Homeააფ-მედიარამ გამოიწვია საქართველოს ენერგოსისტემის ზედიზედ სამჯერ გათიშვა

რამ გამოიწვია საქართველოს ენერგოსისტემის ზედიზედ სამჯერ გათიშვა

Published on

spot_img

შესაძლო მიზეზებს შორის სისტემური გაუმართაობა, გეოპოლიტიკური რისკები და კრიპტომაინინგის მძიმე ტვირთია

2026 წლის ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დასაწყისში საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით დენის გათიშვამ ენერგეტიკული სტაბილურობის მიმართ ბევრი კითხვა წარმოშვა. რა მდგომარეობაშია ენერგოსისტემა და არის თუ არა კვლავ მოსალოდნელი მსგავსი ავარიები?

24 ივლისის შუაღამისას დაწყებულმა და 25 ივლისის დილას გამეორებულმა მასშტაბურმა ენერგეტიკულმა კოლაფსმა ქვეყანა გაურკვევლობაში ჩაძირა. იგივე განმეორდა 5 აგვისტოს: კვლავ „ბლექაუტი” და ელექტრომომარაგების გარეშე თითქმის სრულად დარჩენილი დედაქალაქი და რეგიონები. სტრატეგიული ობიექტები, საავადმყოფოები, აეროპორტები და სატრანსპორტო კვანძები 10 დღეში მესამედ აღმოჩნდა პარალიზებული. როგორც ირკვევა, გათიშვები არ ყოფილა უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი – „ბლექაუტებმა” დაადასტურა, რომ ენერგოსისტემა არამდგრადია, და რამდენიმედღიან მონაკვეთში ზედიზედ სამჯერ გათიშვამ სისტემის „სტაბილურობა” ეჭვქვეშ დააყენა.

ხელისუფლებამ, რეალური პრობლემების აღიარების ნაცვლად, მყისიერად აამოქმედა თავისი საყვარელი პროპაგანდისტული იარაღი – საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ჩართვით „საბოტაჟის” მუხლით გამოძიების დაწყება. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტების პოზიციაა, რომ ენერგოსექტორის მთავარი საბოტაჟი სწორედ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, კორუფციული გარიგებები, კრიპტომაინერების უზომო პრივილეგიები და ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერების სრული იგნორირებაა.

პირველი გათიშვები და პარალიზებული ინფრასტრუქტურა

24 ივლისის გვიან ღამით მთელი საქართველო დენის გარეშე დარჩა. ჩაბნელდა თბილისიც და ყველა მსხვილი ქალაქი და რეგიონი, მათ შორის ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი და თელავი.

სახიფათო ვითარება შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენში. გვირაბებში „გაჭედილი” მატარებლებიდან მგზავრების ევაკუაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებსა და მაშველებს მოუწიათ. ასევე გაჩერდა თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელიც. დენის მიწოდება შეუწყდათ წამყვან კლინიკებსა და საავადმყოფოებს, ასევე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ფორსმაჟორულ რეჟიმში ავარიულ გენერატორებზე გადასულიყვნენ.

პირველი კოლაფსისთანავე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სსე) გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობდა ავარიის მიზეზების დადგენა. დენის მიწოდების აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდა. 25 ივლისის დილას კი კვლავ იგივე განმეორდა – მთელი ქვეყანა ისევ დენის გარეშე დარჩა.

ხელახლა გაჩერდა მატარებლები თბილისის მეტროპოლიტენში, გაითიშა შუქნიშნები ცენტრალურ ქუჩებზე, რამაც უმართავი საცობები შექმნა. შეფერხდა მობილური კავშირგაბმულობის მუშაობა. გაჩერდა წყლის სატუმბი სადგურები და ათასობით აბონენტს სასმელი წყალიც აღარ მიეწოდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გათიშვის მიზეზად 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის, „იმერეთის” ხელახალი ავარიული გამორთვა დასახელდა, რომელიც, ენგურჰესის დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, მძიმე დატვირთვით მუშაობდა და მისმა გათიშვამ მთელი ქვეყნის ქსელის ჩამოშლა გამოიწვია.

ხელისუფლების რეაგირება და სუს-ის „საბოტაჟის” ვერსია

ენერგეტიკოსებს ელექტრომომარაგების სრული აღდგენისთვის ორივეჯერ რამდენიმე საათი დასჭირდათ. პარალელურად გამოჩნდა ხელისუფლების პოლიტიკური რეაგირება. იმის ნაცვლად, რომ ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ან ენერგეტიკის მესვეურებს ავარიის მიზეზები განემარტათ ან შესაბამის პერსონალს პასუხისმგებლობა ეკისრა, ასპარეზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოვიდა. სუს-მა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რაც საბოტაჟს გულისხმობს. უწყების განცხადებით, განიხილებოდა ვერსია, რომ ეს იყო სახელმწიფო საწარმოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაზიანება ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. მიუხედავად ასეთი მძიმე ბრალდებისა, ხელისუფლებას დღემდე არცერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება ან ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს იყო კლასიკური პროპაგანდისტული სვლა: ნებისმიერი მენეჯერული და სტრუქტურული ჩავარდნა „შიდა თუ გარე მტრების დივერსიად” გაასაღეს, რათა ხალხმა პასუხი მაღალი რანგის ჩინოვნიკებს კი არ მოსთხოვოს, არამედ მითიურ შეთქმულებებზე იფიქროს.

საბოტაჟის ვერსიის პარალელურად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) 30 ივლისს წინასწარი კვლევის შედეგები წარადგინა. სემეკის ოფიციალური ვერსიით, 24 ივლისის კოლაფსის მთავარი წინაპირობა გახდა ის, რომ საქართველოს ენერგოსისტემა მოულოდნელად გამოეთიშა აზერბაიჯანის ელექტროქსელს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სემეკის ვერსია ნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა მიბმულია მეზობელ სახელმწიფოებზე; საქართველოს შიდა ქსელს არ გააჩნია ტექნიკური მედეგობა, რომ გარე კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში იმუშაოს ე.წ. „იზოლირებულ რეჟიმში” და შიდა გენერაციით (ენგურჰესითა და თბოელექტროსადგურებით) მომენტალურად დააბალანსოს მოხმარება, რათა თავიდან აიცილოს მთელი ქვეყნის ჩაბნელება.

როგორც სისტემური კოლაფსის სიტუაციებში ხშირად ხდება ხოლმე, ხელისუფლებამ „განტევების ვაცი” აქაც მონახა. აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” (სსე) გენერალური დირექტორი, ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ზარდიაშვილი, რომელიც განათლებით იურისტია და ენერგეტიკაში მხოლოდ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნეპოტიზმით მოხვდა, არის პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილი; შექმნილ ვითარებაზე კი რეალური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიასა და ეკონომიკის სამინისტროს ეკისრებათ.

კრიპტომაინერები – ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ტვირთი

სანამ ხელისუფლება „დივერსანტებს” ეძებს, რეალური საფრთხე, რომელზეც მმართველი გუნდი ჯიუტად დუმს და ელექტრომომარაგებას მძიმე ტვირთად აწევს – კრი პტოვალუტის წარმოებაა. ოფიციალურად რეგისტრირებული და ღია დატა-ცენტრები ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 5-7%- ს მოიხმარენ. თვალსაჩინოებისთვის, ეს არის იმდენივე ენერგია, რასაც მთელი ქალაქი ბათუმი ან რამდენიმე დიდი რეგიონი ერთად მოიხმარს. თუმცა, ამ მაჩვენებელს ემატება ე.წ. „ნაცრისფერი” სეგმენტი – ოკუპირებულ აფხაზეთსა და სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) მოქმედი გიგანტური არალეგალური მაინერები. იქ, სადაც მოსახლეობა დენის საფასურს პრაქტიკულად არ იხდის, არალეგალური კრიპტომაინინგი კატასტროფულ ფორმებს აღწევს და განსაკუთრებით ზამთრისა და ზაფხულის პიკურ პერიოდებში მთლიანად ტვირთავს და ავარიულად თიშავს ენერგოქსელს.

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ოფიციალური კრიპტოსაწარმოები სარგებლობენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) სტატუსით, იღებენ ელექტროენერგიას სპეციალური, შეღავათიანი ტარიფებით და არ იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს. და ისევ მთავარი შეკითხვა – რატომ უნდა იხდიდეს რიგითი მოქალაქე, მცირე საწარმო, სასტუმრო თუ საცხობი გაძვირებულ ტარიფებს მაშინ, როდესაც მმართველ ელიტასთან დაახლოებული ციფრული გიგანტები ქვეყნის ენერგორესურსებს მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ?

ოპონენტები მიუთითებენ, რომ კრი პტომაინინგი ქვეყანას თითქმის არანაირ ეკონომიკურ სიკეთეს არ აძლევს: არ ქმნის სამუშაო ადგილებს (მთელ საწარმოს ხშირად 5-10 ტექნიკოსი მართავს) და არ შეაქვს მნიშვნელოვანი გადასახადები ბიუჯეტში. შესაბამისად, მოსახლეობა გაძვირებული ტარიფის გადახდით აფინანსებს ვიწრო ჯგუფების გამდიდრებას.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი – მაინერების შემთხვევაში სხვადასხვა ვერსია სახელდება. სიტუაცია ძალიან რომ გავამარტივოთ, დასაანგარიშებელია, რა ზიანი ან სარგებელი მოაქვს კრიპტოვალუტების გამომუშავებას ქვეყნისთვის და არა ცალკეული რამდენიმე ადამიანისთვის. ერთ-ერთი გამოსავალი, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შეიძლება იყოს კრიპტომაინინგის სრული აკრძალვა (ჩინეთის მაგალითზე). აკრძალვის შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს რამდენიმე კერძო ინვესტორს, თუმცა გამოთავისუფლდება უზარმაზარი რესურსი და ქსელი გახდება უფრო მედეგი. თუმცა, აქ უკვე საერთაშორისო არბიტრაჟები და ქვეყნის წინააღმდეგ დავებია მოსალოდნელი.

მსხვილ მაინინგკომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები. სხვა ინვესტორებთან წაგებული საარბიტრაჟო დავების შედეგად კი საქართველოს უკვე ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დაკისრებული. მათ შორის, რუსულ „ინტერ რაოსთან” დავა საბოლოოდ დასრულდა და ქვეყანას $139 მილიონის გადახდა ოფიციალურად დაეკისრა. თურქულ „ენკა რინიუებლზთან” (ნამოხვანჰესის პროექტზე) დავის პირველ ინსტანციაში წაგების გამო კი სახელმწიფოს $383 მილიონი (საურავებთან ერთად $450 მილიონზე მეტი) დაეკისრა, თუმცა ამ შემთხვევაში გადახდის პროცესი დროებით გაყინულია. კერძოდ, პარიზის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საჩივარი განიხილა და აღსრულება მანამ შეაჩერა, სანამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან ძალაში დატოვების ძირითადი პროცესი საბოლოო ვერდიქტამდე არ მივა.

ისევ სავარაუდო სცენარებს რომ მივუბრუნდეთ – კრიპტოსაწარმოებთან მიმართებაში ასევე არსებობს ვერსია, რომ მაინინგის კომპანიებს გაუუქმდეთ ყველანაირი შეღავათი ელექტროენერგიის ტარიფებზე და თუ უნდათ, ისე გააგრძელონ მუშაობა. თუმცა, ექსპერტების თქმით, კრიპტომაინინგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიმზიდველი, თუკი დენს იაფად იღებს. შტანდარტული ტარიფით გადახდის შემთხვევაში კი მაინინგს შეიძლება ეკონომიკურად აზრიც არ ჰქონდეს.

მზარდი მოთხოვნა და რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება

საინვესტიციო ბანკ Galt & Tagart-ის უახლესი ეკონომიკური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად მზარდია და 2025 წლის მონაცემებით, რეკორდულ 14.3 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწია. ამ ზრდის პარალელურად, ადგილობრივი გამომუშავება (განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე) ვერ ეწევა მოთხოვნას. გაცილებით საგანგაშოა საგარეო იმპორტის სტრუქტურა და გეოპოლიტიკური რისკები: ქვეყანა სულ უფრო მეტად ხდება ოკუპანტი ქვეყნის ენერგოსისტემაზე დამოკიდებული. ბოლო შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მიერ განხორციელებული მთლიანი ელექტროიმპორტის 78.9% სწორედ რუსეთიდან მოდის.

ამასთანავე, სემეკის უახლესი ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული ამ ენერგიის კოლოსალური ნაწილი – თითქმის 74.5% მიმართულია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისკენ, სადაც ელექტროენერგიას სპეციალურ, სიმბოლურ ფასად იღებენ, მოსახლეობა გადასახადს არ იხდის, ხოლო არალეგალური კრიპტომაინინგის მასშტაბები კატასტროფულია. საბოლოოდ კი, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ამ დენის დეფიციტის საფასური და დანაკარგები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სსე-ს სახსრებით, ანუ ქართველი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე იფარება.

მესამე გათიშვა და გამოცხადებული მიზეზი

2026 წლის 5 აგვისტოს, საღამოს 20:10 საათზე, საქართველოს ენგერგოსისტემა კიდევ ერთხელ გაითიშა. ისევ გაჩერდა მატარებლები მეტროში, კვლავ გვირაბებში მოუწიათ მგზავრების ევაკუაცია, გაითიშა შუქნიშნები და წყლის სატუმბი სადგურები…

ხალხის მღელვარება კიდევ უფრო გაამწვავა სემეკის წევრის – გიორგი ფანგანის განცხადებამ. მან ფეისბუკის პირად გვერდზე საჯაროდ განაცხადა, რომ ენერგოსისტემის სრული გათიშვის რისკები წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა უწყებებმა მოსახლეობა არ გააფრთხილეს.

„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის” აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა…”, – დაწერა ფანგანმა ფეისბუკში და გამოხმაურებებში ისეთი ამბავი ატყდა, ცოტა ხანში თავისი ნაწერი წაშალა.

გათიშვას გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე:

„რიგით მესამე ენერგოკოლაფსმა, თავად „ქართული ოცნების” ხელისუფლების აღიარებით, გვაჩვენა, რომ თურმე ქვეყანას არ შეუძლია ავტონომიური არსებობა, თუ მისი ენერგოსისტემა არ არის დაკავშირებული აზერბაიჯანთან, რუსეთთან ან სომხეთთან”, – თქვა გოცირიძემ. მისი თქმით, არსებული ვითარება მოიტანა „ქართული ოცნების” კორუფციულმა და ენერგეტიკაში ჩადენილმა დანაშაულებმა.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოოდ შეიძლება გაირკვეს, რომ საბოტაჟიც არ ყოფილა. „ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება”, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე.

რაც ამ მომენტისთვის ჩანს და საწინააღმდეგოც არაფერი დაუმტკიცებია ხელისუფლებას, ივლისის ორი მასშტაბური „ბლექაუტი“ არ ყოფილა შემთხვევითობა, ბუნებრივი კატასტროფა ან საბოტაჟი. დიდი ალბათობით, გათიშვების მიზეზი მოძველებული შიდა ინფრასტრუქტურა, მეზობელ სახელმწიფოებზე ბმა და დამოკიდებლობა, კრიპტომაინერების მიერ ქსელის გადატვირთვა და რუსულ იმპორტზე ჩამოკიდების ლოგიკური, გარდაუვალი შედეგია. ოპონენტები მოხმარებისა და გამომუშავების უთანასწორობაზეც აკეთებენ განცხადებებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რადგან ზაფხულია და წყალსაცავებშიც წყლის სიუხვეა, გათიშვების დროს ენერგიის დეფიციტი არ ყოფილა და პირიქით, სისტემა ექსპორტზე იყო გადართული.

ხელისუფლებამ დამაჯერებელი მიზეზი აქამდე არაფერი დაასახელა, არც „საბოტაჟის” დამადასტურებელი ჩანს რამე. რაც დავინახეთ, კრიზისულ სიტუაციაში დაბნეულობა და პირველი ორი „ბლექაუტის” გამო ვანო ზარდიაშვილის – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფ სისტემას ზარდიაშვილის ჩანაცვლება უშველის. სანამ ქვეყანას მართავს გუნდი, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკას კორუფციული ინტერესების, არაკომპეტენტური კადრებისა და სუს-ის პროპაგანდისტული განცხადებების ნაზავით აშენებს, მსგავსი გათიშვები მომავალშიც არ უნდა იყოს გასაკვირი. ცალკე ამბავია კრიპტომაინერებისთვის დენის იაფად მიწოდება, სამაგიეროდ დანარჩენი მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა; რუსეთიდან დენის იმპორტის ზრდაც საბოლოო ჯამში ასევე კარგს არაფერს გვპირდება.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო სტატიები

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.