Homeააფ-მედიაეროვნული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე

ეროვნული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე

Published on

spot_img

მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) მოიპოვა წვდომა. ეს ნიშნავს, რომ ახლა სებ-ს შეუძლია თავისი რეზერვების ნაწილი ჩინურ იუანში (CNY) განათავსოს. ეროვნულ ბანკში, ამ გადაწყვეტილებას რეზერვების ეფექტიანად მართვისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობით ხსნიან. საფინანსო სექტორში ეროვნულ ბანკს ჩინეთის უდიდეს ობლიგაციების ბაზარზე შესვლას უწონებენ, ეკონომისტთა ნაწილი კი თვლის, რომ ასეთი ინსტრუმენტები ცენტრალური ბანკების პრაქტიკაში შედარებით იშვიათად გამოიყენება, ამასთან ჩინეთში საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაზე სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს, რაც განსხვავდება იმ მოდელისგან, სადაც გრძელვადიანი განაკვეთები საბაზრო ძალებით განისაზღვრება.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოსაპოვებლად აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე 2025 წლის 23 დეკემბერს ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს. მისივე თქმით, უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული როგორც ვალუტების, აგრეთვე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის კუთხით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეზერვების მართვის დივერსიფიკაციას. ასევე, ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზრო გარემოსა და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ახალი ბაზრების ათვისება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში საკუთარ გამოცდილებას კერძო და საფინანსო სექტორს გაუზიარებს, რათა ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.


სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციის პრინციპი, რაც ითვალისწინებს სხვა ვალუტებში მცირე მოცულობით ინვესტირებას მთლიანი რეზერვების ვოლატილობის (ცვალებადობის) შემცირებისა და შემოსავლიანობის ზრდის მიზნით.


„ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარსა და ევროში, ჩვენი სავალუტო კომპოზიცია, საერთაშორისო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების მცირე ნაწილი ყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი იყო: ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთავსებული გვქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვი“, – აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ. თუმცა, მისივე თქმით, ეს იყო განთავსებული არა პირდაპირ, არამედ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით. ამ მოცემულობით კი, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა იძლევა საშუალებას, ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირი ინვესტიციები. ასევე, ეს იძლევა მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას.


უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში. სებ-ის ინფორმაციით, ახალი ბაზრის ათვისების მიზნით, შემდგომი ნაბიჯები განხორციელდება ეტაპობრივად და დაეფუძნება ბაზრის ოპერაციული გარემოს, ანგარიშსწორების მექანიზმების, სამართლებრივი ჩარჩოსა და რისკების შეფასებას.


„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. იგი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ცენტრალური ბანკების მხრიდან საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.


„გლობალური ეკონომიკური და მონეტარული გარემოს ცვლილებების ფონზე სარეზერვო აქტივების სტრუქტურის გადახედვა და ეტაპობრივი გაფართოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში შეინიშნება როგორც ოქროს შესყიდვების ზრდა, ისე სხვადასხვა ვალუტასა და ბაზარზე ნომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების დამატება სარეზერვო პორტფელებში. დივერსიფიკაციის ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის შესაძლებლობას, გაფართოვდეს საინვესტიციო არეალი და გარკვეულწილად შემცირდეს რეზერვების კონცენტრაცია ტრადიციულ ბაზრებსა და ვალუტებში, იმავდროულად, დაცული იყოს რეზერვების მართვის ძირითადი პრინცი პები – უსაფრთხოება და ლიკვიდურობა“, – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც ასეთ ნაბიჯს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. „ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს მართლა დივერსიფიცირებაა არაერთი გაგებით, როგორც ეკონომიკური ციკლების, ისე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, – ამბობს ოთარ ნადარაია. მისივე შეფასებით, ჩინურ ბაზარზე უკვე არაერთი ევროპული ქვეყანა ოპერირებს და საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის, მაგალითად ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს CIBM-ში, ხოლო ნორვეგიის სუვერენული საინვესტიციო ფონდი ინვესტიციებს სხვადასხვა ბაზარზე გლობალურად ახორციელებს.


როგორც ოთარ ნადარაიამ აღნიშნა, მულტისავალუტო კალათა თანამედროვე რეზერვების მართვის აუცილებელი ელემენტია. მისი შეფასებით, დოლარი და ევრო ხშირად საკმარისი არ არის და იუანის დამატება პორტფელს ღირებულებას მატებს. ამასთანავე, რეზერვების სტრუქტურაში იუანის ეტაპობრივი გაზრდა სტრატეგიულად ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა დომინანტ ვალუტებად კვლავ დოლარი და ევრო დარჩება.


„მსოფლიო ეკონომიკაში ობიექტური რეალობაა, რომ ყველაზე დიდი სამი ვალუტა არის დოლარი, ევრო და იუანი“, – აღნიშნა ნადარაიამ.


ფინანსისტი არჩილ იაკობაშვილი მედია პორტალ „ბიემჯი“-სთან საქართველოს სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ ობლიგაციებში განთავსების გეგმას შეფასებისას აღნიშნავს, რომ ასეთი ინსტრუმენტები ცენტრალური ბანკების პრაქტიკაში შედარებით იშვიათად გამოიყენება.


„ლიკვიდობის მიზნით დივერსიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა ინვესტიციისთვის მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იქნება“, – ამბობს იაკობაშვილი და აღნიშნავს, რომ ჩინეთში საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაზე სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს, რაც განსხვავდება იმ მოდელისგან, სადაც გრძელვადიანი განაკვეთები საბაზრო ძალებით განისაზღვრება. მისი შეფასებით, ადგილობრივი ბანკების როლიც სპეციფიკურია, რადგან ისინი ხშირად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე არიან ორიენტირებული, თავის მხრივ ძირითადი ჩინური ბანკები სწორედ სახელმწიფო ბანკებს წარმოადგენენ. არჩილ იაკობაშვილს საკუთარი არგუმენტისთვის საერთაშორისო მონაცემები მოჰყავს და ამბობს, რომ ჩინურ ადგილობრივ ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების წილი დაბალია და დაახლოებით 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს, რომ ასეთი აქტივები რეზერვების განთავსების ფართოდ გამოყენებული მიმართულება არ არის. მისი შეფასებით, ალტერნატიულ ბაზრებად შეიძლება განიხილებოდეს იაპონია, სამხრეთი კორეა, სინგაპური და ავსტრალია, სადაც, მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში შემოსავლიანობის დონე უფრო მაღალია.


რაც შეეხება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარს (CIBM), მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური პლატფორმაა, რომელიც ჩინეთის შიდა ობლიგაციების ბაზრის დაახლოებით 86-90%-ს მოიცავს. მისი მოცულობა 21 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს არის ბანკთაშორისო, არასაბირჟო (OTH) ბაზარი, სადაც ვაჭრობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით ხდება. ბაზარს არეგულირებს ჩინეთის სახალხო ბანკი.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნულმა ბანკმა უკვე გახსნა ანგარიშები ჩინეთის სახალხო ბანკსა და CIBM-ის დეპოზიტარულ ინფრასტრუქტურაში, რაც უახლოეს პერიოდში პირველი ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა. ასევე სებ-ის საბჭომ დაამტკიცა რეზერვების მართვის განახლებული სახელმძღვანელო. ოფიციალურად განისაზღვრა, რომ ჩინურ იუანში ნომინირებული აქტივების წილი საერთო რეზერვებში 5%-მდე იქნება.


დღეს სებ-ის რეზერვების დიდი ნაწილი აშშ დოლარსა და ევროშია, ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ოქროს (დაახლოებით 18%). უკვე მეორე წელია ეროვნული ბანკი რეზერვების მოცულობას აქტიურად ზრდის. ეს ტენდენცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტამდეც გრძელდებოდა. ამჯერად რამდენად მოახერხებს სები რეზერვების ზრდას, რთულად სათქმელია, ვინაიდან ისე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც ნავთობპროდუქტები მკვეთრად გაძვირდა, რასაც ჯაჭვური რეაქციით სხვა პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვება. ეროვნული ბანკი კი ვალდებულია ინფლაციის მოსათოკად საკუთარი ინსტრუმენტები გამოიყენოს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობასაც ხელი შეუწყოს.


არსებული მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სებ მა რეზერვები კიდევ 359 მილიონი დოლარით გაზარდა და რეზერვების მთლიანმა მოცულობამ ისტორიულ მაჩვენებელს 6.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეზერვების დაახლოებით 18 პროცენტი ოქროა, რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარამდეა. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშის (2025 წელი ჯერ არ არის გამოქვეყნებული) მიხედვით საერთაშორისო რეზერვები განთავსებული იყო აშშ-ის, ევროზონის ქვეყნების, კანადის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში, ამავე ქვეყნების სახელმწიფო სააგენტოებისა და სუპრანაციონალური საფინანსო ინსტიტუტების მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიან ქაღალდებსა და მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საბანკო დაწესებულებებში. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მართვიდან 413.10 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.


ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.