Homeინტერვიუინტერვიუ სუპერმარკეტების ქსელ "ბილიონის" დამფუძნებელ რაულ სურმანიძესთან 

ინტერვიუ სუპერმარკეტების ქსელ “ბილიონის” დამფუძნებელ რაულ სურმანიძესთან 

Published on

spot_img

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2024 წელს, ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტის” №2(75)-ში

მინი დოსიე

რაულ სურმანიძე დაიბადა 1981 წლის 10 მაისს, ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში.

განათლება

1987-1991 – ურეხის საშუალო სკოლა;

1991-1998 – შარაბიძეების საშუალო სკოლა;

1999-2004 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა.

სამუშაო გამოცდილება

1998-2001 – მცირე ბიზნესი, ვაჭრობის სფერო;

2005-2015 – შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო – გამომძიებელი;

2015-დან დღემდე – შპს „აისბერგი-9“, დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი;

2017-დან დღემდე – შპს „ბილიონის პური“, დამფუძნებელი პარტნიორი;

2020-დან დღემდე – შპს „რენესანსითი“, დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო რაულ, სანამ დღევანდელ საქმიანობაზეგკითხავთ, საუბარი თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ.

– დავიბადე ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში. ისტორიული სოფელია, გადმოცემის თანახმად, ამ სოფელში გარკვეული პერიოდით ტბელ აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

– სკოლა სად დაამთავრეთ?

– დაწყებითი განათლება ბათუმში, ურეხის საშუალო სკოლაში მივიღე, რის შემდეგაც სწავლა განვაგრძე ხელვაჩაურის რაიონში მდებარე შარაბიძეების საშუალო სკოლაში, სწორედ ამ დროს საქართველოში მძიმე 90-იანები იდგა, თუმცა, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სკოლაში მომუშავე პედაგოგები განსაკუთრებული თავდადებითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ თავიანთ პროფესიას. დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვიხსენებ ყველა ჩემს მასწავლებელს, მათ შორის: სკოლის დირექტორი ნოდარ კოპინაძე – ფიზიკის მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები – ნანა მსხალაძე და მზია ბუქიძე, ასევე ისტორიის პედაგოგი – დავით ჯაფარიძე. ეს საგნები განსაკუთრებით მიყვარდა და რაღა თქმა უნდა მასწავლებლებიც. ასევე განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მამაჩემის დამსახურება, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საშუალო განათლების პროცესში. დღემდე მახსოვს მის მიერ სახლის პირობებში ჩატარებული გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

– სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სად განაგრძეთ?

– სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მცირე ბიზნესი დავიწყე, საკვები პროდუქციის დისტრიბუციას ვახდენდი ცხინვალის რეგიონის ერგნეთის ბაზრობიდან – ქალაქ ბათუმში. ერთი წლის შემდეგ, საქმიანობის პარალელურად სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვაგრძე, იურიდიულ ფაკულტეტზე.

– ერთი წელი რომ გაგიცდათ, ჩაბარება არ გაგიჭირდათ?

– თავის დროზე სკოლაში კარგად ვიყავი მომზადებული და არაფერი გამჭირვებია, კარგი შეფასებებიც მივიღე. დღემდე მახსოვს, ქართულის გამოცდაში ერთ-ერთი ეპიზოდი იყო „ქამუშაძის გაჭირვებიდან“. ლიტერატურა კარგად ვიცოდი მზია მასწავლებლის დამსახურებით.

– უნივერსიტეტში სწავლის დროს კომერციულ საქმიანობასაცაგრძელებდით?

– ბიზნესსაქმიანობა თავის წილ ყურადღებას ითხოვდა, რის გამოც სწავლას მოვუკელი. მხოლოდ გამოცდების წინაპერიოდში ვიწყებდი აქტიურ მზადებას. იმავდროულად აქტიურად ჩავერთე სპორტულ ცხოვრებაში, ვვარჯიშობდი კარატეში, საბრძოლო სამბოს კლუბში, მოგვიანებით ძალისმიერი ვარჯიშებითაც დავინტერესდი. მოკლედ, აქტიური თვითგამორკვევის პერიოდი მქონდა, თუმცა, თვალი მაინც ძალოვანი უწყებისკენ მეჭირა. ასეც მოხდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2005 წელს დავინიშნე შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებლად.

– 2004 წელს, აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობადასრულდა. თქვენ თუ უჭერდით მხარს მაშინდელ პროტესტს?

– რა თქმა უნდა, 2004 წლის მაისში სტუდენტები შევიკრიბეთ უნივერსიტეტთან, იქ მყოფმა ძალოვნებმა ავტომატით ჰაერში რამდენიმეჯერ გაისროლეს, თუმცა, არცერთ სტუდენტს ფეხი არ მოუცლია ადგილიდან. გვჯეროდა, რომ ქართველი ქართველს არ ესროდა და საბოლოოდ ასეც დასრულდა.

– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბიზნესი აღარგქონდათ?

– ბიზნესსაქმიანობა 2002 წელს დავასრულე და ვალდებულებები გავისტუმრე. მახსოვს, დარჩენილი ფინანსებით საჭირო ლიტერატურა შევიძინე და მთელი ძალით ჩავერთე სასწავლო პროცესში, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი როგორც უკვე აღვნიშნე, საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით მაინც ბიზნესს დავუბრუნდი და 2015 წლიდან ამ სფეროში ვარ.

თავიდან ჩემი და ჩემი სიმამრის სახელფასო სესხით დავიწყე საქმიანობა, სესხის ჯამური თანხა 40 000 ლარამდე იყო. აღნიშნული თანხით მშენებლობა დავიწყე, მშენებლობასთან ერთად სასესხო ვალდებულებაც მეზრდებოდა, სამშენებლო პროცესმა და საერთოდ კერძო სექტორთან ურთიერთობამ ძალიან მომხიბლა. საჯარო სფეროში მიღებული გამოცდილება საშუალებას მაძლევდა გაცილებით ფართო ჭრილში დამენახა ბიზნესსექტორის მიმზიდველობა.

თუმცა, საწყის ეტაპზე ბიზნესი ეკლიან გზაზე გატარებს. მახსოვს პირველი სიმძიმე მაშინ ვიგრძენი, როცა საბანკო სასესხო ვალდებულება თვეში 1250 დოლარზე ავიდა. ვალდებულების გასასტუმრებლად უკვე მთელი ოჯახი მეხმარებოდა. განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო დედაჩემის როლი, რომელიც ჩემთვის შეუპოვარი ბრძოლის და უსასრულო სიყვარულის ნათელი მაგალითია. სტარტაპზე ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა ძმამ, რომელმაც ფაქტობრივად დაძრა ბიზნესპროექტი. ჩემი ძმა მარკეტის მიმართულებაზე ფიქრობდა, მე უფრო წარმოებისკენ ვიხრებოდი.

– ამ დროს უკვე შპს გქონდათ დაფუძნებული და ისესაქმიანობთ თუ როგორც ინდმეწარმე?

– თავიდანვე შპს-ის ფორმატით დავიწყეთ საქმიანობა. მივედი დასკვნამდე, რომ სასურსათო მაღაზია გამეხსნა.

– „ბილიონის“ ქსელის დასაწყისზე ამბობთ?

– დიახ. 2015 წლის აპრილში, 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავხსენით პირველი სასურსათო მაღაზია.

მახსოვს, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 2000 დოლარის ღირებულების პროდუქცია განვათავსეთ მარკეტში. სამუშაო პროცესში ეტაპობრივად იზრდებოდა პროდუქციის ასორტიმენტი, შესაბამისად ღირებულებაც.

– მომდევნო მაღაზიები როდის დაამატეთ – ქსელისფორმა რა პერიოდიდან მიიღო ბიზნესმა?

– პირველი მაღაზიის გახსნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ბრუნვა იმდენად გაიზარდა, რომ სალარო (POS) მოწყობილობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო. ჩვეულებრივი კალკულატორით ვმუშაობდით, რაც მომსახურებას აძნელებდა. მაგალითად, მოლარე ოპერატორებმა ზეპირად იცოდნენ მარკეტში განთავსებული პროდუქციის ფასები.

თავდაპირველად, გუნდი ოჯახის წევრებით დაკომპლექტდა. მე მომარაგება და პროდუქციის თაროებზე განთავსება მევალებოდა, ჩემი მეუღლე ამ დროს ფეხმძიმედ იყო მეორე შვილზე, თუმცა, ძალიან აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. დედა პირველი მოლარე და ასევე პირველი კონსულტანტი იყო. ჩემი ძმა დისტრიბუციასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა. მამა სალაროს საკითხებს და ბანკთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა. დღეისათვის კი კომპანიაში უკვე ხუთასი ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან მინდა ეს ციფრი მინიმუმ ათჯერ გაიზარდოს.

სიამაყით აღვნიშნავ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს; 2016 წლის აგვისტოს თვეში სამსახურში ავიყვანე პროგრამული უზრუნველყოფისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდა კადრი – ნათია მახარაძე, რომელმაც მალევე, დაახლოებით ერთ თვეში დანერგა ციფრული ტექნოლოგიები (POS ტერმინალები და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა). საოპერაციო ნაწილის გაციფრულებამ ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა კომპანიას. ნათია კი დღეს ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორია.

– სახელი „ბილიონი“ რას უკავშირდება?

– ჩემი შერჩეულია. ბილიონი იგივე მილიარდი – სასურველი რიცხვითი ერთეულია, რომელიც ჩემ იმდროინდელ სურვილს და ამბიციას გამოხატავს. მინდოდა კომპანიის წლიური ბრუნვა მილიარდამდე ასულიყო. სახელის შერჩევაში ბავშვებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ვთავაზობდი სხვადასხვა სახელების გამეორებას და აღმოჩნდა, რომ ბილიონის წარმოთქმა პატარებს განსაკუთრებულად უხაროდათ და თან მათი ხმით წარმოთქმულ სიტყვა ბილიონს სასიამოვნო ჟღერადობა ჰქონდა.

– ახალი ობიექტების დამატება როდიდან დაიწყეთ?

– 2018 წლის 8 მარტს მელიქიშვილის 83-ში გავხსენით მეორე მარკეტი, სადაც მწირი მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ ახალი ობიექტის გახსნის თვალსაზრისით.

– დაახლოებით მაგ პერიოდში ბათუმში „კარფურის“სუპერმარკეტი გახსნეს. მახსოვს, მაშინვე ბევრი მომხმარებელი მიიზიდა. თქვენ როგორ გაუმკლავდით კონკურენციას?

– „კარფურმა“ მართალია ძალიან ბევრი მომხმარებელი მიიზიდა და დღესაც ძლიერი მოთამაშეა რითეილ სექტორში, მაგრამ იმთავითვე მქონდა მყარი რწმენა, რომ ჯანსაღი კონკურენცია წარმატებული კომპანიის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ რწმენით გადავდგით განვითარებისკენ ფრთხილი ნაბიჯები. 2020 წელს კიდევ დავამატეთ მომდევნო მარკეტი.

– პანდემიის დროს ბიზნესების უმეტესობას რომგაუჭირდა, თქვენ მაშინ გაფართოება დაგიწყიათ.

– ტემპი აქტიური არ იყო, მაგრამ, 2020-2021 წლებში „ბილიონმა“ ორი ახალი ობიექტი მაინც გახსნა.

– საბოლოო ჯამში, პანდემიამ შეგაფერხათ თუ სულაცდამატებითი სტიმული იყო თქვენთვის?

– უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიამ თავისი დაღი დაასვა მსოფლიოს, არც ჩვენი კომპანია იყო გამონაკლისი, თუმცა, ცოტათი მაინც წინ წავიწიეთ. ვაჭრობამ

მოიმატა.

– პანდემიის დროს ხალხში პანიკამ გამოიწვიაპროდუქციის რეალიზაციის ზრდა?

– იყო ეგ მომენტიც და უფრო ის, რომ ფულს სხვა მიმართულებით ვერ ხარჯავდნენ.

– ბიზნესის განვითარების დროს, ყველაზე მეტადხელშემშლელი რა გქონდათ?

– ბიზნესი მხოლოდ სტაბილურ და მშვიდ გარემოში ვითარდება. ვფიქრობ, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ისე უნდა წარიმართოს, რომ ამაში რიგითი მოქალაქეების ჩართულობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, პროტესტის ფორმატი არ უნდა სცდებოდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

– თქვენი ქსელის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივიათუ ვიზიტორებზე ხართ დამოკიდებული?

– ჩვენს შემთხვევაში აგვისტოს თვე ყველაზე დატვირთულია, შესაბამისად ვიზიტორთა წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.

– კონკურენტებზე ვლაპარაკობდით და ვერ დავასრულეთ.ბაზარზე პირდაპირი კონკურენტები გყავთ თუ თქვენი ნიშა გაქვთ, რომლის მომხმარებელიც სხვასთან

არ გადაინაცვლებს?

– დღეისათვის ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ყველა ძლიერი მოთამაშე ცდილობს მომხმარებელს განსაკუთრებული სერვისი შესთავაზოს.

– რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

– განსაკუთრებულ ყურადღებას პროდუქციის და მომსახურების ხარისხზე ვამახვილებთ. სრულად დავნერგეთ „ჰასპის“ სტანდარტები, გვყავს შიდა აუდიტი, რომელიც აკონტროლებს პროდუქციის შენახვისა და განთავსების წესებს. აღნიშნული გუნდი გარდა კონტროლისა, აქტიურად არის ჩართული თანამშრომელთა სწავლების პროცესში, რათა მომხმარებელს ყველა წესის დაცვით მიაწოდოს სასურველი პროდუქცია.

– „ბილიონის“ მსგავსი სუპერმარკეტებით ბაზარიგაჯერებულია თუ ჯერ კიდევ არის ადგილი, რომ ვინმემ მსგავს საქმეში მოახდინოს ინვესტიცია?

– ბათუმში ჯერ კიდევ არის უბნები ახალი მარკეტებისთვის. ქალაქიც ფართოვდება, თუმცა, ბიზნესის ზრდის ტემპი ცოტათი უსწრებს ქალაქის ზრდის ტემპს.

– თქვენი საქმიანობის სფერო მშენებლობაც არის.„რენესანსითიზე“ რას გვეტყვით?

– 2020 წელს ჩემს ბიძაშვილ გიორგი სურმანიძესთან (სააფთიაქო ქსელი „გლუკოზას“ დამფუძნებელი) ერთად დავაფუძნე სამშენებლო კომპანია „რენესანსითი“, რომელიც წარმატებით ასრულებს თავის პირველ პროექტს. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით განვითარება.

– რა მასშტაბის მშენებლობაა, ერთი კორპუსია?

– ოცსართულიანი, მრავალფუნქციური შენობაა. კორპუსში 290 ბინაა, აქვს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე, გამწვანებული ეზო, ბავშვებისთვის კი ცალკე იზოლირებული ეზოა.

– მომდევნო გეგმები რა გაქვთ მშენებლობის მიმართულებით?

– მიმდინარე პროექტის მეზობლად, ვფლობთ 9.400 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელზეც გვსურს ბათუმისთვის შესაფერისი კიდევ ერთი ლამაზი შენობა ავაშენოთ. დღეისათვის პროექტი დამუშავების ეტაპზეა, რომელსაც მალე წარვუდგენთ ბათუმის მერიას.

– მშენებლობაზე ხშირად ისმის წუხილი თუ პრეტენზია,რომ ბათუმის განაშენიანება სპონტანურად ხდება, დარღვეულია როგორც სამშენებლო სტანდარტები, რაც ნიშნავს შემოგარენის გადატვირთვას, ასევე არასახარბიელოა ვიზუალურ-ესთეტიკური მხარე. თქვენი შეფასება როგორია – რამდენად სწორად ხდება მშენებლობები ბათუმში?

– მასშტაბური მშენებლობები კარგია, ეკონომიკას ბიძგს აძლევს. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თავიდანვე გენერალური განაშენიანების პროექტი შემუშავებულიყო, რაც ბევრ პრობლემას აარიდებდა ქალაქს. თუმცა, არც ახლაა გვიან. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არსებული ხარვეზები: იქნება ეს პარკირების თუ სარეკრეაციო ზონების ნაკლებობა დაკომპენსირდეს ახალი პროექტებით. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი და ქალაქსაც მალე ექნება თავისი გეგმა განაშენიანების მიმართულებით. რაც შეეხება შენობების ესთეტიკურ მხარეს, ქალაქში ბევრი ულამაზესი პროექტია როგორც დასრულებული, ასევე მშენებარე.

– საფუძვლიანად მიგაჩნიათ პრეტენზიები, რომ შენობებისსაკმაო ნაწილი სპონტანურად და გეგმის გარეშე შენდება ქალაქში? ვიღაცამ ან თვალი დახუჭა, ან იქნებ ქრთამის სანაცვლოდაც მისცეს მშენებლობის უფლება.

– როგორც წესი, ბიზნესი განვითარების ტემპის მიხედვით ყოველთვის წინ უსწრებს საჯარო სექტორს. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა, ეს ჩამორჩენა გონივრულ ვადაში უნდა კომპენსირდებოდეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმში მშენებლობის ისეთი ტემპია, ადვილი არ არის სახელმწიფო ორგანოებმა ამგვარი გამოწვევა დროულად დაძლიოს. თუმცა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდანაც. უკვე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სარეკრეაციო ზონებსა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობას, სპორტული მოედნებიც მომრავლდა ქალაქში, დეველოპერების უმრავლესობა ცდილობს ხსენებული სერვისებით დახვეწოს თავისი პროექტი, რათა გაუძლოს არსებულ კონკურენციას და განვითარდეს. სახელმწიფოც სერვისებიც ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ იხვეწება. მაგრამ, ბიზნესისთვის მოსაწონ ტემპს სახელმწიფო ვერასოდეს აიღებს და ესეც ბუნებრივია.

– რომელი მიმართულება უფრო მომგებიანად დაპერსპექტიულად მიგაჩნიათ თქვენს საქმიანობებში?

– დივერსიფიცირებული ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანია და კრიზისებსაც შედარებით ადვილად უმკლავდება.

– „ბილიონის“ ქსელი რამდენ მაღაზიას აერთიანებს?

– ამ ეტაპზე 35 მარკეტია. ძირითადად, ქალაქის ტერიტორიაზე ვართ წარმოდგენილი. ერთი ობიექტი ქობულეთშია განთავსებული – ქალაქის გასასვლელში.

– დასაქმებულთა რაოდენობაზე რომ გვითხრათ –ყველა კომპანიაში ჯამურად რამდენი თანამშრომელია დასაქმებული?

– ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიებში 600-მდე დასაქმებულია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

– კადრების შერჩევის პრინციპი როგორია – ვინ იღებსგადაწყვეტილებას თანამშრომლების აყვანაზე?

– 2022 წელს კომპანიაში ჩამოვაყალიბეთ „ეიჩარ დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს საკადრო საკითხებს სრული მოცულობით. პროცესში აქტიურადაა ჩართული იურიდიული დეპარტამენტიც.

– თქვენ თუ ერევით გადაწყვეტილების მიღებაში?

– ძალიან იშვიათად. უფრო მაშინ, როცა ზედა რგოლის მენეჯერის შერჩევა ხდება.

– ზოგს მიაჩნია, რომ მარტივი ბიზნესის შემთხვევაშიცპარტნიორთან ერთად ჯობია მართვა, ზოგს პირიქით – ერთპიროვნულად ურჩევნია გადაწყვეტილებების მიღება. რომელი უფრო ხელსაყრელია თქვენი აზრით?

– ზოგადად, ბიზნესში ძლიერი პარტნიორი/პარტნიორების გარეშე დიდ მასშტაბებზე გასვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. კი კომფორტულია როცა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებ, მაგრამ ამ ხიბლმა შეიძლება დიდი რისკის წინაშე დაგაყენოს. ამიტომ მე უფრო პარტნიორული მმართველობისკენ ვიხრები.

– „ბილიონის“ ქსელში ერთპიროვნული მფლობელიდა გადაწყვეტილების მიმღები ხართ?

– კომპანიის 100%-ანი მფლობელი მე გახლავართ, თუმცა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდთან ერთად ვიღებ.

– რაც შეეხება რეალურ პარტნიორს, წილის ნაწილობრივგასხვისებას და პარტნიორის შემოყვანას ხომ არ გეგმავთ?

– თუ იქნება საინტერესო შემოთავაზება, დიდი სიამოვნებით განვიხილავ.

– შემოთავაზება არ გქონიათ?

– შემოთავაზებები იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო არ ყოფილა, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

– თქვენ რომ იღებდეთ საკანონმდებლო დონეზეგადაწყვეტილებას, რას შეცვლიდით, რაც იმ ბიზნესსაც წაადგებოდა, რომელშიც ხართ და სახელმწიფოც არ დაზარალდებოდა? მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს იყო დაპირება, რომ საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე უნდა შემცირებულიყო, ახლანდელმა ხელისუფლებამ კი არც საშემოსავლო შეამცირა და პირიქით, სავალდებულო საპენსიო შენატანიც შემოიღო როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.

– საგადასახადო ნაწილში შევიმუშავებდი პროექტს – როგორც აპარტამენტებს ეძლევათ დღგ-ის თანხის გამოყენების უფლება, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დააკომპენსირებს, ანალოგიურს შევთავაზებდი რითეილ სექტორსაც, რომელიც სწრაფად მზარდია.

ასევე, ხელს შევუწყობდი ბანკთაშორის ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას, რაც იაფ ფულთან წვდომას გაუზრდიდა მოქალაქეებს თუ ბიზნესს.

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, როგორცარსებულ ბიზნესებზე, ასევე შესაძლოა რამე ახალი მიმართულებაც გაქვთ გეგმაში?

– გარდა არსებული ბიზნესისა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვსურს განვითარება, საკუთარ ფერმერულ მეურნეობას ვგულისხმობ. გვაქვს სურვილი ჩვენს ქსელში, ქართული ჯანსაღი პროდუქცია განვათავსოთ.

– ამ საკითხსაც შევეხოთ. ბოლო პერიოდში ვხედავთქვეყნის განვითარების ვექტორის ცვლილებას. ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს ევროპისკენ სვლას დაჰპირდა ამომრჩეველს, არჩევნების შემდეგ კი ეს სვლა ოფიციალურად გააჩერა. თქვენი შეფასება როგორია?

– ამგვარ შეფასებას არ ვეთანხმები. ხელისუფლების მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტია რომ ქვეყნის ეკონომიკა სამჯერაა გაზრდილი და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი სხვა გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებისთვისაც ვისწრაფით, მიზანი ეკონომიკური კეთილდღეობაა. რა თქმა უნდა მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება რიგ საკითხებზე, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით გაცილებით მეტ კონტროლს განვახორციელებდი, ასევე აქტიურად ჩავერეოდი საბანკო სექტორში, რამდენადაც ეს შესაძლებელია არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. ვფიქრობ მკაფიოდაა დასაფიქსირებელი, რომ რუსეთთან დაუყოვნებლივ უნდა გაუმჯობესდეს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგის გარეშე ტერიტორიული საკითხები ვერ გადაწყდება.

არ მომწონს, როცა ჩემი ქვეყნის საქმეში ასეთი ფორმით ცდილობენ ევროპარლამენტარები ჩარევას, ასევე მაქვს კითხვები მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ვერ ვიჯერებ, რომ უანგაროდ ზრუნავენ ჩვენზე.

– იმისი გჯერათ, რომ რუსები უფრო ზრუნავენსაქართველოზე, ვიდრე მაგალითად, ამერიკელები?

– დღეისათვის მსგავსი გულუბრყვილო დამოკიდებულებები ვფიქრობ ბავშვსაც აღარ აქვს. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ, ეს ხომ აშკარა ჭეშმარიტებაა.

– მაშინ ისეთი დიდი ქვეყანა უნდა ვიყოთ, პარტნიორისგარეშე რომ გავძლოთ, როგორიც მაგალითად, თურქეთია, ჩინეთი თუ იგივე რუსეთი.

– რამდენი ქვეყანაა ევროპაში, ძალიან პატარები, იგივე შვეიცარია, რომელსაც თავის დროზე არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება, მაგრამ შეძლო ნეიტრალიტეტის სტატუსის მოპოვება და დღეისათვის უკვე სამაგალითო ქვეყანაა.

– ნეიტრალიტეტი ყველაზე ძვირი სიამოვნებაა.საქართველოს აქვს მაგის რესურსი?

– რესურსები ჩვენ უნდა შევქმნათ, დღეისათვის ბუნებრივ რესურსებს ტოლს აღარ უდებს ტექნოლოგიური რესურსი, ვგულისხმობ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სამყაროს ახალ ერას ჰპირდება. ვფიქრობ, საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში.

– ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებთან რადამოკიდებულება გაქვთ? გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა და 7 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან, რას ფიქრობთ?

– სახელმწიფოს წარმომადგენლის, ამ შემთხვევაში პოლიციელის მიმართ მსგავსად მოქცევა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მკაცრად დაისჯება. ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია.

– თქვენ ნანახი გექნებათ პოლიციელების ქმედება,როცა ძირს დავარდნილ ადამიანებს გამეტებით ურტყამენ.

– ნანახი მაქვს და კატეგორიული პოზიცია მაქვს აღნიშნულზეც! კანონდამრღვევი პოლიციელი იქნება თუ ჟურნალისტი, უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

– სწორედ ასეთმა ძალადობრივმა დამოკიდებულებამგააჩინა მთელი პოლიციის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რაც დღეს ჩანს. ქუჩა-ქუჩა რომ დასდევდნენ ნიღბიანები და უმოწყალოდ სცემდნენ, არცერთი მოძალადე არ დასჯილა, რამაც შეულახა ავტორიტეტი პოლიციას და არა ჟურნალისტი ქალის მიერ სილის გარტყმამ.

– ჩვენ მოვლენებს კონტექსტიდან ამოღებულად ვაფასებთ. სახელმწიფო იმისთვის არის, რომ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. როცა პოლიციელს 24 საათის მანძილზე აგინებენ და ცდილობ მის გამოწვევას, ამას შეძლებენ, რადგან პოლიციელის ფორმაშიც ადამიანია. რაც შეეხება ნიღბიანების საკითხს, ეგ საკითხი გამოსაძიებელია და მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული დასკვნების გაკეთება.

– გასაგებია. დასასრულისკენ რომ წავიდეთ, ბიზნესისგარდა როგორც ვიცი სპორტთანაც ახლო დამოკიდებულება გაქვთ.

– სპორტის გარეშე არ შემიძლია. საღამოობით ვვარჯიშობ ხოლმე. მსუბუქი ათლეტიზმი, კრივი, ჭიდაობა, ბრძოლა წესების გარეშე. სპორტი ძალიან მეხმარება ვიყო გაწონასწორებული და მიმტევებელი. 

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

– მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი. სამივე სკოლის მოსწავლეა. სწავლის პარალელურად სპორტითაც არიან დაკავებული. საბედნიეროდ დღეს არის უამრავი საშუალება, რომ ბავშვებმა სასურველი სპორტის სახეობაში ივარჯიშონ.

– ბიზნესსა და ოჯახს შორის დროის განაწილება არ გიჭირთ?

– მუდმივად დროის დანაკლისი მაქვს – როცა სამსახურში ვარ, ოჯახისკენ მიმეჩქარება და პირიქით.

ყველაზე მეტად სამუშაო პროცესი მიტაცებს, კრიზისების მართვა ჩემი გამოწვევაა, ოჯახიც და სამსახურიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

ინტერვიუ საქართველოს ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტ ტატა ბერიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს 2025 წლის დეკემბრის №12(312)-ში

ინტერვიუ “თავისუფალი უნივერსიტეტის” ლექტორ ლია ნადიბაიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს 2025 წლის ოქტომბრის №10(310)-ში

ინტერვიუ სააქციო საზოგადოება “ნიკორას” გენერალურ დირექტორ ირაკლი ბოქოლიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2025 წელს, ჟურნალ "ბიზნესი და მენეჯმენტი"-ს №1(76)-ში