Homeააფ-მედიასაგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: აგვისტო-2026

საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: აგვისტო-2026

Published on

spot_img

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

ცვლილება ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანებაში

ფინანსთა მინისტრის მიერ 19.08.2026-ში მიღებული #267 ბრძანებით ცვლილება შევიდა 31.12.2010 წ. #994 ბრძანებით დამტკიცებულ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“.

კერძოდ, დაკორექტირდა 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა აღნიშნული წესის 81-ე მუხლის 51 პუნქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას.

ახალი წესის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს საქმე და დაადოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებითა და ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის:

4210 და 4211 (პირველი–21 ნაწილები) მუხლები;

794 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები;

825 მუხლი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში;

1271 (მე-2, 31 და 32 ნაწილები) და 1291 მუხლები;

1555 (პირველი–მე-6, 63, 64 და მე-7–მე-10 ნაწილები), 1555 და 1556 (პირველი და მე-2 ნაწილები) მუხლები;

157-ე მუხლი;

1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილები;

17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლები.

ოქმის შედგენა და საქმის სასამართლოში გადაგზავნა

იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა განხილვაც სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, საბაჟო დეპარტამენტი მხოლოდ ადგენს ოქმს და თანდართულ მასალებთან ერთად განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს.

წესი ვრცელდება შემდეგ მუხლებსა და ნაწილებზე:

444, 912 და 913 (პირველი ნაწილი) მუხლები;

99-ე, 1551 და 1552 მუხლები;

1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილები;

1556 (მე-3–მე-5 ნაწილები) და 1557 (პირველი და მე-3 ნაწილები) მუხლები;

1558–15510, 1571–1573, 158-ე, 1594, 163-ე და 164-ე მუხლები;

1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8, მე-9, მე 10 და მე-11_მე-18 ნაწილები.

ბრძანებით განხორციელებული ცვლილება გამიჯნავს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სახდელის უშუალოდ დაკისრებისა და საქმის სასამართლოში გადაგზავნის სამართლებრივ საფუძვლებს.

ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში

საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 2026 წლის 25 ივნისს შევიდა ცვლილებები (გამოქვეყნდა 2026 წლის 29 ივნისს), რომლის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2026 წლის 1 სექტემბრიდან. სხვა ცვლილებებთან ერთად, ერთ ერთი სიახლეა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნა, ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრულფასოვან აღრიცხვისათვის:

„მუხლი 631. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა

უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შეიძლება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს სააგენტო. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაცია არ არის.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ინახება აგრეთვე იმ უცხოელის პერსონალური მონაცემები და მის შესახებ ინფორმაცია, რომლის ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხიც განიხილება ან რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი“.

ცვლილებები ასევე მიზნად ისახავს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის, მათი ქვეყანაში შემოსვლის, ყოფნისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სერვისებით სარგებლობის გაკონტროლებას და არალეგალური და მოუწესრიგებელი მიგრაციის პრევენციას, შრომის ბაზრისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების უკეთ დაცვას.

საინტერესოა ცვლილება მე-15 მუხლის (რომელიც ეხება საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეებს) „მ“ ქვეპუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომით იმიგრანტსა და საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელთაც მიღებული აქვთ შრომითი საქმიანობის უფლება და რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, და მისი ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომითი იმიგრანტი, აგრეთვე შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს და ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ სახის ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.

ინტელექტუალური საკუთრების მომსახურების საფასურის ახალი რეგულაციები და შეღავათები

17.08.2026-ში მთავრობის მიერ მიღებული #392 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 3 ივლისის #182 დადგენილებაში, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.

ახალი რეგულაცია ცვლის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს და აწესებს შეღავათების ფართო სისტემას განმცხადებლებისთვის.

კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე დაწესდა 70%-იანი შეღავათი, რომელიც გავრცელდება განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე, ასევე საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე.

ამასთან, კიდევ უფრო მაღალი, 90%-იანი შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პენსიონერი განმცხადებელი გამომგონებლები და დიზაინერები.

აღნიშნული შეღავათები ვრცელდება თითქმის ყველა შესაბამის მომსახურებაზე, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართ #3-ის 41-ე–44-ე გრაფებით განსაზღვრული საფასურებისა.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ეხება დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურებს. დანართ #3-ს 313 გრაფის შემდეგ ემატება 314–317 გრაფები, სადაც განისაზღვრა ახალი საპროცედურო ტარიფები.

ახალი საფასურები გავრცელდება მხოლოდ იმ განაცხადებზე, რომლებზეც საქმისწარმოება დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაიწყება.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ზოგიერთი ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა

03.08.2026-ში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ მიღებული #014 ბრძანების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ზოგიერთი ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

კერძოდ:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს #5 ბრძანება;

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #25 ბრძანება;

გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #27 ბრძანება;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #28 ბრძანება;

ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #29 ბრძანება;

ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #30 ბრძანება;

ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის #31 ბრძანება;

თ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის #32 ბრძანება;

ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის #35 ბრძანება.

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები

საფინანსო სექტორში სანქციების განსაზღვრისა და აღსრულების ახალი წესი: ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო

ეროვნული ბანკის მიერ 05.08.2026 ში მიღებული #189/04 ბრძანებით დამტკიცდა „პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“.

ნორმატიული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა ეროვნული ბანკის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანება, ხოლო ახალი წესი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

სამართლებრივი ჩარჩოს მიზანია ფინანსურ ბაზარზე გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ინვესტორთა ინტერესების დაცვა და მარეგულირებელი მოთხოვნების დარღვევისთვის მკაფიო, პროპორციული სანქციების დაწესება.

ადმინისტრირებისა და სანქცირების ძირითადი მექანიზმები

ახალი წესი დეტალურად აწესრიგებს ფულადი ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხებს.

მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით, ერთი და იმავე დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა შესაძლებელია ერთდროულად დაეკისროს როგორც იურიდიულ პირს, ისე მისი მმართველი ორგანოს წევრს, პარტნიორს (აქციონერს) ან დასაქმებულს.

ამასთან, იურიდიულ პირებთან დაკავშირებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნებზეც.

ჯარიმების ოდენობის გაანგარიშებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სუბიექტის მასშტაბსა და ფინანსურ მაჩვენებლებს:

– წლიური შემოსავალი განისაზღვრება დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ხელმისაწვდომი წლიური (ან კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე.

– ბანკებისა და მიკრობანკების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ხშირად პროპორციულად უკავშირდება მათ საზედამხედველო კაპიტალს.

– განმეორებითი დარღვევა: თუ პირი ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდენს იმავე დარღვევას, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება დააკისროს ბოლო დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობა ყოველ მომდევნო შემთხვევაზე.

ფულადი ჯარიმის დაკისრება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულებით), რომელსაც გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი.

დაჯარიმებულ პირს თანხის გადასახდელად ეძლევა 30 კალენდარული დღე განკარგულების ჩაბარებიდან, ამ ვადის გასვლის შემდეგ ხორციელდება იძულებითი აღსრულება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო ამოღებული თანხა სრულად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღსანიშნავია, რომ პირისთვის ლიცენზიის, ავტორიზაციის ან სტატუსის გაუქმება მას დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან არ ათავისუფლებს.

ზედამხედველობა, გამჭვირვალობა და ინვესტორთა დაცვა

წესით ცალკეა გამოყოფილი ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა. ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა, ინფორმაციის წარუდგენლობა ან შემოწმებაში ხელის შეშლა იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 2 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 5 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

ანალოგიური ოდენობის ჯარიმებია დაწესებული უშუალოდ ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნისთვისაც.

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და ემისიის პროსპექტის წესების დარღვევა მკაცრად რეგულირდება:

– პროსპექტის დამტკიცებამდე საჯარო შეთავაზება ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 000 ლარით, იურიდიული პირისთვის – 30 000 ლარსა და წლიური შემოსავლის 0.0065%-ს შორის უდიდესი ოდენობით, ხოლო ბანკისთვის – 30 000 ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესით.

– პროსპექტში შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითება, ანგარიშგებების (წლიური, ნახევარი წლის, კორპორაციული მართვის) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა და აქციონერთა საერთო კრების ჩატარების წესების დარღვევა ასევე ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს.

კლიენტის აქტივების დაცვა და პროფესიული საქმიანობის სტანდარტები

კლიენტების ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წესი მკაცრად სჯის კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ან სახსრების უნებართვო განკარგვას ან მათ გამოყენებას საკუთარი თუ მესამე პირის საქმიანობის დასაფინანსებლად.

ასეთ შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი ჯარიმდება 15 000 ლარსა და წლიური შემოსავლის 0.1221%-ს შორის უდიდესი ოდენობით (ბანკი – 15 000 ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესით), ხოლო მმართველი ორგანოს წევრი – 5 000 ლარით.

დარღვევად ითვლება ასევე აქტივების გამიჯვნისა და რეკონსილაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა.

სპეციალური მოთხოვნები და ჯარიმების შესაბამისი განაკვეთები დაწესებულია ფინანსური ბაზრის სხვადასხვა მონაწილისთვის, მათ შორის:

– საბროკერო კომპანიები და აქტივების მმართველი კომპანიები: სალიცენზიო/სარეგისტრაციო პირობების დარღვევისთვის, ანგარიშგების დაგვიანებისა და უნებართვო ოპერაციების განხორციელებისთვის;

– საინვესტიციო ფონდები და სპეციალიზებული დეპოზიტარები: უნებართვო საქმიანობისა და პროსპექტის მოთხოვნების დარღვევისთვის;

– ცენტრალური დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა და რეგისტრატორები: ორგანიზაციული მოთხოვნების, წილების გასხვისებისა და სალიცენზიო წესების დარღვევისთვის;

– ეთიკის კოდექსი: ეთიკის პრინციპების, მომხმარებელთა წინაშე ვალდებულებებისა და ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა ცალკე ჯარიმდება;

– იპოთეკური ობლიგაციები და სეკიურიტიზაცია: ამ სფეროში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ტერმინების უკანონო გამოყენება 20 000-დან 30 000 ლარამდე (ან შემოსავლის/კაპიტალის პროპორციულ) ჯარიმებს ითვალისწინებს.

ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულირება

ფინანსური სექტორისთვის ყველაზე მძიმე დარღვევებად მიჩნეულია ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულირება.

ამ ტიპის ქმედებებისთვის დაწესებულია უმაღლესი ფინანსური სანქციები:

    ინსაიდერული ვაჭრობა ან ბაზრის მანიპულაცია (ან მათი მცდელობა) ითვალისწინებს ჯარიმას შუამავლისთვის – 200 000 ლარსა და წლიური შემოსავლის 1.6281%-ს შორის უდიდესს; ბანკისთვის – 200 000 ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.0175%-ს შორის უდიდესს; სხვა იურიდიული პირისთვის – 200 000 ლარსა და წლიური შემოსავლის 0.0432%-ს შორის უდიდესს; ხოლო ფიზიკური პირისთვის – 80 000 ლარს.

    მესამე პირისთვის რეკომენდაციის მიცემა ან დაყოლიება ჯარიმდება ფიზიკური პირისთვის 40 000 ლარით (იურიდიული პირებისთვის 100 000 ლარამდე შესაბამისი პროცენტებით).

    ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება ფიზიკურ პირს 20 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 000 ლარამდე დაჯარიმებას უქადის.

    გარდა ამისა, სანქცირდება ინსაიდერული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა (40 000 ლარამდე), ინსაიდერთა ნუსხის წარმოების წესების დარღვევა და ანგარიშგების გამოქვეყნებამდე აკრძალულ პერიოდში გარიგებების დადება.

    წესის ბოლო მუხლი ასევე ითვალისწინებს ზოგად ჯარიმას (3 000 ლარი სუბიექტებისთვის, ხოლო 1 500 ლარი მათი მმართველებისთვის/თანამშრომლებისთვის) ნებისმიერი სხვა დარღვევისთვის, რომელიც სპეციფიკურად არ არის აღწერილი წინა მუხლებში.

    ეროვნული ბანკის ეს ახალი რეგულაცია წარმოადგენს კომპლექსურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია საფინანსო სექტორში დისციპლინისა და ნდობის ამაღლებისკენ.

    ფიქსირებული და პროპორციული ჯარიმების კომბინაციით, ასევე ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ერთდროული პასუხისმგებლობის დაწესებით, მარეგულირებელი ქმნის ეფექტიან მექანიზმს ბაზრის მანიპულირების, ინვესტორთა უფლებების დარღვევისა და ფინანსური უპასუხისმგებლობის აღსაკვეთად.

    ცვლილება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 24.08.2026- ში მიღებული #202/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში”.

    წესის 131 მუხლს დაემატა 132 მუხლი – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით.

    ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის პრეტენზიების მიღება და განხილვა.

    ამ მუხლის მიზნებისთვის პრეტენზიად მიიჩნევა მომხმარებლის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, პრეტენზიას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან/ და მისი მომსახურების მიმართ. სატელეფონო არხით მიღებული პრეტენზია, რომელიც საჭიროებს შემდგომ განხილვას, არ განიხილება ზეპირი ფორმის პრეტენზიად.

    ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს უნდა ჰქონდეს პრეტენზიების წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიღების/განხილვის სტანდარტული პროცედურა.

    ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:

    ა) მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №14), თავისუფალი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმებით;

    ბ) მიიღოს მომხმარებლის პრეტენზია მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდია გასული პრეტენზიაში აღნიშნული საკითხის წარმოშობიდან;

    გ) მომხმარებლის პრეტენზიის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, შესთავაზოს პრეტენზიის დაფიქსირების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი იღებს ზეპირ პრეტენზიას, შესთავაზოს მომხმარებელს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული/თავისუფალი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატვის სახით;

    დ) პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, მიღებისას პრეტენზიის განმცხადებელს წერილობით/ ელექტრონულად დაუდასტუროს პრეტენზიის მიღება;

    ე) პრეტენზიების შესწავლა მოახდინოს სრულყოფილად და არაუგვიანეს მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით ან/ და პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს საკითხის შესწავლის შედეგები და, სადაც შესაძლებელია, შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები;

    ვ) მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისთვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები, სადაც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს;

    ზ) აწარმოოს ამ წესის დანართ №15-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ Excel-ის ფორმატით და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულად, მისამართზე – cp@nbg.gov.ge. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა. მიწოდებულ ანგარიშგებაში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული, ასევე, წინა საანგარიშო თვეს მიწოდებულ და ატვირთულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული პრეტენზიების შესახებ სტატისტიკა.

    წესს ასევე დაემატა #14 და #15 დანართები.

    ბრძანება ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.

    იხილეთ ასევე:

    04.08.2026-ის მთავრობის #374 დადგენილება, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 26 სექტემბრის #439 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

    07.08.2026-ის მთავრობის #381 დადგენილება, „ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

    27.08.2026-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #208/04 ბრძანება, „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2020 წლის 2 სექტემბრის #156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

    12.08.2026-ის ფინანსთა მინისტრის #259 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

    მარიამ აფრასიძე

    ბოლო ამბები

    გაცვლითი კურსი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

    ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

    გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

    კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

    დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

    ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

    ბოლო სტატიები

    მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება

    ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.

    საგარეო ინვესტიციების კლებას დამატებული ინვესტორთა ბუნდოვანება

    ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.

    გასულ ზაფხულში ტურიზმის ზრდა შეფერხდა

    რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.