Homeბ&მქართული ღვინო 2025 წელს: ნაკლები გაყიდვები, მაგრამ გაზრდილი ფასი

ქართული ღვინო 2025 წელს: ნაკლები გაყიდვები, მაგრამ გაზრდილი ფასი

Published on

spot_img

სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს, რუსეთზე დამოკიდებულება მაინც მაღალია 

გასულ 2025 წელს, ქართული ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით შემცირდა. დაკლებულია შემოსავალიც და გაყიდული ღვინის მოცულობაც. საქსტატის მონაცემებით, შემოსავალმა 267,91 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-იანი შემცირებაა. ექსპორტის მოცულობა 90,1 მლნ ლიტრია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5%-ით. ნაკლებია. ოდნავ მოიმატა ქართული ღვინის გასაყიდმა საშუალო ფასმა და 1 ლიტრზე თითქმის 3 დოლარს მიაღწია. 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში წერია, 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 2,98 აშშ დოლარი გახდა, როცა 2024 წელს 2,91 აშშ დოლარს შეადგენდა. 

სტრატეგიულ ბაზრებზე, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აშშ დოლარებში ყველაზე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და 6,17-ს შეადგენს. მას მოჰყვება იაპონია – 5,77, სამხრეთ კორეა – 5,26, დიდი ბრიტანეთი – 5,19, გერმანია – 4,73, ჩინეთი – 3,14 და პოლონეთი – 2,5 აშშ დოლარი. 

რატომ შემცირდა გაყიდვები რუსეთში 

წინა წლების მსგავსად, 2025-შიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. თუმცა, შარშან გაყიდვები შემცირდა. 2025 წელს ექსპორტიდან შემოსავალი 170,7 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 6,5%-ით ნაკლებია. მოცულობის მხრივ, 54,2 მლნ ლიტრი ღვინოა გატანილი, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 13,6%-ით ნაკლებია. 

საქსტატისა და TBC Capital-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, კლება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: 

აქციზის გადასახადის ზრდა: რუსეთმა 2024 წლის მაისიდან მნიშვნელოვნად (დაახლოებით სამჯერ) გაზარდა აქციზის გადასახადი იმპორტირებულ ალკოჰოლზე, რამაც ქართული ღვინის ფასის მატება და მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. 

2024 წლის მაღალი ბაზა: 2023 წლის ბოლოს ექსპორტიორებმა, აქციზის მოსალოდნელი ზრდის გამო, რუსეთში რეკორდული რაოდენობის ღვინო წინასწარ შეიტანეს, რამაც 2024 წლის დასაწყისში მაჩვენებლები ხელოვნურად გაზარდა, 2025 წელს კი სტატისტიკური კორექტირება გამოიწვია.

ლოგისტიკური შეფერხებები: ექსპორტის კლება ნაწილობრივ უკავშირდებოდა გადაზიდვების დროს წარმოქმნილ შეფერხებებს. 

რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვების თემას შეეხო პოპულარული რუსული სააგენტო RBC (იგივე РБК – РосБизнесКонсалтинг). როგორც გამოცემა წერს, 2025 წლის შედეგებით, რუსეთში მეღვინეობის პროდუქციის – წყნარი, ცქრიალა და ლიქიორული ღვინოების, ასევე კონიაკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 15-16%-ით შემცირდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში ღვინის იმპორტის კლება და პროდუქციის გაძვირება გამოიწვია რუსეთის არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე დაწესებულმა ბაჟმა და აქციზებმა, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. 

„ანალიტიკოსების პროგნოზით, უკვე 2026 წელს რუსი მომხმარებელი მაღაზიებში ღვინოს 600 რუბლზე იაფად ვეღარ შეიძენენ. „ეროვნული საკრედიტო რეიტინგების“ პროგნოზით, 2026 წელს რუსეთში ღვინის იმპორტის კლება გაგრძელდება, თუმცა მისი ტემპები შენელდება, მოთხოვნის ცვლილებისა და მეგობრულ ქვეყნებში ღვინის ალტერნატიული მომწოდებლების ძიების გამო“, – წერს გამოცემა. 

RBC ღვინით მოვაჭრე კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც ყურძნის ნატურალური ღვინოებიც 2025 წელს რუსეთში ყველაზე მეტად იყიდებოდა, საქართველო (ბაზრის 9,5%), იტალია (5,5%), ესპანეთი (4,4%), ჩილე (4%) და სამხრეთ აფრიკა (3%) შევიდნენ. მათივე ინფორმაციით, ცქრიალა ღვინოების უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეული გან¬სხვავებულია: ლიდერები იტალია (ბაზრის 22,9%), საფრანგეთი (2,9%), ესპანეთი (1,7%), პორტუგალია (0,4%) და სომხეთი (0,3%) იყვნენ. საცალო ვაჭრობის ქსელ SPAR-ის სამ უმსხვილეს მომწოდებელს შორის არიან საქართველო, იტალია (პოპულარული „პროსეკოსა“ და სხვა ცქრიალა ღვინოების ხარჯზე) და ჩილე. 

რუსული მედია წერს, რომ საბაჟო-სატარიფო რეგულირების ღონისძიებების შედეგად გაზრდილი ბაჟის განაკვეთი, რამაც რუსეთში იმპორტი შეამცირა, 2027 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. RBC-ის ინფორმაციით, „იმპორტზე დაწესებული გადასახადების პირობებში მომხმარებელი სულ უფრო მეტად ირჩევს რუსულ ღვინოს, რომლის ცნობადობა, კონკურენტუნარიანობა და ხელმისაწვდომობა ბოლო წლებში გაიზარდა“. 

ექსპორტის ზრდა ევროკავშირის და აშშ-ის ბაზარზე 

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის პარალელურად, გაყიდვებმა მოიმატა ევროპის ბაზარზე. 2025 წელს ევროპის 30-მდე ქვეყანაში სულ ექსპორტირებულია 11,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ევროპის ქვეყნების ბაზრიდან მიღებულმა შემოსავალმა 38,7 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 7%-ით აჭარბებს. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროკავშირი რჩება მაღალფასიან სეგმენტად, სადაც საშუალო ფასი 1 ლიტრზე 3,2-3,4 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

ძირითადი საექსპორტო ქვეყნები ევროპაში (2025 წ.) 

1. პოლონეთი: 6,8 მილიონი ლიტრი; 

2. გერმანია: 1,3 მილიონი ლიტრი; 

3. ლატვია: 1,2 მილიონი ლიტრი; 

4. ლიეტუვა: 703,5 ათასი ლიტრი; 

5. საფრანგეთი: 133 ათასი ლიტრი. 

საფრანგეთის მიმართულებაზე აღირიცხა რეკორდული 63%-იანი ზრდა, რაც ძირითადად ქვევრის ღვინოზე მოთხოვნის მატებით არის განპირობებული. 

„თიბისი კაპიტალის“ გამოქვეყნებული ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვის მიხედვით, 2019-2024 წლებში ექსპორტის მოცულობები ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის გაორმაგდა, ხოლო საშუალო ფასმა 3,2 დოლარს მიაღწია.

„მიუხედავად ამისა, ევროკავშირში ექსპორტის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია შედარებით დაბალფასიან ცენტრალურ და ბალტიისპირეთის ბაზრებზე. მაღალი ფასის სეგმენტის ევროკავშირის ბაზრებს მოცულობებში მხოლოდ მცირე წილი უკავია, რაც ზღუდავს საერთო შემოსავლების ზრდას, მიუხედავად პრემიუმ პოზიციონირებისა“, – წერია მიმოხილვაში. 

მიმოხილვის მიხედვით, ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტის ფასები საკმაოდ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შედარებით მაღალი ფასებია გერმანიასა და ჩეხეთში, პოლონეთი კვლავ დაბალი ფასის, მაგრამ ექსპორტის მაღალი მოცულობის მქონე დანიშნულების ადგილად რჩება. 

კიდევ ერთი პერსპექტიული ბაზარი, რომლის ათვისებასაც ქართული ღვინო ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია. ბოლო წლებში გაყიდვები დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, თუმცა ეს ტენდენცია შარშან დაირღვა. 2025 წელს გადაზიდვები აშშ-შიც შემცირდა. საქართველომ ამერიკაში 955 795 ლიტრი ღვინის გაყიდვით 5,901 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 

გაყიდვების შემცირების რამდენიმე მიზეზია. მათ შორის, 2024 წელს ექსპორტი აშშ-ში 32%-ით გაიზარდა და 1,2 მლნ ლიტრს მიაღწია. 2025 წლის კლება ნაწილობრივ აიხსნება 2024 წლის მაღალი ბაზით და აშშ-ის ღვინის ბაზარზე არსებული საერთო რეცესიით. ინდუსტრიის გაყიდვები აშშ-ში 2025 წელს საშუალოდ 1,6%-ით შემცირდა და კლება შეეხო ქართულ ღვინოსაც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების 95% ერთ ქალაქზე, ნიუ-იორკზე მოდის. შესაბამისად, გაყიდვების არეალი თითქმის ვერ ფართოვდება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ აშშ ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია 2026 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები პიარ-კომპანიებთან Colangelo & Partners-თან და Glodow Nead Communication-თან გააფორმა. 

„აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბოლო 3-5 წლის განმავლობაში აშშ-ის ბაზარზე რამდენიმე მკაფიო ტენდენცია გამოიკვეთა: 

სტრატეგიული დივერსიფიკაცია: ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ს „ნომერ პირველი სტრატეგიული ბაზრის“ სტატუსი მიანიჭა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. 

მარკეტინგული გადაწყობა: 2025 წლიდან აქცენტი გადავიდა B2B (ბიზნესი-ბიზნესისთვის) მოდელიდან პირდაპირ მომხმარებელზე. სააგენტო ახლა პრიორიტეტს ანიჭებს საჯარო ფესტივალებსა და მასშტაბურ დეგუსტაციებს ნიუ-იორკსა და სხვა მსხვილ ქალაქებში. 

ცნობადობის ზრდა: ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება „ნატურალური ღვინოების“ და „ქვევრის ღვინის“ მოყვარულთა შორის, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს მაღალი ფასი გაყიდვების დროებითი კლების მიუხედავად. 

ასე რომ, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 2025 წელი იყო „ბაზრის კორექციის“ წელი. 2024 წლის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, გაყიდვები შემცირდა, თუმცა ქართულმა ღვინომ დააფიქსირა ისტორიულად მაღალი საშუალო ფასი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელი მომხმარებელი ქართულ ღვინოს აღიქვამს არა როგორც მასობრივ, არამედ როგორც უნიკალურ, პრემიუმ პროდუქტს. 

მატება ცქრიალა ღვინის ექსპორტ-იმპორტში 

ჩვეულებრივი ღვინისგან განსხვავებით, გასულ წელს გაიზარდა ცქრიალა ღვინის ექსპორტი. გაზრდილია საქართველოში შემოტანილი ცქრიალა ღვინის მოცულობაც. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ცქრიალა ღვინის იმპორტის მოცულობა 364 128 ლიტრი იყო, რაც 11,5%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მათი გაყიდვიდან შემოსავალი 4 მლნ დოლარია, რაც 12,9%-ით ზრდას ნიშნავს. გასულ წელს, ყველაზე მეტი ცქრიალა ღვინო იტალიიდან არის შემოტანილი.

იმპორტის მოცულობით იტალია უდავო ლიდერია, რადგან საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის შედარებით ბიუჯეტური „პროსეკო“ და „ასტი“. თუმცა, შემოსავლის (ხარჯის) მიხედვით საფრანგეთი უსწრებს, რადგან ფრანგული შამპანური საშუალოდ 4-ჯერ უფრო ძვირია. აშშ-დან და ნიდერლანდებიდან შემოდის ყველაზე ძვირადღირებული, საკოლექციო ერთეულები, რასაც მოწმობს რეკორდული საშუალო ფასი (59 და 45 აშშ დოლარი ლიტრზე). 

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს საქართველოდან გატანილია 1 137 624 ლიტრი ცქრიალა ღვინო, რაც 7,5%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე; ექსპორტიდან შემოსავალი კი 4,6 მლნ დოლარი იყო, რაც 6,2%-ით მატებას უდრის. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ შემთხვევაშიც რუსეთია.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საშუალო ფასის მიხედვით, სინგაპური აბსოლუტური რეკორდსმენია. იქ 1 ლიტრის ფასი 14-ჯერ აღემატება რუსეთის მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ სინგაპურში ყველაზე ძვირადღირებული, ექსკლუზიური ქართული ცქრიალა ღვინოები ხვდება. 

ლატვიაში მაღალი ფასი (22,22 დოლარი) მიუთითებს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული ცქრიალა ღვინო პრემიუმ კატეგორიაში პოზიციონირებს. 

რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა კვლავ რჩებიან ყველაზე დაბალფასიან ბაზრებად, სადაც აქცენტი კეთდება არა ექსკლუზიურობაზე, არამედ დიდ მოცულობებზე. 

სახელმწიფოს მცდელობა გაყიდვების გასაზრდელად 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, 2025 წელს ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში გამართულ 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე. 

ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 17,4 მლნ ლარს შეადგენდა. 

საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართა შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ბრაზილია, სომხეთი, კანადა და უზბეკეთი.

გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით. ჯგუფებში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები, იმპორტიორები, HORECA სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. მათი მხრიდან მაღალია ინტერესი ახალი პარტნიორების მოძიების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის. ტურები განხორციელდა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და აშშ-დან. 

ადგილობრივ ბაზარზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაიმართა ჯამში 32 ღონისძიება – მათ შორის 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი. 

ასევე, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 9 ღვინის კომპანიამ ჯამურად მიიღო 692 969 ლარი. 

კომენტარები ღვინის კომპანიებიდან 

ღვინის კომპანიებში ამბობენ, რომ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასის ზრდას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პრემიალური სეგმენტის გაფართოება და მთლიან ექსპორტში რუსეთის წილის შემცირება. 

„ღვინის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით ჩვენ საგრძნობლად არ გაგვზრდია, მაგრამ საექსპორტო ფასი და თვითონ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა BMG-სთან „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ. 

მისი თქმით, შემოსავლის ზრდა 2023 წელს საკოლექციო ღვინოების ხაზის გამოშვებამ გამოიწვია, რომლებიც აშშ-ში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გაიტანეს. ქურდაძე ვარაუდობს, რომ რუსეთში გაყიდვების კლება წელსაც გაგრძელდება: 

„ჩვენთვის უკეთესი იქნება, რომ ქართულმა ღვინომ მეტი ორიენტირი აიღოს დასავლურ ბაზრებზე“, – ამბობს ქურდაძე. 

„ასკანელის“ დირექტორი ირაკლი უგლავა აღნიშნავს, რომ 2025 წელს კომპანიას საშუალო საექსპორტო ფასი გაეზარდა, თუმცა გაყიდვების მოცულობა შემცირდა: 

„აქცენტს ვაკეთებთ მაღალ კატეგორიაზე, მაღალხარისხიანზე, რომელმაც კომპანიის მომგებიანობა გაზარდა, თუმცა მოცულობები შემცირებული გვაქვს… რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, საშუალოდ 14%-იანი კლებაა. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც გაყიდვები გაზრდილია – აზიის ბაზრებზე, ამერიკაში, მაგრამ ეს მოცულობები იმდენად პატარაა, რომ რუსეთის კლებას ვერ აბალანსებს“, – თქვა უგლავამ. 

რაც შეეხება უკვე მიმდინარე წლის გეგმებს, „ასკანელში“ ამბობენ, რომ წელს კომპანიაში გეგმა აქვთ, რომლის მიხედვითაც აპირებენ აზიურ, ევროპულ, ამერიკულ ბაზრებზე მინიმუმ 15-20%-ით გაიზარდონ, რუსულ ბაზარზე კი არსებული მოცულობები შეინარჩუნონ. 

„თბილღვინოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ გლობალური ტენდენციები მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას ცხადყოფს. მისი თქმით, პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება, თუმცა იზრდება მოთხოვნა ხარისხიან, მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქტზე. 

„კოვიდის შემდეგ ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია – საშუალო მომხმარებელი სვამს ნაკლებ ღვინოს ლიტრებში, თუმცა არჩევანს უფრო მაღალი ღირებულებისა და ხარისხის პროდუქციაზე აკეთებს. ხალხს ურჩევნია დააგემოვნოს კარგი ღვინოები და ნაკლებად მოიხმაროს იაფი სეგმენტის პროდუქტი“, – განაცხადა მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“. 

2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ღვინის სექტორი მარტივ მდგომარეობაში არ არის. სახელმწიფო პოპულარიზაციაში 17,4 მილიონ ლარს ხარჯავს, მაგრამ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია. რუსეთმა გადასახადები გაზარდა, რამაც იქ ქართული ღვინის გაყიდვების შეამცირა. ევროპისა და აშშ-ის ბაზრების ზრდა იმდენად მცირეა, რომ რუსეთში დაკარგულ მოცულობებს ვერ აბალანსებს. 

სახელმწიფო პოლიტიკა 2026 წელს აქცენტს ისევ აშშ-ის მარკეტინგზე აკეთებს, თუმცა ბიზნესისთვის გამოწვევაა, რომ ქართული ღვინო მხოლოდ ნიუ-იორკში არ დარჩეს. კომპანიები ხედავენ, რომ გამოსავალი პრემიუმ კლასის, ძვირი ღვინოების გაყიდვაშია, რაც მოგებას ზრდის, მაგრამ ეს ვერ გადაჭრის მასობრივი წარმოების პრობლემას. საბოლოოდ, რაც ჩანს, მარტო გამოფენები და ფესტივალები საკმარისი არ არის – საჭიროა უფრო ეფექტური სტრატეგია, რომ სხვა თუ არაფერი, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. 

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში