ვის შეეხო „ამნისტია“
საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შეიტანა. ახალი რეგულაციები, რომლებიც მ/წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა, არსებითად ცვლის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს. საპენსიო ფონდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ დასაქმებულთა კუთვნილი თანხები მათ ინდივიდუალურ ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.
ახალი საკანონმდებლო პაკეტი დამსაქმებლებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შეღავათსა და სიახლეს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (ამნისტია) კანონით განისაზღვრა ერთჯერადი საშეღავათო ღონისძიება: დამსაქმებელი თავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან (რომელიც 2025 წლის 1-ლი მაისის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებას უკავშირდება), თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და დარიცხულ საურავს.
იმ კომპანიებს, რომელთაც 18 სექტემბრამდე უკვე დაფარული ჰქონდათ ძირითადი შენატანი და საურავი, ხოლო ჯარიმის ნაწილში დავა ჰქონდათ, ჯარიმები სისტემაში ავტომატურად უკვე გაუნულდათ. ამნისტიის აქტი არ ვრცელდება საპენსიო შენატანის ვალდებულებაზე, ანუ განუხორციელებელ საპენსიო შენატანებზე და საურავზე. სპეციალისტების შეფასებით, ის, რომ საურავის ჩამოწერა არ ხდება, ლოგიკურია, ვინაიდან საურავი თავისი არსით არის მიუღებელი სარგებელი, რომელიც მიდის არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ანუ ეს არ არის სახელმწიფოს ფული. მიუღებელი სარგებელი განიმარტა ამ ცვლილებებით და კანონის მე-2 მუხლში დაემატა ჰ12 პუნქტი:
„ჰ12) მიუღებელი სარგებელი _ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულებისთვის) მის მიერ მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის შესაბამის საპენსიო შენატანთან ერთად გადასახდელი, ამ კანონის 374 მუხლით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების სახით აისახება“.
ამასთან, რაც მნიშვნელოვანია, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილი/ჩადენილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელს მონაწილის მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთჯერადი ამნისტია შეეხო 2025 წლის 1-ლი მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს. 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ფიქსირდებოდა 48 069 ჯარიმა, 13 488 დამსაქმებელი და ჯამში 42.9 მილიონი ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელი.
რაც შეეხება პრობლემის არსს: 2023 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება და კანონის მე-7 მუხლის მე-8– მე-9 პუნქტებით საპენსიო ფონდს მიეცა უფლება, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერით გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეამოწმებს, სწორად ასრულებს თუ არა დამსაქმებელი და მონაწილე საპენსიო შენატანის ვალდებულებას, ასევე გამოავლინოს საპენსიო შენატანების ზედმეტად გადახდის ფაქტებიც, ხოლო ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს დამსაქმებელს, მონაწილესა და შემოსავლების სამსახურს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით განისაზღვრა, რომ სააგენტო თავად შეიმუშავებს და ამტკიცებს წესებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირების, გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების შესახებ.
2025 წლის 1-ლი მაისიდან საპენსიო შენატანების კონტროლის წესი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მთავარი ცვლილება ის იყო, რომ საპენსიო დეკლარირება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას დაუკავშირდა და პროცესი ავტომატიზებული გახდა. სისტემა ავტომატურად ამოწმებს, გადაიხადა თუ არა კომპანიამ თანამშრომლების საპენსიო შენატანი სრულად და დროულად. თუ ვალდებულება არ შესრულდა, დარღვევა ავტომატურად ფიქსირდება და კომპანიას ავტომატურად ეკისრება ჯარიმა და საურავი. შესაბამისად, 2024 წლისგან განსხვავებით, როცა სააგენტო კომპანიას ამოწმებდა და დარღვევის გამოსასწორებლად ვადას აძლევდა, 2025 წლის მაისიდან კონტროლი უფრო სწრაფი და ავტომატური გახდა.
კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო: პირველ შემთხვევაში – 500 ლარის ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარის ჯარიმა. გარდა 500/1 000-ლარიანი ჯარიმისა, კომპანიას ერიცხებოდა საურავი უშუალოდ შეუსრულებელ ან დაგვიანებით შესრულებულ საპენსიო შენატანზე. შესაბამისად, კომპანიის ვალდებულება მოიცავდა 500/1 000-ლარიან ჯარიმას, დაგვიანებულ თანხაზე დარიცხულ საურავს და თავად საპენსიო შენატანის გადახდას. ჯარიმა ბიუჯეტში მიდის, ხოლო საპენსიო შენატანი და შესაბამისი საურავი მონაწილის საპენსიო ანგარიშზე ირიცხება.
მონიტორინგის გამკაცრების შედეგად, დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. კერძო სექტორი გამოხატავდა უკმაყოფილებას და აღნიშნავდა, რომ ჯარიმები არაპროპორციული იყო. ისინი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევდნენ შემთხვევებს, როდესაც სხვაობა რამდენიმე თეთრი იყო ან თანხა მცირე დროით გვიანდებოდა. კიდევ ერთი პრეტენზია ეხებოდა კორექტირების შესაძლებლობას. ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, საშემოსავლო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას კორექტირების (დაზუსტების) შესაძლებლობა აქვს, მაშინ როცა საპენსიო სისტემაში იგივე შეცდომა შეიძლება ჯარიმით დასრულებულიყო.
ამჯერად, სხვა ცვლილებებთან ერთად, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი – თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღეში სრულად დაფარავს შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, მას ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუუქმდება. ამავე ცვლილებებით, საპენსიო შენატანის დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგინდა, ხოლო ჯარიმის ოდენობა შემცირდა და 300 ლარით განისაზღვრა.
ასევე იცვლება საჩივრის წარდგენის წესიც. დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საჩივრის წარდგენა საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეუძლიათ. საჩივარი აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა არ აჩერებს მიუღებელი სარგებლის დარიცხვას. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება 30 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, თუმცა სასამართლოსთვის პირდაპირი მიმართვა დავის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, დავების განხილვის სამსახურამდეც კი.
კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, თუმცა ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები, ხოლო 2027 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება განუხორციელებელი შენატანებისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი, სადაც შეთანხმებას დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე დავების განხილვის სამსახური დებს, ხოლო დადგენილ ფარგლებზე მეტი ოდენობის შემთხვევაში – საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.
ამასთანავე, ამოქმედდება ელექტრონული შეტყობინების დამატებითი სისტემა. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ინფორმაცია დამსაქმებელს SMS-ით ან სხვა ელექტრონული ფორმით ეცნობება. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება სისტემაში გაცნობისთანავე, ხოლო თუ ადრესატი 10 დღის განმავლობაში არ გაეცნობა მას, ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
რაც შეეხება საპენსიო ფონდში მიმდინარე მონაცემებს. ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ცხრა თვის სამივე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა, სადაც კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, დინამიკური (ე.წ. მაღალრისკიანი) პორტფელის შემოსავლიანობამ 8.87% შეადგინა, დაბალანსებული (ე.წ. საშუალორისკიანი) პორტფელის – 8.75%, ხოლო კონსერვატიული (ე.წ. დაბალრისკიანი) პორტფელის – 8.46%. ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, თუმცა ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა (0.37% იანი ზრდა), ვინაიდან მასში აქციების დაბალმა წილმა საერთაშორისო ბაზრების კლების გავლენა შეზღუდა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. შექმნის თარიღიდან დღემდე კი, დინამიკური პორტფელის წლიურმა შემოსავლიანობამ 13.72% შეადგინა, დაბალანსებულის – 12.77%, ხოლო კონსერვატიულის – 10.26%.
სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დარიცხული საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 778 ათასია. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 37 ათასმა პირმა, რომლებზეც პენსიის სახით გაიცა 193 მილიონ ლარზე მეტი.
ეკა ხარაზი

