც ფაქტობრივად გააერთიანეს ამ საკანონმდებლო ცვლილებებში, რაც ბუნებრივია მთლიან კლიმატში, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებობს, აჩენს ძალიან დასაბუთებულ ეჭვს, რომ ეს კეთდება სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიური ადამიანების განდევნის მიზნით“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
იურისტი საბა ბრაჭველი „ქართული ოცნების“ მიერ გრანტის კანონში ცვლილებების დარეგისტრირების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს კანონი შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან. ბრაჭველმა პუნქტებად ჩამოწერა, რას ეხება „ოცნების“ დაანონსებული ცვლილება, მათ შორის რამდენიმე პუნქტი შემდეგი შინაარსის შემდეგია:
- ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან; მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც), მოუწევს, რომ ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს.
- სანამ განმცხადებელი მთავრობისგან ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც ნეტფლიქსის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს – 6 წელი ციხე დაემუქრება.
- თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითიც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი.
- გაერომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებისთვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც.
- საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ა.შ.) აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. „ფარადან“ და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც, თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.
- მეტიც, სათაო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.
- ექვსწლიანი სასჯელი (მძიმე დანაშაული) ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას უფლება ექნება, უკვე ლეგალურად მოუსმინოს ნებისმიერ პირს, რომელზეც პატაკში მხოლოდ ის იქნება მითითებული, რომ მას უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ პირთან რაღაც საქმიანობა აქვს. დამატებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე დანაშაულია, ამიტომ, მაგალითისთვის ორგანიზაციამ რამე თუ არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელებს დაიჭერენ (გრანტების კანონის დარღვევის გამო), და ცალკე დანარჩენებს – შეუტყობინებლობის გამო.
- ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან, – დაწერა ბრაჭველმა.
იურისტი, „საია“-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი გრანტების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს „ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. მისი თქმით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს „ადამიანების ფინანსურ კონტროლს და ამ გზით, კრიტიკული გამოხატვის ჩახშობას“.
მისი თქმით, გრანტების რეგულაციაში შესაძლოა ემიგრანტების ჩარიცხვები და ბიზნეს-სუბიექტებიც კი მოექცნენ:
„გრანტის მიმღებ სუბიექტებს პირდაპირ განსაზღვრავს გრანტების შესახებ კანონი დღევანდელი რედაქციით, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ეს ერთგვარ მინუსად დაინახეს. დეფინიციის გაფართოება და ჩანაწერი, რომ ნებისმიერი თანხა შეიძლება გრანტად ჩაითვალოს, ნიშნავს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სუბიექტი მიიღებს დაფინანსებას ან რა ფორმით – შესაძლებელია, რომ როგორც ფიზიკური პირი, ასევე არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირიც ჩათვალონ გრანტის მიმღებად, თუ ამის საჭიროებას „ქართული ოცნება“ დაინახავს“, – ამბობს სიმონიშვილი.
სიმონიშვილის თქმით, საფრთხე ის არის, რომ თუნდაც ემიგრანტი ოჯახის წევრმა რომ ჩაურიცხოს თანხა, ესეც შეიძლება გრანტად ჩაუთვალონ, თუ ამ ადამიანის პოლიტიკური აქტივობა არ მოეწონებათ. შეიძლება გრანტად ჩათვალონ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საზღვარგარეთიდან მიღებული თანხაც.
„თუ შენ მიიღებ რაღაც თანხას საზღვარგარეთიდან და მე არ მომეწონება, თუ როგორ გამოიყენებ შენ ამ თანხას და რა აქტივობებს განახორციელებ პოლიტიკურ ასპარეზზე – ასეთ შემთხვევაში მე ამას ჩაგითვლი გრანტად და დაგჭირდება ჩემი თანხმობა. ჩემი თანხმობის გარეშე თანხას ვერ მიიღებ და თუ მიიღებ – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისრება“, – ამბობს ის.
სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება~ ძალიან მარტივი პრინცი პით მუშაობს – ძალაუფლებას ინარჩუნებს ადამიანების მაქსიმალური კონტროლით. ადამიანების კონტროლი ყველაზე უკეთ შესაძლებელია მათი ფინანსური კონტროლით. თუ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი ფინანსები, არსებობენ „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ადამიანებიც. ეს დამოუკიდებელი ფული ყველაზე მეტად მოდიოდა საზღვარგარეთიდან და საგრანტო დაფინანსების სახით. ამის აღმოფხვრა უნდათ, რათა საბოლოო ჯამში ადამიანები აღარ გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები და აღარ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.
ასეა თუ ისე, „ქართული ოცნება“ მიჰყვება თავის მწყობრ გეგმას, რომელიც ჯერ დასავლეთის ქვეყნების და ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მტრად გამოცხადებით დაიწყო, შემდეგ საგარეო ვექტორი ევროპის მიმართულებიდან ჩინეთისკენ გადაიტანა, დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებული ირანის ხელისუფლებასთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავის ზეიმში იღებს მონაწილეობას, იმავდროულად, რუსეთთან მაქსიმალურად მაამებლურ პოლიტიკას ატარებს. რაც დისკომფორტს უქმნის, ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობაა და ეტაპობრივად მის ჩასახშობად ახალ-ახალ ნაბიჯებს დგამს. გრანტების კანონის გამკაცრებაც მაგას ემსახურება. არადა, ეს საკანონმდებლო ნორმა შარშან უკვე შემოიღო, როცა მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აკრძალა. 2025 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე. ცვლილებებს პლენარულ სესიაზე „ქართული ოცნების“ და მისი ვითომ-განაყოფის, „ხალხის ძალის“ 82-მა პარლამენტარმა მისცა ხმა.
ახლა დაანონსებული ცვლილების შესახებ, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ განხილვები და კენჭისყრებიც დაჩქარებული წესით მოხდება.
თემურ იობაშვილი

