ექსტრემალური სპორტის მფარველად ჩამოყალიბებული ენერგეტიკული სასმელი
ავსტრიული კომპანია Red Bull GMBH მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ენერგეტიკული სასმლის მწარმოებელია. კომპანია ასევე აწყობს პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებებს, აფინანსებს სპორტსმენებსა და სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე გუნდებს. რამ შეუწყო ხელი „რედ ბულს“ ასეთი გასაოცარი წარმატების მიღწევაში?
„რედ ბულის“ არნახული პოპულარობის საფუძველი ტაილანდური ოჯახის მკვიდრნი, მამა-შვილი – ჩალეო იუვიდია (Chaleo Yoovidhya) და ჩალერმ იუვიდია (Chalerm Yoovidhya) იყვნენ. მათთან საქმიანი ურთიერთობა ავსტრიელმა მეწარმე დიტრიხ მატეშიცმა (Dietrich Mateschitz) დაამყარა და პარტნიორებმა მრავალმილიარდიანი შემოსავლები მიიღეს. 2025 წლის ბოლოს „რედ ბულის“ გლობალურმა გაყიდვებმა 13,9 მილიარდ ქილას გადააჭარბა, რამაც კომპანიას 14 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. იუვიდიას ოჯახი, ჩალერმ იუვიდიას ხელმძღვანელობით, „რედ ბულის“ აქციების 51%-ს ფლობს, დანარჩენი კი ევროპელის საკუთრებაშია.
2025 წელს იუვიდიას კლანის ქონება 2,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ 36 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ წინსვლამ ჩალერმ იუვიდიას და მის ოჯახს საშუალება მისცა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების, ძმები ჩარავავონტებისთვის (Chearavanont Brothers) რეიტინგში გადაესწროთ, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ტაილანდში ლიდერობას არავის უთმობდნენ. ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, ძმები ჩარავავონტების ქონება 2025 წლის მდგომარეობით, 35,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბრენდის შექმნის ისტორია
ჩალერმ იუვიდიას მამა, ჩალეო იუვიდია, 1923 წელს ტაილანდში (ფჰიჩიტის პროვინცია) ღარიბი ჩინელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სასკოლო განათლების მიღება მისთვის აუსრულებელი ოცნება იყო, ამიტომ იგი მეტწილად მშობლებს ეხმარებოდა – ჰყიდდა ხილს და იხვებსაც ზრდიდა სარეალიზაციოდ. 1960-იანი წლების დასაწყისში ჩალეო ბანგკოკში გადავიდა საცხოვრებლად და ანტიბიოტიკების გაყიდვა დაიწყო. მან მალევე დააარსა საკუთარი ფარმაცევტული კომპანია TC Pharmaceuticals, რომელიც ანტიბიოტიკებსა და კოსმეტიკაზე სპეციალიზდებოდა. 1976 წელს, მისი კომპანიის პროდუქციის ხაზს ენერგეტიკული ტონიკი Krating Daeng დაემატა, რაც ტაილანდურიდან „წითელ გაურს“ ან „წითელ გარეულ ხარს“ ნიშნავს (გაური – იგივე ინდური ბიზონი, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მკვიდრი ველური ხარის სახეობაა).
სასმლის ფორმულა თავად ჩალეო იუვიდიამ შეიმუშავა. როგორც ის აღნიშნავდა, ეს იყო „ღვთაებრივი შთაგონების“ შედეგი. ენერგეტიკული სასმელი, რომელიც დღემდე პოპულარულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეიცავს წყალს, ლერწმის შაქარს, კოფეინს, ტაურინს, ინოზიტოლს და B ჯგუფის ვიტამინებს. პროდუქტის ლოგოზე გამოსახულია ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი გაური კაშკაშა მზის ფონზე. ველური ხარები ძალას განასახიერებენ, წითელი ფერი – შეუპოვრობას, ხოლო მზე – ენერგიას.
თავდაპირველად, სასმელი აფთიაქებში, როგორც სტიმულატორი იყიდებოდა და პოპულარული იყო მუშებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებში. ლოგო, რომელზეც მორკინალი ორი წითელი ხარი იყო გამოსახული, ხშირად გამოიყენებოდა ტაილანდური კრივის პაექრობებზე, რომლებსაც ჩალეო იუვიდიას კომპანია უწევდა სპონსორობას.
1982 წელს სასმელ Krating Daeng-ს ავსტრიელმა დიტრიხ მატეშიცმა მიაპყრო ყურადღება, რომელიც იმ დროს გერმანული კომპანია Blendax-ის საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი იყო. ტაილანდში ჩასვლისთანავე მატეშიცმა აღმოაჩინა, რომ ენერგეტიკული ტონიკი ეხმარებოდა სასაათო სარტყლის ცვლილების სინდრომის დაძლევაში. სწორედ ამიტომ გაუჩნდა იდეა, შეექმნა გამამხნევებელი თვისებების მქონე მსგავსი სასმელი დასავლეთის ქვეყნების ბაზრისთვის.
1984 წელს, 40 წლის მატეშიცმა სხვის სამსახურში ყოფნა გადაიფიქრა და დამოუკიდებელი მეწარმის რანგში ჩალეო იუვიდიასთან პარტნიორობა დაამყარა. შედეგად დაარსდა Krating Daeng-ის მსგავსი დასახელების სასმელი, ოღონდ „წითელი ხარი“ უკვე ინგლისურ ენაზე გახდა „Red Bull“, შესაბამისად, ერთობლივ კომპანიასაც Red Bull GMBH-ი უწოდეს. თითოეულმა მათგანმა ერთობლივ ბიზნესში 500.000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო და 49%-ანი წილი მიიღო. დარჩენილი 2% ჩალეოს უფროს ვაჟს, ჩალერმს გადაეცა.
მატეშიცის ხელმძღვანელობით, ჩალეო იუვიდიამ სასმლის ფორმულა ევროპელი მომხმარებლის გემოვნებას მოარგო: საექსპორტო ვერსიაში გაიზარდა კოფეინისა და შაქრის შემცველობა და დაემატა ნახშირორჟანგი. 1987 წელს სასმელი საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა „რედ ბულის“ სახელით. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მატეშიცმა შეინარჩუნა ტაილანდური სასმლის ლოგო და ორიგინალური სახელწოდება ინგლისურ თარგმანში, მაგრამ შეცვალა შეფუთვის დიზაინი. ბრენდის პოზიციონირებაც შეიცვალა: მიუხედავად იმისა, რომ ტონიკი Krating Daeng-ი ცნობილი იყო, როგორც მუშათა სასმელი, „რედ ბული“ ავსტრიის სათხილამურო კურორტებზე თავიდანვე წარდგენილი იყო, როგორც პრემიუმ კლასის სასმელი.
კომპანია ერთობლივი მუშაობის პირველ წლებში მილიონებს კარგავდა, რადგან მატეშიცს ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონდა. იგი თავიდანვე დიდ კონკურენციას წააწყდა: მის „რედ ბულს“ ძალიან უჭირდა „კოკა-კოლასთან“ და „პეპსისთან“ გამკლავება. კონკურენტებად ასევე ითვლებოდნენ ენერგეტიკულ სასმელები: Jolt Cola, Lucozade და სხვები. მაშინ ავსტრიელმა მეწარმემ „რედ ბულის“ ქილის დიზაინი შეცვალა: ის ორჯერ შეამცირა და ფორმით ბატარეას მიამსგავსა. სასმლის ფასი გაორმაგდა, ხოლო გაყიდვები დაიწყო მაღაზიების ყველა განყოფილებაში, სასმელების განყოფილების გარდა. „რედ ბულს“ სპეციალურად არ ათავსებდნენ სასმელების განყოფილებაში. მას ალაგებდნენ მაღაზიების სხვა სექციებში: საკონდიტრო ნაწარმის გვერდით, სხვადასხვა კატეგორიის თაროებზე, აგრეთვე სალაროსთან. სწორედ ეს იყო დიტრიხ მატეშიცის მარკეტინგული ხრიკი: თუ სასმელების განყოფილებაში დადგამდნენ, „რედ ბული“ პირდაპირ კონკურენციაში შევიდოდა „კოკა-კოლასთან“ და „პეპსისთან“. სხვა განყოფილებებში კი იგი „გამამხნევებელი სასმლის“ ან „ცალკე კატეგორიის“ სახით აღიქმებოდა, რაც მას უნიკალურობას აძლევდა. ამის შემდეგ კომპანიის მოგებამ ზრდა დაიწყო.
დიტრიხ მატეშიცი სასმელს აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა სტუდენტებში – კამპუსის უმნიშვნელო წვეულებებზეც კი იგი „რედ ბულს“ ყუთებით უფასოდ არიგებდა. მან საკუთარი აუდიტორია მალე იპოვა და ტონიკი სწრაფად გახდა ამ სეგმენტის პოპულარული სასმელი.
1992 წლიდან „რედ ბული“ უცხოურ ბაზრებზე შეიტანეს და უნგრეთისა და სლოვენიის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა. ორი წლის შემდეგ, ტონიკს უკვე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სარეალიზაციო ქსელშიც შეხვდებოდით.
1997 წლიდან „რედ ბულის“ გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიწყეს. მის წარმატებულ დისტრიბუციას ხელი შეუწყო ჭორებმა, რომლებსაც მარკეტოლოგები ბრენდისთვის სასურველი იმიჯის შესაქმნელად იყენებდნენ:
გერმანიაში „კათოლიკე დედების ჯგუფს“ სასმლის აკრძალვა სურს? კარგია!
„რედ ბული“ ქვეყანაში კონტრაბანდულად შემოაქვთ? შესანიშნავია!
დიტრიხ მატეშიცს სურდა შეექმნა არა მხოლოდ ენერგეტიკული სასმელი, არამედ ახალი ცხოვრების წესი. ამიტომ, ის აქტიურად დებდა ინვესტიციებს სპორტულ შეჯიბრებებში (სნოუბორდინგში, მოტორბოლაში და ავტორბოლაში). ახლა კი, კომპანიას ჰყავს საკუთარი სპორტული გუნდები და სპორტსმენები, ასევე თავად აწყობს სხვადასხვა შეჯიბრებებს, რაზეც ცალკე ქვეთავში გავამახვილებთ ყურადღებას.
თაობათა ცვლა და მაინც პოპულარული
კომპანია Red Bull GMBH-ის პარტნიორებიდან პირველი ჩალეო იუვიდია გარდაიცვალა. თითქმის 90 წლის ბიზნესმენი გარდაცვალების დროს (2012) ტაილანდში სიმდიდრით მესამე ადამიანი იყო და მისი ქონება დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ჩალეოს აქციები მისი შვი¬ლის, ჩალერმ იუვიდიას კონტროლქვეშ მოექცა, რომელსაც ამჟამად კომპანიის 51%-იანი წილი ეკუთვნის.
მმართველი დირექტორი დიტრიხ მატეშიცი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2022 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. იგი, მისგან პოპულარულად გარდაქმნილი ტონიკის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ავსტრიელი მეწარმის მსგავსად ვინმე იყოს, ვინც ყოველდღე, რეგულარულად 10-12 ქილა „რედ ბულს“ სვამდეს.
„ფორმულა 1“-ის ვარსკვლავმა მრბოლელმა, „რედ ბულის“ სახელით მოასპარეზე ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა, მატეშიცის წვლილზე Associated Press-თან ილაპარაკა: „ის, რაც მან ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის და ზოგადად ჩემი ცხოვრებისთვის გააკეთა, ნამდვილად რთული შესაფასებელია. წინ კიდევ ბევრი რბოლაა და ჩვენ ვეცდებით, ყოველთვის ამაყად დავიცვათ „რედ ბულის“ ღირსება“.
სხვათა შორის, „რედ ბულს“ ჯერ გერმანელმა სებასტიან ფეტელმა (Sebastin Vettel) 2010-2013 წლებში, ხოლო ფერსტაპენმა 2021-2024 წლებში ზედიზედ 4-4-ჯერ მოაგებინეს „ფორმულა 1“-ის პირადი ჩათვლა.
იშვიათი აკრძალვები, თუმცა ისევ პოპულარული
მსოფლიო მედია ხშირად ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას „რედ ბულის“ მავნებლობაზე. ჩინელმა ექიმებმა ამ სასმლის აკრძალვაც კი მოითხოვეს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ტონიკი კონსერვანტებს შეიცავს და კოფეინთან რეაქციისას წარმოშობს ნივთიერებას, რომელიც ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.
ჩინური პრესის საშუალებები ექსპერტებზე დაყრდნობით, მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ სასმლის ინტენსიურად მოხმარება მიჩვევასთან ერთად ტაქიკარდიას იწვევს. მეტიც, ამ ქვეყანაში ზოგიერთმა მსხვილმა სავაჭრო ორგანიზაციამ „რედ ბულის“ რეალიზაციაზე უარი თქვა. თუმცა, მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სასმელი არავითარ აკრძალულ ნივთიერებას არ შეიცავს.
2009 წლის მაისში, გერმანიის ექვსმა ფედერეალურმა მიწამ (ამ ქვეყნის ტერიტორიული დაყოფის ერთ-ერთი ერთეული – ავტ.) აკრძალა Red Bull Cola-ს გაყიდვა, მას შემდეგ, რაც მის ინგრედიენტებში კოკაინის დონე (0.4 მიკროგრამი ლიტრზე) აღმოაჩინეს. იმავე წლის აგვისტოში, სამეცნიერო კვლევის შემდეგ, სასმელი გერმანული მაღაზიების თაროებზე დაბრუნდა. კვლევის თანახმად, სასმელი საერთოდ არ შეიცავდა კოკაინს და რომ წინა დადებითი ტესტი სასმლის ერთ-ერთი კომპონენტის დაშლით იყო გამოწვეული. 2009 წლის ივნისში Red Bull Cola-ს გაყიდვა ტაივანშიც აიკრძალა.
ექიმთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასმელი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის, ან მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის ან ჰიპერტენზიის მქონე პირებისთვის.
„რედ ბული“ – ენერგეტიკული სასმლის მიღმა
„რედ ბულისთვის“ ენერგეტიკული სასმლის გაყიდვის შემდეგ ყველაზე პოპულარული და ხილული საქმიანობა „ფორმულა 1“ და რბოლებია.
2004 წლის ბოლოს, „რედ ბულმა“ „ფორდისგან“ შეიძინა Jaguar Racing-ის გუნდი, რომელიც „ფორმულა 1“-ში გამოდიოდა. 2005 წლიდან გუნდი უკვე Red Bull Racing-ის სახელით გამოდის. დღეს Red Bull Racing არის „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დომინანტური გუნდი – 2025 წლისთვის მას მოგებული აქვს 6 „კონსტრუქტორთა ჩემპიონატის“ და 8 „მრბოლელთა ჩემპიონატის“ ტიტული, ხოლო მაქს ფერსტაპენი (Max Verstappen) და სერხიო პერესი (Sergio Pérez) კვლავ მისი წამყვანი პილოტები არიან. გუნდის ბაზა მდებარეობს ინგლისში, ქალაქ მილტონ-კინზიში. Red Bull Racing-ი წარმოადგენს ბრენდის ფლაგმანს, რომელიც „ფორმულა 1“-ში დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს.
„რედ ბულის“ შემადგენლობაშია ასევე მეორე გუნდი – Scuderia AlphaTauri, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Toro Rosso (2006–2019). გუნდის ბაზა იტალიაში, ქალაქ ფაენცაშია (Faenza). მეორე გუნდი არის ადგილი, სადაც ახალბედა პილოტებს ეძლევათ შანსი „ფორმულა 1“-ში გამოცდილების მისაღებად. მრბოლელები აქედან ხშირად გადადიან მთავარ გუნდში.
1999 წელს შეიქმნა Red Bull Crashed Ice-ის შეჯიბრი – ციგურებით ექსტრემალური სრიალი ყინულზე. საერთაშორისო ჩემპიონატი იმართება 2001 წლიდან. დისციპლინა მოიცავს სრიალს ყინულზე სპეციალურად შექმნილ ტრასებზე, სადაც მაღალი სიჩქარით მოძრავი სპორტსმენები, ერთდროულად ოთხი მონაწილე, ეჯიბრებიან ერთმანეთს. სრიალი აერთიანებს ჰოკეის, სნოუბორდის, სქეიტბორდის და BMX-ის ელემენტებს.
2003 წლიდან 2019 წლამდე ასევე იმართებოდა Red Bull Air Race World Championship – მსოფლიო ჩემპიონატი საჰაერო სლალომში. ამ შეჯიბრში გამოიყენებოდა სპეციალურად შერჩეული, მაღალი სიჩქარისა და მანევრირების უნარით გამორჩეული აკრობატული ერთადგილიანი თვითმფრინავები. აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წლიდან შეწყდა. „რედ ბულმა“ აღნიშნა, რომ ჩემპიონატი აღარ გაგრძელდებოდა, რადგან „მიუხედავად დიდი ინტერესისა, კომერციული მხარდაჭერა და მასპინძელი ქალაქების ჩართულობა საკმარისი აღარ იყო“. ღონისძიების ორგანიზება მოითხოვდა უზარმაზარ ფინანსურ რესურსს.
Red Bull Cliff Diving World Series – მაღალი სიმაღლიდან წყალში ხტომის ჩემპიონატია. იმართება 2009 წლიდან და დღემდე გრძელდება როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ჩემპიონატი. მონაწილეები ხტებიან 26-28 მეტრის სიმაღლიდან, სპეციალური პლატფორმებიდან. შეფასება ხდება სირთულის, შესრულების ხარისხისა და წყალში შესვლის სიზუსტის მიხედვით. მონაწილეები არიან პროფესიონალი აკრობატული მყვინთავები, მათ შორის ოლიმპიური სპორტსმენები და Cliff Diving-ის (კლდიდან წყალში ხტომა) სპეციალისტები.
Red Bull X-Fighters – მოტოკროსის აკრობატული შეჯიბრებები. შეჯიბრებების სერია, რომელიც 2001 წლიდან 2017 წლამდე ტარდებოდა. იგი ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ FMX ჩემპიონატად, სადაც პროფესიონალი მოტოკროსის სპორტსმენები თავიანთი აკრობატული ხტომებითა და ტრიუკებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. შეჯიბრებები 2017 წელს შეწყდა. მიზეზი რამდენიმე იყო: ფინანსური და ორგანიზაციული ხარჯები; მსგავს შეჯიბრებებს სხვებიც მართავდნენ და „რედ ბულმა“ გადაწყვიტა რესურსების გადატანა სხვა ექსტრემალურ სპორტებში; „რედ ბულმა“ დაიწყო ფოკუსირება „ფორმულა 1“-ზე, Cliff Diving-ზე, Ice Cross-ზე და სხვა პროექტებზე, სადაც უფრო დიდი გლობალური აუდიტორია და კომერციული პოტენციალი იყო.
Red Bull Rampage – მთის ველოსიპედის ექსტრემალური შეჯიბრი. იმართება 2001 წლიდან და დღემდე ყოველწლიურად ტარდება ოქტომბერში. სპორტსმენები ბუნებრივ კლდეებზე და ხელოვნურად შექმნილ ბარიერებზე ასრულებენ ყველაზე რთულ და სანახაობრივ ტრიუკებს.
ასევე, „რედ ბული“ არის ათასობით ექსტრემალური სპორტსმენის სპონსორი.
„რედ ბული“ აქტიურობს მედიის და კულტურის მიმართულებითაც. Red Bull Media House იღებს დოკუმენტურ ფილმებს, ახდენს სპორტულ ტრანსლაციებს. Red Bull TV – წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას სპორტის, მუსიკისა და კულტურის შოუებით. Red Bull Music Academy 1998 წელს დაარსდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მუსიკოსების, პროდიუსერების და დიჯეების განვითარებას, მათთვის საერთაშორისო მასშტაბით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. პროექტი 2019 წელს შეწყდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის მუსიკალური ფესტივალების ჩატარებაში გაგრძელდა.
„რედ ბული“ აფინანსებს სხვადასხვა კიბერსპორტის (ეშპორტს) ტურნირსა და გუნდს. ეს მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბრენდინგს.
ასე რომ, „რედ ბულმა“ თავისი ბრენდი გადააქცია გლობალურ პლატფორმად, რომელიც „აფრთიანებს“ არა მხოლოდ სასმელს, არამედ იდეებსა და ცხოვრების სტილს.
„რედ ბული“ რიცხვებში
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ავსტრიაში, პატარა დასახლება ფუშლ-ამ-ზეში (Fuschl am See). 2025 წლის მდგომარეობით, აქ დაახლოებით 1700 მოსახლეა. გარდა იმისა რომ ტურისტულად მიმზიდველი გარემოა, იქაურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას „რედ ბულის“ სათაო ოფისის არსებობაც ანიჭებს.
ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობა რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას მოიცავს: მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) არის ფრანც ვაცლავიკი (Franz Watzlawick), ფინანსური დირექტორია ალექსანდერ კირხმაირი (Alexander Kirchmayr), ხოლო უმსხვილესი აქციონერი და სტრატეგიული გავლენის მქონე პირია ჩალერმ იუვიდია – ტაილანდელი ბიზნესმენი, რომელიც კომპანიის 51%-ს ფლობს.
კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2025 წლის ბოლოს 21.924-ს შეადგენდა. შემოსავალმა 2025 წელს 12.196 მლრდ ევროს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით „რედ ბულის“ 13,969 მილიარდი ქილა გაიყიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 10,2%-იან ზრდას წარმოადგენს. ჯგუფის ბრუნვა 8,6%-ით გაიზარდა. წმინდა მოგება რამდენია, საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა მოგება პოზიტიურია და ზრდას აგრძელებს.
„რედ ბული“ იყიდება მსოფლიოს 178 წვეყანაში. Red Bull-ის ბრენდი ყველაზე პოპულარულია ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე და მასზე მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 38% მოდის.
ბოლოს…
ყველაფრის მიუხედავად, Red Bull-ის ბრენდი მსოფლიოს მეწარმეებისთვის მისაბაძი მაგალითია. კომპანიის ევროპელმა მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია აქტიური, თუნდაც აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით; მისი პროდუქტის რეკლამა ზედმეტად ექსტრავაგანტული იყო იმისთვის, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. შემდეგ კი, როგორც ბრენდის სლოგანშია, „ყველაფერი უბრალოდ აფრინდა“.
შმაგო სორელი

