Homeბ&მსაქართველოში ტურიზმის ბრუნვა იზრდება, დარგის პრობლემები არ მცირდება

საქართველოში ტურიზმის ბრუნვა იზრდება, დარგის პრობლემები არ მცირდება

Published on

spot_img

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, კადრების დეფიციტი და ძვირი სერვისი ახლავს 

ტურიზმის სფეროს სტატისტიკა ხელისუფლებას საკუთარი გამართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მოჰყავს. ოფიციალურად გამოცხადებული რიცხვები მართლაც შთამბეჭდავია და ის როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას აჩვენებს. თუმცა, რა დგას ამ მაჩვენებლის უკან; უმჯობესდება თუ არა ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სერვისების ხარისხი; აქვს თუ არა სექტორს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რაც მას დასაქმებისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველ მიმართულებად აქცევს; რამდენად მდგრადია დღევანდელი ზრდა; რა იცვლება დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლე¬ბით შიდა ტურისტებისთვის? „მშრალი რიცხვების“ მიღმა, სწორედ ეს და სხვა კითხვები განსაზღვრავს დარგის პერსპექტივებსა და იმასაც, რომ ტურიზმი ბიზნესის წარმოე¬ბისთვის სტაბილური მიმართულება იყოს. 

სტატისტიკა რიცხვებში 

მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებისთვის 2025 წელი წარმატებული აღმოჩნდა. 

HSC Group Hospitality-ში, რომელიც არაერთ სასტუმროს (Glarros OidTown, Holliday Inn Resort, BlueSky Towers, AGARANI Estate, Home2Suites by Hilton და სხვადასხვა მიმდინარე სამშენებლო სასტუმრო პროექტი) აერთიანებს, აცხადებენ, რომ გასული 2025 წელი სასტუმროების 80-82%-იანი დატვირთულობით დახურეს. ჯგუფის ხელმძღვანელის – გიორგი დოლიძის თქმით, ეს მათ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს სექტორმა ფასების 10%-იანი ზრდაც შეძლო. 

„2025 წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების წელი იყო, როცა ვნახეთ არაერთი ფრენის დამატება, მათ შორისაა Norwegian Airlines-ი, რომელიც 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს ავიამიმოსვლას. სკანდინავიის ქვეყნები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა, რომ ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს როგორც დაბალ, ისე მაღალ სეზონებზე. ჩვენს ქვეყანაში ტურისტები ძირითადად 5-6 ქვეყნიდან ჭარბობენ, ესენია: ისრაელი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის ქვეყნები და მეზობელი ქვეყნები. გაზრდილია ევროპიდან ტურისტების მაჩვენებლებიც, მათ შორის – ბრიტანეთიდან. საქართველოში დღეს სხვადასხვა სახის როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურისტი შემოდის“, – განაცხადა დოლიძემ, რომელიც 2026 წლისგან კიდევ უფრო კარგ შედეგებს ელოდება. 

დადებითი ტენდენციებია ბინებისა და სასტუმრო ნომრების გასაქირავებელ პლატფორმებზეც, რომლებსაც საშუალო და დაბალმხარჯველი ტურისტები მიმართავენ. Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში Airbnb-ზე მოთხოვნა თბილისში მკვეთრად, წლიურად 18.5%-ით გაიზარდა და 229.3 ათასი ღამე დაიჯავშნა, ხოლო საშუალო დღიურმა ფასმა ოდნავ მოიმატა და 56 აშშ დოლარს მიაღწია, წინა წლის მესამე კვარტალში არსებულ 55 აშშ დოლართან შედარებით. 

Galt & Taggart-ის კიდევ ერთი მონაცემის თანახმად, ბათუმში მესამე კვარტალში მოთხოვნა შედარებით ზომიერად, წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა და 185600 ღამე დაიჯავშნა. 

თბილისში საშუალო დატვირთულობა ასევე გაუმჯობესდა 73%-მდე (2024 წლის მესამე კვარტალში 66%- დან), რასაც ევროკავშირიდან ჩამოსვლების ზრდამ შეუწყო ხელი. 

მე-3 კვარტლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, Galt & Taggart-მა 2025 წლის ტურიზმის შემოსავლის პროგნოზი 4,6 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა და ასევე ელის, რომ 2026 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

პრობლემები მზარდი რიცხვების მიღმა 

სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებზე საუბრობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილიც, თუმცა ამბობს, რომ ევროპიდან მეტი ტურისტის მოზიდვაა საჭირო. მისი თქმით, ევროპელი ტურისტი განსაკუთრებით თბილისს აკლია. 

„პირველი კვარტალი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ აპრილიდან დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ზაფხული არ იყო ცუდი და ამდენი წლის შემდეგ ყველაზე დადებითი ზაფხული გვქონდა როგორც შემოსავლების, ისე სტუმრების რაოდენობის მხრივ. შევძელით დაგვებალანსებინა ის ზარალი, რაც პირველ კვარტალში მივიღეთ და პლუსში გავსულიყავით. ეს მოხდა დატვირთვის ხარჯზე. საუბარია თბილისზე, აჭარაზე. მთაშიც საკმაოდ ბევრი ტურისტი იყო. ასევე დადებითი სეზონი იყო ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით. არის ახალი ბაზრები – ჩინეთი, ინდოეთი და არაბული ქვეყნები. ინდივიდუალური და ჯგუფური ტურიზმი წამოვიდა ინდოეთიდან. ისრაელიდანაც დადებითი ტენდენციაა და მატება გვქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელიდან ყველაზე სტაბილურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, თუმცა ფასები ისე ვერ გავზარდეთ, როგორც გვინდოდა“, – აცხადებს ალავერდაშვილი. 

რაც შეეხება განვითარების პოტენციალს, ალავერდაშვილის თქმით, დედაქალაქში სასტუმრო ნომრების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მიწოდება უკვე მოთხოვნას აღემატება. მისი ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში 8000 ოთახი იყო, დღეს კი 40000-ია, რაც კონკურენციის ზრდასა და, შესაბამისად, სასტუმროების მომსახურების გაიაფებას იწვევს. 

ალავერდაშვილი განმარტავს, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის მიუხედავად, მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა იმ მაქსიმუმიდან, რომელსაც დარგმა ბოლო წლებში მიაღწია. თუმცა მისივე თქმით, ათვლა უნდა გავაკეთოთ არა პანდემიამდელ 2019 წელზე, არამედ პიკურ პერიოდზე, რომელიც 2016-2017 წლებზე მოდიოდა. 

„2019 წელი არ შეიძლება ათვლის წერტილად ავიღოთ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ტურიზმი ფაქტობრივად ჩავარდა. ამიტომ ვედრებით 2016-2017 წელს, რომელიც მოქმედი ბიზნესებისთვის ყველაზე დადებითი იყო. ამ მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად კი ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდება. ჯერჯერობით მოგების კოეფიციენტით მინუს 65%-ზე ვართ იმასთან შედარებით, სადაც 2016-2017 წლებში ვიყავით. ძირითადი მასა არის აზია და არაბული ქვეყნები, მთაში კი გვყავდა ევროპელი სტუმრები, თუმცა არა იმ რაოდენობის, რამდენსაც ვისურვებდით. თბილისს აკლია ევროპელი სტუმრები, ისევე როგორც აზერბაიჯანელები. სახმელეთო გზის ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანიდან ძალიან ბევრ ტურისტს ვკარგავთ“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

შალვა ალავერდაშვილი პოზიტიურად აფასებს მესამე კვარტალსაც, რომელიც, მისი განმარტებით, დარგისთვის სტაბილური იყო. 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი კი, ცნობილი პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ტურიზმისთვის ძალიან ცუდი იყო, თუმცა წლევანდელი წლის იგივე პერიოდი მაშინდელთან შედარებით, დადებითი აღმოჩნდა. ეს, სავარაუდოდ, რიცხვებშიც აისახება, როცა სტატისტიკა გამოქვეყნდება. 

ალავერდაშვილის თქმით, ზამთრის სეზონზე ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული თოვლზე. 

„გუდაურში მთელი ზამთრის თითქმის 70% უკვე დაჯავშნილია. მაგრამ ყველაფერი თოვლზე და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ისრაელი მესამე წელია, აქტიურადაა წარმოდგენილი გუდაურში. მთავარი გამოწვევა სასტუმროების დატვირთვაა, ასევე – არასეზონზე ქალაქის დატვირთვა. ამასთან, ისევ გვაქვს პერსონალის და ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. თუმცა კერძო სექტორი მყარად დგას და მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში ნაკადს უპრობლემოდ გაატარებს. პირიქით, თბილისი სასტუმროებითაა გაჯერებული და უფრო მეტი ოთახია, ვიდრე გვჭირდება“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს. 

ცვლილებებთან ერთად, ქართულ ტურიზმს უცვლელი პრობლემებიც აქვს, ძირითადად – კურორტების შიდა გზების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამ პრობლემების მოგვარება ხშირად განსაკუთრებულ რესურსებს არ მოითხოვს, თუმცა ამის მიუხედავად ისინი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. ეს კი ხშირად როგორც ცალკეული კურორტისთვის, ისე ზოგადად მთლიანი ქვეყნის ტურისტული მიმართულებისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის. 

ტრაილერები და უგზოობა – გუდაურის ტრადიციული პრობლემები 

ქართული კურორტებისთვის ტრადიციად ქცეული ერთ-ერთი პრობლემის შესახებ საუბრობს „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი. მისი თქმით, მთავრობისთვის მრავალწლიანი უშედეგო მოლოდინის შემდეგ კერძო სექტორმა თავად გადაწყვიტა პრობლემის საკუთარი სახსრებით მოგვარება. 

„სასტუმროების გარეთ არაერთი პრობლემაა: ტრაილერები როგორც დადიოდნენ, ისევ ისე დადიან გზებზე. ყველაზე დიდი დისკომფორტი კი ისაა, რომ გუდაურში შუა კურორტს ყოფს გზა, სადაც ტრაილერები მოძრაობენ. ეს დისკომფორტი კიდევ უფრო მკვეთრია იმის გამო, რომ არაა ტროტუარები, ან არ იწმინდება და გადაადგილება უსაფრთხო არ არის. 

ამის გათვალისწინებით, ჩვენ საკუთარი სახსრებით დავიმატეთ მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტების უსაფრთხო გადაყვანას საბაგირომდე. გვქონდა შემთხვევები, როცა სტუმრებმა კომენტარებში გვისაყვედურეს, რომ საბაგიროებისკენ გადაადგილება არაა უსაფრთხო. ამიტომ იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც მოგვარდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ მოგვარდა. 

უნდა იყოს სამსახური, რომელიც ტროტუარებს ასუფთავებს, თოვლისგან წმენდს და ადამიანებისთვის გასავლელს ხდის. დიდ ნაწილზე კი ტროტუარი საერთოდ არ არის. კიდევ ერთი პრობლემა სამედიცინო დახმარებას უკავშირდება. ერთი მედპუნქტია, რაც არ არის საკმარისი. კურორტი გაიზარდა, ზამთრის სპორტი კი საკმაოდ სახიფათოა. არის შესაძლებლობა, რომ ადგილზე გაუწიონ ფიქსაცია დაზიანებულ კიდურს, მაგრამ ქირურგიული ჩარევის საშუალება არ არის. რეანიმობილებია საჭირო. ერთდროულად რომ ორი ადამიანი დაშავდეს, რეანიმობილი არაა მათ გადასაყვანად. ტურისტებისგან შემოსავლები შემოდის და ელემენტარულად რამე რომ გაუჭირდეთ, ვერ დავეხმარებით. მაგალითად, ჩვენ ასეთ დროს დაშავებულებს თბილისში ვაგზავნით ხოლმე“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა. 

ამ პრობლემების მიუხედავად გუდაურის ლანდშაფტის და თოვლის გამო ტურისტები მზად არიან, გარკვეული დისკომფორტი აიტანონ. მათ ისიც იზიდავთ, რომ მსგავს კურორტებთან შედარებით ფასები დაბალია. ამიტომაც, როგორც მურაჩაშვილი ამბობს, ჯავშნები ამ სეზონზე ძალიან მოთხოვნადია. 

მისი განმარტებით, გუდაურში ჩადის დამსვენებელი, რომელიც აქტიური სრიალითაა დაკავებული და ეს არაა დასვენება, რომელიც მასობრივ ტურიზმზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასებს, მსგავსი პროფილის კურორტისთვის ისინი დაბალი არ არის, თუმცა, სხვა ქვეყნების კონკურენტ კურორტებთან შედარებით მაინც ხელმისაწვდომია. 

„უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან შობის ჩათვლით ადგილების 80%-ზე მეტი დაიჯავშნა. შარშან დატვირთულობა 90%-ზე მეტი იყო და ფასებმაც მოიმატა. როდესაც ფასის მდგენელი გვიძვირდება, შესაბამისად, ფასიც იმატებს. ფასის მდგენელი მათ შორის არის ხელფასები. რადგან აქტიური ადამიანური რესურსი ცოტაა და კონკურენცია მაღალია, ამ კონკურენციას ერთმანეთს ხელფასებით ვუწევთ. ამას ემატება კვების პროდუქტების ფასის კატასტროფული ზრდა. საუზმე და რესტორნის ნაწილი, რომელსაც სასტუმრო სთავაზობს მომხმარებელს, ძვირდება. ასევე მაღალია დენის და გაზის მოხმარება, რაც იაფი არ არის. თანამშრომლების შენახვაც ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს ყველაფერი ერთად გვიზრდის ფასს. ვფიქრობ, ამ სეზონზე ფასის ზრდა მინიმუმ 10-15%-მდე იქნება ოთახების ნაწილში. რესტორნის და კვების ნაწილი კი, შესაძლოა, მეტადაც გაძვირდეს“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა. 

მისი თქმით, სხვა ქვეყნებს შორის ზამთრის კურორტების სეგმენტში საქართველოს ყველაზე ძლიერი კონკურენტები არიან თურქეთი და ბულგარეთი, თუმცა, ფასები იქ საკმაოდ მაღალია. საქართველოს სასტუმროები კი, თუკი ინფრასტრუქტურას არ მივიღებთ მხედველობაში, საკმაოდ მოწესრიგებულია და საერთაშორისო მოგზაურების კუთხით კონკურენტული უპირატესობები აქვს. 

ბაკურიანი – საცობებით სავსე კურორტი 

„ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ამბობს, რომ ზამთარი წელს უჩვეულოდ თბილად დაიწყო, ასეთი კლიმატი კი გათოვლიანებასაც ხელს უშლის. 

მისივე თქმით, ბაკურიანის ძირითადი დატვირთვა 28 დეკემბრიდან 15 იანვრამდეა, როცა ქვეყანაში სასკოლო არდადეგებია გამოცხადებული. 

ის ასევე საუბრობს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რაც, მისი თქმით, ნაკადის მკვეთრ ზრდას და ბაკურიანის, როგორც დაბის, შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდება. ამიტომ მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარებასა და საცობების განტვირთვაში საკუთარი როლი დამსვენებლების ქცევამაც უნდა შეასრულოს. ამასთან, ორჯონიკიძე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც მდგომარეობა მცირედით მაინც უნდა გააუმჯობესოს. 

„საცობი ბორჯომის ხიდიდან იწყება ხოლმე. შარშან წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა, კატასტროფული საცობები შეიქმნა. ბაკურიანი პატარა დაბაა, რომელიც ადრე გათვლილი იყო 3-5 ათას დამსვენებლებზე. შემდეგ კი ნაკადი გაიზარდა და შარშან 55 ათასი ადამიანი დაფიქსირდა. ბაკურიანის ვიწრო გზა ამდენ სატრანსპორტო საშუალებას ვერ ატარებს. ჩვენ საკმაო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვყავს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ატარებს ამდენს ეს კურორტი. ამიტომაც ვერ ვამატებთ ავტობუსებს, რადგან ეს დამატებით საცობს ქმნის. შარშან ნაგვის გატანაც კი ვერ ხერხდებოდა. 4 თანამედროვე ნაგავმზიდი გვყავს, მაგრამ სეზონის დროს საცობების გამო მათი გამოყვანა დღის განმავლობაში რთულია, საღამოს კი ურნების გარშემო ავტომობილებია ჩახერგილი. რაღაცნაირად დამსვენებლებმაც უნდა გაუწიონ ანგარიში ამ მდგომარეობას და ფეხით გადაადგილდნენ. დღეს მათი უმრავლესობა 100 მეტრსაც კი მანქანით დადის. ამ მდგომარეობას ვერცერთი სახელმწიფო უწყება ვერ გაუმკლავდება, თუ საზოგადოებამ არ შეუწყო ხელი. 

რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, ზამთრის სეზონისთვის ადგილობრივ საავადმყოფოს ტრავმატოლოგები დაემატება, იქნება მუცლის ღრუს სპეციალისტი, ასევე დაემატება კატასტროფის მანქანა, სასწრაფოს ბრიგადები. წელს დაბრუნდება sqi პატრული, რომელიც მთის ტრასებზე სრიალის უსაფრთხოებაზე იზრუნებს, რადგან დღესასწაულებზე ხშირად ნასვამი დამსვენებლებიც კი სრიალებენ. ყველაზე დიდი გამოწვევა ბაკურიანისთვის საპარკინგე სივრცეების მოწყობაა. დიდი საპარკინგეების მოწყობა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა, დავამატეთ რამდენიმე საპარკინგე ადგილი, რომ კოხტაგორის მისასვლელი მეტნაკლებად განტვირთოს. ასევე დავამატეთ 3-4 ალტერნატიული გზა, რათა ცენტრალური გზა განიტვირთოს. კურორტის შემოსავლელთან არის გზა და აწერია, რომ ის რამდენიმე სასტუმროსთან და დიდველის ტრასამდე პირდაპირ მიდის, მაგრამ ავტომანქანების შემოდინება მაინც ცენტრალურ გზაზეა. ცენტრშიც გავაკეთეთ ალ¬ტერნატიული გზა და იანვრის თვეში გამოვიყენებთ“, – განაცხადა „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ. 

სექტორი, რომელიც სეზონური საქმიანობიდან მდგრად დარგად ვერ იქცა 

ტურიზმის საკითხების ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მარინა მეტრეველი ამბობს, რომ ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ტურიზმის განვითარებისთვის მთავარია კომპლექსური მიდგომა და მრავალ წელზე გაწერილი სტრატეგიის ქონა, რომელშიც, სხვადასხვა ასპექტის გარდა, კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმაც გაიწერება. 

მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის მთავარი გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას აფერხებს, დაბალი ხელფასებია, რასაც თავის მხრივ გარკვეული მიზეზები აქვს. 

„ტურიზმი ჩვენთან სეზონური სამუშაოა, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ოთხსეზონიან კურორტებზეა საუბარი. ეს არაა დუბაი, სადაც, იმის მიუხედავად, ტემპერატურა 60 გრადუსია თუ 25, ტურისტებისთვის ყოველთვის არის შეთავაზებები ხელოვნური სათხილამურო კურორტების თუ სხვა ობიექტების სახით. ამის დამსახურებით იქ ტურისტები ყოველთვის არიან და ტურიზმიც სტაბილურ სამუშაოდაა ქცეული. ჩვენთან კი, მაგალითად, გუდაური, სასრიალო ტრასების მიღმა ტურისტებს სხვა აქტივობებს ვერ სთავაზობს. იგივე სვანეთი ავიღოთ, სადაც სამთო ტურიზმის ადგილებში ალტერნატიული გასართობები არ არის. ამ ტრასების მიღმა იქ არაფერი ხდება, არაა ე.წ. სახარჯო ადგილები, სადაც დამსვენებელი დროს საინტერესოდ გაატარებდა და ფულს დახარჯავდა. როცა სრიალს მორჩები და საღამოს სახლში მიდიხარ, პრაქტიკულად, ვეღარაფერს აკეთებ. იმავეს თქმა შეიძლება აჭარაზეც. როდესაც სასტუმრო კომპლექსს აშენებ, უნდა გაითვალისწინო, რომ ამ ობიექტის გარეთაც იყოს აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ეს კი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის გასაკეთებელია. დღეს კურორტები ძირითადად, კერძო სექტორის ცალკეული ინიციატივებით ვითარდება, სფეროს განვითარებისთვის კი კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მაგალითად, სახელმწიფო გრანტები ამ მიმართულებით, პრიორიტეტულად უნდა მიემართოს და განვითარება რეგიონების მიხედვით, თანმიმდევრულად დაიგეგმოს. ესაა სექტორი, რომელზეც, იგივე სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი, მათ შორის წვრილი კრიზისი მოქმედებს – ასეთი კრიზისი იყო, მაგალითად პანდემია. პანდემიის დროს ტურიზმის ადმინისტრაციამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, მაგრამ ასეთი გეგმა უნდა იყოს არა უკვე დამდგარ მოვლენაზე რეაგირება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს ტურიზმის სტრატეგიაში. ტურიზმის 2015-2025 წლის სტრატეგიაში კრიზისული სიტუაციების მართვის მუხლი არ იყო. მსგავსი თემები მრავალი მხარის ჩართულობით უნდა გვარდებოდეს“, – ამბობს მარინა მეტრეველი ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ საუბარში. 

ქვეყანა კვარტლიდან კვარტლამდე ტურიზმის მაჩვენებლებს ითვლის, მასპინძლობს უცხოელ ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს, აწყობს ლამაზად გაფორმებულ გამოფენებს და თავადაც მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში უცხოეთში… დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, თუმცა მათთვის მთავარია, სექტორი წლიდან წლამდე იყოს არა სეზონზე, რაიმე მსხვილ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაზე ან ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული მიმართულება, არამედ მდგრადი სფერო, რომელშიც ადამიანები საკუთარ კარიერას გრძელვადიანად დაგეგმავენ და ააწყობენ. კოვიდის შემდეგ ტურიზმის სექტორი არაერთმა კადრმა დატოვა და, როგორც სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ უფრო სტაბილურ დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში გადაინაცვლეს. 

დარგი ითხოვს ისეთ მიდგომებს, რომელიც ტურიზმს საბოლოოდ სეზონურ და სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებულ საქმიანობად კი არ ჩამოაყალიბებს, არამედ მდგრად სექტორად აქცევს, განვითარების გრძელვადიანი გეგმებით. ვიდრე ქვეყანა ამას გააკეთებს, ტურიზმი რჩება სფეროდ, რომელიც, დიდწილად მოკლე დროში მაქსიმალური მოგების „მოსწრებაზეა“ ორიენტირებული. ასეთ ვითარებაში კი მასზე გრძელვადიანი გათვლების გაკეთება რთულდება. 

მაია ჭანტურია

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში