როგორ დაკარგეს 30 მილიონამდე დოლარი იოლად გამდიდრების მაძიებლებმა
„იოლი ფულის“ მოყვარულთა კიდევ ერთი ისტორია ოფიციალურად დასრულდა. TSQ Investment Group-ის პროექტი, რომელიც საზოგადოებაში „ჰენრის პირამიდის“ სახელით იყო ცნობილი, 2026 წლის ზაფხულის მიწურულს ჩამოინგრა. შედეგი ბანალურია – ათასობით, შესაძლოა ათიათასობით დაზარალებული მოქალაქე კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ფინანსურ პირამიდაში ჩართვამდე იყო. ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ საქართველოდან დაახლოებით 30 მილიონი დოლარია დაკარგული. სახელმწიფო უწყებები, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, პროცესს მხოლოდ პოსტფაქტუმ გამოეხმაურნენ.
TSQ და მასში ჩართვის პირობები
თუკი TSQ-ის ოფიციალურ ლეგენდას დავუჯერებთ, სქემის უკან იდგა ვინმე „პროფესორი ჰენრი ჯონსი“. კომპანიის მიერ გავრცელებული „ბიოგრაფიით“, იგი 1986 წელს აშშ-ში დაიბადა, ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და კრიპტოვალუტების გენიალური ექსპერტია. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რეალობა ბევრად მარტივი აღმოჩნდა. არავითარი „პროფესორი ჰენრი“ ბუნებაში არ არსებობდა და საბოლოოდ, ეს იყო ხელოვნური ინტელექტით ან დაქირავებული მსახიობით შექმნილი, კარგად შეფუთული ციფრული ფასადი.
„ჰენრი ჯონსი“ მომხმარებლებისთვის პერიოდულად ვიდეომიმართვებსაც ავრცელებდა. მაგალითად, 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ქართველ მომხმარებლებს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ თანხას ყველა გაიტანდა.
ვერავინ გაარკვია, „ჰენრი“ მართლაც რეალური ადამიანია თუ ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი პერსონაჟია. „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, რომ პოლონური გამოცემა Bankier.pl ჯერ კიდევ 2025 წელს „ჰენრი ჯონსს“ „ადამიან-მოჩვენებას“ უწოდებდა და წერდა, რომ მართალია TSQ მის ბიოგრაფიულ ცნობებს ავრცელებს, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.
TSQ-ის სქემა თავდაპირველად აზიისა და ცენტრალური აფრიკის განვითარებად ქვეყნებში გაჩნდა – ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე კატასტროფულად დაბალია, ეკონომიკური ფონი მძიმეა და ადამიანები ალტერნატიულ, სწრაფ შემოსავალს ეძებენ, ხოლო საკანონმდებლო ბაზა ვერ აკონტროლებს კრი პტოაქტივების მოძრაობას. საქართველოში TSQ-ის „ვირუსმა“ 2025 წლის ბოლოს შემოაღწია, თუმცა რეალურად წლევანდელი აპრილიდან დაიწყო აქტიური მოქმედება და გაზაფხულ-ზაფხულში პიკს მიაღწია, როცა სოციალური ქსელები: Telegram-ი, TikTok-ი და Facebook-ი აივსო „წარმატებული ქართველების“ ვიდეოებით, რომლებიც აჩვენებდნენ, როგორ იყიდეს მანქანები თუ ბინები TSQ-ში ჩადებული ფულით. ეს იყო კლასიკური სატყუარა, რომელმაც საქართველოში მცხოვრები ადამიანებიდან არაერთი ჩაითრია.
TSQ-ში მონაწილეობა რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოითხოვდა. იმისათვის, რომ ადამიანი გამხდარიყო „ინვესტორი“, სჭირდებოდა სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:
კრიპტოანგარიშის გახსნა: თანხის შეტანა ხდებოდა არა საბანკო გადარიცხვით, არამედ კრიპტოვალუტით (ძირითადად USDT ტეთერით). მინიმალური თანხა 1000 დოლარს შეადგენდა, რომლითაც ხდებოდა დასახელებული კრი პტოვალუტის შეძენა და გადარიცხვა. ეს თავიდანვე გამორიცხავდა ტრადიციული ბანკების მხრიდან ტრანზაქციების კონტროლს.
აპლიკაციაში რეგისტრაცია: თანხა გადადიოდა ე.წ. სავაჭრო პლატფორმაზე – GXMCOIN-ზე.
სიგნალების ლოდინი: სპეციალურ დახურულ Telegram-ჩატებში „პროფესორი ჰენრი“ ან მისი ასისტენტები დღეში ერთხელ თუ ორჯერ ყრიდნენ ე.წ. „სავაჭრო სიგნალებსა“ და კოდებს. მომხმარებელს ეს კოდი უნდა შეეყვანა აპლიკაციაში და სისტემა უჩვენებდა, რომ მისმა თანხამ 2%-დან 5%-მდე ყოველდღიური მოგება მოიტანა.
ყველაზე აბსურდული კი ის პირობა იყო, რომ თუკი სისტემაში მოიყვანდი ვინმეს, მათ შორის მეგობარს, ნათესავს თუ მეზობელს, მათი შენატანიდან დამატებით პროცენტს იღებდი. ეს არის პონცის სქემის (ფინანსური პირამიდის) სახელმძღვანელოსეული განმარტება. თუმცა, „ინვესტორებს“ ეკონომიკური ლოგიკა არ აინტერესებდათ. მათ „აბრმავებდათ“ რიცხვები ეკრანზე, რომლებიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და სულ უფრო „მდიდრები“ ხდებოდნენ.
ზუსტი რიცხვების დადგენა, კრიპტოტრანზაქციების ანონიმურობიდან გამომდინარე, რთულია, თუმცა წინასწარი მონაცემებითა და ექსპერტების შეფასებით, საქართველოდან ათასობით, შესაძლოა ათიათასობით მოქალაქე ჩაერთო სქემაში. მათ შორის „ინვესტორები“ გახდნენ მთელი ოჯახებით, სამსახურებით, სამხედრო ნაწილებითა და სტუდენტური ჯგუფებით.
ასევე წინასწარი ვარაუდით, ლაპარაკია ათეულობით მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოდან უცხოურ ციფრულ საფულეებში გადავიდა.
კითხვა – მოასწრო თუ არა ვინმემ თანხის გატანა? დიახ, პირველმა ტალღამ მოასწრო. პირამიდის გადარჩენის ერთადერთი გზაც ხომ სწორედ ეს არის – საწყის ეტაპზე ხალხს ფული უპრობლემოდ უნდა გამოატანინო, რათა მათ ეიფორია შეექმნათ, უფრო მეტი ფული შეიტანონ და სხვებიც მიიყვანონ. პირველმა წევრებმა გაიტანეს „მოგება“, მაგრამ ეს მოგება არ ყოფილა კრიპტობაზარზე გამომუშავებული ფული. ეს იყო მათ მიერვე მიყვანილი ნათესავებისა და მეგობრების მიერ შეტანილი რეალური დანაზოგებიდან „გადმოგდებული“ პროცენტი.
გაფრთხილება, რომელსაც არ მოუსმინეს
სანამ საზოგადოება ეიფორიაში იყო, ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს პირდაპირ აფრთხილებდა, რომ TSQ-ის სახელით თაღლითობა ხდებოდა. მისი თქმით, ფინანსური პირამიდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროპასა და სხვა ქვეყნებში ამხილეს.
„ესპანეთმა, პოლონეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე ახალმა ზელანდიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ სქემის ანკესზე არ წამოეგონ. ესპანეთსა და პოლონეთში ადამიანებმა დიდი ოდენობით ფული დაკარგეს.
საქართველოში ამ პირამიდას ფართო ქსელი აქვს. მისი ორგანიზატორები დამატებით ფულს სწორედ ახალი მონაწილეების მოზიდვით შოულობენ. ათასობით ადამიანია ჩართული ვოთსაპის, ტელეგრამისა და ფეისბუკის დახურულ ჯგუფებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ხალხის რეკრუტირება. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ქართველების მიერ ამ სქემაში შეტანილი თანხა დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ ეს ტემპი გაგრძელდა, თანხა მალე გაორმაგდება“, – დაწერა გოცირიძემ 29 აგვისტოს. მისი თქმით, სქემა უკვე ჩამოშლილი იყო ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ამჟამად კი თაღლითებმა საქართველოში გადმოინაცვლეს.
„პირველ სამ თვეში პლატფორმა აქტიურად იხდის დაპირებულ პროცენტებს, რათა მონაწილეების ნდობა მოიპოვოს. 4-6 თვეში სქემა პიკს აღწევს. 6-9 თვეში კი, როდესაც ახალი წევრების მოზიდვის რესურსი იწურება, იწყება ჩამოშლა: ანგარიშებს ბლოკავენ, მომხმარებლებს დამატებით 10-პროცენტიან საკომისიოს სთხოვენ და ა.შ. როდესაც კლიენტისგან მაქსიმალურად შესაძლო თანხას ამოიღებენ, ანგარიშიც ქრება.
ეს გზა უკვე გაიარა სომხეთმა – ათასობით ადამიანმა დაკარგა ფული, თუმცა იქ ამ თაღლითური სქემისთვის ნაყოფიერი ნიადაგი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და დროულად გააფრთხილა მოსახლეობა. სომხეთის კიბერპოლიციამ ამ მიმართულებით კარგად იმუშავა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა ფულის დაკარგვას“, – აღნიშნა გოცირიძემ. რაც შეეხება საქართველოს, გოცირიძე აკრიტიკებდა ეროვნულ ბანკს, რომელიც მოსახლეობას გასაგებად და სათანადოდ არ აფრთხილებსო.
საინტერესო იყო გოცირიძის მოწოდებაზე რეაქციები. „ჰენრის სექტის“ წევრები გოცირიძეს კომენტარებში იქით ესხმოდნენ თავს და „ბიზნესის“ ხელოვნურ ბლოკირებაში ადანაშაულებდნენ.
რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა ეკონომისტ პაატა ბაირახტარის კომენტარიც. მისი თქმით, „ადვილი ფულის შოვნის იდეოლოგია ვერ გადაამუშავა საზოგადოებამ და ისევ სჯერათ, რომ შესაძლებელია ვიღაცამ უფასოდ ან არაფერში რაღაც ფული გაშოვნინოს და გაგაკეთებინოს, რაც ბუნებაში არ არსებობს“. ბაირახტარმა აგრეთვე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მანამდე უნდა აფრთხილებდეს, სანამ პრობლემა მასშტაბური გახდება.
„კლასიკურ პირამიდულ სქემაში“ მისი თქმით, ძირითადად ორი განსხვავებული განწყობით ერთვებიან: ერთ ნაწილს მართლაც სჯერა დაპირებული მაღალი შემოსავლის, მეორე ჯგუფი კი აცნობიერებს სქემის არსს, თუმცა იმედი აქვს, რომ მის ჩამოშლამდე მოგების მიღებას მოასწრებს.
TSQ-ის ჩამოშლა და სახელმწიფოს რეაგირება
2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პრობლემები აშკარა გახდა. პლატფორმამ ჯერ „ტექნიკური სამუშაოები“ გამოაცხადა, შემდეგ მომხმარებლებს დაგროვილი ფულის გამოსატანად დამატებითი თანხების, ე.წ. „გადასახადებისა“ თუ ვერიფიკაციის საფასურის შეტანა მოსთხოვა. აგვისტოს ბოლოსთვის თანხების გატანის ფუნქცია სრულად დაიბლოკა და ჩატებში პანიკა დაიწყო. ათასობით მოქალაქე, რომლებიც მანამდე ეკრანზე ვირტუალურ მილიონებს ხედავდნენ, უეცრად რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ – მათი რეალური ფული გაქრა, ხოლო აპლიკაცია მხოლოდ უსარგებლო ციფრებს უჩვენებდა.
მხოლოდ ამის შემდეგ ამოძრავდა სახელმწიფო მანქანა. ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა 26 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომელშიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და სწრაფი გამდიდრების შემოთავაზებების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი სქემები ხშირად შეიცავს ფინანსური პირამიდის ნიშნებს, სადაც მოგება მხოლოდ ახალი წევრების მოზიდვაზეა დამოკიდებული. თუმცა ისევ და ისევ – TSQ-ის კონკრეტული სახელი არც ამ განცხადებაში ყოფილა ნახსენები, რამაც თაღლითებს დამატებითი კვირების განმავლობაში „მუშაობის“ საშუალება მისცა და ხალხისთვის დამატებითი მილიონების გამოძალვაში ხელი არ შეუშალა.
პირამიდის ფაქტობრივი ჩამონგრევის შემდეგ, 2026 წლის 5 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ოფიციალურად დაადასტურა გამოძიების დაწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ეროვნულმა ბანკმა კი პასუხისმგებლობა მთლიანად საგამოძიებო უწყებას გადააბარა და საკუთარ როლზე შემდგომი კომენტარისგან თავი შეიკავა. სებ-ი მხოლოდ იმ შინაარსის განცხადებით შემოიფარგლა, რომ რეაგირება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმის აღძვრის შემდეგ, რომან გოცირიძე კვლავ გამოეხმაურა მოვლენებს:
„რასაც ვაფრთხილებდი TSQ-ის პირამიდასთან დაკავშირებით, საუბედუროდ, მოხდა – ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგეს ერთ წამში ჩვენმა მოქალაქეებმა. არასრული 24 საათის განმავლობაში ჩემი ორი გამაფრთხილებელი პოსტი 1.2 მილიონმა ადამიანმა ნახა. არარსებულ ჰენრის ვერავინ ვერასდროს მიაგნებს. აი, ამ პირამიდის ორგანიზატორებსა და ე.წ. ლიდერებს კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ“, – დაწერა გოცირიძემ.
გოცირიძემ კვლავ გააკრიტიკა ხელისუფლება და ეროვნული ბანკი:
„ეროვნულმა ბანკმა პირველად მხოლოდ 30 ივლისს გააფრთხილა ხალხი ზოგადად პირამიდული სქემების საფრთხის შესახებ, ისე, რომ არ უხსენებია კონკრეტულად აღნიშნული TSQ. არც მის მიერ 26 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში იყო ნახსენები ეს კომპანია“.
რაც გვინახავს, კიდევ ვნახეთ და ვნახავთ…
თითქოს გასაკვირია, მაგრამ TSQ-მდე საქართველოს მოსახლეობამ მსგავსი თაღლითობების არაერთი მასშტაბური შემთხვევა „გადაიტანა“ და ამჯერად კვლავ საკმაო რაოდენობის ადამიანი მაინც გაბრიყვდა. 1990-იან წლებს რომ თავი დავანებოთ, როცა „ფინანსურ კომპანიებში“ თუ „სავაჭრო-სამრეწველო ფირმებში“ ფულის დაბანდებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, შემდეგ კი დამფუძნებლები უკვალოდ აორთქლდებოდნენ ხოლმე, სულ ბოლო წლებში უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თაღლითობებიც საკმაო იყო. მათ შორის:
Elysium Capital (ელისეუმ კაპიტალი) – ონლაინ-პლატფორმა საზოგადოებას კრიპტოვალუტების მაინინგითა და „ინოვაციური ბლოკჩეინ-ეკოსისტემით“ ატყუებდა. მომხმარებლებს ჰპირდებოდნენ, რომ მათი ციფრული აქტივები რობოტების მეშვეობით ყოველდღიურ გარანტირებულ პროცენტს გამოიმუშავებდა. სქემამ ათასობით ქართველი დააზარალა, რომლებმაც ჯამში მილიონობით ლარი დაკარგეს.
ეგრეთ წოდებული „კანიონ-სქემები“ (Canyon) და ყალბი E-commerce აფერები: რამდენიმე ონლაინ-სქემა, სადაც მოქალაქეებს მარტივი ვირტუალური დავალებების შესრულებას სთხოვდნენ – მაგალითად, ცნობილი ონლაინ-მაღაზიების პროდუქტების „დალაიქებას“, შეფასებას ან ყიდვა-გაყიდვის იმიტაციას მაღალი საკომისიოს სანაცვლოდ. სქემა მანამ მუშაობდა, სანამ მასამ სოლიდური კაპიტალი არ შეიტანა, რის შემდეგაც საიტები ერთ დღეში გაითიშა.
ვირტუალური „ბოტასების“ აფერა (Move-to-Earn): აბსურდის მწვერვალი აღმოჩნდა აპლიკაციები, სადაც მომხმარებლებს რეალური კრიპტოვალუტით (USDT) უნდა ეყიდათ ვირტუალური, ციფრული ფეხსაცმელი. თაღლითები ხალხს არწმუნებდნენ, რომ მხოლოდ ქუჩაში სიარულითა თუ სირბილით აპლიკაცია ასეულობით დოლარს დაურიცხავდათ. რეალურად, ძველი კლიენტების „სიარულის ანაზღაურება“ მხოლოდ ახალი ადამიანების მიერ ნაყიდი „ბოტასების“ ფულით ფინანსდებოდა.
QNET: მრავალწლიანი ქსელური მარკეტინგი, რომელიც წლების განმავლობაში კლასიკურ პირამიდად გარდაიქმნა. ეს სქემა აიძულებდა ადამიანებს, ილუზორული გამდიდრებისთვის ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აეღოთ ვალები, დაეკარგათ მეგობრები და ახლობლები, სანაცვლოდ კი უსარგებლო, გადაფასებული პროდუქცია მიეღოთ.
ყველა ამ ქეისმა აჩვენა, რომ ციფრული ტექნოლოგიების საფარქვეშ თაღლითებმა ადამიანური სისუსტეების იდეალურად მანიპულირება ისწავლეს. TSQ-ის უახლესი კრახი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სანამ საზოგადოება მარტივი და სწრაფი გამდიდრების ილუზიას ედევნება, ისტორია დაუნდობლად განმეორდება.
დღეის მდგომარეობით, TSQ-ის პირამიდა საბოლოოდ ჩამოშლილია. დაზარალებულთა გადარჩენის შანსი, რეალისტურად თუ შევაფასებთ, ნულთან არის მიახლოებული: თანხები გადარიცხულია კრიპტოვალუტაში, რაც ართულებს საბოლოო ადრესატის იდენტიფიცირებას; სქემის ორგანიზატორები, სავარაუდოდ, საქართველოს იურისდიქციის მიღმა იმყოფებიან; ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც პირამიდაში ნებაყოფლობით წაგებულ თანხას ბიუჯეტიდან აუნაზღაურებს მოქალაქეს.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.
თემურ იობაშვილი

