ჰორმუზის სრუტის დახურვამ სასუქების გლობალური ექსპორტის დაახლოებით 50% შეაჩერა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა გასულ გაზაფხულზე თესვის სეზონი და ევროპასა და აზიაში სურსათის ერთგვარი კრიზისი განაპირობა. აზოტოვანი სასუქების ფასები, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 30%-ით გაიზარდა. რუსეთმა, რომელიც ამ პროდუქტის გლობალური ბაზრის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს, შესაძლოა ექსპორტი გაზარდოს. ჩვენი მიზანია მიმოვიხილოთ, როგორ ცვლის სპარსეთის ყურის ომი ნავთობქიმიური ბაზრის ლანდშაფტს და რა გავლენა შეიძლება მოახდინონ რუსმა მწარმოებლებმა სასუქების ინდუსტრიაზე.
ვიდრე მსოფლიო თმენანარევი შფოთვით ისევ ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და ნავთობის ბაზარზე გამოწვეულ ფასთა ცვლილებებს ეგუება, სტრატეგიულად სხვა არცთუ უმნიშვნელო პროდუქცია თითქოს ფოკუსის მიღმა დარჩა. მიმდინარე წლის ადრე გაზაფხულზე, მსოფლიო მედიასაშუალებები სასუქების ბაზარზე მოსალოდნელი კრიზისის მომასწავებელი სათაურებით „აჭრელდა”, რასაც წინ პროდუქციის შესასყიდი ფასის მკვეთრი ზრდა უსწრებდა.
მინერალური სასუქების გაძვირება და მიზეზები
მსოფლიო წელიწადში საშუალოდ 200 მილიონ ტონა სასუქს მოიხმარს (2020 წ. – 202 მლნ. ტ, 2021 – 195, 2022 – 188, 2023 – 196, 2024 – 201, 2025 – 205). საუბარია მოქმედ ნივთიერებებზე, რომლებიც ნათესებში რაიმე დანამატების გარეშე შეაქვთ. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებამდე, 2026 წლის პროგნოზის განსხვავებული სიდიდეები ქვეყნდებოდა. მაგალითად, სასუქის მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაცია მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ფასთან ერთად გაიზრდება. თუმცა, 2030 წლამდე პროგნოზით, ეს მატება ზომიერი და წლიურად 1,5-2%-ის ფარგლებში იქნება.
ნიდერლანდური Rabobank-ის ანალიტიკოსები სხვაგვარად ფიქრობენ. ამ ბანკს აგროსექტორის ინვესტირების საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და იქ ამიტომაც მიიჩნევენ, რომ შესაბამისი მსოფლიო ბაზარი ვარდნის სტადიაშია. მიზეზი – ფასების მატება გავლენას ახდენს მოთხოვნაზე. მოგეხსენებათ, სასუქებზე ფასის ზრდის ბოლო „ეპიდემია” 2025 წლიდან ამოქმედდა. ნიდერლანდელთა მტკიცებით, ფერმერებს მინერალური სასუქის ნაკლები ოდენობით გამოყენების სურვილი უჩნდებათ.
ბოლო 20 წელიწადში, სასუქზე წვდომის ყველაზე ნაკლები ინდექსი 2009, 2022 და 2026 წლებში იყო. მათგან ყველაზე მეტი პრობლემა რუსეთიდან ამ პროდუქციის ექსპორტს, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისას შეექმნა. 2022 წლის აპრილში ექსპორტი წინა წლის აპრილთან შედარებით 41%-ით შემცირდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლებამ 19% შეადგინა.
დასავლეთმა იმ პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესება მოასწრო, თუმცა ეს შეზღუდვები პირდაპირ არ შეხებია რუსულ სასუქებს. ბელარუსი – კალიუმიანი სასუქების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, არაერთხელ იყო „მოხვედრილი” აშშ-ის სანქციების ქვეშ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტში, ევროკავშირმა აუკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროპის პორტებში შესვლა და რუსულ სატვირთო კომპანიებს ევროკავშირში შესვლა. თუმცა, გამონაკლისი დაშვებულ იქნა გარკვეული საქონლის და მათ შორის სასუქების ტრანსპორტირებისთვის. აშშ-მა ასევე გაათავისუფლა რუსული სასუქები სანქციებისგან.
ყველაფრის მიუხედავად, გლობალური ბაზრის მაშინდელმა მდგომარეობამ მინერალური სასუქების ფასები „სტაბილურად” გაზარდა. 2022 წლის მაისში წინა წელთან შედარებით კალიუმის ქლორიდის საცალო ფასები გაორმაგდა და ტონაზე $890-1100-ს მიაღწია, 2-ჯერ გაძვირდა შარდოვანაც (იგივე კარბამიდი) და $1000-1100-ს მიაღწია, ხოლო დიამონიუმის ფოსფატის ფასები 68-90%-ით გაიზარდა და $1060-1200 გახდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფასების აღნიშნული მატების ფონზე, წარმოების დონემ 188 მილიონ ტონამდე იკლო. 2024 წლისთვის ფასები კვლავ დარეგულირდა და წლიურმა წარმოებამ 201 მლნ. ტონა შეადგინა. ექსპერტები 2025 წლიდან ფასების ზრდის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ: 1. ევროკავშირის მიერ რუსეთიდან და ბელარუსიდან მიღებული პროდუქციის დაბეგვრა; 2. აშშ-ის გამკაცრებული სატარიფო პოლიტიკა; 3. ჩინეთის მხრიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები.
სასუქების ბაზრის სტრუქტურა და წარმოების თავისებურებები
სასუქი ორი სახის არსებობს – ორგანული და მინერალური. პირველ მათგანს ტრადიციული კომპოსტი, ნაკელი და ტორფი მიეკუთვნება. ამ სეგმენტს მთელი სასასუქე ბაზის 5-7% უკავია. აქვე ისიც უნდა ითქვას, ამ ტრენდის ხვედრითი წილი ორგანული მიწათმოქმედების პოპულარობის გამო, სულ უფრო მატულობს.
მსოფლიო სასასუქე ბაზრის დანარჩენი 93-95% მინერალური სასუქების სეგმენტს უჭირავს. მათ შესაბამისი მადნიდან მოიპოვებენ ან ქიმიური სინთეზით იღებენ. მცენარეს სრულფასოვანი ზრდისთვის 3 ძირითადი მიკროელემენტი ესაჭიროება: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ნიადაგში მათი შემცველობა აუცილებელია და მათ ერთმანეთის ჩანაცვლება არ შეუძლიათ. შესაბამისად, ბაზარზე მინერალური სასუქების 3 კატეგორიაა: აზოტის (სელიტრა, კარბამიდი, ამიაკი), ფოსფორის (სუპერფოსფატი, დიამონიუმის ფოსფატი) და კალიუმის (კალიუმის ქლორიდი, კალიუმის ნიტრატი).
Росстат-ის მონაცემებით, რუსეთმა 2025 წელს 60 მილიონ ტონაზე მეტი მინერალური სასუქი აწარმოა, საიდანაც ექსპორტზე 43 მილიონი წავიდა. ამ წლის მსოფლიო მოთხოვნის 205 მილიონ ტონაში, ყველაზე მოთხოვნადი მინერალები აზოტოვანი სასუქებია (116 მილიონი ტონა), შემდეგ მოდის ფოსფოროვანი (48 მლნ. ტონა), ბოლოს კი კალიუმის სასუქები (41 მლნ. ტონა).
მათი მიღების ტექნოლოგიური პროცესების მოკლე მიმოხილვით ნათლად გამოჩნდება ფასწარმოქმნის მარტივი პრინციპი. მაგალითისთვის, აზოტოვანი სასუქის წარმოებაში ბუნებრივი აირის ხვედრითი წილი, თვითღირებულების 50-80%-ის ფარგლებშია. ამიტომაც, 2026 წლის მარტში 1 ტონა კარბამიდის ფასმა $600 შეადგინა, როცა ერთი წლის წინ $350 იყო. ცნობისთვის, 2022-ში ტონა ე.წ. შარდოვანას ფასმა $1000-ს მიაღწია.
როგორც წესი, აზოტოვანი სასუქების მსხვილი ექსპორტიორები გახლავთ იაფი ბუნებრივი აირის მქონე ქვეყნები: რუსეთი – $4,95 მლრდ (14,3%), ჩინეთი – $3,33 მლრდ (9,7%), ომანი – $2,72 მლრდ (7,9%), კატარი – $1,81 მლრდ (5,2%), საუდის არაბეთი – $1,66 მლრდ (4,8%) (თჰე Oბსერვატორყ ოფ Eცონომიც ჩომპლეხიტყ-ს მონაცემებით).
ამჟამად კატარმა ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადასვლა არჩია, რადგან იქ ბუნებრივ აირზე ფასმა, რეგიონში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის გამო, კვლავ მოიმატა. ექსპერტთა მტკიცებით, თუ 1000 კუბური მეტრი აირის ფასი $500-ზე მეტია ევროპაში, იქ აზოტოვანი სასუქების წარმოება წამგებიანია. ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებით, ევროპული გაზის ფასები 10 აგვისტოს დილით 1,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 673 აშშ დოლარს მიაღწია.
ევროპაში ბუნებრივი აირის გაძვირების გამო წარმოების შემცირების ფონზე, რუსეთში მინერალური სასუქების აზოტოვან სეგმენტში ზრდა ფიქსირდება. Азотэкон-ის მონაცემებით, ქვეყნის ლიდერი მწარმოებლები ასე იყოფენ შიდა რუსული ბაზრის პროცენტულ წილებს: ЕвроХим – 18,6%, Акрон – 17,3%, ФосАгро – 17,1%, КуйбышевАзот – 5%.
ფოსფორის და კალიუმის სასუქის წარმოება აზოტისაგან განსხვავებულია. ნედლეულს მადნიდან მოიპოვებენ და მხოლოდ მერე ხდება ქიმიური გადამუშავება. ამიტომაა ამ პროდუქციის თვითღირებულება მაღალი.
ფოსფორიტების მსოფლიო მარაგებს რაც შეეხება, მათი 70% მაროკოზე მოდის. შემდეგ ჩინეთი, რუსეთი და საუდის არაბეთია. ცნობისთვის, საუდის არაბეთს ქვეყნის მთელი სამრეწველო პოტენციალი სპარსეთის ყურესთან აქვს კონცენტრირებული. ამ ქვეყანას, ცნობილი მიზეზების გამო, ამჟამად მხოლოდ დასაწყობებული აქვს წარმოებული პროდუქცია. ამ რეგიონის ქვეყნები გოგირდმჟავას (იგი ფოსფატების მთავარი კომპონენტია) მსოფლიო მარაგის მესამედს აწარმოებენ.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ გლობალური შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთმა შეძლო მინერალური სასუქების წარმოების გაზრდა ალტერნატიულ ბაზრებზე (აზია და ლათინური ამერიკა) ექსპორტის გადამისამართების ხარჯზე, თუმცა, ამ პროცესს თან ახლდა ლოჯისტიკური ხარჯების ზრდა და იძულებითი საფასო ფასდაკლებები. იმისათვის, რომ ინდოეთს, ჩინეთსა და ბრაზილიას ევროპის ნაცვლად რუსული სასუქები ეყიდათ, რუსეთი იძულებული გახდა მათთვის 10%-დან 30%-მდე საფასო ფასდაკლება (Dისცოუნტს) მიეცა. შედეგად, რუსეთი ყიდის ბევრს, მაგრამ იმაზე იაფად, ვიდრე ევროპაში გაყიდდა. ევროპული პორტების ჩაკეტვის გამო, რუსულ კომპანიებს ტრანსპორტირების მარშრუტები მკვეთრად გაუგრძელდათ (მაგალითად, ბალტიის ზღვიდან აზიაში გადაზიდვა ბევრად ძვირია), რამაც მათი სუფთა მოგების მარჟა მნიშვნელოვნად შეამცირა.
სასუქების ბაზარი სანქციების მიღმა
როგორც რუს მწარმოებელთა წარმოების მოცულობიდან და ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩანს, აქაურ მინერალურ სასუქებს „უქმად ყოფნა” არ უწევთ. UNComtrade-ისა და Eurostat-ის ანალიტიკოსთა მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წელს ასეთი სურათი იყო: რუსული პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ ბრაზილია (11,1 მლნ ტონა), ინდოეთი (5,5 მლნ ტონა), აშშ (5,1 მლნ ტონა), ჩინეთი (4,9 მლნ ტონა) და ევროკავშირი (4,7 მლნ ტონა). ბრაზილიას, ინდოეთსა და ჩინეთს რუსული სასუქების ექსპორტის თითქმის ნახევარი (47,7%) მიჰქონდათ, ხოლო შტატებსა და ევროკავშირს – 21,7%.
იგივე წყაროების ცნობით, ამერიკის მიმართულებით ზრდამ 89% შეადგინა და $1,17 მილიარდს მიაღწია, ევროპაში კი 26% გახდა ($1 მილიარდი). პარადოქსი აშკარაა: რუსეთზე სანქციების ზეწოლა ვაშინგტონისა და ბრიუსელის ოფიციალურ პოლიტიკად რჩება, თუმცა რუსული სასუქების შესყიდვები იზრდება. ამის ახსნა სანქციების რეჟიმის სტრუქტურასა და ბაზრის ეკონომიკურ ლოგიკაშია.
აზოტოვანი სასუქები – შარდოვანა, ამონიუმის ნიტრატი და თხევადი ამიაკი – განზრახ გათავისუფლდა მკაცრი სანქციებისგან. დასავლეთის ქვეყნებმა არ აკრძალეს მათი იმპორტი, რადგან საკვების მოსალოდნელი კრიზისის შიში აქვთ: აზოტოვანი სასუქების გარეშე, მარცვლეულის, სიმინდის და სოიოს წარმოება მკვეთრად შემცირდა. საკვების ფასების ზრდის პოლიტიკური რისკი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე რუსი ექსპორტიორების მხარდაჭერის რისკი.
მეორე ფაქტორი რუსული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაა. რუსეთს მსოფლიოში აზოტოვანი სასუქების წარმოებისთვის ძირითადი ნედლეულის – ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი (40 ტრილიონ კუბ. მეტრზე მეტი) აქვს. შესაბამისად, სამრეწველო მწარმოებლებისთვის გაზის შიდა ფასები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათი ევროპელი ან ამერიკელი კოლეგებისთვის. ეს კი, ზემოთ ნახსენებ ЕвроХим-ს, Акрон-სა და ФосАгро-ს საშუალებას აძლევს მსურველებს შესთავაზონ პროდუქცია ისეთ ფასებში, რომელთა კონკურენტების მიერ „დაძირვა” ძალიან რთულია.
პოლონური გამოცემა Farmer.pl-ის მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე ფასების მატების ფონზე, რუსეთის მიერ მინერალური სასუქების ექსპორტიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა $18 მილიარდს გადააჭარბა (წინა წლის $15.4 მილიარდთან შედარებით). ეს ფინანსური მაჩვენებელი შენარჩუნდა იმ პერიოდშიც, როდესაც ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და სატარიფო პოლიტიკის გამო შეზღუდა რუსული პროდუქციის პირდაპირი მიღება საკუთარ პორტებში.
ამ გარდაქმნის მთავარ ბენეფიციარად აშშ წარმოჩნდა. სხვათა შორის, მარტო აზოტის ნარევები მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში შტატებში $820 მილიონი ღირებულების შეიძინეს (შარშან იმ დროს $529 მილიონი). თითქმის გასამმაგდა რუსული გადაზიდვები სერბეთში ($60 მილიონამდე), ხოლო ბრაზილიამ იმპორტი $126 მილიონიდან $171 მილიონამდე გაზარდა.
სხვათა შორის, სამხრეთ ამერიკაში მინერალური სასუქების ამ უდიდესმა იმპორტიორმა და მომხმარებელმა ქვეყანამ, პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში შეამცირა (12%-ით) მიწოდება. უმსხვილესი კომპანია Yara Brazil-ის პრეზიდენტი მარსელო ალტიერი ამის მთავარ მიზეზებად ფასების ზრდას და ფერმერებისთვის სასუქების ხელმისაწვდომობის შემცირებას ასახელებს. მისი თქმით, ბრაზილია წლის ბოლომდე 43 მილიონ ტონა მინერალურ პროდუქტს მოიხმარს (2025-ში – 49 მლნ ტონა იყო).
„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ფასებზე გავლენა მოახდინა, თუმცა მთავარი მიზეზი ფერმერების წინაშე არსებული ფინანსური სირთულეებია. მათ გადაწყვიტეს ნაკლები ინვესტირება მოეხდინათ, განსაკუთრებით ფოსფატურ სასუქებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ”, – ამბობს ალტიერი.
ფაქტია, მოსკოვმა ახალი ლოჯისტიკური ქსელის გამართვით კომპენსირება გაუკეთა ევროპულ აკრძალვებს. ამასობაში, თავად ევროკავშირმა, რომელმაც სანქცირებულ რუსეთს გასული წლის მეორე ნახევრიდან გაზრდილი ტარიფები დაუწესა, ამ ეტაპზე მიაღწია რუსული სასუქების კონკრეტული სახეობების მკვეთრ შეზღუდვას. კერძოდ, რუსეთიდან თხევადი აზოტოვანი ნარევების (UAN) მიწოდება ევროპულ ბაზარზე წელიწადში 1,5 მილიონი ტონიდან უმნიშვნელო 68,7 ათას ტონამდე შემცირდა, თუმცა, სხვა კატეგორიის სასუქებზე ევროპის ნაწილობრივი დამოკიდებულება კვლავ შენარჩუნებულია.
ფრიდონ კერვალიშვილი

