6 თვეში „დაზოგილი“ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრები – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ ეს მათი მუშაობის შედეგია. აქამდე, რომ „გვეგონა“, სახელმწიფო უწყებები ბიუჯეტის ფულს ეფექტიანად და პატიოსნად ხარჯავდნენ, თურმე მთლად ასე არ ყოფილა. დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.
ეფექტიანობის დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისში შეიქმნა. მინიჭებული უფლებამოსილებით, დეპარტამენტი ჩართულია ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების შესაბამისობის, ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის შეფასებაში. დეპარტამენტმა თავისი საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე და ეფექტიან განხორციელებას უნდა დაუთმოს. ამ უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების ჯამური წლიური მოცულობა საშუალოდ ცხრა მილიარდ ლარს შეადგენს.
დეპარტამენტის შექმნის პარალელურად, რეფორმირდა შესყიდვების სამსახური. კერძოდ შესყიდვებს დაემატა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული (MRS).
ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ნაწილია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ელექტრონული მოდული არის სიახლე და არ აქვს ანალოგი, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების შესყიდვების სისტემებში.
როგორ მუშაობს ეს სისტემა? სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ 4,751 სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსახორციელებულ შესყიდვებზე ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ამავე სისტემაში რეგისტრირებულ 59,475 ეკონომიკურ ოპერატორს, მათი დაინტერესების მიხედვით, ამ ყველაფერმა უზრუნველყოს მონაწილეთა დროული ინფორმირება და სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობა.
კანონი ავალდებულებს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ჩაატაროს დეტალური ბაზრის კვლევა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის, ასევე ინდივიდუალური შესყიდვის განხორციელების წინ, იმ მეთოდების გამოყენებით, რომელიც დადგენილია ამ ცვლილების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ცვლილების ამოქმედებამდე ბაზრის კვლევის ჩატარება რეგულირდებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით და რეკომენდაციით ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ.
ახალი მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წინა მოსამზადებელ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ პირს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბაზრის კვლევაში და წარადგინოს თავისი შეთავაზება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევის მასალებზე თანაბარი წვდომა მინიმუმამდე ამცირებს მიკერძოების და რომელიმე მიმწოდებლის მიმართ უპირატესობის მინიჭების რისკებს.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გურამ დუმბაძის განმარტებით, ბაზრის კვლევის ახალმა ელექტრონულმა მოდულმა მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, ეს რეფორმა მანიპულაციებს და კონკრეტული კომპანიების პრეფერენციებს ნულამდე ამცირებს. კერძოდ, გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სერვისი გაუწიონ სახელმწიფოს, კონკურენტული პირობები შესთავაზონ, რომლებიც მანამდე კერძო სექტორს ემსახურებოდნენ და სახელმწიფო შესყიდვებით არ იყო დაინტერესებულები.
„დიდი ნდობა აქვს პლატფორმას MRS-ს მოდულს,როგორც შემსყიდველებში, ასევე კერძო სექტორში, მოდულის რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება და ბევრი ისეთი კომპანია დარეგისტრირებული, რომლებიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არ მონაწილეობდნენ. ჩვენ ფაქტობრივად ვთქვით, რომ 9 მილიარდი ლარის შესყიდვა გამოდის 60 ათას ეკონომიკურ ოპერატორზე და ყველას შეგიძლიათ თანაბრად მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. დიდი დაინტერესებაა. ბაზრის კვლევაში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, 2-3 კომპანია მონაწილეობდა. ახლა, შეიძლება, მივიღოთ 12-18 კომპანიის შემოთავაზება და ამ წინადადების დამუშავების საფუძველზე ხდება შესაბამისი შესყიდვის მომზადება“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
„თეთრი სია“
კიდევ ერთი სიახლე _ შეიცვალა „თეთრი სიის“ წარმოების წესი და პირობები. ზოგადად, „თეთრი სია“ წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ, კვალიფიციურ პირთა რეესტრს, სადაც ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი წლის ვადით რეგისტრირდებიან შესაბამისი პირები. „თეთრ სიაში“ რეგისტრაცია პირებს ანიჭებს მნიშვნელოვან უპირატესობას, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინასწარი ანგარიშსწორებისა (ავანსის) და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისათვის ნაკლები საბანკო გარანტია წარადგინოს.
ცვლილებებამდე, „თეთრ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს შეეძლოთ, წარედგინათ გარანტიების 50%, ხოლო დარჩენილი ნაწილი რჩებოდა დაუცველი და ეს დამოკიდებული იყო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე, რამდენად კარგად შეასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, სპეციალისტების შეფასებით, „თეთრ სიაში“ მყოფ კომპანიებს შეეძლოთ, 50% ავანსის ღირებულების მიეტანათ და მეორე 50% იყო არაუზრუნველყოფილი. როდესაც ზოგიერთმა კომპანიამ ამ სიით ბოროტად ისარგებლა და საკონტრაქტო პირობები დაარღვია, სახელმწიფოს ამ კომპანიებთან არაუზრუნველყოფილი თანხების მოთხოვნის უფლება დაუდგა, მაგრამ უკან ვერანაირი თანხა ვერ წამოიღო. სხვათაშორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებული პრაქტიკის გამო, ბევრი მიტოვებული პროექტია, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის თანხები გაიფლანგა.
აქედან გამომდინარე, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, როგორც შესრულებელი პროექტების, ასევე წარმოსადგენი რეკომენდაციების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება.
სამშენებლო სამუშაოების ფასს სამხარაულის ბიურო დაადგენს
მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ეს სამსახური რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა კი სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. ბიუროს მიერ მომზადდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულების ნუსხა, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. ამ ცვლილების ინიციატორების განმარტებით, ეს კერძო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად დაგეგმონ და წინასწარ გაითვალისწინონ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტებს, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაცია რომ არ დასჭირდეს (ესეც ჩვეულებრივი ამბავია, რომ რიგ შემთხვევებში გარემონტებული ფასადები, განახლებული გზები რამდენიმე თვეში ისევ გასაკეთებელია), ხელისუფლება მზად არის სამშენებლო პროექტებში საბაზრო ღირებულება გადაიხადოს. გურამ დუმბაძე განცხადებით, როდესაც სახელმწიფო საბაზრო ღირებულებით გადაუხდის ბიზნესმენს კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ ექნება იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს.
„ჩვენ 2026 წელს დავასრულებთ ფასების ფორმირების პროცესს. ეს პროცესი იქნება სრულიად ჯანსაღი. ფასების განახლება შეიძლება მოხდეს ყოველ კვარტალში, შეიძლება მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ეს განგრძობადი პროცესი იქნება. სადაც ზრდა იქნება, იქ გაიზრდება ფასი, სადაც შემცირება იქნება, იქ აუცილებლად შემცირდება. ჩვენ მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში. ისე არ მოხდება, სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს. ჩვენ რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით. მიღწეული ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს სამშენებლო სექტორში. ბიზნესსაც მეტად მივცემთ განვითარების შესაძლებლობას. როდესაც ჩვენ საბაზრო ღირებულებით ვუხდით მას კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ აქვს იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს. ამიტომ ეს პროცესი ამ კუთხით სრულიად ჯანსაღი იქნება“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი საინფორმაციო პორტალ „ბიზნეს მედიასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო ტენდერებში პროექტებზე ფასწარმოქმნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა სექტორისთვის გასული წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაცია ისეთი მდგრადი და ჯანმრთელი არ არის, რომ მათი გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს. აქედან, გამომდინარე ასოციაციაში ფიქრობენ, რომ რეფორმის ამ სახით წარმართვა კომპანიებისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ამასთანავე, გიორგობიანის განცხადებით, სექტორისთვის გამოწვევად რჩება საბანკო სექტორთან ურთიერთობისას რისკფაქტორების შემცირების საკითხიც.
„პირველად ხდება წლის დასაწყისში გეგმის წარდგენა, თუ რა ტენდერები გამოვა. ბიზნესმა წინასწარ იცის, რა იგეგმება წლის განმავლობაში და ამავდროულად, საუბარი იყო ასევე იმაზე, თუ რა მოთხოვნები იქნება, მათ შორის რა ცვლილებებს გეგმავენ საკვალიფიკაციო თუ სხვა სატენდერო მოთხოვნების ნაწილში. მიმდინარე წლის დასაგეგმად ეს ბიზნესისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რათა იცოდეს, რა რესურსების მობილიზება უნდა მოახდინოს… იმისათვის, რომ ეს რეფორმა დასრულდეს და იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე გარემო. საბანკო სექტორის პოზიციაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან გარკვეული რისკფაქტორები არსებობს, რომელიც კაპიტალზეც, ღირებულებაზეც აისახება“, – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ პირველი ივნისიდან ამოქმედდება დამოუკიდებელი უწყება სახელწოდებით – ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც მსხვილ და კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. მთავრობა განსაზღვრავს შესასყიდ კრიტერიუმებს და თუკი მაგალითად მომსახურების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მაღალი იქნება, ტენდერს კონკრეტული მხარჯავი უწყების ნაცვლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო გამოაცხადებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელს და მომსახურებას შეიძენს. ეს სამსახური ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის 6 თვეში დეპარტამენტმა სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების, სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო შესყიდვების, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დავალებების შესრულების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო, დეპარტამენტს გაერკვია დაგეგმილი, ან შესრულებული პროექტები იყო თუ არა შესაბამისობაში საკანონმდებლო ნორმებთან, ასევე როგორი იყო მათი ხარჯეფექტიანობა და პროდუქტიულობა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები.
კერძოდ, გურამ დუმბაძე განმარტებით, დეპარტამენტის 6 თვის საქმიანობის შედეგად მიღწეულმა პირდაპირმა ეკონომიამ 300 მილიონ ლარამდე შეადგინა. დუმბაძე ამბობს, რომ ეს თანხა დაიზოგა სახელმწიფო შესყიდვებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით. მოკვლეული მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს კიდევ სხვა საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებმაც ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელების განცხადებით, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ, პროდუქტიულ და ეფექტიან განკარგვას. დაგეგმილი ინიციატივები ეხება შემდეგ საკითხებს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოდერნიზება; „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა; შესყიდვების ინოვაციური მეთოდების შემუშავება; სახელმწიფო საწარმოების ეკონომიკური სარგებლიანობის კვლევა.
რეფორმა ერთი შეხედვით საინტერესო ჩანს, მთავარია რამდენად გამჭვირვალე და ეფექტიანი იქნება ამ ყველაფრის მართვა. ერთი რამ კი ცხადია, ბოლო მოვლენებმა (ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებმა) აჩვენა, რომ საქართველოში (როგორც აქამდე გვეუბნებოდნენ) კორუფციის დონე არც ისე დაბალი ყოფილა. სამართალდამცავი ორგანოები სახელმწიფო შესყიდვებში საკუთარი ინტერესების გატარების ბრალდებით საჯარო პირებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებდნენ. ასევე ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ მიზეზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაიფლანგა. დაუსრულებელია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, მეტროსადგურები და სხვა. ახლა მომავალი გვიჩვენებს, რამდენად შეცვლის მთავრობის ახალი რეფორმები ამ რთულ ვითარებას.
ეკა ხარაზი

