24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ორი ქართული სახელისუფლებო ტელევიზია „იმედი“ და "პოსტივი" დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ (Foreign, Commonwealth & Development Office – FCDO) რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული არხები დასანქცირდნენ, რადგან ავრცელებდნენ რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით: ამტკიცებდნენ, თითქოს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, ხოლო უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“; ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები ითვალისწინებს კომპანიის აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას და დირექტორების დისკვალიფიკაციას. მარტივად რომ ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც დასანქცირებულ კომპანიაში დირექტორის პოზიციას დაიკავებენ, ვეღარ დაიკავებენ მენეჯერულ პოზიციებს ნებისმიერ ბიზნესში, რომელსაც შეხება აქვს ბრიტანულ იურისდიქციასთან ან იმ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დასავლურ სანქციებს იცავენ. თუ პირი მაინც გააგრძელებს კომპანიის მართვას თუნდაც არაოფიციალურად, ეს ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად ან გამოიწვევს მძიმე ფინანსურ ჯარიმებს. დისკვალიფიკაცია ასევე საერთაშორისო დონეზე რეპუტაციულ ზიანსაც ნიშნავს. შესაბამისად, საერთაშორისო საბანკო და ბიზნეს-სისტემებისთვის ეს პირები ხდებიან „ტოქსიკურები“, რაც მათთან ნებისმიერ საქმიან ურთიერთობას სახიფათოს ხდის.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სანქციების გამო, ქართული ბანკები ვალდებულნი არიან შეზღუდონ მომსახურება დასანქცირებული სუბიექტებისთვის. შედეგად, „ტელეიმედს“ ყველანაირ საბანკო გადარიცხვაზე შესაძლოა შეექმნას პრობლემა. სწორედ ამიტომ, თუკი სხვა ბანკები უარს იტყვიან მომსახურებაზე, ტელეკომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი და „ტელეიმედს“ ისე მოემსახურონ. ექსპერტები ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ არსებული ქართული საბანკო სისტემა მთლიანად ჩამოიშლება, თუკი ეროვნული ბანკი ასეთი ბანკის არსებობას მწვანე შუქს აუნთებს.
პირველი რეაქციები
როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა, ტელეკომპანია „იმედის“ და ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ საკუთარი მომხრეები დაერწმუნებინათ, რომ არაფერი კატასტროფული არ ხდება და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა. თუმცა, ისიც აშკარა იყო, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მათთვის შოკის მომგვრელი გამოდგა.
ინფორმაციის გამოქვეყნებიდან უკვე მეორე დღეს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ – ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს მიმართეს და დაჩქრებული წესით დაარეგისტრირეს თანამდებობების დატოვება. მარტივად რომ ვთქვათ, სასწრაფოდ გაერიდნენ ბრიტანული სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიის ხელმძღვანელ პოზიციებს. ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ტელეიმედი“ 6 თებერვალს სულ რაღაც 1000 ლარად „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა, თუმცა, როგორც ჩანს, საჯარო რეესტრში ცვლილება ვერ მოესწრო, რადგან სამეწარმეო რეესტრშიტელეიმედის~ დამფუძნებლად კვლავ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი~ (ს/ნ 204563123) იყო მითითებული. ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ტელევიზიას 2025 წელს 45 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა, მისი ვალდებულებები კი 459 მილიონ ლარს. დაგროვილი ზარალი კი უზარმაზარია და 454 მილიონ ლარს შეადგენს. საინტერესოა ნამდვილად, როგორ ფუნქციონირებდა ეს ტელეარხი საერთოდ აქამდე, ამხელა ზარალის პირობებში? ეს გარემოება მიუთითებს, რომ მას, თითქოსდა დამოუკიდებელ ტელევიზას, ისეთი დამფინანსებლები ან/და ხელშემწყობები ჰყავს, ვინც სუბიექტური ფაქტორების გამო აფინანსებენ მას, კომერციული ინტერესის გარეშე.
ტელეკომპანია „იმედმა“ დასანქცირების პასუხად განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლებას ემსახურებიან.
„იმედი“ უკვე 22 წელია ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას, წინააღმდეგობას უწევდა დანაშაულებრივ რეჟიმსაც, რომელმაც ტელეკომპანია ძალით მიიტაცა. მაშინ ბრიტანეთს არც შეშფოთება გამოუთქვამს და მეტიც, რეჟიმს მხარს უჭერდა“, – წერია განცხადებაში. დასასრულში კი აღნიშნულია, რომ „დღევანდელი სანქციები ჩვენთვის მნიშვნელობას მოკლებულია. „იმედისთვის“ მთავარი შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი 25 თებერვალს გაკეთებულ კომენტარში „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება ქვეყნის ანექსიას შეადარა (?!).
დასანქცირების ოფიციალურ მიზეზს – რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას მანაბსოლუტური აბსურდი~ უწოდა. მისი თქმით, ბრიტანეთს დეზინფორმაცია საერთოდ არ ადარდებს და რეალური მიზანი სიმართლის გაჩუმებაა~.
დაუშვებს თუ არა ქართული საბანკო სისტემა მორიგ გამონაკლისს „იმედისთვის“
რადგან ბრიტანული სანქციები საბანკო სისტემას მკაცრ გაფრთხილებას აძლევს და უკრძალავს დასანქცირებული კომპანიისთვის მომსახურების გაწევას, ფინანსისტების თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, საქმიანობის გაჩერებაც მოუწევს.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებული არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა თურნავამ.
სებ-ის ხელმძღვანელის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა პირველ რიგში ადგილობრივი კანონმდებლობა უნდა გაითვალისწინონ და არა საერთაშორისო ნორმები. მსგავსი შემთხვევა საქართველოში უკვე მოხდა, როდესაც აშშ-ის სანქციების არიდებისთვის სებ-მა „საგამონაკლისო წესი“ შემოიღო და დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს გაყინულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. სებ-ის მიერ ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისი გულისხმობდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციები ავტომატურად აღარ ვრცელდება და მოქალაქეს საბანკო აქტივები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეყინება, თუ მის მიმართ საქართველოს სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. შედეგად, ფარცხალაძეს ამ ცვლილების შედეგად აღუდგა წვდომა ქართულ საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე. ბრძანებას ხელი მოაწერა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2023 წლის 19 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძის ანგარიშების შესაძლო გაყინვას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებისა, „თიბისი ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ტერაბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „პროკრედიტ ბანკმა“ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი კვლავ ერთგული რჩებოდნენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის. კონკრეტული ბანკი, რომელმაც ფარცხალაძეს ტრანზაქციების გატარების საშუალება მისცა, ოფიციალურად არ დასახელებულა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ მოასწრო ანგარიშების დახურვა და აქტივების გადაფორმება იმ მცირე დროში, რაც სებ-ის გადაწყვეტილებასა და ბანკების მიერ სანქციების პრაქტიკულ აღსრულებას შორის იყო. მაშინ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი სებ-ის შიგნით. თანამდებობა დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის გამო. „იმედის“ შემთხვევაში მსგავსი „გამონაკლისის“ დაშვება როგორც ჩანს, არ გამოვიდა. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა საკუთარი ბანკის შექმნის იდეა, რომ სხვა ბანკი არ დაზარალებულიყო. თუმცა, საეჭვოა, ესეც თუ არის შესაძლებელი.
შექმნიან ახალ ბანკს, რომელიციმედს~ და პოსტივის~ მოემსახურება?
ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან ორ დღეში „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, რომ არიან ბანკები, ვინც მზად არიან მათ მომსახურება გაუწიონ, თუმცა, ისინი რომ დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდნენ, ამიტომ, სულაც საკუთარ ბანკს შექმნიან.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ განცხადების შემდეგ უკვე ეროვნულ ბანკს მოუწია პასუხის გაცემა შეკითხვაზე: გასცემს თუ არა ლიცენზიას „იმედის ბანკის“ გახსნისთვის. „ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს“, – განაცხადეს სებ-ში.
რაც შეეხება კომერციული ბანკის ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და პროცედურებს, სია საკმაოდ ვრცელია. მაგალითად: ძირითადი სალიცენზიო მოთხოვნებია – საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის ოდენობით; ასევე, ბანკის შექმნის მსურველი ვალდებულია წარადგინოს ბიზნეს-გეგმა, რაც უნდა მოიცავდეს ბიზნეს-სტრატეგიას; მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას და ა.შ. გარდა ამისა, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/ გარემო უნდა იყოს გამჭვირვალე. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით და ა.შ.
საქართველოში ასევე არსებობს მიკრობანკის შექმნის შესაძლებლობა, რომლის საქმიანობასაც ასევე ეროვნული ბანკი არეგულირებს და ლიცენზიასაც გასცემს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 10 მილიონი ლარია. ლიცენზიის გაცემის ვადები კომერციული ბანკების ანალოგიურია. მიკრობანკი კომერციული ბანკისგან ძირითადად განსხვავდება მომხმარებლის სეგმენტით, მასშტაბით და რეგულაციების სიმკაცრით. მიკრობანკები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე და ფიზიკურ პირებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ვერ სარგებლობს ტრადიციული საბანკო მომსახურებით.
„იდეა აბსურდულია“ – რა არგუმენტები აქვთ სპეციალისტებს „იმედის ბანკის“ შექმნაზე
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს შეუძლებლად მიაჩნია „იმედის“ მიერ საკუთარი ბანკის შექმნა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკს ლიცენზიას მისცემენ, მაინც ვერ იქნება ავტონომიური ერთეული.
ქადაგიძე განმარტავს, რომ ბანკს ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად მეორე მხარეც სჭირდება – მიმღები და გამტარი და თუ გამტარი ბანკები ჩათვლიან, რომ მეორე მხარე სანქცირებულია, ტრანზაქციას არ გაატარებენ.
„იდეა აბსურდულია. შესაძლებლობა რომც ჰქონდეთ და ამის რესურსი ან ინტელექტუალური, ან რაიმე ტიპის ადამიანური რესურსი, მაშინ მარტივი კითხვა დავსვათ: მრავალმილიარდიანი რუსული „ვითიბი ბანკი“ დასანქცირდა და საქართველოში მისმა შვილობილმა ბანკმა ფაქტობრივად შეაჩერა საქმიანობა. თუ შესაძლებელი იყო, რუსული სახელმწიფო ბანკი ვერ გაექცეოდა ამ სანქციებს?! არა თუ რუსული სახელმწიფო ბანკი ვერ გაექცა ამას, ჩინური ბანკებიც აჩერებენ საქმიანობას“, – ამბობს ქადაგიძე. მისი თქმით, სებ-მა ლიცენზიაც რომ მისცეს, ივანიშვილმა თავისი ფული ჩადოს, ბანკის საქმიანობა შეუძლებელია.
„შეუძლებელი არის იმიტომ, რომ ბანკი არ არის ავტონომიური ერთეული, ბანკი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, თუ მას შეუძლია გადარიცხვების შესრულება, მაგალითად, ანგარიშსწორება, ბარათების გამოშვება და ა.შ., ელემენტარული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ოპერაციის განხორციელებას სჭირდება მეორე მხარეც, ანუ მხოლოდ ერთი მხარე ვერ შეასრულებს, სჭირდება მიმღები, სჭირდება გამტარი და გამტარი ბანკები არის სულ სამი, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს ემსახურება, ორი ამერიკული და ერთი გერმანული ბანკი.
„საქართველოს ბანკის“ ან „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი მომხმარებელი რომ შევიდეს აპლიკაციაში და ამოიღოს თავისი ანგარიშის რეკვიზიტი, იქ დაინახავს შუამავალ ბანკს. ეს იქნება ან „დრეზდენ ბანკი“, ან Bანკ ოფ Aმერიკა, ან „სითი ბანკი“. ეს სამი ბანკი თუ თვლის, რომ სანქცირებულია მეორე მხარე, არ ატარებს ტრანზაქციას, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს, რომ არცერთი გადარიცხვა არ წავა“, – ამბობს ქადაგიძე. „ერთადერთი ალტერნატივა რჩება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მიუერთდეს რუსულ სისტემას, გადავიდეთ რუბლებზე, უარი ვთქვათ ყველაფერ დანარჩენზე და გავხდეთ კლასიკური მეორე ბელარუსი. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში. ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, რომც შეიქმნას, „იმედის ბანკი“ ვერ იქნება კლასიკური ბანკი, რომელიც საბანკო ოპერაციებს სრულყოფილად შეასრულებს.
„იმედის ბანკი“ იქნება ჩაკეტილი სივრცე... ფარცხალაძეების და სხვა სანქცირებულების თავშესაფარი“, – თქვა შურღაიამ BMGთV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. „ჩემი ხედვით, სხვა ბანკებთან ისინი საკორესპონდენტო ურთიერთობებს ვერ დაამყარებენ, იმიტომ რომ მაშინ ის ბანკებიც სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. „იმედის ბანკი“ სხვა ბანკებთან ანგარიშებს ვერ გახსნის. შესაბამისად, ეს იქნება რაღაც ასეთი ჩაკეტილი, პატარა სივრცე, სადაც ნაღდ ფულს შეიტანენ – აი, დღევანდელი „ვითიბი ბანკი“ როგორც არის, ანუ იქ თანამშრომლები მუშაობენ, ხელფასს იღებენ, რაღაცა ხდება, მაგრამ ვერავითარ საერთაშორისო ოპერაციას ვერ ასრულებენ, ნაღდი ფულით უფარავს ხალხი მას ვალს და ა.შ. იქნება რაღაც ასეთი ჩაკეტილი სივრცე და თავშესაფარი ბატონი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და სხვა დასანქცირებული პირების, რომლებიც შეიძლება მომრავლდნენ. ჩემი პროგნოზით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ბანკი საერთოდ შეიქმნას, რადგან ამას კარგა ხანი დასჭირდება, იქამდე ბევრი რამე მოხდება, შეიცვლება და შეიძლება კიდევ გამრავლდეს პრობლემები“, – განაცხადა ნიკა შურღაიამ.
შურღაიას თქმით, საკუთარი ბანკის გახსნის მცდელობა აშკარას ხდის, რომ არცერთმა ქართულმა ბანკმა არ მოისურვა მათი მომსახურება. დასანქცირებული კომპანიის ან პიროვნების ფარულად სრულყოფილ მომსახურებას კი საკუთარი ბანკიც ვერ შეძლებს. „თითოეული ბანკი, როდესაც ის საკორესპონდენტო ურთიერთობებს ამყარებს ანუ ანგარიშსწორებისთვის ანგარიშებს ხსნის სხვა ბანკთან, ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები. იქ ყოველთვის არის ასეთი კითხვები: გაქვთ თუ არა კავშირი ვინმე სანქცირებულთან? აქვს თუ არა რომელიმე სანქცირებულ პირს თქვენთან ანგარიში? ფიქსირდება თუ არა ანგარიში ირანთან და ა.შ. შესაბამისად, ეს საკითხი მხოლოდ ბანკის ხელმძღვანელს არ ეხება; მასაც რომ დაავალონ სიმართლის დამალვა, პროცესში დაბალ რგოლზე ბევრი ადამიანია ჩართული. ასე მარტივი არ არის, რომ ამდენმა ადამიანმა, ფაქტობრივად, ჯგუფურ სიცრუეში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ნიკა შურღაიამ.
„იმედის ბანკის“ შექმნა შეუძლებლად მიაჩნია აგრეთვე ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა IK Law Office-ის თანადამფუძნებელს, იურისტ ეკატერინე ეგუტიას, რომელთან ინტერვიუც BMGTV-მ ჩაწერა. იურისტის ვარაუდით, საქართველოს ეროვნული ბანკი „იმედის ბანკზე“ ლიცენზიას არ გასცემს, რადგან ეს იქნება სანქცირებული პირის მიერ დიდი ბრიტანეთის სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება, რაც მარეგულირებლის დასანქცირების რისკსაც ქმნის და ქართულ საფინანსო სექტორსაც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. „ოთარ ფარცხალაძისთვის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება კი გაუტარეს, მაგრამ სანქცირებულ პირს მისცე უფლება, საფინანსო ინსტიტუცია შექმნას და აწარმოოს საბანკო გადარიცხვები თუნდაც რუბლსა და ლარში, წარმოუდგენელია და უდიდესი რისკია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.
ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ „იმედის ბანკის“ იდეა ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობს მმართველი პოლიტიკური ძალა სანქციების გვერდის ავლას ინსტიტუციური მანიპულაციებით. მაგრამ რეალობა ის არის, რომ საბანკო სისტემა ვერ ფუნქციონირებს საერთაშორისო ფინანსური ქსელის გარეშე, ხოლო „ჩაკეტილი“ ბანკის შექმნა მხოლოდ სანქცირებულთა თავშესაფრად იქცევა. ეროვნული ბანკის მიერ მსგავსი პროექტის ლეგიტიმაცია არა მხოლოდ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მის საერთაშორისო რეპუტაციასაც სერიოზულად დააზიანებს. საბოლოოდ, „იმედის ბანკის“ იდეა უფრო პოლიტიკური ჟესტია, ვიდრე ეკონომიკური გამოსავალი, და მისი განხორციელება საქართველოს საფინანსო სისტემას საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დააყენებს.
სავარაუდოდ,ქართული ოცნების~ ხელისუფლება ტელეიმედისა~ დაპოსტივის~ გადასარჩენად, რომლებიც მისი მთავარი პროპაგანდისტები არიან, სხვა გზებს გამოძებნის, ვიდრე ეს `იმედის ბანკის~ შექმნის ხელშეწყობაა.
თემურ იობაშვილი

