ინტერვიუ გამოქვეყნდა 2024 წელს, ჟურნალ “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს №12(300)-ში
გიორგი თაქთაქიშვილი – დაიბადა 1975 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში.
1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1997-1999 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე.
2000 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ და ამ დროიდან მისი პროფესიული საქმიანობა უწყვეტად არის დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებასთან და უფლებებთან.
2000-2005 წლებში „საქპატენტში“ ჯერ ეკავა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდგომში – უფროსის თანამდებობა. იმავდროულად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის წევრი.
2009-2010 წლებში მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მიერ დაფინანსებულ კვლევებში, რომლებიც ეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებას და კონტრაფაქციას.
2021-2023 წლებში, როგორც სამართლებრივი ექსპერტი, მონაწილეობდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავდა „საქპატენტის“ ექსპერტებისთვის სასაქონლო ნიშნების და დიზაინების სახელმძღვანელოების შემუშავებას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2004 წლიდან, ხოლო საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი მოიპოვა 2005 წელს. იგი ასევე გახლავთ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (AIPPI) ეროვნული ჯგუფის წევრი, ასევე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) წევრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.
2017 წლიდან არის ანტი-კონტრაფაქციული ორგანიზაცია REACT-ის (www.react.org) პარტნიორი საქართველოში და წარმოადგენს მისი წევრების ინტერესებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კონტრაფაქციასთან ბრძოლის საკითხებში.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
- ბატონო გიორგი, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ.
– დავიბადე ქალაქ თბილისში. ვცხოვრობდი დიდუბის რაიონში და დავამთავრე თბილისის მე-100 საშუალო სკოლა. 1992 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უნივერსიტეტი 1997 წელს დავამთავრე. ვიმუშავე განსხვავებულ სფეროებში – ეს იყო ბანკი და სხვადასხვა კომპანიები. 2000 წლიდან კი მუშაობა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ გავაგრძელე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და სააპელაციო პალატის წევრად. შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიყავი. 2005 წელს „საქპატენტიდან“ წამოვედი. მას მერე ვარ კერძო სექტორში და ვმუშაობ მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, დავებზე.
- როდის და როგორ ჩამოყალიბდა კომპანია “მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი”, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებით? ვინ არიან თქვენი პარტნიორები?
– ჩვენი პირველი კომპანია, პარტნიორებთან ერთად 2007 წელს დავაფუძნეთ. ჩემი პარტნიორები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან.
ერთ-ერთი მათგანია ალექსანდრე მიქაძე, რომელიც კომპანიის საპატიო პარტნიორია. ის, ასაკიდან გამომდინარე, კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ამჟამად აქტიურად ჩართული არ არის. ბატონი ალექსანდრე მიქაძე გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი პირველი პატენტრწმუნებული, რომელმაც ამ სექტორში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც „საქპატენტი“ პირველად შეიქმნა. მოგვიანებით ერთობლივად დავაფუძნეთ კომპანია, მნიშვნელოვანწილად იმ აქტივზე, რომელსაც ბატონი ალექსანდრეს მიერ წლების განმავლობაში მოზიდული კლიენტები წარმოადგენდნენ. ასე რომ, ჩვენი კომპანია ცარიელ ენთუზიაზმზე არ შექმნილა, მას მყარი საფუძველი ჰქონდა, რომელიც სწორედ ბატონმა ალექსანდრე მიქაძემ შექმნა.
მეორე პარტნიორია ალექსანდრე გეგეჭკორი, რომელმაც ბევრი წელი იმუშავა საპატენტო სფეროში. გარდა იმისა, რომ ის საქართველოს პატენტრწმუნებულია, ტექნიკური განათლებაც აქვს. ჩვენი კომპანიის საქმიანობაში მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემგან განსხვავებით, ის უნივერსალური თანამშრომელია. ერთდროულად შეუძლია, როგორც საპატენტო, ისე სასაქონლო ნიშნების განაცხადებზე მუშაობა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გატაცება ჩოგბურთის თამაშია, ამიტომ მას შემდეგ რაც ის ჩამოსცილდა კომპანიაში ყოველდღიურ საქმიანობას, ის მთელ დროს და ენერგიას სწორედ ჩოგბურთის თამაშს უთმობს, რასაც, როგორც ვეტერანი სპორტსმენი, პროფესიულ დონეზე აკეთებს. სხვათა შორის, მსოფლიო რეიტინგის ასეულშიც იყო. ეს სასიხარულოა და ვისურვებდი, ყველას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მის ასაკში ასეთი სპორტული ცხოვრებით იცხოვროს.
კიდევ ერთი პარტნიორი არის ნიკოლოზ გოგილიძე. ინტელექტუალურ საკუთრების სფეროსთან მისი კავშირი 2003 წელს „საქპატენტში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო „საქპატენტის“ სამართლებრივი საკითხების დირექტორი, 2014-2018 წლებში იყო „საქპატენტის“ თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ვადის ამოწურვის შემდეგ იგი კვლავ კერძო სექტორში დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, რომ 2014-2018 წელი ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი პერიოდია, მოხდა ქართული სისტემის ევროკავშირის მონაცემთა ბაზების სისტემებთან ინტეგრაცია. ეს ყველაფერი მისი თავმჯდომარეობის დროს გაკეთდა და სწორედ მისი აქტიურობით იყო განპირობებული.
- რატომ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე, რომელიც სამართლის ერთ-ერთი რთული დარგია? ეს არჩევანი “საქპატენტში” მუშაობამ განაპირობა?
– 2000 წლის დასაწყისში, როდესაც „საქპატენტში“ მუშაობა გადავწყვიტე, სხვა შემოთავაზებებიც მქონდა კერძო სექტორიდან, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი იყო. როგორც ჩანს, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართ ინტერესმა „საქპატენტში“ მუშაობის გადაწყვეტილება მიმაღებინა. ცხადია, ჩემი შემდეგი ნაბიჯი, რომ კერძო სექტორში დაბრუნებულს სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებით დავკავებულიყავი, უფრო ბუნებრივად მეჩვენება, ვინაიდან „საქპატენტში“ 5-წლიანი მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და სისტემა ზედმიწევნით კარგად შევისწავლე. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სექტორში მუშაობა კარგ გამოცდილებას იძლევა და ამდენად, იმისთვის, რომ საადვოკატო საქმიანობისას კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავი, ცხადია, იმ სფეროში უნდა გამეგრძელებინა მუშაობა, სადაც უპირატესობა მქონდა.
- უფრო ხშირად, რა სახის პრობლემები წარმოიშობა საქართველოში საავტორო და სხვა მსგავსი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით?
– ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები იყოფა ორ ნაწილად. ერთია – უფლებების მოპოვება, სარეგისტრაციო პროცედურები, რომელსაც „საქპატენტი“ ახორციელებს, მეორეა – ამ უფლებების დაცვა. ჩვენთან ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ პირველ ნაწილში სისტემა თითქმის ყოველთვის გამართულად მუშაობდა. „თითქმის“ იმიტომ ვამბობ, რომ დასაწყისში „საქპატენტს“ საკმარისი ტექნიკური აღჭურვილობა, გამოცდილება არ ჰქონდა, რის გამოც პროცედურული ვადების დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. ამას ასევე განაპირობებდა განაცხადების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც საქპატენტში შევიდა 1993-1994 წლებში. სადღაც 1997-1998 წლიდან მოყოლებული, „საქპატენტი“, ფაქტობრივად, თითით საჩვენებელი ორგანიზაცია იყო, არა მარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც კი, თავისი მოწესრიგებულობით, გადაწყვეტილებების ვადებში მიღებით, ხარისხით, ზოგადად იმ პროცესით, რომელიც „საქპატენტში“ მიმდინარეობდა. ადმინისტრაციის ხშირი ცვლილების მიუხედავად „საქპატენტი“ სტაბილურ ორგანიზაციად რჩება.
ძირითადი პრობლემა ყოველთვის უფლებების აღსრულება იყო, რომელიც უკავშირდებოდა ჯერ ერთი სასამართლო სისტემის არაეფექტიან მუშაობას, მერე არსებულ კორუფციულ საკითხებს, რაც ეხება დიდი რაოდენობით ყალბი საქონლის შემოდინებას, წიგნების უნებართვოდ გადაბეჭდვას და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ხდებოდა (სამწუხაროდ, უფრო ნელა, ვიდრე ვისურვებდი), იმ მექანიზმების დანერგვა, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის სამართლებრივ საფუძვლებს შექმნიდა. მეორე – მექანიზმის ქაღალდზე შექმნა ერთია და მისი რეალურად ამოქმედება კიდევ სხვა საკითხია. ამ შეკითხვაზე, თუ რა ტიპის პრობლემებს გამოვყოფდი, რომელიც დღესაც აქტუალურია, ეს არის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.
- უფლებების დაცვის პრობლემა ყველაზე მეტად რა მიმართულებით არსებობს? აქ განიხილება სასამართლო სისტემა?
– მაგალითად, სამართალდამცავი სისტემების მიერ არაეფექტიანი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ნიშნების მიმართ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს მისი დაცვის სასაზღვრო ღონისძიებებს, ვხედავთ, რომ ამ სასაქონლო ნიშნებით მარკირებული ყალბი საქონლით სავსეა ჩვენი ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ საქონელმა საბაჟო საზღვარი ისე გამოიარა, რომ ეფექტიანი კონტროლის განხორციელება ვერ მოხდა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ არის ისე ეფექტიანი, როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით, თუმცა, იმის თქმა არ მინდა, რომ არაფერი კეთდება. კეთდება, მაგრამ ჩვენი, როგორც კერძო სექტორის ინტერესია, ეს კიდევ უფრო ეფექტიანად კეთდებოდეს. ისიც გვესმის, რომ სახელმწიფოს რესურსებიც შეზღუდულია და ცხადია, რომ მათ სხვა მილიონ პრობლემასთან გამკლავება უწევთ, თუნდაც შემოსავლების სამსახურს.
- დიახ, საქართველოში გაყალბებული სასაქონლო ნიშნებით ძალიან ბევრი პროდუქტი იყიდება. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე უცხოურ კომპანიას, საკუთარი უფლებების დასაცავად, დავა ადგილობრივ იმპორტიორთან დაეწყო?
– არაერთი დავა ყოფილა. ახლაც გვაქვს მიმდინარე დავები, რომლებიც, მაგალითად, პირადი ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებს ეხება, რომლის ყალბი ნიმუშები თბილისში მდებარე მაღაზიებში იყიდება. ამის გამო ვდაობთ, სამართლებრივ ზომებს მივმართავთ. ზოგჯერ ეს არის სასამართლო, ზოგჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
- დავები, ძირითადად, რა შემთხვევაშია, როდესაც ადგილობრივი მწარმოებელი იყენებს უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშანს პროდუქციის წარმოებისას თუ გაყალბებული სასაქონლო ნიშნით პროდუქტის იმპორტისას?
– ამ შემთხვევაში, იმპორტირებულ საქონელზე მაქვს ლაპარაკი, თუმცა არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ადგილობრივი მწარმოებლის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში აწარმოებდა ყალბ საქონელს.
- როდესაც იმპორტთან გვაქვს საქმე, ძირითადად, დავა ვის წინააღმდეგ არის, იმ კომპანიის, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ყალბ საქონელს აწარმოებს, თუ იმპორტიორის?
– ვინც შემოიტანა, იმასთან. ჩინეთში რომ ვიღაცამ ქართულ კომპანიას რაღაც მიყიდა, ამ კომპანიამ შემდეგ საქართველოში შემოიტანა, ჩვენ დავას ვაწარმოებთ ამ ქართული კომპანიის წინააღმდეგ. ჩინეთში ყალბი საქონლის წარმოების შესახებ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას სასაქონლო ნიშნის მფლობელს და შეიძლება იქ ცალკე პროცესები დაიწყოს. საქართველოში დავის ინიციირება ხდება იმპორტიორი კომპანიის წინააღმდეგ.
- რა უნდა მოიმოქმედონ პირებმა თავისი საავტორო და სხვა მსგავსი ინტელექტუალური უფლებების დასაცავად? საერთოდ, თქვენი შეფასებით, რამდენად მაღალია საქართველოში მოქალაქეთა ინფორმირების ხარისხი ამ უფლებების შესახებ?
– ინფორმირებულობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. ამაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფდი. ამ საკითხთან ბრძოლისთვის მარტო ბიზნესის ინფორმირება საკმარისი არ არის. მომხმარებელიც უნდა იყოს ინფორმირებული და მან უნდა იცოდეს, რომ ყალბი საქონლის შეძენით იგი ხელს უწყობს არაკანონიერ ქმედებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში ან საზღვარგარეთ. ამ მოქმედებებს თავის სახელი აქვს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული.
- მომხმარებელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ პროდუქტი ყალბი სასაქონლო ნიშნით იყიდება?
– პირველ რიგში მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ფენომენი არსებობს. ცხადია, ჩვენ მომხმარებელს ვერ დავავალდებულებთ, რომ ამის იდენტიფიცირება მოახდინოს, მაგრამ როდესაც თქვენ მიდიხართ სადღაც საეჭვო ადგილას, როგორიც არის ღია ბაზრობა, მასთან ახლოს მდებარე მაღაზია და იქ ყიდულობთ რაღაც ნივთს, აშკარად ხვდებით, რომ იაფია, ან ხარისხი არ არის ისეთი, რომელიც ორიგინალურ საქონელს უნდა ჰქონდეს, ეჭვი უნდა შეიტანოთ, რომ პროდუქტი შეიძლება ყალბი იყოს. ვიმეორებ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომხმარებელმა იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს, მაგრამ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს იმიტომ, რომ მან ეჭვი შეიტანოს, ყალბ საქონელს ხომ არ ყიდულობს.
რაც შეეხება ბიზნესს, დღესაც არსებობს უამრავი კომპანია საქართველოში, რომელიც მშვიდად საქმიანობს, თავისი ინტელექტუალური საკუთრება დაცული არ აქვს და ამასობაში შეიძლება ისე დაარღვიოს სხვისი უფლებები, რომ ეს სრულიად შეუგნებლად გააკეთოს. ასე რომ, ორივე მიმართულებითი დამატებითი მუშაობაა საჭირო. მე უფრო რბილი მიდგომის მომხრე ვარ მომხმარებელთა ნაწილში, ხოლო როცა ბიზნესი ხარ, ამ საკითხების ელემენტარული ცოდნა მაინც მოგეთხოვება.
- როგორ ხდება უფლებების დაცვა, როდესაც კონკრეტული პირის დარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს უნებართვოდ იყენებს სხვა?
– მაშინ ძალიან ადვილია. უპირველესად ჩვენ რასაც ვურჩევთ ხოლმე, არის ის, რომ ადამიანს, რომელიც შენს უფლებას არღვევს, მისწერო წერილი და აუხსნა, რომ ის უფლებას არღვევს. ხშირად ეს შედეგის მომცემია, რადგან კანონდარღვევა ზოგჯერ გაუთვითცნობიერებლად ხდება. თუ ვინმეს ბოროტი განზრახვა აქვს, ცხადია, მსგავსი კომუნიკაცია შედეგს არ იღებს და მერე ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება სასამართლოს მეშვეობით უნდა აუკრძალო.
- როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოში საბუღალტრო პროგრამა “ინფო ბუღალტრის” გამავრცელებელი კომპანიის, შპს “იბერ-ინფოს” გამარჯვებით დასრულდა ხანგრძლივი და პრინციპული დავა ამ პროგრამის თაობაზე, რომელსაც ის აწარმოებდა მისი ყოფილი პარტნიორის მიერ დაარსებული კომპანიების – “ფინანსური მართვის ჯგუფისა” და “ეფემჯი სოფტის” წინააღმდეგ. საქართველოს სასამართლომ ამ კომპანიებს სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრა შპს “იბერ-ინფოს” სასარგებლოდ. თქვენ ამ დავაში შპს “იბერ-ინფოს” ადვოკატი იყავით, თქვენს პარტნიორ ნიკოლოზ გოგილიძესთან ერთად. მოგვიყევით ამ დავისა და მის სამართლიან გადაწყვეტაში თქვენ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.
– დავა იყო საავტორო უფლებებზე. თავისთავად, დავა როცა თითქმის 12 წელი მიმდინარეობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მართლმსაჯულებას ვადებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ თითქმის 3 წელი ეს საქმე უზენაეს სასამართლოში იდო. არსებულ პრაქტიკაში ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ეს იყო სრულიად აღმაშფოთებელი ვითარება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მოპასუხე მხარეს, ეს არის შპს „ფინანსური მართვის ჯგუფი“ და შპს „ეფემჯი სოფტი“ და მათი მესვეურები, დაუმტკიცდათ, რომ მათ დაარღვიეს შპს “იბერ-ინფოს” უფლებები და მოიპარეს მისი კუთვნილი კომპიუტერული პროგრამის „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსია, მათი ტექსტობრივი ნაწილი. სასამართლოს განხილვის განმავლობაში ეს ყველაფერი დამტკიცდა. გულდასაწყვეტია ის, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში მხარეთა მორიგება ვერ მოხერხდა. მოპასუხე მხარემ, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა რაც ჩაიდინა, რას ჩადიოდა და რა მეთოდით ცდილობდა თავის დაცვას, არცერთ ეტაპზე არ მოინდომა დანაშაული ეღიარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აშკარა იყო ყველაფერი. ამიტომ მოგვიწია იმ გზით სიარული, რომელსაც თითქმის 12 წელი დასჭირდა, მაგრამ შედეგი ცდად ღირდა. ეს შედეგი არა მხოლოდ კანონიერია, არამედ სამართლიანიც. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურების მიმართ შეიძლება რაღაც პრეტენზიები მქონდეს, კარგია, რომ ეს შედეგი საბოლოოდ დადგა და სამართლიანობამ გაიმარჯვა.
- უფრო ხანგრძლივი დავა თუ გქონიათ?
– ამაზე ხანგრძლივი დავა არ მქონია. ჩემს პრაქტიკაში ეს საქმე თავისი ხანგრძლივობით – ჩემპიონია.
- ეს დავა მის საბოლოო დასრულებამდე 11,5 წელი გაგრძელდა… რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს? შპს “იბერ-ინფოს” ხომ “ინფო ბუღალტრის” საქართველოში გავრცელების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა და ასევე, “საქპატენტში” დაცული ჰქონდა სიტყვიერი და გამოსახულებითი სავაჭრო ნიშნები? ეს ხომ საკმარისი უნდა ყოფილიყო დავის სწრაფად მოსაგებად? მოსამართლეებს რამდენად აქვთ კვალიფიკაცია ასეთი ტიპის დავების განხილვისას?
– ამ პროცესის გაწელვა სასამართლოს ან მოსამართლეების კვალიფიკაციას არ უკავშირდება. ვერც იმას ვიტყვი, რომ პროცესების გაჭიანურება დავას საგანს, მის სპეციფიკურობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს ზოგადი სენია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არასაკმარისი რესურსების გამოა, თუ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის. ფაქტია ისაა, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება ფაქტობრივად ნიშნავს მართლმსაჯულების არარსებობას. ეს ცუდად მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებზე. ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს. თუ სასამართლო სისტემის არაეფექტიანობას განაპირობებს მოსამართლეთა ნაკლებობა, მაშინ დავამატოთ მოსამართლეები.
მაგალითად, 2014 წლიდან მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თითქმის 10 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული საქმეები გროვდებოდა, რომელიც უკავშირდებოდა „საქპატენტის“ მიერ გამოცემული აქტების გასაჩივრებას. ისინი, დაახლოებით, 9 წელი უბრალოდ არ განიხილებოდა. ახლა განიხილება, მაგრამ ძალიან დაბალი ტემპით. არის სარჩელი, რომელიც 2014 წელს მაქვს შეტანილი და ჯერ არ განხილულა. იგივე ეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც რამდენიმე სარჩელი მაქვს შეტანილი, წლებია გასული და განხილვა არ ხდება. იგივე მდგომარეობაა გურჯაანის სასამართლოში.
- ასეთ სიტუაციაში რამდენად ეფექტიანი იქნება კერძო არბიტრაჟის გამოყენების ინსტიტუტი?
– ზოგადად, კერძო არბიტრაჟის გამოყენების ინსტიტუტი არის ეფექტიანი, უბრალოდ, ნდობის საკითხია. მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ კერძო არბიტრაჟს მიმართონ. არ მგონია, რომ მსხვილი უცხოური კომპანიები განწყობილი იყვნენ, გამოიყენონ საქართველოში არსებული საარბიტრაჟო სისტემა.
- სამი ათეული წელია “საქპატენტი” არსებობს, წინა წლებთან შედარებით, დავების მოცულობის სტატისტიკა როგორია? ეს მოცულობა იზრდება თუ კლებულობს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებთან შედარებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია არსებობს?
– თუ რამდენიმე წლის წინანდელ და დღევანდელ სტატისტიკას ავიღებთ, მათ შორის დრამატული განსხვავება არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ იმას, რა ხდებოდა 20 წლის წინ, ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს ეხება როგორც შიგნით, „საქპატენტში“ საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, ასევე მის გარეთ. „საქპატენტში“ , სააპელაციო პალატის სახით, კვაზი სასამართლო სისტემაა, რომელიც ექსპერტიზის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საჩივრებს იხილავს. სააპელაციო პალატის დატვირთვა „საქპატენტის“ გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების კუთხით ვერანაირად ვერ ედრება იმას, რაც 20 წლის წინ ხდებოდა. იმის თქმა მსურს, რომ პროცესები დღეს უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
- თუ გქონიათ ისეთი სასამართლო დავები, რომელთა გადაწყვეტამ გაგიჩინათ შეგრძნება, რომ ისინი მიკერძოებულად განიხილეს?
– თითქმის არა. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო და კარგია, რომ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
- თქვენი შეფასებით, საქართველოს მოსამართლეთა განსწავლულობა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებში რამდენად დამაკმაყოფილებელია?
– ეს სფერო სპეციფიკური და თანაც დინამიკურად განვითარებადი, ზედმიწევნით საინტერესო იმიტომ არის, რომ ის მიბმულია მეცნიერების თუ ეკონომიკის ისეთ დარგებთან, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება. ეს არ ეხება მარტო სასამართლოს, ეხება ყველას, ვინც მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს, მათ შორის ადვოკატებს. ამ სფეროში მუშაობა მუდმივ თვითგანვითარებას მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოზე. ჩვენი სასამართლო ამ დავებს ხშირად ძალიან წარმატებით იხილავს. როგორც წესი გადაწყვეტილებები დასაბუთებული და გამართულია ხოლმე. არსებობს გარკვეული გამონაკლისები, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ან მოსამართლეები უნდა მოდუნდნენ, ან ადვოკატები. ყველას გვმართებს ამ ცოდნის გაფართოება. ამ თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია იმ გადაწყვეტილების ხარისხი რომლებსაც ვიღებთ, თუმცა ცხადია, ჩვენი სურვილია ჩვენც უკეთესები ვიყოთ და სასამართლოც.
- 2024 წელს ძალაში შევიდა “საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ” 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს შეთანხმება და რას აძლევს საქართველოს ამ შეთანხმების ამოქმედება?
– ვალიდაციის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო იმიტომ, რომ „საქპატენტში“ განაცხადების რაოდენობა გაიზრდება და ფორმალურად, 100 განაცხადის მაგივრად 500 შევა, არამედ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ყოველი დამატებითი განაცხადი, პოტენციურად ნიშნავს ინვესტიციას იმ კომპანიის მხრიდან, რომელიც ამ განაცხადს საქართველოზე ავრცელებს. ზოგადად ვალიდაციის სისტემის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ის აძლევს შესაძლებლობას განმცხადებლებს, მწარმოებლებს, რომ საქართველოში გამოგონებები ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე წევრების თანაბრად დაიცვან. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვართ ამ კონვენციის მონაწილე და შესაბამისად ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ვალიდაცია ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ევროპის საპატენტო ორგანიზაციის მიერ გაცემულ პატენტს. ეს ნიშნავს, რომ განმცხადებელს უადვილდება საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, პოტენციურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ამა თუ იმ ფორმით შემოვა ინვესტიციები და გაჩნდება ახალი პროდუქტები, რომელიც პატენტით იქნება დაცული. მაგალითად, ეს შეიძლება ფარმაცევტულ სფეროს შეეხოს. საქართველოში მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით უფრო მეტი არჩევანი ექნება, ვიდრე აქამდე გვქონდა. თუ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი შენარჩუნდა, ცხადია, ეს შეთანხმება ერთ-ერთი იმ დადებითი სიგნალთაგანია, რომელსაც უცხოური კომპანიები იღებენ.
- რამდენი ქვეყანაა მიერთებული ამ შეთანხმებას?
– ამ შეთანხმების მონაწილეა 40-მდე ქვეყანა – როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები (მაგალითად, თურქეთი და შვეიცარია).
- 2023 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში განიხილებოდა. რა შეიცვალა კანონში და თქვენ როგორ აფასებთ მას?
– ამ ცვლილებების განხილვა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. საჯარო დისკუსია მის გარშემო არ გამართულა… ზოგადად, შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ ეს საკითხი საჯაროდ არ განიხილებოდა, მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი არ იყო ჯანსაღი. მეორეც, ამ კანონმდებლობამ, როგორც დღეს ვხედავთ, ჩვენს ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა მოახდინა, რაც ძირითადად გამოიხატება საავტორო ჰონორარების მოცულობის ზრდაში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე, მათ შორის ისეთ სფეროებში საავტორო გადასახადის შემოღებით, რომელიც ამის გაკეთებას უფრო მეტად რაციონალურად და ეტაპობრივად საჭიროებდა.
ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსარგებლეები, რომელსაც ამ საფასურის გადახდა უწევთ, უკმაყოფილოები არიან და ეს მათთვის მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს. კერძოდ, ეს ახალი ტარიფები, რომელიც აკრედიტებულმა კოლექტიურმა მართვის ორგანიზაციამ დააწესა, ზოგიერთი სფეროსთვის წარმოადგენს ისეთ ტვირთს, რომ ამბობენ, მის გადახდას ბიზნესის დახურვა ურჩევნიათ. ამ ყველაფერს ემატება დემარში საერთაშორისო დონეზე, ამ სფეროში მომუშავე კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისა და მათი გაერთიანებების მხრიდან, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში აკრედიტებულ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებას არ გააფორმებენ. არ მინდა შევიდე სპეკულაციაში რა მიზეზით ხდება ეს, ამას არ ვეხები ახლა, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. ხელშეკრულებას არ აფორმებენ და ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ ჩამოთვლილი გარემოებები ცხადყოფს, რომ რეფორმის შედეგად მიღებული შედეგი არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.
- აქ საუბარი იყო, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის სტატუსი შეიძლება მიიღოს სხვადასხვა გავლენის მქონე ორგანიზაციამ (მათ შორის რუსულმა), თქვენ თუ ხედავთ ამ საფრთხეს?
– ჩემი აზრით, ეგ არსებითი არ არის. მე ვხედავ ბაზრისთვის იმ ნეგატიურ შედეგებს, რაზედაც ვისაუბრე. ეს ვერსიები ჩემთვისაც ცნობილია, არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც ამაზე მიანიშნებს, მაგრამ ეს ის საკითხი არ არის, რაზედაც ახლა საუბარს ვისურვებდი. ამისთვის საჭიროა მეტი ინფორმაცია, ცოდნა და მასალის ქონა. მოსარგებლეებს აქვთ განცდა, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ზოგიერთი მოსარგებლე თანხის გადახდაზე უარს ამბობს, თუნდაც იმ მოტივით, რომ მან რატომ უნდა გადაიხადოს ისეთი შემსრულებლის ან კომპოზიტორის ფული, რომელთანაც კოლექტიური მართვის ორგანიზაციას ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს? ანუ თუ მათ ეს ფული არ მიუვათ, მაშინ მე რატომ მართმევ?! კანონის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდშიც ეს ორგანიზაცია ვალდებული იყო „საქპატენტისთვის“ შესაბამისი ხელშეკრულებები წარედგინა.
- “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ იყო საუბრები, რომ უცხოელი დონორები ქართული ორგანიზაციების დაფინანსებას შეწყვეტდნენ. რამდენადაც ვიცით, “საქპატენტი” სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან იღებდა დაფინანსებას. ამ კუთხით თუ შეექმნა (ან შეექმნება) მას რამე სირთულე?
– უკვე შეექმნა პრობლემები. ძირითადად დონორები არიან აშშ და ევროკავშირი. ორივე ნაწილში მმართველმა ძალამ მოახერხა ის, რომ აშშ-მა, ზოგადად გამოცხადებული პოლიტიკის შემდეგ, სახელმწიფო უწყებების ყველანაირი ტექნიკური დახმარება შეწყვიტა. რაც შეეხება „საქპატენტს“, ამერიკელებმა 2024 წელს ტრადიციული კონფერენციის დაფინანსებაზე და ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. ეს კონფერენცია 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა. გაირკვა, რომ ჩვენს სახელმწიფოს მათ გარეშე ამის გაკეთება არ შეუძლია, კონფერენციას ვერ ვატარებთ. თუმცა, აქ ეს კონფერენცია ამერიკელებმა მაინც ჩაატარეს, ოღონდ კერძო სექტორთან ერთად და მასში არ მონაწილეობდა ისეთი უწყებები, როგორებიცაა – „საქპატენტი“, შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო სამსახური, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პროკურატურა… არავინ, ვინც ამ კონფერენციას ტრადიციულად ესწრებოდა ხოლმე და აქტიურად იყო ჩართული. ევროკავშირმა გააჩერა ყველა პროექტი, რომელსაც „საქპატენტთან“ ერთად ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მეშვეობით ახორციელებდა. არადა, ამ უწყებაში თუკი რამე პროგრესული მომხდარა, სწორედ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
- ხომ არ გიფიქრიათ კერძო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში გადასვლაზე, ან პოლიტიკური საქმიანობის დაწყებაზე, ან ბიზნეს-საქმიანობის შეცვლაზე?
– არსებულ ვითარებაში სახელმწიფო სამსახურში გადასვლაზე არ მიფიქრია. თუ ქვეყანას დავჭირდები, შეიძლება ოდესმე წავიდე, მაგრამ დღეს იქ ჩემნაირი ადამიანების საჭიროებას ვერ ვხედავ, თუკი ამის საჭიროებას დავინახავდი, ჩემს კომფორტულ პოზიციას, რომელიც დღეს მაქვს, დავტოვებდი. არ მაქვს ის განცდა, რომ დღეს სახელმწიფო სამსახურში ჩემნაირ ადამიანებზე მოთხოვნა არის. პოლიტიკაზე არასოდეს მიფიქრია, რაც შეეხება ბიზნეს-საქმიანობის შეცვლას, ვფიქრობ, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის.
- თქვენი მეუღლე და შვილები რას საქმიანობენ?
– ჩემი მეუღლე შვილებს ზრდის, შვილები სწავლობენ. ერთმა სკოლა დაამთავრა, მეორე მე-7 კლასშია. სამწუხაროა ის, რომ აქ არსებული ვითარების გამო ისევ იმაზე ფიქრი გვიწევს, რომ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელოთ. ალბათ, ამ გადაწყვეტილებას ასე გადაჭრით არ მივიღებდით, აქ რომ შესაბამისი ვითარება იყოს.
- თქვენი თავისუფალი დრო როგორია? პროფესიის გარდა კიდევ რა ინტერესები გაქვთ?
– თავისუფალ დროს, ძირითადად, ვკითხულობ. ვცდილობ დავეწიო იმ ტემპს, რომელიც უნდა მქონდეს. ამოცანა მაქვს, რომ წელიწადში მინიმუმ 50 ახალი წიგნი წავიკითხო. ვცდილობ, რომ ეს ტემპი არ დავაგდო. ძირითადად, კომპიუტერთან მიწევს მუშაობა, ხშირად მუშაობას ვანებებ ხოლმე თავს და წიგნის კითხვას ვიწყებ.
- ძირითადად რა ჟანრის წიგნებს კითხულობთ?
– მხატვრულ და ფილოსოფიურ ლიტერატურას. ჩემი ტაქტიკა მაქვს, რა რის შემდეგ წავიკითხო, ერთფეროვანი რომ არ იყოს.
- თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ის მწერალი ან ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა?
– დოსტოევსკი, რომლის სიდიადეს ჩემი დასტური არ ჭირდება. თუმცა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მარკუს ავრელიუსის „ფიქრებმა“. მე ქართულად არ წამიკითხავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძის მიერ არის შესრულებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. ეს შთამბეჭდავია იმდენად, რამდენადაც მარკუს ავრელიუსისაგან, რომელიც რომის იმპერიას მართავდა, მისი პოზიციის მყოფი ადამიანისგან არის ძალიან გამაოგნებლად უცნაური ის, რასაც იგი „ფიქრებში“ გადმოსცემს, ის თუ როგორ აღიქვამს ცხოვრებას. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ იგი სტოიციზმის მიმდევარი იყო, ალბათ გასაკვირიც არაფერია…
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

