Homeბ&მსპორტული ფსონების ევოლუცია: კაზინოებიდან ტოტალიზატორებამდე

სპორტული ფსონების ევოლუცია: კაზინოებიდან ტოტალიზატორებამდე

Published on

spot_img

აზარტული თამაშების ისტორია, რეგულაციები და “ჩაწყობილი მატჩების” თანმხლები სკანდალები 

სათამაშო ბიზნესის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა ტოტალიზატორი, სპორტისა და აზარტის დამაკავშირებელ საშუალებად ჩამოყალიბდა. იგი ამ ბიზნესის შედარებით ახალგაზრდა წევრია, თუმცა იმდენად პოპულარული გახდა და სახელიც ისე გაითქვა, თანამედროვე ყოფაში ბადალი არ ჰყავს. თუმცა, ტოტალიზატორამდე იყო სხვა სახის თამაშები. 

სათამაშო ბიზნესი – ისტორია და ნაირსახეობები 

ხშირად გვსმენია სიტყვა „კაზინო“, მაგრამ მისი წარმომავლობა ბევრმა არ იცის. ჩასინო – იტალიური სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით „პატარა სახლს“ ნიშნავს. ისეთი შენობის მნიშვნელობა, სადაც გასართობი ღონისძიებები იმართებოდა, მან მხოლოდ XIX საუკუნეში შეიძინა. იმ დროიდან აქ ხშირი იყო ცეკვა, სიმღერა, აზარტული თამაშები. კაზინოს შესაბამისი ქართული სიტყვაა სამორინე. 

ამ ბიზნესის ძირითადი მახასიათებელია ადამიანების ილუზიის ექსპლუატაცია. ეს გრძნობა შემთხვევითობის პრინციპით „ჰპირდება“ პიროვნებას წარმოსახვაში გამდიდრებას. სათამაშო ბიზნესის ყველაზე გავრცელებული სახეობებია: სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი და ლატარეა. 

ისტორიულად, ფსონების დადება ძველ რომში წარმოიშვა, სადაც მაყურებლები გლადიატორთა ბრძოლების შედეგზე „ჩამოდიოდნენ“ ფულს. მაყურებლებს შორის შეჯიბრებების შედეგზე დადებული მარტივი ფსონებისგან განვითარდა დოღსა და ცხენების რბოლაზე ფსონების დადებაც. დოღში ცხენებზე ფსონების დადება უფრო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაფართოვდა, რაც განპირობებული იყო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხენების რბოლის პოპულარობის სწრაფი ზრდით. 

პირველ კაზინოდ ევროპაში Ridotto მიიჩნევა, რომელიც 1638 წელს ვენეციაში გაიხსნა. საინტერესოა, რომ მისი მფლობელი კერძო პირი არ ყოფილა: Ridotto იყო ვენეციის რესპუბლიკის მიერ შექმნილი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათამაშო სახლი, რომელიც განთავსდა Palazzo Dandolo-ს ერთ ფლიგელში, San Moisè-ის ეკლესიის მახლობლად. მერე მას მიემატა გერმანიის კურორტ ბად-ემსში (1720) და მეფეებისა და იმპერატორების კურორტ ბადენ-ბადენში (1748) ამოქმედებული სამორინეები. 

თანამედროვე გაგებით პირველი სათამაშო სახლი პარიზში, 1765 წელს გაიხსნა. ამის განკარგულება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, კარდინალმა მაზარინიმ გასცა, რათა ლუდოვიკო XIV-ის პრაქტიკულად დაცარიელებული ხაზინა როგორმე შეევსო. ასევე მოიქცნენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც და გადასახადებით დაბეგრილმა კაზინოებმა ხაზინაში დიდი შემოსავლების შეტანა დაიწყეს. 

1861 წელს მონაკოში, რომელიც იმხანად სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, ფრანგმა მეწარმე ფრანსუა ბლანმა (François Blanc), რომელსაც მოგვიანებით „მონტე კარლოს ჯადოქარიც“ უწოდეს, სათავადოს მთავრობას ხაზინის შესავსებად ფეშენებელური კაზინოს აშენება შესთავაზა. თითქმის 4 წელი დასჭირდა გასართობი ცენტრი La Grand Casino de Monte Carlo-ს შექმნას. დაახლოებით ამავე პერიოდიდან გაჩნდა კაზინოები აზიაშიც, სადაც სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს ცენტრად ქალაქი მაკაუ ჩამოყალიბდა. 

ვიეტნამში, საფრანგეთის კოლონიის ეპოქაში, ფრანგებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ საიგონში გახსნეს კლუბები და გასართობი სახლები, სადაც აზარტული თამაშებიც ტარდებოდა. 1899 წლიდან მსოფლიოს უმსხვილეს კაზინოებში გაჩნდა ახალი ცნება „პრივატული ოთახი“, სადაც მდიდარ და აზარტულ ადამიანებს გაუსაზღვრელი სიდიდის ფსონების გაკეთება შეეძლოთ. 

ამერიკაში აზარტული თამაშები ჯერ კიდევ კოლონიურ ეპოქაში, XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელდა. აზარტული თამაშები იმართებოდა ლატარიების, ბანქოს თამაშებისა და ცხენის დოღის სახით. ლატარიებით ხშირად ფინანსდებოდა სკოლები და საზოგადოებრივი პროექტები. პირველი კაზინოს წინამორბედი 1822 წელს, ბრაუნის სალონში (Brown’s Saloon) გაიხსნა, რომელიც კოლორადოს, ვაიომინგისა და იუტას შტატების საზღვარზე მდებარეობდა. ძირითადი ფუნქცია სასმელების გაყიდვა და გართობა იყო, მათ შორის ცეკვა, ბილიარდის თამაში, თუმცა ბანქოს აზარტული თამაშებიც იმართებოდა. XVIII-XIX საუკუნეებში ნიუ-ორლეანი ახალი ქვეყნის აზარტულ მცხოვრებთათვის გასართობ მექად ითვლებოდა. აქ ფუნქციობდა ბილიარდის დარბაზები, კაბარეები და მდინარის ნავებზე მოწყობილი სათამაშო მაგიდები. 

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-ორლეანი იყო პირველი ადგილი, სადაც პოკერი დამკვიდრდა. თუმცა, ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის წლებში (1829-1837) ლეგალური სამორინეები ბევრ შტატში დაიხურა. აკრძალვის შედეგად თამაშები უკვე არალეგალურად იმართებოდა სხვადასხვა სალონებში, მიწისქვეშა კლუბებში და ნავებზეც კი. 

ნევადა, რომლის კაზინოები ამჟამად მსოფლიოში განთქმულია, „აზარტულ“ შტატად არცთუ დიდი ხნის წინ იქცა. აქ აზარტული თამაშები ოფიციალურად 1931 წლიდანაა ნებადართული, ხოლო პირველი კაზინო „ფლამინგო“ 1947 წელს ამუშავდა. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი ლას-ვეგასისთვის პლანეტის აზარტული თამაშების დედაქალაქის სახელის მოპოვებას. 

სათამაშო ბიზნესის ნამდვილი ცხოვრება ალბათ XIX საუკუნის ბოლოდან იწყებს ათვლას, როცა პირველი სათამაშო ავტომატი გამოიგონეს. სამორინე, თავისი არსით, აზარტული თამაშების განხრით მომუშავე ბარ-რესტორანია. მინიმალური პირობა რათა გასართობ ცენტრს კაზინო ეწოდოს, იქ რულეტის, პოკერისა და ბლექჯეკის სათამაშო მაგიდებისა და ავტომატების (სლოტ-მანქანები) – ე.წ. „ცალხელა ბანდიტების“ არსებობაა. 

ცარიზმის პერიოდში აზარტული თამაშები საქართველოშიც იყო, მაგრამ კლასიკური ტიპის კაზინოების განვითარება არ მომხდარა. 1920 წელს თბილისში 2 კაზინო და ლოტოს რამდენიმე კლუბი მოქმედებდა. გარდა ამისა, საქართველოში გახსნილი იყო ბანქოს მწარმოებელი ქარხანა. 

საბჭოთა პერიოდში აზარტული თამაშები ჩვენთანაც აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, ფსონებზე თამაში არალეგალურად მუდმივად იმართებოდა (ე.წ. იატაკქვეშა ტოტალიზატორები). გარდაქმნის ეპოქის („პერესტროიკა“) დადგომამ კაზინოს ლეგალიზაცია გამოიწვია და 1989 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ის დედაქალაქ მოსკოვში სასტუმრო „სავოიაში“ (Hotel Savoy) გაიხსნა პირველი სამორინე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე პირველი ლეგალური კაზინო Astoria Palace ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, Palace Hotel-ში 1989 წლის 7 ივლისს ამოქმედდა. 1990 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტური საქართველოს დედაქალაქ თბილისში, შვედური ინვესტიციის შემწეობით პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“, ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში გაიხსნა. 

ლატარიაც აზარტულ თამაშად ითვლება. მისი სახელი Lottery მომდინარეობს Lot-იდან, რაც ერთ-ერთი ნიდერლანდური დიალექტიდან „ბედს“ ნიშნავს. იგი შეიძლება იყოს მომენტალური, ტირაჟიანი, ტოტო, ლოტო და ბინგო. 

აზარტული თამაშის კიდევ ერთი სახეობაა ტოტალიზატორი, იგივე საბუკმეკერო ბიურო. ისიც ძველი მოვლენაა. ბრიტანეთში დოღის გამართვისას ცხენსა და მხედარზე ფულად ფსონს ჩამოდიოდნენ და რადგან XVIII საუკუნეში, სოციალურად პრესტიჟული ფრანგული ენა იყო, აზარტული თამაშების ამ სახეობას ფრანგული სახელი Totaliser (შეჯამება) უწოდეს. ჯირითი საქართველოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ეწყობოდა, როგორც სამხედრო და სამეფო კულტურის ნაწილი, თუმცა, ფსონების დადება მოგვიანებით, მე-19 საუკუნიდან დაიწყეს. ამ შემთხვევაშიც, ფულის მოგებას თავდაპირველად, ძირითადად დოღზე და ხალხურ სპორტულ შეჯიბრებებზე შედეგის გამოცნობით ცდილობდნენ. 

საბუკმეკერო საქმის სათავეებთან 

ადამიანები უძველესი დროიდან დებდნენ სანაძლეოებს ერთმანეთთან. ძველ საბერძნეთში მაყურებლები ოლიმპიური თამაშების (იმართება ძვ.წ. 776 წლიდან) შედეგებზე დებდნენ ფსონს, ხოლო ძველ რომში – გლადიატორებისა და ეტლების მხედრების გამარჯვებაზე (შეჯიბრებები იმართებოდა ძვ.წ. 264 წლიდან ახ.წ. 404 წლამდე). მაშინ ბუკმეკერები არ იყვნენ: მაყურებლები პირდაპირ ერთმანეთში, სანაძლეოს მსგავსად დებდნენ ფსონს.

ბუკმეკერობა დიდ ბრიტანეთში ორი ათასწლეულის შემდეგ წარმოიშვა. 1790 წელს, პირველმა პროფესიონალმა ბუკმეკერმა ინგლისში ჰარი ოგდენმა (Harry Ogden) ცხენებით რბოლაზე ფსონების მიღება დაიწყო. იგი წინასწარ საზღვრავდა თითოეულ ცხენზე მისაღებ ფსონსა და მოგებას შორის თანაფარდობას. სწორედ, ოგდენი იყო პირველი, ვინც სისტემატურად იღებდა ფსონებს ცხენებზე, შემოიტანა განსხვავებული კოეფიციენტები თითოეულ ცხენზე, რაც ბუკმეკერული სისტემის საფუძვლად იქცა. 1845 წლის Gaming Act-ის დამტკიცების შემდეგ, რომლიც არეგულირებდა თამაშებს და ფსონების დადებას, ბუკმეკერები უკვე ლეგალურად მუშაობდნენ მხოლოდ რბოლის ტრასებზე. „ოფისის“ ტიპის ბუკმეკერული დაწესებულებები გაჩნდა მოგვიანებით, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ქალაქებში დაიწყო ორგანიზებული ტოტალიზატორების გახსნა. 

ოცდაათიოდე წლის შემდეგ და ზოგან უფრო მოგვიანებით, ბუკმეკერული კომპანიები გაიხსნა ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში. იმდროინდელი ბუკმეკერები იგივე პრინციპით მოქმედებდნენ როგორც დღეს: ისინი პოულობდნენ ერთმანეთში მოთამაშეებს და გამარჯვებულებს გარანტირებულად აძლევდნენ მოგებას, სანაცვლოდ – ყველა ფსონიდან საკუთარი მოგების წილი მიჰქონდათ. 

საუკუნეების განმავლობაში კანონები კრძალავდა ან ზღუდავდა სანაძლეოს დადებას, ფსონების დადებას და აზარტულ თამაშებს. მთავრობები მათ სერიოზულად ეკიდებოდნენ და სხვადასხვა სახის რეგულაციებს ამტკიცებდნენ: 

Lex Aleatoria (ძვ.წ. III საუკუნე, რომი). ეს კანონი აზარტული თამაშებით მოგებას ბათილად აცხადებდა. კანონით ფსონის დადება მხოლოდ „სხეულის განვითარებისთვის“ განკუთვნილ თამაშებზე იყო დაშვებული – მაგალითად, ფეხბურთის პროტოტიპ ჰარპასტუმზე. 

წმინდა ლუის ედიქტი, 1254 წელი, საფრანგეთი. ქვეყანაში აზარტული თამაშები იძულებითი გაროზგვით ისჯებოდა. მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანომ ერთ ოქროს ეკიუმდე ფსონების დადება დაუშვა. 

დედოფალი ანას აქტი, 1710 წელი, დიდი ბრიტანეთი. ამ აქტმა ფსონის ვალების გადახდა, სამართლებრივი შედეგების გარეშე „ღირსების საკითხად“ გამოაცხადა. 

იმპერიის კანონთა ნუსხა, 1833 წელი, რუსეთი. აზარტული თამაშების ვალები ბათილად იქნა ცნობილი. 

დიდი ბრიტანეთი, 1961 წელი. მთავრობამ ლეგალიზება გაუკეთა და დაარეგულირა ბუკმეკერობა. კანონმდებლებმა აუკრძალეს სათამაშო დაწესებულებებსა და მოთამაშეებს ნებისმიერი სახის უპირატესობის (ყოველი ხრიკი, რაც თამაშის მომწყობს მოგების შანსს გაუზრდიდა) გამოყენება. თამაშების ჩატარება მხოლოდ სპეციალიზებულ კლუბებში იყო შესაძლებელი. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1973 წელი. ფედერალურ მიწებს უფლება მიეცათ, გაეხსნათ სათამაშო დაწესებულებები მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ კურორტულ ზონებში. 

საფრანგეთი, 1987 წელი. მთავრობამ მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 21-დან 18 წლამდე შეამცირა და სათამაშო დაწესებულებებში შესასვლელი გადასახადი გააუქმა. 

მე-20 საუკუნის შუამდე ევროპასა და შეერთებულ შტატებში ბუკმეკერობა უკანონოდ მიიჩნეოდა. ბუკმეკერები კორუფციის ან სამართლებრივი ხარვეზების წყალობით არსებობდნენ. მათ მომხმარებლებს სამართლებრივი დაცვა არ ჰქონდათ და მხოლოდ ბუკმეკერის პატიოსნებაზე შეეძლოთ დაყრდნობა.

1961 წელს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და აშშ-ის ზოგიერთი შტატის მთავრობებმა ე.წ. ბეთინგი (ფსონების მიღება) კანონიერად სცნეს. ბუკმეკერობის ლეგალიზაციის გამოცხადებიდან 6 თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ათასობით ბუკმეკერული ბიურო გაიხსნა. ბუკმეკერთა საქმიანობა ახლა რეგულირდებოდა: მოთამაშეები კანონით იყვნენ დაცულნი, ხოლო თავად ბუკმეკერები „ჩრდილიდან გამოვიდნენ“. 

1973 წლისთვის დიდ ბრიტანეთში, ბუკმეკერული კომპანია William Hill-ის ქსელში 14.750 თანამშრომელი მუშაობდა. 1982 წელს Littlewoods-ის ბიუროს შტატში 22 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. გაჩნდა ფსონების ახალი ტიპები: ფეხბურთზე, კრივზე, გოლფზე, ჩოგბურთზე, არჩევნების შედეგებზე, შეჯიბრებებში გამარჯვებებსა და როგორც მაშინ ხუმრობდნენ, ფსონები მიიღებოდა ქრისტეს მეორედ მოსვლაზეც კი. 

ფსონების ინდუსტრიაში მანამდე არნახული ბუმი 1990-ან წლებში დაფიქსირდა, როდესაც ბუკმეკერებმა ინტერნეტით ონლაინ-ფსონების მიღება დაიწყეს. 2001 წლისთვის სპორტული ფსონების ონლაინბაზრის მოცულობამ ზოგიერთი წყაროს ვარაუდით, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოთამაშეთა რაოდენობამ 8 მილიონს მიაღწია. 

ბუმი გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს 

ბუკმეკერული ინდუსტრიის რეალური კაპიტალიზაცია, არალეგალური ოპერატორების დიდი ოდენობის გამო, უც¬ნობია. საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და ბიზნეს კონსულტაციის კომპანია Zion Market Research-ის მონაცემებით, 2017 წელს გლობალური ფსონების ბაზარი 104 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 45.8 მილიარდი დოლარი ონლაინ ფსონებიდან მოდიოდა. ამავე წყაროს ცნობით, უკვე 2023 წელს გლობალურმა თანხამ 160 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ონლაინფსონებზე თითქმის 90 მილიარდი მოდიოდა. 2025 წლის მონაცემებით, გლობალური სპორტული ბეთინგის ბაზრის მოცულობა დაახლოებით 114 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშებისა და ბეთინგის სეგმენტი 68 მილიარდ დოლარს აღწევს. პროგნოზებით, ორივე მიმართულება სწრაფად იზრდება და 2030-2034 წლებში ორჯერ მეტზე მეტს მიაღწევს. 

2010-ანი წლების დასაწყისში მოთამაშეებმა ფსონების დადება მობილური ტელეფონებიდან დაიწყეს. 2016 წელს მობილური ფსონები ბუკმეკერულ კომპანიებში ფსონების 80%-ს შეადგენდა. H2 Gambling Capital-ი პროგნოზირებდა, რომ 2020 წლისთვის ყველა მოთამაშის 40% მობილურ მოწყობილობებს გამოიყენებდა; რეალურმა „გეგმის შესრულებამ“ კი, 60% შეადგინა. 

ონლაინ-ბეთინგის მთავარი უპირატესობებია ბუკმეკერების ფართო არჩევანი, მობილურობა და მოხერხებულობა. მოთამაშეები აღარ არიან მიჯაჭვულნი ტოტალიზატორებთან, ქულების დაფებზე შემოწმებაზე ან რიგში დგომაზე მოგების მისაღებად. ფსონების დადება და მოგების გადახდა სულ რამდენიმე წამს მოითხოვს. გასული საუკუნის ბუკმეკერებს ასეთ რამეზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. 

აქვე განვმარტავთ, რა სხვაობაა ბეთინგსა და გემბლინგს შორის. ბეთინგი გემბლინგის ქვესახეობაა. გემბლინგი ზოგადად აზარტულ თამაშებს გულისხმობს, ხოლო ბეთინგი დადებული ფსონით განმტკიცებულ სანაძლეოს ნიშნავს. 

ფსონების დადება შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის შედეგზე: სპორტული მატჩების შედეგებზე, კრიპტოვალუტის კურსის ცვლილებაზე, „ოსკარის“ გამარჯვებულის გამოვლენაზე და თუნდაც, შობის ღამით ამინდის გამოცნობაზე. 

მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ბეთინგს გემბლინგისგან არ ანსხვავებენ; აშშ-ში აზარტული თამაშები ზოგ შტატში მკაცრად აკრძალულია, ზოგიერთში კი სრულად ლეგალური. რაც შეეხება ბეთინგს, „ფენტეზი-ლიგების“ სახით ფედერალურ დონეზე დაშვებულია. 2006 წლის Unlawful Internet Gambling Enforcement Act (UIGEA) კანონში ფენტეზი სპორტი გამონაკლისად ჩაითვალა, რადგან იგი უნარებზე დაფუძნებულ თამაშად მიიჩნევა და არა „სუფთა აზარტულ თამაშად“. თუმცა, ზოგიერთ შტატში ფენტეზი-ლიგებს უკვე შტატი უწესებს რეგულაციებს. 

სპონსორი ტოტალიზატორები და მათთან დაკავშირებული სკანდალები 

ახლო თუ შორეულ წარსულში ხშირად ყოფილა, როცა საქვეყნოდ ცნობილი საბუკმეკერო კომპანიები (Bet365, Bet888, William Hill და სხვ.) საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობისას მხოლოდ სატიტულე სპონსორობით არ დაკმაყოფილებულან. ევროპის ტოპ-5 ქვეყნების ჩემპიონატების მონაწილეთათვის, შესაძლოა ამ გზით მიღებული შემოსავლები ბევრი არც არაფერი იყოს. სამაგიეროდ, ეჭვები ფეხბურთის „სიწმინდის“ თემაზე მარტო გულშემატკივრებში კი არა, სპეციალისტებშიც ჩნდება. 

სპონსორობასთან პირდაპირი კავშირში ძნელი დასადგენია, მაგრამ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სკანდალი ტოტალიზატორებში დადებულ ფსონებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. 

1980 წელს რომში, ორი პატარა მაღაზიის მფლობელებმა საგადასახადო ორგანოებს აცნობეს, რომ მათ იცოდნენ ფეხბურთელების მიერ ფულის სანაცვლოდ მატჩების „ჩაწყობის“ შესახებ. ყველაფერი კლუბ „ლაციოთი“ დაიწყო, მაგრამ მალევე სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ სხვა გუნდებიც – „ნაპოლი“, „ბოლონია“, „პალერმო“. ამ ამბავს „ტოტონერო“ ეწოდა, მონაწილეთა უმეტესობა კი უკანონო ფსონებს დებდა. 

საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად „მილანი“ დაზარალდა: კლუბის ორ პრეზიდენტს ზედიზედ მისცეს დისკვალიფიკაცია. მის თავდამსხმელ პაოლო როსის 3 წლით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, თუმცა, აპელაციის შემდეგ, მისი სასჯელი ერთი წლით შემცირდა; მან ამის წყალობით 1982 წლის მუნდიალზე მონაწილეობა შეძლო და იტალია გამარჯვებამდე მიიყვანა. სხვათა შორის, იტალიელებს „ტოტონერო“ იმდენად მოეწონათ, რომ 6 წლის შემდეგ მათ ბუკმეკერულ-კორუფციული სკანდალის გაგრძელება „გამოუშვეს“, რომელშიც კვლავ „ლაციო“ და „პალერმო“ იყვნენ მთავარ როლებში. 

შემდეგი მნიშვნელოვანი იტალიური გამოძიება 2006 წელს ჩატარდა. მართალია, „კალჩოპოლის“ (საფეხბურთო სკანდალის) ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივ შეთანხმებასა და მსაჯებზე ზეწოლაში, თუმცა, ამჯერად საქმეში არანაირი ქრთამის აღება აღარ ყოფილა. „ლაციოს“ გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია სკანდალს. „იუვენტუსისა“ და „მილანის“ პრობლემებთან შედარებით, რომაელებმა უფრო მსუბუქად შეძლეს თავის „დაძვრენა“. ყველაზე მძიმე სასჯელი „იუვენტუსს“ შეეხო (სერია A-დან ჩამოქვეითება და ტიტულების ჩამორთმევა). „მილანი“, „ფიორენტინა“ და „რეჯინა“ ასევე დასჯილები იყვნენ ქულების დაკლებით. 

გარიგებული მატჩები სიახლეს არც ჩოგბურთში წარმოადგენს. ზოგიერთი მოთამაშე მკაცრადაც დაუსჯიათ. „ექვსი ჩოგბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სულ კი 18 სპორტსმენი“, – წერდა 2016 წლის იანვარში ATP-ის პრეზიდენტი კრის კერმოდი. თუმცა, თაღლითობის დამტკიცება ხშირად ძალიან რთულია, ძირითადად სპორტის ხასიათისა და თავად თაღლითთა ოსტატობის გამო. 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სკანდალში ეხვევა. სკანდალი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული უკანონო ფსონების ქსელის ფედერალური გამოძიებიდან იღებს სათავეს. ამჟამად გამოძიების პროცესშია 34 ეჭვმიტანილი, მათ შორის – ჩონსი ბილუპსი (Chauncey Billups), აშშ-ის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, „მაიამი ჰიტის“ მცველი ტერი როზიე (Terry Rozier) და 2000-იან წლებში NBA-ს ცნობილი მოთამაშე დეიმონ ჯონსი (Damon Jones). ბრალდებები ეხება გარიგებული მატჩების ორგანიზებას და ინსაიდერული ინფორმაციის გავრცელებას ფსონების დადებისას უპირატესობის მოსაპოვებლად. 

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს FBI-ს აგენტებმა ბილუპსი და როზიე დააკავეს. NBA-ს მოთამაშეები, ზოგჯერ ნარკოტიკებთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებში ეხვევიან, მაგრამ ამჟამად საქმე გაცილებით სერიოზულია. ბილაპსს ბრალად ედება, რომ 2023 წლის მარტში ვინმე ერიკ ერნესტს მიაწოდა შიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „ბლეიზერსი“ განზრახ წაგებას გეგმავდა, რათა გაეზარდა დრაფტზე უფრო ხელსაყრელი პიკის მოპოვების შანსები. მარტივად რომ ვთქვათ, სატურნირო ცხრილში უარეს ადგილზე მყოფ გუნდს, ახალბედა მოთამაშეების შერჩევისას უპირატესობა აქვს. როზიეს რაც შეეხება, ტოტალიზატორის მოთამაშეებს კალათბურთელების ტრავმების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას და ისინიც ამით საკმაოდ დიდ ფულს შოულობდნენ. დეიმონ ჯონსი და ბილუპსი ასევე ასრულებდნენ შუამავლების როლს თაღლითურ პოკერის ოთახებში სათამაშოდ კალათბურთის ვარსკვლავების მისაწვევად. 

ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ შორს არის, თუმცა გამოძიების შესახებ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, NBA-ს უზარმაზარ საიმიჯო ზარალთან ერთად, კატასტროფულად მაღალი ფინანსური რისკები ელის. მსგავს სიტუაციაში, აზარტული თამაშების შესახებ აშშ-ის კანონმდებლობა ყველა მოთამაშეს, რომელიც თაღლითებისთვის ინსაიდერული ინფორმაციის გაჟონვით დაზარალდა, საშუალებას აძლევს პირდაპირი სარჩელი შეიტანონ შეჯიბრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ასევე რეალურია კოლექტიური სარჩელი, რომლის ფულადმა ღირებულებამ შესაძლოა მილიარდობით დოლარი შეადგინოს. 

NBA-ში უკვე მომხდარა უკანონო ფსონების დადებასთან დაკავშირებული სკანდალები (მაგალითად, 2007-ში ყოფილი მსაჯი ტიმ დონაგის (Tim Donaghy) და 2024 წელს „ტორონტოს“ მოთამაშის ჯონტეი პორტერის (Jontay Porter) საქმეები). თუმცა, ამჟამინდელი ისტორია ყველაზე გახმაურებული და პოტენციურად ლიგისთვის ყველაზე საშიშია.

შმაგო სორელი  

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...

ანონსი

2026 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება...

ბოლო სტატიები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში