Homeააფ-მედიასაპენსიო ჯარიმების ბუმერანგი: ბიზნესის კრიტიკა და ფონდის ახალი პასუხი

საპენსიო ჯარიმების ბუმერანგი: ბიზნესის კრიტიკა და ფონდის ახალი პასუხი

Published on

spot_img

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში დამსაქმებლებისთვის დაკისრებული ჯარიმები ბოლო პერიოდში ბიზნეს-სექტორისა და ექსპერტების განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული ჯარიმები არაპროპორციულია და სანქციის ნაცვლად კომპანიას მხოლოდ საპენსიო დაზღვევის შენატანის დაგვიანებულ თანხაზე შესაბამისი საურავის გადახდა უნდა დაეკისროს. თავის მხრივ, საპენსიო ფონდში განმარტავენ, რომ მოქმედი სანქციები კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მათი მთავარი მიზანი არა ბიზნესის დაჯარიმება, არამედ დასაქმებულთა საპენსიო უფლებების დაცვა და სისტემისადმი ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფაა.

2024 წელს საპენსიო ფონდს დამსაქმებლების მიერ საპენსიო დაზღვევის შენატანების შესრულების კონტროლისა და დარღვევების შემთხვევაში კომპანიების დაჯარიმების უფლებამოსილება მიენიჭა, ხოლო 2025 წლის მაისიდან ადმინისტრირებისა და კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო გამკაცრდა. შედეგად, კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ამასთანავე, 2025 წელს საპენსიო სააგენტოს შეეცვალა სახელწოდება და გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად საპენსიო ფონდად. კანონის გამკაცრების საფუძველი საპენსიო დაზღვევის შენატანების დროულად და სრულად გადახდის კონტროლის გაძლიერება და დარღვევების შემცირება იყო. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე მედიასთან განმარტავდა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ვალდებულების დარღვევის შემთხვევები ათასობით კომპანიაში გამოვლინდა, ხოლო დარღვევებთან დაკავშირებული თანხა მილიონობით ლარს შეადგენდა.

რა შეიცვალა 2024 წელს?

2023 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება. კანონის მე-7 მუხლის მე-8–მე-9 პუნქტებით საპენსიო სააგენტოს (ახლანდელ საპენსიო ფონდს) მიეცა უფლება, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერით გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეამოწმებს, სწორად ასრულებს თუ არა დამსაქმებელი და მონაწილე საპენსიო შენატანის ვალდებულებას, ასევე გამოავლინოს საპენსიო შენატანების ზედმეტად გადახდის ფაქტებიც, ხოლო ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს დამსაქმებელს, მონაწილესა და შემოსავლების სამსახურს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით განისაზღვრა, რომ სააგენტო თავად შეიმუშავებს და ამტკიცებს წესებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირების, გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების შესახებ.

„შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით შეადაროს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას. შედარების შედეგად საპენსიო სააგენტო ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას ან/და ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს… საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო სააგენტოსთვის დაბრუნება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციის შედარების შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია: დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა ან/და მის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება; ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით”, – აღნიშნულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში.

კანონში ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2024 წლის 1 ივნისი განისაზღვრა. სწორედ ამ პერიოდიდან ახორციელებს საპენსიო ფონდი დამსაქმებლების საპენსიო ვალდებულებების მონიტორინგს – შემოსავლების სამსახურის მონაცემებს საკუთარ სისტემაში არსებულ ინფორმაციას ადარებს, დარღვევას ადგენს და საჭიროების შემთხვევაში კომპანიას აფრთხილებს ან აჯარიმებს. კანონი დარღვევად მიიჩნევს საპენსიო დაზღვევის შენატანის ვალდებულების საერთოდ შეუსრულებლობას ან კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შესრულებას.

კანონის შესაბამისად, 2024 წლის 1 ივნისიდან სააგენტომ კომპანიების საპენსიო ვალდებულებების შემოწმება დაიწყო. თავდაპირველად, 31 ივლისამდე არსებული დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს 30-დღიანი ვადა ეძლეოდათ. მოგვიანებით, შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაშიც, კომპანიას მის გამოსასწორებლად ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად 30 კალენდარული დღე ჰქონდა. თუ კომპანია დარღვევას ვერ გამოასწორებდა ან ვერ დაადასტურებდა, რომ შეუსაბამობა დარღვევას არ წარმოადგენდა, სააგენტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენდა და საკითხი დაჯარიმებამდე მიდიოდა.

რა შეიცვალა 2025 წლის 1 მაისიდან?

2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო დაზღვევის შენატანების კონტროლის წესი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მთავარი ცვლილება ის იყო, რომ საპენსიო დეკლარირება საშემოსავლო დეკლარაციას დაუკავშირდა და პროცესი ავტომატიზებული გახდა. სისტემა ავტომატურად ამოწმებს, გადაიხადა თუ არა კომპანიამ თანამშრომლების საპენსიო შენატანი სრულად და დროულად. თუ ვალდებულება არ შესრულდა, დარღვევა ავტომატურად ფიქსირდება და კომპანიას ავტომატურად ეკისრება ჯარიმა და საურავი. შესაბამისად, 2024 წლისგან განსხვავებით, როცა სააგენტო კომპანიას ამოწმებდა და დარღვევის გამოსასწორებლად ვადას აძლევდა, 2025 წლის მაისიდან კონტროლი უფრო სწრაფი და ავტომატური გახდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის მიხედვით განისაზღვრა:

„1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/ დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს“.

ამასთან, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად:

„6. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა“.

გარდა 500/1000-ლარიანი ჯარიმისა, კომპანიას შეიძლება დაერიცხოს საურავი უშუალოდ შეუსრულებელ ან დაგვიანებით შესრულებულ საპენსიო დაზღვევის შენატანზე. შესაბამისად, კომპანიის ვალდებულება მოიცავს 500/1000-ლარიან ჯარიმას, დაგვიანებულ თანხაზე დარიცხულ საურავს და თავად საპენსიო შენატანის გადახდას. ჯარიმა ბიუჯეტში მიდის, ხოლო საპენსიო დაზღვევის შენატანი და შესაბამისი საურავი მონაწილის საპენსიო ანგარიშზე ირიცხება.

მონიტორინგის გამკაცრების შედეგად, დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 6 თვის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშში ჩანს, რომ იანვარ-ივნისში საპენსიო დაზღვევის შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულმა ადმინისტრაციულმა ჯარიმებმა 4.741 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2025 წელს დარიცხული ჯარიმების მთლიანი მოცულობა 3.746 მილიონი ლარი იყო.

ბიზნესის პოზიცია და ტექნიკური პრობლემები

საგადასახადო ექსპერტების განმარტებით, ჯარიმების შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის სისტემებს შორის არსებული ტექნიკური აცდენაა. ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი დეკლარაციას სისტემის მიერ მითითებული ზუსტი თეთრებით ავსებს, თუმცა საპენსიო ბაზაში მონაცემები სხვაგვარად აისახება. სისტემა ავტომატურად, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე, აგენერირებს 500-ლარიან ჯარიმას. პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ მცირე მეწარმეებს ეხებათ, რომლებსაც ხშირად არ ჰყავთ ბუღალტერი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა მათ ანგარიშებს ყადაღა ედება.

ზოგადად, ბიზნესი არ ეწინააღმდეგება საპენსიო დაზღვევის შენატანების კონტროლს, მაგრამ პრობლემად მიიჩნევს ავტომატურ და ერთიანი ოდენობის ჯარიმას. 2025 წლის მაისში, როდესაც ახალი სისტემა ამოქმედდა, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დაჯარიმების მექანიზმი დასახვეწია, რადგან 500-ლარიანი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ განზრახ დამრღვევს, არამედ კეთილსინდისიერ კომპანიასაც, მაგალითად, დეკლარაციაში ტექნიკური შეცდომის ან მცირე თანხის დაგვიანების გამო.

ბიზნესის მთავარი არგუმენტი ასეთია: საპენსიო შენატანის ვალდებულება უნდა შესრულდეს და დაგვიანებულ თანხას საურავი უნდა დაერიცხოს, მაგრამ მცირე შეცდომაზე 500-ლარიანი ჯარიმა არაპროპორციულია. განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სხვაობა რამდენიმე თეთრია ან თანხა მცირე დროით (ვთქვათ, რამდენიმე დღით) დაგვიანდა. კიდევ ერთი პრეტენზია არის კორექტირების შესაძლებლობა. ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, საშემოსავლო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას კორექტირების შესაძლებლობა აქვს, მაშინ როცა საპენსიო სისტემაში იგივე შეცდომა შეიძლება ჯარიმით დასრულდეს. მათი პოზიციით, კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჯარიმის გარეშე გამოასწოროს ტექნიკური ან უნებლიე შეცდომა.

„დღეს ქვეყანაში ხელფასების გაცემის რამდენიმე პრაქტიკა არსებობს: არიან კომპანიები, რომლებიც თვეში ორჯერ გასცემენ ხელფასს (მაგალითად, რკინიგზა), ნაწილი მიმდინარე თვის ხელფასს წინასწარ, 20-25 რიცხვებში იხდის, ხოლო ბევრი გასული თვის ანაზღაურებას მომდევნო თვის 5-15 რიცხვამდე გასცემს. საგადასახადო წესით, თუ აგვისტოს ხელფასს 25 აგვისტოს გასცემ, იმავე თვეშივე უნდა დაადეკლარირო. მაგრამ თუ აგვისტოს ხელფასი სექტემბრის შუა რიცხვებში გაიცემა, დეკლარირებაც სექტემბრის თვეში ხდება. რადგან საპენსიო დანარიცხი აგვისტოს თვეს ეკუთვნოდა, ხოლო კომპანიამ განაცემი სექტემბერში ასახა, გამოვიდა, რომ საპენსიო შენატანი დაიგვიანა. აი ამ აცდენამ – ბონუსების, დანამატებისა და სხვადასხვა სახის განაცემის აღრიცხვის პარალელურად – გამოიწვია ის, რომ ერთდღიან გადაცდომაზეც კი ავტომატური ჯარიმების წერა დაიწყო. ამას დაემატა ისიც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, ინდივიდუალურ მეწარმეებს არ აქვთ დიდი ბუღალტრული რესურსი, რომ დამატებითი ქაღალდბრუნვა და ცალკე დეკლარირება ემართათ. ბევრმა ვერც კი გაიგო, რის გამო აჯარიმებდნენ, რადგან საპენსიო შენატანსაც საშემოსავლოს მსგავსად აცხადებდნენ. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა გარკვეული ქაოსი”, – ამბობს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი.

მისი შეფასებით, ერთადერთი სწორი გამოსავალი ჯარიმების სრული გაუქმებაა, რადგან საპენსიო დაზღვევის შენატანი არის მოქალაქის კერძო დანაზოგი. შესაბამისად, თუ კომპანია დროს ცოტათი გადააცილებს, ამის გამო ჯარიმის დაკისრება არასწორია და საურავიც საკმარისია.

„ეს არის კონკრეტული ადამიანის კუთვნილი ფული. თუ კომპანია მას არ იხდის, სახელმწიფომ კი არ უნდა დააჯარიმოს და ეს თანხა ბიუჯეტში წაიღოს, არამედ იზრუნოს იმაზე, რომ კომპანიას მხოლოდ საპენსიო დავალიანება გადაახდევინოს და დასაქმებულის ანგარიშზე მიმართოს. ამას დამატებითი ჯარიმა არ სჭირდება. კომპანია არ უნდა ისჯებოდეს სახელმწიფოს სასარგებლოდ იმისთვის, რომ მე ფული არ გადამიხადა. პირიქით, სახელმწიფო მე უნდა დამეხმაროს ჩემი კუთვნილი დანაზოგის ამოღებაში. ასეთი ჯარიმებით თუ წავედით, აღმოჩნდება, რომ კომპანიას ჯარიმას გადაახდევინებენ, ანგარიშზე საპენსიო თანხა საერთოდ აღარ დარჩება და მე ხელცარიელი ვრჩები”, – ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

„ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმები მნიშვნელოვანი პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება წინა პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება. მისი განმარტებით, საპენსიო დეკლარაცია უკვე მიბმულია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან. შესაბამისად, როდესაც კომპანია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს, საპენსიო დეკლარაციაც ავტომატურად ივსება. ამასთან, მასში შესაბამისი თანხა უნდა იყოს ასახული და გადახდილი, რათა დეკლარაცია სრულად შესრულებულად ჩაითვალოს. თუ დაზუსტების მომენტისთვის შესაბამისი თანხა გადახდილი არ არის, კომპანია ჯარიმდება. მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს კიდევ ერთი შემთხვევა: თუ კომპანიას ნულოვანი დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი და მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მას რეალურად ჰქონდა დასადეკლარირებელი თანხა, ასეთ შემთხვევაშიც კომპანია ჯარიმდება.

„აქ ორი საკითხი უნდა გამოვყოთ. პირველი არის თავად დაჯარიმების ფაქტი და ის, რამდენად თანაზომიერია დაკისრებული სანქცია კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებით. მეორე კი – თუ შევადარებთ, როგორ ხდება მსგავს შემთხვევებში სანქცირება საგადასახადო მიმართულებით. თუ დეკლარაციის წარუდგენლობის მიზეზი გადასახდელი თანხის გადაუხდელობაა და ამის გამო კომპანიას 1 000 ლარით აჯარიმებენ, შესაძლოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც კომპანიას სულ 10 ლარი, ან თუნდაც 1–2 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა სწორედ ამ მცირე ოდენობის ვალდებულების გამო 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარით. კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ საგადასახადო ვალდებულებების შემთხვევაში, როდესაც საუბარია ბიუჯეტის კუთვნილ თანხაზე, თუ კომპანიამ დეკლარაცია წარადგინა, მაგრამ გადახდა დააგვიანა, სანქცია გარკვეულწილად უფრო ლოიალურია. აქ კი, საპენსიო შენატანების შემთხვევაში, როდესაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის ინტერესის დაცვა, კომპანიას ერთდროულად ერიცხება საურავიც და დამატებითი ჯარიმაც. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანიას ეს ინფორმაცია არ დაუმალავს. პირიქით – მან დეკლარაცია წარადგინა და სახელმწიფოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა ეკუთვნის კონკრეტულ თანამშრომელს და რა ვალდებულება აქვს თავად კომპანიას. შესაბამისად, თუ თანხის გადახდა დააგვიანდა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიამ ვალდებულება დამალა ან მის შესრულებას თავი აარიდა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დაგვიანებისთვის შესაბამისი საურავის დარიცხვა ლოგიკურია, რადგან თანამშრომელმა დაგვიანების გამო გარკვეული სარგებელი დაკარგა. თუმცა, როდესაც კომპანიამ ვალდებულება დეკლარაციით აღიარა და თანხა საბოლოოდ გადაიხადა, დამატებით მაღალი ფიქსირებული ჯარიმის დაკისრება უკვე თანაზომიერების საკითხს აჩენს”, – ამბობს გელა მღებრიშვილი.

მისი აზრით, ეს კონკრეტული ჯარიმა საერთოდ არ უნდა არსებობდეს და საკმარისია მხოლოდ საურავი, რადგან ის პასუხობს იმ ზიანს, რომელიც თანამშრომელს დაგვიანებული გადახდის შედეგად მიადგა.

„არსებობს კონტრარგუმენტი, რომ ჯარიმა იმისთვის არის საჭირო, რომ კომპანიას დეკლარაციის დროულად წარდგენა აიძულოს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტი საკმარისად ძლიერი არ არის, რადგან საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან არის დაკავშირებული. თუ კომპანია საერთოდ არ დაადეკლარირებს შესაბამის ვალდებულებას, მას საგადასახადო კანონმდებლობით გაცილებით უფრო მძიმე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, მათ შორის, გარკვეული ოდენობის თანხის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. ამ ვალდებულების ადმინისტრირებას ისედაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს და დეკლარაციის არწარდგენის რისკის დაზღვევის მექანიზმებიც არსებობს. შესაბამისად, შესაძლებელია კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანაც, რომლის მიხედვითაც ეს დამატებითი ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, როდესაც შემოწმების შედეგად გამოვლინდება, რომ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ არ დაადეკლარირა. ასეთ შემთხვევაში სანქციის ლოგიკა უფრო გასაგები იქნებოდა. მაგრამ როდესაც კომპანია თავად წარადგენს დეკლარაციას, თავად აზუსტებს ვალდებულებას, აღიარებს, რა თანხა აქვს გადასახდელი და უბრალოდ გადახდას აგვიანებს, ჩემთვის გაუგებარია, რა დამატებით ფუნქციას ასრულებს ეს ჯარიმა. ამ შემთხვევაში დარღვევა, ფაქტობრივად, მხოლოდ დაგვიანებაა და არა ვალდებულების დამალვა ან დეკლარირებისგან თავის არიდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს კონტრარგუმენტიც ამ ნაწილში ნაკლებად დამაჯერებელი ხდება”, – აცხადებს მღებრიშვილი.

საპენსიო ფონდის პასუხი – პრეტენზიების განხილვის ახალი სამსახური

საპენსიო ჯარიმებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, 2026 წლის 24 ივნისს საპენსიო ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ ჯარიმებს. ამასთანავე, ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მიმართონ განცხადებით.

„საპენსიო ფონდში შეიქმნა პრეტენზიების განხილვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის საფუძველზე დამსაქმებელთათვის დაკისრებული ჯარიმების შესახებ საჩივრების მიღებასა და განხილვას. შესაბამისად, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ჯარიმის გასაჩივრების მიზნით მიმართოს უშუალოდ საპენსიო ფონდს (მისამართზე) ან წარადგინოს საჩივარი იუსტიციის სახლების მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს წარმოდგენილი საჩივრების განხილვას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. აქვე განვმარტავთ, რომ დადგენილი წესით საჩივრის წარდგენა შეაჩერებს დამსაქმებლის მიმართ მხოლოდ დაკისრებულ ჯარიმასთან მიმართებით არსებულ სააღსრულებო წარმოებას. ასევე მოგახსენებთ, რომ შიდაუწყებრივი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, ამ ეტაპისთვის, საპენსიო ფონდის მიერ მიღებულია 3700-მდე საჩივარი. დამსაქმებელთა ინტერესების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საპენსიო ფონდი პარალელურად აქტიურად უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას”, – განაცხადა საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ფონდში ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ.

დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების პროცედურა ასეთია: დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო ჯარიმები დაერიცხათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა, საპენსიო ფონდს ოფიციალური ფორმით მიმართონ. სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საპენსიო ფონდის ვებგვერდზე, დამსაქმებლის პირად პროფილში. საჩივრის/განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული გზით (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით), ვებგვერდიდან ჩამოტვირთული და შევსებული ფორმის სახით. ასევე, პირადად – იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან საპენსიო ფონდის ოფისში. საჩივარში აუცილებლად უნდა მიეთითოს გასაჩივრებული აქტის (ჯარიმის ქვითრის) ნომერი და დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო ნომერი. განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
გელა მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ საპენსიო ფონდში საჩივრების განხილვის მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა ამასთანავე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ განიხილება ძველი ჯარიმების გაუქმების საკითხიც.

„თუ ეს პროცესი დაჩქარდება, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესს ხელს შეუწყობს. ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესი რაიმე განსაკუთრებული სარგებლის მიღებას ითხოვს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, არ გადაიხადოს არაადეკვატურად მაღალი ჯარიმა იმ ქმედებისთვის, რომელიც რეალურად არსებით დარღვევას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დარღვევა არის მხოლოდ გადახდის დაგვიანება და, ჩემი აზრით, სანქციაც სწორედ ამ დარღვევის პროპორციული უნდა იყოს”, – ამბობს მღებრიშვილი.

ახლა ბიზნესი ელოდება, რამდენად მოქნილი და ეფექტიანი იქნება ახლადშექმნილი სამსახური გადაწყვეტილებების მიღებისას და იმედოვნებს, რომ მათი შენიშვნები სწორად იქნება აღქმული და გათვალისწინებული.

რაც შეეხება ფონდის საქმიანობას, ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათას ადამიანს შეადგენს. 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34 826-მა პირმა, რომლებზეც პენსიის სახით გაიცა 178 197 377 ლარი. 2026 წლის ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო გენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ეკა ხარაზი

    ბოლო ამბები

    გაცვლითი კურსი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

    ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

    გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

    კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

    დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

    ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

    ბოლო სტატიები

    მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

    ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

    საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

    ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

    გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

    რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.