Homeააფ-მედიაშედარებით ახალი მინისტრების ქონებრივი დეკლარაციები

შედარებით ახალი მინისტრების ქონებრივი დეკლარაციები

Published on

spot_img

„ქამრის შემოჭერის” ნაცვლად ბოლო ორ წელიწადში საქართველოს მთავრობაში „პორტფელიანი” თუ „უპორტფელო” მინისტრების რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო სპორტის მიმართულება და ცალკე სპორტის სამინისტრო შეიქმნა. ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაიყო და ინფრასტრუქტურის ცალკე სამინისტრო ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ, დამტკიცდა სახელმწიფო მინისტრის კიდევ ერთი პოზიცია – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. შეიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფოს უსაფრთხოება ჩააბარეს. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა 15 მინისტრისგან შედგება, მათგან ორი ვიცე-პრემიერია. ჩვენ გადავხედეთ იმ მინისტრების დეკლარაციებს, რომლებიც მთავრობას ბოლო ორ წელიწადში შეუერთდნენ.


გელა (გეკა) გელაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მისი ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა 2026 წლის 20 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს. არსებულ თანამდებობაზე გელა გელაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აპრილში წარადგინა და მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა.


გელა გელაძე დაიბადა 1982 წლის 18 სექტემბერს, თბილისში. 2004 წელს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს სტაჟიორად დასაქმდა საქართველოს პროკურატურაში და მას შემდეგ საქმიანობის ბევრი წელი სამართალდამცავ სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე გაატარა. 2008-2010 წელს იყო „ელიზი ჯგუფის” დირექტორი, გარკვეული პერიოდი მუშაობდა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურში, ჯერ სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ უფროსის პოზიციაზე. მინისტრს ჰყავს მეუღლე – ნათია ელიზბარაშვილი და შვილი გიორგი გელაძე.


დეკლარაციის მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა დაბა კოჯორში 817 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს 11 000 ლარად არის შეძენილი. ასევე მის სახელზეა 44,7 კვ.მ, 30,27 კვ.მ და 60,9 კვ.მ ბინები ბაკურიანში (შეძენილია 2017 წელს – 55 650, 37 350 და 72 820 ლარად), 175 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (2017 წელს გადახდილია 182 342 დოლარი). მან 2007 წელს ჩუქების სახით მიიღო არასაცხოვრებელი ფართი და 46,6 კვ.მ ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. გელა გელაძის საკუთრებაშია 1 468 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ბეთანიაში, რომელიც 2009 წელს ჩუქების სახით მიიღო.
გელა გელაძის საკუთრებაშია თოყოტა L 200, რომელიც 2013 წელს 70 000 დოლარად არის შეძენილი, ხოლო ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა „მერსედესი”, რომლის მოდელიც არ არის მითითებული. მასში 2019 წელს 105 000 ევროა გადახდილი. დეკლარაციის შევსების პერიოდში გელა გელაძეს „თიბისი ბანკის” საბარათე ანგარიშზე მითითებული აქვს 12 995 ლარი, ნათია ელიზბარაშვილს – „თიბისი ბანკის” შემნახველ ანაბარზე 9 563 ევრო, 39 739 ლარი, 18 152 დოლარი და 11 605 ფუნტი სტერლინგი.


2025 წელს გელა გელაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე (01.01.2025 – 05.04.2025) მიღებული აქვს 27 322 ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე (05.04.2025 – 28.05.2025) 21 138 ლარი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე (28.05.2025 – 31.12.2025) 80 553 ლარი.
რევაზ სოხაძე – საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი. მისი ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა 2026 წლის 29 იანვარს. რევაზ სოხაძე დაიბადა 1978 წლის 14 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2004-2005 წლებში კი, მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის საბანკო საქმისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი. 2007-2008 წლებში, მენეჯმენტის სპეციალიზაციით, სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). რევაზ სოხაძე 2017 წლიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სადაც ეკავა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. რევაზ სოხაძეს აქვს პროფესიული გამოცდილება ბიზნეს-სექტორშიც. 2006-2008 წლებში იყო შპს „ბადაგის” აღმასრულებელი
დირექტორი. 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა IMG Dეველოპმენტ-ს, ხოლო 2016-2017 წლებში იყო კომპანია „კრწანისი ვილა რეზიდენსის” და Fლეხი ჩონსტრუცტიონ-ის აღმასრულებელი დირექტორი. რევაზ სოხაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 24 აპრილიდან ხელმძღვანელობს. მას ჰყავს მეუღლე – თინათინ თოთიბაძე და შვილი ქეთევან სოხაძე.


დოკუმენტის მიხედვით, თინათინ თოთიბაძის საკუთრებაშია 71,6 კვ.მ ბინა, თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, რომელშიც 2016 წელს 50 000 დოლარია გადახდილი. რევაზ სოხაძის სახელზეა რეგისტრირებული 2008 კვ.მ მიწის ნაკვეთი კიკეთში (შეძენილია 47 000 დოლარად), მას ასევე აქვს 72.2 კვ.მ ბინა თბილისში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩაზე, მემკვიდრეობით მიღებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცახში.


თინათინ თოთაძის სახელზეა ავტომანქანა „ჰიუნდაი კრეტა” (2017 წელს 15 400 დოლარად არის შეძენილი), ასევე „თიბისი ჯგუფის” 592 ცალი აქცია და „საქართველოს ბანკის” ჯგუფის 7 ცალი აქცია. დეკლარაციის შევსების პერიოდში რევაზ სოხაძეს „თიბისი ბანკის” სახელფასო ბარათზე ჰქონდა 990 ლარი, თინათინ თოთიბაძეს „თიბისი ბანკის” დეპოზიტზე – 2 302 დოლარი.


რევაზ სოხაძეს დეკლარაციაში ნაღდი ფულის გრაფაში მითითებული აქვს 45 000 დოლარი, წყარო – წილის გასხვისება, ბინის გაყიდვა და დანაზოგი.


მამუკა მდინარაძე – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე 30 აპრილს დაინიშნა. დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2026 წლის 31 იანვარს. მამუკა მდინარაძე დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2004 წლებში მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელად. 2004 წლიდან არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი და ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. რამდენიმე წელი საქმიანობდა ადვოკატად. 2016- 2020 წლებში გახდა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. 2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას. მამუკა მდინარაძეს ჰყავს მეუღლე – ნათია კუნჭულია, შვილები – გურამ და კატო მდინარაძეები.


დოკუმენტის მიხედვით, ნათია კუნჭულიას სახელზეა 2 509 კვ.მ მიწის ნაკვეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სიმონიანთხევი და ხევსურთსოფელი, რომელიც 2021-2022 წლებში 6 000 და 9 600 ლარად არის შეძენილი.
მამუკა მდინარაძის საკუთრებაშია გუდიაშვილის ნახატი (შეძენილია 2010 წელს 2000 ლარად) და ბაღდავაძის 3 ფერწერული ტილო (შეძენილია 2013- 2014 წლებში 4200 დოლარად). დეკლარაციის შევსების პერიოდში მამუკა მდინარაძეს „თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 19 995 ლარი, ნათია კუნჭულიას „თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 1 771 ლარი. 2025 წელს ნათია კუნჭულიას მუნიციპალური განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მიღებული აქვს 79 043 ლარი, ხოლო მამუკა მდინარაძეს 2025 წლის 9 თვეში დეპუტატის პოზიციაზე 85 476 ლარი, დარჩენილ 3 თვეში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე – 47 563 ლარი.
სულხან თამაზაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2025 წლის 30 ნოემბერს. სულხან თამაზაშვილი დაიბადა 1983 წლის 10 იანვარს ქობულეთში. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2008 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2025 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ. 2026 წლის აპრილიდან არის შსს-ს მინისტრი. მიღებული აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. თამაზ სულხანიშვილს ჰყავს მეუღლე – თამარ ნარიმანიძე, შვილები – გიორგი და ლევან თამაზაშვილები.


დოკუმენტის მიხედვით, თამარ ნარიმანიძის სახელზეა აგარაკი (50%) წავკისში, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. სულხან თამაზაშვილს ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული მიწის ნაკვეთები ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სოფელ ქედასა და სოფელ ქვედა სამებაში. სულხან თამაზაშვილის საკუთრებაშია 74 კვ.მ ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (შეძენილია 2011 წელს 50 000 ლარად). დეკლარაციის შევსების პერიოდში სულხან თამაზაშვილს „საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 5 750 ლარი. 2024 წლის 19 დეკემბერს, სულხან თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სანქციები დაუწესა, შესაბამისად მას 2024 წლის დეკემბრიდან საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. სულხან თამაზაშვილს, 2024 წელს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მიღებული აქვს 105 206 ლარი, თამარ ნარიმანიძეს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე – 5 614 ლარი.


პაატა სალია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2026 წლის 28 თებერვალს. პაატა სალია დაიბადა 1972 წლის 6 ივნისს, სოხუმში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და მოიპოვა აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. 2001 წელს დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ამჟამინდელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2007–2009 წლებში მოი პოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი სავაჭრო სამართალში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2012–2013 წლებში დაამთავრა წინასამაგისტრო პროგრამა ამერიკულ სამართალში, ამერიკული სამართლის სკოლა, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა. 2020 წელს – მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ამერიკულ, საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში, ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, აშშ.


2000-2001 წლებში იყო შპს „ადვოკატის” იურისტი. 2001-2005 წლებში – შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატა”, დირექტორის მოადგილე. 2005-2019 წლებში – შპს „გაბუნია და პარტნიორები”, პარტნიორი. 2019-2024 წლებში – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″, გენერალური დირექტორი. 2024 წელს გახდა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2025 წლის აპრილიდან იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. პაატა სალიას ჰყავს მეუღლე ქეთევან ჯელაძე, შვილები – ნინო და მარიამ სალიები.


დოკუმენტის მიხედვით, ქეთევან ჯელაძის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 180,2 კვ.მ ბინა თბილისში ლისის იასამნების ქუჩაზე, რომელიც შეძენილია 2015 წელს 203 130 დოლარად. პაატა სალიას საკუთრებაშია ავტომანქანა Pორსცჰე ჩაყენნე, მასში 2024 წელს 122 800 ევროა გადახდილი. ქეთევან ჯელაძის საკუთრებაშია ავტომანქანა LAND ღOVEღ DEFENDEღ, რომელიც 2025 წელს 66 400 დოლარად არის შეძენილი. დეკლარაციის შევსების პერიოდში, პაატა სალიას „თიბისი ბანკისა” და „საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული იყო 7 686 ლარი. ქეთევან ჯელაძეს ნაღდი ფულის სახით მითითებული აქვს 80 000 დოლარი, ბინის გაყიდვით მიღებული, ხოლო პაატა სალიას 25 000 დოლარი, დანაზოგი.


დოკუმენტის მიხედვით ქეთევან ჯელაძეს აქვს 30,8%-ანი წილი შპს „სალ თურქეთ”-ში, საიდანაც მიღებული აქვს 35 630 ლარი. პაატა სალიას 2025 წლის 8 თვეში იუსტიციის მინისტრის პოსტზე მიღებული აქვს 88 274 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრის პოზიციაზე 30 025 ლარი, ასევე „სმარტ კაპიტალ პროდაქშენში” იურიდიული სამმართველოს უფროსის პოზიციიდან 30 025 ლარი, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსში” ადვოკატის პოზიციაზე 41 020 ლარი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ კომპანიებში ხელშეკრულებით მომსახურება გაწეული იყო 2024 წელს და ანაზღაურება 2025 წელს მოხდა. 2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის ქეთევან ჯელაძემ 38 072 დოლარის ჰონორარი მიიღო.


გივი მიქანაძე – საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, დეკლარაცია შევსებულია 2025 წლის 18 მარტს, მაშინ როდესაც პარლამენტის წევრის პოზიციაზე იმყოფებოდა. გივი მიქანაძე დაიბადა 1977 წლის 20 მაისს თბილისში. 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2004 სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი. 2008-2009 წლებში ესექსის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) იურიდიული სკოლა, ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი. 2013 წლიდან არის ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) დოქტორანტი. 1999 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პედაგოგად. დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. იგი იყო მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. 2025 წლის 30 ივნისიდან კი იკავებს განათლების მინისტრის თანამდებობას. გივი მიქანაძეს ჰყავს მეუღლე – ნინო მიქანაძე, შვილები – დავით, ლუკა და ნიკოლას მიქანაძეები.


დოკუმენტის მიხედვით, გივი მიქანაძეს აქვს მიწის ნაკვეთები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში (1000 კვ.მ) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში (613 კვ.მ), მათში 2021-2024 წლებში გადახდილია 1500 დოლარი და 8 400 ლარი. მის საკუთრებაშია სოფელ ბოსლებში 1 221 კვ.მ აგარაკი, რომელიც 2021 წელს 70 000 ლარად არის შეძენილი. გივი მიქანაძეს აქვს ა/მ „ტოიოტა ჰაილენდერი”, რომელიც 2023 წელს 24 500 დოლარად იყიდა. ნინო მიქანაძის სახელზეა რეგისტრირებული 55,6 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, რომელშიც 2025 წელს 44 480 დოლარია გადახდილი. დეკლარაციის შევსების მომენტში გივი მიქანაძეს „საქართველოს ბანკის” პრემიურ ანაბარზე მითითებულია აქვს 10 002 დოლარი. განათლების მინისტრს 2024 წელს პარლამენტში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს 53 449 ლარი, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სეუში პედაგოგიური საქმიანობისთვის – 31 356 ლარი. ამავე პერიოდში სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის მიიღო ჰონორარი – 5 150 ლარი, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის – 6 800 ლარი. ნინო მიქანაძეს საქართველოს პარლამენტის აპარატისწამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მიღებული აქვს 30 583 ლარი.


მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2026 წლის 27 თებერვალს. მიხეილ სარჯველაძე დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999 წლიდან მუშაობდა კომპანიაში „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები”. 2010-2012 წლებში – „საადვოკატო და საკონსულტაციო გაერთიანება – „მიხეილ სარჯველაძე და არჩილ მშვენიერაძე”, ადვოკატი და პარტნიორი; 2012- 2013 წლებში იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2018 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; 2020-2024 წლებში – საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. 2024 წლის 11 მარტიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძეს ჰყავს მეუღლე – ელენე შენგელია, შვილები – მარიამ და რევაზ სარჯველაძეები.


დოკუმენტის მიხედვით, ელენე შენგელიას საკუთრებაშია 110 კვ.მ ბინა თბილისში ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2025 წელს აჩუქეს. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (1 045კვმ, 750 კვ.მ) მცხეთის მუნიციპალიტეტში ნავდარაანთკარში, რომლებიც 2022 წელს 36 490 ლარად შეიძინა. მიხეილ სარჯველაძის საკუთრებაშია ავტომობილი Lexus NX200, რომელშიც 2024 წელს 10 293 დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის შევსების პერიოდში მიხეილ სარჯველაძეს „საქართველოს ბანკის” ანაბარზე მითითებული აქვს 3 150 ლარი, „ლიბერთი ბანკის” ანაბარზე 200 000 ლარი, „ლიბერთი ბანკის~ სახელფასო ანგარიშზე – 33 022 ლარი. ელენე შენგელიას „თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 28 095 ლარი, ხოლო ამავე ბანკის ანაბრებზე – 49 500 ლარი, ასევე „საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 8 131 ლარი. მინისტრს ნაღდი ფულის გრაფაში მითითებული აქვს 12 500 ლარის დანაზოგი.

ელენე შენგელია არის სს „თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ექიმი, 2025 წელს მას ამ პოზიციაზე მიღებული აქვს 7 450 ლარი. იგი ასევე არის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიწვეული პედაგოგი, ამ საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 78 954 ლარი შეადგინა.


მიხეილ სარჯველაძეს მინისტრის თანამდებობაზე მიღებული აქვს 119 731 ლარი.


შალვა გოგოლაძე – საქართველოს სპორტის მინისტრი, დეკლარაცია ჩაბარებული აქვს 2025 წლის 31 დეკემბერს. შალვა გოგოლაძე დაიბადა 1979 წლის 15 მარტს, ბორჯომში. 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია; 2005 წელს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა. თავისი კარიერის განმავლობაში ძირითადად სპორტის მიმართულებით მუშაობდა კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში. ამასთანავე 2007-2009 წლებში იყო კომპანია „გოგოლაძე და პარტნიორების” მმართველი დირექტორი. შალვა გოგოლაძეს ჰყავს მეუღლე – თამარ ფირცხალავა, შვილები – ანა, გურამ და მარიამ გოგოლაძეები.


დოკუმენტის მიხედვით, თამარ ფირცხალავას საკუთრებაშია 74,4 კვ.მ ბინა თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელშიც 2020 წელს გადახდილია 44 640 დოლარი, ასევე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ თხინვალაში, იგი 2019 წელს შეძენილია 40 000 დოლარად. ანა და გურამ გოგოლაძეების სახელზეა რეგისტრირებული 145 კვ.მ ბინა თბილისში, ბაგების დასახლებაში, რომლებიც მათ ჩუქების სახით მიიღეს. შალვა გოგოლაძის სახელზეა 15 179 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სოფელ წინუბანში, 2023 წელს მასში 447 000 ლარია გადახდილი. ასევე მის სახელზეა 8 802 კვ.მ მიწის ნაკვეთი სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლესაჯიეში, რომელიც 2025 წელს 15 000 დოლარად შეიძინა. შალვა გოგოლაძემ 2014 წელს იყიდა მუსიკალური ინსტრუმენტი როიალი „იამაჰა”, რომელშიც 10 000 დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200″, იგი 2022 წელს 55 000 დოლარად არის შეძენილი, ასევე ა/მ „ტოიოტა ლენდ კრუიზერი 300″, მასში 2023 წელს გადახდილია 65 000 დოლარი. შალვა გოგოლაძეს დეკლარაციის შევსების პერიოდში „ბანკი ქართუს” მიმდინარე ანგარიშზე მითითებული აქვს 2 386 199 ლარი, ნაღდი ფულის გრაფაში – 350 000 ლარის დანაზოგი.


შალვა გოგოლაძეს 2024 წლის ოქტომბრიდან წლის ბოლომდე კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე მიღებული აქვს 19 476 ლარი, შპს „არენადან” (მითითებულია როგორც თანამშრომელი) – 65 818 ლარი; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გამგეობის წევრობის პოზიციაზე – 33 329 ლარი; იგი ფიქსირდება როგორც შპს „როუდ ქონსთრაქშენი 23-ის” 50% წილის ყოფილი მფლობელი, საიდანაც მიღებული აქვს 18 459 ლარი. თამარ ფირცხალავას შპს „არენადან” (თანამშრომელი) 17 741 ლარის შემოსავალი მიიღო; ი/მ გოჩა კოპაძისგან (თანამშრომელი) – 29 591 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, შალვა გოგოლაძეს შპს „რაიმონდის” 50% წილის გასხვისებით მიღებული აქვს 2 226 502 ევრო.


ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

ბოლო სტატიები

ბულგარეთში არჩევნები ევროსკეპტიკოსის კოალიციამ მოიგო

ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს ბევრი იმ ბულგარელის მხარდაჭერა აქვს, ვინც ადრე ქვეყნის სოციალისტური პარტიის ამომრჩევლები იყვნენ – ე.ი. თითქმის ნახევარი საუკუნე ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტების მემკვიდრეებისა. სააგენტო AFP-ის რწმუნებით, რუმენ რადევი რუსეთთან ომში უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებას უჭერს მხარს.

ქვეყნის რეგიონებს უმუშევრობა აცარიელებს

ქვეყნის მოსახლეობა ხანგრძლივი ვადით მყოფი უცხოელი რეზიდენტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ქართველთა ადგილს უკვე უცხოელები იკავებენ, რომლებიც ქვეყანაში თანდათან მკვიდრდებიან.

გაზრდილი ინფლაცია და გამკაცრებული რეფინანსირების პოლიტიკა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაცია ხშირად იყო სამიზნე დონეზე დაბალი, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებდა. თუმცა, 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინფლაციის ოფიციალური მონაცემები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს თუ წლიური ინფლაცია 0,3%-მდე იყო ჩამოსული, ამჟამად 5,9%-ს მიაღწია.