ირანსა და ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა, ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის პირობებში ჩააყენა. რეგიონში აშშ-ის სამხედრო არსენალის რამდენიმედღიან მობილიზებას, 28 თებერვლის გამთენიისას ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა მოჰყვა. ელვისებური შეტევის პირველსავე დღეს, ერთბაშად რამდენიმე ირანელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსანი ემსხვერპლა. მოკლულთა შორის იყო ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო იერიშს თავდაპირველად „პრევენციული დარტყმა“ უწოდა. შეტევის დაწყებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა: „ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყო“. ოპერაციის პირველი დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტრამპი ირწმუნებოდა, რომ თეირანის ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი.
ოპერაციის პირველივე დღეებში აშკარა იყო, რომ აშშ მხოლოდ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკით აღარ დაკმაყოფილდებოდა. ისიც და ისრაელიც ირანის, როგორც რეგიონული ძალის მოსპობისკენ ისწრაფვიან.
საიდან იწყება ისრაელის და ირანის დაპირისპირებები
ისრაელი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1948 წელს, გაეროს გეგმით პალესტინის დაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა. გადაწყვეტილებამ არც არაბები დააკმაყოფილა და არც ებრაელები – მიწა ქაოტურად გადანაწილდა: არაბები ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენდნენ, თუმცა იერუსალიმი მაინც „შუაზე გაიყო“. იმავე წელს არაბული ქვეყნების ლიგამ (ეგვიპტე, სირია, საუდის არაბეთი, ტრანსიორდანია, ერაყი, ლიბანი და იემენი) ისრაელს შეუტია, მაგრამ თელ-ავივმა საკუთარი დამოუკიდებლობა დაიცვა.
ლიგისგან განსხვავებით, ირანი ახალგაზრდა ებრაულ სახელმწიფოსთან შედარებით კარგ ურთიერთობებს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე ინარჩუნებდა. თუმცა, როცა 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა და აიათოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით ხელისუფლებაში შიიტი სასულიერო პირები მოვიდნენ, ყველაფერი შეიცვალა. ოფიციალურმა ირანმა ისრაელი „ისლამის მტრად“ გამოაცხადა, რომელიც ირანის აშშ-ის სამხედრო ბაზად გადაქცევას ცდილობდა, თელ-ავივი არაბული მიწების ოკუპაციაში დაადანაშაულა და ისრაელის არსებობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა.
სწორედ ამ პერიოდიდან ირან-ისრაელის ურთიერთობა მკვეთრად მტრულად გადაიქცა: ირანმა დაიწყო პალესტინური მოძრაობების მხარდაჭერა, ხოლო ისრაელი ირანს რეგიონში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. თუ მანამდე ურთიერთობები ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავდა, რევოლუციის შემდეგ ისინი სრულად გაწყდა და დაპირისპირების რეჟიმში გადავიდა. ამის მიუხედავად, თავად ისრაელმა აღიარა ირანის ახალი მთავრობა და 1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომის დროს თეირანს დასავლური იარაღის მიღებაშიც კი დაეხმარა.
ამასობაში, ირანმა ლიბანში „ჰეზბოლას“ და ღაზას სექტორში „ჰამასის“ მხარდაჭერა დაიწყო. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ისრაელი დღემდე ეწინააღმდეგება ამ მოძრაობებს და მათთან სამხედრო შეტაკებები 1982 წელს, პირველი ლიბანის ომით დაიწყო.
1989 წელს ალი ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდა აიათოლა რუჰოლა ხომეინის პოლიტიკა და გაიზარდა „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა.
2006 წელს, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი „ჰეზბოლას“ დანაყოფები იბრძოდნენ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ლიბანის ომში, ხოლო 2007 წელს ღაზას სექტორში ხელისუფლებაში „ჰამასი“ მოვიდა. ამრიგად, თელ-ავივმა იხილა იმ დროს თეირანის მიერ ამ მოძრაობებისთვის გაწეული დახმარების მასშტაბები.
1980-იანი წლებიდან ირანი ბირთვულ პროგრამას ავითარებს. მას ბირთვული იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებენ, თუმცა, თეირანის განცხადებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დადასტურების თანახმად, ქვეყანა მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვულ ენერგიაზე მუშაობდა. 1997 წელს ირანმა გამოსცადა „შაჰაბ-3“ ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ისრაელამდე მიღწევა შეეძლო. თელ-ავივმა ეს პირად საფრთხედ აღიქვა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა.
2020-იანებიდან პროქსი-კონფლიქტები ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორმხრივი დივერსიული თავდასხმების სერია 2022 წლის მარტიდან დაიწყო. ისრაელმა დამასკოს გარეუბანში საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (Islamic Revolutionary Guard Corps – IRGC) ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ირანმა საპასუხოდ აშშ-ის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორია ერბილში (ერაყის ქურთისტანი) დაბომბა იმ მოტივით, რომ ეს „ისრაელის ჯაშუშური ცენტრი“ იყო. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
2023 წლის დეკემბერში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცაჰალმა" დამასკოში მის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმის შედეგად IRGC-ის გენერალი რაზი მუსავი მოკლეს.
2024 წლის აპრილში ისრაელი თავს დაესხა დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებას, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის IRGC-ის შვიდი მაღალჩინოსანი. ირანმა საპასუხოდ ისრაელის ტერიტორიაზე პირველი პირდაპირი დარტყმა (ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება“) განახორციელა. თავდასხმის მოგერიებაში ისრაელს დიდი ბრიტანეთი, აშშ და იორდანია დაეხმარნენ. ამავე წლის ოქტომბერში ისრაელი თავს დაესხა ირანში რაკეტების წარმოების ობიექტებს, თეირანის მახლობლად სამხედრო ბაზებს და IRGC-ის სამეთაურო პუნქტს. „კეთილგანწყობის“ ეს მანერები საბოლოოდ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
2025 წლის 13 ივნისის ღამეს, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ირანს შეუტიეს (ოპერაცია „აღმავალი ლომი“). თავდასხმა გამოწვეული იყო ინფორმაციით, რომ თეირანს, სავარაუდოდ, 15 ბირთვული ქობინის წარმოებისთვის საკმარისი ოდენობის გამდიდრებული ურანი ჰქონდა დაგროვილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და აშშ-მა საჰაერო დარტყმებმა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ნატანზში, ფორდოუში, არაკსა და ისპაჰანში, რის შედეგადაც ირანის არმიის გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი, IRGC-ის მეთაური ჰოსეინ სალამი, საგანგებო სიტუაციების რეაგირების შტაბის უფროსი ჰატემ-ღოლამალი რაშიდი და 14 ბირთვული ფიზიკოსი დაიღუპნენ. ყველა მათგანი ბირთვული პროგრამის შემუშავებაში იყო ჩართული.
ირანმა საპასუხოდ რაკეტებითა და დრონებით დარტყმები განახორციელა (ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება-3“) „მოსადისა“ და ისრაელის სამხედრო დაზვერვის ცენტრების, ასევე ისრაელის რამდენიმე საავიაციო ბაზის წინააღმდეგ. 24 ივნისის ღამეს, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ამით, ე.წ. „12-დღიანი ომი“ დასრულდა. თუმცა, კონფლიქტის მხარეებს შორის უთანხმოება კვლავ რჩებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ზავი დროებითი აღმოჩნდა.
უახლესი ომის მიზნები და შუალედური შედეგები
Al Jazeera-მ ირანის სახელმწიფო მედიაზე, ისრაელის არმიასა და საერთაშორისო სააგენტოებზე დაყრდნობით, მარტის დადგომისთანავე გამოაცხადა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული მაღალი რანგის ირანელ ჩინოსანთა ვინაობები. დაღუპულთა შორის არიან ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, IRGC-ის მეთაური მოჰამედ პაკპური და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალი შამხანი.
კრიზისზე დასავლეთის ქვეყნების რეაქცია თავშეკავებული და ფრთხილია. საფრანგეთმა და ესპანეთმა დაგმეს აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა, პირიქით, მხარი დაუჭირა მათ და აშშ-ის სამხედროებს ირანში რაკეტების საწყობებზე დარტყმებისთვის საკუთარი ბაზების გამოყენების უფლება მისცა. აღსანიშნია, რომ არცერთ დასავლელ პოლიტიკოსს არ გამოუთქვამს სამძიმარი ირანისთვის, თუნდაც მინაბის სკოლაში ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით.
10 მარტს ირანის სახელმწიფო მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 2000 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა 160-ზე მეტი 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებიც ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ. არც აშშ-ს და არც ისრაელს ირანის სახელმწიფო მედიის გავრცელებულ ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა არ უკისრიათ. IRGC-ში აცხადებენ, რომ სკოლაზე მოხვედრილი რაკეტა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის მიერ მართული ალ-დაფრას საჰაერო ბაზიდან იყო გასროლილი.
ვაშინგტონი გრძელვადიან თამაშს თამაშობს, რადგან მას სურს ირანული ნავთობი ტერორისტებს წაართვას. აშშ-ის ენერგეტიკული დომინირების საბჭოს დირექტორის ჯაროდ ეიგენის (Jarrod Agen) თქმით, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი სარგებელი სამხედრო ოპერაციაში გაწეულ მოკლევადიან ხარჯებს გადააჭარბებს.
„ეს გრძელვადიანი თამაშია, რადგან ჩვენ გვსურს ირანის უზარმაზარი ნავთობის რეზერვები ტერორისტებს ხელიდან გამოვტაცოთ. ასე რომ, რითაც აქ მოკლევადიან პერსპექტივაში დავზარალდებით, გაცილებით აღემატება გრძელვადიან სარგებელს, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ აღარასოდეს მოგვიწევს ჰორმუზის სრუტის საკითხზე ფიქრი“, – თქვა ეიგენმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის 30% ჰორმუზის სრუტეზე გადის. რეგიონში საომარ ქმედებათა გამო სრუტის ფაქტობრივად დახურვამ, შეუძლებელი გახადა რეგულარული გადაზიდვები. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თუ შეზღუდვები ძალაში დარჩება, ნავთობის ფასმა შეიძლება ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს და აირის ბაზარი მიწოდების დეფიციტისა და ფასების ზრდის წინაშე აღმოჩნდება.
აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემები განადგურების რისკის ქვეშ დგანან ირანის მხრიდან საზღვაო გზის გადაკეტვის მუქარის გამო. 4 მარტს, IRGC-მ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი გამოაცხადა. ორიოდე დღის შემდეგ კი, ერთობლივმა საზღვაო ინფორმაციის ცენტრმა (JMIC) განაცხადა სრუტის თითქმის სრული დახურვის შესახებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ვაჭრობისთვის – ყოველდღიურად ამ მარშრუტით 14 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება ხდებოდა.
ირანი დეკლარირებიდან საქმეზე გადავიდა და 10 მარტის მდგომარეობით, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისთვის ბარიერის შესაქმნელად ათეულობით დამნაღმველი გემი ჰყავდა „დასაქმებული“. CNN-ის ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება სრუტის დანაღმვაზე აკეთებდა აქცენტს, რაც შეუმჩნეველი არც აშშ-ის დაზვერვას დარჩა.
„აშშ-ის ძალებმა 10 მარტს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის რამდენიმე საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი გემი გაანადგურეს“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას თქვა:ჩვენ 10 დამნაღმველი გემი გავანადგურეთ და კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა მოსალოდნელი”.
ირანის ომამდელი ეკონომიკა – მილიარდობით ზარალის მოლოდინში
ირანის ეკონომიკის თითქმის 60% გეგმურია. მისი უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია დიდი რელიგიური ფონდების არსებობა, რომელთაც ბონიადებს უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯების 30 პროცენტია. შერეული, ცენტრალიზებული დაგეგმარების ეკონომიკა დიდი საჯარო სექტორით – ასე შეიძლება ირანის ეკონომიკის ზოგადი შეფასება. იგი 3 ძირითად შემადგენელს ეყრდნობა: ნავთობპროდუქტები, სოფლის მეურნეობა და მომსახურების სფერო.
მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვების 10%-ით და ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ით, ირანი ენერგეტიკულ სუპერსახელმწიფოდ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, 2024 წლიდან ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის და უფრო ფართო ეკონომიკურ კრიზისმა, 2025 წლის ბოლოდან მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ისრაელთან ხანგრძლივმა კონფლიქტმა და შარშან და ამჟამად წარმოებულმა ომებმა, ბოლო ორ წელიწადში ირანიდან მილიარდობით დოლარის კაპიტალის გადინება და ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. სხვადასხვა ანალიტიკური წყაროები ამ დანაკარგს 50 70 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში აფასებენ, თუმცა ზუსტი მონაცემები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
2025 წელს, ირანის ბიუჯეტის კანონპროექტით, ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 51%, რომელიც დაახლოებით 12 მილიარდ ევროს შეადგენს, IRGC-ს და სამართალდამცავ სარდლობას (LEF) გადაეცა. ირანი ასევე აფინანსებს ჰეზბოლას, იემენელ ჰუსიტებს, ერაყში მოქმედ პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს და ჰამასს. ირანის მოკავშირეების დაფინანსებისთვის გამოყოფილი საშუალო წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სირიის ოპოზიციის წყაროების და საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, ირანის მიერ ასადის რეჟიმისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 2011 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 30-50 მილიარდი აშშ დოლარია, თუმცა, თანხის ზუსტი მოცულობა უცნობია.
ირანის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკაში ყველაზე დიდი დანახარჯები მის ბირთვულ პროგრამაზე მოდის. პროგრამის განვითარების, ინფრასტრუქტურის შენახვის და მის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული ჯამური ეკონომიკური ზარალი 2025 წლისთვის 500 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. სწორედ ამ ბირთვული ამბიციების გამოა ირანი უმკაცრეს საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული და ამჟამადაც კოალიციური ძალების თავდასხმების არცთუ წარმატებული მოგერიება უწევს.
სანქციებისა და 2025-2026 წლების სამხედრო ოპერაციების შედეგად ირანის ნავთობის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეიზღუდა; თუ 2024 წელს ექსპორტი დღეში საშუალოდ 1.4-1.7 მილიონ ბარელს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისა და გამკაცრებული ბლოკადის გამო, ეს მაჩვენებელი 400-500 ათასი ბარელით შემცირდა.
ჰორმუზის სრუტის ფაქტორის გავლენა კონფლიქტის „დროულ“ დასრულებაზე
მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის ირანზე „გალაშქრება“ ვერ გამოიწვევს, რომ ბარელი ნავთობის ფასმა 200-დოლარს მიაღწიოს. ამას არც ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკის კოლაფსი მოჰყვება და არც მილიონობით ირანელი ლტოლვილის გადინება მეზობელ ქვეყნებში. სამხედრო რისკის გამო, ნავთობის ფასები ნამდვილად გაიზრდება, თუმცა რამდენით და როდემდე, საამისოდ წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძნელია.
მთავარი საკითხი არა იმდენად ირანზე დარტყმის სიძლიერე, არამედ ჰორმუზის სრუტის გავლით მომარაგების შეფერხების ხანგრძლივობაა. ამჟამინდელ პირობებში ირანისთვის სრუტის ჩაკეტვა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს „სასოწარკვეთილებისა და შურისძიების აქტი“, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ გაფართოების მცდელობა. ეს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ისეთ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, როგორიც ჩინეთია, აგრძნობინებს კონფლიქტის გაჭიანურების რეალურ შედეგებს. ნავთობის მიწოდების შეწყვეტა ხომ, პირველ რიგში, ჩინეთსა და ინდოეთს – არაბული ნავთობის უმსხვილეს მყიდველებს დააზარალებს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სრუტის ჩაკეტვა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ირანს აშკარად არ შეუძლია ბლოკადის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში. ყველა პროგნოზით ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად ზიანდება და ირანის საზღვაო ძალების სრუტიდან გაყვანა რთული არ იქნება. ჰორმუზის „ტექნიკურად“ დაბლოკვის შემთხვევაშიც კი (მაგალითად, ზემოთ ნახსენები დანაღმვა, ტანკერის ჩაძირვა ან აკვატორიაში ხანძრის ინსპირირება), ნავთობის ნაკადის აღდგენა შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. უფრო მეტიც, თეირანს არ ექნება ინტერესი სრუტის ხანგრძლივი დაკეტვის მიმართ, თუ შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა შესაძლებელი გახდება. ბოლოს და ბოლოს, ასეთი ჩაკეტვის შედეგად მთავარი წაგებული არა შეერთებული შტატები იქნება (თუმცა, ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდა ასევე უსიამოვნო სიურპრიზი იქნება ამერიკელი ამომრჩევლებისთვის), არამედ ნეიტრალური ქვეყნები, ასევე ირანის მოკავშირეები – ჩინეთი და ინდოეთი.
კონფლიქტის დასრულებაზე აშშ და ისრაელი შეთანხმდებიან
„ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულების გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მონაწილეობით მივიღებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა The Times of Israel-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს ის პრემიერთან კომუნიკაციით განიხილავს და აუცილებლად აპირებს ისრაელის პოზიციის გათვალისწინებას საომარი მოქმედებების დასრულების განსაზღვრისას. „თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც აშშ-ის სარდლობა მიიღებს“, – დასძენს იგი.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოსაზრებით, ის და ნეთანიაჰუ რომ არ ჩარეულიყვნენ, ისლამური რესპუბლიკა ისრაელს გაანადგურებდა. „ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნიშნული კონფლიქტის წამომწყებთა სტრატეგიის მთავარი საყრდენი ირანში სახალხო გამოსვლების ტალღის აგორებაა. ამის დასტური თვით ტრამპის არაერთ საჯარო გამოსვლაშიცაა. მან არაერთხელ მიმართა ირანელებს: „თქვენი თავისუფლების საათი დადგა“ და მოუწოდა მათ ოპერაციის სამხედრო ფაზის დასრულების შემდეგ ხელში აიღონ ქვეყნის მთავრობაზე კონტროლი.
კონფლიქტის პირველსავე საათებში მოკლული ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთ ვაჟს მოჯთაბას, ირანის ექსპერტთა ასამბლეამ მამის მემკვიდრის პოსტზე უფლებამოსილება 8 მარტს მიანიჭა. რამდენიმე დღით ადრე, თეირანში წარმოებული მორიგი კოალიციური დაბომბვისას, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი დაიჭრა. სხვათა შორის, მისი მეუღლე ზაჰრა ჰადად ადელი 28 თებერვლის გამთენიისას მოკლულთა სიაშია.
დონალდ ტრამპს მოჯთაბა ხამენეის დანიშვნაზე კომენტირებისას ნათქვამი აქვს, რომ ის მხოლოდ მაშინ იქონიებს მასთან საქმიან პოზიტიურ ურთიერთობას, თუ ირანი ბირთვული ქობინებისაგან განთავისუფლების პოლიტიკას აირჩევს. სხვა შემთხვევაში, შვილიც ისეთივე მიუღებელი პერსონა იქნება მისი ქვეყნისთვის, როგორც მამა.
ფრიდონ კერვალიშვილი

