Homeააფ-მედიამთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს შეუტია

Published on

spot_img

რა შედეგს მოიტანს აქციზის 4,5 ლარამდე გაძვირება

მთავრობამ საკუთარი გამოცხადებული გეგმა, რომ აკრძალავდნენ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს, 1 თვეში შეცვალა. ამჟამად თქვეს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს აღარ აკრძალავენ, სამაგიეროდ მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება და აქამდე თუ ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე ყველაზე დაბალი ტარიფი 0.8 ლარი იყო, 1 აპრილიდან 4,5 ლარი გახდება. მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე თუ 2.0 ლიტრი ძრავის მქონე 6-8 წლის ავტომობილის იმპორტისას აქციზის გადასახადი 1800 ლარი ჯდებოდა, 1 აპრილიდან 9000 ლარი დაჯდება. ამის მიუხედავად, „ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ „დათმობაზე წავიდნენ“ და აკრძალვა ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად გადაიფიქრეს.

რას ერჩიან 6 წელზე ადრე გამოშვებულ ავტომობილებს

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში არსებული ავტომობილების 80% ათ წელზე მეტი ასაკისაა. 52% კი, 20 წელზე უფრო ძველი ავტომობილებია. შესაბამისად, კარგად ჩანს, რომ ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია. მთავრობის წარმომადგენლებსაც არგუმენტად ავტოპარკის სიძველე და ამ სიძველის გამო გამოწვეული გარემოს დაბინძურება მოჰყავთ. მათი თქმით, რეგულაციის გამკაცრების გამო ხალხი ასაკიან ავტომობილებს აღარ ჩამოიყვანს და ეკოლოგიასაც ნაკლები ზიანი მიადგება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რეგულაციის კორექტირება კერძო სექტორისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

თავდაპირველად, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა კობახიძემ 12 თებერვალს დააანონსა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი უფრო ვრცლად განმარტა, ვის არ შეეხება რეგულაცია.

„დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.
შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.
გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე“,
– აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საბოლოოდ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზი 4,5 ლარი გახდება ძრავის კუბურ სანტიმეტრზე. ამჟამად, 6-8 წლის ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრს შეადგენს, 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ტარიფი უფრო მეტია.
აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ნიშნით ავტომობილების რეგისტრაცია 2 წლის წინ უკვე გაამკაცრეს. 2023 წლის 12 ივნისს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან შეიზღუდებოდა 2013 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტი.

„გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება“, – თქვა ღარიბაშვილმა და განმარტა ისიც, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის – 2025 წლის პირველი იანვრიდან.

ღარიბაშვილმაც მაგ რეგულაციის მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა: მსუბუქი ავტომობილი (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ3
„ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გვაქვს: მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი. ბოლო 4 წლის გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგის ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტია… ეს პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქშია, ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება“, – აცხადებდა ღარიბაშვილი.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ მართლაც დაამტკიცა აღნიშნული სტანდარტი და 2024 წლის 1 იანვრიდან შეიზღუდა 2013 წელზე ძველი ავტომობილების რეგისტრაცია. ახლანდელი გადაწყვეტილებით კი, გაცილებით მკაცრდება იმპორტის პირობები.

ხელისუფლების პოზიცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოღებული რეგულაცია ისევ ეკოლოგიაზე ზრუნვით ახსნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებსაც წაადგებათ და ჰაერის ხარისხსაც გააუმჯობესებს.

„ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და სწორედ, ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი მიღებულიყო – ერთი მხრივ, შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტისა და, მეორე მხრივ, ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულების ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – დავით სონღულაშვილის განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თემაზე განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ლაშა ხუციშვილის თქმით, აკრძალვის ნაცვლად აქციზის 4,5 ლარამდე გაძვირების გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად არის მიღებული.

„ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეიცვალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აღარ აიკრძალება ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან. ნაცვლად ამისა, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი – ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები, ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

რამდენით იზრდება ტარიფი – ღირს თუ აღარ ძველი ავტომობილის ჩამოყვანა

რამდენით ძვირდება ახალი რეგულაციით ავტომობილის განბაჟება, შეგვიძლია კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ. დავუშვათ, გვინდა 6-8 წლის „ჰიუნდაი ელანტრას“ ჩამოყვანა, რომელსაც 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავი აქვს. დღეს მოქმედი ტარიფით, როდესაც 6-8 წლის ავტომობილის განბაჟება 1 კუბურ სანტიმეტრზე 0,8 ლარი ღირს, ამ ავტომობილის აქციზის გადასახადი იქნება 1800 ლარი. ამას გარდა დაემატება 420 ლარი, რომელიც მოიცავს იმპორტის გადასახადს, სატრანსპორტო საშუალების გაფორმების საფასურს, საბაჟო დეკლარაციის შევსებას, საექსპერტო შემოწმებას, სარეგისტრაციო მოწმობას, სახელმწიფო ნომრების საფასურს და ა.შ. ჯამში, ჩვენი „ჰიუნდაი ელანტრას“ განბაჟება და რეგისტრაცია დაგვიჯდება 2220 ლარი.

კობახიძის გამოცხადებული 4,5 ლარიანი ტარიფის შემთხვევაში კი, იგივე „ჰიუნდაი ელანტრას“ აქციზის გადასახადი გახდება 9000 ლარი. თუ სხვა გადასახდელები უცვლელი დარჩება, მხოლოდ აქციზის გაძვირების შედეგად ამ ავტომობილის განბაჟება-რეგისტრაციის საფასური 9420 ლარი გახდება. მოკლედ, ამ კონკრეტული ავტომობილის განბაჟება 7200 ლარით ძვირდება.

ბიზნესის და ექსპერტების კომენტარები

კომპანია „ქარმარკის“ დირექტორის ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ავტომობილების განბაჟების ახალმა ტარიფმა შესაძლოა იაფფასიანი, დაბალი სეგმენტის ავტომობილების შემოსვლა გაზარდოს, რაც ეკოლოგიის გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილება კომპანიის გაყიდვებს, დაახლოებით, 40%-ით შეამცირებს.

„ახალი ტარიფები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როდესაც ავტომობილს 2000 დოლარად ყიდულობ, 3000 დოლარი განბაჟება ჯდება, რაც ალოგიკურია. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს – მაშინ ტექდათვალიერებას უნდა მიეხედოს. ასე, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება და დაეტყობა როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას.

ჩვენი გაყიდვების 65% 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები იყო და აქედან გამომდინარე, მოსახლეობა რომც გადაეწყოს 6 წელზე უფრო ახალგაზრდა ავტომობილებზე – 40%-ით მაინც დაიკლებს გაყიდვები.

ახლა, სავარაუდოდ, როდესაც მოსახლეობა და ბიზნესი ახალ კანონებზე დაიწყებს შეგუებას – ქვეყანაში უფრო მეტად იაფიანი, დაბალი სეგმენტის ავტომობილების შემოსვლა გაიზრდება, რაც ეკოლოგიის გაუმჯობესებას არანაირად არ დაეხმარება. 2020-ის ზევით ავტომობილები არ ნიშნავს, რომ ამ დრომდე გამოშვებულ ავტომობილებს სჯობს. პირველ რიგში, ტექდათვალიერების საკითხი უნდა მოეგვარებინათ.
ელექტროავტომობილების განბაჟება ნულოვანია, თუმცა ამ ტიპის ხარისხიანი ავტომობილი ძვირი ღირს. თუ ელექტროავტომობილებს შემოვიყვანთ, მაშინ უნდა შემოვიყვანოთ ჩინური ავტომობილები და აქ, მეორე პრობლემას ვაწყდებით. ელემენტების დაზიანების და ვადის გასვლის შემდეგ – ეს კიდევ უფრო საზიანოა ეკოლოგიისთვის, ვიდრე სხვა გამონაბოლქვი. ელემენტებს უტილიზაცია და გადამუშავება სჭირდება. აღნიშნული გადამუშავებისთვის კი ქარხნები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არის და გლობალური პრობლემაა“,
– აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.
მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ იმპორტის შეზღუდვით ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდება, არადამაჯერებლად მიაჩნიათ როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე ექსპერტების დიდ ნაწილს.

სპეციალისტების აზრით, ახალმა რეგულაციებმა მძღოლებს შესაძლოა კიდევ ერთი, არცთუ სახარბიელო გამოსავლის ძიებისკენ უბიძგოს.

„თუკი ადამიანები დღეს ყიდულობენ ავტომობილებს 10 წლის ფარგლებში – ტექნიკურად გამართულს, არა დაზიანებულს, ამ რეგულაციის შემდეგ, მათ მოუწევთ შეიძინონ შედარებით ახალი ავტომობილი, მაგრამ ტექნიკურად დაზიანებული, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე. შემდეგ მათ მოუწევთ ამ ავტომობილის აღდგენა, მაგრამ უსაფრთხოების პარამეტრები აღარ იქნება სანდო, როგორც ეს ავარიამდე იქნებოდა“, – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვასო ურუშაძე. მისი თქმით, ასეთი მიდგომა დადებით გავლენას ვერ მოახდენს გახშირებული ავარიებისა და მაღალი მსხვერპლის სამწუხარო სტატისტიკაზე.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძეს მიაჩნია, რომ ავტომობილის მდგომარეობა არა ასაკით, არამედ სწორედ მისი ტექნიკური მდგომარეობით უნდა განისაზღვროს.

„მაშინ რაში გვჭირდება ტექდათვალიერება, თუკი პირდაპირ ასაკით ვსაზღვრავთ და ვაწესებთ ცენზს?! განვითარებულ ქვეყნებში ტექნიკურ მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას. 7 წლის „ფერარის“ ან „ბენტლის“ ყიდვა რომ უნდოდეს ადამიანს, რატომ ვერ უნდა იყიდოს?! აბსურდამდე მივდივართ. მოქალაქეს უფლება აქვს, როგორი ავტომობილიც უნდა, ისეთი შეიძინოს – შენ უნდა უთხრა, რა ტექნიკური პარამეტრები უნდა დააკმაყოფილოს“, – ამბობს ალექსი ნონიაძე. მისი თქმით, ახალი ცვლილებები ნაწილობრივ იმის აღიარებაც არის, რომ საქართველოში ტექდათვალიერების სისტემამ არ გაამართლა. ნინიაძე ასევე ამბობს, რომ მოვლილმა, მაღალი კლასის 20 წლის მანქანამ შესაძლოა ცუდად მოვლილ, დაბალი კლასის 2 წლის ავტომობილსაც აჯობოს.

ამას გარდა, ნონიაძე ამბობს, რომ 12 თებერვალს მთავრობის მიერ ავტოიმპორტზე შეზღუდვის დაანონსებისთანავე შესყიდვები 80%-ით გაიზარდა. როცა ეს მანქანები ჩამოვა, ქართულ პორტებში საცობები შეიქმნება. მისი თქმით, ტრანსპორტირების დაწყების შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა ირანში მიმდინარე მოვლენებიც.

„საქართველო გახდება დანგრეული, ამორტიზებული, კატალიზატორდაცლილი მანქანების სასაფლაო“, – ასე აფასებს ეკონომისტი რომან გოცირიძე „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას, 6 წლამდე წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, მათი განბაჟება გააძვიროს.

„ვერ აამოქმედეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან უამრავი ავტომობილი არის დღეს ჩარჩენილი ზღვაში, ოკეანეში, მოდის ამერიკიდან, მოდის იაპონიიდან, უამრავი ფულია დახარჯული და უკმაყოფილება იქნებოდა ძალიან დიდი და აი ასეთი შემოვლითი გზით გადაწყვიტეს, რომ დააწესონ ისეთი ბაჟი, რომელიც ყოველგვარ სურვილსა და აზრს იქნება მოკლებული, რომ შემოიყვანო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანა“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ 3% ია ექვს წლამდე ასაკის მანქანები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები არ იძლევა საშუალებას, რომ ხალხმა ახალი ავტომობილები შეიძინოს. მისი განცხადებით, დადგენილება გასაუქმებელია, რადგან ეს არის „კორუფციული სქემა“, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ეწირება.

ბიზნესის წარმომადგენლები იმასაც ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაციები ავტოიმპორტიორებსაც მნიშვნელოვნად დააზარალებს და მათი დიდი ნაწილი საერთოდ ბაზრიდან გავა, რადგან კოლოსალური გაძვირების გამო აღარ ექნებათ რეალიზაცია.
აქვე შეგვიძლია საბიუჯეტო შემოსავლებზეც ვთქვათ. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტში მსუბუქი ავტომობილების განბაჟებიდან მიღებული შემოსავალი 331,4 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი ტარიფების შემთხვევაში როგორ შეიცვლება შემოსავალი, მომავალ წელს გამოჩნდება. შეიძლება აქციზის კოლოსალურად გაძვირების გამო, საბიუჯეტო შემოსავალი უფრო ნაკლებიც იყოს, რადგან ადამიანების დიდმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვას ავტომობილების ჩამოყვანაზე.

მანამდე კი რაც ჩანს, მთავრობის გაცხადებული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი სხვადასხვაა. ადამიანებს, ვისაც მაგალითად 20 წლის ავტომობილი ჰყავთ და აპირებდნენ თუნდაც 8-10 წლის გამართული მანქანის ჩამოყვანას, ახლა იმდენად გაუძვირეს განბაჟება, რომ მოუწევთ ჩამოყვანა გადაიფიქრონ. ახლის ყიდვა რომ არ შეუძლია უმეტესობას, ეგეც კარგად ჩანს. ამიტომ, ბევრი გახდება იძულებული რაც ჰყავს, იმ ძველი მანქანით მანამ იმოძრაოს, სანამ ავტომობილი სიარულს შეძლებს. შესაბამისად, ავტოპარკიც კიდევ უფრო მეტად გაივსება ძველი მანქანებით და არც ეკოლოგიას წაადგება შემოღებული რეგულაცია. ისიც გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია, როდესაც მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის და ახალი რეგულაციის მიხედვით, 7-8 წლის დაუზიანებელი „მერსედესი“ ან ტოიოტა უფრო მიუღებელია, ვიდრე 4-5 წლის რუსული „ჟიგული“, „ნივა“, „მოსკვიჩი“, ან თუნდაც, დაბალი ხარისხის, მაგრამ ნაკლები წლოვანების ჩინური ავტომობილები.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

მთავრობა სოციალურად დაუცველთა “არმიის” განახევრებას აპირებს?!

მთავრობამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. პირველ რიგში, ცვლილება შეეხება სოციალურად დაუცველებს, რომლებიც აქამდე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფოს დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი.

ენერგეტიკული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი. ასევე საქართველომ, შარშან, ექსპორტზე 511 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი. ასევე, ტრანზიტის სახით, საქართველომ 665 მლნ კვტ/სთ ელექტოენერგია გაატარა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან მიიღო.

ახალი წესები სახელმწიფო შესყიდვებში

დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ „ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები არსებობს“. დეპარტამენტის მიერ მოკვლეულ მასალებს ახლა სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.