Homeააფ-მედიასაბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი იზრდება, პრობლემური სესხების წილი მცირდება

საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი იზრდება, პრობლემური სესხების წილი მცირდება

Published on

spot_img

რატომ მცირდება პრობლემური სესხების წილი საქართველოში, როცა სესხები ძვირია?

საქართველოს საბანკო სექტორის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტენდენცია საკრედიტო პორტფელის სწრაფი ზრდაა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა, მთლიან საკრედიტო პორტფელში უმოქმედო, ანუ პრობლემური სესხების წილი გრძელვადიან პერიოდში შემცირდა. უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლით საქართველო განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელსაც კი მიუახლოვდა. საინტერესოა, რის ხარჯზე მცირდება პრობლემური სესხების წილი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, სადაც ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, მზარდი ეკონომიკის მიუხედავად, არც ცხოვრების დონე გაუმჯობესებულა მნიშვნელოვნად და სადაც სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პენსია და საშუალო ხელფასი.

დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ორი კატეგორია – ვადაგადაცილებული და უმოქმედო, ანუ პრობლემური სესხები. ვადაგადაცილებული სესხი არის სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან დარიცხული პროცენტის გადახდა მსესხებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო. ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიხედვით სესხები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა – 1-დან 30 დღემდე, 31 დან 90 დღემდე და 91 და მეტი დღის ვადაგადაცილება.

უმოქმედო სესხი Non-Performing Loan (NPL) კი უფრო სერიოზული პრობლემის მქონე სესხია. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მსესხებელი სესხის სრულად ან დროულად დაფარვას ვეღარ შეძლებს. შესაბამისად, უმოქმედო სესხი ბანკისთვის უფრო მაღალი საკრედიტო რისკის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უმოქმედო სესხების მოცულობასა და მათ წილს მთლიან საკრედიტო პორტფელში. რაც უფრო მაღალია NPL-ის წილი, მით უფრო მაღალია პორტფელის საკრედიტო რისკი და, შესაბამისად, ბანკის მიერ შესაძლო დანაკარგების წარმოშობის რისკიც. ამიტომ უმოქმედო სესხი უკვე სესხის ხარისხის სერიოზულ გაუარესებაზე მიუთითებს.

საინტერესოა სასესხო პორტფელის ზრდის 10 წლის სტატისტიკა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში მკვეთრი ზრდით ხასიათდება. 2015 წელს საკრედიტო პორტფელი 16 მილიარდ ლარამდე იყო. 2020 წლამდე, ვიდრე ქვეყანას თავს დაატყდებოდა კოვიდის პანდემია, საკრედიტო პორტფელი წლიურად (წინა წელთან შედარებით) საშუალოდ 20 პროცენტით იზრდებოდა (2017 წელს იყო 24 პროცენტიანი ზრდა). შესაბამისად, 5 წელიწადში 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 38 მილიარდ ლარს მიაღწია. 2020 წლიდან, როდესაც პანდემიის გამო ეკონომიკა გაჩერდა, საბანკო სექტორს მომხმარებლისგან სესხების გადახდის რისკი გაუჩნდა, პორტფელის ზრდის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა სტაგნაცია არ მომხდარა. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, საკრედიტო პორტფელი 13 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს წინა წელთან შედარებით – 4 პროცენტით. 2023 წლიდან პანდემიის მილევამ და ეკონომიკის გახსნამ, საბანკო პროდუქტების მიმართ მოთხოვნა ისევ მკვეთრად გაზარდა. საკრედიტო პორტფელის ზრდა ისევ სწრაფ ტემპებს დაუბრუნდა და 2026 წლის ივლისის მონაცემებით საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 76 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა ძირითადად ბიზნესსესხების ზრდას უკავშირდება.

„2015 წლიდან 2026 წლის ივლისამდე საქართველოს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 389%-ით, ანუ თითქმის 4.9-ჯერ გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში პორტფელის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა (CAGR) დაახლოებით 14.7% შეადგინა, რაც მიუთითებს საბანკო დაკრედიტების ხანგრძლივ და მაღალი ტემპით გაფართოებაზე“, – განმარტავს ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია. მისი შეფასებით, საკრედიტო პორტფელის დაახლოებით ოთხჯერადი ზრდის მიუხედავად, აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: NPL-ის (უმოქმედო სესხების) წილი 2015 წლის 8.5%-დან დღევანდელ დაახლოებით 2%-მდე, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების წილი დაახლოებით 1.5%-მდე შემცირდა.

„ეს მიუთითებს, რომ საბანკო სექტორის ზრდა არა მხოლოდ მოცულობრივად, არამედ საკრედიტო რისკის მართვისა და პორტფელის ხარისხის თვალსაზრისითაც მდგრადი იყო. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ სებ მა 2022-2023 წელს შეცვალა ვადაგადაცილებული და უმოქმედო სესხების აღრიცხვის მეთოდოლოგია. ადრე არსებული 5 კატეგორიის მიხედვით აღრიცხვის ნაცვლად ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებზე გადავიდა, ხოლო ყოველთვიურ გავრცელებაზე ამ მონაცემის ამ პერიოდიდან ჩვენ წვდომა არ გაგვაჩნია“, – ამბობს დავით რუსია.

რაც შეეხება ამ ცვლილებას, 2023 წლის ივნისიდან საქართველოს საბანკო სექტორის საკრედიტო ხარისხის მაჩვენებლების გაანგარიშებაში IFRS 9-ის მეთოდოლოგია გამოიყენება. სპეციალისტების განმარტებით, IFRS 9 ანუ ფასს 9 არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება საბანკო სფეროში. ამ სტანდარტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ის, როგორ აფასებენ ბანკები სესხებიდან შესაძლო დანაკარგის რისკს. ძველი მიდგომით ბანკი ძირითადად მაშინ აღიარებდა პრობლემას, როცა სესხის ხარისხის გაუარესება უკვე უფრო მკაფიოდ ჩანდა – ანუ დანაკარგის აღიარება უფრო მეტად უკვე მომხდარ პრობლემაზე იყო დამოკიდებული. IFRS 9-ის მთავარი პრინციპი კი ასეთია: ბანკმა შესაძლო საკრედიტო დანაკარგი წინასწარ უნდა შეაფასოს და შესაბამისი რეზერვი შექმნას – ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სესხი, ფაქტობრივად, პრობლემური გახდება. ეროვნული ბანკის ანგარიშებშიც ჩანს, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში NPL-ის მაჩვენებლის თავდაპირველი შემცირება გარკვეულწილად IFRS 9-ზე გადასვლასაც უკავშირდებოდა.

„აღსანიშნავია, რომ IFRS 9 დარეზერვებაზე გადასვლის შემდგომ პორტფელის ხარისხის ერთჯერადი გაუმჯობესების ეფექტის საკომპენსაციოდ ბანკებს კაპიტალზე დამატებითი CRA ბუფერის დაცვა მოეთხოვებათ. რაც შეეხება საცალო საკრედიტო პორტფელის ხარისხს, მთლიანი საცალო პროდუქტების პორტფელში მცირედით შემცირდა უმოქმედო სესხების წილი, რაც პორტფელის ზრდითა და იპოთეკური სესხების ხარისხის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის პროცენტული წილი პორტფელში ყველა საცალო პროდუქტისთვის, გარდა სატრანსპორტო, მომენტალური განვადების და სტუდენტური სესხებისა, შემცირებულია, პორტფელის ჩამოწერის და ზრდის ეფექტის გათვალისწინებით. საკრედიტო აქტივობა და დაბალი დანაკარგები ხელს უწყობს ბანკების მომგებიანობას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტმა 2026 წლის მაისის ბოლოს დაამტკიცა.

ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მაისში ეკონომიკურ ფორუმზე – „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა – გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესებულია და უმოქმედო სესხების წილი ამ პორტფელთან თანაფარდობაში „ისტორიულ მინიმუმზეა“.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. თუ შევხედავთ მის პარამეტრებს და შევადარებთ რეგიონის ან ევროპის ქვეყნებს, ჩვენი ბანკები არიან ერთ-ერთი ყველაზე უკეთ კაპიტალიზებული, გვაქვს ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი (უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინიმუმზეა – 2.5%) და ჯანსაღი მომგებიანობა, რაც მდგრადობის ფუნდამენტური წინაპირობაა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 21 მაისს.

სხვათა შორის, უმოქმედო სესხების 2,5% იანი მაჩვენებლით საქართველო უკვე უახლოვდება განვითარებული ქვეყნების საბანკო სექტორებში არსებულ დაბალ ნიშნულებს. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონე, ხელფასების სიდიდე თუ დასაქმების მაჩვენებლები გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე საქართველოში. ამ შემთხვევაში ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რა მოხდა ისეთი, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მოსახლეობა სესხებს სულ უფრო პასუხისმგებლობით იხდის, საკრედიტო პორტფელის ხარისხი უმჯობესდება, უმოქმედო სესხების წილი მცირდება, ხოლო ამავდროულად ბანკების მოგება მკვეთრად იზრდება?

რიგი სპეციალისტები ამ პროცესის მთავარ საფუძვლად სესხის გაცემაზე ეროვნული ბანკის გამკაცრებულ რეგულაციებს ასახელებენ. 2017 2019 წლებში ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით წესები ეტაპობრივად გაამკაცრა. სებ-მა სესხის გაცემისას ბანკებს მსესხებლის რეალური გადახდისუნარიანობის შეფასება მოსთხოვა. ანუ ბანკმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ის, რა თანხის სესხება სურს კლიენტს, არამედ მისი შემოსავალი, არსებული ვალდებულებები და ახალი სესხის მომსახურების შესაძლებლობა. ამასთანავე, დაწესდა ლიმიტები თუ შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება წავიდეს სესხის მომსახურებაზე. სესხის გაცემის მომენტშივე გამოირიცხა ზედმეტად მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე მსესხებლის დაკრედიტება, შესაბამისად მომავალში ასეთი სესხის პრობლემურად ქცევის ალბათობაც მცირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დედოლარიზაციის პოლიტიკა იყო. საქართველოში უცხოურ ვალუტაში სესხების მაღალი წილი წლების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკად ითვლებოდა, რადგან ლარში მიღებული შემოსავლის მქონე მსესხებლისთვის ლარის გაუფასურება დოლარში ან ევროში აღებული სესხის მომსახურებას აძვირებს. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად შეზღუდა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის დაკრედიტება და დააწესა უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების ლიმიტი, რომელიც ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა: 2019 წლიდან ჰეჯირების გარეშე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის ლიმიტი იყო 200 ათასი ლარი; 2024 წელს ის გაიზარდა 300 ათასამდე; შემდეგ 400 ათას ლარამდე; 2025 წლის დასაწყისში 500 ათას ლარს მიაღწია; 2025 წლის 1 აგვისტოდან 750 ათასი ლარი გახდა, ხოლო 2026 წლის პირველი ივლისიდან სესხის ლიმიტი უკვე 1 მილიონი ლარია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავალი არის ლარებში, ნებისმიერი კრედიტი 1 მილიონი ლარის მოცულობამდე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში შეგიძლიათ აიღოთ. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ცვლილება დღეს ნაკლებად იწვევს სესხების გაპრობლემებას, ვიდრე ადრე.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ თავად ბანკებისთვისაც მხოლოდ სესხის გაცემა აღარ არის მთავარი – მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანია გაცემული სესხი. ბანკებმა გააუმჯობესეს მსესხებლების შეფასება, საკრედიტო რისკების მონიტორინგი და შესაძლო დანაკარგების წინასწარ შეფასება.

ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.

„ერთია ეროვნული ბანკის მკაცრი პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის მართვის პერიოდში დაიწყო: ეგრეთ წოდებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების საკითხი, რომელიც ზღუდავს ბანკებს გასცეს სესხი იმ პირზე, რომელიც შემოსავალს ვერ ადასტურებს; ასევე სწრაფი სესხების შეზღუდვები, რამაც საბოლოო ჯამში გააჯანსაღა პორტფელი. შეიზღუდა პრობლემური სესხების რაოდენობა, რადგან ნაკლებად გაიცემა სესხი შესაძლო პრობლემურ მსესხებლებზე. ამან მთლიან საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული და უმოქმედო სესხების წილი შეამცირა. ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები, რომლებიც შემოსავალს ვერ ადასტურებენ და ბანკში სესხს ვერ იღებენ, გადაერთვნენ სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე – ლომბარდებზე, სესხის გამცემ სუბიექტებზე, შეიძლება კერძო მევახშეებთანაც მიდიან. ეს საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, ქვეყნის მასშტაბით სურათს არ ცვლის, იმიტომ, რომ საფინანსო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მთლიანად საბანკოს გარეშე საკმაოდ მაღალია. „კრედიტ ინფოს“ მონაცემებით, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში, დაახლოებით, 2 მილიონამდე მსესხებელია, აქედან 400 ათასამდე მსესხებელია, ვისაც სამი თვე და მეტი გადაცილება აქვს. თუმცა საბანკო პორტფელი გადახალისდა და ბანკებმა მკაცრი რეგულაციების პირობებში მოახერხეს ის, რომ შეამცირეს უმოქმედო სესხების პროცენტული წილი, რაც ზოგადად ძალიან კარგია. ვინაიდან, რაც უფრო ნაკლებია უმოქმედო სესხების მაჩვენებელი, ესე იგი, სესხის გაცემისა და უკან დაბრუნების რისკი მცირდება, ეს კი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზეც დადებითად უნდა აისახოს. თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალო საპროცენტო განაკვეთზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ზოგადად საკრედიტო პორტფელი იზრდება ბიზნესსესხების ხარჯზე, სამომხმარებლო სესხების პორტფელის ზრდა არ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო. პორტფელის ზრდაზე ინფლაციის მაღალი მაჩვენებელიც მოქმედებს“, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. მისივე შეფასებით, ზოგადად საბანკო სექტორში რისკების მენეჯმენტი გაუმჯობესებულია.

„ეს არა მხოლოდ მკაცრი ზედამხედველობის შედეგია, არამედ ბანკები საკუთარ თავსაც მაღალ მოთხოვნებს უწესებენ, მით უმეტეს, რომ ორი მსხვილი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და მათი ყველა მონაცემი ყურადღების ქვეშ არის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათივე პორტფელი იყოს ხარისხიანი. ამაზე თვითონაც ბევრს მუშაობენ“, – განმარტავს გიორგი კეპულაძე.

მისივე განცხადებით, ამ გაუმჯობესებული მაჩვენებლების ფონზე, კვლავ პრობლემად რჩება სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

„საპროცენტო განაკვეთები, უპირველესად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყანაში ინფლაცია, ფასების ზრდის ტემპი. შესაბამისად, ინფლაციაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ჯერ ჩვენ ვერ გვექნება, როცა წლიური ინფლაცია, საშუალოდ, 5-6 პროცენტი გვაქვს და მოგეხსენებათ წინა წლებში, ორი წელი ზედიზედ, ორნიშნა ინფლაციაც გვქონდა. თითქმის არცერთ ქვეყანას არ აქვს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე ინფლაციაა. ეს უკვე მხოლოდ კომერციული ბანკების დანაშაული არაა, ყველაზე მეტად ამ მხრივ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, შემდეგ უკვე რეგულატორს და შემდეგ იმას, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკა“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამკაცრებულმა რეგულაციებმა შესაძლოა ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხი გააუმჯობესა, მაგრამ ამ პროცესს თავისი ფასი აქვს: მოსახლეობისთვის სესხის აღება და მომსახურება უფრო მკაცრ პირობებთან არის დაკავშირებული. მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ბევრ ოჯახს სესხის დროულად გადასახდელად სხვა ხარჯების შემცირება და გარკვეული საჭიროებების დათმობაც უწევს. მეორე მხრივ, დადებითი ფაქტორია ის, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღ მდგომარეობას ინარჩუნებს და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა მდგრადია.

ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო სტატიები

ამერიკული მუქარებით გამოწვეული რეფორმების დასაწყისი

სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.

კრემლის მორიგი ეკონომიკური შანტაჟი – რუსეთმა კვლავ აკრძალა ქართული პროდუქცია

მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.

რთველის სუბსიდირება შეცვლილი წესებით

მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.