როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საცალო ქსელებში უცხოეთში და საქართველოში
აშშ-ის და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ ირანში გავლენა მთელ მსოფლიოზე მოახდინა. გაძვირდა ნავთობი და ნავთოპროდუქტები, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. 2026 წლის მარტის მდგომარეობით, ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა (აშშ-ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ) გამოიწვია ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა და გლობალური ენერგეტიკული ბაზრის დესტაბილიზაცია. ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% შეაფერხა, ნავთობის ფასმა კი 9 მარტს ბარელზე 119 აშშ დოლარს გადააჭარბა.
მდგომარეობა იმდენად გართულდა და საწვავის მიწოდებაში იმხელა დეფიციტი შეიქმნა, რომ შეერთებული შტატებმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები 1 თვით გააუქმა. აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, მიღებულია დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.
„ეს ვიწროდ სპეციალიზებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, – აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
რამდენ ხანს გასტანს ომის სამხედრო დაპირისპირების ფაზა, ან რა პერიოდში დარჩება სარისკო ნავთობტანკერების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში, ძნელი სათქმელია. ამ მომენტისთვის რაც კარგად ჩანს, ეს არის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებულ საცალო ქსელებში საწვავზე ფასის მატება. ომის დაწყებამდე, 27 თებერვლის ფასები რომ 14 მარტის მაჩვენებლებს შევადაროთ, საქართველოში საწვავი საშუალოდ 20-40 თეთრით არის გაძვირებული.
ომის და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გავლენა
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების წინა დღეს, 27 თებერვალს ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 78-82 აშშ დოლარი იყო. ომის დაწყების დღეს ნავთობის ფასმა მხოლოდ 85 დოლარამდე მოიმატა. ბირჟებზე მოლოდინი იყო, რომ კონფლიქტი დიდხანს არ გასტანდა. როდესაც მარტის დასაწყისში უკვე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა შეძლო ირანის რეჟიმმა, მაშინ უკვე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და 119 დოლარსაც კი გადააჭარბა. როგორც ანალიტიკოსები მსგავს დროს ამბობენ ხოლმე, ეს გახლდათ „პანიკური პიკი“. ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ენერგეტიკული შოკის საპასუხოდ, აშშ-მა სტრატეგიული რეზერვების გახსნითა და რუსული ნავთობისთვის სანქციების შესაძლო მოხსნის დაანონსებით ნავთობის ფასი 95-102 დოლარის ფარგლებში დაასტაბილურა.
ომის მიმდინარეობისას, განვითარებულ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით გაიზარდა. მაგალითად, აშშ-ში თუ ლიტრი ბენზინი 0,86 დოლარი ღირდა, 10 მარტს საწვავის საშუალო ფასმა 1,15 დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 33%-იან იან ზრდას ნიშნავს. შედარებით ნაკლები პროცენტით, 22-25%-ით გაძვირდა საწვავი ევროპაში, თუმცა, აქ ისედაც ბევრად ძვირია ფასი აშშ-ის საწვავის ქსელებთან შედარებით.
ყველაზე დიდი გავლენა საავიაციო საწვავზე (Jet Fuel) აისახა. ვინაიდან ავიაკომპანიებს მარაგები მცირე აქვთ, ბილეთების ფასი ევროპასა და აშშ-ში საშუალოდ 40%-ით გაიზარდა სულ რაღაც 10 დღეში.
მსოფლიო ნავთობის ლოგისტიკაზე და შესაბამისად, ფასებზეც ირანის მმართველ ძალას საკმაო გავლენა აქვს. ჰორმუზის სრუტე მათთვის ხშირად ყოფილა შანტაჟის ბერკეტი, რაც ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის დროსაც კვლავ გამოჩნდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ სრუტის გადაკეტვით სცადა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერება, რომელიც ისრაელთან და დასავლეთის ქვეყნებთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს ირანმა შეწყვიტოს ურანის მაღალ დონეზე (60%-მდე და მეტი) გამდიდრება, რაც ატომური ბომბის შექმნის წინაპირობაა.
მიმდინარე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნადაც სწორედ ეგ არის დასახელებული, თუმცა, თუ გავიხსენებთ, 2024-2025 წლებში მომხდარ სამხედრო ესკალაციას, როცა ისრაელმა და ირანმა პირდაპირი დარტყმებიც განახორციელეს, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია იყო ესკალაციის შეკავება და არა სრულმასშტაბიანი ომის დაწყება. აშშ ცდილობდა ირანის ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა სანქციებითა და დიპლომატიით, რადგან სრუტის ჩაკეტვა იწვევს გლობალურ ეკონომიკურ კოლაფსს და ქვეყნების ზარალს.
საინტერესოა, რომ სრუტის ჩაკეტვით აშშ ეკონომიკურად იმაზე ნაკლებად ზარალდება, ვიდრე ჩინეთი ან ევროპა. აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია და ენერგოდამოუკიდებელია, მაშინ როცა ჩინეთი ნავთობის ნახევარზე მეტს სწორედ ამ სრუტით იღებს. შესაბამისად, სრუტის ჩაკეტვა ირანისთვის არის გზა, რომლითაც ის აიძულებს მთელ მსოფლიოს, მათ შორის ჩინეთსაც, რომ ზეწოლა მოახდინონ აშშ-ზე ომის შესაჩერებლად.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით ყველაზე მეტად აზიის ქვეყნები ზარალდებიან, რადგან ამ რეგიონში გადის სრუტეში გამავალი ნავთობისა და კონდენსატის 84-89%. ყველაზე მეტად დაზარალებული იმპორტიორებია: ჩინეთი, რომელიც ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია და მისი იმპორტის დაახლოებით 40-50% სწორედ ამ სრუტეზე მოდის.
ინდოეთი აგრეთვე მოხმარებული ნავთობის 50-60%-ს სრუტის გავლით იღებს. აზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე სტრატეგიული რეზერვები აქვს, რაც მას უფრო არამდგრადს ხდის.
იაპონია და სამხრეთ კორეა ენერგეტიკულად თითქმის სრულად არიან დამოკიდებულნი ამ მარშრუტზე. იაპონია ნავთობის 75-80%-ს, ხოლო სამხრეთ კორეა 70%-ს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს.
პაკისტანი და ბანგლადეში კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტზე კატარიდან. პაკისტანის LNG იმპორტის 99% სწორედ ამ გზით შემოდის.
რაც შეეხება დაზარალებულ ექსპორტიორებს, შემდეგ ქვეყნებია:
საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ სრუტის გავლით ყიდიან ნავთობს. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს აქვს ალტერნატიული მილსადენები წითელი ზღვისკენ, მათი სიმძლავრე სრუტის სრულად ჩანაცვლებისთვის საკმარისი არ არის.
კატარი მსოფლიოში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორია და მისი გაზის ტრანსპორტირება თითქმის სრულად ამ სრუტეზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი შეძლებს სრუტის ხანგრძლივ ბლოკირებას, ანალიტიკოსების ვარაუდით, ნავთობის ფასი შესაძლოა 130-150 დოლარამდე, ზოგიერთი პროგნოზით კი უფრო მეტადაც გაიზარდოს, რაც გლობალურ ინფლაციასა და რეცესიას გამოიწვევს.
ალტერნატიული გზები დეფიციტის დასაძლევად
მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რასაც ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის სიკვდილი მოჰყვა, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) სრუტე ჩაკეტილად გამოაცხადა და გამვლელ გემებს თავდასხმით დაემუქრა.
აშშ-ს კუთვნილი ტანკერს 11 მარტს ერაყის წყლებში, ბასრასთან ახლოს, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დისტანციურად მართვადი საზღვაო დრონი დაეჯახა. გემზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟის ევაკუაცია მოხერხდა.
ტაილანდურ ტანკერს 11 მარტს სრუტეში გავლისას ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი და ძრავის ოთახის დაზიანება გამოიწვია. ეკიპაჟის წევრების ნაწილი ომანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გადაარჩინა.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი 12 მარტს ღამით ირანულმა უპილოტო აპარატებმა დააზიანეს. აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ გემს ბაჰრეინის პორტში ორჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც პორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
ჯამში, კონფლიქტის დაწყებიდან (2026 წლის თებერვლის ბოლოდან) 13 მარტამდე, სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში 19-მდე კომერციული ხომალდი ან დააზიანეს, ან მათზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. ამის გამო საზღვაო მიმოსვლა სრუტეში თითქმის 80-90%-ით შემცირდა, რადგან სადაზღვევო კომპანიებმა გემების დაზღვევა შეწყვიტეს.
ამ ყველაფერმა ექსპორტიორები აიძულა ალტერნატიული გზები მოეძებნათ და ნაწილობრივ მაინც მიეწოდებინათ მყიდველებისთვის ნავთობპროდუქტები. საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აამოქმედეს სტრატეგიული მილსადენები, რომლებიც ნავთობის ექსპორტს სრუტის გვერდის ავლით ხდის შესაძლებელს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მილსადენის (ჰაბშან-ფუჯაირას მილსადენი ADCOP) – მეშვეობით ნავთობის გადაქაჩვა ხდება წითელი ზღვის პორტებში.
მოქმედებაშია საუდის არაბეთის მილსადენი „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ (Petroline), რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აბკაიკის საბადოს წითელი ზღვის პორტ იანბუსთან (Yanbu) აკავშირებს.
ეს ალტერნატიული გზებიც არ აღმოჩნდა უსაფრთხო. ფუჯაირას პორტი, რომელიც ომანის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, ირანულმა დრონებმა 3 მარტს დააზიანეს. პორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა, თუმცა, 12 მარტს ნაწილობრივი დატვირთვა აღადგინეს.
დეფიციტის დასაძლევად აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების გახსნა, თუმცა არსებული დაძაბულობა და გაურკვეველი მდგომარეობა ნავთობის გაიაფების საშუალებას ნაკლებად იძლევა.
შექმნილ სიტუაციაში, ცნობილი გახდა რუსეთისთვის დაწესებული სანციების დროებითი შემსუბუქების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა სპეციალური ლიცენზია (General License 134), რომელიც 11 აპრილამდე აჩერებს სანქციებს იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაში, ტანკერებში იმყოფება. აშშ-ის მიერ დაშვებული 30-დღიანი შეღავათი საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ტაილანდი, შეისყიდონ ზღვაში „გაჭედილი“ ტანკერებიდან რუსული ნავთობი გლობალური დეფიციტის შესამსუბუქებლად.
საქართველოს დამოკიდებულება იმპორტზე და კონფლიქტის გავლენა ფასებზე
საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებლები პირდაპირ სრუტესთან დაკავშირებულები არ არიან, თუმცა ფასების ზრდა ავტომატურად აისახება მათ პროდუქციაზე.
საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირე მოცულობით ხდება. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ჭაბურღილებით სულ ამოღებულია დაახლოებით 35-36 ათასი ტონა ნავთობი, როცა იმავე 2024 წელს ქვეყანამ 1,6 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები შემოიტანა. აქ შედის როგორც ყველა მარკის ბენზინი და დიზელის საწვავი, ასევე საავიაციო ნავთი, თხევადი გაზი (LPG), მაზუთი და ნავთობის ბიტუმი. შესაბამისად, ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული და ამიტომ, მნიშვნელოვანია რა ხდება საწვავის საერთაშორისო ბაზრებზე, მსოფლიო ლოგისტიკაში და ფასების ცვლილების მხრივ.
2024-2025 წლების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტების მთავარი ტოპ-5 მომწოდებელი ქვეყნები შემდეგია:
1. რუსეთი კვლავ ნომერ პირველი მომწოდებელია. 2024 წელს შემოტანილია დაახლოებით 700 ათასი ტონა საწვავი, რომლის 74% დიზელი, 26% კი ბენზინი იყო. ჯამში, რუსული საწვავი საქართველოს ბაზრის 44%-ს იკავებს.
2. ბულგარეთიდან 221 161 ტონა ბენზინია შემოტანილი, რაც საწვავის ბაზრის 13,8%-ია.
3. რუმინეთიდან შემოტანილია 204 172 ტონა ბენზინი, რაც საქართველოს საწვავის ბაზრის 12,8%-ია. ბულგარეთთან ერთად რუმინეთიც Euro-5 სტანდარტის საწვავის მთავარი წყაროა. 2024 წელს ბულგარეთიდან იმპორტი თითქმის გაორმაგდა, რაც დივერსიფიკაციის მცდელობაზე მიუთითებს.
4. აზერბაიჯანიდან შემოტანილმა 182 347 ტონა საწვავმა ბაზრის 11,4% შეადგინა. აზერბაიჯანიდან ძირითად დიზელის საწვავი და საავიაციო ნავთში შემოაქვთ.
5. თურქმენეთიდან 120 683 ტონა საწვავია იმპორტირებული, რაც ბაზრის 7,5%-ს ტოლია. ბოლო წლებში თურქმენული დიზელი და ნავთი სულ უფრო აქტიურად შემოდის საქართველოს ბაზარზე.
სხვა დანარჩენი მომწოდებლების საერთო წილი დაახლოებით 10,8%-ია. მათ მიერ ძირითადად შემოტანილია ბიტუმი, LPG და საცხებ-საპოხი მასალები.
ამ სურათიდან კარგად ჩანს საქართველოს დამოკიდებულების ხარისხის საწვავის იმპორტზე. შესაბამისად, ნებისმიერი გლობალური კრიზისი, რომელიც ნავთობის ფასებს ან მიწოდების არხებს ეხება, პირდაპირ აისახება საქართველოს ბაზარზე. საწვავის ფასები საცალო გაყიდვის ქსელებში მარტის დასაწყისიდან საშუალო მონაცემებით, 20-დან 40 თეთრამდე გაიზარდა ერთ ლიტრზე.
შექმნილ მდგომარეობაში, ექსპერტები რამდენიმე სცენარს განიხილავენ. Goldman Sachs-ის ექსპერტების ვარაუდით, თუკი ჰორმუზის სრუტის ბლოკირება ერთი თვით გაგრძელდება, ბარელი ნავთობის საბაზრო ღირებულებას დამატებით 14-15 დოლარი დაემატება. 14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის თითოეული ტიპის ფასი შემდეგია:
რეგულარი (Euro Regular) – 3,06 ლარი;
პრემიუმი (Premium) – 3,20 ლარი;
სუპერი (Super) – 3,61 ლარი;
ევრო დიზელი I (Euro Diesel) – 3,25 ლარი;
ევრო დიზელი II (Euro Diesel Q) – 3,29 ლარი.
ცხადია, ზოგ გასამართ სადგურზე ცალკეული საწვავი ცოტა ძვირი ან ცოტა იაფია, მაგრამ, საშუალო მაჩვენებელი ეს გახლავთ.
სანამ ექსპერტები იმაზე მსჯელობენ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსოფლიოს ეკონომიკაზე, შეგვიძლია რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი გავიხსენოთ, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მაშინდელ ნავთობის ფასებზე.
1973 წლის იომ-ქიფურის ომი (არაბეთ-ისრაელის ომი) – არაბულმა ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი შეუწყვიტეს ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს უჭერდნენ მხარს. ემბარგომ ფასი ბარელზე 3-დან 12 დოლარამდე გაზარდა;
1979 წელს ირანის რევოლუცია – ირანში ნავთობის მოპოვების მკვეთრმა შემცირებამ გლობალური დეფიციტი შექმნა და ფასები 14-დან 39 დოლარამდე ავარდა;
1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომი – ნავთობის ფასმა 42 დოლარს გადააჭარბა;
1990-91 წლის სპარსეთის ყურის ომი – ნავთობის ფასი 17-დან 36 დოლარამდე გაიზარდა;
2003 წლის ერაყის ომი – ბაზარზე გაურკვევლობამ ნავთობის ფასი 40 დოლარზე მაღლა აიყვანა, რაც იმ დროისთვის ბოლო 12 წლის მაქსიმუმი იყო;
2011 წელს ლიბიის სამოქალაქო ომი (არაბული გაზაფხული) – ლიბიიდან მიწოდების შეწყვეტამ Brent-ის ტიპის ნავთობი 120 დოლარზე მეტად გააძვირა;
2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და ენერგეტიკულმა გაურკვევლობამ ბარელის ფასი 130 დოლარამდე გაზარდა.
ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ გლობალური კონფლიქტები მყისიერად ან კონფლიქტის მსვლელობის პერიოდზე გაჭიანურებულ დროში აისახება ენერგეტიკულ ბაზარზე. ისიც ცხადია, რომ პატარა, იმპორტზე დამოკიდებული და მარაგების არმქონე ქვეყნები ყველაზე დაუცველები არიან. საქართველოსთვის შემდეგი სცენარები არსებობს:
1. თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება გაჭიანურდება, საწვავის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავის მხრივ ინფლაციის ზრდას და ზოგადად, სამომხმარებლო ფასების ზრდასაც გამოიწვევს. ასევე, მოსალოდნელია რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა, რადგან, პირდაპირ, სახმელეთო გზით შემოდის.
2. თუ მოხერხდა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გარღვევა, მაშინ ფასების დასტაბილურებაა მოსალოდნელი, რადგან მომწოდებელი წყაროების მრავალფეროვნება შენარჩუნდება.
რაც შეეხება, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების დროებით მოხსნას, საქართველოზე შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს. თუკი, გლობალური ფასები ოდნავ მაინც შემცირდება, საქართველოშიც შესაბამისი ფასით შემოიტანენ საწვავს. თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, სანქციების დროებითი მოხსნა გლობალურ ფასებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, ეგ უფრო ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის დეფიციტის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯია.
ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და მუდამ უნდა ცდილობდეს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების შემცირებას, ასევე, იმ მომწოდებლებთან უფრო ინტენსიურ ურთიერთობას, რომლებიც სხვა თუ არაფერი, ცივილიზებული ქვეყნებისთვის სანქციების დაწესების სამიზნეები არ არიან. ადგილობრივი მოპოვების ან საწვავის წარმოების განვითარების მცდელობები კი, იმდენად მცირე მასშტაბის არის, რომ საქართველოს ბაზარზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
თემურ იობაშვილი

