Homeინტერვიუინტერვიუ კომპანია "დორანის" დამფუძნებელ ბესიკ წილოსანთან

ინტერვიუ კომპანია “დორანის” დამფუძნებელ ბესიკ წილოსანთან

Published on

spot_img

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2023 წელს, ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტის” №2(73)-ში

მინი-დოსიე

ბესიკ წილოსანი – დაიბადა 1966 წლის 22 აგვისტოს, თბილისში.

განათლება

1981 – თბილისის მე-19 საშუალო სკოლა;

1981-1985 – თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი, სპეციალობა: ნავთობის და გაზის ჭაბურღილების ექსპლუატაცია;

2000 – მანჩესტერის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ტრეიდინგის ფინანსები და ინვესტირება.

სამუშაო გამოცდილება

2000-2018 – საერთაშორისო ტრეიდერული კომპანია, დამფუძნებელი;

2001-2016 – შპს „ორიონ ტექნოლოჯი“, ერთ-ერთი დამფუძნებელი;

2004-დან შპს „დორანი“, დამფუძნებელი;

2017-დან შპს „ხარების ფერმა პანკისი“, ერთ-ერთი დამფუძნებელი;

2019-დან შპს „ახმეტის ყველის ქარხანა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი.

უცხო ენები

რუსული, ინგლისური.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო ბესო, სანამ დღევანდელ საქმიანობაზევისაუბრებთ, მანამდე მოკლედ გვიამბეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ.

– თბილისში დავიბადე. კლარა ცეტკინის ქუჩაზე ვცხოვრობდით. რაც იმ უბანში სკოლებია, ყველა გამოვიცვალე. ბოლოს ინდუსტრიულ ტექნიკუმში გადავედი, ნავთობის და გაზის ჭაბურღილების ექსპლუატაციის სპეციალობაზე. საკმაოდ კარგი პედაგოგები მასწავლიდნენ. მაშინ ნავთობის საბადოებზე სჭირდებოდათ სპეციალისტები და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს მანდ მესწავლა.

ტექნიკუმი კარგ ნიშნებზე დავამთავრე. ოქროს მედალოსნების მსგავსად ერთი გამოცდის ჩაბარება მყოფნიდა უმაღლესში ჩასარიცხად. ჩავაბარე მათემატიკა და იგივე სპეციალობაზე, გეოლოგიურზე ჩავირიცხე „გეპეიში“ – ახლანდელ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მაშინ პირველი წელი იყო, როცა პირველკურსელების გაწვევა დაიწყეს. მეც გამიწვიეს და 1985 წლის ნოემბერში წამიყვანეს ჯარში.

– სად მოგიწიათ სამხედრო სამსახურის გავლა?

– ჯერ მოლდავეთში და დანარჩენი ავღანეთში.

– ავღანეთში როგორ მოხვდით?

– შემთხვევით აღმოვჩნდი ავღანეთში. გაგვიშვეს როგორც ინსტრუქტორები. ჯერ 6-თვიანი კურსები გავიარეთ პოლიგონზე, მერე ჩვენ უნდა გაგვეწვრთნა და სროლა გვესწავლებინა ავღანელებისთვის. ავღანელს რა სროლა უნდა ასწავლო? ეგეც მორიგი საბჭოთა სისულელე იყო. თავიდან რომ ჩავედით, იქაც არავინ დაგვხვდა, პატრონი არ გვყავდა. ბოლოს, 1987 წლის ნოემბერში დავბრუნდი თბილისში.

– მაგ დროს უკვე თბილისში დაიწყო მიტინგები.

– დავბრუნდი ისევ „გეპეიში“. მერე სტუდენტური კავშირი ჩამოვაყალიბეთ მე, გია ბარამიძემ, მალხაზ გულაშვილმა, მამუკა კაციტაძემ… ბევრნი ვიყავით. მოგვიანებით სტუდენტური პროფკავშირები დაერქვა.

სწავლას რაც შეეხება, ინსტიტუტი არ დამიმთავრებია. რომ შემოდიოდა მაგალითად მათემატიკის ლექტორი, დაიწყებდა დაფაზე რაღაც გრძელი განტოლების წერას და ჩვენ უნდა გადაგვეწერა, ვეუბნები – ეს რაში მჭირდება? არანაირი განმარტება არ მოჰყვებოდა. ყველგან ასე იყო. ასე დაზეპირებებს რა აზრი ჰქონდა? დავანებე ამ ყველაფერს თავი, წამოვედი და არც დიპლომი ამიღია.

მე და ჩემმა მეგობრებმა 1989 წელს აღვადგინეთ სამხედრო-ისტორიული ჟურნალი „მხედარი“, რომელიც 1918-21 წლებში გამოდიოდა. ბავშვობიდან მაინტერესებდა სამხედრო საქმე, ვკითხულობდი წიგნებს. მოკლედ, ჩვენი ფული შევაგროვეთ და ვუშვებდით 100-გვერდიან ჟურნალს. ისტორიულ მასალებს ვიძიებდით, ვაქვეყნებდით, თვითონაც ვწერდით სტატიებს. რედკოლეგიაში ცნობილი ადამიანებიც იყვნენ.

მერე გვარდიამ თანამშრომლობა შემოგვთავაზა. ფინანსურად გვიჭირდა ჟურნალის გამოშვება. დავთანხმდით და გვარდიის ჟურნალი გავხდით. რედაქციაც გვარდიის სამმართველოს შენობაში გვქონდა. კომპიუტერები ვიყიდეთ. რამდენიმე ნომერიც სტაბილურად გამოვუშვით.

მერე იყო ომი ცხინვალში. სამხედრო გამოცდილება მქონდა და გვარდიაში წავედი. შემდეგ დაიწყო აფხაზეთის ომი, შავნაბადას ბატალიონში ვიყავი და იქაც წავედით საომრად. სოხუმის დაცემის მერე, 27 სექტემბერს ჩვენც გამოვედით.

– აფხაზეთის ომის მერე რას საქმიანობდით?

– ჟურნალის გამოშვება გავაგრძელეთ. 1994 წელს პარალელურად სამხედრო კვლევებზე დავიწყე მუშაობა და გარკვეული მიზეზების გამო ორივეგან თავის დანებება მომიხდა. ჟურნალიდანაც წამოვედით. შემდეგ პატარა ბიზნესის გაკეთება დავიწყე.

– რა ბიზნესი იყო?

– ბენზინის იმპორტიორებს ვეხმარებოდით საწვავის აქ გაყიდვაში, სომხეთში გატანაში და საარსებო საშუალება გვქონდა. რამდენიმე გასამართი სადგურიც გავაკეთეთ.

აფხაზეთის ომის მერე „მოქალაქეთა კავშირი“ შეიქმნა. ადრე, „მწვანეების“ დროს ჩემი და მუშაობდა ზურა ჟვანიასთან გაზეთში. მეც ვიცნობდი კარგად. პარტია რომ შექმნეს, მეც მოვხვდი მანდ და ფინანსურ დირექტორად დამნიშნეს, ფინანსები უნდა მომეზიდა. მერე ჟვანიასთან მომიხდა უთანხმოება. მაშინ ისეთი დინჯი არ იყო, როგორიც ბოლოს გაიცნო ხალხმა. წამოვედი და ბიზნესში ჩავერთე.

1997-1998 წლებში, როგორც სხვები ცდილობდნენ, ჩვენც რაღაცა შემოგვქონდა, ზოგი აქ იყიდებოდა, ზოგი მერე გაგვქონდა. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები, თურქული პურის საცხობიც ავიღეთ იჯარით. რაღაც შემოსავალი მოჰქონდა.

1999 წელს, მე და კიდევ რამდენიმე მეგობარმა დავაფუძნეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მაგ დროს, ხელისუფლებაში ნაციონალური ინტერესები საერთოდ აღარ იყო, იყო მხოლოდ „მოქალაქეთა კავშირი“ თავისი გაპრანჭული ლოზუნგებით. არჩევნებშიც მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ 1%-მდე ავიღეთ ხმები. 2002 წელს უკვე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან გავერთიანდით და პარტიის სახელიც იგივე დარჩა. შეერთების შემდეგ პოლიტსაბჭო შექმნეს. მერე გარკვეული უთანხმოებების გამო წამოვედით „ნაციონალური მოძრაობიდანაც“.

2000 წელს უკვე „ორიონ ტექნოლოჯი“ შევქმენით მე, მამუკა წურწუმიამ, ლევან კიკაჩეიშვილმა და ქართლოს ასათიანმა.

– ეგ იყო თქვენი პირველი ერთობლივი ბიზნესი?

– ბიზნესები მანამდეც იყო, ნავთობის თუ სხვა პროდუქციის იმპორტი, ტრანზიტი თურქეთში. „ორიონ ტექნოლოჯი“ რომ დავაარსეთ, კომპიუტერები და ტექნიკა შემოგვქონდა. საკმაოდ წარმატებული კომპანია იყო, სანამ საგადასახადო გაგვაჩერებდა.

– როდის?

– „ვარდების რევოლუციიდან“ კაი ხნის მერე, საგადასახადო პოლიცია ძალიან რომ გააქტიურდა, მაშინ შემოვიდნენ. გაგვაჩერეს. წაიღეს საბუთები, რომელიც დაკარგეს. ალბათ, ვიღაცას არ უნდოდა ჩვენ რომ ვყოფილიყავით ბაზარზე.

– დიდი ბრუნვა გქონდათ?

– საკმაოდ. მაშინ „ალტას“ ვუგებდით. სამსუნგის წარმომადგენლები ვიყავით. მაგრამ, კომპანიას რომ თვეობით გააჩერებ, დამთავრებულია ის ბიზნესი. ხელახლა კი ვცადეთ, მაგრამ, ვეღარ ამუშავდა.

მერე უკვე საერთაშორისო ტრეიდინგში გადავერთე, სადაც 2000-იანი წლებიდან ვსაქმიანობდი. შვეიცარიაში იყო ჩემი კომპანია. მაშინ დამჭირდა და მანჩესტერის უნივერსიტეტშიც ვისწავლე – საერთაშორისო ტრეიდინგის ფინანსები და ინვესტირება დავამთავრე დაუსწრებლად.

ყაზახეთში ვყიდულობდი ნავთობს, ვყიდდი იტალიაში; ასევე, ვყიდულობდი რუსეთში და ვყიდდი გერმანიაში, რაღაცებს ვყიდულობდი ამერიკაში და ვყიდდი სხვაგან და ასე.

18 წელი უცხოეთის ბაზარზე ვმუშაობდი. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ქართულ ნავთობსაც ვყიდულობდით და გაგვქონდა.

– მაშინაც მარტო იყავით მაგ ბიზნესში თუ პარტნიორებიგყავდათ?

– პარტნიორები მყავდა, მაგრამ ძირითად გადაწყვეტილებებს

მე ვიღებდი.

– მაგხელა კავშირებზე როგორ გახვედით?

– ნელ-ნელა. ერთი გერმანული ბანკის მენეჯერმა თვითონ დამირეკა. გერმანელებთან თურქმენული ნავთობით ვვაჭრობდით. მქონდა ანგარიში ქართულ ბანკში. ჰოდა, ასე ძნელია, მოდი ჩვენ მოგეხმარებითო და ფრანგულ, უმსხვილეს ბნჵ ჵარიბას-ბანკში გაგიხსნით ანგარიშსო. მერე მეორე ბანკი დამიკავშირდა. როცა ხედავენ, რომ აქტიური ბიზნესი გაქვს, ყველას სურს მათთან გქონდეს ფული. იქ სხვა საბანკო სისტემაა, საქართველოში ბანკები რეალურად ლომბარდებია.

– როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა და რატომდაანებეთ თავი?

– ნელ-ნელა დავიწყეთ და მაქსიმუმს 2012-2013-ში მივაღწიეთ. ასეთი ბიზნესი მომენტალურად არ ფართოვდება. ჩემი კომპანია პატარა იყო.

2008 წელს, აქ რომ ომი მიდიოდა, იმ მომენტში ყაზახეთიდან წამოღებული 120.000 ტონა ნავთობი გვქონდა გზაში, 40.000 ტონა გვქონდა ბაქოში და 80.000 ტონა ბათუმის ტერმინალში. ჩემი ცოლი ფეხმძიმედ იყო, მახათაზე რუსებმა ანძა ააფეთქეს, აეროპორტში ვერ წავედი, ერთი ინგლისელი თანამშრომელი იყო ჩემთან ჩამოსული და აქ ჩარჩა… მოკლედ, ერთ ამბავში ვარ და ამ დროს მირეკავს „სტატოილის“ ლონდონის ოფისის დირექტორი. როგორ ხარ, ბათუმშიც ხომ არ აფეთქებენო. მე ვამშვიდებ, არაფერი მოუვა ტვირთს- მეთქი. მაგას არ გეკითხები, შენ როგორ ხარ, ეგ ნავთობი ჭირსაც წაუღიაო… ასეთი დამოკიდებულება გამოავლინა. 

მერე კონკურენცია გამძაფრდა და სადაც ჩვენ ვიყავით, ის მარშრუტები მსხვილმა კომპანიებმა დაიკავეს. 2018 წელს 100%-ით დავტოვე ეგ ბიზნესი. იმდენად დიდი კონკურენცია წავიდა, შეიძლებოდა „ავფეთქებულიყავი“. მანამდე, სანამ საშუალება იყო, 2005 წლიდან სოფლის

მეურნეობაში დავიწყე ინვესტირება.

– სოფლის მეურნეობაში რა ფორმით ჩაერთეთ?

– ჩემს მამიდაშვილთან ერთად დავაფუძნე კომპანია „დორანი“, რომელიც არის ახმეტაში. დავიწყეთ მიწების შესყიდვა. 40 ჰექტარზე თხილის პლანტაციები გავაშენეთ. მოგვიანებით, 30 ჰექტარზე კაკლის პლანტაცია დავამატეთ. მერე მერძევეობის ფერმაც გავაკეთეთ, სადაც ჩემი ბიძაშვილი შემოგვიერთდა. თხილის და კაკლის პლანტაციების გაშენებას ახლაც ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე თხილის და კაკლის პლანტაციები ჯამში 150 ჰექტარზეა გაშენებული.

„დორანის“ მონათესავე ფირმებში მინიმალური პარტნიორები მყავს, დიდი წილი ჩემი ინვესტიციაა.

– საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდებოდა ამხელა მეურნეობისმოწყობას.

– წინა ბიზნესში რა ფულსაც ვშოულობდი, ვხარჯავდი აქ.

– საქმეში რა ხელისშემშლელი პირობები შეგხვდათ?

– უცოდინარობა და გამოუცდელობა. პირველად, 40 ჰექტარზე რომ დავრგეთ თხილის ნერგები, გაგვიხმა. მოგვიწია თავიდან დარგვა. გზა და გზა თან ვსწავლობთ.

თხილის მოსავალი, რასაც კომერციული შინაარსი აქვს 12-13 წლის შემდეგ, საკმაოდ გვიან მივიღეთ. თხილი აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ ნელა  იზრდება, განსაკუთრებით, ახმეტაში, ვიდრე ეს ყვარელში და ლაგოდეხშია. რეალიზაციამ საშუალება მოგვცა სახელმწიფო პროგრამით აღებული „იაფი კრედიტი“ დაგვეფარა. თხილის გადამამუშავებელი კომბინატი ავაშენეთ. ოფისი გვაქვს, ტექნიკა ვიყიდეთ.

არ ვიცი რამდენად გამართლებულია ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ სახელმწიფო უამრავ ფულს ხარჯავს აგროსფეროს პროგრამებში, სადაც ძირითადად, შედეგი არ აქვთ. ბევრმა აიღო აგროკრედიტი, გააშენა პლანტაციები, რომელიც ამჟამად გამხმარია, მოუვლელია. გამოდის, სახელმწიფო ან არასწორად აკეთებს, ან რაღაცაშია საქმე.

ზოგადად, გრანტები, რასაც სახელმწიფო აძლევს ფერმერებს, არასაკმარისია საქმის ბოლომდე მისაყვანად. ვთქვათ, თხილის ბაღს აშენებ. სახელმწიფო გიფინანსებს ნერგებისთვის საჭირო ფულის 50%-ს, სარწყავის ხარჯის 70%-ს. მაგის გარდა, იმდენი ხარჯია, რომ თუ სხვა რესურსიც არ გაქვს, საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან.

სანამ თხილი სრულ მოსავალს მოგცემს, მანამდე სულ ხარჯია. თხილი დასავლეთ საქართველოში კომერციული მნიშვნელობის მოსავალს 9-10 წლის შემდეგ იძლევა, აღმოსავლეთში – კლიმატის გამო 2-3 წლით კიდევ უფრო გვიან. პლუსი ის არის, რომ აღმოსავლეთის თხილი გაცილებით მაღალხარისხიანია. ბაღს თუ მოუვლი, მოსავალი მთლად საუკეთესოა.

– თქვენ ამბობთ რომ აგროსფეროს გრანტების პროგრამახშირად არაეფექტიანია. ზოგადად, რა დამოკიდებულება გაქვთ ბიუჯეტიდან ბიზნესის წასახალისებლად გაცემულ სესხებზე? ზოგს მიაჩნია, რომ იაფი სესხი მეტწილად პრივილეგირებულ ადამიანებს ხვდებათ.

– პრივილეგიები არ არსებობს, მთავარია გქონდეს ბანკებთან სწორი ურთიერთობა და ბიზნესი სწორად იყოს აწყობილი. ჩვენ ორჯერ გვაქვს კრედიტი აღებული „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში და პრობლემა არ გვქონია. გავაკეთეთ დოკუმენტაცია და ადვილად მოხდა სესხის გაცემა. გარკვეული ტექნიკაც ვიყიდეთ მაგ დაფინანსებით.

– ფერმა მაინც თუ გამოდგა რენტაბელური პირველივეწლებიდან?

– ფერმის ასაშენებლად თანხის ნაწილი მე დავდე და ნაწილიც „იაფი კრედიტი“ ავიღეთ. ამ კრედიტებს ხომ უნდოდა გასტუმრება? მაგასაც საკმაო დრო დასჭირდა. ფერმა 7 წელიწადი მხოლოდ რძეს აწარმოებდა. მიჰქონდა „აგროჰაბს“, „სანტეს“ და კიდევ რამდენიმე ადგილობრივ მეწარმეს.

სირთულეები ფერმაშიც იყო. აქაც გამოუცდელობამ შეგვიშალა ხელი და არც არავინ იყო კვალიფიციური რჩევის მომცემი. შვეიცარიიდან როცა ჩვენი ძროხები ჩამოვიდა, ნახევრად გადასახურ ფერმაში მოგვიწია მათი შეყვანა.

მეგონა საკვები გამზადებული იყო ჩვენივე სიმინდის ნათესებიდან. აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ იყო გამზადებული და სილოსის ყიდვაც მომიწია. ამას ისიც დაემატა, რომ ერთი ვეტერინარი გვეუბნებოდა, თუ ძროხებს სასწრაფოდ ჩლიქებს არ დავუმუშავებთ, დაიხოცებიანო. ისე დაუმუშავა, რომ სისხლი ადინა. ყველა ძროხას შეეჭრა ინფექცია და დაკოჭლდნენ. რამდენიმე მოკვდა კიდეც. იმაზე მოგვიწია ძალისხმევა, რომ ძროხები გადაგვერჩინა. ყველაფერს დამატებით ფული დასჭირდა და მომიწია ჩემი ჯიბიდან დამატება, რომ არ დაშლილიყო ეს ყველაფერი.

ამ გამოცდილების მერე, უკვე სხვა გზით წავედით. ფერმას თუ არ აქვს თავისი საკვები, ვერ იარსებებს, ზარალზე იქნება. ამიტომ, კიდევ 250 ჰექტარი მიწა ვიყიდე, ალავერდის მხარეს. 4 წლის წინ, თვითონ დავიწყეთ მარცვლეულის და სილოსის წარმოება. გავიყვანეთ დენი, სასმელი და სარწყავი წყალი.

2023 წელს, ჰექტარზე 10 ტონა სიმინდი მივიღეთ. პირველ წელიწადს მოსავალი 3 ტონა იყო. გამოცდილების და კონსულტაციების გათვალისწინებით, პლუს ამინდებიც კარგი იყო, მოსავლიანობა გავზარდეთ.

– საქონლის საკვები საკმარისი გაქვთ?

– მოგვყავს ქერი, სიმინდი, იონჯა. რაც ზედმეტია და არ ჭირდება, იმას ფერმა ყიდის. გვაქვს შესანახი ფარდულები, ზოგი მინდორში, ზოგი ფერმაში.

სულ დაახლოებით 100 მეწველი ძროხა გვყავს. ადრე რძე სხვა მომხმარებლებს მიჰქონდათ. მაგრამ, ცდილობენ რაც შეიძლება იაფად იყიდონ.

რეალურად, ბაზარზე რძის დეფიციტია, მაგრამ იმავდროულად ბაზარი გაჯერებულია რძის პროდუქტებით, რომლებიც დამზადებულია იაფფასიანი ფხვნილისგან და გაურკვეველი წარმოშობის გაყინული რძისგან.

რძის პროდუქტების მწარმოებლები ჩვენგან 1 ლიტრ რძეს 1,70 ლარად იბარებენ, ყიდიან 4 ლარზე ძვირად. თან აქეთ მეუბნებოდნენ, წელიწადში 15%-იანი მოგება არ გეყოფაო? ეგენი მხოლოდ ბრუნვიდან იგებენ 100%‑ზე მეტს და მე წელიწადში უნდა მეყოს 15%? მაგ ფასად ფერმა ვერ იარსებებს, გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, 2018 წელს გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ აგვეშენებინა რძის გადამამუშავებელი ქარხანა და თვითონ გვეწარმოებინა ყველი და სხვა რძის პროდუქტები, მხოლოდ ჩვენს ფერმაში

მიღებული რძისგან.

საქართველოში რეალურად არ არსებობს ყველის ჩამოყალიბებული ტექნოლოგია, ყველის ტექნოლოგებიც სანთლით არის საძებნელი. არც ყველის ქარხნის აწყობის სტანდარტები იციან კარგად. ჩვენთან თურქებმა დააპროექტეს. შენობა კი ავაშენეთ, მაგრამ კოვიდ-პანდემია დაიწყო. მოგვიწია ქარხნის მშენებლობის გაჩერება. მშენებლობის განახლების საშუალება როცა გაჩნდა, მუშების დაბრუნება ვცადეთ. ზოგი აღარ მოვიდა. რატომღაც ისეთი წესია ჩვენთან, რომ სხვის დაწყებულს ხელს არ კიდებენ. ასე წვალებით, როგორც იქნა ქარხანა დავამთავრეთ. მერე დავიწყეთ ყველის ტექნოლოგის ძებნა. ერთი კაცი მოვიდა, ტექნოლოგი ვარ, ავამუშავებ ქარხანას და წარმოებასაც გავუშვებო. ერთხელ გააკეთა და საშინელი ხარისხის ყველი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თეორეტიკოსი იყო. მერე ჩვენ თვითონ დავიწყეთ მცდელობები. დედაჩემის ნათესავი ქალბატონი, ორგანული ქიმიკოსი, წარმოების შესასწავლად ხან სად გავაგზავნეთ, ხან სად. მერე კოვიდი დაემართა, საავადმყოფოში იწვა დიდხანს. რეაბილიტაციას დრო დასჭირდა. ასე ჯახირ-ჯახირით და ექსპერიმენტებით, თვითონ გამოვიყვანეთ ყველი და ვიპოვეთ ხარისხი. დავიწყეთ იმერული და ქარხნული ყველის გამოშვება.

– წარმადობა დიდია?

– ჩვენი ფერმა დღეში საშუალოდ 3 ტონამდე რძეს გვაძლევს, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ ნაწილის გადამუშავება ხდება, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. მომავალში ვაპირებთ მთელი მიღებული რძე ბოლომდე თვითონ გადავამუშაოთ. ასევე გეგმაში გვაქვს რძის მოცულობის გაზრდაც. რეალურად, რძის პროდუქტებით ახლა ვიწყებთ ბაზარზე შესვლას. ყველი რამდენიმე მაღაზიაში შეგვაქვს უკვე და იყიდება.

ვყიდით კონტეინერებში მოთავსებულ ყველს. ასეთი სახით, ყველი სუფთაა, პასტერიზებულია, ინახება დიდხანს და არის ჯანსაღი. არც კონსერვანტები აქვს და არც რამე დანამატები და დამზადებულია მხოლოდ ნატურალური რძისგან. კონსერვანტების გარეშე რომ შენახულიყო, ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდა. რომ გააკეთებ, უნდა აცადო, მაგალითად ერთი თვე. დააკვირდე. მერე კიდევ გააკეთო და რაღაც შეცვალო. დიდი ხანი მოვუნდით საჭირო ტექნოლოგიის მიგნებას.

ქარხნის წარმადობა 6 ტონა რძის გადამუშავებამდე შეიძლება გაიზარდოს. 2024 წლიდან ჩვენს რძეს მთლიანად თვითონ გადავამუშავებთ.

პრობლემაა, რომ მყიდველი თითქმის ვერ არჩევს ხარისხიან და უხარისხო ყველს. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება, ძროხის გემო და სუნი რომ აქვს, იმ ყველს ვყიდულობ, ალბათ ნატურალურია და ეგ სუნიც იმიტომ აქვსო. რეალურად, ჭუჭყიანი რძისგან გაკეთებულ ყველს აქვს ე.წ. ფერმის სუნი და გემო.

სახლებშიც თითქმის აღარავინ აკეთებს რძისგან, გადასულები არიან იაფფასიანი ფხვნილის გამოყენებაზე.

ზესტაფონის ბაზარი ხომ ცნობილი იყო ნატურალური ყველით? ახლა იქიდან ჩამოტანილიც მეტწილად ფალსიფიცირებულია. მყიდველი ვერ არჩევს, რომელია ნატურალურ რძეზე და რომელი ფხვნილზე დამზადებული ყველი.

პრობლემაა ირანული რძის შემოტანა. ეგ არის გაყინული რძე, რომელსაც სასარგებლო თვისებები და ხარისხი დაკარგული აქვს და კონსერვანტებით არის გაჯერებული.

– ფხვნილზე უარესია?

– ფხვნილი კარგი ხარისხისაც შემოდის ევროპიდან, მაგრამ ბევრია ირანული და სხვა მწარმოებლების დაბალხარისხიანი რძის ფხვნილი. ირანიდან ასევე შემოდის გაყინული რძე, რომელიც ჩემი აზრით, მავნებელია. ერთი პერიოდი გააჩერეს, მერე ისევ დაუშვეს იმპორტი.

– სამაგიეროდ, მწარმოებელს იაფი უჯდება და ყველსაციაფად გაყიდის.

– მე მინახავს, როცა მაღაზიაში მხოლოდ იმიტომ უყიდიათ ყველი, რადგან ძვირი ღირს. მაგალითად, ერთ-ერთი მაღაზია, რომელსაც ვაკეში და დიდუბეში აქვს ფილიალები, ჩვენგან 20 ლარად აღებულ ქარხნულ ყველს ყიდის 60 ლარად. არადა, ეს ყველი არც რაიმეთია განსაკუთრებული, არც რამდენიმეწლიანი დაძველებისაა, მაგრამ ყიდიან.

– სხვა პროდუქციას, მაგალითად, არაჟანს და მაწონსარ აწარმოებთ?

– არაჟანი და მაწონი გვექნება მოგვიანებით. ყველაფერი ერთად რომ გააკეთო, მაშინ უნდა ყველა პროდუქტი გამოუშვა და შეყარო ბაზარზე. მერე რა მოხდება, არავინ იცის. ჩვენ თითო პროდუქტით შევედით, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, თუმცა, რისკი მაინც არის. სანამ არ დავრწმუნდით, რომ ჩვენი დამზადებული იმერული ყველი კონტეინერში მინიმუმ 1 თვე მაინც ინახება, მანამდე წარმოება არ დავიწყეთ. სანამ ხარისხს არ დაასტაბილურებ – პროდუქციის შეტანას აზრი არ აქვს.

– დასაქმებულთა რაოდენობა რამდენია თქვენს ბიზნესში?

– ჯერჯერობით, ყველის ქარხანას 4 ადამიანი სჭირდება. ფერმაში დაახლოებით 15 კაცია დასაქმებული. თუ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებსაც მივამატებთ, მეტი გამოვა. მაგალითად, მოხვნის დროს, 4-5 კაცი ემატება. ასევე ემატება დამხმარეები. პლუს, ჩვენ წელს დავიწყეთ წვეთოვანი სისტემით სიმინდის მოყვანა. ყოველდღიურად დამატებით 18 კაცი მუშაობდა.

კადრები ჭირს. არასტაბილური ხალხია. ერთი ბიჭი მოვიდა ფერმაში, მოვამზადეთ, ყველაფერი ვასწავლეთ, საქონლის მოვლა, განაყოფიერება და ა.შ., ერთ ორშაბათს გამოცხადდა და აღარ ვიმუშავებო. გატრიალდა და წავიდა. ხომ შეიძლება 1 თვით ადრე მაინც თქვას? მიგვიტოვა ყველაფერი. მერე ისევ მოვიდა 1 წლის შემდეგ.

თხილის პლანტაციებში ცოტა უკეთ გვაქვს საქმე. სოფლები საკობიანო და მატანია ახლოს. წლების განმავლობაში ბრიგადის წევრები და ბრიგადირი შეიკრიბნენ. 18 კაცამდე დამხმარეების მობილიზება შეგვიძლია.

– დაბალი ანაზღაურების გამო ხომ არ არის ხალხისდეფიციტი?

– რაც ბაზარზეა ფასი, იმას ვუხდით. თავიდან 25 ლარიც იყო, ახლა 45-50 ლარია დღეში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრიგადებში საკმაოდ მშრომელი ხალხია, რა ფულსაც ხარჯავ, არ ანაზღაურდება. დაბალია შრომის ნაყოფიერება. ბევრია ფერმერზე დამოკიდებული, თუ როგორ მართავს საქმეებს.

ნახევარი მილიონი დოლარი ჩავდე ქარხანაში, რომ თხილი გვეყიდა და გადამუშავება დაგვეწყო. ჯერ თაროების გაკეთება დაგვიანდა, მერე თხილის შესყიდვა. უნდა დაგვეწყო აგვისტოში და დავიწყეთ ოქტომბერში, სარწყავი

გვიან გავაკეთეთ…

ერთ დილასაც, შვეიცარიიდან გამთენიისას ჩამოსული პირდაპირ აეროპორტიდან ჩავედი ახმეტაში. 2007 წელი იქნებოდა. თხილი ნაყიდი გვაქვს, ქალები, ვინც თხილის გარჩევაზე მუშაობენ, არიან მისულები და გარეთ იცდიან. უკვე 11 საათი იყო და მაშინღა გაუღეს კარი…

ინვესტიცია ოპტიმალურად არ დახარჯულა. ორჯერ, სამჯერ ძვირი დაგვიჯდა ზოგიერთი რამე. მაგრამ, რას იზამ, ეგრეა. შეცდომებით ვსწავლობთ. სანამ თხილის დარგვას დავიწყებდით, მიწა უნდა მოგვეხნა. ერთი ტრაქტორისტი ვიპოვეთ, ავთო ერქვა. გვეუბნება, ჩამისხით საწვავი და მოვხნავო. იმუშავა 2 დღე და დაიკარგა. მიწაში გუთანდაშვებული ტრაქტორი დგას, ავთო აღარ არის. გავიდა რამდენიმე დღე, მივაკითხეთ სახლში და ცოლმა

– ავთო ირლანდიაში წავიდა 2 წლითო.

– ამჟამად დასტაბილურდა მდგომარეობა?

– კი, ზოგი ადგილობრივებიც მუშაობენ ჩვენთან. პროდუქციაც მეტნაკლებად გავმართეთ.

– თხილის ბაღი უკვე მომგებიანი გახდა, რაც შეეხებაკაკალს?

– კაკლის ბაღი ვაზისუბანშიც მაქვს, 30 ჰექტრამდეა. წელს ისე დაისეტყვა, მთელი მოსავალი განადგურდა. თხილი უკვე იძლევა კომერციული მნიშვნელობის მოსავალს, კაკალი ჯერ პერსპექტიულია, რადგან გვიან გავაშენეთ.

– 20 წლით უკან რომ დაბრუნდეთ, იგივე საქმეს მოკიდებდითხელს?

– კი, მაგრამ ახლანდელი გამოცდილებით ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი.

– სოფლის მეურნეობასთან შედარებით, სხვა მიმართულებებიუფრო შემოსავლიანია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღირს ამ სფეროში ინვესტირება?

– ასე ვერ იტყვი, სხვა რამე უფრო მომგებიანიაო. ეს არის კაპიტალური, ფუნდამენტური ინვესტიცია. თხილს რომ გააშენებ, მუდმივია. წლების მერე გადაჭრი მცენარეს და ახალს ამოიყრის. კაკალიც დაახლოებით 40 წელიწადი მუშაობს. მერე როგორც მერქანს, ისე ყიდი. თუ რამე კატასტროფა არ მოხდა, ასეთ ინვესტიციას არაფერი მოუვა.

ხელისშემშლელია მაგალითად, კაკლის ფასი. რომ დავიწყეთ, კილოგრამი 5 ევრო ღირდა, ახლა 1.5 ევრო ღირს. სამაგიეროდ, თხილის ფასია ნორმალური და აბალანსებს.

– ვინ არის თქვენი თხილის მომხმარებელი?

– ფერერო, უმსხვილესი იტალიური კომპანია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში აქვს ფილიალები.

– კონკურენტები გყავთ ბაზარზე?

– ჩვენ ისეთი ხარისხიანი თხილი გვქონდა წელსაც, შარშანაც და შარშანწინაც, კონკურენცია არ გვეხება. არსებობს მსოფლიო ფასი და მაღალი ხარისხის გამო ვიღებთ მაქსიმუმს. წელს, გურიაში თუ კილოგრამს 5 ლარად ყიდულობდნენ, ჩვენ 8 ლარი გადაგვიხადეს. თხილის გამოსავლიანობა გურია- სამეგრელოში არის 35‑40%, ჩვენთან 45%-ია.

ჩვენ ვაპირებთ, თხილის გადამუშავება და წარმოება დავიწყოთ ადგილზე.

– რა პროდუქტის წარმოებას გეგმავთ?

– თხილის ფქვილი და პასტა, რომელიც უკვე მზა პროდუქციაა და მაგის გატანა შეიძლება ევროპაში. სამეგრელოში უკვე არსებობს მსგავსი საწარმო.

– თქვენი მეურნეობა ფარავს თავის ხარჯებს თუ კიდევსხვა წყაროდან სჭირდება დახმარება?

– დღესდღეობით, თხილის ბაღს და ფერმას არანაირი დახმარება არ სჭირდება. პირიქით, შემოსავალს იძლევა. ფულით აღარ, მაგრამ ფიზიკურად შეძლებისდაგვარად ვეხმარები. მაგალითად, შარშან ტრაქტორისტადაც ვმუშაობდი, რადგან როცა გჭირდება, ძნელია ტრაქტორისტის უცებ მონახვა.

– თქვენი გამოცდილებით, ბიზნესის მართვა ერთპიროვნულადჯობია თუ პარტნიორებთან ერთად?

– ერთპიროვნულად. გაფუჭდება თუ კარგად გამოვა – ყველაფერი შენი ბრალია. ჩვენი თაობის ხალხში პასუხისმგებლობა დიდი პრობლემაა. ამიტომ, ასეთთან პარტნიორობას, ჯობია, თავად იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი.

– სახელმწიფო ტენდერებში, რაიმე პროდუქციისმიწოდებაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

– არასოდეს! რადგან იმ პირობებით ტენდერს მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო აწესებს, კომპანიისთვის სარისკო და განვითარებაში შემაფერხებელია. ასეთ ტენდერში მონაწილეობა კომპანიას სიტუაციის მძევლად გადააქცევს და განვითარების მოტივაციას უსპობს.

 დღემდე დაახლოებით რა თანხაა ინვესტირებულითქვენს ბიზნესებში?

– დაახლოებით 8 მილიონის ფარგლებშია. დიდი ხარჯები გვქონდა მელიორაციის კუთხით. ერთგან ჭაბურღილის დადგმა მოგვიწია, მეორე ადგილას წყლის არხის გაყვანა და ასე.

სულ 500 ჰექტარი მიწა გვაქვს. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. მატანთან მოგვიანებით 80 ჰექტარიც რომ ვიყიდეთ, ირგვლივ ერთი ნარგავიც კი არ არსებობდა. დავიწყეთ გაშენება. მერე მოგვბაძეს მატნელებმა. ზოგმა ბაღი გააშენა, ზოგმა ვენახი.

მიუხედავად ბევრი სირთულეებისა და იმისა, რომ საჭიროზე გაცილებით ძვირი დაჯდა ამ ბიზნესის აწყობა, არ მოვეშვი და პრინციპულად მაინც გავაკეთე. შედეგიც მივიღეთ. კაკალი რომ შემოვა, კაკლის სარეცხი და საშრობები გვინდა გავაკეთოთ. ასევე შესანახი ფარდულები ავაშენოთ. წელს იმდენი თხილი მოვიდა, ვეღარ ვატევდით.

მიწა დაყოფილი გვაქვს ზონებად. ერთგან ფერმა და საძოვარია, მეორეგან კაკალი და თხილი. ფერმიდან ნაკელით სასუქი კეთდება და ყოველ მესამე დღეს შეაქვთ ან კაკალში ან თხილში. ერთისთვის რაც ნარჩენებია, მეორე მოიხმარს. ოღონდ, ყველის ქარხანა, ფერმა, კაკლის და თხილის პლანტაციები – სხვადასხვა იურიდიული პირებია. ასევე არის მიწის ფართობი, რომელსაც ვამუშავებთ და იჯარით გვაქვს მიცემული ფერმისთვის. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.

თხილი და კაკალი იქნება თუ ნათესები, შეიძლება გაგიფუჭდეს, თუ დროზე არ შეწამლე. საძოვარსაც ვწამლავთ ტკიპას საწინააღმდეგოდ. ამისთვის აგრო-დრონი ვიყიდეთ.

მიუხედავად ამდენი პრობლემების, დროის და ხარჯისა, ძალიან ოპტიმისტურად ვარ. ბიზნესი განვითარდა, შემოსავალი გაჩნდა, კიდევ მეტს ველოდები.

წელს თხილის კომერციულად კარგი მოსავალი ავიღეთ, მომავალ წელს წესით მეტი უნდა იყოს. ამასობაში კაკალი წამოგვეწევა. სასიამოვნო ბიზნესია.

– დიდი ხანია, რაც თქვენ ბიზნესში ხართ. თქვენისაქმიანობისთვის როგორ შეიცვალა ბიზნესგარემო ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად?

– ერთადერთხელ იყო, როცა „ორიონ ტექნოლოჯიში“ ფინანსური პოლიცია შემოვიდა, დაგვკეტეს და კომპანია გააჩერეს. წილის დაახლოებით 15% მქონდა. ეს იყო შემთხვევა, როცა მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არასწორად მოგვექცა. დანარჩენი, სხვა ისეთი პრობლემა არ შეგვქმნია, რასაც ვერ მოვერიეთ.

ახმეტაში რომ დავიწყეთ ბიზნესი, მაშინ კიდევ სროლები ისმოდა რეგიონში და ფულსაც არავინ დებდა. ახმეტაში მხოლოდ ერთი მაღაზია იყო. ახლა რომ ჩახვიდეთ, სუპერმარკეტების ქსელების მაღაზიებია, აფთიაქებია და განვითარდა იქაურობა. გზაზე ზოგჯერ საავტომობილო საცობებიც კი არის.

– სამომავლო გეგმებზე გარკვეულწილად უკვე ილაპარაკეთ,რამეს ხომ არ დაამატებდით?

– ვაპირებთ ფერმის აშენებას და გვინდა მეხორცეული მიმართულებაც დავამატოთ. გარშემო საძოვრებია და სხვა ადგილებიც გვაქვს, რომელზეც შეგვიძლია განვავითაროთ.

ყველის ქარხანას რომ ვაკეთებდით, მაშინვე ვიცოდით, რომ იაფფასიანი პროდუქცია არ უნდა გამოგვეშვა. მეუბნებიან ხოლმე, იხმარე ფხვნილი და წარმოება გაგიიაფდებაო. გამორიცხულია ფხვნილი გამოვიყენოთ. ჩვენს ყველს საშუალოზე მაღალი ფასი აქვს, მაგრამ, გვინდა რომ დავამკვიდროთ სახელი. გვაქვს ბრენდი „მზიური“, გვაქვს ახმეტაში ყველის ქარხანა, რომელიც შეძლებისდაგვარად უშვებს მაღალხარისხიან, სუფთა ყველს. სახელიც საიდან ავიღეთ – რძის გადამამუშავებელი ქარხნისთვის მხოლოდ აღდგენად ენერგიას მოვიხმართ. მზის პანელებით ვიღებთ ელექტროენერგიას, ხოლო ბუნებრივი გაზის ნაცვლად მოვიხმართ ჩვენს პლანტაციებში მოყვანილი თხილის ნაჭუჭს, რაც თხილის გადამუშავების პროცესის ნარჩენია. ენერგიის ორივე წყარო მზისგან მიიღება და ბრენდს ამიტომ დავარქვით „მზიური“.

– ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

– ჩემი მეუღლე ბიოლოგია, საკუთარი გენეტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ბავშვი სამი მყავს, ბრიტანულ სკოლაში სწავლობენ. უმცროსი 9 წლისაა, შუათანა გოგო 11 წლის, უფროსი 15 წლის არის და ვცდილობ ჩავრთო საქმეებში. მთელი ზაფხული ახმეტაში ვიყავით. სადაც ვცხოვრობთ, წავკისში, იქაც, კარტოფილი და ბოსტნეული მოგვყავს.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– თავისუფალ დროს ბავშვებს ვუთმობ, ერთად რამეს ვაკეთებთ და ჩემი ჰობიც ეგ არის.

ბოლო სტატიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონი გაიმართა.

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0321 პროცენტით...

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით...

More like this

ინტერვიუ საქართველოს ბუღალტერთა კავშირის პრეზიდენტ ტატა ბერიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს 2025 წლის დეკემბრის №12(312)-ში

ინტერვიუ “თავისუფალი უნივერსიტეტის” ლექტორ ლია ნადიბაიძესთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები”-ს 2025 წლის ოქტომბრის №10(310)-ში

ინტერვიუ სააქციო საზოგადოება “ნიკორას” გენერალურ დირექტორ ირაკლი ბოქოლიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2025 წელს, ჟურნალ "ბიზნესი და მენეჯმენტი"-ს №1(76)-ში