რას ითვალისწინებს ახალი წესი და რა კითხვები უჩნდებათ სპეციალისტებს
ბევრი დისკუსიის, დაპირების, მსჯელობის შემდეგ ქონების გადასახადთან დაკავშირებით „საგადასახადო კოდექსში“ რამდენიმე წინადადებიანი ცვლილება შევიდა. ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი ფიზიკური პირებისათვის 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე (წლიური შემოსავლის ოდენობა) გაიზარდა. ბუნებრივია, საგადასახადო შეღავათის ზღვრის გაზრდა ცალსახად დადებითად ფასდება. ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემცირების ფონზე, ის ოჯახი, რომელიც წელიწადში 40 ათას ლარს აგროვებს, რეალურად, საშუალოშემოსავლიანადაც კი აღარ ითვლება. სპეციალისტები ფინანსთა სამინისტროსგან, პარლამენტში უფრო მასშტაბური ცვლილებების პაკეტის წარდგენას ელოდნენ. მათი შეფასებით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული მიდგომა მოძველებულია, ასევე არის ბევრი ხარვეზი, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს. ფინანსთა სამინისტრო მათ მოთმინებისკენ მოუწოდებს. ამ უწყებაში გვეუბნებიან, რომ მუშაობა ამ მიმართულებით ისევ გრძელდება.
ეს ცვლილება, რაც საგადასახადო კოდექსში უკვე აისახა, დაახლოებით, 81 ათას გადამხდელს (ფიზიკურ პირს) შეეხება. პარლამენტში ასევე დაჩქარებული წესით მისი მიღების მიზანი განმარტეს: მოქალაქეებს ნოემბერში ქონების გადასახადის გადახდა „მოძველებული“ წესით აღარ მოუწიოთ. ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის ორ მუხლში: 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი წინა წლის ბოლოს არსებული საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე იქნება. ამასთან, 206-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, ოჯახი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, თუ მისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, ეს ნაწილი შედარებით დიდი კანონპროექტიდან ცალკე ამოიღეს, რათა მოსახლეობას შეღავათით სარგებლობა წელსვე შეძლებოდა. პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას უფრო ფართო რეფორმაზე, რომელიც როგორც მოქალაქეების სოციალურ ინტერესებს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ მდგრადობას გაითვალისწინებს.
„ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ჩვენ ეს ამოვიღეთ დიდი კანონპროექტიდან, რომელიც მზადდება, რომ მოსახლეობას წელსვე შეხებოდა, რომ წელსვე არ დაბეგრილიყო. ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ამ კანონპროექტს, ცოტა გაიწელა, მაგრამ გასაგებია იმიტომ, რომ ეს ეხება ყველა ადამიანს პრაქტიკულად… ახლა ჩვენი მიზანი იყო, რომ აი, ნოემბერში არ გადაეხადა ხალხს ეს გადასახადი“, – ამბობს პაატა კვიჟინაძე.
40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირების გათავისუფლება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისთვის გარკვეულ დანაკლისს წარმოშობს. 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ამ კატეგორიაზე ჯამურად 22.3 მილიონი ლარი იყო დარიცხული. ყველაზე დიდი ფინანსური გავლენა დედაქალაქზე მოდის – თბილისის ბიუჯეტის დანაკარგი 16.09 მილიონ ლარს შეადგენს, ბათუმის – 2.45 მილიონს, ხოლო ქუთაისის _ 572 ათას ლარს. განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული დანაკლისის სრული კომპენსირება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეს დანაკარგი შესაბამისი წლების ბიუჯეტის ფორმირების პროცესშივე იქნება გათვალისწინებული.
მიუხედავად იმისა, რომ შეღავათის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდა პოზიტიურ და სოციალურად მნიშვნელოვან ნაბიჯად ფასდება, დარგის სპეციალისტები კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებენ. მთავარი შენიშვნა დაბეგვრის დიფერენცირებული პრინციპის გაქრობას ეხება. მოქმედი მოდელით, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის განაკვეთი მცირე (0.2%) იყო, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის -1%. ახალი ცვლილებით კი, რადგან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონეები სრულად თავისუფლდებიან, შუალედური განაკვეთი მექანიკურად გაუქმდა და 100 000 ლარს ზემოთ მყოფთათვის მხოლოდ ერთიანი 0.8 1%-იანი ზღვარი დარჩა. ფინანსისტების შეფასებით, თუ ზღვრის გაზრდა ინფლაციითა და ქონების ფასების ზრდით აიხსნება, იგივე ლოგიკა დიფერენცირებაზეც უნდა გავრცელებულიყო, მაგალითად შუალედური განაკვეთი შენარჩუნებულიყო და ზღვარს გარკვეულ ნიშნულამდე აეწია.
ამასთანავე, საინფორმაციო პორტალ „ბმ.გე“-სთან საუბარში „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი განმარტავს, რომ წარდგენილი ცვლილებები „კომპრომისული გადაწყვეტილებაა“, რომელიც არსებულ სისტემურ ხარვეზებს კვლავ ინარჩუნებს. პაპიაშვილის თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში 1%-იანი განაკვეთი არა რეალური საბაზრო ფასიდან, არამედ „საკადასტრო“ ღირებულებიდან იანგარიშება, რაც ხშირად საბაზრო ფასის მხოლოდ 30-50%-ია. საქართველოში კი დაბეგვრა პირდაპირ რეალური საბაზრო ღირებულებიდან ხდება, რის გამოც არსებული 1%-იანი განაკვეთი ფაქტობრივად მაქსიმალური ზღვარია და მისი შემდგომი გაზრდის რესურსი ქვეყანას უბრალოდ არ გააჩნია.
„წარსულში არსებული სისტემის მთავარი უსამართლობა ის იყო, რომ როგორც კი ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს გადასცდებოდა, გადასახადი ოთხჯერ ან ხუთჯერ იზრდებოდა (0.2%-იდან 0.8 1% მდე). იდეალური იქნებოდა, რომ 100 000-დან 200 000 ან 250 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის განაკვეთი შემცირებულიყო (მაგალითად, 0.5%-მდე), ხოლო 1%-იანი განაკვეთი მხოლოდ უფრო მაღალი შემოსავლის სეგმენტზე გავრცელებულიყო“, – განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ მმართველი პარტნიორის პაატა შურღაიას შეფასებით, ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება პოზიტიური მოვლენაა, თუმცა სისტემური რეფორმისთვის აუცილებელია პროცესში იურიდიული პირების ჩართვაც და დაბეგვრის მოდელის სიღრმისეული გადახედვა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქონების გადასახადის რეფორმა მხოლოდ ფიზიკური პირების საგადასახადო ტვირთის შემცირებით არ შემოიფარგლოს და ბიზნეს-სექტორიც მოიცვას.
„ამ ეტაპზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები ცნობილი არ არის, თუმცა ფინანსთა სამინისტროს განცხადებებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შესაძლოა იყოს ბიზნესის საკუთრებაში არსებული აქტივების, განსაკუთრებით გამოუყენებელი მიწის, უფრო ეფექტიანი ეკონომიკური გამოყენების წახალისება. ჩემი შეფასებით, რეფორმის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორად განისაზღვრება დაბეგვრის ბაზა და რამდენად დაბალანსებული იქნება სახელმწიფოს ფისკალური ინტერესები ბიზნესის საინვესტიციო შესაძლებლობებთან“, – აღნიშნავს პაატა შურღაია და ამ მიმართულებით სამ საკითხს გამოყოფს.
პირველი: ქონების გადასახადმა არ უნდა შექმნას დამატებითი ბარიერი კაპიტალდაბანდებისთვის. საწარმოო დანადგარები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა და ახალი ინფრასტრუქტურა ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ინვესტიციებია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სისტემა არ ამცირებდეს მათი შეძენისა და განახლების ეკონომიკურ მოტივაციას.
მეორე: ქონების ეფექტიანი გამოყენების წახალისება სწორი ეკონომიკური მიზანია, თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სპეკულაციური მიზნით გამოუყენებელი აქტივების შენარჩუნება და მიწა, რომელიც ბიზნესს სამომავლო გაფართოებისთვის, მშენებლობისთვის ან საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის სჭირდება.
მესამე: აუცილებელია ქონების შეფასების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი მეთოდოლოგია.
პაატა შურღაიას შეფასებით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადასახადის განაკვეთი, არამედ ისიც, რამდენად წინასწარ შეუძლია საკუთარი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ინტერესები, რადგან ქონების გადასახადი ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. შესაბამისად, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ეკონომიკური აქტივობის წახალისებასა და ადგილობრივი ფინანსების მდგრადობას შორის.
„იურიდიული პირების ქონების გადასახადის რეფორმის მთავარი მიზანი მხოლოდ გადასახადის შემცირება ან გაზრდა არ უნდა იყოს. მიზანი უნდა იყოს ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს აქტივების პროდუქტიულ გამოყენებას, ახალ ინვესტიციებს და ბიზნესისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი საგადასახადო გარემოს შექმნას“, – აცხადებს შურღაია.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მისი შეფასებით, ოჯახის წლიური შემოსავლის ზღვრის 40,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს საგადასახადო ტვირთს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის და, ამავდროულად, ითვალისწინებს ბოლო წლებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ცვლილებებს, მათ შორის შემოსავლების ზრდასა და ინფლაციის გავლენას.
„მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კონკრეტული საგადასახადო შეღავათი და ქონების დაბეგვრის სისტემური რეფორმა. მიღებული ცვლილება არსებითად აფართოებს გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთა წრეს, მაგრამ თავად დაბეგვრის მოდელი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩება. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, რამდენად მიზანშეწონილია ქონების გადასახადის ვალდებულების ოჯახის წლიურ შემოსავალთან ასეთი მკვეთრი დაკავშირება? მაგალითად, 100,000-ლარიანი ზღვრის მცირედით გადაჭარბებამაც კი შეიძლება წარმოშვას მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულება, რაც გარკვეულ დისპროპორციას ქმნის. მეორე საკითხია თავად საგადასახადო განაკვეთები და ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მეთოდოლოგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ტვირთი იყოს პროგნოზირებადი, პროპორციული და ითვალისწინებდეს გადასახადის გადამხდელის რეალურ გადახდისუნარიანობას. ქონების ფლობა ყოველთვის არ ნიშნავს შესაბამისი ფულადი შემოსავლის არსებობას. ამიტომ, ჩემი აზრით, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ქონების დაბეგვრის მოდელის უფრო ფართო გადახედვა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, შესაძლო პროგრესული მიდგომების შეფასება და ქონების შეფასების ერთიანი, გამჭვირვალე პრინციპების დანერგვა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს არა რეფორმის დასასრული, არამედ მისი პირველი ეტაპი. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას, ადმინისტრირების სიმარტივეს და მუნიციპალიტეტებისთვის სტაბილურ შემოსავლებს“, – ამბობს პაატა შურღაია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება პარლამენტში იმით ახსნეს, რომ ნოემბერში ადამიანებს გადასახადი ძველი წესით აღარ გადაეხადათ. არსებული წესით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე, ხოლო გადასახადის გადახდა 15 ნოემბრამდე ევალებათ. ამჯერად, დეკლარირების ვალდებულება ეკისრებათ იმ პირებს, რომელთა ოჯახის გასული წლის შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, ხოლო მიწის ნაკვეთის მფლობელთათვის დეკლარაციის წარდგენა შემოსავლის ოდენობის მიუხედავად სავალდებულოა.
კანონმდებლობით, ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები ის ნათესავები, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. დასაბეგრ ქონებაში შედის უძრავი ქონება, ავტომობილები, იახტები და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივები, ხოლო ოჯახის საერთო შემოსავლის დათვლისას გაითვალისწინება როგორც ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგება, ისე ნებისმიერი სხვა შემოსავალი და დარიცხული ხელფასი.
ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება: ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება. ასევე, ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წელია გვესმის, რომ ამ საკითხზე მუშაობენ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ეს საკმაოდ რთული გადასახადია და ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. აქედან გამომდინარე, როდის შევა პარლამენტში ცვლილებების მორიგი პაკეტი, უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ იურიდიულ პირებს ამისთვის კიდევ რამდენიმეწლიანი ლოდინი მოუხდეთ.
ეკა ხარაზი

