მინი-დოსიე
თამაზ შალვას ძე მჭედლიძე დაიბადა 1960 წლის 27 ნოემბერს, ქალაქ პეჩორაში.
განათლება
დაამთავრა ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. პროფესიები: ექიმი-სტომატოლოგი; ჯანდაცვის სისტემის ორგანიზატორი.
მედიცინის დოქტორის წოდება მიიღო 2000 წელს.
სამუშაო გამოცდილება
1991 წელს გახსნა პირველი სტომატოლოგიური კლინიკა სანკტ-პეტერბურგში.
ამჟამად ხელმძღვანელობს კომპანია „მედის“ მრავალპროფილიან კლინიკათა სისტემას, სადაც დასაქმებულია 1500 ადამიანი, მათ შორის 350 ექიმი.
კომპანია „მედი“ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში აერთიანებს სხვადასხვა პროფილის კლინიკებს – სტომატოლოგიას, კოსმეტოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას, საოჯახო მედიცინას და მხედველობის ლაზერულ კორექციას.
აქვს დიპლომისშემდგომი გადამზადების ინსტიტუტი სანკტ-პეტერბურგში; რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახური; კბილის ტექნიკური ცენტრი „ნეოდენტი“; კომპანია „პრიომედი“; „ბიოპინფარმა“.
გახლავთ პეტერბურგის გუბერნატორის სამედიცინო საბჭოს წევრი და პეტერბურგის სამედიცინო პალატის თავმჯდომარე.
ავტორია წიგნისა „დაბრუნება საკუთარ თავთან“.
2003 წელს გახდა ფიოდოროვის პრემიის ლაურეატი, დააჯილდოვეს სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეზე მედლით, რომელიც იმ პეტერბურგელებს გადაეცემათ, ვინც ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
თამაზ მჭედლიძის სამომავლო მიზანია საქართველოში „ველნეს ინდუსტრიის“ შექმნა და საქართველოს სახელით ბრენდის – „ჯორჯიან ველნესის“ დაფუძნება.
ჰყავს მეუღლე ირინე კანდელაკი და სამი შვილი.
– ბატონო თამაზ, თქვენ დაბადების ადგილი ქალაქი პეჩორა გაქვთ მითითებული. როგორ მოხვდით რუსეთში?
– ჩემი დაბადების პერიოდში მამაჩემი პეჩორაში ცხოვრობდა. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო თბილისში. უკვე დაოჯახებული იყო, ჩემი ძმა და დაც დაბადებულები იყვნენ, როდესაც კომის რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელობა შესთავაზეს. მამა სამუშაოდ რუსეთში წავიდა და 1960 წელს მეც იქ დავიბადე. 1961 წელს ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ მთელი ოჯახით საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მამაჩემი ხაშურიდან არის, დედა გურული მყავს, სოფელი შემოქმედიდან. ასე რომ მამით ქართლელი ვარ და დედით გურული.
– განათლება სად მიიღეთ?
– ჩემი და-ძმა პეჩორაში, რუსულ სკოლაში დადიოდნენ და დაბრუნების შემდეგ სწავლა აქაც რუსულ სკოლაში განაგრძეს. მშობლებს ჩემი ქართულ სკოლაში შეყვანა ნდომებიათ, მაგრამ რადგან და-ძმა რუსულ სკოლაში დადიოდნენ, მეც რუსულ სკოლაში მომინდომებია წასვლა. ასე რომ, ხაშურში დავამთავრე რუსული სკოლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი ძმა წავიდა სასწავლებლად ლენინგრადში – სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. ჩემი და თავდაპირველად თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პეტრე გელბახიანის რექტორობის დროს აბარებდა. მიიღებდა ხოლმე: ორი 5, ორი 4; სამი 5, ერთი 4… და ქულა აკლდებოდა. წინასწარ იყო ჩამოწერილი, ვინ უნდა მიეღოთ. სამი წელი ტყუილად აბარებდა. ისევე როგორც ჩემი ძმა, ჩემი დაც წავიდა ლენინგრადში და იმ წელსვე, პირველივე ცდაზე, პირველ სამედიცინო ინსტიტუტში მოეწყო.
თბილისში ჩაბარება აღარც მიცდია. ჩემი ძმის მსგავსად წავედი და ჩავაბარე სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ბანაკში უნდა ვყოფილიყავი, ხან ღამით მეგუშაგა, ხან სამზარეულოში კარტოფილი მეთალა, მარშირებაზე მევლო… ეს ჩემი საქმე არ იყო. წამოვიღე საბუთები და ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ჩემი და სწავლობდა, იმავე წელს, თავიდან ჩავაბარე.
პლასტიკურ ქირურგიაზე სწავლა მინდოდა. ძმამ მირჩია, ჯერ სტომატოლოგიურზე ჩამებარებინა, საიდანაც ყბა-სახის ქირურგიიდან პლასტიკურ ქირურგიას იოლად დავეუფლებოდი. დავუჯერე ძმას. მეოთხე კურსამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი. მეოთხე კურსზე, სტომატოლოგიაში პრაქტიკებისას ერთი ლამაზი, სიმპათიური გოგონა მოვიდა. წინა კბილი გატეხილი ჰქონდა. მაშინდელი მასალებით ვიწვალე და ისეთი ლამაზი კბილი გამომივიდა, ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. მეც გამიხარდა და ვიფიქრე, რაღად მინდა პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგად დავრჩები-მეთქი. ასე შემოვრჩი სტომატოლოგიას. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც სამი ბჟენი თვითონ, საკუთარი ხელით, სარკის წინ გავიკეთე. ექთანს მხოლოდ სარკე ეჭირა. მინდოდა ზუსტად გამეგო, რას გრძნობს პაციენტი, როდესაც მის პირის ღრუში ვმუშაობ. დიდი მნიშვნელობა აქვს ბურღი რა კუთხით გიჭირავს, კბილს რა ძალით აწვები. თან, მაშინ ასეთი ანესთეზიები ხომ არ იყო…
– ასეთი ექსპერიმენტი ვინმეს მიბაძვით ჩაატარეთ თუ თქვენით მოიფიქრეთ?
– სხვაზე არ გამიგონია. ჩემს თავზე გავაკეთე, რომ ზუსტად მცოდნოდა რას გრძნობს პაციენტი. ეს ექსპერიმენტი მომავალში ძალიან დამეხმარა. პაციენტს რომ ვმკურნალობდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ საკუთარ კბილს ვიკეთებდი. ამის გამო უამრავი პაციენტი მყავდა. მუშაობის დაწყებიდან პირველივე წელს ჩემზე ამბობდნენ ახალია, მაგრამ ისეთი, პაციენტები მასზე გიჟდებიანო. თურმე მიმღებში ფულსაც იხდიდნენ იმაში, რომ ჩემთან მოხვედრილიყვნენ, რაც მერე გავიგე.
– მუშაობა ლენინგრადშივე დაიწყეთ?
– კი, ეს ხდებოდა ლენინგრადში. მაგრამ, სპეციალობები დაყოფილი იყო: ან კბილის მკურნალი თერაპევტი უნდა ვყოფილიყავი ან ქირურგი ან ორთოპედი… ასეთი ვიწრო სპეციალიზაცია არ მინდოდა და წავედი პერიფერიაში, სადაც უფრო ფართო საქმიანობა შემეძლებოდა. მუშაობა არხანგელსკის ოლქში დავიწყე. კარგი მომარაგება მქონდა. ვერტმფრენი მემსახურებოდა. ვინც ხე-ტყის დამუშავებაზე ყველაზე უკეთ იშრომებდა, როგორც პრემიას – სტომატოლოგს უგზავნიდნენ ხოლმე. ჩავფრინდებოდი ვერტმფრენით, მიმქონდა სავარძელი, ბორმანქანები და კარგი ხარისხის მასალები. იქ გამომიყოფდნენ ხის სახლს და მთელი რაიონი დადიოდა სამკურნალოდ. მაგრამ, იმ ოლქში მხოლოდ სტომატოლოგი არ სჭირდებოდათ: 200 კილომეტრის რადიუსში ექიმი კი არა, ექთანიც არ ჰყავდათ. ყველა ტიპის სამედიცინო საქმიანობა მიწევდა, გარდა მშობიარობის მიღებისა. ყველგან ჰყავდათ თავისი ბებია-ქალი.
გეტყვით, რატომ ავირჩიე მედიცინა – ბებიაჩემი მალამოს ამზადებდა თავისი საიდუმლო რეცეპტით, რომელიც წინაპრებისგან თაობებს გადაეცა. ბავშვობაში მთელ ზაფხულს სოფელ შემოქმედში ვატარებდი და ბებიას ვეხმარებოდი ხოლმე ამ მალამოს დამზადება-მოხმარებაში. ამის გამო ბავშვობიდანვე ვიცოდი რომ მედიცინაში ვიქნებოდი.
– უშუალოდ, თქვენი ბიზნეს-საქმიანობა როგორ დაიწყო?
– არხანგელსკის ოლქში ძალიან კარგი სამედიცინო გამოცდილება მივიღე. თან, დედაჩემი ხილთან ერთად მალამოს მიგზავნიდა ხოლმე. ამ მალამოთი ხალხს წარმატებით ვმკურნალობდი. დამწვრობას, აგრეთვე ჩირქოვანი ართრიტები და მსგავსი დაავადებები იყო გავრცელებული. დედაჩემმა მოგვიანებით მალამოს მომზადების საიდუმლოც გამანდო. რუსეთში მალამო ოფიციალურად დავაპატენტე და ვუშვებთ სამედიცინო პრეპარატს – „ბიოპინს“.
1989 წელი იყო, მამაჩემი მეუბნებოდა – შვილო, ჩამოდი, შენ უნდა მოგვხედო მშობლებს, გეყოფა რუსეთში სიარული. თან, შეგიძლია აქაც აიღო პატენტი და კაბინეტი გახსნაო.
მეწარმეობისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა და ჩავედი ხაშურში. მაშინ აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფო სამსახურიც მქონოდა. ჯერ დავიწყე ხაშურის გალანტერეის ფაბრიკაში მუშაობა, მერე პოლიკლინიკაში ვმუშაობდი და ამის შემდეგ სახლში, პირველ სართულზე ჩემი სტომატოლოგიური კაბინეტი გავხსენი.
1989-1990 წლები ვიმუშავე ხაშურში. დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ჩვენს სახლთან რიგები იდგა. ერთხელ, ჩემი ძმა ჩამოვიდა და ეზოში ამდენი ხალხი რომ დაინახა – გული გაუსკდა, რა ხდებაო. ეუბნებიან, სტომატოლოგთან ვართ რიგშიო და ლამის გაგიჟდა.
ხაშურში 2 წელი ვიმუშავე… მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პეტერბურგში ნაცხოვრებ ადამიანს, იქ ყოფნა ძალიან გამიჭირდა. იმ პერიოდში დაიწყო უშუქობები, ბენზინი არ იშოვებოდა… მშობლებს ვუთხარი, მასალები გამითავდა, წავალ ლენინგრადში და ჩამოვიტან-მეთქი.
– მაგ პერიოდში სტომატოლოგების დაყაჩაღებებიც ხშირი იყო ხოლმე, თქვენც ხომ არ შეგეხოთ?
– არა. იმიტომ არ წავსულვარ, რომ სიტუაცია იყო ცუდი. ხაშური ჩემთვის ძალიან პატარა იყო. ფეხსაცმელი რომ უჭერს კაცს, ისე ვიყავი. ლენინგრადის მერე ძნელი იყო აქ მუშაობა. ხაშურში ლეგენდებიც გამომიგონეს – იაპონური ხელსაწყოები აქვს და კბილს ისე იღებს, პაციენტი ვერ გრძნობსო. რაც რუსეთში მუშაობის ხუთწლიან პერიოდში პრაქტიკა გავიარე, ალბათ მსოფლიოს ვერცერთ კლინიკაში ათი წელიც რომ მემუშავა, მსგავს გამოცდილებას ვერ მივიღებდი.
წავედი ისევ პეტერბურგში. ხაშურიდან მირეკავდა მამაჩემი – როდის ჩამოხვალ, ხალხი გელოდებაო. ვეუბნებოდი, ერთ კვირაში ჩამოვალ-მეთქი. ბოლოს მიხვდა, რომ დამბრუნებელი აღარ ვიყავი… პეტერბურგში, „მეათე სოვეტსკაიას“ ქუჩაზე ვნახე ადგილი, 67 კვადრატულმეტრიანი, 3-ოთახიანი ბინა პირველ სართულზე, სადაც კლინიკა გავხსენი. კლინიკა იქ ახლაც არის, რომელსაც ალბათ მუზეუმად გადავაკეთებ.
2 კაბინეტი გავაკეთე. თავიდან მარტო ვიყავი, მერე ნელ-ნელა გუნდი შევკრიბე. კლინიკა 24 საათი მუშაობდა. სულ ცხრა ექიმი ვიყავით. იმხელა რიგები იყო, წინასწარ ჩაწერილ ხალხს 1 წელი უწევდა ლოდინი… მაშინ არ იყო მარკეტინგი და არც განსხვავებული ფასები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ექიმებს ახალი ტექნოლოგიების სწავლა აღარ აინტერესებთ, პაციენტები რიგში ჩასაწერად ადმინისტრატორებს ქრთამებს აძლევენ… მივხვდი, რომ საბჭოთა კავშირისკენ ვბრუნდებოდი მაშინ, როდესაც მინდოდა მსოფლიო დონის სტომატოლოგიური კლინიკა მქონოდა. ამიტომაც ფასები 10-ჯერ გავზარდე და რიგი ერთ თვემდე შემცირდა.
ფასები რომ გავზარდეთ, შემოსავალიც კარგად წამოვიდა. ჩემმა ძმაკაცებმა მერსედესების ყიდვა რომ დაიწყეს, მე დანადგარების, ტექნოლოგიების და მასალების ყიდვაზე ვიყავი გადასული.
მოკლედ, 1992 წლის სექტემბრის დასაწყისში გავხსენი კლინიკა, რომელიც მალე მთელ ქალაქში ცნობილი გახდა. პირველად, თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიები რუსეთში მე დავნერგე. ბახილები, ხელთათმანები და ნიღბები, რომელიც რუსეთში საერთოდ არ იყო, პირველად ჩვენს კლინიკაში შემოვიტანე.
ორი წლის შემდეგ ნევის პროსპექტზე 550 კვადრატული მეტრის შენობა გაიტანეს აუქციონზე, რათა იმ შენობაში გახსნილიყო სტომატოლოგიური კლინიკა. 1995 წელს ამ შენობაში გავხსენი კლინიკა.
– თქვენ რუსეთში შემოგქონდათ უცხოური თანამედროვე ტექნოლოგიები. საზღვარგარეთ უშუალოდ მიდიოდით თუ ისე გადმოიტანეთ მაშინდელი ტექნოლოგიები?
– საზღვრები რომ გაიხსნა წავედი ფინეთში, გერმანიაში. დავიწყე შესწავლა, მასალების ჩამოტანა, კოლეგების შემოკრება, გუნდს ვქმნიდი. სასწავლო ცენტრიც გავხსენი. დღეს მაქვს 18 კლინიკა სანკტ-პეტერბურგში და 1 კლინიკა მოსკოვში. დღემდე ერთადერთი მთელ რუსეთში – სტომატოლოგიაში დიპლომის შემდგომი განათლების კერძო ინსტიტუტი.
1994 წელს გავხსენი სასწავლო ცენტრი. მთელ ქალაქში ვყიდულობდი ამოღებულ კბილებს, „ფანტომებში“ ვდებდი და ვასწავლიდი ჩემს ექიმებს, მე თვითონ ვვარჯიშობდი ამ ახალი ტექნოლოგიებით. უცხოელი სპეციალისტები ჩამომყავდა, ისინი რაღაცას გვასწავლიდნენ, ჩვენ ჩვენსას ვახვედრებდით… იმდენი საკუთარი გამოგონება მქონდა, რომ ახალი ტექნოლოგიების ათვისება ძალიან მიადვილდებოდა.
– თქვენ იმ დროს დაიწყეთ კერძო ბიზნესი, როცა ეს ჯერ კიდევ „ახალი ხილი“ იყო. რამე პრობლემები არ შეგექმნათ იგივე მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან?
– არანაირი პრობლემა. არავის ყურადღება არ მოუქცევია. მაშინ ყველა ბიზნესი წავიდა ნავთობის და ასევე უფრო შემოსავლიან სხვა სფეროებში. მედიცინისთვის ვის ეცალა?! ჩემი მეგობრები, რომლებიც მაშინ მსხვილ ბიზნესში ჩაებნენ, ერთხელ მეუბნებიან – ოდესმე 5 მილიონი დოლარი გინახავს? თუ გინდა გაჩვენებთო. ოთახში დოლარების 100 000-იანი დასტები ეწყო, გავგიჟდი. მედიცინაში მაშინ სად იყო ამდენი ფული. ჩემი კლინიკა ცნობილი რომ გახდა, უკვე უფრო დაზღვეულიც ვიყავი. ექიმის რეკეტი რა უნდა ყოფილიყო?! თან, ყველას სჭირდებოდა სტომატოლოგია.
როცა ჩემი სისტემა „მედი“ გაფართოვდა და პეტერბურგის ელიტამაც ჩვენთან დაიწყო სიარული, ჩამოყალიბდა სიტუაცია: „მედი“ და დანარჩენები. 1995 წელს, სანკტ-პეტერბურგში პირველად ჩამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ჰენრი კისინჯერი. სანკტ-პეტერბურგის მერი გახლდათ ანატოლი სობჩაკი და სწორედ მათი თაოსნობით შეიქმნა სობჩაკი-კისინჯერის კომისია, რომელიც რუსეთისთვის სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებას და დახმარებას ითვალისწინებდა. ამ კომისიის ეგიდით ამერიკაში გამგზავნეს კიდეც. 1994 წელს ამერიკელებმა მომცეს კრედიტი და 20%-იანი წლიური ლიზინგით დანადგარები. მართალია, საკმაოდ ძვირი იყო, მაგრამ მაწყობდა. ნევის პროსპექტზე ავიღე შენობა იჯარით და ისეთი კლინიკა გავაკეთე, რომლის ანალოგიც რუსეთში არ იყო. მოსკოვიდანაც ჩემთან ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ სტომატოლოგიას.
მთელი პეტერბურგის ელიტა ჩემთან მკურნალობდა, მერე მთხოვეს, კლინიკა მოსკოვშიც გამეხსნა.
სტომატოლოგიით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ პროფილი გავაფართოვეთ: ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა, ლაზერული კორექცია. ახლა სხვადასხვა პოლიკლინიკები მაქვს, სულ 18.
ჩემი კლინიკები დღეს უკვე 1500 თანამშრომელს აერთიანებს. მათ შორის 350 სხვადასხვა სპეციალობის ექიმია. ასევე ინსტიტუტში პროფესორები მუშაობენ. ასე რომ, ნულიდან შექმნილ სამედიცინო ბიზნესებიდან „მედი“ ყველაზე დიდი სისტემაა რუსეთში.
– ბევრისგან განსხვავებით თქვენ სამეწარმეო საქმიანობა ნულიდან დაიწყეთ და არა რაიმე არსებულ ბაზაზე ააწყვეთ ბიზნესი.
– როგორც გითხარით, ხაშურიდან რომ ჩამოვედი, მოვნახე ის 67 კვადრატულმეტრიანი ბინა და თვითონ ვიყავი ბრიგადირი. სამი მუშა მყავდა. ვანგრევდით, ვარემონტებდით, ვაკეთებდით. პორტატული ბორმანქანებით დავიწყე იქ მუშაობა.
– თუ საიდუმლო არ არის, თქვენი ბიზნესების ერთობლივი წლიური ბრუნვა ამჟამად რა თანხის ფარგლებშია?
– წლიური მოგება დაახლოებით 10 მილიონ დოლარამდეა. მოგება და არა ბრუნვა. ყოველ წელიწადს ახალ კლინიკას ვხსნით. გუნდი მუშაობს. ჩემთან ISO სისტემით არის აწყობილი ყველაფერი.
– თქვენი ოჯახი ახლა პეტერბურგში ცხოვრობს?
– ჩემი ოჯახი ამჟამად სანკტ-პეტერბურგშია. მეუღლე თბილისელია, კანდელაკი ირინე. გოგო 19 წლის არის, მესამე კურსზეა, სამედიცინოზე სწავლობს. შარშან ტყუპი ბიჭები შეგვეძინა, ასე რომ მემკვიდრეები მყავს. 35 წელიწადია რუსეთში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ყოველთვის მინდოდა და ვაპირებდი.
ჩემი ძმა ხომ სამხედრო ექიმია, ბევრი ადგილი გამოიცვალა და 1996 წელს, საქართველოში რომ არეული სიტუაცია იყო, ვუთხარი წამოდი, მხარში ამომიდექი-მეთქი. ნელ-ნელა ავაწყვეთ ბიზნესი. განვავითარეთ ესთეტიკური მედიცინა. შემდეგ, ესეც და მალამო „ბიოპინის“ წარმოებაც ძმამ გადაიბარა. თავისი მეუღლე ჩართო საქმეში – ექიმია. სხვათა შორის, თბილისში პირველი ლაზერული ეპილაციის ცენტრი ჩვენ გავხსენით.
– თბილისში, კლინიკა „მედი“ თქვენი საკუთრებაა?
– არა, საქართველოში კლინიკა „მედი“ ჩემი ძმის არის. მას კლინიკათა საკუთარი ქსელი აქვს, მათ შორის დიდი კლინიკა სანკტ-პეტერბურგში, პრაღაში და კლინიკათა ქსელი საქართველოში. პეტერბურგში ყველას ჰგონია, რომ ის კლინიკაც ჩემს „მედი ჯგუფში“ შედის. არადა, ჩემი ძმის კლინიკათა ქსელს „მედი ესთეტიკი“ ჰქვია.
– თქვენ და თქვენი ძმა კონკურენტები ხართ?
– კონკურენტები არ ვართ. საქართველოში სულ სხვა სეგმენტში შემოვდივარ, რასაც „ველნეს ინდუსტრია“ ჰქვია. ახლა ცხოვრების იმ საფეხურზე ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ 18 კლინიკა მექნება თუ 38 დიდი სხვაობა აღარ არის. მინდა რაღაც სრულიად ახალი გავაკეთო. ეს არის გამაჯანსაღებელი სისტემის შექმნა. მით უმეტეს, ამ გამაჯანსაღებელ სისტემაში 2004 წელს მთლიანად ჩავერთე. იმ დროს საშუალოდ 170-172 კილოგრამს ვიწონიდი. 164 კილოს რომ ვიწონიდი, მაშინ დავიწყე პროცედურების ჩატარება და ჩამოვედი 90 კილოგრამამდე. 74 კილო დავაგდე ერთი წლის განმავლობაში. ექიმების გუნდთან ერთად შევიმუშავე გამაჯანსაღებელი და არა გასახდომი სისტემა. გაჯანსაღება ავტომატურად გახდომასაც იწვევს. გაჯანსაღებით გახდომა სხვაა და დიეტით წონის მოკლება სხვა.
– რას მოიცავს ეს გაჯანსაღების სისტემა?
– სწორი კვება, სწორი ფიზიკური აქტივობა, ესთეტიკური მედიცინა, გენეტიკური ანალიზი, ორგანიზმის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და კორექტირება, რაც გულისხმობს სისხლის ანალიზზე დაკვირვებას, მიკროელემენტების მდგომარეობის ღრმა და საფუძვლიან კონტროლს.
– ქირურგიულ ჩარევამდე მიდის საქმე?
– არა. პროცესების სწორად ჩატარების შემთხვევაში ამხელა წონის დაკლების მიუხედავად სხეულზე არ რჩება კვალი და მოშვებული კანი. სისტემაა გაჯანსაღების და გაჯანსაღება როგორ შეიძლება ქირურგიით მოხდეს?
კარგი ექიმების გუნდი მყავს. Anti-Aging Medicine-ზე (დაბერების საწინააღმდეგო მედიცინა) მუშაობს ჩემი გუნდი. გადავწყვიტე, ყველაზე კარგი რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა ეს იყო ასეთი გამაჯანსაღებელი სისტემის შექმნა. ჯერჯერობით, ეს მდიდრების მედიცინაა, რადგან ადამიანს ყველაფერი რომ აქვს, მხოლოდ მერე იწყებს ფიქრს ორგანიზმის გაჯანსაღებაზე.
– ამ ბიზნესის განვითარება საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ?
– საქართველო ასეთი გარემოს შექმნას იდეალურად მიესადაგება. ჩვენთან ბევრი კლიმატური ზონაა, მინერალური წყლების, სამკურნალო მცენარეების ყველაზე მეტი კონცენტრაცია საქართველოშია. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში განვავითარო Wellness (ხალასი ჯანმრთელობა) ინდუსტრია.
ასე რომ ქვეყნისთვისაც კარგ საქმეს ვაკეთებ და ჩემთვისაც – მინდა სულ ჯანსაღად ვიყო. თან, საქართველოში, ჩემს მიწა-წყალზე, სუფთა ჰაერზე. ჰოდა, ამ მიზნით 2007 დავაარსე კომპანია „მედჯგუფი საქართველო“. შევქმენი ბრენდი Georgian Wellness და ამ ბრენდის მაღალ დონეზე აწევა მინდა.
რატომ ავირჩიე კოჯორი? ბუნებრივად კარგი ადგილია, თბილისთან ახლოს. მსოფლიოში ბევრი კარგი „ველნეს ცენტრი“ მინახავს, მაგრამ მათი პრობლემა ქალაქიდან მოშორებაა. მთაში და ტყეში მაღალი დონის პერსონალს ვერ ნახულობენ.
– აპირებთ, რომ მსგავსი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს სხვა რეგიონშიც გახსნათ?
– იდეალური იქნება, აქ ბაზა იყოს და პერსონალის მეშვეობით განვავითაროთ სხვადასხვა ეგზოტიკურ ზონაში… იქ, სადაც ჩანჩქერებია, ტბებია, მთებია, ხედებია – იყოს ასეთი კომპლექსები.
– თქვენ რუსეთში ააწყვეთ ისეთი ბიზნესი, ახლა აქ აპირებთ საქმიანობის განვითარებას. რა განსხვავებებია ინვესტორისთვის ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით?
– ჩემს შემთხვევაში არასტანდარტული სიტუაციაა. იმ ინდუსტრიის შექმნა, რასაც ვაკეთებ, ძალიან რთული ბიზნესია და ნაკლებად მომგებიანიც. დამითვალეს მარკეტოლოგებმა და დაახლოებით 10 წელი სჭირდება რომ ეს ბიზნესი ფეხზე დადგეს. მაგრამ, მე წავედი ასეთ პირობებზე. თვითონ ჩამოვდივარ, აქ ვიცხოვრებ და მაქსიმალურად ვიქნები ჩართული საქმეში. იმედი მაქვს რომ ამ საქმეში სხვა ინვესტორებიც გამომყვებიან. „ველნეს ინდუსტრია“ რომ შექმნა, მრავალი კომპანია უნდა იყოს. მაგალითად, დანადგარებია საჭირო. ურეკში ქვიშა მშვენიერია, მაგრამ ამ ქვიშისგან მაქსიმალური შედეგის მისაღებად, მის გაცრა, არომატების დამატება და ტომრებში ჩაყრაა საჭირო. მერე, სპილენძის ლამაზი აბაზანა უნდა დადგა, რომელიც თბება, იმ აბაზანაში ამ ქვიშას ჩაყრიან, გაათბობენ, დააწვენენ ადამიანს და ზემოდანაც ქვიშას დააყრიან. ამ პირობებში ის განსაკუთრებულად კარგად მუშაობს. ასე ურეკის ქვიშა არავის გამოუყენებია. საქართველოში ღვინის მეტი რა არის, მაგრამ მხოლოდ ახლა იწყებენ ღვინით თერაპიას. თერაპია ერთია, მაგრამ ამ ღვინოში სამკურნალო ბალახებსაც რომ დავამატებ, ღვინოში რომ სამედიცინო განხრით პროცედურებს გავაერთიანებ, უკვე კომპლექსურ შედეგს მოვიღებთ.
– გამოდის, ინოვაციები შემოგაქვთ?
– რომ ვთქვა, მე გამოვიგონე-მეთქი – ასე არ არის. უბრალოდ, გავაერთიანებ ამ ყველაფერს. იგივე, ღვინო თერაპიის ცენტრები ცალკე არსებობს, თერმული წყლების ცალკე. ერთიანად კი აქ იქნება.
ეს ტერიტორია შემოღობილი იქნება, რადგან ტერიტორიის შიგნით სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი გვეყოლება. ჩაიდგმება „ველნეს კოტეჯები“, თითო ადამიანს თავისი ინდივიდუალური „ველნეს თერაპევტი“ ეყოლება და საკუთარი, ინდივიდუალური პროცედურები ექნება.
ცალკე იქნება საზოგადოებრივი ზონა, ჯანსაღი სამზარეულოთი, საკონცერტო დარბაზით, საგამონეფო სივრცით და სხვა. ადამიანს მხოლოდ ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიური გაჯანსაღებაც ხომ სჭირდება.
– ამ გასართობ სახეობებში სათამაშო ბიზნესიც ხომ არ იქნება?
– არა. კაზინო და მსგავსი რაღაცები ადამიანს პირიქით, ფსიქიკას უფუჭებს. ამიტომ, აქ იქნება ცხენებით სიარული, სხვადასხვა პროცედურები. რაც ადამიანს გონებას უღლის, ყველაფერს უნდა მოვწყვიტოთ. ფსიქოლოგიური გაწმენდის საშუალება უნდა მივცეთ.
– ამ ყველაფრის განსახორციელებლად აქაური ბიზნეს-გარემო რამდენად მისაღებად გეჩვენებათ? ვიცი, რომ იგივე გზის გაყვანაზე და ხეების მოჭრაზე პრობლემებიც შეგექმნათ…
– სხვა პრობლემებს ველოდებოდი და სულ სხვა დამხვდა. ვიცოდი, რომ პერსონალის შერჩევა გამიჭირდებოდა. რაშიც გამიმართლა, ეს გენერალური დირექტორია, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მირიან ამირანაშვილი აქ ფულის კი არა, საქმის გამოა. მითხრეს, საქართველოში ეგ ყველაზე დიდი პრობლემაო.
პრობლემა აქ ადგილობრივი მოსახლეობა გახდა. სხვაგან, სადაც მაქვს ბიზნესი, ურთიერთობა მაქვს კანონთან და სახელმწიფო ორგანოებთან. აქ არ ვიცი, გარდამავალი პერიოდის გამო თუ რატომ, წავკისის მოსახლეობის ნაწილი აღმოჩნდა პრობლემის შემქმნელი. ზოგი ნაკვეთი, რომელიც ვიყიდე ან გადავცვალე, ძველმა მეპატრონეებმა პირობა გადათქვეს. შეხედეს სიტუაციას და რატომღაც გადაწყვიტეს ფული წამგლიჯონ.
სამაგიეროდ, სახელმწიფო ორგანოებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ადრინდელთან და არც ახლანდელთან.
– ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ თქვენს წინააღმდეგ, ვინც ხშირად პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ ხოლმე.
– უფრო ის ადამიანები, ვინც ნაკვეთების ბიზნესშია ჩართული. როგორც აღმოვაჩინე, ასეთი ადამიანები ორივე პოლიტიკურ ძალაში არიან.
ჯერ „აგვიგორეს“ ონკოლოგიურ ცენტრს აშენებენო, მერე მთავრობა რომ შეიცვალა, თქვეს, სააკაშვილის მამის ორგანიზაციის საკუთრება იქნებაო… შემდეგ თქვეს, ტყეებს ჩეხავენ და ბუნებას ანადგურებენო… არადა, აგერ არის ტყე. ხეები მხოლოდ სანიტარიული მიზნით არის გამოხშირული. გამოხშირვის შემდეგ ტყე გამოცოცხლდა. ტყეში მშვენიერი სასიარულოა და სუფთა ჰაერია. მომავალ წელს, ბევრად უკეთესი იქნება. გიჟი ხომ არ ვარ, ტყე გავჩეხო? ბუნება „ველნეს ინდუსტრიის“ მთავარი ნაწილია. საკუთარი ინვესტიცია სადაც მაქვს, იმას ხომ არ გავანადგურებ? ლაშა ჩხარტიშვილმა – გზა რატომ გააკეთეთო და ხომ არ ვიფრენდით? გზა საჭირო იყო და იმ გზაზე რაც ხე იყო, ისინი მოვჭერით.
– ნებართვები გაქვთ ან გზის გაყვანაზე, ან ხეების მოჭრაზე?
– ცხადია გვაქვს. უცხოელი ინვესტორი ვარ, ნებართვების გარეშე როგორ გავაკეთებდი?!
– ანუ, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე?
– რუსეთის მოქალაქე ვარ. სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობ. იქ მაქვს მთელი ბიზნესი და აქ ჩამოვედი როგორც ინვესტორი. მთავარი საარსებო წყარო იქ მაქვს და ნელ-ნელა აქეთ მომაქვს.
– პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა არ გაქვთ? ან წინა ხელისუფლებასთან, ან ახლანდელთან?
– ჯერ კიდევ პეტერბურგში ძალიან ბევრს მეხვეწებოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფში შევსულიყავი. საკმაოდ კარგი რეპუტაცია მაქვს. ჩემს სტომატოლოგიას მთელი რუსეთი იცნობს. ჩემი მეგობარი, სვიატოსლავ ფეოდოროვი, ცნობილი ოფთალმოლოგი იყო, 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წავიდა. მედიცინაში რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ფეოდოროვის მაგალითზე კი ვნახე, თუ რამდენ სიბინძურეში გხვევენ როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, მაშინ როცა მას უნაკლო რეპუტაცია და ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება ჰქონდა. დავრწმუნდი, მედიცინის და პოლიტიკის ერთმანეთში არევა კატეგორიულად მიუღებელია.
ჩემი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანაბრად ვიყო მოშორებული. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა მთავრობაში ვინ არის, ან ვინ მოვა. მთავარია, ბიზნესის წარმოების პირობა იყოს. თუ მოვიდნენ და მაყაჩაღეს, რა ბიზნესს გავაკეთებ?!
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას – არც ადრე ყოფილა და არც ახლაა. მაგალითად, შეხვედრა მქონდა ეკონომიკის ახლანდელ მინისტრთან და რომ ვუთხარი რასაც ვაკეთებთ, კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთო.
– რუსეთის მთავრობა ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მტერს უწოდებდა. ამ განცხადებებს 2008 წელს ომიც მოჰყვა, რაც ინვესტორებს ერთმნიშვნელოვნად აფრთხობს. თქვენთვის, რომელიც რუსეთში საქმიანობთ, საქართველო რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ბიზნეს-საქმიანობისთვის. ღირს კი აქ ფულის ჩადება?
– რუსი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ფულის ჩადება რამდენად ღირს ვერ გეტყვით. მე სხვა სიტუაცია მაქვს. ვინმე რუს ბიზნესმენს საქართველოში ინვესტირება რომ შევთავაზო, ფრთხილობენ. მათთვის უცხო ქვეყანა და უცხო სიტუაციაა. დადებითი განწყობა რომ შეიქმნებოდეს, ბევრს წამოვიყვანდი. მაგრამ, ეს ხომ პოლიტიკოსების საქმეა. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ძალიან კარგი იყო უვიზო შემოსვლა რომ დაწესდა. ზოგჯერ მეგობრები ჩამოგვყავს ხოლმე, რომ დაინახონ სინამდვილეში აქ რა ხდება.
ამ კომპლექსს რომ გავაკეთებ, ჩემთან ჩამოვლენ. რომ ნახავენ აქ ჩამოსვლა და ფულის ჩადება უსაფრთხოა, მერე ბიზნესზეც იფიქრებენ.
– რუსეთში მოქმედმა მსხვილმა ბიზნესმენმა საქართველოში ინვესტირება რომ გადაწყვიტოს, ხომ არ მოუწევს ფიქრი – რას იტყვიან მის ამ ქმედებაზე რუსი ჩინოვნიკები?
– ბიზნესმენებს ცოტა იმისიც ეშინიათ, საქართველოში რომ ჩავიდე – რა სიტუაცია დამხვდებაო და ასევე იმის შიშიც აქვთ – რას იფიქრებს მათზე რუსი პოლიტიკოსი. ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ზოგიერთებს იმის განცდა აქვთ, ვინმე არ გაუნაწყენდეთ. ეტყვიან, „რა, აქ ცოტა ადგილია, საქართველოში რომ არ წახვიდე?!“
– თქვენ კლინიკების ქსელი ნულიდან განავითარეთ რუსეთში. იგივე რომ საქართველოში გააკეთოს ვინმემ რა ბარიერებს წააწყდება აქ და რა მსგავსებაა პრობლემებში?
– ჩემი ძმის კომპანიის მაგალითზე ვიცი, რომ ბიუროკრატიის მხრივ აქ გაცილებით უკეთესი სიტუაცია დახვდა, მაგრამ პერსონალის თვალსაზრისით ბევრად უარესი. აქ ხალხი ბიზნეს-ფსიქოლოგიას ვერ გრძნობს. მაგალითად, თანამშრომელი რომ რაიმე შეცდომის ან დარღვევის გამო დასაჯო, შეიძლება ნათესავები მოვიდნენ საქმის გასარჩევად. ევროპაში წარმოუდგენელია მსგავსი რამ.
აქაური კანონმდებლობა მთლად იდეალური არ არის, მაგრამ, რუსეთში კანონმდებლობა უარესია. იქ შეიძლება ყველაფერზე მოილაპარაკო ინდივიდუალურად. აქ კი უკეთესი სისტემაა. ხომ ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესს ავიწროვებენ? გულწრფელად გეტყვით, ჩემს ძმასთან სახელმწიფოს მხრიდან არავინ მისულა. მაგრამ, ყოფილა ასეთი სიტუაცია: აშენებდა კლინიკას და გვერდით შენობაზე, სადაც წესით ყრუ კედელი უნდა იყოს, ვიღაცას ფანჯარა აქვს უკანონოდ გამოჭრილი. ის მთელი ნათესავებით დაადგა, რომ ხალხს ვაჩივლინებთ, ამას რაღაცას ვათქმევინებთ და პრობლემები შეუქმნა. მსგავსი სიტუაცია ჩემს ძმასაც ჰქონდა და მეც შემექმნა.
აქ ხალხს არა აქვს კანონმორჩილების განცდა. რაღაცა უკანონოდ აქვს გაკეთებული და მაინც ნახულობს გზას, შეგიშალოს ხელი და დაგაშანტაჟოს. რუსეთში ეს არ არის. სამაგიეროდ, იქ ქრთამებია. აქ თუ კერძო გიშლის ხელს, იქ ჩინოვნიკი. აქ თუ კერძოსთან უნდა მოილაპარაკო, იქ ჩინოვნიკთან.
– თქვენ თქვით, რომ ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში პერსონალის პრობლემაა. რას გულისხმობთ, რუსეთთან შედარებით უარესი სიტუაციაა?
– კი, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩემი ძმაც ამას ამბობს და იგივეს ვხედავ. ხალხის განათლების დონე ეკონომიკის სფეროში ძალიან დაბალია.
– პერსონალის უცხოეთიდან ჩამოყვანას ხომ არ აპირებთ, რადგან აქ კადრების დეფიციტი ყოფილა?
– მირიან ამირანაშვილის მსგავსი 2-3 კაცი თუ მოვნახე, მშვიდად ვიქნები. პერსონალის მართვის დეპარტამენტი ძალიან საკვანძო სტრუქტურაა კომპანიაში. მედიცინის სერვისის ბიზნესი ადამიანზეა ორიენტირებული. რაც არ უნდა ლამაზი ინფრასტრუქტურა გავაკეთოთ, თუ პერსონალი არ არის სათანადო – აზრი ეკარგება.
– ექიმების და ინსტრუქტორების ჩამოყვანას გეგმავთ?
– თავდაპირველად კი. მაგრამ, მთავარი შემადგენლობა მაინც ადგილობრივი იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ექიმებს ხშირად არც გამოცდილება აქვთ და არც მაღალი ხელფასი. შემიძლია მათგან პერსპექტიულები შევარჩიო და ამ ორ წელიწადში კარგი ცოდნა მივცე. შეიქმნება „ველნეს ინდუსტრიის“ მაგარი გუნდი. ევროპაში იგივეს გაკეთება უფრო რთულია. ადამიანი მედიცინაში თუ წავიდა, უფრო მეტ ფულს შოულობს. „ველნეს ინდუსტრიაში“ რატომ წავა?
სამედიცინო ბიზნესი და „ველნეს ბიზნესი“ სხვადასხვა ეკონომიკაა. მაგრამ ევროპასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალს აქ არა აქვს დიდი შემოსავალი. ამ სიტუაციას გამოვიყენებ. კარგ გუნდს შევკრიბავ და კვალიფიკაციას ავუმაღლებ. ისინი უკვე იქნებიან პროფესიონალები როგორც „ველნეს მედიცინაში“, ასევე მთლიანად „ველნეს ინდუსტრიაში“.
– იგივე რუსეთში, სადაც უკვე გამართულად მოქმედებს თქვენი ბიზნესი, პერსონალის შერჩევისას უშუალოდ პირადად წყვეტთ ვინ აიყვანოთ სამსახურში თუ კადრების განყოფილება გყავთ და მას ენდობით?
– არა, სისტემაა აწყობილი და გამართული. თუ პერსონალი ვარჩიე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე. მთელი პროცესი ჩამოყალიბებულია – როგორ ხდება პირველი გასაუბრება, შემდეგ შეფასება და გადაწყვეტილების მიღება.
– საქართველოში ხშირად მსხვილი ფირმების მფლობელებიც კი უშუალოდ წყვეტენ სამსახურში რიგით თანამშრომლის მიღებას…
– ეს ისეთ ფირმებში ხდება, სადაც არ ჰყავთ საშუალო რგოლის ხელმძღვანელები. მეც მქონდა ეგ პერიოდი, როცა პირადად ვწყვეტდი ასეთ საკითხებს, მაგრამ „ეს ავადმყოფობა უკვე გადავიტანე“.
– გარდა ბიზნესისა, თქვენ ალპინიზმიც გყვარებიათ და იალბუზზეც ასულხართ. როგორ მოხდა ეს ამბავი?
– 2005 წელს, წონაში რომ დავიკელი, ვიფიქრე რა გამეკეთებინა და შემომთავაზეს იალბუზზე ასვლა. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ჩემს ცხოვრებაში არც მიფიქრია და არც მიოცნებია ამაზე. ახლა ის უნდა შევასრულო, რაზეც არც კი მიფიქრია-მეთქი და გავაკეთე.
მედიცინაში კარგად ვარ გარკვეული, წასვლამდე ათი დღე ფიზიკურადაც მოვემზადე. ისე კარგად ავედი 5642 მეტრიან მწვერვალზე, არც თავბრუხვევა მქონია და არც თავის ტკივილი.
– წონის დაკლების თქვენი მეთოდი შეიძლება ბიზნესად აქციოთ?
– ბიზნესად ამ მეთოდს არ და ვერ გადავაქცევ. თუ სხვა შემთხვევებში მხოლოდ ექიმი მუშაობს, აქ ადამიანს უმეტესაც თავად უწევს მუშაობა. დიდი წილი სწორედ მის მონდომებაზეა. იქ, სადაც ადამიანს თვითონ უწევს მუშაობა, ძალიან რთულია ბიზნესად აქციო. ადამიანი რაღაცას არ შეასრულებს და შედეგი რომ არ იქნება, მერე დაგბრალდება შენ.
– თუმცა, გამაჯანსაღებელი სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წონის კლებაც ხომ არის?
– ეგ იქნება ნაწილი, მაგრამ წონის დაკლება არ იქნება ცალკე ბიზნესის სახეობა. სისტემა გახდომას არ სთავაზობს, ჩვენ ვთავაზობთ გაჯანსაღებას, რაც თავისთავად წონის დაკლებასაც გულისხმობს, თუ პროცედურებს დაიცავს.
– რაც შეეხება თქვენს მიერ წონის შემცირებას, როგორ მოხდა და რა პერიოდი გაგრძელდა?
– ჩემი გუნდი და ჩემი მეცნიერები ჩავრთე. დეტალურად შევისწავლეთ დიეტოლოგიაც და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებიც. ჩავიბეჭდე გონებაში რომ ამას შევძლებდი, რადგან ამ პროცესს სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადებაც სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. შენი ჩვევების „რეინჟინერინგი“ უნდა გააკეთო. ცოდნა იმის, რომ როგორ უნდა გააკეთო, არ არის საკმარისი. კი, გასწავლი, გეცოდინება, მაგრამ ვერ გააკეთებ.
ეს ყველაფერი შევისწავლე და დავიწყე. ვიყავი საკუთარი თავის წონის დაკლების გამწევი ძალა. ჩემი კოლეგები მაკონტროლებდნენ. ყოველ სამ დღეში სისხლის ანალიზს ვიკეთებდი, ვამოწმებდი მიკროელემენტებს, რამ მოიკლო ორგანიზმში, რა დავამატოთ, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი ცალკე მაკვირდებოდა, რომ მოშვებული კანი არ დარჩენილიყო. გახდომისას ორგანიზმიდან მხოლოდ ცხიმი არ გადის. აკვარიუმის მსგავსი სიტუაციაა, როცა გინდა რომ წყალი გამოცვალო, მაგრამ ბინძური წყალი თუ გადაასხი და თევზებიც გადააყოლე – არ ივარგებს. წონის დარეგულირებაში კვება არის ფუნდამენტი. პლუს სწორი ფიზიკური აქტიურობა. ბევრმა ადამიანმა არასწორი დატვირთვით ხერხემალი სამუდამოდ დაიზიანა.
ძალიან ცუდია სანაპიროზე ხალხი რომ დარბის და ჰგონიათ ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს აკეთებენ. მტვერში და გამონაბოლქვში, ორგანიზმში იმდენი მძიმე მეტალები შედის, რომ ჯანმრთელობას აუარესებს. თან სირბილსაც გააჩნია, შეიძლება სუფთა ჰაერზე ირბინოს, მაგრამ თუ 20%-ზე მეტი აქვს წონა მომატებული, მაშინ ძალიან დიდ დარტყმას აყენებს სახსრებს და აზიანებს. მოკლედ, მთელი მეცნიერებაა რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
– დასასრულ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი და ჰობი?
– თავისუფალი დროც და ჰობიც ხმარდება ველნეს-ინდუსტრიის შექმნას. ამას ვაკეთებ და ამით ვცხოვრობ ახლა.
ესაუბრა თემურ იობაშვილი




