საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
ცვლილება საგადასახადო კოდექსში
პარლამენტის მიერ 30.09.2026-ში მიღებული #1874-VIმს-XIმპ კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში.
ცვლილება შეეხო 202-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთია მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.
206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, არ დაიბეგრება ქონების გადასახადით.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2026 წელს ქონების გადასახადის შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურ პირთათვის ოჯახის შემოსავლის ოდენობა 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2026 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოგეშობათ:
– თუ თქვენი ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის ოდენობა გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას.
– ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაქვთ დასაბეგრი მიწა.
იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი გაქვთ წინა, 2025 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები – უფლება გაქვთ, არ წარადგინოთ 2026 წლის დეკლარაცია და საგადასახადო ორგანოს მიერ წინა, 2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული პირობების მიხედვით მოხდება 2026 წლის გადასახადის დარიცხვა.
ამასთან, თუ 2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული გქონდათ პირობა:
– თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წელს შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, – ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მიწაზე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი არ დაირიცხება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს გადაიხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.
ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში
ფინანსთა მინისტრის მიერ 16.09.2026-ში მიღებული #286 და #285 ბრძანებებით ცვლილება შევიდა #996 და #994 ბრძანებებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციასა და „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“.
ადგილობრივი აქციზური ნაწარმის ჩამოწერის წესი ვრცელდება იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოსაწერ აქციზურ საქონელზეც.
ცვლილების თანახმად, თუ ხდება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერა, რომლის აქციზით დაბეგვრის მომენტი (საქონლის მიწოდება/საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა ან იმპორტი) არ დამდგარა, გამოყენებული აქციზური მარკები ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო თუ ადგილი აქვს აქციზით დაბეგრილი აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის (როგორ ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული) ჩამოწერას, ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება დაბრუნებას აქციზის დეკლარაციის წარდგენის გზით.
აქედან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა აქციზის დეკლარაციის III განაყოფის 7 და 71 სტრიქონებში. აღნიშნულ გრაფებში ასევე შეიტანება შესამცირებელი აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია შესაბამისად იმპორტისთვის და ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე.
„მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია იმპორტისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;
71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე“.
აქციზური საქონლის ჩამოწერის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარსადგენ განცხადებაში „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“, დაკორექტირდა მოსანიშნი ღილაკის დასახელება. კერძოდ, „მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა“ შეიცვალა დასახელებით „აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა“- თი.
ცვლილებები საპენსიო კანონმდებლობაში: დამსაქმებელთა ახალი პასუხისმგებლობები, „მიუღებელი სარგებელი“ და დავების განხილვის მექანიზმი
პარლამენტის მიერ 16.09.2026-ში მიღებული #1861/1-VIმს-XIმპ კანონით ცვლილებები შევიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.
შეტანილი ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანების დროულად და სრულად განხორციელების ვალდებულება, დარღვევისთვის ფინანსური პასუხისმგებლობა, მონიტორინგის მექანიზმები, საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემის საკითხი და საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურები.
კანონის მე-2 მუხლს დაემატა ახალი ცნება — „მიუღებელი სარგებელი“. ეს არის თანხა, რომელიც დამსაქმებელს ეკისრება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისას (შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში).
როგორ იანგარიშება: მიუღებელი სარგებელი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის ოდენობით.
ასახვა ანგარიშზე: ეს თანხა სრულად მიიმართება მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების სახით.
გარდამავალი პერიოდი: 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელს მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება.
ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრაა.
კანონის ახალი 372 მუხლის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა, მათ შორის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა.
საპენსიო ფონდი დარღვევის ფაქტს გამოავლენს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების ან დამსაქმებლის შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამავე პროცესში შესაძლებელია საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოვლენაც.
ახალი წესით, დამსაქმებელს დარღვევისთვის შეიძლება დაეკისროს როგორც ჯარიმა, ისე მონაწილის მიუღებელი სარგებლის გადახდა და თავად საპენსიო შენატანის განხორციელება. ჯარიმის დაკისრება დამსაქმებელს სხვა ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.
ეს დებულებები, მათ შორის ახალი 372 მუხლი, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
რა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული?
კანონის ახალი 373 მუხლის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა 300 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.
ამასთან, კანონით გათვალისწინებულია ჯარიმის გადახდის ვალდებულების გაუქმების შესაძლებლობა.
თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად გადაიხდის განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მონაწილის მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. თუ დამსაქმებელი ამ ვადაში აღნიშნულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, შეღავათით სარგებლობის უფლებას დაკარგავს.
კანონი ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც დარღვევად არ მიიჩნევა კონკრეტული შეუსაბამობა. მათ შორისაა დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება ან დაზუსტება, თუ ამის გათვალისწინებით საპენსიო შენატანი დროულად და სათანადოდ განხორციელდება.
გარდა ამისა, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის, კანონით დადგენილი ინფორმაციის შედარების შედეგად,
ერთთვიან შესამოწმებელ პერიოდში ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის არაუმეტეს ერთი ლარის სხვაობა დარღვევად არ მიიჩნევა. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის კი გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ერთ საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა ერთ ლარს არ აღემატება.
ჯარიმის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. მისი დაკისრება შესაძლებელია საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.
აღნიშნული წესები 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
მონაწილის მიუღებელი სარგებელი – დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა:
კანონი ჯარიმის გარდა ითვალისწინებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვასაც. ეს არის თანხა, რომელსაც დამსაქმებელი ვალდებულია მონაწილეს შესაბამის საპენსიო შენატანთან ერთად გადაუხადოს საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით განხორციელების გამო.
ახალი 374 მუხლის მიხედვით, მიუღებელი სარგებელი დაირიცხება იმ საპენსიო შენატანის ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან დაგვიანებით განხორციელდა.
მისი ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული ხუთი პროცენტული პუნქტის ოდენობით, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის. დარიცხვა იწყება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
მიუღებელი სარგებლის დარიცხვა წყდება შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებისას. ამასთან, საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება დარიცხვას არ აჩერებს. დარიცხვა ასევე არ წყდება დამსაქმებლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გარკვეულ ეტაპებზე, მათ შორის რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე და რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში.
მიუღებელი სარგებელი ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
კანონის გარდამავალი დებულების თანახმად, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილი ან ჩადენილი დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელს მონაწილის მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის კი სარგებლის დაკისრება მოხდება შესაბამის საანგარიშო პერიოდში დარღვევის გამოვლენის დღისთვის მოქმედი წესით.
მიუღებელი სარგებლის მარეგულირებელი 374 მუხლი 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
საპენსიო ფონდის მონიტორინგისა და ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილებები:
ცვლილებები საპენსიო ფონდს დამსაქმებლის მიერ ვალდებულებების შესრულების კონტროლის დამატებით მექანიზმებს ანიჭებს.
ახალი 375 მუხლის თანახმად, საპენსიო ფონდს შეუძლია მონიტორინგი განახორციელოს შემდეგი ფაქტების გამოსავლენად:
დამსაქმებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა;
საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელება.
ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის დამსაქმებელს, დასაქმებულს, პენსიის მიმღებს ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს, მოსთხოვოს საპენსიო შენატანების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივებისა და მათი კორექტირების შესახებ ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.
შესაბამისი პირი ვალდებულია მოთხოვნა შეასრულოს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდს შეუძლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენება.
კანონი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის შესაძლებლობას. ფონდი განსაზღვრავს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ცალკე ოქმი არ დგება და ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად სამართალდარღვევის ოქმის ფუნქციას ასრულებს.
ეს დებულებებიც 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
გადაწყვეტილებების აღსრულება და თანხების გადახდის რიგითობა:
ახალი 376 მუხლი განსაზღვრავს, რა თანმიმდევრობით მიიმართება დამსაქმებლის მიერ გადახდილი თანხები, თუ მას ერთდროულად ეკისრება საპენსიო შენატანის, მიუღებელი სარგებლისა და ჯარიმის გადახდა.
გადახდის რიგითობა ასეთია:
საპენსიო შენატანი;
მონაწილის მიუღებელი სარგებელი;
ჯარიმა.
თუ საპენსიო შენატანი სრულად არ განხორციელდა, მიუღებელი სარგებელი დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად დაირიცხება.
კანონი ასევე ითვალისწინებს თანხების იძულებით აღსრულებას საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით.
ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია მისი მიღებიდან ორი წლის განმავლობაში.
376 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადას განსაზღვრავს, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. კანონის გარდამავალი დებულებით, ეს წესი გავრცელდება საპენსიო ფონდის მიერ 2025 წლის 15 ივნისის შემდეგ მიღებულ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებებზე.
ელექტრონული შეტყობინება და გადაწყვეტილების ჩაბარების წესი:
კანონი ადგენს საპენსიო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხვა დოკუმენტების დამსაქმებლისთვის მიწოდების სპეციალურ წესს.
დოკუმენტები დამსაქმებელს ეგზავნება ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შეიძლება დამატებით მიეწოდოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ელექტრონული შეტყობინებით, თუ სისტემაში დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია არსებობს.
მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის განთავსება თავისთავად არ ნიშნავს მის ჩაბარებას. კანონით განსაზღვრული წესით, დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
თუმცა, თუ ადრესატი განთავსებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში დოკუმენტს არ გაეცნობა, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ განთავსებიდან მეათე კალენდარულ დღეს.
საპენსიო ფონდის დავების განხილვის დამოუკიდებელი სამსახური:
ცვლილებების მიხედვით, იქმნება საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ერთეული _ დავების განხილვის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მმართველობითი საბჭოს წინაშე. სამსახური საჩივრებს უსასყიდლოდ განიხილავს სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, თანასწორობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
სამსახური უფლებამოსილი იქნება განიხილოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული კატეგორიის დავები, მათ შორის:
საპენსიო ფონდის გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ საკითხებს ეხება;
გადაწყვეტილებები, რომლებითაც სრულად ან ნაწილობრივ უარყოფილია მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის შესახებ;
დამსაქმებლისთვის ჯარიმისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები.
დავის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდე ან საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკითხის გადასაწყვეტად პირდაპირ სასამართლოს მიმართოს.
სამსახურს საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შეუძლია ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.
საჩივრის წარდგენის ვადა და განხილვის პროცედურა
საჩივრის წარდგენა შესაძლებელია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
საჩივარში უნდა იყოს მითითებული განმცხადებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და სამართლებრივი საფუძვლები. მას უნდა ერთოდეს სადავო გადაწყვეტილება და საჩივარი სათანადოდ უნდა იყოს ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული.
თუ საჩივარში ხარვეზი გამოვლინდა, სამსახური განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად არანაკლებ ხუთ სამუშაო დღეს განუსაზღვრავს. დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს ათი სამუშაო დღით გაგრძელებაც შესაძლებელია.
საჩივარი, როგორც წესი, წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში განიხილება. საქმის სპეციფიკისა და გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურს შეუძლია ვადა დამატებით, არაუმეტეს სამი თვით გააგრძელოს. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მათ შორის შესაძლებელია დისტანციური მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
კანონი ასევე ადგენს, რომ სამსახურის მიერ განხილვის ვადის დარღვევა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ნიშნავს. ასეთი უარი სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.
დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება საერთო სასამართლოში შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. სამსახურის ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივი გადახდა:
კანონი ითვალისწინებს დამსაქმებლისთვის განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობას.
ახალი 379 მუხლის თანახმად, დამსაქმებელს შეუძლია შესაბამისი განცხადებით მიმართოს დავების განხილვის სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია კანონითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში განიხილოს განაწილვადების საკითხი და დადოს შესაბამისი შეთანხმება.
თუ მოთხოვნილი განაწილვადება დადგენილი ფარგლების გარეთაა, შეთანხმების დადების უფლებამოსილება მმართველობით საბჭოს აქვს.
ერთი და იმავე საპენსიო შენატანისა და სარგებლის ოდენობაზე შეთანხმება მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაიდოს.
შეთანხმების მოქმედების პერიოდში შესაბამისიაქტის აღსრულება შეჩერებულია. პირობების დარღვევის შემთხვევაში კი საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი ხდება.
განაწილვადების შესახებ 379 მუხლი 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემის საკითხი
ცვლილებებით კანონს დაემატა 342 მუხლი, რომელიც საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემის საკითხს არეგულირებს.
თუ საპენსიო აქტივების გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ პენსიის მიმღებმა ან მისმა მემკვიდრემ აქტივები ან პენსია ზედმეტობით მიიღო, დამსაქმებლის ან საპენსიო ფონდის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობითა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
ამასთან, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, საპენსიო ფონდს მოსთხოვოს დასაქმებულის სახელით ან სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის ან მასთან დაკავშირებული თანხის დაბრუნება, თუ ეს თანხა კანონით გათვალისწინებული წესით გაიცა.
რა იცვლება უკვე წარდგენილი საჩივრებისთვის?
კანონის გარდამავალი დებულებები ეხება 2026 წლის 24 ივნისიდან კანონში ცვლილებების ამოქმედებამდე საპენსიო ფონდში წარდგენილ საჩივრებსაც.
ასეთი საჩივრები განსახილველად გადაეცემა საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურს. ამასთან, 2026 წლის 24 ივნისიდან ცვლილებების ამოქმედებამდე წარდგენილი საჩივრების განხილვა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებულია. სამსახურს უფლება აქვს, ამ თარიღამდე განაახლოს წარმოება კანონით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
ასევე შეჩერებულია 2026 წლის 24 ივნისიდან ცვლილებების ამოქმედებამდე პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებული იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება, რომელთა თაობაზეც საპენსიო ფონდში საჩივრებია წარდგენილი. აღსრულება შეჩერებულია შესაბამისი საჩივრის წარდგენის დღიდან დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საპენსიო ფონდმა შესაბამისი ნორმატიული აქტები კანონთან შესაბამისობაში არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა უნდა მოიყვანოს.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
ეროვნული ბანკის მიერ 09.09.2026-ში მიღებული #214/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის ბრძანებაში, რომელიც ამოქმედდა 2026 წლის 10 სექტემბრიდან.
ბრძანების მე-8 მუხლს დაემატა ახალი 81 მუხლი – სარეზერვო აქტივების განთავსების ლიმიტები.
ამ მუხლის თანახმად:
– ემიტენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების დივერსიფიცირებული განთავსება და თავიდან აიცილოს მათი გადაჭარბებული კონცენტრაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ რომელიმე ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში.
– თუ ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, აღნიშნული სარეზერვო აქტივების (ფიატური ვალუტის) 100 პროცენტი შეიძლება განთავსდეს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში. ამასთან, ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 10 პროცენტს.
– თუ ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში განთავსებული ფიატური ვალუტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 10 პროცენტს და ემიტენტის ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების 50 პროცენტს.
– ამ მუხლის მიზნებისთვის კომერციული ბანკის ან მიკრობანკის სააქციო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების საფუძველზე.
– ამ მუხლის მიზნებისთვის, ერთი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების კონცენტრაციის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე იმავე საბანკო ჯგუფის წევრ კომერციულ ბანკებში ან მიკრობანკებში განთავსებული ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივები.
– ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივების მოცულობის, ემიტენტის რისკის პროფილის, ფინანსურ სისტემასთან ურთიერთკავშირის ან სხვა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, ემიტენტს დაუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრულზე უფრო მკაცრი ინდივიდუალური ლიმიტები.
– ამ მუხლის მიზნებისთვის, უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული ფულადი სახსრების ოდენობა დაიანგარიშება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეკვივალენტი ლარში.
– ემიტენტი ვალდებულია, მუდმივად იცავდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
– თუ ემიტენტი დაარღვევს ამ მუხლით განსაზღვრულმოთხოვნებს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ინფორმაცია დარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
– ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ემიტენტს განუსაზღვროს გონივრული ვადა ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 სამუშაო დღეს.
– ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს ფიატური ვალუტის სახით არსებული სარეზერვო აქტივების განთავსება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
22.09.2026-ში მიღებული #221/04 ბრძანებით ცვლილებები შევიდა კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესში. ცვლილების მთავარი სიახლე ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის აქტივების შემფასებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევისა და საქმიანობის მარეგულირებელი მოთხოვნების დეტალურად განსაზღვრაა.
ცვლილების თანახმად, ბანკის აქტივების შეფასება დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა განახორციელოს. მისი შერჩევა ლიკვიდატორის პასუხისმგებლობაა, თუმცა საბოლოო კანდიდატურა ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად უნდა წარედგინოს.
როგორ შეირჩევა დამოუკიდებელი აუდიტორი?
ახალი რეგულაციით, დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. კანდიდატი უნდა ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს, რათა შეფასება დამოუკიდებლად და ეფექტიანად განახორციელოს.
ლიკვიდატორი გადაწყვეტილებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და წესის დანართ #2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე იღებს. შერჩეული კანდიდატი ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარედგინება. თუ ეროვნული ბანკი კანდიდატურაზე წერილობით უარს განაცხადებს, ლიკვიდატორმა სხვა კანდიდატი უნდა შეარჩიოს და მისი თანხმობის მისაღებად პროცედურა ხელახლა გაიაროს.
ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულებით განისაზღვრება შეფასების ვადა, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საჭირო საკითხები.
შეფასების ვადა თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ბანკის ზომა და საქმიანობის კომპლექსურობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეფასების საჭირო დეტალურობა.
დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია:
ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აუდიტორის დამოუკიდებლობის დაცვაა. ახალი წესის მიხედვით, დამოუკიდებელ აუდიტორზე არ უნდა ვრცელდებოდეს ბანკის ან ეროვნული ბანკის ინსტრუქციები და მითითებები, რომლებიც შეფასების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ასევე, მას არ უნდა ჰქონდეს ბანკისა და ეროვნული ბანკისგან ფინანსური ან სხვა სახის სარგებლის მიღების ისეთი ურთიერთობა, რომელიც დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.
ამასთან, რეგულაცია ითვალისწინებს გამონაკლისებს. დასაშვებია შეფასებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა სახის მხარდაჭერის მიღება, თუ ამას ლიკვიდატორი შეფასების მიზნებისთვის საჭიროდ მიიჩნევს. ასევე დასაშვებია აუდიტორის ანაზღაურება და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვა.
დამოუკიდებლობის მოთხოვნები განსხვავდება იმის მიხედვით, აუდიტორი ფიზიკური პირია თუ იურიდიული პირი. ფიზიკური პირი არ უნდა იყოს ბანკის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან დაკავშირებული პირი, ხოლო იურიდიული პირი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკთან დაკავშირებული პირი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ბანკის ადმინისტრატორებს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს ან ბანკის მაკონტროლებელ პირებს, ასევე ეროვნული ბანკისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ მნიშვნელოვან კრედიტორებს.
რა შეიძლება ჩაითვალოს არსებით ინტერესთა კონფლიქტად?
რეგულაცია ინტერესთა კონფლიქტის რამდენიმე მნიშვნელოვან შემთხვევას განსაზღვრავს.
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა აუდიტორის მიერ ბანკისთვის ან მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პირებისთვის მიმდინარე ან წარსულში გაწეულ მომსახურებას, თუ ეს მომსახურება შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებს უკავშირდება. ცალკე აღსანიშნავია მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც პირმა შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის ბანკის აუდიტორული შეფასება განახორციელა.
ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი შეიძლება გახდეს აუდიტორსა და ბანკს ან შესაბამის პირებს შორის არსებული პირადი თუ პროფესიული ურთიერთობა, მათ შორის, კანონით განსაზღვრულ ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დაკავშირებული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია ბანკის მიმართ საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხვა ისეთი გარემოებებიც, რომლებმაც ლიკვიდატორის შეფასებით შესაძლოა აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენა მოახდინოს.
თუ აუდიტორი იურიდიული პირია, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული გამიჯვნა. ეს შეიძლება გულისხმობდეს იმ თანამშრომლების გამორიცხვას შეფასების პროცესიდან, რომლებიც მანამდე ჩართული იყვნენ შესაბამისი მომსახურების განხორციელებაში და რომელთა მონაწილეობამაც შესაძლოა დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას.
ვის ეკისრება ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის ვალდებულება?
ახალი წესით, დამოუკიდებელ აუდიტორად განხილული ან უკვე დანიშნული პირი ვალდებულია, პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, გამოავლინოს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი.
შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიაწოდოს.
ამასთან, აუდიტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებსა და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებსაც არ ჰქონდეთ რეგულაციით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი.
მოთხოვნები ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც შესაბამისი წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.
აქტივების შეფასება კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან შეფასების შედეგები გავლენას ახდენს ბანკის ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრასა და ლიკვიდაციის პროცესში მის აქტივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
ამრიგად, ამ ბრძანებით შემოღებული ცვლილება კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესში აქტივების შეფასების მარეგულირებელ ჩარჩოს უფრო დეტალურად განსაზღვრავს და დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევისა და საქმიანობის მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს ადგენს.
იხილეთ ასევე:
– 28.09.2026-ის მთავრობის #462 დადგენილება, „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ 2026 წლის 1 ივნისის #241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
– 18.09.2026-ის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #29 დადგენილება, „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ამავე პირის 2020 წლის 11 აგვისტოს #46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 04.09.2026-ის მთავრობის #429 დადგენილება, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მარიამ აფრასიძე

